globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 27th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The White House» (აშშ): საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრის შესახებ

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): საქართველოს პრე-მიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში: „გაცნობითი ხასიათი“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გიორგი კვირიკა-შვილი ცდილობს ამერიკელები საქართველოს პროგრესში დაარწმუნოს

«Каспiй» (აზერბაიჯანი): მიხეილ სააკაშვილი ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს // ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნებაც უნდა და იმავდროულად ოდესის მართვაც

———————–

«The White House» (აშშ), 26 აპრილი, 2016 წელი

https://www.whitehouse.gov/the-press-office/2016/04/26/readout-vice-president-bidens-meeting-prime-minister-giorgi

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრის შესახებ

26 აპრილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ვიცე-პრეზიდენტმა მიულოცა საქართველოს ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რასაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლის განმავლობაში მიაღწია და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით რეგიონში ლიდერს წარმოადგენს.

ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მასზედ, რომ  საქართველო მტკიცედ ასრულებს აშშ-ის პარტნიორის მოვალეობას და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ვიცე-პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრესისი გასაღრმავებდად საუკეთესო გზას პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების განხორციელება წარმოადგენს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს აყვავებისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/joe-biden-georgian-pm/3303725.html

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრიკაშვილის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარებაზე ისაუბრეს. „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის გასულ 25 წელზე, ეს გახლდათ 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის შემდეგ 25 წელზე, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა მომავალში“, – აღნიშნა ქართველმა ლიდერმა.

პრემიერის ინფორმაციით, დიალოგი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობასაც შეეხო. „ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ გავაფართოვოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, როგორ გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და სიღრმე. ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და საინტერესო დიალოგი შედგა. ვისაუბრეთ საქართველოში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

«Радио Голос Америки» (აშშ), 27 აპრილი, 2016 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/nc-georgia-visit-us/3303743.html

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში: „გაცნობითი ხასიათი“

პუბლიკაციაში მიმოხილულია აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს განხორციელებული შეხვედრები და მოლაპარაკებები (პირველი ორი დღის შედეგების მიხედვით: შეხვედრები თეთრ სახლში, სენატში, ატლანტიურ საბჭოში, მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან და ა.შ.). სტატიაში მოცემულია აგრეთვე ქართველ ექსპერტთა კომენტარებიც (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).

როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტთან საუბარში, გიორგი კვირიკაშვილისათვის აშშ-ში ვიზიტს „გაცნობითი ხასიათი“ აქვს. „ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხუთი თვის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ლიდერებთან, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობაზეც ისაუბრებს. ეს არჩევნები ქართული დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება და რადგანაც აშშ საქართველოს მთვარი პარტნიორია, ვაშინგტონს აინტერესებს, თუ როგორ უპასუხებს ქვეყანა ამ გამოწვევას“, – ამბობს გია ხუხაშვილი. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შეხვედრების დროს შესაძლოა ე.წ. „არაფორმალური მმართველობის“ საკითხმაც გაიჟღეროს, რომლის შესახებაც დასავლეთში არაერთგვაროვანი თვალსაზრისი არსებობს. „ამერიკელებს საქართველოს მიმართ კითხვები დაუგროვდათ, რომლებთაც განმარტება ჭირდებათ. აშშ-ის გარკვეულ წრეებში მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნომინალური ფიგურაა, შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ იგი რეალური მმართველია და არა მინისტრთა კაბინეტის ბუტაფორული მეთაური. ეს გარემოება მისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს“, – აღნიშნავს ინტერვიუში გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი გია ნოდია აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მიზანზე საუბრობს: „მმართველ ძალას სურს, რომ ამერიკა თავის სიმტკიცეში დაარწმუნოს. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ვაშინგტონს ეჭვები გაუქროს ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსთან მიმართებით და დაადასტუროს, რომ პროდასავლური კურსი „ქართული ოცნებისათვის“ კვლავ პრიორიტეტულია. ეს კეთდება როგორც აშშ-ის და საერთოდ დასავლეთის დასანახად, ასევე ქართველი ელექტორატის მიმართაც“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-mp-in-dc/3304411.html

გიორგი კვირიკაშვილი ცდილობს ამერიკელები საქართველოს პროგრესში დაარწმუნოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეერთებულ შტატებში პირველი საჯარო შეხვედრა გამართა. “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში” მან საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე და საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

პრემიერი აუდიტორიას დემოკრატმა სენატორმა ქრის მერფიმ წარუდგინა:

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მან ბევრ ჩვენგანზე, სენატში საქართველოს მეგობრებზე, თავისი ლიდერობით და ხედვებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა… უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ასევე ვნახეთ მის მიერ პოლიტიკური ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობის მაგალითი. ოპოზიციის ჩართულობა ჯანსაღი დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანია“, – განაცხადა სენატორმა, რომლის თქმითაც, ვაშინგტონში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი „ორ ქვეყანას შორის მტკიცე კავშირებს ადასტურებს. სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის ხიდს, უდიდეს ეკონომიკურ და სტრატეგიულ შესაძლებლობებს აძლევს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი მხარს უჭერს მის ნატოში გაწევრიანებას… ბევრ ჩვენგანს მტკიცედ სჯერა, რომ რუსეთს მისი მეზობლების უსაფრთხოების ალიანსებზე ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა სენატორმა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ლიდერები მხარს დაუჭერენ თავისუფალ და ღია პოლიტიკურ სივრცეს, სადაც “განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება, რადგან პოლიტიკური დიკურსის თავისუფლება მხოლოდ გააძლიერებს ქართულ დემოკრატიას“.

„წელს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელს აღნიშნავს, ჩვენ ბევრი რამე გვაქვს საამაყო, იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ათწლიანი გარდამავალი ეტაპის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელ, თანამედროვე და დინამიურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა“, – ამ სიტყვებით დაიწყო საჯარო გამოსვლა პრემიერ-მინისტრმა და ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.

საგარეო კურსი: „საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მეგობარია. ჩვენ ბევრ რთულ ვითარებაში დავამტკიცეთ ჩვენი სანდო მეგობრობა. საქართველო ინარჩუნებს საგარეო პოლიტიკის დასავლურ კურსს, მისი ინსტიტუციური სტანდარტებით უახლოვდება ევროპის კავშირის სტანდარტებს და აგრძელებს სწრაფვას ნატოსკენ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც საშინაო და საგარეო სირთულეების მიუხედადვად თანმიმდევრულად აგრძელებს სვლას ევროპის კავშირისკენ და ნატოსკენ“.

ეკონომიკური განვითარება: „საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ამის ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება. რაც კარგ საფუძველს ქმნის ინვესტიციებისთვის. საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ბიზნესის კეთების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორუფციის დაბალი მაჩვენებლით და ეს არის საქართველოს მთავრობის დასკვნები, ეს პატივსაცემი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებია. საქართველო რჩება ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ადგილად.”

უსაფრთხოება: „სამწუხაროდ, ჩვენი ორი ტერიტორია რუსეთის მეირ ოკუპირებულია, რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს მიწაზეა განლაგებული. ახლახან ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს და ის რუსეთის ნაწილი გახდეს. ეს არის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში თუ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს ატლანტიკური სწრაფვისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება განხილული.”

ოკუპირებული ტერიტორიები: „ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმინიტარული მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, 2 დღის წინ სამხრეთ ოსეთის ოლიციამ 17 წლის მწყემსი ეგრეთწოდებული საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავა. მსგავსი რამ თითქმის ყოველდღიურად ხდება. ჩვენ ვხედავთ ქართული ენის სწავლის აკრძალვას აფხაზეთში, გალის რაიონში, რაც ადმინისტრაციულ საზღვარს მიღმა მცხოვრები ქართველების უფლებების დარღვევაა… ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვრჩებით მოწოდებულნი აფხაზ და ოს მეგობრებთან და მოქალაქეებთან მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობები ახლო მომავალში აღვადგინოთ… საამისოდ ჩვენ რამდენიმე სოციალურ პროექტს ვატარებთ, როგორიცაა უფასო ჯანდაცვა და განათლება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ყინული ლღვება და გვჭირდება ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით კი ჩვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორის – შეერთებული შტატების მხარდაჭერა.”

დემოკრატიული რეფორმები: „ამ მხრივ, ვფიქრობ, რამდენიმე რამე გვაქვს საამაყო, როგორიცაა რეფორმები სამართალდამცავ ორგანოებში, რეფორმა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში… ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მიღწეულით კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულყოფილები არ ვართ. ჩვენ გვესმის, რომ დემოკრატიის მაღალი სტანდარტების მიღწევამდე დიდი გზაა გასასვლელი, თუმცა ცალსახაა რომ ტენდენცია დადებითია… საქართველო რჩება დემოკრატიულ, დინამიკურ ქვეყანად“.

საპარლამენტო არჩევნები: „ეს იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ციკლის გაგრძელება იქნება. საქართველოში ზედიზედ რამდენიმე არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა. ჩვენ დავდეთ პირობა ჩავატაროთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი არჩევნები“.

ნატოს ვარშავის სამიტი: „ჩვენი მიზანია საქართველოს პროგრესი იქნეს აღიარებული. ასევე გვსურს ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, როგორიცაა თბილისთან ახლოს ტრენინგების ცენტრი გახსნა… ბოლოს მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო რჩება ამერიკის სანდო პარტნიორად. საქართველო ილტვის ევრო-ატლანტიკური საზოგადოებისკენ და ეს გზა შეუქცევადია“.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 26 აპრილი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

მიხეილ სააკაშვილი ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს

ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნებაც უნდა და იმავდროულად ოდესის მართვაც

ალი საიდოვი

(შემოკლებით)

ოდესის ოლქის გუბერნატორი, რომელიც საკმაოდ გამხნევდა იმით, რომ უკრაინის მოქალაქეობის მიღებით სამშობლოში ექსტრადირება თავიდან აიცილა, ახლა აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავბრუნდებიო. ექს-პრეზიდენტ იმედი აქვს, რომ არჩევნებში მისი პარტია – „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“ გაიმარჯვებს. როგორც მან განაცხადა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში, „დღეს საქართველოს პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ ორი ლიდერია – მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ამ ეტაპზე მესამე არავინ არაა. ეს გარემოება დიდი პასუხისმგებლობას მაკისრებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე თანამდებობები არც უკრაინაში მინდა და არც საქართველოში. ჩემი ამოცანაა, უფრო უკეთესი ვიყო, ვიდრე ოდესმე“.

უცნაური ფრაზაა. როგორ უნდა გავიგოთ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი? რას ნიშნავს „უკეთესი უნდა ვიყო“? რომელ რანგში? პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის თუ პარტიის ლიდერის სახით? შესაძლოა ეს იმის აღიარებაა, რომ საქართველოს ლიდერად ყოფნის პერიოდში იგი ცუდად იქცეოდა და ახლა ადასტურებს, რომ შეცდომები დაუშვა? მაგრამ იქვე იგი სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს: „ჩემი დაბრუნება საქართველოში უკრაინიდან გაქცევას არ ნიშნავსო“ და უკრაუინასში ჩემს გუნდთან ერთად  რეფორმების გატარებას გავაგრძელებო“. საინტერესოა, როგორც იმუშავებს საქართველოში, თუ იგი ოდესის გუბერნატორის სკამზე ჯდომას გააგრძელებს? გაუგებარია. მართალია, საბჭოთა კავშირის დროს იყო შემთხვევები, როცა პირები ორ თანამდებობასჰს ერთმანეთთან ათავსებდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა ერთი საწარმოს, დაწესებულების და ჰა-ჰა, ერთი ქალაქის ფარგლებში, მაგრამ ორ სკამზე იჯდე და თან სხვადასხვა სახელმწიფოებში? ეს უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა…

ისე, გავიხსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ თებერვალში ამბობდა, რომ მას საქართველოში დაბრუნება და არჩევნებში გამარჯვება სურს თავის თანამოაზრეებთან ერთად. ექს-პრეზიდენტმა სწორედ მაშინ განაცხადა, რომ საქართველოში კატასტროფული სიტუაცია, ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა გააღატაკაო“. დავუშვათ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა არჩევნებში მართლაც გაიმარჯვა, მერე რა მოხდება? განა იგი პარლამენტის სპიკერი გახდება და მზერას პრეზიდენტის სავარძელს მიაპყრობს? მაშინ რა ბედი ელოდება ოდესას? დარჩება იგი უკრაინის მოქალაქედ? იქნებ ოდესელებს და უკრაინელებს ეწყინოთ? ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი თავის ზრახვებში კარგად უნდა გაერკვეს, თორემ შეიძლება ორივე სკამი ცარიელი დარჩეს.

Comments are closed