globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 27th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): დღესასწაული მთელი წლის განმავლობაში // ქართველი ნაციონალისტები უკიდურესობაში ვარდებიან

«Независимая газета» (რუსეთი): აფხაზეთში ქართველებს ბინადრობის მოწმობას აძლევენ // სოხუმმა გალის რაიონის მოსახლეობას მოქალაქეობის მიღების წესები გაახსენა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ყაზტრანსგაზი“ და „ინტერ რაო“ საქართველოს წინააღმდეგ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): აქა ამბავი თბილისის და სან-დიეგოს დამეგობრებისა

—————–

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 26 აპრილი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=59398#.WQEPe4q1vs0

დღესასწაული მთელი წლის განმავლობაში

ქართველი ნაციონალისტები უკიდურესობაში ვარდებიან

სალეჰ ბაიათი

როგორღაც ფართო საზოგადოების შეუმჩნევლად საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს შრომით კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, 12 აგვისტო შეიძლება „დიდი გამარჯვების დღედ“ იქნეს გამოცხადებული, შესაბამისად, გამოსასვლელ დღედაც. ეს თარიღი სახალხო დღესასწაულ „დიდგორობასთანაა“ დაკავშირებული, ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის თურქ-სელჯუკებზე გამარჯვებასთან, რომელიც მან 1121 წელს დიდგორის ველზე გამართულ ბრძოლაში მოიპოვა.

ისტორია მითებში

ქართველები ტრადიციულად ფართოდ აღნიშნავენ „დიდგორობას“, აწყობენ ბაზრობებს, სპორტულ ღონისძიებებს… ჩვენც, რასაკვირველია, მეზობლის სიხარულს ვიზიარებთ, როცა ისინი ეროვნული მიღწევებით ამაყობენ. მაგრამ არის ერთი ჭეშმარიტება – კარგია, როცა მითების საფუძველი ისტორიაა და პირიქით – ცუდია, როცა ისტორია რაღაც მოგონილ ამბებს ეფუძნება.

აბა, წარმოვიდგინოთ და განვსაჯოთ: 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა ჯარმა (40 ათასი ქართველი, პლუს 15 ათასი ყივჩაღი) თითქოსდა დაამარცხა… არ დაიჯერებთ… თურქ-სელჯუკების 300 ათასიანი არმია. და დავით აღმაშენებლის ამ გამარჯვების შედეგად თითქოსდა თურქ-სელჯუკთა შემოსევებს გადაურჩნენ არამარტო საქართველოს მეზობელი ქვეყნები, არამედ მთელი ევროპაც. აქედან დასკვნა: სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო „ოქროს საუკუნე“ საქართველოს სიტორიაში.

„ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების აზრით, რომლებმაც ამ კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს, „დიდგორის ველზე მოპოვებული გამარჯვების დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება ქართველი ხალხის ეროვნულ კონსოლიდირების სიმბოლო იქნება და არანაირად არ ატარებს რაღაც არაკეთილმოსურნე იდეებს მეზობლების, პირველ რიგში კი თურქეთის მიმართ“. მაგრამ ქართველები წინა წლებშიც ხომ ფართოდ აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს, მისი პროგრამა მოიცავდა ფოლკლორული ანსამბლების თეატრალიზებული წარმოდგენებსაც და ეროვნულ კონსოლიდაციის საკითხშიც რაიმე პრობლემები არ იყო… ახლა კი რა ხდება? განა რა მიზანი დაისახეს ქართველმა დეპუტატებმა ამ საკითხის წამოწევით? ძალიან-ძალიან გაუგებარია.

კაცმა რომ თქვას, „დიდგორობა“, ქართველების „ეროვნული კონსოლიდაციისათვის“, ერთადერთი სიმბოლო არ არის.  თბილისის ერთ-ერთ რაიონში – ავლაბარში მეტროს სადგური „სამასი არაგველი“ მდებარეობს. ეს სახელი მას 1795 წლის 8 სექტემბერს სპარსეთის შაჰის აღა-მაჰმად-ხან ყაჯარის წინააღმდეგ გამართულ კრწანისის ბრძოლაში დაცემული სამასი არაგველი მხედრის პატივსაცემად ეწოდა, 300 სპარტელის მსგავსად. ალბათ, ქართველების „ეროვნულ კონსოლიდაციას“ ემსახურება თბილისში ცნობილი გოგირდის აბანოებისათვის სახელის გადარქმევაც – იყო შაჰ-აბას სეფევიდელის აბანოები, გადაიქცა ერეკლე მეორის აბანოებად.

თუმცა ჩვენ ძალიან ისტორიულ სიღრმეში წავედით, ისევ დღევანდელობას დავუბრუნდეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პარლამენტში მომხდარმა, რბილად რომ ვთქვათ, ამ  საკმაოდ უცნაურმა ევოლუციებმა თურქეთში გაოცება გამოიწვია. ანკარამ წარბები შეკრა: თბილისში არსებულმა თურქეთის საელჩომ ქართველ დეპუტატებს სიგნალი გაუგზავნა – ასეთი საოცარი კანონპროექტი არ მიიღოთ, რადგან ამგვარი მოქმედება საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას ხელს არ შეუწყობსო. შედეგად, კანონპროექტის მიღების პროცესი შეჩერდა.

საერთოდ კი, თუ ჩვენი მეზობლების ლოგიკით ვიმოქმედებთ, იმ ხალხებს, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეები არიან და იმათაც, რომლებიც თურქულ სამყაროში მმართველი დინასტიების – სეფევიდების, აფშარების, ყაჯარების სახელმწიფოს შთამომავლები არიან და რომლებსაც ქართველები და სხვა ქრისტიანები სპარსელებს უწოდებენ, შეუძლიათ მსგავსი გამარჯვებები ქართველების მიმართ მთელი წლის განმავლობაში მინიმუმ 10-ჯერ მაინც იზეიმონ, მაგრამ… არც ანკარაში, არც ბაქოში და არც თეირანში მსგავსი უცნაური იდეა აზრადაც არავის არ მოსდის.

უფრო და უფრო მეტი

ამ დღეებში თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქეს, ქალს, სასაზღვრო კონტროლის დროს ჰიჯაბის მოხსნა მოსთხოვეს, თითქოსდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რის გამოც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა თბილისში ვიზიტის დროს  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შენიშვნა მისცა და განაცხადა, რომ საქართველოს ისლამური ქვეყნების ტურისტების რელიგიური ტრადიციებისადმი პატივისცემა მართებსო.

მართლაცდა, ერთი მხრივ, დასავლელი მეზობლები [ქართველები] ირანის მიმართ ურთიერთობის დათბობას ცდილობენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ევროკავშირის დასანახად, ძალიან გადაჭარბებულად ახდენენ დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულებას. სხვათა შორის, ზოგიერთი თბილისელი „ცხელთავიანი“ ანკარისა და თეირანის დიპლომატიურ დემარშებს დაუშვებლად და შეურაცხმყოფელად თვლიან: ვიღაც „ანალიტიკოსი“ გია ხუხაშვილი გამოდის და ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნული პრეტენზიები ერთგვარი ტესტია, თუ როგორ ადვილად შეიძლება საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ლაგამი ამოსდონო. „რა დღე დაწესდება საქართველოში ზეიმად, თურქეთის მხრიდან ამ საკითხის ასე დაყენებაც კი თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გვიყურებენ ჩვენ. ეს უფრო ვასალისადმი მიმართვაა, ვიდრე პარტნიორისადმი. ისინი გვეუბნებიან, რითაც ამაყობთ, ის კი არ უნდა იდღესასწაულოთ, არამედ აზიზიეს მეჩეთი უნდა ააშენოთ ბათუმში. აზიზიე კი ისტორიულად იმის საპირისპირო მაგალითი იყო, რაც დიდგორი“, – ამბობს გია ხუხაშვილი, თუმცა [ავიწყდება, რომ] საქართველომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანებით მიუერთდა დოკუმენტს, რომლის თანახმად, თბილისმა, თავის ტერიტორიაზე, ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა კონფესიების წარმომადგენლებს მეჩეთის  მშენებლობის საკითხში. გია ხუხაშვილმა ეს ან არ იცის, ან არ სურს ამის გაგება. აი, ასეთია საქართველოს დამოკიდებულება თურქეთისადმი… მაგრამ რა ვუყოთ „სამარადისო ძმობა-მეგობრობას“?

თურქეთის მნიშვნელობა საქართველოსთვის ძალიან ძნელია შეაფასო, ანკარას იმდენი კარგი აქვს გაკეთებული თბილისის მიმართ: თურქეთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის პირველ ნოემბერს; თურქეთი საქართველოსთვის უპირველესი სავაჭრო პარტნიორია; თურქ ინვესტორებს საქართველოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტები აქვთ რეალიზებული, ანუ თურქული ბიზნესი ავითარებს საქართველოს ინფრასტრუქტურას: რომელი ერთი ჩამოვთვალოთ – თბილისისა და ბათუმის აეროპორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა… საქართველოს და თურქეტს ორი ამბიციური ენერგოპრეოექტიც აკავშირებს – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. გარდა ამისა, თურქმა სამხედროებმა დიდი როლი შეასრულეს ქართული არმიისა და სასაზღვრო დაცვის რეფორმირებაში, აღადგინეს და ააშენეს თავდაცვითი მნიშვნელობის მქონე ცალკეული სამხედრო ობიექტები, მაგალითად, მარნეულის აეროდრომი.

სამწუხაროდ, საქართველოში, როგორც ჩანს, გია ხუხაშვილის მსგავსად ძალიან ბევრი ფიქრობს. სწორედ ამიტომ თურქი-მესხების შთამომავლები, რომელთა დეპორტაცია (დაახლ. 90 ათასი ადამიანისა) 1944 წლის ნოემბერში მოხდა – ისინი საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს, ჯერაც ვერ მოუხერხებიათ ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში დაბრუნება. არადა, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ ივალდებულა თურქი-მესხების რეპატრირების შესახებ კანონი ორი წლის განმავლობაში მიეღო, მოქალაქეობის მინიჭებით და მომდევნო ათი წლის მანძილზე, ანუ 2011 წლის ბოლომდე მათი დაბრუნება უზრუნველყო. მას სემდეგ, რაც თურ-მესხების უმრავლესობამ სამშობლოდ აზერბაიჯანი ამოირჩია, ნაწილი კი მუდმივ საცხოვრებლად აშშ-ში წავიდა, ქართველებმა შვებით ამოისუნთქეს.

უნდა ითქვას, რომ ჩვენს მეზობელ ხალხში უცნაური ფობიებია გავრცელებული – ბევრი ქართველი დარწმუნებულია, რომ თურქეთს მათი გადაყლაპვა სურს, ხოლო თურქი ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში მაღაზიებს და სხვა ეკონომიკურ ობიექტებს ხსნიან, გაწვრთნილი თურქი აგენტები არიან, გრძელვადიანი პერპექტივით. მეორე მხრივ, საქართველო ძალიან უკმაყოფილოა რუსული პოლიტიკით და ყოფილი [ერთმორწმუნე] დამცველის მოქმედებას იმპერიულს და შოვინისტურს უწოდებს. მაგრამ, აშკარაა, რომ ქართველი პოლიტიკოსების მოქმედება ძალიან მცირედ თუ განსხვავდება მათი რუსი კოლეგების მოტივაცი-მოქმედებისაგან.

როცა უზარმაზარი ქვეყანა – რუსეთი ასე იქცევა ახალი გეოპოლიტიკური რეალიების დროს, ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულა იმპერიული ამბიციებისაგან, მაგრამ როცა იგივეს აკეთებს პატარა საქართველო, ეს უფრო მის ეროვნულ არასრულფასოვნების კომპლექსზე მიუთითებს.

«Независимая газета» (რუსეთი), 27 აპრილი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-04-27/6_6983_abhasia.html

აფხაზეთში ქართველებს ბინადრობის მოწმობას აძლევენ

სოხუმმა გალის რაიონის მოსახლეობას მოქალაქეობის მიღების წესები გაახსენა

„გალის რაიონის მოსახლეობას ბინადრობის მოწმობის მიღების  შესაძლებლობა მიეცათ. დოკუმენტის მიზანი, რომელსაც მცხოვრებლებს აფხაზეთის ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება სთავაზობს, ისაა, რომ აღმოიფხვრას მათი – ეთნიკური ქართველების გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსი. ბინადრობის მოწმობა გარეგნულად პარპორტს მოგვაგონებს და რუსეთის ზარაფხანაშია დამზადებული. დოკუმენტი ხუთი წლის ვადით გაიცემა და მისი გაგრძელებაც გათვალისწინებულია“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

„ოთხ წელზე მეტი ხნის მანძილზე აფხაზეთის გალის რაიონის ქართული მოსახლეობა გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებოდა. უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა აქვს, რაც მათ უფლებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფდა, მაგრამ არა აფხაზეთში. შესაბამისად, გალის რაიონში ისინი უუფლებო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რამდენიმე წლის წინათ, საპრეზიდენტო არჩევნების წინა ხანებში, გალელებზე აფხაზური პასპორტების გაცემა დაიწყეს, მაგრამბოროტმა ენებმა რესპუბლიკის იმდროინდელი პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ხმების მიღების მიზნით „ქართველებთან თამაშში“ დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ „გალის რაიონის გაქართველება კანონდებაო“. აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი კი ამბობდა, რომ ამ ადამიანების სამოქალაქო უფლებები დაცული უნდა იყოსო. სერგეი ბაღაფშმა მოახერხა თავისი გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარება, მაგრამ მოგვიანებით პასპორტების გაცემა შეჩერდა. როგორც გაირკვა, თურმე აფხაზური დოკუმენტებით უზრუნველყოფა კანონის დარღვევით ხდებოდა – ქართველებს საქართველოს პასპორტები ჰქონდათ, დამატებით კი მეორე პასპორტით  აფხაზეთის მოქალაქეობა ენიჭებოდათ, ორმაგი მოაქლაქეობა კი რესპუბლიკაში აკრძალულია. მოკლედ, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ მოსულმა ახალმა მთავრობამ გაცემული პასპორტების რევიზია დაიწყო, ქართველების უფლებები შეილახა.

„ხელისუფლების მოქმედება კანონზომიერია. პასპორტები სეცდომით იყო გაცემული, სიტუაცია უნდა გამოსწორებულიყო. მართალია, 2014 წელს დოკუმენტების გაცემა შეჩერდა, მაგრამ უკვე გაცემული პასპორტების კონფისკაცია არ მომხდარა, ანუ გალებს ისეთი დოკუმენტი ჰქონდათ, რომლითაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ დასტურდებოდა, თუმცა პირადობის მოწმობის ერთგვარ როლს ასრულებდა“, – ეუბნება „ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტს აფხაზი პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი. გაცემული პასპორტებით ხელფასებისა და პენსიების აღება შეიძლება. ამგვარი დოკუმენტები აქვთ რიგი სხვა ხალხების წარმომადგენლებსაც. ყველა ფაქტი ცალ-ცალკე იქნება განხილული და გადაწყვეტილი.

აფხაზეთის ხელისუფლება მზადაა გალის რაიონის ქართველობისათვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განსახილველად. კანონის მიხედვით, აფხაზური პასპორტის მფლობელი მხოლოდ ეთნიკური აფხაზი უნდა იყოს და ის აფხაზებიც, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1994-1999 წლებში ცხოვრობდნენ და არ ითვლებიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებად, რუსეთის გარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ გალის ქართველებს მიანიშნა, რომ თუ ისინი აფხაზურ პასპორტებს აიღებენ, მათთვის უკვე არასასურველი იქნება ქართული პასპორტების შენახვა: „ასეთი ადამიანები რისკზე მიდიან, შეიძლება მათ აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგონ“.

„აფახაზეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლებელი და რთული არ არის. თუ ადამიანს ბინადრობის შესაბამისი ცენზი აქვს და რუსეთის გარდა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა არ აქვს და და აფხაზურ ენას ფლობს, მოქალაქეობას აუცილებლად მიიღებს“, – განმარტავს ინალ ხაშიგი.

თბილისის პოზიცია განსხვავებულია. თბილისი ეთანხმება იმ აზრს, რომ გალის რაიონის ქართველთა უფლებები აფხაზეთის სხვა მცხოვრებლების უფლებათა თანაბარი უნდა იყოს, თუმცა ამგვარ ეთნიკურ მიდგომას სეგრეგაციის პოლიტიკად მიიჩნევს. „ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქიდან ქართული მოსახლეობის ეთნიკური და პოლიტიკური გამოდევნა ხდება. ერთი მხრივ, მიმდინარეობს მოსკოვისა და თბილისის მოლაპარაკება ნორმალური ურთიერთობის აღდგენის მიზნით, მეორე მხრივ კი მოსკოვი ტრაიბალისტურ რეჟიმებს ეხმარება“, – ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში რეგიონული უსაფრთხოების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი.. მისი აზრით, ასეთი პოლიტიკა დამღუპველია როგორც სოხუმისათვის, ასევე ცხინვალისთვისაც. დღეს ორივე უკონტროლო რეგიონის ხელისუფლება თავიდან იცილებს უნიონისტებს, ანუ საქართველოსთან ურთიერთობის მომხრეებს, მათ ადგილს კი რუსეთთან სრული ინტეგრაციის მომხრეები, ანუ მის შემადგენლობაში შესვლის მსურველები იკავებენ“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-kaztransgaz-inter-rao-international-court-of-arbitration/3826138.html

ყაზტრანსგაზიდაინტერ რაოსაქართველოს წინააღმდეგ

ზაზა წულაძე

„ყაზტრანსგაზმა“, რომელიც ყაზახეთის ძირითადი გაზოენერგეტიკული და გაზოსატრანსპორტო სახელმწიფო კომპანიაა, საქართველოს მთავრობას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში (LCIA) უჩივლა. დავის საგანი – თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განხორციელებული ინვესტიციის – 130 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნება და დამატებით, ზარალის 50 მილიონი დოლარის ანაზღაურებაა.

1956 წელს დაარსებული „თბილგაზი“ „ყაზტრანსგაზმა“ 2006 წელს 12,5 მილიონ დოლარად შეიძინა. მათ 2011 წლამდე თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელში 82 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედოთ, მოეხდინათ ქსელის გამრიცხველიანება, გაზის დანაკარგი კი 68%-დან 10%-მდე უნდა შეემცირებინათ. 2011 წლიდან მოგებაზე გასვლა, 2015 წლიდან კი ინვესტიციის ამოღების დაწყება იგეგმებოდა. მაგრამ 2009 წლიდან ყაზახებმა „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ მართვა დაკარგეს. ამის მიზეზი 80 მილიონი ლარის დავალიანების დაგროვება გახდა, რის გამოც ბოლო რვა წელია ყაზახურ კომპანიას საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული დროებითი საგანგებო მმართველი ხელმძღვანელობს და ვალებს ფარავს.

ყაზახური მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი მთავრობა „ ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, რადგან, მათი აზრით, „ხელოვნურად დაგროვილი ვალის“ პირობებში, კომფორტულია საქმე არა უცხოელ ინვესტორთან, არამედ დანიშნულ მმართველთან გქონდეს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში დავის წინ მთავრობა ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, „ყაზტრანსგაზის“ თითოეულ მოთხოვნაზე გვაქვს მყარი და არგუმენტირებული პასუხები. აქედან გამომდინარე, არბიტრაჟში დავის შემთხვევაში არ ველოდებით ნეგატიურ შედეგებს, თუმცა ამ დრომდე არსებობს რესურსი, რომ მოხდეს საკითხის მოლაპარაკების გზით დასრულება და არ მოგვიწიოს არბიტრაჟში დავა“.

„ყაზტრანსგაზის“ ცენტრალურმა ოფისმა წინასაარბიტრაჟო გზით ინვესტიციების დაბრუნებაზე დავა, ჯერ კიდევ, 2015 წლის 21 სექტემბერს წამოიწყო. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალური დირექტორის სანჟარ შოკატაევის თქმით, მას შემდეგ, სადაო საკითხი განხილული იქნა, როგორც საქართველოს პრემიერის, ისე ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრების დონეზე, თუმცა უშედეგოდ.

ყაზახები პრობლემურ ქართულ აქტივთან მიმართებაში განიხილავდნენ, როგორც კომპანიაში საკუთარი მენეჯმენტის დაბრუნებას, ისე მის გაყიდვას. თუმცა, ეს მოლაპარაკებაც ჩაიშალა, რადგან გარიგების წინაპირობას, ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატებას საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ თანხმდება. „ყაზტრანსგაზმა“ ტარიფების გადახედვა 2017 წლის მარტში მოითხოვა. ამჟამად, კომპანია საქართველოს დედაქალაქის მასშტაბით, ბუნებრივ აირს 370 000-ზე მეტ აბონენტს და 14 000-ზე მეტ მსხვილ, სამრეწველო და კომუნალურ მომხმარებელს აწვდის. „ყაზტრანსგაზის“ სამომხმარებლო ტარიფი 32-დან 47 თეთრამდე, ხოლო კომერციული 75-დან 90 თეთრამდე მერყეობს,

„ყაზტრასგაზის“ შემდეგ, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს „ინტერ რაოც“ გეგმავს. რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა საქართველოს მთავრობას 2017 წლის 14 აპრილს მისწერა რომ წინასაარბიტრაჟო გზით დავას იწყებს.

„ინტერ რაო“ თბილისის თითქმის 5000 კმ სიგრძის ელექტროქსელის, დისტრიბუტორის „თელასის“ აქციების 75%-ს ფლობს, რომლის მეშვეობით დენს 530 000-ს აბონენტს აწვდის. თბილისში, ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგია, მოხმარების მიხედვით, დაახლოებით 10 თეთრიდან 18 თეთრამდე ღირს. „ინტერ რაოს“ ეკუთვნის მდინარე ხრამზე ორი 227 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. გარდა ამისა, დამატებითი საიდუმლო მემორანდუმით, მას 2008 წლიდან, დროებით მმართვაში, ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდიროელექტროსადგური „ენგურ ჰესიც“ აქვს აღებული.

„ინტერ რაოს“ განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმით, ლარის დოლართან გაუფასურების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა უნდა მომხდარიყო. 2015-16 წლებში, „ინტერ რაომ“ ორჯერ მოითხოვა ტარიფების გადახედვა და ორჯერვე უარი მიიღო. „ინტერ რაოს“ დათვლით, ზარალი „რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს“ შეადგენს და ანაზღაურებას საქართველოს მთავრობისგან ელოდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე ირინა მილორავა ამბობს, რომ „ინტერ რაოს“ პრეტენზიები უსაფუძვლოა: „სემეკმა არ გაითვალსიწინა 2013 წლის მემორანდუმის პირობები. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ჩვენს მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის პირობებით. ეს მეთოდოლოგია ითვალისწინებს კომპანიების ყველა დასაბუთებული ხარჯის ტარიფში ასახვას. 2015 წელს, როცა ჩვენ „თელასისთვის“ პირველი ტარიფი დავთვალეთ, ტარიფის ზრდა, დაახლოებით 40%-ით მოხდა სწორედ ლარის კურსის ცვლილების გამო“.

საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების წარმართვის როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი გამოცდილება აქვს:

2010 წელს, ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში, მთავრობამ 98-მილიონიანი სარჩელი ნავთობკომპანია „ტრამექსთან“ წააგო, თუმცა, რამდენიმე თვეში „ტრამექსის“ ორი მეპატრონე დაიჭირა და მხოლოდ 30 მილიონის მიღებაზე დაითანხმა.

2011 წელს, საერთაშორისო არბიტრაჟიდან სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ, მთავრობამ პატარკაციშვილების ოჯახს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაუბრუნა. იმავე წელს, მთავრობას 35 მილიონი დოლარი დაუჯდა ისრაელის კომპანია „ელბიტთან“ მორიგება, რის შემდეგაც მოდავე მხარემ 100 მილიონიან სარჩელზე უარი თქვა.

2012 წელს, მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის ცენტრში, მთავრობას ოპოზიციის მაშინდელმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა. იგი „ქართუ“ ბანკისთვის მიყენებული 186 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. ეს საქმე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მორიგებით დასრულდა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/san-diego-and-tbilisi-are-sister-cities/3827098.html

აქა ამბავი თბილისის და სან-დიეგოს დამეგობრებისა

ნანა საჯაია

კალიფორნიის შტატის ქალაქი სან-დიეგო დღეიდან თბილისის მეგობარი ქალაქია. 38-ე მერის, რესპუბლიკელი კევინ ფოლკნერის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 25 აპრილს კალიფორნიის მეორე ყველაზე მსხვილ ქალაქში თბილისის დღე აღინიშნება.

მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში 1.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიოში ყველაზე დატვირთული სახმელეთო საზღვრით, სამხედრო ბაზებით, კილომეტრობით გადაჭიმული თეთრი სანაპიროებით და ზოოპარკით ცნობილი ქალაქი 1957 წლიდან 16 ქალაქთანაა დაძმობილებული, მათ შორისაა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, მექსიკის სასაზღვრო ქალაქი ტიჰუანა და რუსეთის ქალაქი ვლადივოსტოკი.

„მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადმოგცეთ საგანგებო სიგელი, რომელშიც საუბარია ჩვენს ძლიერ კავშირებზე, განათლების, დიპლომატიურ, პოლიტიკურ ურთიერთობაზე, ჩვენს გაცვლით პრგრამებზე“, – ამ სიტყვებით მიმართა მერმა კევინ ფოლკნერმა ქართველ კოლეგას, თბილისის მერს დავით ნარმანიას და მის მიერ ხელმოწერილი პარტნიორობის დოკუმენტი გადასცა.

დავით ნარმანია სან-დიეგოსთან გაფორმებულ თანამშრომლობის ამ ფორმას „ძალიან მნიშვნელოვანს” უწოდებს: „თბილისი 20-მდე სხვადასხვა ქალაქთანაა დამეგობრებული, მათ შორის შეერთებულ შტატებში ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტასთან. მეგობარ ქალაქებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე კულტურის სფეროში, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით, რათა მეტი ურთიერთსასარგებლო საქმის გაკეთება შევძლოთ“, – ამბობს დავით ნარმანია „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

რატომ სან-დიეგო?

2013 წელს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოში მცხოვრები სტუდენტებისთვის ამერიკაში აკრედიტებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება დაიწყო.

პროექტი მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდის მიერ. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გვიყვება, რომ პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

„ეს პროგრამები არის ინჟინერიაში, ტექნოლოგიებში, ქიმიაში და ისეთ დარგებში, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. შრომის ბაზარზე ამ სპეციალობებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა და გვჭირდება მაღალი ხარისხის სპეციალისტები“, – ამბობს მაგდა მაღრაძე. მისი თქმით, პროექტი, რომელსაც ათასწლეულის კორპორაცია 140 მილიონი ამერიკული დოლარით აფინანსებს, მომავალში გაგრძელდება, როგორც პარტნიორობა ამერიკულ და სამ ქართულ უნივერსიტეტს შორის: „ხუთი წლის შემდეგ ამ პროექტში გვეყოლება, სულ მცირე, 1000 სტუდენტი, ისინი მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და იქნებიან კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო ბაზარზე.”

დავით ნარმანია კი ამბობს, რომ მისთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, სან-დიეგოს უნივერსიტეტთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი ორი პროგრამის გამოა: „ეს არის სამოქალაქო ინჟინერია და მშენებლობის სექტორი, რაც ჩვენს მუნიციპალურ უფლებამოსილებებთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, ამ პროგრამების მიერ გადამზადებული კადრები მომავალში იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წყარო იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი თანამედროვე კადრების მეშვეობით დაგეგმარდეს და განვითარდეს“.

კითხვაზე, თუ რა საერთო აქვს თბილისს სან-დიეგოსთან, დავით ნარმანია გვპასუხობს, რომ ერთ-ერთი ასეთი საერთო მახასიათებელი ისტორიული შენობა-ნაგებობებია: “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ ვნახეთ ქალაქში ძველი ისტორიული შენობა-ნაგებობები, რომელიც აღდგა და არის შენარჩუნებული. მეორე – მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი არის ძალიან მწვანე და ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.”

თბილისის მერის თქმით, მის ქალაქს სან-დიეგოსგან „ბევრი საინტერესო რამის“ აღება და დანერგვა შეუძლია, დამეგობრებულ კალიფორნიელებს კი შეუძლიათ „ჩვენი სტუმარ-მასპინძლობის გადმოღება“.

————

რა უნდა ნახოთ სან-დიეგოში?

ბალბოა პარკი – 15 მუზეუმს, ბაღებს და ურბანულ არქიტექტურას აერთიანებს. აქვეა 1935 წელს გახსნილი 60 მეტრის სიმაღლის “კალიფორნიის კოშკი.”

გასლამპის უბანი – 1800-იან წლებში აშენებული უბანი დღეს სან-დიეგოში ყველაზე მეტ კაფეს და რესტორანს უყრის თავს.

ლა ჰოია – „სან-დიეგოს სამკაულად“ წოდებული სელაპებით, ულამაზესი სასტუმროებით და აკვარიუმით განთქმული სანაპირო.

პატარა იტალია – ეს ჰიპური უბანი ხმელთაშუაზღვის სანაპიროებიდან ჩამოსული მიგრანტების თავშეყრის ადგილია. აქვეა სან-დიეგოს უძველესი, 1888 წელს გახსნილი ტავერნა Waterfront Bar.

ლუდის ბულვარი – სან-დიეგოში 30-ე ქუჩა ლუდის მოყვარულების სამოთხეა, აქ მისულებს 115 სახეობის ლუდის დაგემოვნება შეუძლიათ.

Comments are closed