globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 27th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«OpenDemocracy» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს დამოუკიდებ-ლობის დღე: მმართველი ელიტა და მოსახლეობა

«Радио Голос Америки» (აშშ): საქართველომ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნა, მაგრამ სამხედრო აღლუმის გარეშე

«Eurasianet» (აშშ): ახალი ქართული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი

———————-

«Open Democracy» (დიდი ბრიტანეთი), 26 მაისი, 2015 წელი

https://www.opendemocracy.net/bakar-berekashvili/happy-independence-day-georgia%E2%80%99s-ambivalent-republic

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: მმართველი პოლიტიკური ელიტა და მოსახლეობა

საქართველოში დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი ყოველწლიურად აღინიშნება. ამასთან, ეროვნული დღესასწაული იმასაც აჩვენებს, თუ როგორაა დაშორებული ერთმანეთს პოლიტიკური ელიტა და მოსახლეობა, – ნათქვამია ბრიტანული გამოცემა OpenDemocracy-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ორიგინალური სათაურით „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო!“ (ავტორი – ბაქარ ბერეკაშვილი).

როგორც წესი, მნიშვნელოვან თარიღებს, ეს იქნება სამოქალაქო თუ რელიგიური ხასიათისა, ქართველები პურ-მარილით ხვდებიან ხოლმე, მაგრამ 26 მაისს მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება. მოსახლეობის გულგრილობის მიზეზი ნათელია: ადამიანები ემოციურად არა არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებლობის დღესთან, ისინი მას ვერ გრძნობენ. აქედან გამომდინარე, 26 მაისის აღნიშვნა ძირითადად პოლიტიკური ელიტისთვის გახდა სასარგებლო, – წერს ავტორი და იქვე იხსენებს ამ თარიღის ისტორიას, თუ როგორ აღინიშნებოდა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921), საბჭოთა პერიოდში და მოგვიანებით, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა (1991 წლის შემდეგ).

„განვლილი 25 წლის განმავლობაში 26 მაისის აღნიშვნა სხვადასხვა მიზნებს ემსახურებოდა: ერთი მხრივ, როგორც დამოუკიდებლობის პერიოდისადმი პატივისცემა და მეორე მხრივ – ქართველებში ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად, განსაკუთრებით  მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. 2004 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე წლის მანძილზე დამოუკიდებლობის დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა, სამხედრო  აღლუმებით, რომელშიც დიდი რაოდენობის ტექნიკა მონაწილეობდა. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო აღლუმი, ანტირუსული ისტერიის ფონზე.

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალისტურ-მილიტარისტული რიტორიკა საქართველოსთვის საზიანო გამოდგა: პრეზიდენტის მოქმედება სულ უფრო ართულებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებას.

წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ამჟამინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დიდი სამხედრო აღლუმის ნაცვლად, შედარებით უფრო მცირე საზეიმო ღონისძიება მოეწყო, რომელიც გაზავებული იქნებოდა კულტურული ღონისძიებებით. ასეთმა გადაწყვეტილებამ  ზოგიერთი ნაციონალისტის კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია.

ასეა თუ ისე, კითხვა მაინც რჩება: არის თუ არა 26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღი ქართველებისათვის? როგორი დატვირთვა აქვს – ისტორიოგრაფიული თუ პოლიტიკურ-იდეოლოგიური? თუ დამოუკიდებლობის დღე მნიშვნელოვანი თარიღია, მაშინ რატომ არ გამოხატავს ხალხი უფრო მეტ ემოციებს, სიხარულს?

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა [პოსტსაბჭოთა] და აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში, მმართველი ელიტა პოლიტიკურ-ისტორიული სიმბოლოებით სარგებლობს და მოსახლეობის ყურადღების გადატანას ცდილობს. ისეთი რარიბი სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, სადაც ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია, მმართველი პოლიტიკური ელიტა საკმაოდ მნიშვნელოვან სახსრებს ხარჯავს იმისთვის, რომ ხელისუფლების დომინირება აჩვენოს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის დღე ხალხისთვის კი არ არის, არამედ იმისთვის, რომ სახელმწიფომ თავისი ხელისუფლების ძალა აჩვენოს.

26 მაისისთვის საქართველოს მთავრობამ მილიონნახევარ ლარზე მეტი გამოყო (450 ათასი გირვანქა სტერლინგი) და ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სიღარიბისა და შიმშილობის ზღვარზე ცხოვრობს. ეს სწორედ პოსტკომუნისტური პოპულიზმის გამოხატულებაა: სიმბოლოების დაფინანსება მოქალაქეთა სიცოცხლის ნაცვლად, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

«Радио Голос Америки» (აშშ), 27 მაისი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/nc-georgia-independence-day/2791005.html

საქართველომ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნა, მაგრამ სამხედრო აღლუმის გარეშე

‘საქართველოს ხელისუფლებამ, ისევე როგორ წინა ორი წლის განმავლობაში, მიმდინარე წელსაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად „სახალხო ზეიმი“ მოაწყო – იმ დიდი სამხედრო აღლუმების ნაცვლად, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იმართებოდა ხოლმე“, – ნათქვამია რადიოსადგურ „ამერიკის ხმის’ რუსულენოვანი სამსახურის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).

პუბლიკაციაში ძირითადად გაშუქებულია:

ა) დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული მასობრივი ღონისძიებები

ქართული არმიის ქვედანაყოფების მცირერიცხოვანი აღლუმი ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, რომლებიც აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო მანევრებში მონაწილეობდნენ; მოეწყო ავიაშოუ ამერიკული „იროკეზის“ ვერტმფრენებისა და რუსული „სუ-25“ ტიპის ქართული მოიერიშე თვითმფრინავების „მიმინოს“ მონაწილეობით;  თეატრალიზებული შოუები, კონკურსები და კონცერტები თბილისში და სხვა ქალაქებში.

ბ) პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეთა განცხადებები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, რომლის დროსაც მან მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, დემოკრატია განვითარდება და საქართველო „საერთო ევროპულ ოჯახში“ გაწევრიანდება.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა კიევიდან, ვიდეოხიდის მეშვეობით, რომლის დროსაც მან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა სამხედრო აღლუმის არჩატარების გამო და ამასთან დაკავშირებით პარალელი გაავლო უკრაინის ექს-პრეზიდენტის მოქმედებასთან: „ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა უკრაინის არმიის სამხედრო აღლუმები, მან გაანადგურა უკრაინის თავდაცვითი მექანიზმები და კონტრდაზვერვა… ახლა იგივე ხდება საქართველოშიც“.

გ) საერთაშორისო მილოცვები

სტატიაში მიმოხილულია უცხოელი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების მილოცვები საქართველოს ხელისუფლებისადმი. ბუნებრივია, ყურადღება გამახვილებულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის მილოცვაზე. აღნიშნულია, რომ საქართველოს მილოცვები გამოუგზავნეს ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა, აგრეთვე აზერბაიჯანის,  ბელარუსის და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მეთაურებმა.

დ) საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უცხოეთის ქვეყნებში

ჩამოთვლილია უცხოეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ მოწყობილი სადღესასწაულო ღონისძიებები: ეგვიპტეში – საქართველოს ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ მიერ გამართული კონცერტი, ლიტვაში – ვილნიუსის მთავარ მოედანზე დიდი ქართული და ლიტვური დროშების გამოფენა, „ერთობისა და მეგობრობის ნიშნად“ და ა.შ.

«Eurasianet» (აშშ), 26 მაისი, 2015 წელი

http://www.eurasianet.org/node/73601

ახალი ქართული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი

„საქართველომ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი („დრონი“) წარმოადგინა, რაც ქვეყნის სამხედრო მრეწველობის მიერ წინ გადადგმული მნიშვნელოვან ნაბიჯია“, – აღნიშნულია ამერიკული გამოცემა «Eurasianet»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ჯოშუა კუჩერა). ეს აპარატი სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო ცენტრის „დელტას“ თანამშრომლების მიერაა შექმნილი.

პუბლიკაციაში მოცემულია საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით სარგებლობის ისტორია: 2007 წელი – ისრაელში დიდი რაოდენობით შესყიდული „დრონები“ უვარგისი გამოდგა, რადგანაც მათი მართვის კოდები მტრისთვის – რუსეთისთვის გახდა ცნობილი; 2012 წელი – საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად მონაწილეობდა „ქართული“ უპილოტო საფრენი აპარატის დემონსტრირებაში, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით ჩატარდა: „ჩვენ საკუთარი გვაქვს, სხვებზე აღარ ვართ დამოკიდებული“. სულ მალე გამომჟღავნდა, რომ „ქართული“ აპარატი ესტონური აპარატის ასლი იყო.

ამჯერად, 26 მაისს გამართული პრეზენტაცია ისეთი ფანფარებით არ გამართულა, როგორიც ადრე იყო, მაგრამ აშკარაა, რომ ეს უკვე მართლაც ქართული წარმოების საფრენი აპარატია: „როგორც ჩანს, ქართველებმა მისი შექმნა ნულიდან დაიწყეს“, – ამბობს „დრონების“ სპეციალისტი მაიკლ ბლეიდსი, – მართალია, მის კონსტრუქციაში რამდენიმე უცხოური კომპონენტია გამოყენებული, მაგრამ მთლიანობაში „დელტას“ მიერ შექმნილი აპარატი უნიკალურია და მას ქართული დიზაინი აქვს“.

სტატიაში ჩამოთვლილია ქართული უპილოტო საფრენი აპარატის სამხედრო-ტექნიკური მონაცემები, რომლებიც შედარებულია ანალოგიური ამერიკული „დრონის“ მონაცემებთან.

„26 მაისს „დელტამ“ მის მიერ შექმნილი 15 დასახელების სამხედრო პროდუქცია აჩვენა, ჯავშნიანი ავტომანქანების ჩათვლით. ერთ-ერთი ასეთი ავტომანქანა საუდის არაბეთში გამართული კონკურსის ფინალისტი იყო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Comments are closed