«КоммерсантЪ» (რუსეთი): სამხრეთ ოსეთი ჯერ-ჯერობით ისევ დამოუკიდებელი რჩება: რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების შესახებ 2017 წლისთვის გადაიტანეს
«The Christian Science Monitor» (აშშ): აფხაზეთში არაღიარებული სახელმწიფოები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ატარებენ // CONIFA-ს ტურნირის მასპინძლობა აფხაზეთისთვის საკუთარი სახის წარმოჩენის იშვიათი შანსია
———————–
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 27 მაისი, 2016 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2997124
სამხრეთ ოსეთი ჯერ-ჯერობით ისევ დამოუკიდებელი რჩება: რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების შესახებ 2017 წლისთვის გადაიტანეს
ილია ბალაბანოვი
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან არსებულმა პოლიტსაბჭომ, რომლის შემადგენლობაში შედიან სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, რესპუბლიკის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს რეკომენდაცია მისცა რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების თაობაზე 2017 წლისათვის გადაიტანოს. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ რეფერენდუმი უკვე მიმდინარე წელს გაიმართებოდა. ცხინვალში ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ხმის მიცემა სასურველი არ იქნებოდა.
პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ამ რეკომენდაციას დაეთანხმა: მან განაცხადა, რომ ანგარიშს უწევს მოსახლეობის განწყობას და ამ საკითხზე რუსეთთან კონსულტაციებს კვლავ გააგრძელებს. მოგვიანებით პრეზიდენტმა და პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს: „ვცდილობთ რა უზრუნველვყოთ სამხრეთ ოსეთში სტაბილური საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია, ერთად გამოვდივართ პრეზიდენტთან არსებული პოლიტიკური საბჭოს 2016 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების მხარდაჭერის თაობაზე, რომლის თანახმად, მიზანშეწონილი იქნება რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე გადატანილი იქნას 2017 წლისათვის, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რეფერენდუმის ჩატარების სურვილზე ლაპარაკი ლეონიდ თიბილოვმა შარშან, 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო: „პოლიტიკური რეალიები ისეთია, რომ სამხრეთ ოსეთისათვის უკეთესი იქნება მოძმე რუსეთის ფედერაციასთან შეერთება, რაც ჩვენს ხალხს აყვავებას და უსაფღთხოებას უზრუნველყოფსო“. თავდაპირველად რეფერენდუმი დაგეგმილი იყო 2016 წლის აგვისტოში, მაგრამ პარლამენტის სპიკერთან მომხდარი კონფლიქტისა და უფრო მეტად კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ორაზროვანი განცხადების შემდეგ („ჩვენ ამას წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება ამ რეფერენდუმის საფუძველი, როგორ იქნება ჩამოყალიბებული კითხვები…“), როგორც ჩანს, ცხინვალმა გადაიფიქრა.
„არავინ იფიქროს, რომ რესპუბლიკაში თითქოსდა დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი და ამიტომ გადავდეთ რეფერენდუმის ჩატარება. უბრალოდ, ყურადღება მივაქციეთ საერთაშორისო პრაქტიკას – ასეთი მნიშვნელოვანი სახალხო პლებისციტები საპრეზიდენტო არჩევნების წინ არ ტარდება ხოლმე, რათა მისი შედეგებით სპეკულირება არ მოხდეს“, – განუცხადა ანატოლი ბიბილოვმა „კომერსანტის“ კორესპონდენტს. როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაისად, 2017 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.
იგივეს ამბობენ რუსი პოლიტოლოგებიც: აი, როგორ ლაპარაკობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში ექსპერტი ალექსეი ჩესნოკოვი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტაციასთან გარკვეული კავშირები აქვს: „რეფერენდუმის ჩატარება საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტექნოლოგიურად და შინაარსობრივად ამ ორ მოვლენას ერთ კამპანიად გადააქცევს, რაც ხელისუფლებას დამატებით პრობლემებს შეუქმნის. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მისი გადატანის შესახებ სრულიად ლოგიკურია, მით უმეტეს, რომ მიმდინარე საინტეგრაციო დღის წესრიგი ამ ეტაპზე ჯერ ამოწურული არაა და მას ზედმეტი პოლიტიზება ნამდვილად არ ჭირდება“.
სამხრეთ ოსეთში მსგავსი რეფერენდუმი ადრეც ჩატარდა – 1992 წელს, როცა რუსეთთან შეერთებას მხარი მოსახლეობის 99,98%-მა დაუჭირა. 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ, როცა რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარა, მოსკოვმა ცხინვალს 2009-2010 წლებში დაახლოებით 10 მილიარდი რუბლი გამოუყო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით. ცნობილია, რომ სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 90% რუსეთის ბიუჯეტიდან ჩარიცხული ფულით ყალიბდება. 2015 წლის მარტში, მოსკოვში ხელმოწერილი ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაერთიანდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო და საბაჟო სივრცე, რაც სამხედრო დახმარების გაწევასაც გულისმობს მესამე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში.
————
სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის თაობაზე გუშინ, 26 მაისს განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც: საგარეოპოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა, უპასუხა რა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ ყოველდღიური ბრიფინგის დროს დასმულ კითხვას, აღნიშნა: „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რასაკვირველია, მის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ასე რომ, ჩვენთვის მიუღებელია სამხრეთ ოსეთის ყველანაირი მცდელობები როგორც სუვერენიტეტის, [ასევე რუსეთთან მიერთების] თაობაზე“ (წყარო:http://www.state.gov/r/pa/prs/dpb/2016/05/257764.htm#AFGHANISTAN)
«The Christian Science Monitor» (აშშ), 26 მაისი, 2016 წელი
აფხაზეთში არაღიარებული სახელმწიფოები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ატარებენ
CONIFA-ს ტურნირის მასპინძლობა აფხაზეთისთვის საკუთარი სახის წარმოჩენის იშვიათი შანსია
ფრედ უეირი, კორესპონდენტი
(თავისუფალი თარგმანი)
CONIFA-ს ეგიდით აფხაზეთში დაგეგმილი ტურნირი მსოფლიოს ისეთი „ცნობილი“ საფეხბურთო ღონისძიებაა, რომლის თაობაზეც ჩვენს მკითხველს არაფერი გაუგია. ორშაბათს აქ, სოხუმში, ახლად გარემონტებულ სტადიონზე სტარტს იღებს არაღიარებული სახელმწიფოების ჩემპიონატი – პირველი მატჩი ქურთისტანისა და რუმინელი უნგრელების – სეკეის გუნდს შორის უნდა გაიმართოს. ეს ღონისძიება, რომელშიც თორმეტი არაღიარებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის გუნდი მონაწილეობს, გაუგებარია თვით რუსი სპორტული ექსპერტებისთვისაც, მაგრამ აფხაზეთისთვის, საქართველოს შავიზღვისპირა ნახევარმილიონიანი სეპარატისტული რეგიონისათვის, უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენას წარმოადგენს როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე საკუთარი იმიჯის წარმოსაჩენად.
„ეს ჩვენი შანსია, რომ ბოლოსდაბოლოს, მსოფლიომ დაინახოს, რომ აქაც ნამდვილი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც არამარტო ფეხბურთი უყვართ, არამედ სტუმრების მიღებაც შეუძლიათ და მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობაც“, – ამბობს არტურ მიქვაბია, აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი, – „საერთოდ კი, ამ მოვლენას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, ეს სპორტული სანახაობაა“.
ჩემპიონატის მთავარ სპონსორია დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაცების კონფედერაცია (CONIFA), რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. მისი წევრია 36 საფეხბურთო ორგანიზაცია მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან. მათგან რამდენიმე დე-ფაქტოდ არსებული სახელმწიფოებია, რომლებთაც აქვთ თავიანთი ტერიტორია და ჰყავთ საკუთარი მთავრობა (აფხაზეთი, სომალილენდი, ჩრდილოეთი კვიპროსი, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, ერაყის ქურთისტანი). ზოგიერთი რომელიმე სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენს (კვებეკი – კანადის, გრენლანდია – დანიის, ტიბეტი – ჩინეთის, დარფური – სუდანის, ლუგანსკი – უკრაინის). დანარჩენის სტატუსი კიდევ უფრო გაურკვეველ-ბუნდოვანია: კასკადია (აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანისპირა ვაშინგტონისა და ორეგონის შტატების ტერიტორიის პირობითი დასახელება), დასავლეთ სომხეთი (თურქეთიდან საუკუნის წინ გაძევებული სომხების შთამომავლები); ჩაგოსის კუნძულები (ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგის მცხოვრებლების შთამომავლები, რომლებიც კუნძულებიდან დიდი ბრიტანეთის მიერ იქნენ გაძევებული, დიეგო-გარსიას სამხედრო ბაზის მშენებლობის გამო).
აფხაზი ფეხბურთელების თთქმით, მათი მთავარი მოწინააღმდეგე პადანიას (იტალიის ჩრდილოეთი ნაწილის – ლომბარდიის, პიემონტის და ლიგურიის პროვინციების) გუნდი იქნება, რომელმაც CONIFA-ს გასული წლის ჩემპიონატში გაიმარჯვა. გარდა ამისა, სოხუმელი სპორტსმენების აღიარებით, მათთვის ძლიერი მოწინააღმდეგეა ლაპლანდიის საფეხბურთო გუნდი ჩრდილოეთ სკანდინავიიდან და რუმინელი უნგრელები – სეკეიელი ფეხბურთელები.
„ჩვენთვის CONIFA-ს ჩემპიონატში მონაწილეობა გაურკვეველი სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს. ორგანიზაციის ყველა წევრისათვის ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჩემპიონატში მონაწილეობით ისინი თავიანთ მისწრაფებებს გამოხატავენ“, – ამბობს დიმიტრი ფაღავა, კონფედერაციის წარმომადგენელი სოხუმში, – „ჩვენ ყველა ერთნაირ, მსგავს სიტუაციაში ვართ, ამიტომაც გავერთიანდით… ჩვენ გვინდა მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენც მათსავით ისეთივე ნორმალურები და კარგები ვართ, მათგან არ განვსხვავდებით“.
წინა წლებში ალტერნატიული საფეხბურთო ორგანიზაციის შექმნის მცდელობები კრახით მთავრდებოდა ხოლმე, რადგან პოლიტიკური გარემოებები მნიშვნელოვან ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. რასაკვირველია, ძნელი წარმოსადგენი იყო ჩრდილოეთ კვიპროსელი თურქების სომხებტან და ქურთებთან ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება (განა შეიძლება ძაღლისა და კატის ერთმანეთთან „კეთილი ურთიერთობა“?), მაგრამ როგორც დიმიტრი ფაღავა ამბობს, მთავარი და უპირველესი ამ დროს ურთიერთგანწყობისა და სპორტული სოლიდარობის განვითარებაა. „ფიფა-საგან განსხვავებით, ჩვენი ჩემპიონატის საზეიმო გახსნისა და დახურვის ცერემონიაში ყველა გუნდი მონაწილეობს. აქცენტი კეთდება მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაზე“.
მაგრამ პოლიტიკური კონტექსტიც აშკარად ჩანს: პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიას განცხადებით, რომელიც თვითონაც ყოფილი ფეხბურთელია, აფხაზეთმა დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარი დახარჯა სოხუმის „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქციისა და უცხოელი ფეხბურთელებისათვის მასპინძლობის ჯეროვანი გაწევის მიზნით. მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოხმარდა სოხუმის – ზღვისპირა ქალაქის გალამაზებასაც, რომელსაც ჯერ კიდევ ემჩნევა 1992-93 წლების სამოქალაქო ომის კვალი. ეს ომი ფაქტიურად აფხაზების ქართველებზე გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ აფხაზეთი დღემდე გლობალურად არაღიარებულ სახელმწიფოდ ითვლება.
ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებული იმედი იმაში გამოიხატება, რომ იქნებ როგორმე ფიფა-მ აფხაზეთი თავის რიგებში მიიღოს, ან იქნებ აფხაზთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო დონის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მისცეს. ამ იმედს გარკვეული საფუძველი აქვს: კოსოვო, რომელიც სერბეთს 1999 წელს ჩამოშორდა, ჯერ კიდევ არაა გაეროს წევრი, მაგრამ სულ ცოტა ხმნის წინათ ფიფა-ს წევრი გახდა. ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს: გაეროს წევრები არ არიან არც ტაივანი, არც პალესტინა, ტაიტი და ფარერის კუნძულები, მაგრამ ისინი ფიფა-ს ეგიდით გამართული სპორტული ასპარეზობებში მაინც მონაწილეობენ. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ფიფა-მ გვაღიაროს, – ამბობს არტურ მიქვაბია, – „ვიცით, რომ ეს სწრაფად მოხდებოდა, პოლიტიკური ბარიერები რომ არსებობდეს“. იგი ამაში საქართველოზე აფხაზეთის ერთგვარ შურისძიებას გულისხმობს: ცნობილია, რომ თბილისი გაეროს მხარდაჭერით სარგებლობს, რომლის თანახმად, აფხაზეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენს.
აფხაზეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ, აშკარად მოტივირებულები და გულანთებულნი არიან ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობისათვის: „ჩვენ სრულიად მზად ვართ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“, – ამბობს ახრა სიმონია, რომელიც დაცვაში თამაშობს, – „მთელი აფხაზეთის ყურადღება ჩვენსკენ იქნება მოპყრობილი… ჩვენ ამით მთელ მსოფლიოსაც ვაჩვენებთ, როგორი თამაში შეგვიძლია“.
აფხაზეთის ნაკრებმა გასულ კვირას სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე უკვე გამართა ამხანაგური შეხვედრა დონეცკის რესპუბლიკის ნაკრებთან, უფრო ადრე კი სომხური მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან. აფხაზეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის სპორტული მიმომხილველი ადგურ განბას თქმით, ჩემპიონატი მსოფლიო კლასის ფეხბურთის დემონსტრირება იქნება: „ჩვენი გუნდი მზად არის. ჩვენი ფეხბურთელების თამაშის დონე და ოსტატობა ყოველწლიურად მატულობს. იმ პირობებშიც კი, როცა ჩვენთვის საერთაშორისო ასპარეზობები დახურულია, ვპოულობთ შესაძლებლობებს კარგად ვითამაშოთ. მთელი აფხაზეთის ყურადღება ახლა ამ ჩემპიონატისკენაა მიმართული, რომელიც ორშაბათს დაიწყება და რვა დღე გაგრძელდება“.
ფეხბურთის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, სპორტის ვეტერანი კონსტანტინე იანულიდი, რომელიც საბჭოთა პერიოდში საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, მოგვიანებით კი სოხუმის „დინამოში“, ამბობს: აფხაზეტში ფეხბურთს დიდი ხანის ისტორია და ტრადიციები აქვს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისა და სამოქალაქო ომის გამო ჩვენმა სპორტმა დიდი ზიანი განიცადა… აღარ გვყავდა ახალგაზრდა ფეხბურთელები, არ ტარდებოდა მატჩები, საკუთარ გუნდს ვერ ვინახავდით. აი, ამიტომა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ აფხაზური ფეხბურთი განავითაროს და ახალ დონეზე აიყვანოს“.