globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 27th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): ქართველები აფხაზებს ეუბნებიან – „გამარჯობათ“, აფხაზები კი პასუხობენ – „ნახვამდის“

«Челны» (რუსეთი): როგორ დავისვენე აფხაზეთში

«The Washington Post» (აშშ): რატომაა „ბრექსითი“ მომგებიანი ვლადიმირ პუტინისათვის?

———————-

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 26 ივნისი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20160624-gruziny-govoryat-zdravstvui-abkhazy-otvechayut-do-svidaniya

ქართველები აფხაზებს ეუბნებიან – „გამარჯობათ“, აფხაზები კი პასუხობენ – „ნახვამდის“

რადიორეპორტაჟში ორი საკითხზეა საუბარი: ქართულ-აფხაზური პერფორმანსებზე – „გამარჯობა“ („მშიბზია“) და „ნახვამდის“ („აბზიარაზ“); საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის გამოძიების დახურვის მიზეზების შესახებ (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

ა) „მშიბზია“ თუ „აბზიარაზ“?

ქართველმა ახალგაზრდებმა აფხაზებთან კეთილი დამოკიდებულების აღსანიშნავად ამას წინათ ფლეშ-მობი „მშიბზია“ გამართეს, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა – მათ ხელში ეჭირათ ფურცელი წარწერით „მშიბზია“ („გამარჯობა“). ამ აქციამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოაწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა აფხაზებთა საპასუხო ფლეშ-მობი „აბზიარაზ“ („ნახვამდის“) გამართეს. ქართულ პრესაში და სოციალური ქსელებში „მშიბზიას“ ორგანიზატორებს მოუწოდეს, რომ არ ღირს „თავზე ნაცრის წაყრა“ და დამნაშავის პოზაში ყოფნა, მით უმეტეს, რომ აფხაზები ამგვარ სამშვიდობო აქციას საკმაოდ გამომწვევად პასუხობენ, მაგალითად, ჟურნალისტი ინალ ხაშიგი, რომლის აზრით, ამგვარი აქციის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა საქართველომ დამოუკიდებლად აღიაროს აფხაზეთი და უკიდურეს შემთხვევაში, ხელი არ შეუშალოს აფხაზეთის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებასო. ემოციურ ფონი იმ ფაქტმაც გაამძაფრა, რომ ფლეშ-მობის წინ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზმა მესაზღვრემ ადგილობრივი ქართველი მცხოვრები მოკლა.

მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ღრმაა დაპირისპირება და ურთიერთწყენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, განსაკუთრებით 1992-93 წლების კონფლიქტის შემდე, რომელიც საქართველოს დამარცხებით დასრულდა.

აფხაზი ისტორიკოსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ანჩაბაზე „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტთან საუბარში ამბობს, რომ შერიგებისათვის პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას არა იმდენად ქართული საზოგადოების წარმომადგენლების, რამდენადაც თვით საქართველოს ხელისუფლების მიერ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნებათ მსგავს ფეშ-მობებს დადებითი ეფექტი. „რასაკვირველია, ასეთი აქციები მოტივირებული აქციებია, რომლის მსგავსი ადრეც ჩატარებულა. ჩემი აზრით, „მშიბზიას“ აქციით არაფერი გამოვა, ორგანიზატორები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობის გაუმჯობესებას ვერ მიაღწევენ. სხვა საქმეა, თუ ამას საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს. ყველაფერი 1992-93 წლებში მომხდარი კონფლიქტის პოლიტიკური შეფასებით უნდა დაიწყოს. მე ხაზს ვუსვამ: ეს უნდა გააკეთოს საქართველოს ოფიციალურმა ხელისუფლებამ, მთავრობამ. აი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს რეალური დიალოგის პროცესი. „მშიბზიას“ აქცია, პრინციპში, მისასალმებელია. როგორც ჩანს, ქართულ საზოგადოებაში თითქოსდა რაღაც იცვლება აფხაზეთის მიმართ, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია“.

პროფესორი გიორგი ანჩაბაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქცენტი აფხაზეთის სტატუსზე კი არ უნდა გადაიტანოს, არამედ 1992-93 წლებში მომხდარი ამბების შეფასებაზე, ანუ ქართული სამხედრო ნაწილების შეყვანაზე აფხაზეთში და იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდგომ განვითარდა. „დიდი ხანია დადგა იმის დრო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც ნაბიჯები გადადგას არა „აფხაზეთის სტატუსის“ გასარკვევად, არამედ ომის შესაფასებად. რა მოხდა მაშინ – 1992-93 წლებში – აი, ამის შეფასებაა საჭირო და იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ტრაგიკული შედეგები ჩვენს ურთიერთობებში. არადა, პრინციპში სრულიად ლოგიკურია, რომ ქართულ „მშიბზიას“ აფხაზების მხრიდან „აბზიარაზა“ მოჰყვა. სწორედ ასეთი იქნება სამომავლოდაც აფხაზთა პასუხი ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მსგავს ინიციატივაზე. დღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები უკიდურესად არასაკმარისია. „მშიბზიას“ მსგავსი განცხადება ოფიციალურმა თბილისმა უნდა გააკეთოს“.

უფრო ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ანჩაბაძემ განაცხადა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სიღრმისეული მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მაშინდელი  გარკვეული ნაციონალისტური წრეები აფხაზეთი „თავიანთ ეთნიკურ საკუთრებად“ გამოცხადებას შეეცადნენ: „რასაკვირველია, აფხაზი ხალხი ამას არ დათანხმდებოდა“, – თვლის მეცნიერი.

ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა თავი იჩინა გასული საუკუნის დასაწყისიდან, როცა  „კავკასიის ომების“ დროს ოსმალეთში გადახვეწილმა აფხაზებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. საბჭოთა პერიოდში უთანხმოება პერიოდულად ხდებოდა ხოლმე. დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა 1992 წელს, როცა „საქართველოს სახელმწიფო საბჭოს“ სამეულმა –  სსრკ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ, თენგიზ კიტოვანმა და ჯაბა იოსელიანმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეკლარაციას 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე, ავტონომიურ რესპუბლიკაში „ქართული ეროვნული გვარდიის“ შეყვანით უპასუხეს.

„სამეული“ თავისი გადაწყვეტილების გამართლებას მოგვიანებით იმით ცდილობდა, რომ „აფხაზურ სეპარატიზმს და მათ მიერ ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდას სხვაგვარად ვერ შევაჩერებდითო“. მართლაცდა, 1992 წლის აპრილში აფხაზეთის ხელისუფლებამ ცალმხრივად დააწესა საბაჟო პუნქტი მდინარე ენგურზე, ხოლო იმავე ხანებში თავისივე კაბინეტიდან გამოაძევეს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ეთნიკურად ქართველი გივი ლომინაძე. თუმცა „სახელმწიფო საბჭოს“ ჯარების შეყვანა აფხაზეთში, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა, თბილისისათვის სრული კატასტროფით დასრულდა: დაუღუპა ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, აფხაზეთი იქ მცხოვრებ ქართველთა უმეტესობამ დატოვა (დაახლოებით 200 ათასმა ადამიანმა). მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა აფხაზურმა მხარემაც. იგივე ედუარდ შევარდნაძის მონაწილეობით გამართული მრავალრიცხოვანი მოლაპარაკებები ლტოლვილთა დაბრუნებასა და აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის განსაზღვრისათვის უშედეგოდ დასრულდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ, როცა აფხაზურმა სამხედრო ფორმირებებმა კოდორის ხეობაზე კონტროლი დაამყარეს (ქართული მოსახლეობის გაძევებით), რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარა. იმ დროიდან ქართუ-აფხაზური მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეწყდა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ურთიერთობის აღდგენას ჰუმანიტარული აქციების ჩატარების ცდილობს, მაგალითად, უფასო სამედიცინო მომსახურების სახით: ეთნიკურ აფხაზებს თბილისისა და სხვა ქალაქების კლინიკებში მკურნალობა უფასოდ შეუძლიათ. ამ პროექტით უკვე ასობით აფხაზმა ისარგებლა. თუმცა, როგორც ჩანს, ამის მიუხედავად, აფხაზური საზოგადოების ძირითადი ნაწილის დამოკიდებულება საქართველოსთან ისევ უცვლელი რჩება – ნეგატიური.

ბ) იდუმალი სიკვდილი: თვითმკვლელობა თუ მკვლელობა?

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დახურა სისხლის სამართლის საქმე, რომლიც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის დამფუძნებლისა და რუსეთში საქართველოს ელჩის ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის გამო იყო აღძრული. „დადგინდა, რომ ეროსი კიწმარიშვილი არ მოუკლავთ, მან თავი მოიკლა, ამიტომაც დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს“, – განაცხადა ბრიფინგზე პროკურარტურის წარმომადგენელმა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მათი სახელით მოქმედი ადვოკატები პროკურატურის დადგენილებას არ დაეთანხმნენ.

როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ ცნობილმა ტელეჯჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განუცხადა, ეროსი კიწმარიშვილი დეპრესიაში იყო ჩავარდნილი: „სიკვდილამდე ორი კვირით ადრე მან ფეისბუქით მომწერა, რომ დეპრესიაში ვარ ჩავარდნილიო. იგი აქტიური და ტალანტიური ადამიანი იყო, მაგრამ მასზე ძალიან ნეგატიურად იმოქმედა რუსთავის მერის არჩევნებში დამარცხებამ, მომწერა კიდეც ფეისბუქით. ამიტომაც მე ვეთანხმები პროკურატურის დადგენილების. არა მგონია, ფინანსურ პრობლემებს მისთვის თვითმკვლელობაზე ებიძგა. მე უფრო იმას ვფიქრობ, რომ რუსთავში დამარცხების შემდეგ იგი „უსაქმოდ“ აღმოჩნდა და ამ გარემოებამ მასზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა“.

«Челны» (რუსეთი), 26 ივნისი, 2016 წელი

http://www.chelnyltd.ru/index.php?page=obshchestvo&id=kak_ya_otdohnula_v_abhazii

როგორ დავისვენე აფხაზეთში

სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთში დასვენების შუქ-ჩრდილები, ერთ-ერთი რუსი ტურისტის – ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნის მცხოვრების შთაბეჭდილებების საფუძველზე (ავტორი – ლენარ ბატირშინი).

„ულიანა აფხაზეთში უკანასკნელად 12 წლის წინათ იყო, მანამდე კი თურქეთსა და ეგვიპტეში ისვენებდა ხოლმე. მაგრამ რადგანაც დღეს პოლიტიკური მიზეზების გამო ორივე მიმართულება დახურულია, მან გადაწყვიტა აფხაზეთი კვლავ მოენახულებინა.

„ვიფიქრე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სოხუმი, გაგრა და ბიჭვინთა შეიცვლებოდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა: აფხაზეთი 1990-იან წლებშია „გაჭედილი“. დღემდე ჯერ კიდევ ბევრია გაძარცული და უპატრონოდ მიტოვებული შენობა, გზები ისევ დანგრეულია. ადგილობრივი მოსახლეობა თავს იმართლებს – რა ვქნათ, ომის ბრალიაო, მაგრამ ომის დასრულებიდან ხომ 20 წელი გავიდა? მომსახურების დონით, რა თქმა უნდა, აფხაზეთი თურქეთს და ეგვიპტეს ბევრად ჩამოუვარდება, მაგრამ ბუნების სილამაზით მას ბადალი არ ჰყავს. მართალია, ბოლო დროს აფხაზეთშიც გაჩნდა სამვარსკვლავიანი, საშუალო დონის ოტელები და პანსიონატები, თუმცა ფასები საშუალოზე ბევრად მაღალია. (…)

გაგრა აფხაზეთში ტურისტთა ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილია – აქაა ძველებური, ციხე-კოშკების სტილით ნაგები შენობები, ბევრია კაფე-ბარები, რესტორნები… ყველაფერი, პლაჟების გარდა. გაგრის სანაპირო უპატრონოდ მიტოვებულს ჰგავს: ირგვლივ ნაგავია, ტუალეტებში კი ჯობია არ შეხვიდეთ… უბრალო მოაჯირებიც კი არაა შეღებილი, ჟანგისაგანაა შეჭმული. განა ამას დიდი თანხები ჭირდება? აფხაზეთისათვის გადარიცხული  რუსული დოტაციები კი მილიარდებს აღწევს. გამოდის, რომ შარშან მოწყობილ საპროტესტო აქციებს, როცა აფხაზებმა ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულეს, საფუძველი ნამდვილად ჰქონდა.

გუდაუთა აფხაზეთში ტურისტებისათვის ყველაზე იაფი ადგილია, მაგრამ აქ არანაირი ღირსშესანიშნაობა არ არის. პოპულარობით ფრო მეტად ბიჭვინნთა გამოირჩევა, ბევრი რუსი ტურისტიც სწორედ აქ ისვენებს. ახალი ათონში კი აფხაზეთის მასშტაბით ყველაზე მეტი სიძვირეა. რაც შეეხება აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმს, ტურისტს იქ არაფერი ესაქმება: ქალაქი სავსეა ნახევრადდანგრეული შენობებით და სარკმელჩალეწილი ბინებით“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე აფხაზეთის ტურისტულ მარშრუტებზე, ტრასპორტზე, ფასებზე, ბუნების ღირსშესანიშნაობებზე. „აფხაზები და გზაზე მოძრაობის წესები ერთმანეთთან შეუთავსებელია. ყველა ისე დადის, როგორც სურს. ბანკომატები არ არის, ამიტომ თანხა ნაღდი ფულის სახით უნდა წაიღოთ, უმჯობესია წვრილი კუპიურებით. მობილური ტელეფონისთვის ადგილობრივი სიმ-ბარათი შეიძინეთ. ინტერნეტი ყველგან ფასიანია. თვითონ აფხაზები კეთილი, მომღიმარი და კოლორიტული ხალხია, მაგრამ იმავდროულად ზარმაცები და თავს არაფრით ივალდებულებენ. საქართველოს ხსენება არ სიამოვნებთ, მაგრამ სამაგიეროდ უყვართ ყბედობა გეოპოლიტიკაზე და მსოფლიო კრიზისზე. მოსახოლეობის დიდი უმეტესობა აშკარად ღარიბულად ცხოვრობს, მაგრამ ქუჩებში ძვირადღირებულ უცხოური მარკის ავტომანქანებსაც დაინახავთ, ადგილობრივი ნომრებით. მოკლედ, აფხაზეთში ტურისტებისთვის მინუსებია: მომსახურების ძალიან დაბალი დონე, ცუდი საცხოვრებელი პირობები, რუსი გოგონებისადმი აფხაზი კაცების მომაბეზრებელი „ყურადღება“… პლიუსები: განუმეორებელი, უმშვენიერესი ბუნება, ზღვა და გემრიელი საჭმელები…“.

«The Washington Post» (აშშ), 26 ივნისი, 2016 წელი

https://www.washingtonpost.com/opinions/global-opinions/how-brexit-is-a-win-for-putin/2016/06/25/800e4d3c-3b06-11e6-8f7c-d4c723a2becb_story.html

რატომაა „ბრექსითი“ მომგებიანი ვლადიმირ პუტინისათვის?

სტატიაში, რომლის ავტორია მაიკლ მაკფოლი, რუსეთში აშშ-ის ელჩი 2012-2014 წლებში, ამჟამად კი სტენფორდის უნივერსიტეტტან არსებული ჰერბერტ გუვერის ინსტიტუტის თანამშრომელი, გაანალიზებულია „ბრექსით“-ის შედეგები ევროპისათვის, კერძოდ – არის თუ არა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა მომგებიანი რუსეთისათვის.

როგორც მაიკლ მაკფოლი აღნიშნავს, ვლადიმირ პუტინის თვალწინ, რომელიც საბჭოთა პერიოდში ქალაქ დრეზდენში მუშაობდა, აღმოსავლეთ გერმანია (გდრ) დასავლეთთან (გფრ) გაერთაინდა. შესაბამისად, მისთვის სოციალისტური ბანაკისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას ნიშნავდა. ბოლო თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში დასავლეთი ერთიანდებოდა და ფართოვდებოდა, აღმოსავლეთი კი ყოფილ მოკავშირეებს კარგავდა და ვიწროვდებოდა. „ახლა სიტუაცია შეიცვალა, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ გამოიწვია: ევროპა დრეს სუსტდება, რუსეთი და მისი მოკავშირეები კი ძლიერდებიან. პრორუსულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკვე ახალი ქვეყნებს სურთ გაწევრიანება… რასაკვირველია, პირადად ვლადიმირ პუტინის ბრალი არაა ბრიტანელტა გადაწყვეტილება, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტისა და მისი საგარეოპოლიტიკური კურსისათვის რეფერენდუმის შედეგები ნამდვილად მომგებიანია“, – წერს მაიკლ მაკფოლი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროკავშირიდან გადის რუსეთის აგრესიის ყველაზე თანმიმდევრული კრიტიკოსი სახელმწიფო, რომელსაც ბრიუსელში სიტყვის თქმის უფლება აღარ ექნება. გარდა ამისა, რა დასამალია და ლონდონი ხომ ჩვენ, შეერთებულ შტატებს, ევროკავშირში ჩვენი ინტერესების გატარებაშიც გვეხმარებოდა… ახლა კი ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში „ანგლოსაქსური რაკურსი“ აღარ იქნება.. დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან იმასაც ნიშნავს, რომ ბრიუსელი მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკვანძო მოთამაშეს კარგავს – „ნისლიან ალბიონს“ ხომ ძლიერი არმია და გამოცდილი დიპლომატიურ კორპუსი ჰყავს, რომელსაც დიდი წვლილი შეჰქონდა ევროპული ოპერაციების განხორციელბაში. ბრიტანული რესურსებისა და პოლიტიკური კადრების გარეშე ევროკავშირი, რასაკვირველია, დასუსტდება. ეს ყველაფერი წყალს ვლადიმირ პუტინის წისქვილზე ასხამს.

რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან და ევროპის დედაქალაქებთან ურთიერთსაინტერესო საკითხებზე, მას ექნება გარკვეული გავლენა პროცესებზე, როგორც ამას აშშ აკეთებს, მაგრამ ლონდონმა ხმისა და ვეტოს უფლება დაკარგა. გასაგებია, რომ ვეტოს უფლება და გავლენის მოხდენა ერთმანეთისაგან განსხვავდებიან.

რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი უკვე გამოიკვეთა:

- იმ ევროპული ქვეყნების დიპლომატებს, რომლებსაც მოსკოვთან შერიგება სურთ, ბრიტანელი დიპლომატები, თავიანთი ანტიმოსკოვური ნაბიჯებით, ხელს ვეღარ შეუშლიან, ანუ პრორუსებს მუშაობა გაუადვილდებათ, ხოლო იმ ქვეყნების დიპლომატებს, რომლებიც რუსეთის აგრესიას უპირისპირდებიან, მუშაობა გაურთულდებათ (ვთქვათ, ესტონელებს, ლატვიელებს, ლიტველებს);

- ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში (პლუს შეერებულ შტატებშიც!) პროპუტინურმა პოლიტიკოსებმა და ევროსკეპტიკოსებმა თავიანთი პოზიციები განიმტკიცეს (მაგალითად, ფრანგმა მარი ლე-პენმა და ამერიკელმა დონალდ ტრამპმა);

- ევროკავშირის დასუსტებით ასევე სუსტდებიან ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგებიც უკრაინაში. 2013 წელს კიეველი „მაიდნელები“ იმას ითხოვდნენ (ევროკავშირთან ინტეგრაციას), რაც დღეს ბრიტანელებმა უარყვეს. შესაბამისად, ახლა უკრაინაში და იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვია, სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომრავლდებიან: რა გვინდა იქ, საიდანაც უკვე გარბიან?

- დიდი ბრიტანეთი, რომელიც აშშ-ის უახლოესი მოკავშირეა საერთაშორისო ფორუმებსა და მოლაპარაკებებზე, აშკარაა, რომ შესამჩნევად დასუსტდება. ეს ვლადიმირ პუტინისათვის მომგებიანია. მოკლევადიან პერსპექტივაში ბრიტანეთის ეკონომიკის მოცულობა შემცირდება და, ვეჭვობ, არამარტო მოკლე ვადით. არაა გამორიცხული, რომ შოტლანდია ბრიტანეთს ჩამოშორდეს. გაურკვეველია ჩრდილოეთ ირლანდიის ბედი. აშკარაა, რომ ჩვენი მოკავშირე უახლოეს წლებში ძირითადად საშინაო პრობლემების გადაწყვეტით იქნება დაკავებული. უფრო უარესი იქნება, თუ მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრება თვითონ „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო“ – შოტლანდიაში უკვე დაიწყო მოძრაობა საკუთარი რეფერენდუმის ჩასატარებლად… თუ დიდი ბრიტანეთი დაიშლება, ეს დიდი დარტყმა იქნება ჩვენთვისაც: მარგარეტ თეტჩერი სამართლიანად ამბობდა, რომ „ინგლისურ-ამერიკულ ურთიერთობებმა მსოფლიოში თავისუფლების დაცვის საქმეში იმდენი დადებითი რამ გააკეთა, რაც არცერთ ალიანსს არ გაუკეთებია“.

ბოლო წლებში, სანამ ევროპაში ვნებათაღელვა მიმდინარეობდა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ავტოკრატიული მმართველობა აღადგინა, ჩაახშო სხვაგვარად აზროვნება და მეზობლებტან კონფლიქტებში გამარჯვებით თანამემამულეებში მხარდაჭერა მოიპოვა. მან ფაქტიურად შეაჩერა ნატოს [აღმოსავლეთით] გაფართოების პროცესი (2008 წლის აგვისტოში შეიჭრა საქართველოში) და შეანელა ევროკავშირის გაფართოებაც (2014 წელს შეიჭრა უკრაინაშიც). ვლადიმირ პუტინმა განამტკიცა რუსეთის ეკონომიკური ჰეგემონია ევრაზიის კონტინენტის მნიშვნელოვან ნაწილზე – შექმნა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი. მან, სირიაში სამხედრო ჩარევის წყალობით, ახლო აღმოსავლეტში რუსეთის სამმხედრო ყოფნა განამტკიცა და ეს იმ დროს, როცა აშშ-მა და ევროპამ იქ თავიანთი ყოფნის დონე შეამცირეს. ყველაზე საკვირველი ისაა, რომ ვლადიმირ პუტინის მმართველობის სტილი და მოდელი ევროპაში თაყვანისმცემლებს პოულობს – როგორც რიგი ქვეყნების მთავრობებში, ასევე საზოგადოებებში“, აღნიშნავს თავის სტატიაში მაიკლ მაკფოლი.

და მაინც, პუბლიკაციის დასასრულს ავტორი ასეთ ოპტიმისტურ დასკვნას აკეთებს: „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უახლოესი 30 წლის განმავლობაში ჩვენ ევროკავშირის დაშლისა და ევრაზიული კავშირის განმტკიცების ტენდენციის მოწმენი გავხდებით? ალბათ, არა. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი მაინც ვერ შეძლებს თავისი შიდა პრობლემებისადმი გამკლავებას და ვერ დააკავებს თავის ორბიტაზე არაპროგნოზირებად პარტნიორებს, დასავლეთი კი პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ფორმების გამონახვას მოახერხებს. ამასთან, მოკლევადიან პერსპექტივაში ბალანსის დარღვევა გაერთიანებულ დემოკრატიულ ევროპასა და არალიბერალურ რუსეთს შორის აშკარაა და ამან არ შეიძლება არ შეგვაშფოთოს“.

Comments are closed