globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 27th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ბრძოლა თბილისისთვის: ვინ გახდება ქალაქის ახალი თავი?

«КоммерсантЪ» (რუსეთი): აშშ საქართველოში სირიელი ოპოზიციისათვის იარაღის შესყიდვას ცდილობდა, თბილისი კი შიშობდა – ვაითუ იარაღი ხელში ქურთებს ჩაუვარდეთო

«ВПК – Военно-промышленный Курьер» (რუსეთი): მთავარსარდლური სტანდარტი: ნატო ბრძოლაში მხოლოდ მაშინ ჩაებმება, თუ დანაკარგები არ ექნება (ქართული არმიის გამოცდილება)

«Der Tagesspiegel» (გერმანია): სამოთხის მსგავსი საქართველო: ოდა კოლხურ ჯონჯოლს // შთაბეჭდილება ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქვეყანაზე

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-unm-names-mayoral-candidate-in-tbilisi/3916516.html

ბრძოლა თბილისისთვის: ვინ გახდება ქალაქის ახალი თავი?

ზაზა წულაძე

46 წლის ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობისთვის ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის რანგში იბრძოლებს. ჟურნალისტი 25-წლიანი სტაჟით მაყურებელს წინა კვირას დაემშვიდობა, გუშინ კი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ იგი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.

ზაალ უდუმაშვილი სპეციალობით ზოოტექნიკოსია. მას თბილისის ზოოვეტერინარული სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, თუმცა სპეციალობით არასოდეს უმუშავია. მისი ტელეკარიერა 1992 წელს, „მეორე არხზე“ დაიწყო, შემდეგ იყო „პირველი არხი“, „იბერია“ და „რუსთავი 2“. 2003 წლიდან უდუმაშვილს „კურიერის“ საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა, ბოლო წლებში, პარალელურად, „რუსთავი 2“-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობაც ეჭირა.

2015 წლის ნოემბერში, „რუსთავი 2“-ის დაბრუნებისთვის მებრძოლმა დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და ქიბარ ხალვაშმა სწორედ ზაალ უდუმაშვილს შესთავაზეს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა და საკუთარი უფლებამოსილებაც გადასცეს, თუმცა ზაალ უდუმაშვილმა ამ შეთავაზებას „უკანონო“ უწოდა და მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა.

მიმდინარე თვის დასაწყისში, ზაალ უდუმაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და წინადადება მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, 2017 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კენჭი თბილისის მერობისთვის ეყარა.

ზაალ უდუმაშვილმა საარჩევნო კამპანია მეტეხის ტაძრის ეზოში ოფიციალურად დაიწყო. მან თქვა, რომ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატია და ახსნა, თუ რატომ აირჩია „ნაციონალური მოძრაობა“: „მე ვირჩევ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შენების გამოცდილება აქვს. გუნდს, რომელმაც ქვეყანა დაავლურ ყაიდაზე გამართა და მსოფლიოს გააცნო. ამ გუნდმა შეცდომებიც დაუშვა, მათ შორის დედაქალაქში. ბევრის გაკეთებაც ვერ შეძლო, ზოგიერთ გამოწვევასაც ვერ უპასუხა. მინდა ამ გუნდის პოზიტიური გამოცდილება სრულად გამოვიზიარო, ხოლო დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო. აღარ გავიმეოროთ ერთად! ვირჩევ, ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას იმიტომ, რომ მოვდივარ გამარჯვებისთვის და არა უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად“.

„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე პოლიტიკური ძალა გახდა, რომელმაც დედაქალაქის მერობის კანდიდატი ოფიციალურად დაასახელა. პირველმა ეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იანვარში გასულმა „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა. მათ მაისში, პარტიის ყრილობაზე თბილისის მერობის კანდიდატად პარლამენტარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ოთხი შვილის დედა, 37 წლის ელენე ხოშხატია წარადგინეს.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დაუსახელებია საკუთარი კანდიდატი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერობისთვის, ენერგეტიკის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი, 39 წლის კახი კალაძე იბრძოლებს.

სამტრედიელმა კახი კალაძემ, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია, ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა 1993 წელს სწორედ თბილისის „დინამოში“ დაიწყო, რომლის მაისურითაც 4-4 ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონობა და თასი. ბოლო ხუთი წელია ენერგეტიკის მინისტრი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს მრავალმილიონიანი კაპიტალის მქონე ენერგო კომპანიები და მათი ლობისტები.

დიდი ფული, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს, თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში – ასე ფიქრობს სამოქალო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე: „გადამწყვეტი ფაქტორი დღეს მაინც არის, არჩევნებში ჩართული შავი ფული და არა კონკრეტული კანდიდატების პერსონალური მარკა. 1995 წლიდან, „მოქალაქეთა კავშირის“ პერიოდიდან, საქართველოში დამკვიდრდა სისტემა – ყოველ 50 ამომრჩეველზე ერთი კოორდინატორი, რაც ჩემი შეფასებით, ადამიანის პირდაპირი მოსყიდვაა. ეს სისტემა არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც და მას წარმატებით იყენებს „ქართული ოცნებაც“.

საქართველოში, სადაც 3,5 მილიონი ამომრჩეველია, „ქართულ ოცნებას“, დაახლოებით 70 000-მდე კოორდინატორი ჰყავს, პლუს 30-მდე დაფინანსებული კოორდინატორი უზით თითო საარჩევნო უბანზე. ამხელა რესურსი, კონკურენციაში რო შევიდეს „ოცნებასთან“ სხვა არცერთ პარტიას არ აქვს. რაც შეეხება შავ ფულს. „ქართულ ოცნებას“ წინა არჩევნებზე დეკლარირებული ჰქონდა მხოლოდ 16 მილიონი ლარის შემოწირულობა. მაშინ როცა ყველაზე უხეში გათვლებით, დაახლოებით 100 000 კოორდინატორზე, თვიურად 400 ლარიანი ანაზრაურებით „ოცნების“ გასავალი არის 40 000 000 ლარი. საიდან მოდის ეს ფული? წარმოგიდგენიათ 40 მილიონის რესურსი რომ მისცე ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას აბსოლუტურად სხვა რეალობა იქნებოდა არჩევნებზე.“

სწორედ ფინანსების არქონის გამო, გადაწყვეტილება დააყენოს თუ არა საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებზე, ამ დრომდე ვერ მიიღო 47 წლის ალექსანდრე ელისაშვილმა, ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება “ტფილისის ჰამქარის” დამფუძნებელმა.

ექსპერტთა აზრით, ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს ერთადერთ დამოუკიდებელ დეპუტატს ყველაზე კარგი შანსი აქვს, მმართველი პარტიის კანდიდატს დედაქალაქში სერიოზული ბრძოლა გაუმართოს.

ალექსანდრე ელისაშვილმა უკვე განაცხადა, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით შევა.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 27 ივნისი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3336455

აშშ საქართველოში სირიელი ოპოზიციისათვის იარაღის შესყიდვას ცდილობდა, თბილისი კი შიშობდა – ვაითუ იარაღი ხელში ქურთებს ჩაუვარდეთო

„კორუფციის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის გამართულ მოალპარაკებებზე, რომლის მიხედვით, აშშ-ის სამხედრო უწყება საქართველოსაგან საბჭოური წარმოების იარაღს შეიძენდა და მას სირიის ოპოზიციას გადასცემდა. „კომერსანტის“ მონაცემებით, თბილისმა უარი განაცხადა იარაღის მიყიდვაზე შუამავალი კომპანია Alliant techsystems operations-სადმი იმ გარანტიის მიღებამდე, რომ გაყიდული იარაღი ქურთი რაზმების ხელში არ მოხვდებოდა. ასეთ შემთხვევაში საქართველოსთვის ზალიან დიდი რისკი იყო, რომ თურქეთთან ურთიერთობა გაუარესდებოდა. თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინფორმაცია სირიისთვის იარაღის მიწოდების მიზნით გამართული მოლაპარაკების „უსაფუძვლო დეზინფორმაცია“ წარმოადგენს, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის გამართული მოლაპარაკების შესახებ მასალა პირველმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა გაავრცელა, რომელიც ახლოს დგას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ წრეებთან. ტელერხისადმი მიცემულ ინტერვიუში „კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის“ პროექტის ხელმძღვანელმა დეივ ბლოსმა განაცხადა, რომ იგი დიდი ხანია იკვლევს პენტაგონის მიერ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში საბჭოური იარაღის შესყიდვის საკითხებს. მისი თქმით, ეს იარაღი შემდეგ მსოფლიოს სხვადასსხვა კუთხეში მოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს მიეწოდება, მათ შორის – სირიაშიც. დეივ ბლოსმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების დროს იხილებოდა საკითხი საქართველოში თითქმის ორ მილიონი დოლარის იარაღის შესყიდვის თაობაზე. ამ გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტები პენტაგონის ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული, „მაგრამ მას შემდეგ, რაც მე საკითხით დავინტერესდი და ვაშინგტონში შეკითხვა გავგზავნე, საიტიდან დოკუმენტები გაქრა“, – თქვა ინტერვიუში დეივ ბლოსმა.

„კომერსანტთან“ საუბარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო თოლორდავამ ტელეარხ „რუსთავი-2“-ის მიერ გავრცელებულ მასალას „უსაფუძვლო დეზინფორმაცია“ უწოდა და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის გამოწვევად მიიჩნია. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა „კომერსანტს“ უთხრა, რომ მისი ორგანიზაცია მართლაც აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას ამერიკელ კოლეგებთან ქართული თანამედროვე იარაღის გაყიდვის თაობაზე, მაგრამ არა სირიის ოპოზიციისათვის, არამედ თვითონ აშშ-ის არმიისათვის.

რაც შეეხება „საბჭოურ იარაღს“, რომელიც ვითომდა სირიელი ოპოზიციისათვის იყო განკუთვნილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამის თაობაზე სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც კატეგორიულადაა უარყოფილი კომპანია Alliant techsystems operations-სთან თითქოსდა დადებული კონტრაქტის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ კომპანიამ არ წარმოადგინა იარაღის „საბოლოო მოსარგებლის სერტიფიკატი“, რის გარეშეც იარაღის ექსპორტი საქართველოდან აკრძალულია. „კომერსანტის“ მონაცემებით, მხედველობაშია ის, რომ თბილისმა ვერ მიიღო იმის გარანტია – ჩაუვარდებოდა თუ არა იარაღი ხელში სირიაში მოქმედ ქურთთა დაჯგუფების მებრძოლებს. თუ მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდებოდა, ეს გამოიწვევდა მეზობელი თურქეთის მწვავე გაღიზიანებას, ანკარასთან ურთიერთობის გაურესების გარისკვა  საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, აშშ-სთან პარტნიორობის გათვალისწინებითაც კი.

ის, რომ სწორედ „თურქულ-ქურთული“ საკითხი გახდა გარიგების ჩაშლისა და  თბილისის  მხრიდან ძველი იარაღის გაყიდვის კონტრაქტის დადებაზე უარის მიზეზი, „კომერსანტთან“ საუბრისას დიპლომატიური აკადემიის ექს-რექტორი იოსებ ცინცაძეც ვარაუდობს: „ცხადია, როცა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი გაიგებდა, რომ საქართველოსგან გატანილი იარაღი, გინდაც შუამავლის მეშვეობით, ქურთებს ხელში  მოხვდა, იგი ძალიან გაბრაზდებოდა“. ამასთან, ექსპერტის თქმით, ყველა შემთხვევაში ქართული არმიის რესურსები „საბჭოური იარაღის“ ექსპორტის თაობაზე მკვეთრად შეზღუდულია: „რუსებმა საქართველოდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან ბევრი იარაღი გაიტანეს, სამხედრო ტროფეის (ნადავლის) სახით. რაც დარჩა, ის უკვე სამხედრო მიზნებისთვის გამოუსადეგარია“

«ВПК – Военно-промышленный Курьер» (რუსეთი), 27 ივნისი, 2017 წელი

http://vpk-news.ru/articles/37472

მთავარსარდლური სტანდარტი: ნატო ბრძოლაში მხოლოდ მაშინ ჩაებმება, თუ დანაკარგები არ ექნება (ქართული არმიის გამოცდილება)

„რუსეთში ნებისმიერმა მეტ-ნაკლებად განათლებულმა ადამიანმა, რომელიც ასე თუ ისე დაინტერესებულია პოლიტიკით, იცის, რომ ნატოს ბლოკში არის რაღაც საერთო სამხედრო სტანდარტები, რომლებიც სავალდებულოა შეასრულოს ალიანსის ყველა წევრმა და რომელზეც ნატოს ყოველი ახალი წევრის არმია უნდა გადავიდეს“, – ნათქვამია სამხედრო-ანალიტიკურ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი ალექსანდრე ხრამჩიხინი).

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელშიც საქართველოს არმიის გამოცდილებაა შეფასებული (შეიძლება ავტორის თვალსაზრისი სადაოა, ან არასწორი, მაგრამ მაინც):

„მართალია, ამ სტანდარტების თაობაზე ჩვენთან, რუსეთში, ბევრმა სიმართლე არ იცის და რაღაც სისულელებზე საუბრობენ, მაგრამ არის ზოგიერთი რამ, რაზეც სერიოზული საუბარი შეიძლება“, – აღნიშნავს ავტორი და ერთ პრინციპზე ამახვილებს ყურადღებას:

„2016 წლის დასაწყისში „უკრაინსკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ქართველ გენერალთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ექს-უფროსთან გიორგი კალანდაძესთან, რომელიც 2014 წლიდან უკრაინაში მუშაობს. ყველაზე საინტერესო ინტერვიუდან ისაა, რომ გენერალი ნატოს სტანდარტებზე საუბრობს. აი, საკვანძო მომენტი:

„[ნატოელები] ყურადღებით ეკიდებიან ომში სამხედრო მოსამსახურეთა დანაკარგებს, რადგან შემდეგ მატერიალურ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. უხეშად რომ ვთქვათ, [ნატოელი] ბრძოლაში მხოლოდ მაშინ ჩაებმება, როცა ერთ მოწინააღმდეგეზე სამი ჩვენიანი მოდის, თანაც ავიაციის მხარდაჭერით.

- ანუ, ნატოში არაა ისეთი ცნება, როგორიცაა „სტრატეგიული სიმაღლის შენარჩუნება უკანასკნელი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად“?

- მოდით, დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიტუაცია არსებობს. მთავარია ვიცოდეთ, რომ ნატოელი გენერალი უპირველესად ჯერ დანაკარგებზე ფიქრობს, შემდეგ კი საბრძოლო ამოცანის შესრულებაზე. ეს სრულიად სხვა ტიპის მართვაა“.

ამაშია მთელი სიმართლე. ეს არამარტო სხვა ტიპის მართვაა, არამედ სხვა აზროვნებაც. ყოველი დასავლელი მეთაური ჯერ საბრძოლო დავალების შესრულებაზე კი არ ფიქრობს, არამედ იმაზე, რომ დანაკარგები არ ჰქონდეს. და თუ იგი ფიქრობს, რომ დანაკარგები ექნება, მაშინ შეიძლება მან ბრძანების შესრულებაზე უარიც თქვას. რასაკვირველია, ვიღაცამ შეიძლება ასეთი მოქმედება ჰუმანურად მიიჩნიოს და აღფრთოვანდეს… სინამდვილეში კი ეს არმიის სრული დეგრადაციაა. ცხადია, არაფერი კარგი იმაში არ არის, რომ საბრძოლო დავალება ყველანაირ ფასად შეასრულო, საკუთარი ჯარისკაცების გვამების ფასად, მაგრამ როცა არმია უარს ამბობს ამოცანის სესრულებაზე, დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, ეს უკვე არმია კი აღარაა, არამედ ბრბო. ასეთი არმია უნდა დაშალო.

სრულიად ბუნებრივია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს არმია, რომელმაც წარმატებით მოასწრო ნატოს სტანდარტებზე გადასვლა, რუსეთის არმიასთან შეტაკების დროს, რომლისთვისაც ნატოური სტანდარტები უცხოა, ბრძოლა არამარტო წააგო, არამედ ელვისებურად დაირღვა და გაიფანტა, თან იარაღს და ტექნიკას გზაზე ყრიდა. თანაც იმ დროს, როცა რუსული დაჯგუფება ქართულ ჯარზე მცირერიცხოვანი იყო (ყოველ შემთხვევაში, ხმელეთზე მაინც). ნაწილობრივ ეს შეიძლება ფსიქოლოგიური ფაქტორით აიხსნას – რუსები ქართველებზე უკეთ იბრძვიან, მაგრამ იმ დროს მთვარი როლი სწორედ მართვის ნატოურმა სტანდარტებმა შეასრულა: მინიმუმ თანასწორ მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროსაც კი, როცა ჰაერში ბატონობა არ გაქვს, ეს სტანდარტები ბრძოლისაგან თავის არიდებას გულისხმობს, ანუ, უბრალოდ, ბრძოლის ველიდან გაქცევას, რაც ქართულმა არმიამ მთელს მსოფლიოს აჩვენა.

იგივე მაგალითია ავღანეთიც: რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდეება, თუ როგორ მოქმედებდა იქ საბჭოთა არმია და როგორ მოქმედებს ნატოს არმია.

ცნობილია, რომ 1980-იან წლებში მოჯაჰედები დასავლეთის კოალიციიდან ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ყველანაირ სამხედრო-მატერიალურ დახმარებას იღებდნენ, ჩინეთის ჩათვლით. 2001 წლიდან კი თალიბების გვერდით პრაქტიკულად არავინ დგას, ისინი 80-იანი წლების დუშმანებზე ბევრად სუსტები არიან. საბჭოთა არმიას არც კი  დაესიზმრებოდა კომპიუტერული დრონები, უზუსტესი ბომბები, სადაზვერვო მონაცემები, რომლითაც დღეს დასავლური კოალიციაა შეიარაღებული. ამის მიუხედავად, ჩვენი მე-40 არმია ავღანეთში მთელი პროგრამით იბრძოდა, მათ შორის ხმელეთზეც. დღეს კი ანტითალიბური კოალიცია ყველანაირად გაურბის სახმელეთო ბრძოლებს. ევროპელი და ამერიკელი ჯარისკაცები ბაზებში სხედან და იქიდან მხოლოდ იშვიათად გადიან“.

«Der Tagesspiegel» (გერმანია), 27 ივნისი, 2017 წელი

http://www.tagesspiegel.de/kultur/sehnsuchtsland-georgien-ode-an-die-kolchische-pimpernuss/19976768.html

სამოთხის მსგავსი საქართველო: ოდა კოლხურ ჯონჯოლს

შთაბეჭდილება ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქვეყანაზე

გრეგორი დოტზაუერი

(შემოკლებით)

საბჭოთა ნანგრევებს შორის საქართველო უცნაურ კუნძულად მოჩანს. მეზობლებისაგან ეს ქვეყანა ავისი ანბანითაც განსხვავდება, რომლის მსგავსი 33 ასო მსოფლიოში არსად არ არის. საქართველოს ერთი მხრიდან რუსული ოკუპაცია ღრღნის [„მცოცავი საზღვრით“], მეორე მხრიდან – თურქეთი [ტერიტორიის მიერთების სურვილით], რომელიც დღეს თითქოსდა მისი საიმედო მეგობარია. საქართველოთი უკმაყოფილონი არიან სომხები და აზერბაიჯანელები, რომლებთაც ასევე ტერიტორიული ინტერესები ამოძრავებთ. მაგრამ ის, ვინც საქართველოს ახლოდან შეხედავს, პოზიტივსაც დაინახავს: თბილისს ბრიუსელთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს; საქართველო ჩაბმულია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში; საქართველოზე გადის ევროპა-აზიის სატრანზიტო მარშრუტი, „აბრეშუმის დიდი გზის“ ახალი პროექტის მიხედვით. საქართველოში, რუსი ტურისტების არმიის გარდა, უკვე ირანელებსაც დაინახავთ: ისინი თბილისში პოპ-კონცერტებს აწყობენ, რაც მათთან, სამშობლოში აკრძალული აქვთ. ირანელები თამამად იქცევიან – აქ შეიძლება ახალგაზრდა ირანელი ქალი მინი-კაბაშიც კი ნახოთ. მაგრამ ამ 3,7 მილიონიან ქვეყანას, რომლის ტერიტორია ბავარიის ფართობის ტოლია, [ევროპისაგან] დახმარება მაინც ჭირდება.

საქართველოში, კახეთში ყოფნისას ტურისტი დროსტარება ეძლევა. მას ხიბლავს კარგი პურ-მარილი, ქვევრის ღვინო ან ჭაჭის არაყი, ბატკნის მწვადი და კავკასიის დიდებული მთები. მაგრამ ამის პარალელურად არსებობს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი, რომლებიც 2008 წლიდან რუსული ჩექმის ქვეშ არიან მოქცეულნი; ეკლესია, რომელიც თითქოსდა მოსკოვის მეხუთე კოლონას წარმოადგენს; ნატო, რომელსაც ქართველები იმედით შესქერიან, მაგრამ მისი არმია თითსაც არ ამოძრავებს საქართველოსთვის.

საქართველოს წარმატებებში წვლილი გერმანელებსაც აქვთ შეტანილი: 1844 წელს გერმანელმა ემიგრანტებმა კავკასიაში თბილისთან ახლოს კოლონია დაარსეს. გერმანელმა არქიტექტორების პროექტით თბილისში ბევრი შენობაა აგებული. გერმანელი დიპლომატი კი – გრაფი ფრიდრიხ-ვერნერ ფონ შულენბურგი, შეიძლება ითქვას, საქართველოს 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის თანაავტორია. მაგრამ ვერცერთი სხვა გერმანელი ვერ შეედრება თავისი წვლილით მწერალს და ჟურნალისტს არტურ ლაისტს, რომელიც თბილისის დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. მან 1992 წელს თავისი მშობლიური ქალაქი ბრესლაუ დატოვა და სამუდამოდ საქართველოში ცხოვრება არჩია. არტურ ლაისტი მოხიბლული იყო ქართველი ხალხის თვისებებით და საქართველოს ბუნებით: „მოგზაური, რომელიც შავ ზღვაზე ბათუმს მიადგება, თავს სამოთხეში იგრძნობს“. არტურ ლაისტი წლების განმავლობაში იყო საქართველოს გერმანულენოვანი გაზეთის „კაუკაზიშე პოსტ“-ის მთავარი რედაქტორი, მანვე თარგმნა პირველად გერმანულ ენაზე ქართული შუასაკუნებრივი ეპოსი – შოთა რუსთაველის პოემა „ ვეფხისტყაოსანი“.

——

სტატიაში ავტორი საუბრობს როგორც იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმზე („თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს გორი, სადაც Iosseb Bessarionis dse Dzhugashvili – იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა, შემდგომში „სტალინად“ წოდებული. შენობა დაარსების დღიდან – 1937 წლიდან პრაქტიკულად არ შეცვლილა. მუზეუმის მიხედვით, იოსებს სტალინი პოზიტიურ, გენიალურ ადამიანად არის წარმოდგენილი, რომელიც სემინარიის მოსწავლიდან და ციმბირში არაერთხელ გადასახლებული ადამიანიდან სახელმწიფოს მეთაურად იქცა“), ასევე თბილისში მდებარე საბჭოური ოკუპაციის მუზეუმზეც („ამ მუზეუმში კი იოსებ სტალინის საქმიანობის ნეგატიური შედეგებია ნაჩვენები. აქ არის აგრეთვე 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ათდღიანი ომის ფოტოსურათები“). ავტორი აღნიშნავს, რომ მუზეუმის დაარსებაში დიდი როლი შეასრულა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, აშშ-ის მეგობარმა მიხეილ სააკაშვილმა.

პუბლიკაციაში აღწერილია ძველი თბილისის ქუჩები და შენობები. აღნიშნულია, რომ სიძველეების დასაცავად ხშირად გამართული საპროტესტო აქციები იმ პროექტების წინააღმდეგ, რომლებიც თბილისის ტრადიციულ არქიტექტურას არღვევს. ამჟამად მიმდინარეობს როგორც თანამედროვე სასტუმროების მშენებლობა, ასევე ძველი შენობების მოდერნიზება დღევანდელი ტექნოლოგიების დახმარებით („კლასიკური საბჭოური, სტალინის დროინდელი პროექტით აგებული მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის, ანუ „იმელ“-ის შენობა სასტუმროდ გადაკეთდა). ამასთან, ავტორი მიუთითებს, რომ თბილისისათვის ძალიან უცხოდ მოჩანს ცათამბჯენები, განსაკუთრებით კი ექვსვარსკვლავიანი სასტუმრო The Biltmore. სტატიაში საუბარია აგრეთვე იმ უცხოურ ინვესტიციებზე, რომლებიც სასტუმროების ბიზნესშია ჩადებული.

პუბლიკაციის დასასრულს ავტორი საქართველოს დედაქალაქის სხვა თანამედროვე პროექტებზეც წერს: თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა, რუსთაველის გამზირის დასაწყისში – იქ, სადაც ძველი საბჭოთა სავაჭრო სახლის, ანუ უნივერმაღი „თბილისი“ იდგა. ეს ყველაფერი ყველაზე მდიდარი ქართველის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით კეთდება. იგი პრემიერ-მინისტრი იყო 2012-2013 წლებში, მისი დაარსებულია „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს ქვეყნის მმართველი პარტიაა. სექტემბერში თბილისში სუპერთანამედროვე „გალერეაც“ გაიხსნება…

თბილისში წარსული ეპოქის შენობებიც ინგრევა და შედარებით ახლახანს აგებულიც.  ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ექსტრავაგანტური პროექტები მოსწონდა. კორუფციასთან ბრძოლის ფონზე მისი მმართველობის დროს პოლიციის თანამედროვე, გამჭვირვალე შენობები აშენდა. თუმცა მათთან ერთად აიგო „გიგანტური მილებიც“ – ვერცხლისფერი უცნაური შენობა მდ. მტკვრის ნაპირზე, რომელიც კულტურის მრავალმიზნობრივ ცენტრად იყო ჩაფიქრებული, დღემდე უმოქმედოდ და უპატრონოდ არის მიტოვებული. ეს იმას მოწმობს, რომ თუ ძველს ვერ გადაარჩენ, ისე მომავალს ვერ ააშენებ, – აღნიშნულია სტატიაში.

Comments are closed