globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 27th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радио КоммерсантЪ FM» (რუსეთი): სულთანი ერდოღანი // ქართველია თუ თურქი?

«Lragir» (სომხეთი): თურქეთ-რუსეთის ალიანსი: პერპექტივა და პრობლემები // რა ბედი ეწევათ საქართველოს და სომხეთს?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ტოპონიმიკის ომი: ოჩამჩირე – „ო“ და „ა“ თავსართს შორის

———————-

«Радио КоммерсантЪ FM» (რუსეთი), 26 ივლისი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3047393

სულთანი ერდოღანი

ქართველია თუ თურქი?

(შემოკლებით)

თურქეთის პრეზიდენტის ეროვნება სიტუაციის შესაბამისად იცვლებოდა. როცა პატარა რეჯებს ერთი წელი შეუსრულდა, ოჯახი სტამბოლიდან საცხოვრებლად თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რიზეში გადავიდა, საქართველოსთან ახლოს, სადაც მრავალრიცხოვანი ნათესაობა ჰყავდა.  რეჯებმა იქ 12 წელი გაატარა. თავისი კარიერის დასაწყისში რეჯეპი ამბობდა, ჩემი წინაპრები აჭარიდან არიან და რიზეში დასახლდნენო. „მე ეთნიკური თურქი არ ვარ, ქართული ფესვები მაქვს როგორც მამის, ისე დედის მხრიდან“, – ციტირებდა რეჯეპ ერდოღანის სიტყვებს თურქული გაზეთი „მილიეთი“. 2003 წელს, როცა რეჯეპ ერდოღანი საქართველოში ვიზიტით ჩავიდა, ადგილობრივი მასმედია წერდა, რომ თურქეთის ლიდერმა დადასტურა – მისი ნათესავები ქართველები არიან, რომლებიც ბათუმში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი რიზეში გადასახლდნენო. სხვათა შორის, თურქული ოპოზიციც საკმაოდ ხშირად ახსენებდა ხოლმე ამ ფაქტს: „აი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომ ამბობს, ცოლად არაბი ქალი მყავს, მე კი წარმოშობით ბათუმელი ვარო, ამ დროს პროვოკაციას აწყობს თურქეთის 35 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის“, – ამბობდა ოპოზიციური პარტიის ლიდერი დევლეთ ბახჩელი 2010 წელს.

2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტელევიზიით გამოსვლისას რეჯეპ ერდოღანმა თავისი წარმომავლობა შეცვალა და მტკიცედ განაცხადა: „მე სტამბოლელი ვარ, მორჩა, წერტილი დავსვი. არ დაიჯეროთ, რაც არ უნდა მოისმინოთ ჩემს შესახებ. ერთი ამბობდა, რომ მე თითქოს წარმოშობით ქართველი ვყოფილვარ, მეორე იძახდა, რომ… ბოდიში ამ გამოთქმაზე, თურმე სომეხი არისო. მამაჩემიც, პაპაჩემიც და სხვა ნათესავებიც ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მე თურქი ვარ. რას ვიზამთ, არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს თავისებურად ხედავენ და რაც უნდათ, იმას წერენ“.

ბავშვობაში პატარა რეჯეპი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა ოჯახი საცხოვრებლად ისევ სტამბოლში დაბრუნდა, 14 წლისა რეჯეპი სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი გახდა, თანაკლასელები მას „იმამ ბეკენბაუერს“ ეძახდნენ (იმ დროს გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი ძალიან პოპულარული იყო). საინტერესოა, რომ რეჯები თანაგუნდელებს, ურწმუნოებსაც კი, ყოველი მატჩის წინ ეუბნებოდა, ილოცეთ გამარჯვებისთვისო. როგორც ამბობენ, შვილი მამას ფეხბურთით გატაცებას უმალავდა. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ 16 წლის ასაკში რეჯეპი 1000 ლირად უყიდია ერთ-ერთ სამოყვარულო ფეხბურთის კლუბს – „ჯამიალთისპორს“, რომლის შემდეგ იგი უკვე სტამბოლის „ფენერბახჩეს“ ყურადღების არეალში მოექცა. მაგრამ… მამიკომ შვილის ეშმაკობები გაიგო და მის საფეხბურთო კარიერას წერტილი დაესვა. თუმცა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შემდგომში, უკვე პოლიტიკური საქმიანობის დროს, არაერთხელ გამოუყენებია თავისი საფეხბურთო ტალანტი: მაგალითად, იმავე 2014 წქელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სტადიონზე ესტრადის ვარსკვლავების საჩვენებელი მატჩის დროს, მინდორზე გადავიდა და პირველივე ტაიმში სამი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რეჯეპ ერდოღანი ფეხბურთით ისევ დაინტერესდა – პრეზიდენტს მოახსენეს, რომ თურქეთის საუკეთესო თავდამსხმელმა ჰაკან შუქიურმა შენზე გადაბრუნებული სიტყვა თქვაო… ჰოდა, ახლა ფეხბურთელს ოთხი წლით საპყრობილე ელოდება…

1994 წელს რეჯეპ ერდორანი სტამბოლის მერად აირჩიეს. უკვე იმ პერიოდში მან თავისი ისლამისტობა ნათლად გამოავლინა: ქალის თეთრეულის რეკლამის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ არ მოსწონს ახალი წლის ევროპულად აღნიშვნა. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია კლასიკური ბალეტი და აცხადებდა, რომ ეს „უაზრო ხელოვნებაა“. გარდა ამისა, უნდოდა, რომ  წმინდა სოფიას ტაძარი, სადაც ახლა მუზეუმია, მოქმედ მეჩეთად გადაექცია.

1997 წლის დეკემბერში ისლამური პარტია „რეფაჰის“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას რეჯეპ ერდოღანმა თურქი ნაციონალისტი პოეტსის ზია გოკალპის ლექსი წაიკითხა: „მეჩეთი ჩვენი ყაზარმაა, // მინარეთი კი ხიშტი, // გუმბათი ჩვენი მუზარადია, // მორწმუნე – ჯარისკაცი“. იმ ხანებში იგი რელიგიებს შორის შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს და 4 თვით ციხეშიც ჩააჯინეს, ხოლო პარტია „რეფაჰი“ ანტიკონსტიტუციურად და საერო პრინციპების შემბღალავ ორგანიზაციად იქნა აღიარებული. 15 წლის შემდეგ, უკვე თურქეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, რეჯეპ ერდოღანმა კვლავ წაიკითხა იგივე ლექსი პალამენტში, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა გენერლები ქვეყნის საერო პრინციპების დაცვის გამო.

(სტატიაში განხილულია აგრეთვე რეჯეპ ერდოღანის ოჯახური ბიზნესის საკითხები, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია ნავთობის ბიზნესზე, რომელსაც რეჯეპის ვაჟი ბილალი ხელმძღვანელობს. არსებობს ეჭვი, რომ ერდოღანების ოჯახი ტერორისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ უკანონო ბიზნესს ეწევა…).

«Lragir» (სომხეთი), 27 ივლისი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/49987

თურქეთ-რუსეთის ალიანსი: პერპექტივა და პრობლემები

რა ბედი ეწევათ საქართველოს და სომხეთს?

სტატიაში გაანალიზებულია თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, განსაკუთრებით ყურადღება აქვს დათმობილი მოსკოვ-ანკარას შორის არსებულ წინააღმდეგობებს და ამ ფონზე ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ერდოღანის დაახლოების მიზეზებს. მოცემულია დასავლეთის პოზიციები და, ბუნებრივია, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფაქტორი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში (ავტორი – იგორ მურადიანი, პროფესორი).

„აშშ და ნატო თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ თითქმის მსგავს პოლიტიკას ახორციელებენ – ვაშინგტონს და ბრიუსელს მოსკოვისა და ანკარის გარიყვა და იზოლირება სურთ. ჰოდა, ეს ორი სახელმწიფოც ცდილობს დასავლეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. საერთოდ, რუსეთი და თურქეთი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ასევე ძალიან ჰგავნან ერთმანეთს. დასავლეთის მცდელობა, ცალ-ცალკე დაბლოკოს რუსეთი და თურქეთი, მცდარი და წარუმეტებელია. უმჯობესი იქნება მათი განხილვა „ერთობლივი ბედის მქონე ერთიან ბლოკად“, თუმცა, როგორც ითქვა, მათ შორის განსხვავება დიდია. ორივე სახელმწიფოს ერთმანეთთან ინტერესები აქვს, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობების განვიტარებას ხშირად ხელს პოლიტიკა უშლის. თუმცა ისიც აშკარაა, რომ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს ავსებენ. აშკარაა, რომ ორივე ქვეყანამ კონფრონტაციით საკუთარ თავს მიაყენა ზიანი და ნათელი იყო, რომ დაპირისპირებას მალე დათბობა შეცვლიდა. რუსეთმა რაღაც დათმო და უკან დაიხია, მაგრამ რა დათმო? დათმო თავისი ზრახვები შავ ზღვაზე და კავკასიაში “, – წერს ავტორი.

„რუსეთი დაბეჯითებით ითხოვდა ბოდიშის მოხდას. საბოლოო ჯამში ნათელი გახდა, რომ ანკარამ ბოდიში ამჯობინა იმ ეკონომიკურ ზარალს, რაც რუსეთთან წინააღმდეგობას მოჰყვა. რუსეთს დასავლეთი ჩაგრავს, თურქეთიც ევროკავშირის წნეხის ქვეშაა. ამ ფაქტორმა, ბუნებრივია, ხელი შეუწყო ორივე მხარის შერიგებას“, – აღნიშნავს ავტორი.

როგორი იქნება შავ ზღვაზე თურქეთის როლი რუსეთის მიმართ ნატოს ახალი პოლიტიკის ჩარჩოებში? უკრაინა ცდილობს მილიტარიზებული გახდეს, კიევი მოსკოვისადმი მტრულადაა განწყობილი. საქართველოს როლიც ასეთივე კუთხით უნდა განვიხილოთ. დასავლეთს რუსეთის ევრაზიაში ჩაკეტვა და ევროპის სივრცეში არშეშვება სურს. მაგრამ ახლა თურქეთის დამოკიდებულება შავი ზღვისადმი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ანკარას არც მოსკოვთან დაპირისპირებამდე არ ჰქონია შავ ზღვაზე რაიმე მნიშვნელოვანი ანტირუსული გეგმები. უეჭველია, რომ თუ ნატო თურქეთს შავ ზღვაზე გააქტიურებას მოსთხოვს, ანკარა ბრიუსელს (და მოსკოვსაც) თავის მოთხოვნებს წაუყენებს; თურქები თამაშში ჩაერთვებიან და საკუთარი ინტერესებს განახორციელებას შეეცდებიან. რასაკვირველია, თურქები ასევე მოისურვებენ სამხრეთ კავკასიაშიც ახლებურად დაიწყონ თამაში, უპირველესად ეს ეხება მთიანი ყარაბაღის პრობლემას.

სტტიაში ხაზგასმულია, რომ თურქეთ-რუსეთის დაახლოების ფონზე გაურკვეველი რჩება ორი მთავარი თემა:

რა ბედი ეწევა საქართველოს, „ნატოს განსაკუთრებული პარტნიორის“ სტატუსით? საქართველო, არსებითად, უკვე ნატოს „წევრი“ გახდა და ალიანსს ერთგულებას უცხადებს;

რა ბედი ეწევა ეწევა სომხეთს, რომელმაც ხელი მოაწერა რუსეთთან ჰაერსაწინააღმდეგო ერთობლივი დაცვის შეთანხმებას და ამით, არსებითად, ნატოს მოწინააღმდეგე გახდა (თუმცა კაცმა არ იცის, რატომ უნდა იომოს სომხეთმა ნატოსთან)“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 ივლისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/ochamchire-renamed-in-to-achamchira/3432519.html

ტოპონიმიკის ომი: ოჩამჩირე – „ო“ და „ა“ თავსართს შორის

ზაზა წულაძე


ოკუპირებულ აფხაზეთში, სეპარატისტების რადიკალური ფრთა არ კარგავს იმედს, რომ მაინც შეძლებენ, ოჩამჩირეს შეუცვალონ სახელი – და დე-ფაქტო „რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ქალაქის ახალი სახელად „აჩამჩირა“ ჩაიწეროს. ეს „საკანონმდებლო ინიციატივა“, აფხაზთა „პარლამენტში“, ივნისში, „ენობრივი პოლიტიკისა და დემოგრაფიის კომიტეტმა“ მოამზადა, რომელსაც ტყვარჩელის მკვიდრი, ენათმეცნიერი ვალერი კვარჩია ხელმძღვანელობს. მაშინ „კანონპროექტს“ პირველი მოსმენით აფხაზთა „სახალხო კრების“ „დეპუტატებმაც“ დაუჭირეს მხარი, თუმცა აფხაზური საზოგადოების, განსაკუთრებით კი ოჩამჩირის მაცხოვრებელთა მძაფრი რეაქციის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ, გადაწყვეტილების მიღება გაურკვეველი დროით გადაედოთ.

საზოგადოების კრიტიკას მხარი სეპარატისტების ლიდერმა რაულ ხაჯიმბამაც დაუჭირა. მისი თქმით, ბიუჯეტს არ აქვს თანხა, რომ ქალაქის სახელის გადარქმევით გამოწვეული ფინანსური ხარჯი გასწიოს. ამის მიუხედავად, ვალერი კვარჩიამ და მისი მომხრეებმა მოძრაობა „აიდგილარადან“, სოხუმში, ისევ წამოსწიეს ეს თემა და ხაზი გაუსვეს რომ „აფხაზური ენის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე“ აუცილებელია ქალაქი სწორედ – აჩამჩირად იწოდებოდეს.

კავკასიოლოგი ნანა მაჭავარიანი „ამერიკის ხმასთან“ განმარტავს, რეალურად რა მიზანი ამოძრავებთ სეპარატისტებს: „გეოგრაფიული სახელების შეცვლა ზოგადად, ყოველთვის დაკავშირებული იყო ტერიტორიის დაუფლება-დაპყრობასთან. ძველი ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ როცა ესა თუ ის ხალხი, რაღაცა ტერიტორიას იკავებდა, უკანონოდ თუ ნაწილობრივ კანონიერად, ის ცდილობდა, რომ იმ ადგილებისთვის თავისი სახელები დაერქვა. სწორედ ეს პროცესი გრძელდება ახლა, ანუ მათ უნდათ რომ დაიკანონონ მიტაცებული ტერიტორია და არქმევენ საკუთარ სახელებს“.

აფხაზებმა ტოპონიმიკის შეცვლის კამპანია მაშინვე დაიწყეს, რაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ავტონომიურ რესპუბლიკაზე კონტროლი დაკარგა. 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემის შემდეგ, ეს კამპანია, სწორედ ვალერი კვარჩიას ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან დაიწყო.

1993 წლის 27-30 სექტემბრის შემდეგ, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის და გალის რაიონების დაცემის შედეგად, ამ პოლიტიკამ, აფხაზეთის ცენტრალური და აღმოსავლეთის რაიონებიც მოიცვა.

კონფლიქტოლოგების აზრით, ნაწილობრივ, ეს იყო პასუხი, საბჭოთა საქართველოს მიერ, 1930-50-იან წლებში განხორციელებულ პოლიტიკაზე, რათა აფხაზეთში, მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში სახელი შეეცვალათ. თუმცა, 2013 წლიდან, ტოპონიმიკის ომი უკვე გალის რაიონს შეეხო, სადაც ქართულ-მეგრული ისტორიული სახელები მასობრივად შეიცვალა. ახლა, დღის წესრიგში უკვე ოჩამჩირეა.

კავკასიოლოგი ნანა მაჭავარიანი ამბობს, რომ ოჩამჩირის შემთხვევაში საქმე გარკვეულწილად წარმოთქმის პრობლემასთანაც გვაქვს: „ერთი და იგივე ტოპონიმი იმ ენაში სხვაგვარად რომ გამოითქმის და ამ ენაში სხვაგვარად, ეს სხვა პროცესია. მაგალითად, ძალიან ბევრი წელია, სოხუმს აფხაზები აყვას ეძახიან, ჩვენ კი სოხუმს ვეძახით. ოჩამჩირე აფხაზურად სხვაგვარად გამოითქმის, იქ განსხვავებული ფონოლოგიური სისტემაა“.

თანამედროვე ოჩამჩირის რაიონის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტების: გიენოსის, კიკნოსის, პიენისისა და ტიენისის შესახებ პირველ ცნობებს, ბერძენი ისტორიკოსები, ძველი წელთაღრიცხვის IV-I საუკუნეებში გვაწვდიან. არქეოლოგების აზრით, აქ ბერძნული ტერიტორიების გაჩენამდეც არსებობდა დიდი დასახლებები.

ბერძნული კოლონიების დაკნინების შემდეგ, ოჩამჩირის ახლანდელ ტერიტორიაზე, დიდი დასახლება მხოლოდ შუა საუკუნეებში ჩნდება და სხვადასხვა ცნობებით, ბზის უნიკალური კორომების გამო, თურქული ენის გავლენით – შიმშირი ანუ ბზა; აფხაზურად კი – ა-შამშირ ეწოდებოდება. 1926 წელს, კი როცა ქალაქმა სტატუსი შეიძინა, აფხაზურად აჩამჩირი, ქართულად კი ოჩამჩირე ეწოდა.

დღეს, აფხაზი ენათმეცნიერები ვარაუდობენ, რომ თითქოს აჩამჩირ-ა სხვა თურქული სიტყვიდან – აჯამ შირა-დან გამომდინარეობს, რაც თიხის დოქს ნიშნავს, თუმცა ქართველი ენათმეცნიერები ამ მოსაზრებას არ ეთანმხებიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული-მეგრული ტოპონიმიკის შეცვლა აფხაზურით (1992-2016): განთიადი – ცანდრიფში; ლესელიძე – გეჩრიფში; მიუსერა – მისრა; აგარაკი – ამჟიკუხუა; ჯირხვა – ჯირხუა; კალდახვარა – კალდახუარა; ოქტომბერი – არახუ; ციტრუსოვანი – ამჟასარა; გოგირდწყალი – წკუარა; ხოფი – ხუაპ; ახალსოფელი – ხიპსტა; ლიდა – ჩაბლარხა; ხეივანი – ამზარა; ლიძავა – ლძაა; კოლხიდა – ფსახარა; ბაღნარი – ხიშხა; ოდიში – აკაპა; თავისუფლება – იაშტხუა; კაკლიანი – არასახუ; წებელდა – ცაბალ; გორანა – აბიდზა; კელასური – აბგიძარა; შრომა – გუმა; ზეგანი – ხაბიუ; მთისკალთა – რაშხუა; ახალშენი – აპრა; ოჭუბურე – ხუაჟკიტ; სათავე – აცტიშ; ცუმური – ცვიმკირი; შუბარა – შვაარა; ქვალონი – შახო; ნახშირა – არიჩხუცა; ტბეთი – აჩეიძკუა; წყურგილი – ადძიხკუა; ბესლეთი – ბასლა; ლეჩკოფი – ლეჩკუაფ; კოდორი – კაციკიტ; ხუმუშქური – ნარზინი; აგარაკი -არაკიჩი; კინდღი – კინდიგ; მეორე ათარა – ათარა არმიანსკაია; ბესლახუბა – ბესლახუ; გუდავა – გუდაა; გუფი – გუპ; გვადა – გუადა; კოჩარა – კუაჩირ; კვიტაული – კუტოლ; მერკულა – მარკულა; მოქვი – მოქვა; ფოქვეში – ფაკუაშ; ტამიში – ტამშ; საჩაჩხალია – ჩაჩხალიაა; საჩინო – საჩინა; საბერიო – პაპინრხუა; ნაჯიხური – აბააჟვ; ფართონოხორი – აგუარადუ; ნაბაკევი – ბათაიგუარა; ეწერი – ლბაარხა; ჭუბურხინჯი – ხიაცხრა; თაგილონი – თაღლან; მზიური – მახუდჯრა; ცხირი – ცხირ; პირველი ოტობაია – ხაშტა; მეორე ოტობაია – ბგოურა; ფიჩორი – ბჩარა; განახლება – მარჩხაპონ; ზემო ბარღები – ვიადა ბაღრიაპ; საშამუგიო – შამგიაა; საბუთბაიო – ბუთბაკიტ; ქვემო ბარღები – ლადა ბაღრიაპ; ფიცარღალი – აბიცარკუარა; დიხაზურგა – აბააკიტ; ოკვინორე – ციგტვარა; ღუმურიში – გუმრიშ; რეჩხი – რეჩხუ; რეფი – რიაპ; საყოლბაიო – კალგი; პირველი გალი – გალხუჩ გალ; ზემო გალი – გალ აჩაიუა; შეშელეთი – შაშალატ; ლეკუმხარა – ალაკუმხარა; ზენი – ლბაა; სალხინო – ლაშტრა; აჩიგვარა – აჩგუაარა; ერისწყალი – ერცკარ; მუხური – მახურ; საბულესკირიო – აბლასკირ; ხუმუშკური – რიშხა; ხუმენი-ნათოფური – ახუშტაარა.

პროექტშია: ოჩამჩირე – აჩამჩირა.

Comments are closed