globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 27th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველო ნატოში სასწავლო რეჟიმით შედის // ალიანსის გენმდივანი თბილისში საწრთვნელ ცენტრს ხსნის

«Независимая газета» (რუსეთი): იენს სტოლტენბერგი საქართველოში სასწავლო ცენტრს გახსნის // თბილისი ნატოსაგან დაპირების შესრულებას ელოდება

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): შეეძლო თუ არა მოსკოვს არ ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ): ქართველმა ჟურნალისტებმა აშშ-ში ტრენინგები გაიარეს

——————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 27 აგვისტო, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2796766

საქართველო ნატოში სასწავლო რეჟიმით შედის

ალიანსის გენმდივანი თბილისში საწრთვნელ ცენტრს ხსნის

სტატიაში გადმოცემულია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში და ქართველ ექსპერტთა კომენტარები (ავტორები – გიორგი დვალი და ოლღა კუზნეცოვა).

„საქართველოში 26 აგვისტოს ორდღიანი ვიზიტით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია, რომელიც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის ხელმძღვანელებთან და მონაწილეობას მიიღებს ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნაში“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. სასწავლო ცენტრის თბილისში დაარსება ალიანსის უელსის სამიტზე გადაწყდა, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის („მაპ“-ის) მიცემაზე უარი განუცხადეს და სამაგიეროდ ფართო თანამშრომლობა შესთავაზეს. პრემიერ-მინისტრის ექს-მრჩეველმა გია ხუხაშვილმა საწრთვნელი ცენტრის გახსნას „ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა, რომელიც „საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისათვის გარანტიას აძლევს“.

თუმცა „კომერსანტის“ მიერ გამოკითხულ ქართველ ექსპერტთა თვალსაზრისი სხვადასხვანაირია: „სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ობიექტი მაინცდამაინც დიდმნიშვნელოვანი არაა“, – ამბობს „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ანალიტიკოსი ნიკა იმნაიშვილი, – ამით ნატო ცდილობს საქართველოს „დაუშაქროს“ არამარტო წინა წლების, არამედ სამომავლო უარიც „მაპ“-ის მიცემის თაობაზე“. თავის მხრივ, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი პირიქით, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას ბრიუსელიდან წამოსულ დადებით სიგნალად მიიჩნევს: „ეს ალიანსის პირველი მნიშვნელოვანი ობიექტია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“.

საქართველოს უშიშროების სამსახურის ექს-ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა ამას წინათ ნატოს სასწრთვნელი ცენტრის დაარსება „ქვეყნის დიდ მიღწევად“ შეაფასა და განაცხადა, რომ სამხედრო-სასწავლო ცენტრიდან სამხედრო ბაზის შექმნამდე უკვე ერთი ნაბიჯიღა რჩებაო“.

რუსეთის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს დირექტორის მოადგილემ დიმიტრი სუსლოვმა თბილისთან ახლოს შექმნილ ნატოს სასწავლო ცენტრის შექმნა აშშ-ის და ალიანსის მიერ გადადგმულ ისეთ ნაბიჯად მიიჩნია, რომელიც მიმართულია პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროატლანტიკური კურსის მქონე ქვეყნების დასაცავად, თუმცა ეს მხოლოდ იდეის დონეზე რჩება: „უკვე ამერიკელი „ქორების“ ცნობიერებაშიც კი განმტკიცდა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნატოში მიღების მცდელობებს პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა ექსპერტმა. მისის თქმით, ნატოს გაფართოების მთელი ფილოსოფია უკანასკნელ ათწლეულში ეყრდნობოდა „უსაფრთხოების პრეზუმფციას“ და იმას, რომ რუსეთი დასავლეთის ამგვარ ნაბიჯებზე რეაგირებას მხოლოდ პოლიტიკურ ჩარჩოებში მოახდენდა, მაგრამ რადგანაც 2008 წლის ომმა მთლიანად შეცვლა ნატოს გაფართოების პარადიგმა, შესაბამისად, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა“. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამ პირობებში დასავლეთი იძულებულია იმოქმედოს პრინციპით – „ჩვენ პარტნიორებს არ ვღალატობთ“. სწორედ ამის დადასტურებაა მსგავსი სასწავლო ცენტრებს გახსნა ნატოს პარტნიორ ქვეყნებში.

სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლეონიდ კალაშნიკოვის აზრით, „ნატოს პოზიციების გაძლიერება საქართველოში, დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, რუსეთისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს“. „საქართველოს გაწევრიანება ნატოში შეუძლებელია, რადგან ტერიტორიული პრობლემები თბილისსა და „რუსულ სამყაროს“ შორის ჯერ-ჯერობით მოუგვარებელია… საერთოდ კი, ფხიზლად უნდა ვიყოთ და საქართველოში ნატოს ყოველ მოქმედებას პასუხი უნდა გავცეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ყოფნის გაძლიერებით“, – განაცხადა დიმიტრი კალაშნიკოვმა.

«Независимая газета» (რუსეთი), 27 აგვისტო, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-08-27/6_gruzia.html

იენს სტოლტენბერგი საქართველოში სასწავლო ცენტრს გახსნის

თბილისი ნატოსაგან დაპირების შესრულებას ელოდება

„დღეს თბილისში ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი იწყება“, – იუწყება „ნეზავისიმაია გაზეტა“ სტატიაში (ავტორი – იური როქსი), რომელშიც ჩამოთვლილია ალიანსის ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. მასში აღნიშნულია, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნაში, მოლაპარაკებას გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განიხილავს ნატოს ვარშავის სამითთან დაკავშირებულ საკითხებს და ა.შ..

პუბლიკაციაში მოცემულია ერთი მხრივ, ქართველი სახელმწიფო მოღვაწეების – თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თინა ხიდაშელისა და თამარ ბერუჩაშვილის, ნატოში საქართველოს ელჩის ალექსანდრე მაისურაძის განცხადებები, მეორე მხრივ კი, ექსპერტ-პოლიტოლოგების კომენტარები. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია უაღრესად დადებითია და ნატოს გენმდივნის ვიზიტი მაღალ დონეზეა შეფასებული. ოპოზიციამ, „ნაციონალ“ სერგო რატიანის სახით, ხელისუფლებას სიფრთხილისაკენ და რუსეთზე ყურადღების გამახვილებისაკენ მოუწოდა, „რადგან საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გასნაზე რუსეთის რეაგირების პროგნოზირება გართულებულია“.

აშკარაა, რომ თბილისში ყოფნისას იენს სტოლტენბერგს გააცნობენ ინფორმაციებს რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე, რომელიც აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის მიზნით დაწყებულ სამუშაოებს ეხება.

ქართველი პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის აზრით, რკინიგზის რეაბილიტაციის საკითხის მიმართ ასაღელვებელი არაფერია, რადგან „რუსეთს ისედაც საკმარისი რესურსები და შესაძლებლობები აქვს საქართველოსთვის ზიანის მისაყენებლად“. „არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის დამატებით პრობლემას წარმოადგენს: რუსეთმა რომ მოისურვოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული სამხედრო ბაზების მეშვეობით საქართველოს ორად გაგლეჯს. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა რუსეთს ფინანსურად ძალიან ძვირი დაუჯდება. მოსკოვი აფხაზეთში ყოველთვის საქართველოს ხელისუფლების დაუკითხავად მოქმედებდა და ახლაც მისი ნაბიჯები რკინიგზის აღდგენისათვის უკანონობის გაგრძელებაა“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრით რუსეთმა საერთაშორის-სამართლებრივი ნორმები დაარღვია, შემდეგ კი ავტონომიებში სამხედრო ბაზები განალაგა… ასეთი ამბების შემდეგ ვინმეს კითხვა აღარ უნდა გაუჩნდეს, დაიცავს თუ არა რუსეთი რაიმე კანონებს“.

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 27 აგვისტო, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/27210716.html

შეეძლო თუ არა მოსკოვს არ ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?

რამდენად მიზანშეწონილი იყო შვიდი წლის წინ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარება? შეეძლო თუ არა მოსკოვს თავი აერიდებინა ამგვარი გადაწყვეტილებისათვის? კორესპონდენტ მურად გუკემუხოვის შეკითხვაზე რუსი ექსპერტების პასუხობენ:

მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრის ალექსეი მალაშენკოს აზრით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთს ჰქონდა შესაძლებლობა გვერდი აევლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის. უფრო მეტიც – პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევის ასეთი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო თვით რუსეთის სხვა ხელმძღვანელებისთვისაც. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, რადგანაც აღიარების წინა პერიოდში, როცა ამ ორი რეგიონის სტატუსი განიხილებოდა, რუსეთის ხელისუფლებაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე სწრაფად აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქნებოდნენ შერაცხულნი. „იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სოხუმისა და ცხინვალის სუვერენიტეტის აღიარება საჭირო არ არისო. რუსეთს ხომ ასეთი ნაბიჯით ფაქტიურად არაფერი სარგებელი არ მიუღია, პირიქით, ხელ-ფეხი შეიბორკა. მოსკოვსისათვის უკეთესი იქნებოდა, სტატუსი ისევ ძველებურად დარჩენილიყო, რადგან საქართველოზე ზეწოლის განხორციელების ბერკეტი ექნებოდა. როგორც კი ეს რესპუბლიკების აღიარება მოხდა, რუსეთს ხელიდან ზეწოლის ისტრუმენტები გამოეცალა, უფრო სწორედ კი, თვითონ, საკუთარი ნებით გადააგდო“.

პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი კი, პირიქით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის ჩარევა 2008 წლის კონფლიქტში გარდაუვალი იყო და ეს აუცილებლად მოხდებოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო რუსი პრეზიდენტი. ყველა პერიოდში რუსეთი თავისი რესურსებისა და შესაძლებლობების მიხედვით მოქმედებდა: „გავიხსენოთ 1990-იანი წლები: საქართველო-რუსეთის შეთანხმება დაგომისში სამხრეთ ოსეთის საკითხზე, მოსკოვის – აფხაზეთის საკითხზე… ამ თვალსაზრისისთ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკა ცარიელ ადგილზე არ წარმოქმნილა – ელცინიც და პუტინიც პოსტსაბჭოთა სივრცეს, კერძოდ კი სამხრეთ კავკასიას რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების სფეროდ მიიჩნევდნენ. თუ ადრე, 90-იან წლებში,  სუსტი რუსეთის  რეაქცია შედარებით ზომიერი და რბილი იყო, 2008 წელს მოძლიერებული რუსეთის რეაქცია ხისტი და მკვეთრი გახდა. ასეთი რეაქცია გარდაუვალი იყო, იმის მიუხედავად. ვინ იჯდებოდა კრემლში – [მედვედევი თუ პუტინი]. 2008 წლის 26 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულებები სწორედ კრემლის ხისტი რეაქციის შედეგი იყო.

რასაკვირველია, შეიძლებოდა ეს უფრო ფაქიზად გაკეთებულიყო, მაგალითად, ჯარების შეყვანის შემდეგ სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკება გამართულიყო და ისეთი ფორმატი მოფიქრებულიყო, რომელიც ბელოვეჟის შეთანხმების ჩარჩოებს არ დაარღვევდა. რატომ გადაწყვიტეს ასე მკვეთრად, ალბათ, მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, როცა არქივები გაიხსნება. მანამდე კი ყველა მსჯელობას პროვოკაციული ხასიათი ექნება…

აღიარება რომც არ მომხდარიყო, ამ პირობებშიც კი რუსეთის ჯარი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შევიდა, მაინც იქ დარჩებოდა. განა ამის შემდეგ რუსეთისა დამოკიდებულება სოხუმთაბ და ცხინვალთან ძველებურად იქნებოდა და არ შეიცვლებოდა? რა თქმა უნდა, შეიცვლებოდა. თუ 2008 წლამდე რუსეთი მშვიდობისმყოფლის როლს ასრულებდა, აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა მკაფიოდ აღიარა კონფლიქტის ერთი მხარე სამართლიანად (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი), ხოლო მეორე მხარე – დამნაშავედ (საქართველო). პრინციპში, რუსეთის სტატუსი არც შეცვლილა. ამიტომაც სცდებიან ის პოლიტოლოგები, რომლებიც ამბობენ, რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ არ ეღიარებინა, თავიდან აიცილებდა საერთაშორისო ზეწოლასო – ოკუპანტობის ბრალდებებს და მისგან გამომდინარე პრობლემებს.

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 27 აგვისტო, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/georgia-media-training/2931340.html

ქართველმა ჟურნალისტებმა აშშ-ში ტრენინგები გაიარეს

თეა თუაშვილი

ტელეარხების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები და პროდიუსერები მედიის განათლების ორკვირიან პროგრამაში მონაწილეობდნენ. პროგრამა ჩიკაგოს ლოიოლის უნივერსიტეტში თეორიულ სწავლებას და წამყვან ამერიკულ ტელეკომპანიებში ინტერვიუებზე მუშაობის გამოცდილების გაზიარებას მოიცავდა. ქართველი ჟურნალისტების ამერიკული სწავლება საქართველოში ამერიკის საელჩომ დააფინანსა. გაზაფხულზე ამ პროგრამით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ტაბულისა“ და „კავკასიის“ წარმომადგენლები. აგვისტოს პროგრამა „რუსთავი 2-ის“, „იმედის“, „არტარეასა“ და „მაესტროს“ ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს დაეთმოთ. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ქართული პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანები და პროდიუსერები, რომელთაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ამერიკული მედიის მუშაობას ორი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული მაუწყებლობის სფეროში ყოველ საათში რაიმე სიახლე ხდება. ქართველი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ორკვირიანი კურსი საინტერესო, ინფორმატიული და საჭირო იყო.

ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკური თოქ-შოუ „რეაქციის“ წამყვანის ინგა გრიგოლიას ტქმით, მან ამერიკაში მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა: „მიმუშავია პოსტ-საბჭოთა პროდიუსერებთან, თუნდაც რუსული ტელეკომპანიების ძალიან ცნობილ პროდუსერებთან. ამ ვიზიტის ბოლოს უცებ აღმოვაჩინე, რომ რუსები, რომლებზეც ამბობენ, რომ ძალიან განვითარებული ტელევიზიები აქვთ, ასეთი ტიპის ტრეინინგებზე გასწავლიან, როგორ მოიტყუო და შეფუთო პოლიტიკური ამბები ისე, რომ არ შეგატყონ, შენ რომ რაღაცას ფუთავ. ამერიკული გამოცდილება კი რადიკალურად საპირისპირო აღმოჩნდა: შეფუთვა კი არა, რეალობის რეალურად გადმოცემა და ძალიან დიდი დოზით სიმართლისკენ ბიძგი“.

ქართული ჟურნალისტებისთვის საინტერესო იყო, უხდებათ თუ არა ამერიკელ ჟურნალისტებს ჩინოვნიკებთან კომპრომისზე წასვლა, იმისთვის, რომ ისინი მათ გადაცემაში სტუმრად მივიდნენ. ინგა გრიგოლიას თქმით, „იმისთვის რომ სტუმარი გადაცემაში კონკრეტულ თემაზე სასაუბროდ მოვიდეს, შეიძლება ვუთხრა: მოდი და რაღაცას არ გკითხავ-თქო. გაკვეთილი ნომერი პირველი, რაც აქედან მიმაქვს – არასოდეს დატოვო არანაირი კითხვა დაუსმელი. როგორ ძალიანაც არ უნდა გინდოდეს ექსკლუზივი, არასოდეს არანაირი კომპრომისი“.

ქართული პოლიტიკური თოქ-შოუს ისტორია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წელში, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი საქართველოს ტელევიზიის პარალელურად, ალტერნატიული ტელე-არხების გახსნით დაიწყო. არხებს შორის მძაფრ კონკურენციას თოქ-შოუებში დასმული უმწვავესი კითხვები და ოპოზიციონერი და რეფორმატორი პოლიტიკოსების წარმოჩენა განაპირობებდა. ნოდარ მელაძეს, რომელიც ახლა „რუსთავი-2-ში“ მუშაობს, სხვადასხვა დროს „კავკასიაში“, პირველ არხზე, „ტვ 3-ში“, „იმედსა“ და “მზეში” უმუშავია. ასეთივე მდიდარი გამოცდილება აქვთ ქართული ტელევიზიების სხვა წამყვან ჟურნალისტებსა და პროდიუსერებსაც. საპასუხისმგებლო საქმეს, როგორ სატელევიზიო სლენგით ამბობენ, “ქუჩიდან მოყვანილი ადამიანი“ ვერ გაუძღვება, მაგრამ ნოდარ მელაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში სატელევიზიო პოლიტიკურ შოუებს ახალი სულის შთაბერვა სჭირდება: „საუბარია ინტერვიუს ტექნიკისა და თოქ-შოუს მომზადების ამერიკული გამოცდილების გაზიარებაზე, რაც ქართველი ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქართული შოუები საჭიროებენ ახალი სულის შთაბერვას. მნიშვნელოვანი იყო გამოცდილება, რომელიც ამერიკაში მივიღეთ. ჩიკაგოში შევხვდით გამოცდილ პროდიუსერებს, რომლებიც ახლა საგანმანათლებო სფეროში მოღვაწეობენ. მათ შორის იყვნენ „ოპრა უინფრის“ ყოფილი პროდიუსერი, „სი-ენ-ენ“-ის ყოფილი პროდიუსერი. ჯერ ჩვენ ვაწვდიდით ინფორმაციას, თუ როგორ ვამზადებდით გადაცემებს და შემდეგ უკვე ისინი გვაძლევდნენ რეკომენდაციებს და გვიზიარებდნენ გამოცდილებას“.

ქართულ ტელე-სივრცეში შედარებით ახალი ტელეარხი “არტარეას” გადაცემა “პოლიტარტის” გამოცდილი წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ამერიკული გამოცდილების გაზიარებას თავის გადაცემაში აპირებს. საუბარია სოციალური ქსელების უფრო მეტ ინტეგრაციაზე პოლიტიკურ შოუში, რაც დღევანდელი ამერიკული ტელემედიის მთავარი სეგმენტია. როგორც ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს, „მე პირადად დამაინტერესა თანამედროვე ამერიკული ტელევიზიების მთავარმა გამოწვევამ, სოციალურმა ქსელებმა. ჩვენ ქვეყანაში ეს მიმართულება ასე განვითარებული არ არის. ჩვენთან ტვიტერის, ინსტაგრამისა და სხვა სოციალური ქსელების შესაძლებლობები ნაკლებად არის ათვისებული. მათ კი შეუძლიათ ერთი-ორად გაზარდონ მაყურებელი. ჩვენ შევხვდით სოციალური ქსელების მენეჯერებს, წარმატებული პროექტების ავტორებს. ძალიან ხშირად სოციალური ქსელი პირდაპირ ნიუსრუმის დაქვებდებარებაში შედის და არ რჩება მხოლოდ ვებ-გვერდზე. მოკლედ რომ ვთქვა, ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს ჩვენი კოლეგა-სამყარო განვითარებულ ქევყანაში.“

ზაფხული ქართული სატელევიზიო პოლიტიკური თოქ-შოუების დასვენების დროა. პოლიტიკური ტემპერატურა სექტემბრის მეორე ნახევრიდან აიწევს. წინ 2016 წლის არჩევნებია.

Comments are closed