globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 27th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Carnegie Europe» (აშშ//ბელგია): საქართველოში არჩევნები „ერის მხსნელ-გადამრჩენელთა“ გარეშე ტარდება

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ქართული საარჩევნო კამპანიის დროს თურქეთი სულ უფრო ხშირად ჩანს

———————-

«Carnegie Europe» (აშშ//ბელგია), 26 სექტემბერი, 2016 წელი

http://carnegieeurope.eu/strategiceurope/?fa=64687

საქართველოში არჩევნები „ერის მხსნელ-გადამრჩენელთა“ გარეშე ტარდება

თომას დე ვაალი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. ვითარება საკმაოდ ნორმალურია, რაც ერთობ საკვირველია პოსტსაბჭოური რეგიონის სტანდარტების კვალობაზე.

რვა ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების ფავორიტი, როგორც ჩანს, ქვეყნის მმართველი „ქართული ოცნებაა“, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ წარმატება გარანტირებულია. შესაძლოა, სახელისუფლო პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში ძველებურად დიდი უმრავლესობა ვეღარ მოიპოვოს. მოსალოდნელია, რომ არჩევნები თავისუფალი და გამჭვირვალე იქნება.

საქართველო ამ მხრივ ძალიან განსხვავდება რუსეთისაგან, სადაც 18 სექტემბერს მმართველმა პრეზიდენტის პარტიამ „ედიანაია როსიამ“ („ერთიანმა რუსეთმა“) სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში გამანადგურებლად გაიმარჯვა და  აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა. საქართველო განსხვავდება აზერბაიჯანისაგანაც, სადაც რეფერენდუმი ჩატარდა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოების თაობაზე [რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 90%-მა დაუჭირა]. ამ კონტრასტს, როცა საქართველოში, მეზობლებთან შედარებით, არჩევნები დემოკრატიულად ტარდება, დასავლეთი არამხოლოდ უნდა მიესალმოს, არამედ უნდა იზეიმოს და ქვეყანას მეტი მხარდაჭერა გაუწიოს.

რვა ოქტომბრის არჩევნები შეიძლება ისტორიულ მოვლენადაც მივიჩნიოთ, რადგან კენჭისყრაში არცერთი ქარიზმატული ლიდერი – არც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არც ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, კანდიდატების სახით, არ მონაწილეობენ. ანუ პირველად საქართველოს ისტორიაში, 1990 წლიდან, „ერის მხსნელ-გადამრჩენლად“ არავინ გამოდის, არჩევანი ჩვეულებრივ პოლიტიკოსებს შორის უნდა გაკეთდეს.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ნომრადაა მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ტემპერატურა დასწია და კარგი მენეჯერის სახელი მოიპოვა. როგორც ჩანს, იგი „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ თავის თანამდებობას შეინარჩუნებს და, ალბათ, შეეცდება ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდანაც გამოვიდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად კი პრაგმატულად განწყობილი დავით ბაქრაძეს ვხედავთ. იგი ტრასფორმირებას ცდილობს, რათა ამომრჩეველს ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის დროინდელი ნეგატიური ასოციაციები არ აღუძრას. „ნაციონალების“ პარტიული საარჩევნო სიის მეორე ნომერია მიხეილ სააკაშვილის ცოლი – ჰოლანდიელი სანდრა რულოვსი, რომელიც თავისი შედარებით ზომიერი ხასიათით ქმრისაგან კონსტრასტულად განსხვავდება.

როგორც მოსალოდნელია, მომავალ პარლამენტში დომინირებადი ეს ორი პარტია იქნება. ორივეში საკმაოდ ბევრი პროფესიონალი პოლიტიკოსია, მათ შორის ბევრი ქალიც.

მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართულ საზოგადოებაში აპათიის დონე საკმაოდ მაღალია. ყველაზე საოცარი კი, რაც ზაფხულში ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის დროს გაირკვა, ისაა, რომ ქართველების დაახლოებით 67% არჩევნებში კი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ მათგან 57%-მა ჯერაც არ იცის, თუ ვის მისცემს თავის ხმას, ვის აირჩევს.

სოციოლოგიური გამოკითხვა კავკასიის კვლევის რესურსცენტრმა ჩაატარა. როგორც მისი თანადირექტორი კობა თურმანიძე ამბობს, ამომრჩეველთა პოზიციის გაურკვევლობა მართლაც შემაშფოთებელია, მაგრამ ეს ფაქტი შეიძლება ისე ვიგულისხმოთ, რომ ელექტორატი უფრო გამოცდილი გახდა და მეტი სერიოზულობით უყურებს კანდიდატ პოლიტიკოსებს, რომლებიც, წლების განმავლობაში, ამომრჩევლებს საამურ ცხოვრებასა და „მზისქვეშ საუკეთესო ადგილებს“ პირდებოდნენ. მაგალითად, იგივე მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის არჩევნების დროს ქართველებს სამხრეთ ოსეთის რამდენიმე თვეში დაბრუნებას აღუთქვამდა, ბიძინა ივანიშვილი კი, მისი არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას სახელმწიფო პენსიის მნიშვნელოვან მატებას პირდებოდა. „ხალხს დაპირებების შესრულების უფრო მეტი მოლოდინი აქვს და როცა მათი უზრუნველყოფა არ ხდება, მატულობს იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც ჯერ ვერ გარკვეულან, თუ ვის მისცენ თავიანთი ხმა“, – ამბობს კობა თურმანიძე.

ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ ბევრია სკანდალები, ურთიერთბრალდებები და პოპულისტური „თავშეწირვები“. მათი მიზანი ისაა, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიმხრონ „გაურკვეველთა“ დიდი არმიიდან. არაა გამორიცხული, რომ მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი „პრორუსულ“ ორგანიზაციას – „პატრიოტთა ალიანსს“ დაუჭიროს და მისი კანდიდატები პარლამენტში აღმოჩნდნენ, თუმცა ასეთი სცენარიც კი ვერ მოახდენს გავლენას იმაზე, რომ ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსი რუსეთისაკენ გადაიხაროს.  რუსული ბრენდი იმდენად მიუღებელია („ტოქსიკურია“!) ქართველებისთვის, რომ თვით „პატრიოტთა ალიანსის“ საიტი მხოლოდ ქართულ და ინგლისურენოვანია.

კიდევ ერთი პარტია, რომელსაც ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა შეუძლია, პაატა ბუჭულაძის პარტიაა – „სახელმწიფო ხალხისთვის“. პაატა ბურჭულაძე ცნობილი საოპერო მომღერალია, მის პარტიას [ბოლო დროს] საკმაოდ უხვი დაფინასება აქვს ზოგიერთი ქართველი ბიზნესმენის მხრიდან. თვით მომღერლის პოლიტიკური პოზიცია საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა მის მოკავშირეებზე ასე ვერ ვიტყვით – ისინი „ნაციონალ“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი და უკმაყოფილო თანამზრახველები არიან. მათი ძირითადი დადებითი ნიშანი მხოლოდ ისაა, რომ პროდასავლელები არიან. თუმცა სწორედ ამ ნიშნით მათ მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლიათ სხვა პროდასავლელების – ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მიმართ. „რესპუბლიკელები“ პროფესიონალები კი არიან, მაგრამ ხალხში მაინდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ.

ყოველივე ეს იმაზე მოწმობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკმაოდ გაურკვეველი იქნება, თუმცა ეს დემოკრატიას ხელს არ უშლის. რასაკვირველია, ეს იქნება ერთგვარი ტესტი პრეზიდენტისთვის, სახელმწიფო მოსამსახურეებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, რათა „გემს კვლავ სწორი მიმართულება ჰქონდეს“, თუმცა, იმედია, რომ ამ პრობლემას ქართველები თავს გაართმევენ. არჩევნების შედეგი ასევე ტესტი იქნება საქართველოს დასავლელი მხარდამჭერი ქვეყნებისთვისთვისაც, რომლებიც თბილისს ხშირად ბევრს პირდებიან, მიცემით კი ცოტას აძლევენ. აი, ვთქვათ, ევროკავშირის მოქმედება: ბრიუსელი ჯერ კიდევ შარშან დარწმუნდა იმაში, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს უვიზო რეჟიმის დაწესების კრიტერიუმებს, მაგრამ „ურემი ჯერ კიდევ ადგილიდან არ დაძრულა“ – საეჭვოა, რომ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზების საკითხს 8 ოქტომბრის არჩევნებამდე გადაწყვეტს. დამკვირვებლებს ახლა იმის იმედიღა დარჩენიათ, რომ ევროკავშირი საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას მხოლოდ მაშინ მიაქცევს და უფრო კეთილი თვალით შეხედავს, როცა ქვეყნის ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 27 სექტემბერი, 2016 წელი

http://kommersant.ru/doc/3100139

ქართული საარჩევნო კამპანიის დროს თურქეთი სულ უფრო ხშირად ჩანს

გიორგი დვალი, კირილ კრივოშეევი

ქართულ-თურქული ურთიერთობები მოულოდნელად გადაიქცა ერთ-ერთ წამყვან თემად საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში. ცესკომ დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მოქმედების შესწავლა, რომლის მიზანია გაარკვიოს, თუ რამდენად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს ტელეარხის გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო „ანტითურქული“ შინაარსის მქონე ვიდეორგოლის ეთერიდან მოხსნის თაობაზე. ვიდეორგოლში თითქოსდა ის აზრია გატარებული, რომ თურქეთს აჭარის ავტონომიის მიტაცება სურს – რეგიონისა, რომლის მოსახლეობის უმეტესობას ქართველი მუსულმანები შეადგენენ.

როგორც ტელეარხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, „უფასო წინასაარჩევნო რეკლამის ჩარჩოებში გაშვებული ვიდეორგოლი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ არის მომზადებული, აშკარა ანტითურქული ხასიათისაა, ეროვნული შუღლის გამღვივებელია და ქსენოფობიის პროპაგანდას ეწევა“. გვარამიამ ბოდიში მოუხადა თურქეთს, საქართველოში მყოფ თურქებს და საერთოდ, მაყურებლებს. ტელეარხის ხელმზღვანელობამ თვითონვე მიმართა ცესკოს თხოვნით, რომ შემოწმდეს ვიდეორგოლის შინაარსი „ქსენოფობიის პროპაგანდისა და ეთნიკური სიძულვილის გაღვივების“ თვალსაზრისით.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის ორგანიზაციის წარმოამდგენელმა გელა მაჭავარიანმა განაცხადა „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში, ვიდეორგოლში არაფერი ქსენოფობიური და ანტითურქული არაა – „ჩვენ, უბრალოდ, ქართველ ხალხს სიმართლე ვუთხარით მიხეილ სააკაშვილის მიერ აჭარის რეგიონის მიმართ გატარებული დანაშაულებრივი პოლიტიკის შესახებ. იგი მზადაა, რომ ხელისუფლებაში თავის დაბრუნებას მსხვერპლად საქართველოს მოსახლეობის ინტერესები  შესწიროს“.

გარდა ამისა, პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთი მართლაც ემუქრება საქართველოს, მაგრამ არა სამხედრო შემოჭრით, არამედ ეკონომიკურად: მისი თქმით, იყო შემთხვევა, როცა მას თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ერდოღანმა  სთხოვა – ან საქართველოში თურქეთის მოქალაქეები არ შეუშვა აზარტული თამაშების მიზნითო (ისლამი ასეთ მოქმედებას ცოდვად მიიჩნევს), ანდა აჭარაში კაზინოები უნდა დახუროო. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხაზინისათვის კაზინოები ზეშემოსავლების მიღების წყაროდ ითვლება, თბილისი რთული არჩევანის წინაშე დადგა. ამ საკითხს განსაკუთრებული პაკანტურობა იმანაც შესძინა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკაში, რომელსაც მხოლოდ ანკარა აღიარებს და სადაც ძირითადად თურქები ცხოვრობენ, კაზინოების მუშაობა ნებადართულია და იქ ძირითადად მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები ერთობიან. „მე კი ავკრძალავდი, მაგრამ ამ ბიზნესს აჭარაში და, საერთოდ, საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული პოზიციები აქვს… რა ვქნათ, როგორც ჩანს, ხალხს მოსწონს, ტურიზმს ხელს უწყობს. აქედან გამომდინარე, კაზინოებზე უარს ვერ ვიტყვით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ერთ-ერთმა წყარომ ექს-პრემიერ-მინისტრის გარემოცვიდან „კომერსანტს“ დაუდასტურა: „თურქეთის პრეზიდენტმა თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ დააყენა ეს საკითხი და მიანიშნა, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეები კაზინოში სათამაშოდ საქართველოში დადიან, რაც თურქულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგება“.

„საქართველომ ძალიან ისარგებლა იმით, რომ მეზობელ სახელმწიფოებში – თურქეთსა და აზერბაიჯანში კაზინოების მოქმედება აკრძალულია“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი, – კაზინოებში, სადაც მრავალი ქვეყნის მოქალაქე თამაშობს, მხოლოდ თურქებისათვის შესვლის აკრძალვა სეგრეგაცია და ევროპული ნორმების აღმაშფოთებელი დარღვევა იქნებოდა… ამიტომაც, რეჯეპ ერდორანის თხოვნა რომ შესრულდეს, ამისათვის ყველა კაზინოს მთლიანად დახურვა მოგვიწევს“.

თურქეთის ლიდერის წინადადება გააკრიტიკა აგრეთვე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კონკურენტმა „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმაც: „რადგანაც აზარტული თამაშების ბიზნესი ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია, სხვის პრიორიტეტებს საკუთარი ინტერესები არ უნდა შევწიროთ“, – თქვა დეპუტატმა „კომერსანტის“ ჟურნალისტთან საუბარში.

სხვათა შორის, რუსეთს, სადაც კაზინოების მიმართ ტერიტორიული ხასიათის მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული, არცერთხელ არ მოუთხოვია საქართველოსთვის კაზინოების დახურვა სასაზღვრო სტეფანწმიდის (ყაზბეგის) რაიონში: აქ არსებული კაზინოები რუსეთის მოქალაქეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებისათვის ძნელი იქნება აზარტული თამაშების დაწესებულებების აკრძალვა იმდენად, რამდენადაც ინვესტიციების დიდი ნაწილი ტურიზმის დარგშია დაბანდებული და ძალიან ბევრი სასტუმრო სწორედ კაზინოებით შენდება და სულდგმულობს, ხოლო მეორე მხრივ, თურქეთი საქართველოსთვის  ძირითად სავაჭრო პარტნიორსა და დასავლეთით მიმართულ მთავარ ჭიშკარს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, ანკარასთან ურთიერთობის გაუარესება საქართველოს მდგომარეობას დააზარალებს. ექსპერტების აზრით, რეჯეპ ერდოღანი მომავალში, კიდევ უფრო გააძლიერებს თავის ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე კაზიონების დახურვის მოთხოვნით: „გადატრიალების მცდელობის კრახის ფონზე, თურქეთში კონსერვატიული ტრენდი კიდევ უფრო გაძლიერდა“, – ამბობს სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ანალიტიკოსი დავით ავალიშვილი, – ამიტომაც პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი სულ უფრო მეტად და მეტად შეეცდება ამ მოთხოვნის დაყენებას ქართველი პოლიტიკოსების წინაშე. მას აქვს ძლიერი ეკონომიკური ბერკეტები მათზე [საქართველოს ხელისუფლებაზე] ზეწოლისათვის“, – დარწმუნებულია ექსპერტი.

თუმცა, როგორც თურქი პოლიტოლოგი, ანკარის ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი ქერიმ ხასი ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში, რეჯეპ ერდოღანის მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი შეიძლება პირადული ხასიათის თხოვნა ყოფილიყო და არა ანკარის ოფიციალური პოზიცია: „როცა ჩვენი პრეზიდენტი მოსახლეობას ხვდება, იგი ხშირად ამბობს, რომ თამბაქოს მოწევის წინააღმდეგია და რომ თითოეულმა ქალმა არანკლებ სამი ბავშვი უნდა გააჩინოსო. მაგრამ ეს პრეზიდენტის პირადი თვალსაზრისია და არა თურქეთის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია, – თვლის ექსპერტი, – კაზინოსთან დაკავშირებული თხოვნა თურქეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თბილისი მას არ შეასრულებს“. ქემალ ხანმა აღნიშნა, რომ თურქეთის მოქალაქეები აზარტული თამაშებისათვის ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკაშიც დადიან, რომლის დამოუკიდებლობას მხოლოდ თურქეთი აღიარებს: „იქაური კაზინოები თურქი ბიზნესმენების ინვესტიციებით ვითარდებიან, ეს მომგებიანი სფეროა. ჩრდილოეთ კვიპროსის კაზინოებში ძირითადად მხოლოდ თურქები დადიან, მაგრამ ერდოღანი მათ არ ებრძვის“.

Comments are closed