globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 27th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაზე ოცნება აუხდა // 2023 წლიდან ქვეყანაში პრეზიდენტის საყოველთაო-სახალხო არჩევნები უქმდება

«Каспiй» (აზერბაიჯანი): პრეტენზიები კი აქვთ, მაგრამ… // საქართველოს კულტურის მინისტრმა სომხეთი საკადრის ადგილზე მოსვა

«Новое время» (აზერბაიჯანი): ნატო სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზებას იწვევს // საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ხშირი სამხედრო წრთვნები მიანიშნებს, რომ ჩვენს მეზობელს ალიანსში მალე მიიწვევენ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): როგორ გაუმკლავდეს საქართველო რუსეთის ჰიბრიდულ ომს?

—————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 27 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3422165

ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაზე ოცნება აუხდა

2023 წლიდან ქვეყანაში პრეზიდენტის საყოველთაო-სახალხო არჩევნები უქმდება

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის ახალი ძირითადი კანონის – კონსტიტუციის მიღება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, კომენტარები და  პროგნოზები (ავტორი – გიორგი დვალი).

„საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვით, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა სხდომათა დარბაზი, პროტესტის ნიშნად, ხმის მიცემამდე დატოვეს და პარლამენტის შენობასთან „ქართული დემოკრატიის კუბო“ დადგეს. ისინი ქვეყნის ახალ ძირითად კანონს „დიქტატორულს“, „კლანურს“ და „ქსენოფობურს“ უწოდებენ, რადგან ამ კონსტიტუციით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და იკრძალება გეი-ქორწინებები. დოკუმენტით უკმაყოფილოა თვითონ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რადგან დეპუტატების მიერ მიღებული კონსტიტუციის ძალაში შესვლას ხელს ვერც მისი ვეტო ვერ შეუშლის“, – ნათქვამია სტატიაში.

პარლამენტის სხდომა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. პუბლიკაციაში ციტირებულია ოპოზიციონერი დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის რომან გოცირიძე, რომელიც მმართველ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ასე მიმართავს: „ამ კონსტიტუციას თავი და ტანი რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის აქვს, ფეხები კი თქვენ ხართ“. „ნაციონალების“ ფრაქციის წევრებმა დარბაზი დატოვეს, მათ გაჰყვნენ ყოფილი „ნაციონალები“ – ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. როგორც „კომერსანტის“ კორესპონდენტს ფრაქციის წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა, „ახალი კონსტიტუცია სეიცავს აბსოლუტურად ანტიდემოკრატიულ, ანტისაბაზრო და ქსენოფობიურ დებულებებს, მათ შორის – უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას, რელიგიური უმცირესობებისათვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და  ქორწინების დაკანონებას, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირის“ სახით. მართალია, ოპოზიციური „პატრიოტთა ალიანსი“ დარბაზში დარჩა, მაგრამ მისმა წარმომადგენელმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია ქვეყანაში სახიფათო დიქტატურის დამყარებას მოასწავებს.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ახალ კონსტიტუციას ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა 150-დან, წინააღმდეგი მხოლოდ ორი იყო. გარეთ გასულებმა პარლამენტის შენობასთან წინასწარ მომზადებული კუბო დადგეს…

სხვათა შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის ახალ ძირითად კანონს „პირველი ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია“ უწოდა. იმ განსხვავებებზე, რითაც ახალი კონსტიტუცია ძველისაგან გამოირჩევა, „კომერსანტს“ ავთანდილ დემეტრაშვილი ესაუბრა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა. „მთავარი ამ დოკუმენტში ისაა, რომ მისი წყალობით ქვეყანა საპრლამენტო მმართველობაზე გადადის“, – განაცხადა მან, თუმცა იქვე შენიშნა, რომ „ძველი კონსტიტუცია ქვეყნის უფრო დაბალანსებულ მართვას უზრუნველყოფდა. ადრე პრეზიდენტი საყოველთაო-სახალხო წესით ირჩეოდა, 2023 წლიდან კი მას მხოლოდ ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს“. ავთანდილ დემეტრაშვილმა ეჭვი გამოხატა, რომ ამ გზით არჩეული პრეზიდენტი პრინციპული იქნება და მმართველ პარტიას წინააღმდეგობას არ გაუწევს ხელისუფლების კონცენტრირების არდაშვების მიზნით.

ბუნებრივია, საქართველოს ახალი კონსტიტუციით უკმაყოფილოა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც: ისედაც უფლებაშეზღუდულ პრეზიდენტს ახლა არჩევნების წესს უუქმებენ… როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „კომერსანტის“ კორესპონდენტს აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციას ვეტოს დაადებს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ვეტო „ქართული ოცნების“ ზრახვებს ვერაფერს დააკლებს – პრეზიდენტის წინააღმდეგობა მათ ადრეც არაერთხელ გადაულახავთ წარმატებით. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ბრძოლას შეწყვეტს: „ჩვენ ხალხს მივმართავთ და საპროტესტო მიტინგებს დავიწყებთ“, – ამბობს ნუგზარ წიკლაური, „ნაციონალების“ პოლისაბჭოს წევრი „კომერსანტთან“ საუბარში, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ უკვე დაანონსა მასშტაბური აქცია პირველი ოქტომბრისათვის, „მმართველი პარტიის მიერ ხელისუფლების უზურპაციის წინააღმდეგ“.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 27 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

პრეტენზიები კი აქვთ, მაგრამ…

საქართველოს კულტურის მინისტრმა სომხეთი საკადრის ადგილზე მოსვა

„უკვე მერამდენე წელია, რომ სომხეთი დაჟინებით ცდილობს ურთიერთობა გაიფუჭოს იმ ერთადერთ მეზობელთან, რომლის მეშვეობითაც ერევანი ჯერ კიდევ უკავშირდება სახმელეთო გზით თავის მფარველ მოსკოვს. საკითხი ეხება სომხური ეკლესიის პრეტენზიებს საქართველოში მდებარე ძველი ტაძრების მიმართ“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – რაუფ ორუჯევი), რომელიც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს ეხება..

„მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სომხეთის ტერიტორია ყოფილი ქართული და აზერბაიჯანული მიწებისაგან შედგება,  რატომღაც სომხებს მიაჩნიათ, რომ მათ მეზობლების მიმართ პრეტენზიების წაყენების უფლება აქვთ. რას ვიზამთ, ასეთია ამ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ხასიათი. ამას წინათ ჩვენმა მოუსვენარმა მეზობელმა არასასიამოვნო თემის საბაბი იპოვა – ერევანში ვიზიტით ჩავიდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. წესით, სომხებს მეზობლისთვის პატივი უნდა ეცათ და მეგობრულად უნდა დახვედროდნენ, მაგრამ ვიღაცეები „ეშმაკმა არ მოასვენა“: სომეხმა ჟურნალისტებმა ყურადღება „სადაო ეკლესიების“ საკითხზე გაამახვილეს. ქართველი მინისტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „მიმწოლ” ჟურნალისტებს საკადრისი პასუხი გასცა: „ჯერ ერთი, რომ „სადაო ეკლესიების“ საკითხი კულტურის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის, მეორე – ეკლესიების საკითხი კულტურის მინისტრების დონეზე არასოდეს განხილულა, მესამე – ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ყველა ძეგლი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს… საერთოდ, საკითხისადმი ემოციური მიდგომა დაუშვებელია. თავიანთი სიტყვა ექსპერტებმა უნდა თქვან“.

მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინათ სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ  და მისმა ქართულმა ეპარქიამ დაიწყო პრეტენზიები სომხური ტაძრების დაბრუნების მიზნით (ერთი – ახალციხეში, ხუთი – თბილისში). ამის საპასუხოდ ქართულმა მხარემ მოითხოვა იმ ეკლესიების გადაცემა, რომლებიც ქალკედონურია და სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობენ (ჰუჯაბის, კობაირის, ენევანქის, კირანცის, ახტალისა და სხვა ეკლესიები). სხვათა შორის, მათზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ქართული წარწერები. გასაკვირი არაა, რომ სომხებმა იმავწუთს დაიწყეს მტკიცება – „დიდი ამბავი, თუ მათ ქალკედონური წარსული აქვთ… მთავარია, რომ ისინი სომხურია, სომხებმა ააშენეს და სომხებს ემსახურებოდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, ის სომხები მართლმადიდებლები იყვნენ თუ არაო“. მოკლედ, სიტუაცია დღესაც ჩიხშია შესული.

ქართველ მინისტრს ამგვარი კითხვები მხოლოდ ჟურნალისტებმა კი არა, სომხეთის კათოლიკოსმა გარეგინ II-მაც დაუსვა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  შეხვედრის დროს მას საყვედური უთქვამს – საქართველოში არსებული სომხური ტაძრები მოუვლელია და უყურადღებოდაა მიტოვებულიო. რა პასუხი გასცა მიხეილ გიორგაძემ გარეგინ მეორეს, ამაზე სომხური მასმედია დუმს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველმა მინისტრმა ისეთი რამ თქვა, რაც სომხური ეკლესიის წინამძღოლს ნამდვილად არ მოეწონებოდა.

ვფიქრობთ, ყველას ესმის, რომ საქართველო,  მეზობლის პროვოცირების მიზნით, ამგვარ მოთხოვნებს თვითონ არ წამოაყენებდა. ქართული დიასპორა სომხეთში მცირერიცხოვანია, 150-მდე ადამიანს ითვლის, თანაც ქართველები სულ სხვა ხალხია, ისინი არ მათხოვრობას არ არიან მიჩვეულნი და მეზობლებს პრეტენზიებს არ უყენებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში თბილისი იძულებული გახდა „კეთილი მეგობრისათვის“ ფაქტები გაეხსენებინა. როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა გასული საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანულ მიწებთან ერთად, ქართული მიწებიც მიიერთა, თბილისს ყოველთვის ექნება ერევნის მიმართ პასუხის გაცემის შესაძლებლობა. ჰოდა, უმჯობესია სომხეთი წყნარად იყოს და ზედმეტ პრეტენზიებს თავი დაანებოს“, – აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 27 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.novoye-vremya.com/w106549/…/#.WcsbSYprzs0

ნატო სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზებას იწვევს

საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ხშირი სამხედრო წრთვნები იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს მეზობელს ალიანსში მალე მიიწვევენ

ა.შახვერდიევი

(შემოკლებით)

ბაქოში ნატოს სპეცწარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონს კურირებს. სხვათა შორის, ამ კაცმა ჩვენს რეგიონში ჩამოსვლას საკმაოდ მოუხშირა, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიპლომატიურ გააქტიურობაზე მიუთითებს დსთ-ის საზღვრების პერიმეტრზე. ჩვენ არაერთხელ ვწერდით, რომ დასავლეთის წრეები იარაღის ჟღარუნით და სხვადასხვა წრთვნების მოწყობით კავკასიის რეგიონში ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებენ. უფრო მეტიც – ამგვარ ქმედებაზე მძაფრ რეაქციას ახდენენ მეზობელი სახელმწიფოები, მათ შორის რუსეთიც.

სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია, კერძოდ – აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ საკითხი ამ დღეებში ჟენევაშიც განიხილეს: გრიგორი კარასინი გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს ანტიტურუნენს და გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. მოგვიანებით, შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა ფართოვდება, რეგულარულად იმართება სამხედრო წრთვნები, ეს ყველაფერი კი რუსეთისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. ამასთან, თბილისი არასდიდებით არ თანხმდება სოხუმ-ცხინვალთან ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებაზეო“.

რა უნდა ვთქვათ ამის უარსაყოფად? ვერაფერს ვერ ვიტყვით! საქართველო მართლაც გადაიქცა ნატოს პლაცდარმად ყოველნაირი პროვოკაციული გამოხტომების რეალიზებისათვის. თავის მხრივ, ბრიუსელი შეუსვენებლივ აცხადებს – აღმოსავლეთიდან, კონკრეტულად კი რუსეთიდან საფრთხე გვემუქრებაო, რაც „ცივი ომის“ დროს გვახსენებს – „საბჭოთა სამხედრო საფრთხის“ თაობაზე. თავის დროზე ნატომ საბჭოთა კავშირს პირობა მისცა, რომ არ გაფართოვდებოდა, მაგრამ ახლა ვიღას ახსოვს ეს პირობა? არიქა, რუსეთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს დაპყრობით ემუქრებაო და ბევრი, მათ შორის ბალტიისპირელები, ალიანსში მიიღეს. ბალტიისპირელების გაწევრიანებას ვინ ჩივის (ასეა თუ ისე, ისინი რუსეთის მეზობლები არიან და შეიძლება მართლაც ეშინიათ), მაგრამ ჩერნოგორიის ნატოში მიღება რატომ დაჭირდათ, ეს გაუგებარია.

საქართველოც, ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ნატოელების აზრით, ალიანსის პოტენციურ წევრს წარმოადგენს. ბრიუსელი აცხადებს, რომ საქართველო ნატოს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მის ტერიტორიაზე მიმდინარე ხშირი სამხედრო წრთვნები იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო შეიძლება მალე მიიწვიონ ალიანსში.

ისე, უკრაინასაც კი უნდა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ აშშ და ევროკავშირი კიევის სურვილს ეწინააღმდეგებიან – ძალიან ნელა ატარებ რეფორმებს და საერთოდ, კორუფციაში ხარ ჩაძირულიო. თუმცა ვინ იცის – ვაშინგტონს და ბრიუსელს არაერთხელ უთქვამთ ტყუილი. გავიხსენოთ იგივე ფიცი-მტკიცი იმაზე, რომ აღმოსავლეთით არ გავფართოვდებითო. ასე რომ, თუ უკრაინის ნატოში მიღება ამერიკას და ევროპას დაჭირდება, კორუფციაში ჩაძირულსაც კარგად მიიღებენ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს: აშკარაა, რომ ნატოს ყოფნა კავკასიის რეგიონში ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. უფრო მეტიც, ალიანსის გააქტიურება ხელს შეუშლის მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას. აბა, დავუკვირდეთ: საქართველოში ამასწინათ გამართულ სამხედრო წრთვნებში სომხეთიც მონაწილეობდა, რომელსაც აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. თვით ერევნის მონაწილეობის ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთს სრულიად აწყობს ყარაბაღის კონფლიქტის დღევანდელი მდგომარეობა. ანუ ეს სტრუქტურა არანაირად არ ანსხვავებს ერთმანეთისაგან აგრესორ სომხეთს მის მსხვერპლ აზერბაიჯანისაგან.

და საერთოდ, აშკარაა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მთიანი ყარაბაღის პრობლემა არ აინტერესებს. ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს არაერთხელ უთქვამს, რომ ამ კონფლიქტში ჩვენ არ ვერევითო. არადა, აზერბაიჯანი რომ ეხმარება ნატოს ავღანეთის ამბებში, ის არაფერია? რითი გვპასუხობს ალიანსი? იმით, რომ აგრესორს სამხედრო წრთვნებში იწვევს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/strategic-communications-and-digital-disinformation/4045535.html

როგორ გაუმკლავდეს საქართველო რუსეთის ჰიბრიდულ ომს?

მაია ქვარცხავა

რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი, ამერიკელების თქმით, ვაშინგტონში ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი თემაა“. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ატლანტიკურ საბჭოში სამშაბათს გამართულმა ღონისძიებამ – სტრატეგიული კომუნიკაციების და ციფრული დეზინფორმაციის პირველმა ტრანსატლანტიკურმა ფორუმმა – რომელზეც მსმენელების რაოდენობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ორგანიზატორებმა „ამერიკის ხმას“ უთხრეს, ფორუმისთვის შერჩეული დარბაზი 130 სტუმარზე იყო გათვლილი, მაგრამ ღონისძიებაზე 500-ზე მეტი ადამიანი მოვიდა.

მომხსენებლებს შორის იყვნენ ამერიკელი სენატორები, ნატოს და ევროკავშირის ოფიციალური პირები, ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები, დიპლომატები, დასავლეთის ქვეყნების კვლევითი ინსტიტუტების, სამეცნიერო წრეების და მედიის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო როგორც რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომების სხვადასხვა სტრატეგიას, ზემოქმედების ბერკეტებს და მეთოდოლოგიას, ასევე ამ გამოწვევებზე დასავლეთის ქვეყნების, თუ ტრანსატლანტიკური ორგანიზაციების რეაქციებს და საპასუხო ქმედებების სისტემაში მოყვანის აუცილებლობას.

კრემლის ჰიბრიდული ომი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო კამპანიებზე და მათ შედეგებზე. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არიან რუსეთის უახლოესი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, რომელთა შორისაა საქართველოც. რა უნდა იღონოს თბილისმა თავისი მწირი რესურსებით, რომ წინ აღუდგეს რუსულ ჰიბრიდულ ომს? ამ კითხვით მიმართა „ამერიკის ხმამ“ თაჯან ილდემს, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში.

„როგორც შესავალ ნაწილში უკვე ვახსენე, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან თანამშრომლობა. საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ ერთობლივ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ. ერთ-ერთი მათგანია სტრატეგიული კომუნიკაციები. მხოლოდ ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების და წარსულის გაკვეთილების გაზიარებით შევძლებთ საფუძვლიან ცოდნაზე დაფუძნებული, საჭირო, აუცილებელი ინსტრუმენტებით აღვიჭურვოთ, რომ ჩვენი დროის გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ჩვენი მხრიდან, ნატოსთვის პრიორიტეტად ვთვლით ამ პარტნიორობის განვითარებას, ურთიერთობის გაღრმავებას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო“, – განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწემ.

„შესაძლოა გამოგადგეთ ჩეხეთის გამოცდილებაც, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის ერთგვარ შთაგონების წყაროდ იქცა“, – გვითხრა იაკობ დიურმა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში. „შეგიძლიათ დაიწყოთ ეროვნული უსაფრთხოების აუდიტით და ამ პროცესით გათვალისწინებული ეტაპობრივი აქტივობებით წარმატებას მიაღწიოთ. ეს კარგი დასაწყისი იქნებოდა. შეიძლება, თქვენთვის ჩვენი მოდელის გადაღება უნივერსალური აღმოჩნდეს და იგივე, ან სხვა ქვეყნების მსგავსი შედეგები მიიღოთ. ამის გაკეთება ქვეყნის ზომის და რესურსების მიუხედავად, სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია“, – თქვა იაკობ დიურმა.

„ამერიკის ხმამ“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სთხოვა დაეზუსტებინა, თუ რა მოდელზე საუბრობდა ის და კონკრეტულად რა აქტივობებს გულისხმობდა. იაკობ დიურის განმარტებით, რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ჩეხეთში დღეს რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს. პირველ რიგში მოხდა იმის გააზრება, რომ საფრთხე რეალურია, ის არსებობს და ასევე არსებობს გზები, რომლითაც შექმნილ პრობლემებს წინ აღვუდგებით – ყვება იაკობ დიური. „თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეული სახელმწიფოს მთავრობის სუვერენული უფლებაა ჰიბრიდული ომის საფრთხის გააზრება, პრობლემის მრავალშრიანობის აღქმა და იმის გაცნობიერება, რომ დეზინფორმაცია და სხვა დანარჩენი კამპანიები მისი შემადგენელი ელემენტებია“.

2016 წელს აშკარა გახდა, რომ საჭირო იყო კომპლექსური, მრავალმხრივი მიდგომა და მთავრობის გადაწყვეტილებით ჯერ შეიქმნა ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების აუდიტი. „ამ ორგანიზაციას აქვს გამოკვეთილი სტრატეგია და საპასუხო ქმედებების როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. განსაზღვრულია მათი რეალიზებისთვის გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯებიც. ეს მუდმივი, პერმანენტული აქტივობების მთელი ციკლია. ამას გარდა, ჩეხეთის მთავრობამ 2017 წელს შექმნა საგანგებო რგოლი, სახელწოდებით ტერორიზმთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრი. იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელია დასაქმებული. მათ საქმიანობაში ბევრ სხვა ელემენტთან ერთად, შედის მედიის მონიტორინგი, პოლიტიკური და ეკონომიკური განლაგების შესწავლა და ანალიზი“.

იაკობ დიურის თქმით, ევროპაში ჩატარებული არჩევნების მაგალითზე აშკარა გახდა, რომ რუსეთის ქმედება შეიძლება ვიზუალურად გამოკვეთილი არ იყოს და კიბერ-სივრცეში მომხდარი თავდასხმებივით, ჰაკერების მიერ ანგარიშების გატეხვით და კრემლისთვის ხელსაყრელი ინფორმაციის გამოაშკარავებით არ დასრულდეს. შეიძლება ეს არც დეზინფორმაციაში და არც რუსულ პროპაგანდაში გამოიხატებოდეს. სხვადასხვა ფარული მეთოდით, “რუსეთი გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, საჯარო განხილვებზე, დებატებზე; ზემოქმედებს პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე… შესაბამისად, ტერორიზმის და ჰიბრიდული იერიშების საფრთხეების წინააღმდეგ შექმნილი ჩვენი ცენტრისთვის ევროპული გამოცდილება ნამდვილი გზამკვლევი და ერთგვარი ხელსაწყოების კომპლექტი გახდა, რომელიც მუშაობაში ძალიან დაგვეხმარა“.

ატლანტიკურ საბჭოში შეკრებილი ექსპერტების აზრით, რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ ომთან გასამკლავებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და საზოგადოებაში ამ საკითხებისადმი ცნობადობის ამაღლება. ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ საკითხი კომპლექსურია და შესაბამისად, მიდგომაც არ შეიძლება იყოს სწორხაზოვანი. არ არის გამორიცხული, რომ ერთი მოდელი ყველა ქვეყნისთვის უნივერსალური არ გამოდგეს. შექმნილი სიტუაციის მიხედვით, საპასუხო აქტივობა შესაძლოა პერიოდულად ერთი მიმართულებით უფრო გაიზარდოს, მეორე მიმართულებით კი საჭიროებისამებრ შემცირდეს. შექმნილი რეალობიდან ჯერჯერობით ერთი რამ დანამდვილებით იკვეთება: რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მოქმედება ყოველდღიურ, უწყვეტ მუშაობას ითხოვს.

Comments are closed