globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 27th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Washington Post» (აშშ): მთავრობის მხრიდან პოპულარული ტელესადგურის გაკონტროლების მცდელობა ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული დარტყმა იქნება

«Le Figaro» (საფრანგეთი): სირიაში მოსკოვი რუსულენოვან ჯიჰადისტებს ებრძვის: თარხან ბათირაშვილის ბედისწერა

——————–

«The Washington Post» (აშშ), 27 ოქტომბერი, 2015 წელი

https://www.washingtonpost.com/opinions/seizure-of-a-popular-tv-station-would-be-a-blow-for-georgian-democracy/2015/10/26/ea218236-7c05-11e5-b575-d8dcfedb4ea1_story.html

მთავრობის მხრიდან პოპულარული ტელესადგურის გაკონტროლების მცდელობა ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული დარტყმა იქნება

სარედაქციო სტატია

(თავისუფალი თარგმანი)

საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად, დემოკრატიული ნორმების დაცვით მოხდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება პოსტსაბჭოურ ევრაზიულ სივრცეში. ახალი მთავრობა პოპულისტ მილიარდერის ხელმძღვანელობით შეეცადა არჩევნებში წაგებული პარტიის ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დევნას და მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის ჩახშობას, თუმცა მისი ამგვარი მოქმედება იზღუდებოდა დასავლეთის, მათ შორის ევროკავშირის ზეწოლის მიერ, რომელთანაც საქართველომ გასულ წელს ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა.

ახლა, როცა ხელისუფლების პოპულარობა კლებულობს (და ეს ხდება საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიმართოს), მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, რადიკალური ზომების მიღება აქვს განზრახული: იგი მხარს უჭერს ბიზნესმენს, რომელიც ქვეყნის პოპულარული ოპოზიციური იდეების გამომხატველი ტელეკომპანიის მიტაცებას ცდილობს. მათ მოახერხეს სასამართლო პროცესის მოგება, რომლის საფუძველზე ტელეკომპანიის აქტივებს ყადაღა დაედო, ხოლო გადაწყვეტილება ქონების მის საკუთრებაში გადაცემაზე უახლოეს ხანშია მოსალოდნელი.

მთავრობის მტკიცებით, ხელისუფლება ტელეარხ „რუსთავი-2“-ის კუთვნილებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში არ ერევა, თუმცა ეს არ სჯერათ არც ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობას და არც იმ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სასამართლოზე ადრე მომხდარ ზეწოლის ფაქტებს იმოწმებენ. ამ მხრივ მათი სკეპტიციზმი განმტკიცდა გასულ კვირას, როცა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში ტელესადგურის საქმიანობა ნეგატიურად შეაფასა და მას ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა“ უწოდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი უფრო შორს წავიდა  და განაცხადა, რომ ოპოზიციური „ნაცმოძრაობა „დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და მას პოლიტიკაში დარჩენის არანაირი უფლება არ აქვსო“.

ასეთი აგრესიის გამოვლენა გასაგები ხდება იმ პოლიტიკური განწყობების ფონზე, რომელიც საქართველოში „ენდეაი“-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ შეიქმნა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მმართველი კოალიციის მხარდაჭერამ 2012 წლიდან თითქმის 60%-ით მოიკლო და რომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ „ერთიანი ნაცმოძრაობას“ გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსები ექნებათ. გარდა ამისა, გამოკითხვამ სხვა საგანგაშო ფაქტიც გამოავლინა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ იმედგაცრუებულია და ელექტორატის დიდმა ნაწილმა შეიძლება არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღოს. ამასთან, საქართველოში შენარჩუნებულია მრავალპარტიული კონკურენტული პოლიტიკური სისტემა, რაც უნიკალური მოვლენაა რეგიონში, სადაც კორუმპირებული ავტოკრატია ნორმას წარმოადგენს.

„რუსთავი-2“-ის დირექტორის განცხადებით, თუ ტელესადგური ხელისუფლების მხარდამჭერ ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, საქართველოში პლურალიზმი აღარ იარსებებს. ბატონი ქიბარ ხალვაში, რომელმაც ტელესადგური ათ წელზე მეტი ხნის წინათ გაყიდა, ახლა ცდილობს, რომ სასამართლოს მეშვეობით გარიგების შედეგები სრულიად შეცვალოს. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ იმისათვის, რათა მასობრივ მედიაში დაცული იყოს განსხვავებული აზროვნება და კრიტიკული პოზიციების გამოხატვა. გასულ კვირას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც უთანხმოება აქვს ბიძინა ივანიშვილთან, განაცხადა, რომ „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო დავა „საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს“.

საბედნიეროდ, დასავლეთის მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხმა აღიმაღლეს: გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მედია პლურალიზმს საფრთხეს უქმნის“. ორშაბათს  განცხადება გააკეთა ევროკავშირმაც, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ იმედი გვაქვს და ველოდებით, რომ საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების პრინციპები პრაქტიკაში იქნება გამოყენებული“.

თუ „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გამოყენება გაგრძელდება, მაშინ საფრთხის წინაშე დადგება არა მხოლოდ ქართული დემოკრატია, არამედ დასავლეთთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაც.

«Le Figaro» (საფრანგეთი), 26 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.lefigaro.fr/international/2015/10/25/01003-20151025ARTFIG00107-ces-djihadistes-russophones-que-moscou-affronte-en-syrie.php

სირიაში მოსკოვი რუსულენოვან ჯიჰადისტებს ებრძვის: თარხან ბათირაშვილის ბედისწერა

ფრანგულმა გაზეთმა „ფიგარომ“ გუშინ, 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატია-გამოკვლევა სირიის მოვლენების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში დაახლოებით ხუთი ათასამდე რუსულენოვანი ჯიჰადისტი იბრძვის. „ეს ფაქტი ვლადიმირ პუტინისათვის თავის ტკივილს წარმოადგენს, ამიტომაც რუსეთის პრეზიდენტს სურს ისარგებლოს სირიის კამპანიით და მათ ბოლო მოუღოს“.

სტატია-გამოკვლევის ავტორი ლაურა მანდევილი ვრცლად ეხება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოში მდებარე პანკისის ხეობის მკვიდრს თარხან ბათირაშვილს, იგივე უმარ ალ-შიშანს.

„წინა ცხოვრებაში თარხან ბათირაშვილი, ანუ უმარ ალ-შიშანი საქართველოს შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურე იყო, ახლა კი იგი, წარმოშობით ჩეჩენი, სირიაში მებრძოლი 2500-დან 5000-მდე რუსულენოვანი ჯიჰადისტის მეთაურია… დღევანდელ  თარხან ბათირაშვილს უწინდელისაგან ძალიან განსხვავდება, მას თითქმის ვეღარ იცნობთ – ჟღალი წვერი აქვს, პატარა შავი ქუდი ახურავს და დამტვრეული რუსულით, ქართული აქცენტით „ალაჰის წყალობით შექმნილ ისლამურ ხალიფატზე“ საუბრობს. ალბათ, ბედისწერაა, რომ თავის დროზე ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმის მიერ გაწრთვნილი ქართული არმიის ჯარისკაცი თარხან ბათირაშვილი სირიაში „ომარ ჩეჩენად“ გადაიქცა და რომ იგი დღეს ამერიკული და რუსული სპეცსამსახურების მიერ ტერორისტადაა შერაცხული.

„უმარ ალ-შიშანის მიერ რუსულ ენაზე გავრცელებული ვიდეოკლიპები სირიაში რუსულენოვან ახალგაზრდებს საბრძოლველად იწვევენ“, – ამბობს „ფიგაროს“ ჟურნალისტ ლაურა მანდევილთან საუბარში ამერიკული სააგენტო „მაკ კლაჩის“ კორესპონდენტი მიტჩ პროტერო, რომელმაც ცოტა ადრე გენერალ-ჯიჰადისტთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოკვლევა გამოაქვეყნა.

უმარ ალ-შიშანის ისტორიაში ჩვენ პირადულ და გეოპოლიტიკური გარემოებების საოცარ დამთცევევბს ვხედავთ“, – აღნიშნავს ლაურა მანდევილი. „პანკისელი პატარა მეცხვარე 1986 წელს დაიბადა იმ სოფელში, რომლის მცხოვრებლები დღესაც ურმებით გადაადგილდებიან. მისი ყოფილი ოთახი ღარიბულია – რკინის საწოლითა და მაგიდით, რომელზეც დომინოს ქვები დევს. საშუალო სკოლიდან კი, რომელშიც თარხანი სწავლობდა, საბჭოური „პერესტროიკის“ ექო ძლივს ისმის.

„ფიგაროს“ ჟურნალისტი ესაუბრება ისტორიკოს მაირბეკ ვაჩაგაევს, რომლის ტქმით, პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ჩეჩნები ადგილობრივ ქრისტიანულ ტრადიციებს იცავენ, აცვიათ ქართული ტანსაცმელი და სვამენ ღვინოს. ჩეჩნეთის მეორე სამხედრო კამპანიის დროს პანკისი ხეობაში ათასობით ჩეჩენი ლტოლვილი ჩავიდა, მათთან ერთად კი „ბოევიკებიც“. 14 წლის თარხანს ჩეჩნეთის ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ იგი ყოველდღე ხედავდა დაჭრილ „ბოევიკებს“, – ამბობს მაირბეკ ვაჩაგაევი. იგი კარგად იცნობს პანკისის ხეობის მოვლენებს და ურთიერთობა აქვს ევროპაში მცხოვრებ ჩეჩნებთან. მისი თქმით, სწორედ მაშინ დაიწყო [ჩრდილოეთ კავკასიის] რეგიონში „საუდის არაბეთის მიერ დაფინანსებული პროექტების რეალიზება, მეჩეთების მშენებლობის სახით“, თუმცა მოსკოვსა და ერ-რიადს შორის 2002-12003 წლებში დადებული შეთანხმების გამო ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა. „ამის მიუხედავად, პანკისის ხეობაში, ბოევიკების წყალობით, რადიკალური ისლამი გავრცელდა“, – აღნიშნავს მაირბეკ ვაჩაგაევი.

თუმცა, როგორც სააგენტო „მაკ კლაჩის“ კორესპონდენტის მიტჩ პროტეროსა და  გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტის ალან კუპერის მიერ შეკრებილი მასალებით ირკვევა, იმ პერიოდში თარხან ბათირაშვილს რელიგია მაინცდამაინც არ აინტერესებდა, მას უფრო სამხედრო ცხოვრების რომანტიკა იტაცებდა. 2007 წელს ტარხანი ქართული არმიის სამსახურში შევიდა. ახალწვეულის სიბეჯითე მალე შენიშნეს: საქართველო-რუსეთის ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში იგი დაზვერვაში გაამწესეს. 2010 წელს ტარხან ბათირაშვილს სამხედრო სამსახურის დატოვება მოუწია, რადგანაც მას ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. თუმცა, როგორც „ფიგაროს“ კორესპონდენტს ერთ-ერთი წყარო ეუბნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, მისი ჯარიდან დათხოვნა იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ მეთაურობა შეშფოთებული იყო ახალგაზრდა ჯარისკაცის რადიკალიზებით, მასზე უფროსი ძმის გავლენის გამო.

ჯარიდან დათხოვნის შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია, რომ ტარხან ბათირაშვილი იარაღის უკანონოდ შენახვის გამო დააპატიმრეს. აი, საპყრობილეში იგი უკვე მართლაც სერიოზული რადიკალი  გახდა და როცა 2012 წელს ციხიდან გათავისუფლდა, პირდაპირ სირიაში წავიდა ანტიასადური ბოევიკების მხარეზე საბრძოლველად, 2013-ში კი „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრო. „ჩემმა შვილმა არასწორი გზა ამოირჩია“, – ამბობს თარხანის მამა, რომლის ციტირებას „ფიგარო“ ახდენს.

მიტჩ პროტეროს თქმით, „ჩეჩნები მებრძოლები არიან და ისინი ფულის კეთებით და სხვა ჭუჭყიან საქმეებით არ არიან დაკავებულნი – საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩასული იდიოტებისაგან განსხვავებით, რომლებთაც არანაირი სამხედრო მომზადება არ აქვთ გავლილი“. კავკასიელებს „ისლამური სახელმწიფოს“ ბარბაროსული მეთოდები არ მოსწონთ. ამიტომაც, როგორც მაირბეკ ვაჩაგაევი ამბობს, თარხან ბათირაშვილის მონაწილეობა შესაძლოა „რაღაც გარიგებით“ იყოს განპირობებული, რომელიც მას და აბუ-ბექრ ალ-ბაღდადს შორის მოხდა (კავკასიური ემირატის შექმნასთან დაკავშირებით).

„ივნისში „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩრდილოეთ კავკასიაში ვილაიეთის შექმნა გამოაცხადა, ასეთი რამ „ალ-ქაიდა“-საც კი არ გაუკეთებია“, – ამბობს მაირბეკ ვაჩაგაევი. ჩეჩენი ისტორიკოსის აზრით, „კავკასიელი ჯიჰადისტებისაგან მომდინარე პოტენციური საფრთხე სირიაში ვლადიმირ პუტინის მოქმედების მთავარი მოტივაციაა (მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრს არ ლაპარაკობენ),  ალ-შიშანი კი რუსი სამხედროების მთავარი მიზანი“.

Comments are closed