globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 27th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): დაშლილები, გაქცეულები, გაბუტულები და ეჭვიანები: დამარცხებული პარტიების სტრატეგია

«Известия» (რუსეთი): ინტერვიუ გრიგორი კარასინთან: „რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული“

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-parliamentary-elections-majoritarian-second-rounds/3566685.html

დაშლილები, გაქცეულები, გაბუტულები, ეჭვიანები: დამარცხებული პარტიების სტრატეგია

ზაზა წულაძე

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 30 ოქტომბერს არის დანიშნული, ამომრჩეველთა აქტიურობა, 8 ოქტომბერთან შედარებით, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დაბალი იქნება. პარლამენტს მიღმა დარჩენილმა პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარ მომხრეებს არჩევანის გაკეთებისას ან სრული თავისუფლება მისცეს, რაც არჩევნებზე არწასვლასაც გულისხმობს, ან ბოიკოტისკენ მოუწოდეს.

რვა ოქტომბერს ბარიერვერგადალახულმა 22 პარტიამ ჯამში არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების – 19.21% დააგროვა (337 844 ხმა). ამ პარტიებიდან მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში საკუთარი კანდიდატი მხოლოდ ორმა გაიყვანა: „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გორსა და ჭიათურაში, „მრეწველებმა“ – ხაშურში. ლანჩხუთი-ჩოხატაურსა და მცხეთაში კი მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გააღწიეს. შესაბამისად, 45 მაჟორიტარულ ოლქში, 30 ოქტომბერს ერთმანეთში ურთიერთობას „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები გაარკვევენ.

რესპუბლიკური პარტია საკუთარ მცირერიცხოვან ამომრჩეველს (1.55%) 30 ოქტომბერს ასევე სრულ თავისულებას აძლევს. ვახტანგ ხმალაძე, კერძოდ, ამბობს:

„შესაძლებელია ჩვენ ამომრჩეველს, რესპუბლიკური პარტიის წევრს ან მხარდამჭერს, რომელიმე ორი კანდიდატის შედარებისას, მეტი სიმპატია ჰქონდეს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის მიმართ, ვიდრე, „ქართული ოცნების“ კანდიდატისა. ეს მისი გადასაწყვეტია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა, ჩემი პირადია აზრია, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მხარდაჭერა, მე არ მიმაჩნია სწორად“.

რესპუბლიკელების მსგავსად, მხარდამჭერებს, 30 ოქტომბერს, არჩევანის გაკეთებისას თავისუფალ რეჟიმს სთავაზობენ პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“(3,45%) და ეროვნული ფორუმი (0,73%). არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირებისკენ მოუწოდეს საკუთარ მომხრეებს ლეიბორისტულმა პარტიამ (3,14%) და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობამ (3,53%).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ დამარცხებული პარტიების პოსტსაარჩევნო სტრატეგია და ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოში პოლიტიკური კლასის ღრმა კრიზისზე მიუთითებს:

„ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი, 49% ანუ 1 699 608 მოქალაქე, პრაქტიკულად აღმოჩნდა პასიური. არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ეს კატეგორია არ იყო, არც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი და მას არც „ქართული ოცნება“ უნდოდა. ასევე ვერცერთ სხვა პარტიაში ვერ დაინახა ის პერსპექტივა რომ ხმა მიეცა. ამიტომ გარკვეულწილად, პოლიტიკური პროცესი დაკნინებულია. ჩვენი პარტიები აღმოჩდნენ ძალიან სუსტები. და ეს ტენდენცია გრძელდება. მაგალითად, აბსოლუტურად გაუგებარია რა ხდება „თავისუფალ დემოკრატებში“, პარტიაში, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა ბარიერის გადალახვამდე. პოლიტიკოსმა გამარჯვებაც უნდა იცოდეს და დამარცხებაც”.

პროპორციული არჩევნების შემდგომ, უცნაური და კომიკური სიტუაციია „თავისუფალ დემოკრატებში“ (4,63%). ეს პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი 8 ოქტომბრის შემდეგ, პირდაპირ ჩამოიშალა. პარტია უკვე დატოვა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც ასევე უარი თქვა, გორის მაჟორიტარული ოლქის მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ირაკლი ალასანიას მალევე „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის ცნობილი წევრებიც მიჰყვნენ, აქედან სამმა – დავით ონოფრიშვილმა, გიორგი ცაგარეიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ მოულოდნელად ამომრჩეველს სახელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

სრულიად საპირისპირი განწყობაა პარტიაში – 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის კომისიებიდან „თავისუფალმა დემოკრატებმა“, პრევენციის მიზნით, 400-მდე წევრი უკან გამოიწვიეს. აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე ამბობს, რომ პარტია მეორე ტურში მხარს მხოლოდ ჭიათურაში საკუთარ კანდიდატს დაუჭერს: „ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც დავრჩით პარტიაში და ვაგრძელებთ ბრძოლას არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, გვაქვს სხვა პოზიცია. ეს არის ძალიან მკაფიო ინსტრუქრცია, რომელიც არჩევნების მეორე ტურის წინ მივეცით, ჩვენი პარტიის ყველა წევრს. „თავისუფალი დემოკრატები“ არ ვუჭერთ მხარს, არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს“.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინ რთული მდომარეობაა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ (27,11%). ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, მეორე ტურის წინ მოხსნას კანდიდატურა და ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, საკუთარი ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვოს, ექსპერტთა აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე, ღია დაპირისპირების პირდაპირი გამოძახილია: ეს არის ოდესის გუბერნატორის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აშკარა გზავნილი, პარტიაში საკუთარი ფრთისა და პირადად მისი პერსონალური მხარდამჭერების მიმართ, რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ეს კი თავის მხრივ, გამარჯვებული პარტიის „ქართული ოცნების“ (48,68%) შანსებს 3 513 884 ამომრჩევლიდან, 856 638 მხარდამჭერის პირობებში, მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი-ორად აიოლებს. მით უმეტეს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ (5,01%), რომელიც თავის თავს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას უწოდებს, მეორე ტურის წინ, საკუთარ მომხრეებს სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

«Известия» (რუსეთი), 27 ოქტომბერი, 2016 წელი

http://izvestia.ru/news/640688

ინტერვიუ გრიგორი კარასინთან: „რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული“

ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სტატს-სეკრეტარი გრიგორი კარასინი გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტ ტატიანა ბაიკოვას ესაუბრება. თემები:  ე.წ. „რუსული სამყარო“, უცხოეთში რუსი თანამემამულეების მდგომარეობა,  რუსული ენის  საკითხი, უკრაინასთან და საქართველოსთან ურთერთობა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- პრაღაში თქვენ 19 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შეხვდით. „იზვესტია“-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ორივე მხარე – საქართველოც და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მივდივართო. როდის შეიძლება ველოდოთ ამ მოვლენას?

- თუ ჩემმა პატივცემულმა კოლეგამ ზურაბ აბაშიძემ ასეთი განცხადება ნამდვილად გააკეთა, ეს ფაქტი მხოლოდ მისასალმებელია. როგორც ცნობილია, 2008 წლის სექტემბერში დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი ნამდვილად არ ყოფილა და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ურთიერთობის აღდგენისათვის დაბრკოლება არ იყო და არც ახლა არ არსებობს. ასე რომ, პოზიტიური ცვლილებები და მათი განხორციელების ვადები მხოლოდ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული. ამასობაში, როგორც ადრე იყო შეთანხმებული ჩემსა და ზურაბ აბაშიძეს შორის, ჩვენ ვცდილობთ მეტი ძალისხმევა მივმართოთ ორმხრივი კავშირების ნორმალიზაციისაკენ იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გარეშე. ასეთი სფეროები საკმაოდ ბევრია – ვაჭრობა, სატრანსპორტო მიმოსვლა, ჰუმანიტარული კონტაქტები, გაცვლა-გამოცვლა კულტურის დარგში. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გეგმაზომიერად გავაგრძელებთ. ის საგრძნობი შედეგები, რომლის მიღწევაც ჩვენ მოვახერხეთ, სრულად პასუხობს ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესებს.

Comments are closed