globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 27th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს მოქალაქე, როგორც სუსტი რგოლი მოწყვლად დემოკრატიაში

«El Pais» (ესპანეთი): ვლადიმერ პუტინი და კატალონიის დამოუკიდებლობა // რატომ ჩავიდა დიმიტრი მედოევი ბარსელონაში?

«Крымские известия» (რუსეთი): ყირიმელი ჟურნალისტი: საქართველოს გონებით ვერ გაიგებ, მხოლოდ გულით…

——————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 26 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/local-elections-in-georgia-lessons-learned/4087611.html

საქართველოს მოქალაქე, როგორც სუსტი რგოლი მოწყვლად დემოკრატიაში

ნინო დალაქიშვილი


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოში ჩაიარა, საკრებულოები აირჩა და მერების ვინაობა გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, დამკვირვებლები ამბობენ, რომ თვითმმართველობის იდეა საზოგადოებისთვის ბუნდოვანია. რა გვასწავლა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებმა, ამის თაობაზე „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე რესპონდენტი ჩაწერა.

საია, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ერთ–ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი დამკვირვებელია, ამჯერადაც სრულად იყო მობილიზებული. მათი ადვოკატირების შედეგად წელს თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გამარჯვება მოიპოვა. საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამერიკის ხმასთან საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან დაკვირვებას გვიზიარებს. „ამ არჩევნებმა გვაჩვენა ის, რომ ადამიანებისთვის თვითმმართველობის იდეა მაინც არის ბუნდოვანი. იდეაში, დემოკრატიულ და დეცენტრალიზებულ ქვეყანაში ამომრჩეველი უფრო აქტიური უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე, ვიდრე, ვთქვათ საპარლამენტო არჩევნების დროს, რადგან ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის კომპეტენცია, რაც დღეს მოსახლეობას ძალიან აწუხებს, თვითმმართველობას ეკუთვნის. ჩვენთან ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად კარგად რომ მუშაობდეს, რეალურად რომ იყოს მოქალაქეების საჭიროებების მოგვარებაზე ორიენტირებული, დარწმუნებული ვარ, მეტი აქტივობა იქნებოდა ამომრჩევლების მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის იდეაც საჭიროებს გაძლიერებას და განვითარებას, თუ ამის საჭიროებას მისცემენ.“

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქალაქეების ნების კონტროლის მცდელობას კვლავ აქვს ადგილი, მხოლოდ სახეცვლილი ფორმით. საიას ხელმძღვანელი მოწყვლად ჯგუფებად გამოჰყოფს საჯარო მოხელეებსაც, რომელთა ნებაზეც ზემოქმედებასაც ადგილი აქვს ხელისუფლებისგან.

„ჩვენს საზოგადოებაში კვლავ რჩებიან არა მხოლოდ მოწყვლადი ადამიანები, არამედ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთაც არჩევნებზე „იყენებენ“. მაგალითად, საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ან მათ, ვისაც ოდესმე კანონთან პრობლემა ჰქონიათ, პრობაციონერებს და ასე შემდეგ, ვისზე ზემოქმედებაც არ არის რთული. ეს ადრეც ვიცოდით, მაგრამ ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ მკვეთრად დაგვანახა ეს პრობლემა. ერთია, როდესაც ვიღაც ცდილობს ამომრჩევლის ნების გაკონტროლებას და მეორე, როდესაც ამომრჩევლის ნაწილი ექვემდებარება ამ კონტროლს და აძლევს უფლებას ხელისუფლებას თუ სხვა ვინმეს, აკონტროლოს. ეს მასშტაბური თემაა, არჩევნების ფარგლებს სცდება და დემოკრატიის მოწყვლადობას აჩვენებს. თუ არ გყავს თავისუფალი მოქალაქე, ვინც არჩევნებზე საკუთარ, დამოუკიდებელ ნებას გამოავლენს, ეს არის სუსტი რგოლი და ვიღაც ამ სუსტ რგოლს აუცილებლად გამოიყენებს.“

თვითმმართველობის იდეა რომ ბუნდოვანია ამომრჩევლების დიდი ნაწილისთვის და ამით შეიძლება აიხსნას დაბალი აქტივობა და მოქალაქეთა ნაკლები ინტერესი არჩევნებში მონაწილეობის მიმართ, ამას მხოლოდ საიაში არ აფიქსირებენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ახალი ის ვნახეთ ამ არჩევნებზე, რომ საარჩევნე უბნებზე მისულ მოქალაქეებს აღრიცხავდნენ „ახალი მეთოდით“. ადრე თუ უბნის გარეთ იდგნენ ეგრეთ წოდებული კოორდინატორები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები (ძირითადად, სახელისუფლებო პარტიიდან), ახლა უბანში, შიგნით იმყოფებოდნენ და გაცილებით მეტ პრობლემას ქმნიდნენ, ვიდრე სხვა დროს, რაც არ იყო სასიამოვნო ამომრჩევლისთვის. პირდაპირ ზეწოლას ჰქონდა ადგილი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, პერსონალური მონაცემების გაჟონვის საფრთხე შეიქმნა, რადგან პირდაპირ რეგისტრატორების სამაგიდო სიებთან ჰქონდათ წვდომა. ეს წინა არჩევნებისგან განსხვავებული პრაქტიკაა.“

ცესკოს ცნობით, 3 440123 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 570563 ადამიანმა მიიღო, რაც 45.65 პროცენტიანი აქტივობის მაჩვენებელია. გამოიკვეთა შედარებით აქტიური და პასიური რეგიონებიც. ამ თვალსაზრისით ლიდერობენ ქვემო და შიდა ქართლი 40 და 41 პროცენტიანი მაჩვენებლით. ყველაზე მოტივირებული ამომრჩეველი კი რაჭა–ლეჩხუმში იყო, სადაც მოსახლეობის 60–მა პროცენტმა გამოხატა საკუთარი ნება.

საქართველოს დიდ ქალაქებში მაცხოვრებელმა მოქალაქეებმა თვითმმართველობის არჩევნებზედაბალი აქტივობა აჩვენეს. ქუთაისში საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის 35.36 პროცენტი მივიდა, ბათუმში 36.37, რუსთავში 38.66, ზუგდიდში კი 37.99. ასევე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა გარდაბანში – 36.6 პროცენტი.

ყველაზე მონდომებული ამომრჩეველი ასპინძაში იყო – 69.37 პროცენტიანი მაჩვენებლით. ქედაში კი მოსახლეობი 66 პროცენტმა იაქტიურა. ადიგენსა და ჩოხატაურს 65 და 64 პროცენტიანი აქტივობა აქვს, მესტიას, ამბროლაურს, ხარაგაულს და ხონს კი 63 პროცენტიანი.

წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებს ორი ერთი ხმით გამარჯვებული კანდიდატი ჰყავს. ერთი ზემოთხსენებული თამაზ მეჭიაურია თიანეთში (თუმცა საქმე კვლავ სასამართლოშია და შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს), მეორე კი მაჟორიტარი მესტიაში ლერი კვიციანი. მათი ოპონენტები არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ.

«El Pais» (ესპანეთი), 26 ოქტომბერი, 2017 წელი

https://politica.elpais.com/politica/2017/10/25/actualidad/1508958307_955473.html

ვლადიმერ პუტინი და კატალონიის დამოუკიდებლობა

რატომ ჩავიდა დიმიტრი მედოევი ბარსელონაში?

„ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ახლოს დგას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ სტრატეგიის რეალიზებაში, რომელიც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ანექსიისკენაა მიმართული, ამ კვირაში ბარსელონაში იმყოფებოდა, „კრემლის ორბიტაზე“ კატალონიის სავარაუდო დამოუკიდებლობის მიბმის მიზნით“, – ნათქვამია გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – დავიდ ალანდეტე).

პუბლიკაციაში, რომელიც სადაზვერვო ცნობებს იმოწმებს, აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთის ირედენტული რესპუბლიკის დე-ფაქტო საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, ორშაბათს კატალონიას „ოფიციალური“ ვიზიტით ეწვია და იქ ორმხრივი ურთიერთობის დაწყების მიზნით ოფისი გახსნა. დიმიტრი მედოევის ვიზიტს კერძო დღის წესრიგი ჰქონდა. იგი ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა „ორმხრივი კავშირების ხელშეწყობის მიზნით კულტურის, ჰუმანიტარულ [და ვაჭრობის] სფეროებში“.

სტატიაში მოხსენიებულია რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გამოქვეყნებული დიმიტრი მედოევის სიტყვები ე.წ. „წარმომადგენლობის“ საზეიმო გახსნის დროს, რომელშიც ერთგვარი პარალელებია გავლებული ესპანეთის შემადგენლობაში მყოფი კატალონიის კაზუსსა და პრორუსულად განწყობილი, თეორიულად დამოუკიდებელი, რეალურად კი მოსკოვის მიერ ანექსირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის: „26 წლის წინათ სამხრეთ ოსეთის ხალხმა იგივე პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვისო“, – განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

სამხრეთ ოსეთმა (53 ათასი მცხოვრებით) და აფხაზეთმა (240 ათასი მცხოვრებით) საქართველოსაგან დამოუკიდებლობა 1990-იან წლებში გამოაცხადეს. „რუსეთმა ხელი შეუწყო საქართველოს დაშლას, რადგან ამ ქვეყანამ, 3,7 მილიონიანი მოსახლეობით, დასავლეთთან დაახლოება დაიწყო. მოსკოვმა იგივე გააკეთა 2014 წელს უკრაინასთან მიმართებითაც (42,5 მილიონი მოსახლეობით) და უშუალოდ მიიერთა ყირიმის ნახევარკუნძული“, – აღნიშნულია სტატიაში.

დიმიტრი მედოევი ეწვია იტალიის პროვინციებს – ლომბარდიასა და ვენეტოს, შეხვდა რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს. რაც შეეხება კატალონიას, ოთხშაბათს არც კატალონიის და არც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას არ დაუდასტურება და არ უარყვიათ [დიმიტრი მედოევის] რაიმე შეხვედრის ფაქტი კატალონიის მთავრობის მაღალჩინოსნებთან ან კანონმდებლებთან“, – წერს დავიდ ალანდეტე. ავტორი მკითხველს ახსენებს, რომ ჯერ კიდევ 25 სექტემბერს სამხრეთ ოსეთმა განაცხადა – „კატალონიელ ხალხს აქვს დამოუკიდებლობის მოთხოვნის უფლება, ხოლო [ესპანეთის ხელისუფლების მიერ გატარებული] რეპრესიები და [დასავლეთის] ორმაგი სტანდარტები მიუღებელიაო“.

პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი თვით კრემლის „ორმაგ სტანდარტებსაც“ ქვესათაურით „რუსეთის ორმაგი დიპლომატიური თამაშები“. ავტორი, კერძოდ, აღნიშნავს: „მართალია, რუსული დიპლომატია საჯაროდ აცხადებს, რომ კატალონიის კრიზისი ესპანეთის საშინაო საქმეაო, რუსეთის პრეზიდენტი პირიქით, უფრო კრიტიკულად მიუდგა საკითხს და პირდაპირ თქვა სოჭში ახლახანს გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, რომ კატალონიაში მომხდარი ამბები ევროპის პოლიტიკის ბრალიაო – იმ ევროპისა, რომელმაც თავის დროზე დაუფიქრებლად და უსიტყვოდ დაუჭირა მხარი კოსოვოს გამოყოფას. ევროპამ გახსნა „პანდორას ყუთი“, რითაც ხელი შეუწყო მსგავს პროცესებს სხვადასხვა რეგიონებში – უფრო მდიდარ ქვეყნებშიც, როგორიც ესპანეთია და იქაური მყიფე სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დააყენა… ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც სიხარულით მხარი დაუჭირეს ქვეყნების დაშლას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

იქვე სტატიის ავტორი, რუსეთის პრეზიდენტის განცხადების პასუხად, შენიშვნის სახით წერს, რომ ესპანეთს მხარი არ დაუჭერია სერბეთისაგან კოსოვოს გამოყოფისათვის და, დასავლეთის სხვა სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, მადრიდს კოსოვოს დამოუკიდებლობა დღემდე არ უღიარებია.

«Крымские известия» (რუსეთი), 26 ოქტომბერი, 2017 წელი

http://new.crimiz.ru/rubriki/96-kurorty-i-turizm/5665-gruziya-umom-ne-ponyat-tolko-serdtsem

საქართველოს გონებით ვერ გაიგებ, მხოლოდ გულით…

„მე საქართველოში ყოფნით მინდოდა ჭეშმარიტება საკუთარი თვალით მენახა. ეს ქვეყანა ბავშვობიდან მახსოვდა მხიარული, გულღია ხალხით, მახსოვდა გიორგი დანელიას „მიმინოთი“, სხვა ფილმებით. ვოცნებობდი საქართველოში ჩასვლაზე, რომელიც ოდითგანვე განთქმული იყო თავისი სტუმართმოყვარეობით, ღვინით, სუფრით და ტემპერამენტიანი ქართველებით“, – წერს ყირიმის ოფიციალური გაზეთის „კრიმსკიე იზვესტიას“ რედაქტორის მოადგილე ოლღა საფრონოვა.

„ჩვენ ავტომობილით შევედით საქართველოში, ამიტომაც, ბუნებრივია, ჩემი აღქმა ქართული სინამდვილისა უფრო ღრმა და ძლიერი იქნებოდა, ვიდრე ეს თვითმფრინავით ჩასულებს აქვთ ხოლმე. საქართველოს სამხედრო გზაზე, ხეობაში არსებულ საკონტროლო-გამსვლელ პუნქტთან მოხუცი მთიელის მკაცრი მზერა შევამჩნიე. მეგონა, ხმალს იძრობს და  გამისწორდება-მეთქი. ამგვარი გრძნობა თავიდანვე დამყვა და ვფიქრობდი, ვერაფერი გამიქარვებდა… მაგრამ შემდეგ გზადაგზა შეხედულება შემეცვალა. კავკასიის მთების მკაცრი და იმავდროულად დიდებული პეიზაჟების ფონზე, სადაც სამყაროს შემქმნელის სიბრძნეა გამოხატული, იმ მოხუცის მზერა სრულიად ბუნებრივად და ჰარმონიულად მივიჩნიე“, – წერს სიმფეროპოლელი რუსი ჟურნალისტი.

ოლღა საფრონოვა მკითხველს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს თბილისისა და ბათუმის შესახებ, ხედავს პოზიტიურ და ნეგატიურ მომენტებსაც: „აქ არის ჭეშმარიტად სუპერთანამედროვე თვალისმომჭრელი შენობები, სასტუმროები, ტურისტული ზონები, მყუდრო რესტორან-კაფეები, მრავალსაუკუნოვანი ტაძრები, მაგრამ იქვე მეზობლად თქვენ დაინახავთ ავარიულ სახლებს, ბოძებშეყენებული ძველ შენობებს, უშნოდ მიშენებ-მოშენებულ „ხრუშჩოვკებს“, „ბრეჟნევკებს“, ბეტონის ჩონჩხებს… გაკვირვებული ვარ კონსტრასტებით: ტურისტებისათვის ყველა პირობაა შექმნილი, ყველაფერი კარგადაა მოწყობილი, მაგრამ როგორც კი ახალმშენებლობეისაკენ გაიხედავ, შეამჩნევ, თუ როგორაა მირეულ-მორეული სამშენებლო ტერიტორია, თითქოსდა აქაურობას პატრონი არ ჰყავს, არ არის არქიტექტორი, რომელიც საქმეს ლამაზად გააკეთებს. და მთავარი – თითქოსდა არ არის ის ადამიანი, რომელსაც ურბანული სივრცის პროფესიულად დაპროექტება შეუძლია. ამ მხრივ საქართველოს კურორტები ძალიან ჰგავს ყირიმის კურორტებს.

სამაგიეროდ, ღამით ყველაფერი იცვლება. სიბნელე ძველ შენობებს მალავს, აღარ ჩანს ბზარები და დაბრეცილი ფანჯრები. ქუჩები ძალიან ოსტატურადაა განათებული, რომლებიც არასასიამოვნო რეალობას კი არ გამოკვეთს, არამედ ანეიტრალებს. აქცენტი იმაზე კეთდება, რაც თვალს ესიამოვნება. ასეთ შარა-შუკებში და ლაბირინთებში სეირნობისას თავი სიზმარში გგონია და ნანგრევების სილამაზითაც კი მოჯადოებული რჩები“.

ყველა ქვეყანაში, რომელსაც ტურისტი ეწვევა, მთავარი ხალხია – როგორ გხვდებიან, როგორი შთაბეჭდილება გრჩება მასპინძლებზე… საქართველოში ყოფნისას ჩემში ერთმანეთს ორნაირი გრძნობა ებრძოდა: დიდი სიმპათიები და სრული გაუგებრობა. არ მინდა პოლიტიკაში გადავვარდე, უბრალოდ, მთავარს ვიტყვი: ყოველთვის შეიძლება საერთო ენის მოძებნა ახალი საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც საბჭოთა დროს დაიბად-გაიზარდნენ. ჯერ ერთი, რომ ისინი თავისუფლად ლაპარაკობენ რუსულად, მეორე კი – სიამოვნებით იხსენებენ აწ უკვე იმ შორეულ დროს, როცა რუსეთთან ერთად კარგად ცხოვრობდნენ. უფროს თაობას არ რცხვენია რუსეთის ქება, ხშირად ნოსტალგიურად იხსენებენ წარსულს და პირად საუბარში ცდილობენ გვერდი აუარონ ოკუპაციის ისტორიებს, რომელსაც თბილისის იგივე სახელის მქონე მუზეუმში ჰყვებიან. რუსთაველზე სეირნობისას ამ მუზეუმის აბრა რომ არ მენახა, თავს მართლაც ნამდვილად სახლში ვიგრძნობდი. საერთოდ კი, ქართველებს რუსი ტურისტების მოზღვავება მოსწონთ და ოკუპაციის გამოვლინების ფაქტებზე ვილაპარაკებთ, ეს სასტუმროებია, რომლებიც მართლაც ოკუპირებულია რუსების მიერ.

ქართველთა ახალგაზრდა თაობამ რუსული ენა არ იცის – ძნელია იპოვო ისეთი, ვისაც შეეკითხები და გიპასუხებს. საბაგირო გზით ნარიყალაზე ავდივართ, კაბინაში ხუთნი ვართ: მე და ჩემი მეგობარი ქალი, 30-35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა კაცი და მოზარდები – ბიჭი და გოგონა. ისინი თითქოსდა ყურადღებით გვისმენენ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ. შემდეგ რაღაცას ვეკითხებით და გვანიშნებენ, რუსული ენა არ ვიცითო. ახალგაზრდა კაცმა კი გვითხრა, რომ ჩვენი საუბრის შინაარსი ესმის, მაგრამ რუსულს ცუდად ფლობს.

ერთ-ერთ კაფეში კი პირიქით, სასიამოვნო ფაქტის მომსწრენი გავხდით: ოფიციანტი თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულ ენაზე: „ჩემი მშობლები მოსკოვში ხშირად დადიან, რუსულიც იქ ვისწავლე. მარტალია, დღეს ჩემნაირები ცოტაა, მაგრამ გეტყვით, რომ რუსული ენით დაინტერესება თანდათან მატულობს, რადგან სამსახურის მოძებნა იოლდება“.

„დიახ, ეს ბუნებრივი პროცესია: ყველაზე მეტი ტურისტი ჩვენთან სწორედ რუსეთიდან ჩამოდის“, – მეუბნება ჩემი ახალი თბილისელი ნაცნობი.

რასაკვირველია, რუსებს და რუსეთს ყველა ქართველი ტოლერანტულად არ უყურებს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც არ ახსოვს განვითარებული საქართველო საბჭოთა პერიოდში, ან თვალს ხუჭავს ისტორიაზე და იმდროინდელ პერიოდს დამცინავად „სოვკობას“ უწოდებს.

რას ვიზამთ, ეს ყველაფერი დრომ მოიტანა: ის ქარხანა-ფაბრიკები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში აშენდა და რომლითაც რესპუბლიკის ეკონომიკა ვითარდებოდა, დღეს გაჩერებულია ან ნანგრევებადაა ქცეული. დარჩა მხოლოდ ერთი მიმართულება – ტურიზმი. საქართველო დღეს აქცენტს ტურიზმზე აკეთებს. ეკონომიკის ეს დარგი კი, როგორც ცნობილია, პოლიტიკის გარეშე უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი ხალხები ერთმანეთს მაინც დაუახლოვდებიან. ნუ იქნება კინოფილმები, რომლებშიც ჩვენ ერთმანეთის ძმები ვართ, მაგრამ ვიყოთ კეთილი მეზობლები. ქართველები ამბობენ, რომ მათ, ისევე როგორც რუსებს, გონებით კი არა, მხოლოდ გულით გაუგებ. გულით გაგება კი ხშირად სისხლის ნათესაობაზე უფრო მტკიცეა“, – წერს გაზეთ „კრიმსკიე იზვესტიის“ ჟურნალისტი.

Comments are closed