globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 27th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Научное Общество Кавказоведов» (რუსეთი): ვარშავის სამიტი და საპარლამენტო არჩევნები: მიუახლოვდება თუ არა საქართველოს ნატოს 2016 წელს?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ექსპერტები „ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვან გზავნილებზე

«Свободная Пресса» (რუსეთი): თურქეთის დიპლომატიური განადგურება: რუსეთს, ასიმეტრიული პასუხის სახით, 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების დენონსირება შეუძლია

———————–

«Научное Общество Кавказоведов» (რუსეთი), 27 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.kavkazoved.info/news/2015/11/27/varshavskij-sammit-i-vybory-stanet-li-gruzija-blizhe-k-nato-v-2016-godu.html

ვარშავის სამიტი და საპარლამენტო არჩევნები: მიუახლოვდება თუ არა საქართველოს ნატოს 2016 წელს?

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მცდელობას იმისთვის, რომ ევროატლანტიკურ სწრაფვას ახალი იმპულსი შესძინოს. ეს გასაგებია: ჯერ ერთი რომ ახლოვდება ნატოს წევრ- სახელმწიფოთა ლიდერების სამიტი ვარსავაში 2016 წელს და მეორე – არასტაბილური ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურმა ქარმა კავკასიამდეც მოაღწია. საქართველოს ისღა დარჩენია მართლაც დააჩქაროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსში გაწევრიანება, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – მიხეილ აგაჯანიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისს ამ მხრივ მხარდაჭერა ისევ ვაშინგტონმა გაუწია, თუმცაღა ბოლო დროს აშშ საქართველოს მაინცდამაინც კარგი თვალით უყურებდა. ნოემბრის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის ჩარჩოებში, სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ენტონი ბლინკენმა მოიწონა თბილისის სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისაკენ და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა მიზნის მისაღწევად.

მაგრამ როგორც არ უნდა მტკიცედ იყვნენ ამერიკელები საქართველოს მხარდასაჭერად განწყობილნი, ევროპელი ნატოელების ხმა აშკარად აჩვენებს იმას, რომ ისინი თბილისი ნატოში გაწევრიანების საკითხის ფორსირებას არ აპირებენ. მართალია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპელი წევრები (მაგალითად, გერმანია) აქტიურად არიან ჩართულნი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში ნატოს სტანდარტებით, მაგრამ ევროპელთა კურატორობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი დაჩქარდება, პირიქით, ისინი საქართველოს მიღების საკითხის გაჭიანურებით არიან დაინტერესებულნი

გარდა მისა, თვით ამერიკელების პოზიციაც ისეთი ერთმნიშვნელოვანი არ არის, როგორც ეს პირველი შეხედვით ჩანს. კი, თბილისის სურვილს, რომ ნატოში „მაპ“-ის გარეშე შევიდეს, ამერიკელები, პრინციპში, ზოგადად მხარს უჭერენ, მაგრამ კონკრეტულად არაფერს ამბობენ…

ნატოს დედაქალაქებში პირდაპირ არფერს ამბობენ საქართველოს ალიანსში მიღების პროცესის ნგაჭიანურებაზე, მაგრამ ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მათი მიდგომა სწორედ ასეთია. ევროპელებს სურთ, რომ საქართველოს მიღება ნატოში ცალკე, მარტოდმარტო კი არ მოხდეს, არამედ „დაწყვილებული“ სახით – უკრაინასთან ერთად, მაგრამ უკრაინა ალიანსთან ინტეგრაციის საკითხში საქართველოსთან შედარებით უიმედოდაა ჩამორჩენილი, უკან დგას ყველა პარამეტრით.

რასაკვირველია, უკრაინის მიბმას საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არ შეიძლება თბილისის გაოცევა არ გამოეწვია. ამ შემთხვევაში ძალიან აშკარად ჩანს, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება. დღეს საქართველო ცდილობს რუსეთთან მეტ-ნაკლებად ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდეს და სულაც არ სურს ნატოს გზაზე გეოპოლიტიკური ბარიერების გაჩენა. თბილისი ნატოსაკენ თვითონ მიდის და მას რუსეთთან აშკარად მტრულად განწყობილ  უკრაინასთან „დაწყვილება“ ნამდვილად არ აწყობს.

საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მართლაც თავისი გზით მიდის: საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ინფრასტრუტურას ქმნის, ნებას აძლევს სამხედრო ბლოკს უფრო მეტ მძიმე ტექნიკა შეიყვანოს მანევრების დროს, თუმცა იმავდროულად აცნობიერებს, რომ მოსკოვთან კონფრონტაცია ვარშავის სამიტისა და საპარლამენტო არჩევნების წინ კონტრპროდუქტიული იქნება. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას რთულ შიდაპოლიტიკურ პირობებში უწევს მოქმედება. გასათვალისწინებელია სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტურობის მომატებული დონეც.

რასაკვირველია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მეზობლებიც ყურადღებით აკვირდებიან. სწორედ ამიტომაც ოქტომბერ-ნოემბერში თბილისს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ზედიზედ ეწვივნენ. თავის მხრივ, რასაკვირველია, ნატოში გაწევრიანების გზაზე მდგარი თბილისი ვერ მოახდენს იმ ფაქტის იგნორირებას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან კონფლიქტში არიან. საქართველოს ნატოში გაწევრიანება მთელი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის კონფიგურაციას შეცვლის და იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი „ოდკბ“-ის („ორგანიზაცია დოგოვორა კოლლეკტივნოი ბეზოპასნოსტი“) წევრია, ეს გარემოება სამხედრო ბლოკების დაპირისპირების რისკს გაზრდის. არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანმა თავისი „ბლოკებს გარეშე“ სტატუსი შეცვალოს.

ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია მოახდინოს იმ მოქალაქეთა პოზიციის იგნორირება, რომლებიც მხარს უჭერენ ევროინტეგრაციის ალტერნატივას – ევროაზიულ ინტეგრაციას. ამ ფონზე „ქართული ოცნების“ მთავრობისათვის ძალიან უსიამოვნო ამბავია ის, რომ დასავლეთი, კერძოდ, აშშ ჯერ კიდევ მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას, რომელმაც [ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის მანძილზე] საკუთარი იმიჯის დისკრედიტირება მოახდინა. არჩევნებამდე დარჩენილ დისტანციაზე, ერთ წლამდე ცოტა დროში, ამერიკელი პარტნიორების ასეთი სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისათვის ძალზე არასასიამოვნოა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/vachagaev-berman-on-isis-georgia-video/3074553.html

ექსპერტებიისლამური სახელმწიფოსქართულენოვან გზავნილებზე

ანა კალანდაძე

„ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ქართულ ენაზე გავრცელებული ვიდეო რგოლის სავარაუდო გზავნილებზე, რადიკალიზმის გავრცელებასა და ქართველი მუსლიმების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ამერიკის ხმამ ექსპერტების შეფასებები მოისმინა. ილან ბერმანი ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ვიცე პრეზიდენტი და აღნიშნულ საკითხებში განსწავლული მკვლევარია. მაირბეკ ვაჩაგაევი კი ჩეჩენი ისტორიკოსია, ამჟამად ვაშინგტონში არსებული ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი და სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი:

თუ რა დგას ქართულ ენაზე გავრცელებული ვიდეო მიმართვის უკან და როგორ უნდა აღიქვან ის საქართველოში, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გზავნილი მრავალმხრივია:

ილან ბერმანი: ისლამური სახელმწიფოს ვიდეო მიმართა ნათელი სიგნალია იმისა, რომ ეს ორგანიზაცია სტრატეგიულ ხედვას აფართოებს სირიისა და ერაყის საბრძოლო ტრაექტორიის მიღმა იქ, სადაც მას პოტენციალი და ინტერესი აქვს პოლიტიკური სტრუქტურების დამხობის მიზნით. ასე ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში. ახლა, გზავნილი საქართველოსადმი აშკარა ინდიკაციაა რომ ეს ორგანიზაცია პოსტ-საბჭოთა სივრცეს აკვირდება და გაფართოებას ცდილობს. პარიზსა და სხვაგან განვითარებული მსგავსი თავდასხმების შემდეგ დავრწმუნდით, რომ ბრძოლა “ისლამური სახელმწიფოს” წინაამდეგ სინამდვილეში ახლო-აღმოსავლეთში არ არის კონცენტრირებული, არამედ ევროპისა და ევრაზიის რეგიონებში მიმდინარეობს. ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევის ეგიდით, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს და ამ დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას შეამცირებს, მაგრამ ეს გრძელ-ვადიან პერსპექტივაში მოხდება, თუმცა საქართველოს ჩართულობა გლობალურ ძალისხმევაში ამ ქვეყანასაც მოუტანს სარგებელს, რამეთუ ტერორის ქსელის ბრძოლისუნარიანობის შეზღუდვა მის გავრცელებასაც აღმოფხვრის საქართველოში.

ვაჩაგაევს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ქართველებმა პანიკისგან თავი უნდა შეიკავონ და რომ ვიდეო რგოლის გავრცელება და მისი მესიჯი, სავარაუდოდ, არ გულისხმობს “ბოევიკთა“ მყისიერ მოქმედებებს. ვაჩაგაევი დარწმუნებულია, რომ ანალოგიურ გზავნილებს “ისლამურ სახელმწიფოს” შეფიცული სხვადასხვა ეროვნების წევრები მთელს მსოფლიოში აგზავნიან და ეს ერთგვარი მოვალეობაა ყველასთვის, ვინც “ისლამური სახელმწიფოს” დროშის ქვეშ ერთიანდება.

მაირბეკ ვაჩაგაევი: ყველაფერი ეს უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ დაჯგუფების ყველა უცხოელმა წევრმა ერთგვარი ანგარიში უნდა ჩააბაროს, თუ რას ეკეთებს ხალიფ აბუ ბაქრ ალ ბაღდადის [ “ისლამური სახელმწიფოს” მეთაური-მ.ვ.] სამსახურში. ამ ტიპის ჩანაწერი მე აღვიქვი, როგორც “ისლამური სახელმწიფოს” ქართველი წევრების პროპაგანდა.

რადიკალიზმის ნიშნების გადატანას პანკისის საზღვრებს მიღმა და შესატყვისი მუშაობის საჭიროებას საზოგადოებისა და მთავრობის მხრიდან, ორივე ექსპერტი ანალოგიური ხასიათის განცხადებებით ეხმიანება:

ილან ბერმანი: ისლამური რადიკალიზმის, და არა ჯიჰადის, საფრთხე საქართველოში მხოლოდ გარედან არის პროვოცირებული. რათქმა უნდა, ბოლო ათი წელია პანკისის ხეობაში ისლამური რადიკალების შესვლით დღევანდელმა სიტუაციამ მოიგო და ერთგვარად, ამ ახალი ნაკადის წევრებიც პანკისის სიტუაციამ მოამზადა. მაგრამ, მუსლიმი თემი არც ისე დიდია, და როგორც ჩანს ყველა ეს ადამიანი “ისლამურ სახელმწიფოში” გაერთიანებას არ ფიქრობს. ვიტყოდი პირიქით: ის, რაც ხდება, პირველ რიგში “ისლამური სახელმწიფოს” ამბიციის გამოვლინებაა, რომ მას რეგიონული ხალიფატის შექმნა სურს და უნდა რეგიონის მთავრობები გააფრთხილოს, რომ სწორედ ასეთი ზრახვები ამოძრავებს.

რაც შეეხება ქართული საზოგადოებისა და მთავრობის გამოხმაურებას: მე გეტყვით, რომ ალ-ყაიდა და “ისლამური სახელმწიფო” განსაკუთრებით იმიტომ გაძლიერდნენ, რომ ქვეყნებში მუსლიმებს შესატყვისი შესაძლებლობები არ გააჩნდათ, ისინი არც საკმარისად ინტეგრირებული ყოფილან საზოგადოებაში. რაც არ უნდა მცირე ზომის იყოს საქართველოს მუსლიმური თემი, გასაკეთებელი ბევრია იმისთვის, რათა ამ თემმა თავი სრულად რეალიზებულად, ინტეგრირებულად იგრძნოს ქვეყნის ცხოვრებაში.

მაირბეკ ვაჩაგაევი: საუბარი იმაზე, თუ როგორ შეწყვიტონ მსგავსი გზავნილების გავრცელება ან ის, რომ სპეცსამსახურები რაღაცას აკეთებენ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, არასერიოზულია და ისინი ქართველი ხალხის ყურადღებას არ იმსახურებს. არც სპეცსამსახურებმა, არც არავინ მთავრობაში არ იცის რასთან აქვს საქმე. ერთადერთი საღი აზრი, რომელიც არსებობს ამ თემასთან მიმართებაში პატრიარქმა ილია მეორემ გააჟღერა, რომელმაც ბრძანა, რომ არ ღირს ისლამის, როგორც რელიგიის გაშავება და რომ ტერორისტებს რელიგია ან ეროვნება არ გააჩნიათ. სხვა სიტყვებით, ქართული საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს არაკორექტული ბრალდებებისგან ისლამის მიმართ.

საჭირო ძალისხმევასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ  საქართველოში უნდა იბრძოლონ თითოეული ახალგაზრდა ადამიანის გადასარჩენად, და გააცნობიერონ, რომ თითოეულ ადამიანს მთელმა საზოგადოებამ უნდა უშველოს, გაკეთდეს ყველაფერი, რათა ის მარტო არ დარჩეს, როცა საზოგადოებისგან იმედგაცრუებული აღმოჩნდება. სასურველი იქნებოდა, რომ მთელი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება გადაერთოს მუსლიმებით დასახლებულ რაიონებზე იმისთვის, რათა მათ [მუსლიმების თემმა] თავი საზოგადოების პასუხისმგებლიან ნაწილად იგრძნოს და მათ, როგორც ქვეყნის მოქალაქეებმა, დაინახონ სამოქალაქო საზოგადოების შემხვედრი ინტერესი და პასუხისმგებლობა.

არის თუ არა კანონზიმიერება იმაში, რომ ერთი შეხედვით მშვიდობიან საქართველოში მცირერიცხოვანი მუსლიმ თემს ამდენად რადიკალური შეხედულებები ახასიათებს2.

სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ისლამთან მიმართებაში არ არის თანმიმდევრული. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მუსლიმების წინააღმდეგ არანაირ ზომებს არ მიმართავს, მაინც, ის თვალს ხუჭავს ფსევდო პატრიოტების მოქმედებებზე ეკლესიის მხრიდან.

წინწყაროში, მოხში, ქობულეთში მომხდარი შემთხვევები კარგი მაგალითია, თუ როგორ აძლევს მთავრობა დროს საზოგადოების ერთ ნაწილს აბუჩად აიგდოს მეორე მხარე, და ეს მაშინ, როცა ორივე მხარე ქართველია. მინდა კარგად გამიგონ მართლმადიდებლებმა: თითოეული ასეთი აქცია მორიგ, რადიკალურად განწყობილ ადამიანს აყალიბებს.

მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ შეინარჩუნოს ისტორიულად დამახასიათებელი ტოლერანტობა და არ მისცეს საკუთარ თავს უფლება ჩაერთოს დისკუსიაში, თუ რომელი ისლამია კარგი ან ცუდი. დაე თითოეულმა ქართველმა თანამემამულეში სწორედ ქართველი დაინახოს და არა იმით განსაჯოს ის, თუ რა აღმსარებლობის არის ეს ადამიანი. და ბოლოს, მე ვფიქრობ პანკისი და აჭარა გახდება ის ხიდი, რომელიც ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს.

«Свободная Пресса» (რუსეთი), 27 ნოემბერი, 2015 წელი

http://svpressa.ru/politic/article/136909/?rss=1

თურქეთის დიპლომატიური განადგურება

რუსეთს, ასიმეტრიული პასუხის სახით, 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების დენონსირება შეუძლია

„უეჭველია, რომ კრემლი თურქეთის წინააღმდეგ ძალიან მკვეთრ პასუხს ამზადებს. შეიძლება ეს არც ეკონომიკური სანქციები არ იყოს და არც ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვა. ჩვენს სახელმწიფოს დიპლომატიური იარაღი აქვს: კრემლს სრული იურიდიული უფლება აქვს გადახედოს და გააუქმოს კიდეც თურქეთთან დადებული მეგობრობის ხელშეკრულება, რომელიც 1921 წლის 16 მარტს გაფორმდა მოსკოვში. ამ დოკუმენტით, რომლის სარატიფიკაციო სიგელების გაცვალა ქალაქ ყარსში მოხდა 1921 წლის 22 სექტემბერს, კავკასიაში საზღვრები რადიკალურად შეიცვალა: თურქეთის ტერიტორია 30%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ამ ხელშეკრულებას თურქეთის მხრიდან ხელი მოაწერეს ისეთმა ადამიანებმა (იუსუფ ქემალ-ბეიმ, რიზა ნური-ბეიმ და ალი ფუად-ფაშამ), ანუ ე.წ. „ქემალისტთა მთავრობის“ წარმომადგენლებმა, რომელიც იმ დროს მსოფლიოში არავისგან არ იყო აღიარებული. არადა, 1921 წლისათვის უკვე მოქმედებდა სევრის სამშვიდობო ხელშეკრულება ([თურქეთსა და ანტანტას შორის დადებული], რომელსაც ხელი მოაწერეს თურქეთის მაშინდელი მმართველის – სულთან მეჰმედ მეექვსის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ალექსანდრ სიტნიკოვი).

სტატიაში გადმოცემულია მოსკოვის ხელშეკრულების ის მუხლები, რომლის თანახმად, რუსეთი თურქეთის ტერიტიორიულ მთლიანობას აღიარებს და აღნიშნულია, რომ 1921 წლის ხელშეკრულებით სომხეთმა და საქართველომ თავიანთი ისტორიული მიწა-წყალი დაკარგეს.

„ჩვენმა ქვეყანამ ამ ხელშეკრულებაზე ხელი თურქების ხისტი პრესინგის გამო მოაწერა. იმ დროისათვის ქემალისტებმა უკვე ხელში ჩაიგდეს კავკასიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები, წინ მოიწევდნენ, პარალელურად კი ანტირუსულ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ანტანტასთან. მოკლედ, ისტორიკოსებს ადვილად შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ხელშეკრულების დადების დროს პოლიტიკური და სამხედრო იძულება ხდებოდა. გარდა ამისა, იმ მომენტისათვის თურქეთის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში სულთან მეჰმედ მეექვსის კანონიერი მთავრობა მოქმედებდა. შესაბამისად, ამბოხებული გენერლის მუსტაფა ქემალის წარმომადგენლებთან (ანუ პუტჩისტებთან) ხელშეკრულების გაფორმება უსამართლობა იყო. ამ პაქტის ჩარჩოებში რუსი ბოლშევიკები დათანხმდნენ, რომ საქართველოსა და სომხეთის მიწები თურქეთს გადაცემოდა, ქემალისტებთან ზავის სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება სხვადასხვანაირად შეფასდეს იმ დროს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანას იმის ძალა აღარ ჰქონდა, რომ თურქეთის აგრესია შეეჩერებინა. იმ პერიოდში აგრესიული თურქული წრეები „დიდი თურანის“ შესაქმნელად ემზადებოდნენ (მცირე აზიიდან კავკასიის, შუა აზიის და ალტაის ჩათვლით), შესაბამისად, მათი ამბიციები ანგარიშგასაწევი იყო.

ის, რომ ქემალისტები მზად იყვნენ უმიზეზოდ თავს დასხმოდნენ თავიანთ მეზობელს, ამაზე რუსეთისა და თურქეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაც მეტყველებს. რასაკვირველია, მოსკოვში იცოდნენ, რომ თურქ ვეზირებს პათოლოგიური რუსოფობია სისხლში ჰქონდათ გამჯდარი. ვლადიმირ ლენინმა თურქების დელეგაციას სწორედ ის გაახსენა, როცა მათ რუსეთთან 1805 წელს დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულება გააუქმეს და ფრანგ ნაპოლეონ ბონაპარტს ანტირუსულ პოლიტიკაში მხარი დაუჭირეს“, – ნათქვამია სტატიაში.

„მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოსკოვის ხელშეკრულებამ, თავისი ნაკლოვანებების მიუხედავად, საბჭოთა კავშირს, თურქეთთან მიმართებით, ერთგვარი ამოსუნთქვისა და ფაშისტურ გერმანიასთან გამკლავების საშუალება მისცა, მაგრამ კრემლი ლენინ-ქემალის პაქტის უსამართლობას არ ივიწყებდა: 1945 წელს გაზეთ „პრავდაში“ ქართველი აკადემიკოსების სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ღია წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თურქეთმა 1921 წელს ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფოს დიდი ტერიტორიები წაართვა, რომლებიც საქართველოს და ქართველ ხალხის ისტორიულ მიწა-წყალს წარმოადგენდა. რასაკვირველია, ეს წერილი პრესაში იოსებ სტალინის თანხმობის გრეშე ვერ გამოქვეყნდებოდა. მასში შავით თეთრზე პირდაპირაა ნათქვამი: „იმ მძიმე უბედურების ჟამს, რომელიც ქართველ ხალხს 1921 წელს დაატყდა, თურქებმა ისარგებლეს სიტუაციით და საქართველოს კუთვნილი არტაანის, ართვინის, ოლთისის ოლქებისა და ბათუმის ოლქის სამხრეთის ნაწილის ოკუპირება მოახდინეს. დღეს ქართველი ხალხი თავისი ისტორიული მიწა-წყლის დაბრუნებას ითხოვს, რომელზეც უარი არასოდეს უთქვამს და ვერ ახლა იტყვის“.

იმ ხანებში გაზეთ „იზვესტიაშიც“ დაიბეჭდა ისტორიკოს ალექსეი ჯიველეგოვის სტატია ქემალისტებთან გაფორმებული ხელშეკრულების უსამართლობაზე, რომელიც სომხეთის ისტორიული მიწა-წყლის დაბრუნებას ეხებოდა. არსებითად, სტატიების გამოქვეყნება სიგნალი  იყო რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების შესაძლო დენონსაციისათვის… მაგრამ თურქეთის ინტერესების სადარაჯოზე ატომური ბომბით შეიარაღებული ვაშინგტონი დადგა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ამჟამინდელი სიტუაცია რუსეტს იძულებულს ხდის სხვაგვარად შეხედოს თანამედროვე თურქეთთან ურთიერთობას, რომლის ტრადიციული ჩვევა ბოლო ასი წლის მანძილზე პრაქტიკულად არ შეცვლილა.

გასაგებია, რომ მოსკოვის ხელშეკრულების დენონსაცია კავკასიაში საზღვრების დაუყონებლივ ცვლილებას არ გამოიწვევს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დააჩქარებს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესს და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაახსენებს თურქების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს“, – ხაზგასმულია სტატიაში.

Comments are closed