globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 27th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი ექსპერტების აზრით, საქართველო დონალდ ტრამპის ზარს არ უნდა დაელოდოს // „არა მგონია, რომ საქართველო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება. ამიტომ ქართველებმა დრო არ უნდა დაკარგონ და კონტაქტზე თვითონ უნდა გავიდნენ“

«Эхо» (აზერბაიჯანი): სომხეთში ირანის პრეზიდენტის ვიზიტის ექო: „ერევანს ბაქოსთან და ანკარასთან რთული დამოკიდებულება აქვს, საქართველო თვითონაც მთლიანად პრობლემებშია ჩაფლული. შესაბამისად, ერევანი თავის პრობლემებს თეირანის დახმარებით აგვარებს“

«As Safir» (ლიბანი): რუსეთის სამხედრო ყოფნის გაფართოება პოსტსაბჭოთა სივრცეში

«Mediapart» (საფრანგეთი): გლუკსმანები: მამიდან შვილზე // რაფაელ გლუკსმანის ქართული ისტორიები

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-should-take-initiative-with-trump/3651585.html

ამერიკელი ექსპერტების აზრით, საქართველო დონალდ ტრამპის ზარს არ უნდა დაელოდოს // „არა მგონია, საქართველო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყოს. ამიტომ ქართველებმა დრო არ უნდა დაკარგონ და კონტაქტზე თვითონ უნდა გავიდნენ

ია მეურმიშვილი

საქართველოს მთავრობასა და ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა. დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს დადებს. მანამდე არჩეული პრეზიდენტი კაბინეტს აკომპლექტებს და ზოგიერთ ქვეყანასთან – მათ შორის, რუსეთთან – ურთიერთობის დეტალებზე საუბრობს.

„ახალი ამერიკის ფონდის“ მკვლევარი მაიკლ ჩეჩირე ამბობს, რომ საქართველომ ამ მიმართულებით ნაბიჯები თვითონ უდნა გადადგას: „ეს, ჩემი აზრით, ის საკითხია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თვითონ უნდა განავითაროს. დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია არაა კარგად ინტეგრირებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის ესტაბლიშმენტში და არაა ბოლომდე გაცნობიერებული საგარეო პოლიტიკის ნორმებსა და ეტიკეტში“, –  განაცხადა ექსპერტმა. მან ასევე დასძინა, რომ “იმის გამო, რომ მომავალ ადმინისტრაციაში ბევრი ისეთი ადამიანი იქნება დასაქმებული, რომლებიც პოლიტიკისგან დღეს შორს დგანან, ისინი საქმის კეთებას პროცესში ისწავლიან. ვფიქრობ, დონალდ ტრამპს შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ რა მოხდება. ამასობაში კი საქართველომ აშინგტონს საკუთარი თავი უნდა შეახსენოს“.

მაიკლ ჩეჩირეს თქმით, აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს ბევრი რთული ურთიერთობა ექნება სამართავი და ამასთან, თავის გართმევა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოწვევისთვის მოუწევს. სწორედ ამიტომ, როგორც მკვლევარი ამბობს, საქართველომ თვითონ  უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ დ.ტრამპის გარდამავალ გუნდს დაუკავშირდეს: „საქართველოს აქ [ვაშინგტონში] საელჩო აქვს, ჰყავს ლობისტები, ჰყავს მეგობრები, რომლებსაც შეუძლია დაუკავშირდეს და ხელშეწყობა სთხოვოს. ანუ საქართველოს ამ კავშირის დასამყარებლად რესურსი აქვს“. მაიკლ ჩეჩირეს მიაჩნია, რომ ეს ადვილი დავალება არ იქნება და „კონტაქტი რომც შედგეს, არ არის გარანტია, რომ ის წარმატებული იქნება. მთავარი მაინც ის არის, თუ როგორ შეძლებს საქართველო ახალი ადმინისტრაციისთვის თავის წარმოდგენას და იმის ჩვენებას, რომ საქართველო მსოფლიოს უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს და რომ ის ამერიკის მოკავშირეა“.

ევროპის პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი დონალდ ჯენსენი ამბობს, რომ გარდამავალი გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებული ჯერ არ არის და შესაბამისად, მომავალ ადმინისტრაციას პრიორიტეტები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს. მაიკლ ჩეჩირეს მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ კონტაქტის ინიცირება საქართველომ უნდა გააკეთოს: „მე რომ საქართველოს ადგილზე ვიყო, გარდამავალი გუნდისგან ზარს არ დაველოდებოდი. თუ თბილისს მიაჩნია, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი აქვთ სათქმელი ამერიკის მომავალი ადმინისტრაციისთვის, ინიციატივა უნდა გამოიჩინოს, პროტოკოლის დაცვას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და კონტაქტზე თვითონ გავიდეს. არა მგონია, საქართველო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყოს. ამიტომ [ქართველებმა] დრო არ უნდა დაკარგონ და კონტაქტზე [თვითონ უნდა] გავიდნენ“, – აღნიშნა დონალდ ჯენსენმა.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ სენატორების ჯონ მაკკეინისა და ლინზი გრეემის რეგიონში ვიზიტი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამით ისინი დონალდ ტრამპს სიგნალს უგზავნიან, რომ მათთვის ეს რეგიონი პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში დონალდ ჯენსენმა ასევე განაცხადა, რომ ის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს, გასაკვირი არ არის, რადგან აშშ-ის ყველა პრეზიდენტი მმართველობის დასაწყისში რუსეთთან ურთიერთობას სწორედ ამ ნაბიჯით იწყებს. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ამ მხრივ, ზოგიერთი ფაქტორი მედიაში იმაზე მძიმედაა წარმოდგენილი, ვიდრე ეს სინამდვილეშია:

„ბევრი ქვეყანა გაურკვევლობაშია იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებს ტრამპი. ამას არც მედია საშუალებები ეხმარება. ვაშინგტონში ლიბერალური საგარო პოლიტიკის ესტაბლიშმენტი ყველაფერს, რასაც ტრამპი ამბობს, დიდ ყურადღებას აქცევს“, – განაცხადა დონალდ ჯენსენმა. მისი აზრით, ამით მედია ცუდი ვითარების შეგრძნების გაჩენას ცდილობს.

„ვფიქრობ, დონალდ ტრამპს შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ, რა მოხდება. ამასობაში კი საქართველომ ვაშინგტონს საკუთარი თავი უნდა შეახსენოს“, – დასძინა დონალდ ჯენსენმა.

დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შტრიხები ჯერ ისევ არ არის ჩამოყალიბებული. ერთი რამ, რაც მისი განცხადებებზე დაყრდნობით ვიცით, არის ის, რომ არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას ეცდება. არ ვიცით ის, თუ რა დათმობებზე წასასვლელად იქნება ის მზად ამ მიზნის მისაღწევად. ანალიტიკოსები, რომლებსაც „ამერიკის ხმა“ ესაუბრა, თანხმდებიან, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა, საქართველომ მის გარდამავალ გუნდთან კონტაქტი თვითონ უნდა დაამყაროს და ვაშინგტონიდან ზარს არ დაელოდოს.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 27 დეკემბერი, 2016 წელი

http://ru.echo.az/?p=54453

სომხეთში ირანის პრეზიდენტის ვიზიტის ექო: „ერევანს ბაქოსთან და ანკარასთან რთული დამოკიდებულება აქვს, საქართველო თვითონაც მთლიანად პრობლემებშია ჩაფლული. შესაბამისად, ერევანი თავის პრობლემებს თეირანის დახმარებით აგვარებს“

ბ.საფაროვი

(შემოკლებით)

„სომხეთი, ეკონომიკური თვალსაზრისით, სუსტი ქვეყანაა და ირანის სრულფასოვანი პარტნიორი ვერ იქნება, მიუხედავად იმ ხმამაღალი განცხადებებისა, რომლებიც ერევანში, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისა და ჰასან როუჰანიის შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა“, – განუცხადა გაზეთ „ეხოს“ კორესპონდენტს პოლიტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

„სომხეთს ირანისაგან ინვესტიციების მიღება სურს, მაგრამ ირანს ამჟამად სომხეთის ინვესიტირების შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა აშკარაა, რომ ორივე ქვეყანას ერთმანეთთან კონტაქტების სურვილი ამოძრავებთ. მათ ერთმანეთი ჭირდებათ, რომ აზერბაიჯანს დაანახონ: „ჩვენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობის მომხრენი ვართო“. ერევანიც და თეირანიც ჩვენი ქვეყნის მტრობით არიან განმსჭვალულნი. ჩემი აზრით, პრეზიდენტ ჰასან როუჰანის ერევანში ვიზიტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო“, – თქვა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

„ირანმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სომხეთში, თავისი რეგიონული პოლიტიკის განხორციელების ჭრილში. სომხეთის საზღვრისპირა ქალაქები ირანულ გაზს მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანმა მოახერხა რუსული „გაზპრომის“ გაზგამანაწილებელი სქემის მოშლა. არაა გამორიცხული, რომ ამით ირანს, ალბათ, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის ზიანის მიყენება აქვს ჩაფიქრებული, თუმცა ყველა განცხადება, რომელიც ვიზიტის დროს გაჟღერდა, სომხების გასამხნევებლად იყო გაკეთებული“, – აღნიშნა მუბარიზ აჰმედოღლუმ გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში.

თავის მხრივ პოლიტოლოგმა ფარვინ დრაბანდმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ პრინციპში, ერევანში არაფერი ანტიაზერბაიჯანული არ თქმულა: „ირანი და სომხეთი ერთმანეთის პრობლემებს წყვეტენ, არაფერი აქ ჩვენს წინააღმდეგ არ არის. სხვა საქმეა იმის გაანალიზება, თუ რამდენად ჭირდებიან ისინი ერთმანეთს სინამდვილეში. რასაკვირველია, სომხეთს უფრო მეტად, ეს ერევნისათვის პრინციპული საკითხია“.

ფარვინ დრაბანდმა ხაზი გაუსვა, რომ ირანთან მეგობრული დამოკიდებულებით [„ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნით“] სომხეთმა ბლოკადა გაარღვია: „სომხეთს ირანის გზით მსოფლიოში გასასვლელი გაუჩნდა. ერევანს ანკარას რთული დამოკიდებულება აქვს, ჩვენთან – მით უმეტეს. საქართველო თვითონაც მთლიანად პრობლემებშია ჩაფლული. ირანიდან კი სომხეთი იკვებება. შესაბამისად, ერევანი თავის პრობლემებს თეირანის დახმარებით აგვარებს. ეს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუმცა ირანისთვისაც მომგებიანია. ბუნებრივია, რომ ირანის პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხში ჩვენთან, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს. რიგითი აზერბაიჯანელისათვის გაუგებარია – როგორ შეიძლება, მუსულმანურ ქვეყანას, ირანის სახით, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს ისეთ არამუსულმანურ [ქრისტიანულ] ქვეყანასთან, რომელიც ომი აქვს მუსულმანურ სახელმწიფო აზერბაიჯანთან?“, – ხაზი გაუსვა ფარვინ დრაბანდმა.

«As Safir» (ლიბანი), 26 დეკემბერი, 2016 წელი

https://assafir.com/Article/217/521111

რუსეთის სამხედრო ყოფნის გაფართოება პოსტსაბჭოთა სივრცეში

სტატიაში განხილულია რუსეთის მცდელობები სამხედრო გავლენის გაძლიერების მიზნით როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე ხმელთაშუაზღვისპირეთში, კერძოდ, სირიაში (ავტორი – ჰანი შადი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

1990-იან წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის შესუსტებას მოგვიანებით მისი ხელახალი გაძლიერება მოჰყვა: ვლადიმირ პუტინის ინიციატივით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსეთის სამხედრო ბაზების მშენებლობა დაიწყო. თავდაპირველად მოსკოვმა მზერა ტაჯიკეთს, სომხეთსა და ბელარუსს მიაპყრო. ამ რესპუბლიკებში ისევ დაიწყო რუსული იარაღის შესყიდვები… შემდეგ რუსული ბაზა ყირგიზეთში  გაჩნდა, როცა „მანასი“ ამერიკამ დატოვა. მოსკოვს ინტერესები აქვს აგრეთვე უზბეკეთში. ზოგიერთი რუსი ექსპერტი მოსკოვის ამგვარ გააქტიურებას იმით ხსნის, რომ რუსეთი ცდილობს გაანეიტრალოს ავღანეთიდან წამოსული ტერორიზმის საფრთხე. ამასთან, იმავე ცენტრალური აზიის რეგიონში პოზიციებს მთლიანად არც ამერიკა არ თმობს – ვაშინგტონი ამჯერად ყაზახეთში დამკვიდრებას ცდილობს, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზები ჯერ არ არის: არის ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა თვალი ყაზახეთის ნავსადგურს აქტაუს მიაპყრო, სადაც შესაძლოა პენტაგონის სამხედრო ბაზა გაჩნდეს. იიგივე რუსი ექსპერტები მიუთითებენ იმასაც, რომ ცენტრალურ აზიაში მეზობელი ჩინეთიც ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას.

მაგრამ რუსეთის მცდელობები უფრო ფართო და მასშტაბიანია – მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში: 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ თავისი სამხედრო ბაზები დააფუძნა. გარდა ამისა, რუსეთმა განამტკიცა ურთიერთობა აზერბაიჯანთან: ბაქოსთან დაიდო შეთანხმება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების რუსული იარაღის შეძენაზე, აზერბაიჯანის არმიისათვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანი, დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობის ფაქტორის გათვალისწინებით, უარს ამბობს თავის ტერიტორიაზე რუსეთის ბაზები განალაგოს. სხვათა შორის, იგივე აცხადებდა საქართველოც 2008 წლის ომამდე.

რუსეთის შემდგომი ნაბიჯი მის ფარგლებსგარეთ სამხედრო ბაზების შექმნის მიზნით უკვე ხმელთაშუაზღვისპირეთს მოიცავს – სირიის ნავსადგურ ლატაკიას და იქვე ახლოს მდებარე ჰმეიმის სამხედრო ბაზას, რომელსაც ადრე სირიის ავიაცია იყენებდა. ამ მიზნით მოსკოვმა და დამასკომ 2015 წლის ზაფხულში შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმეს (…). დასავლელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა აღიდგინა თავისი საბჭოთა კავშირისდროინდელი ყოფნა სირიაში (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში) და ამ რეგიონს უკვე აღარ მიატოვებს.

რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგება პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და საზღვარგარეთ ძირითადად ამერიკასთან გეოპოლიტიკური კონკურენციისა და რუსეთის საზღვრებთან ახლოს ნატოს გაფართოების კონსტექსტში უნდა იქნეს განხილული. [1990-იან წლებში] ვაშინგტონი  პერმანენტულად აფართოებდა სამხედრო ყოფნას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რუსეთმა კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უცხოეთში თავისი ბაზები დაკარგა. გარდა ამისა, ამერიკამ და ნატომ გააქტიურეს მცდელობა ბალტიისპირეთში და აღმოსავლეთ ევროპაში ბაზების განლაგების მიზნით, რაც იგივე ნაბიჯების გადადგმისათვის რუსეთის პროვოცირებას ახდენს.

როგორც ჩანს, მოსკოვის სამხედრო ყოფნის ტენდენცია პოსტსაბჭოთა სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ კვლავ გაგრძელდება – აშშ-ის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის მოსვლის მიუხედავად.

«Mediapart» (საფრანგეთი), 26 დეკემბერი, 2016 წელი

https://blogs.mediapart.fr/robert-chaudenson/blog/251216/de-pere-en-fils-les-glucksmann

გლუკსმანები: მამიდან შვილზე

რაფაელ გლუკსმანის ქართული ისტორიები

სტატიაში საუბარია ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის ანდრე გლუკსმანსა და მისი ვაჟის – რაფაელის შესახებ, მათ მიზნებზე, შემოქმედებაზე და პირადი ცხოვრების ზოგიერთ დეტალზე, განსაკუთრებით კი მეუღლის – ეკატერინე ზღულაძის თაობაზე (ავტორი – რობერ შოდანსონი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ანდრე გლუკსმანი, რომელიც 2015 წლის ნოემბერში გარდაიცვალა, ახალგაზრდობაში მაოისტი ანუ ჩინეთის კომუნისტი ლიდერის მაო ძედუნის იდეების მიმდევარი იყო, შემდეგ კი პროამერიკული ნეოკონსერვატორი და ნიკოლა სარკოზის მხარდამჭერი გახდა. შვილის გზა მამის გზისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება: რაფაელი თავის თავს ჟურნალისტს და რეჟისორ-დოკუმენტალისტს უწოდებს, თან არცთუ უსაფუძვლოდ – მან უკვე მოასწრო რამდენიმე წიგნისა და ფილმის შექმნა, მათ შორის ფილმებისა „ყველა მოჰკალით!“ (რუანდაში მომხდარი გენოციდის თაობაზე) და „ნარინჯოვანი 2004“ (უკრაინის ე.წ. „ნარინჯოვანი რევოლუციის“ თაობაზე).

„აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რაფაელ გლუკსმანი ორივე ფეხით ჩაეფლო პოლიტიკაში და არა როგორც ავტორი, არამედ როგორც [უცხო სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის] საიდუმლო თუ ოფიციალური „მრჩეველი“. რაფაელის შემთხვევაში პოლიტიკა სწრაფად გადაეხლართა პირად ცხოვრებას, რაც დასტურდება მისი კავშირებით ახალგაზრდა პიკანტურ ქართველ ქალთან – ეკატერინე ზღულაძესთან, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და ზოგჯერ მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა (2005-2012 წლებში) პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. პრეზიდენტი, თავის მხრივ, რაფაელ გლუკსმანის პირველი წიგნის თანაავტორია („მე თქვენთან თავისუფლებაზე ვსაუბრობ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად“, პარიზი, 2008 წელი).

ეკატერინე ზღულაძე იმ წლებში ქართული პოლიციის რეფორმას და „დესოვეტიზაციას“ ახორციელებდა, რომლის დროსაც მან ძველი 20 ათასი „საეჭვო თანამშრომელი“ ახლებით შეცვალა. გარდა ამისა, მან თავისი წვლილი შეიტანა შინაგან საქმეთა უწყების გაფართოებაში – ერთმანეთს შეურწყა პოლიცია და სპეცსამსახურები, ყოფილი „კაგებეს“ სახით. ეკატერინე ზღულაძე [საქართველოს მთავრობაში] ერთგვარი სიმბოლო იყო – „მაღალი ქუსლები ნალებიანი ჩექმების“ ნაცვლად.

2014 წლის გაზაფხულზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში  რადიკალური რეფორმების გატარება გადაწყვიტა და ამ საქმის ხელმძღვანელობა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შეკრებილ ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების  გუნდს დაავალა. მათ რიცხვში ეკატერინე ზღულაძეც იყო. 2014 წლის დეკემბერში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და რამდენიმე დღეში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედაც დაინიშნა.

რაფაელ გლუკსმანმა თავისი მომავალი მეუღლე ეკატერინე ზღულაძე 2009 წელს გაიცნო (ეკატერინე მასზე ერთი წლით უფროსია). 2012 წლისათვის მათ უკვე ჰყავდათ სამი წლის ვაჟი ალექსანდრე – საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ამის მიუხედავად, ოჯახის სიმტკიცე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა: ფრანგული ყვითელი პრესა ამას წინათ წერდა, რომ რაფაელ გლუკსმანი ვიღაც „ჟურნალისტ ქალთან“ – ლეა სალამესთან დადისო.

ასე იყო თუ ისე, ოჯახს ფული ჭირდებოდა… ჰოდა, ანდრე გლუკსმანი კომპანია Noé Conseil-ის მმართველი გახდა, რომელიც „საზოგადოებასთან ურთიერთობასა“ და ლობისტობაში სპეციალდებოდა. ფინანსური უზრუნველყოფა – წელიწადში 100 ათასი ევრო. აი, რას წერდა გაზეთი Le Monde 2011 წლის 21 მარტს: „34 წლის რაფაელ გლუკსმანს, ანდრეს ვაჟს, ეროვნულ აჯანყებებში თავისი წვლილი შექავს – საქართველოს შემდეგ იგი ახლა უკრაინის ლიდერებს უწევს კონსულტაციებს, რევოლუცია მისი საყვარელი სფეროა… მართალია, ფრანგული ანდაზის თანახმად, „მრჩევლები არ იხდიან“, მაგრამ მათ კარგად აფინანსებენ ისინი, ვისაც რჩევებს აძლევენ – ამ მგრძნობიარე სფეროში ხომ დუმილის დაცვა აუცილებელია.

როგორც იმ ხანებში საიტი Intelligence Online აღნიშნავდა, „საქართველოს პრეზიდენტის ბრძოლა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბიძინა ივანიშვილთან ლობისტებისთვის პირდაპირ ოქროს ძარღვი აღმოჩნდა. ამ საკითხში საქართველოს მთავრობა რამდენიმე კომპანიას ეყრდნობა, მთ შორის რაფაელ გლუკსმანის კომპანიასაც“.

მკითხველისათვის რომ გასაგები იყოს, თუ საკმაოდ დიდ ფულს იღებენ ასეთ საქმეებში ლობისტები, ავღნიშნავთ, რომ ამერიკულმა კომპანიებმა Prime Policy Group-მა და Gephardt Group Government Affairs-მა 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან რამდენიმე თვის მუშაობისათვის შესაბამისად 150 ათასი და 180 ათასი დოლარი მიიღეს“, – აღნიშნავს ავტორი.

Comments are closed