globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 28th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): თბილისში ფრენას ნოტებით გაარკვევენ // რუსეთმა და საქართველომ ავიარეისების რიცხვზე ვერ მოილაპარაკეს

«Fronda» (პოლონეთი): ინტერვიუ ქშიშტოფ შჩერსკისთან: „პოლონეთმა დეზერტირობა გამოიჩინა და საქართველო რუსეთს შესაჭმელად მიუგდო“

«The New York Times» (აშშ): „გადაარჩინეთ ახალი უკრაინა“ // „მიხეილ სააკაშვილმა სისტემა კორუფციისაგან გაწმინდა, შემდეგ კი კორუფციის ნარჩენები სახელმწიფო მონოპოლიად გადააქცია“

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 28 იანვარი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2655217

თბილისში ფრენას ნოტებით გაარკვევენ: რუსეთმა და საქართველომ ავიარეისების რიცხვზე ვერ მოილაპარაკეს

გიორგი დვალი, ეკატერინე კუზნეცოვა

(შემოკლებით)

საქართველოსა და რუსეთის ავიახელისუფლების მოლაპარაკების მორიგი რაუნდი თბილისში ე.წ. „ღია ცის“ რეჟიმით სარგებლობის თაობაზე ჩაიშალა. მხარეებმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა თბილის-მოსკოვის ავიარეისების შესრულების რაოდენობაზე. ჯერ-ჯერობით, იანვრის ბოლომდე შენარჩუნდება კვირაში 18 რეისის რეჟიმი ორივე მხარის ავიაკომპანიების მიერ, მაგრამ რუსეთს და საქართველოს ერთმანეთთან ნოტების გაცვლა-გამოცვლა მაინც მოუწევთ ავიამიმოსვლის სამომავლო რეჟიმის გასარკვევად.

„კომერსანტის“ მონაცემებით, მოლაპარაკების დროს რუსული მხარე ავიამიმოსვლის სიხშირის გაზრდას კვირაში 23 რეისამდე ითხოვდა, მაგრამ ამ მოთხოვნას ქართული მხარე არ დაეთანხმა. ავიაკომპანია აირზენას (Georgian Airwyas) გენერალური დირექტორის იასე ზაუტაშვილის თქმით, „რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა დემპინგური ფასებით სურთ და არა მარტო მოსკოვი-თბილისის ხაზზე, არამედ ტრანზიტითაც ევროპასა და აზიაში“. „რატომ სურთ რეისების ამდენი რაოდენობა მოსკოვის მიმართულებით, როცა დღეში ყველა რეისით მოსკოვში თბილისიდან მხოლოდ 137 მგზავრი მიფრინავს, მოსკოვიდან თბილისში კი მხოლოდ 168?“, – აღნიშნავს იასე ზაუტაშვილი.

„კომერსატის“ წყაროს ინფორმაციით, თუ მხარეები ვერ მოილაპარაკებენ, როგორც ჩანს, გაგრძელდება ამჟამად მოქმედი რეჟიმი, რომელიც 31 იანვრამდე მოქმედებს და ივირაში 18 რეისის შესრულებას ითვალისწინებს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ღია კომენტარისაგან თავი შეიკავეს.

თბილისში გამართული მოლაპარაკების დროს განიხილეს Georgian Airwyas-ის ფრენის შესაძლებლობა რუსეთის სხვა ქალაქებში – სოჭში, სანკტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკსა და ეკატერინბურგში, მაგრამ რუსეთმა განაცხადა, რომ „ამ შემთხვევაში რუსულ ავიაკომპანიებს უფლება უნდა მიეცეთ რუსეთის რეგიონებიდან და მოსკოვიდან საქართველოში განუსაზღვრელი რაოდენობის რეისების განახორციელონ“. როგორც „კომერსანტს“ იასე ზაუტაშვილმა განუცხადა, „ასეთი რეჟიმი ჩვენთვის კატეგოიულად მიუღებელია, რადგან რეისების გაზრდილი რაოდენობით რუსული ავიაკომანიები იოლად იპოვიან სატრანზიტო მგზავრებს რუსეთის ქალაქებში და საქართველოში გადმოიყვანენ, ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვექნება“.

როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, თბილისისათვის პრიორიტეტულად კვლავ „ტურისტების რაოდენობის ზრდა ითვლება“, თუმცა დღეს არსებული სტატისტიკით, მგზავრთა ნაკადი კლებულობს (ეს არა მხოლოდ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, არამედ რუსეთიდან დსთ-ის ქვეყნებისაკენაც). შესაბამისად, ჟურნალ „ავიატრანსპორტის მიმოხილვის“ მთავარი რედაქტორის ალექსეი სინიცკის თქმით, მოლაპარაკების პროცესი სამომავლოდ რეალური წინამძღვრების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს.

«Fronda» (პოლონეთი), 27 იანვარი, 2015 წელი

http://www.fronda.pl/a/prof-krzysztof-szczerski-dla-frondapl-polska-zdezerterowala-zostawila-gruzje-na-pastwe-rosji,46638.html

ინტერვიუ ქშიშტოფ შჩერსკისთან: „პოლონეთმა დეზერტირობა გამოიჩინა და საქართველო რუსეთს შესაჭმელად მიუგდო“

ინტერვიუ პოლონელ პოლიტოლოგთან და პოლონეთის სეიმის დეპუტატთან ქშიშტოფ შჩერსკისთან  (პარტია „სამართალი და სამართლიანობა“), რომელსაც „ფრონდას“ ჟურნალისტი პაველ ხმელევსკი ესაუბრება:

„ფრონდა“: ამ რამდენიმე დღის წინათ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. შეიძლება თუ არა საუბარი აფხაზეთის ტერიტორიის ფაქტიურ ანექსიაზე რუსეთის მიერ?

ქშიშტოფ შჩერსკი: ეს არის ტერიტორიის მითვისებისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი რუსეთის მიერ, 2008 წლის ომის შემდეგ. მოსკოვი მოქმედების კლასიკური მოდელით სარგებლობს: თავს ესხმის, შემდეგ კონფლიქტის გაყინვას ცდილობს და თუ შესაძლებელია, – ახდენს ტერიტორიის ანექსიას. აფხაზეთი აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მიერ, შესაბამისად, მას არ აქვს უფლება დამოუკიდებლად გააფორმოს ხელშეკრულებები. თუმცა, რადგან ეს რეგიონი დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება, კრემლი უფრო შორს მიდის – არსებულ კონტროლს უფრო აძლიერებს.

„ფრონდა“: რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთი მომავალშიც გააფართოვებს თავის ტერიტორიას საქართველოს ხარჯზე?

ქშიშტოფ შჩერსკი: დიახ, რუსეთი, როგორც ჩანს, გააგრძელებს მადესტაბილიზებელ მცდელობებს თავის საზღვრებს ახლოს მდებარე რეგიონებში. შესაძლოა ეს საქართველოს ტერიტორია არ იყოს. ამჯერად საქართველოსაგან არავითარ პასუხს არ უნდა ველოდოთ: თბილისმა მშვენივრად იცის, რომ მას ამის თავი არ აქვს, უღონოა და მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, დღეს ვერანაირ საერთაშორისო დახმარებას ვერ ღებულობს. ეს შემაშფოთებელია. მოსკოვი შეეცდება კვლავ დაანთოს ცეცხლი კავკასიაში. რუსეთისაგან პროვოკაციული ქმედებები მოსალოდნელია აგრეთვე მოლდოვას დნესტრისპირეთშიც. რუსეთი უკან არ დაიხევს და თავის აგრესიულ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს.

„ფრონდა“: თქვენ თქვით, რომ საქართველო საერთაშორისო დახმარებას ვეღარ ღებულობსო. რატომ?

ქშიშტოფ შჩერსკი: დასავლეთს ამისათვის მტკიცე ნებისყოფა არ ჰყოფნის. 2008 წლის შემდგომ პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვალა. იმ დროს, პირველ რიგში კი ცხონებული ლეხ კაჩინსკის მცდელობით, მსოფლიომ გამოიღვიძა, დღეს კი ისეთი არავინ არის, რომელიც კაჩინსკის როლის შესრულებას იკისრებდა. ერთ-ერთ თავის პირველ საერთაშორისო გამოსვლის დროს ჩვენმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომაროვსკიმ თქვა, რომ საქართველო პოლონეთის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პარტნიორი აღარ არისო. სმოლენსკის ტრაგედიის შემდეგ პოლონეთი საქართველოს კონფლიქტებში მთავარ როლს აღარ ასრულებს. არც აშშ-ს და არც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს ამის პოლიტიკური ნება აღარ გააჩნიათ. თვითონ საქართველოშიც პოლიტიკური ცვლილებები მოხდა: იქაურ ხელისუფლებაში აღარ არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს დასავლეთთან კავშირში მოიაზრებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წელს სერიოზულად იხილებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი, დღეს კი, პრინციპში, ყველა ხვდება, რომ ეს შეუძლებელია.

„ფრონდა“: როგორი უნდა ვიყოს პოლონეთის რეაგირება რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე?

ქშიშტოფ შჩერსკი: პოლონეთის რეაქცია არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ ყველა იმ ქმედებაზე, რასაც რუსეთი სჩადის, უნდა იყოს მოთხოვნა: მოსკოვმა მკაცრად უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ჩვენ ეს თემა საერთაშორისო არენაზე უნდა გავიტანოთ. გასაგებია, რომ დღეს კრემლთან მკაცრი კონფრონტაციისა და „ცხელი კონფლიქტისათვის“ არავინ მზად არ არის, მაგრამ შესაძლებელია ე.წ. რბილი ველით სარგებლობა, ანუ მოვთხოვოთ მოსკოვს საერთაშორისო სამართლის დაცვა, რასაც კრემლი რეგულარულად არღვევს. სამწუხაროდ, პოლონეთი საერთოდ არ ცდილობს ამ ბერკეტის გამოყენებას და რუსეთის „დაფასთან გამოძახებას“ ამ საკითხზე.

„ფრონდა“:რატომაა რუსეთისათვის მნიშვნელოვანი აფხაზეთის დაკავება?

ქშიშტოფ შჩერსკი: პირველ რიგში საქმე ეხება ენერგორესურსების ტრანზიტის გზების გაკონტროლებას (ცენტრალური აზიიდან ევროპაში, სამხრეთ კავკასიის გავლით). სანამ ირანის სტატუსი არ შეცვლილა (ჯერ-ჯერიბით ის იზოლირებული სახელმწიფოა), სანამ ერაყში ომი გრძელდება და სირიაშიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“, კავკასია ენერგორესრსების ერთადერთ სატრანზიტო მარშრუტად რჩება. 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს იმ მიზნით, რომ არამარტო დაებლოკა მისი ევროპული ინტეგრაცია, არამედ იმისთვისაც, რომ ზემოთ ხსენებული სატრანზიტო მარშრუტი გაეკონტროლებინა. გარდა ამისა, აფხაზეთს როგორც „დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ თუ რუსეთის ნაწილს, მოსკოვისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვახსოვს, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების სპორტული და სხვა ობიექტების მშენებლობის დროს რუსეთმა აფხაზეთი სრულიად გაძარცვა: ოლიმპიური სოფელი შენდებოდა აფხაზეთიდან გატანილი მასალებით, ანუ რუსეთი აფხაზეთს თავის ბაზად იყენებდა.

„ფრონდა“:რამდენად რეალურია, რომ საქართველო თავის დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს?

ქშიშტოფ შჩერსკი: როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ საქმე გვაქვს კლასიკურ გაყინულ კონფლიქტთან. დღეს არავითარი საშუალება არ არის იმისთვის, რომ საქართველომ თავისი ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიბრუნოს. კონფლიქტის მოგვარება  რამდენიმე გზით შეიძლება: ა) თუ რუსეთის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება და ხელისუფლებიდან ის გუნდი წავა, რომელიც საქართველოს თავდასხმაზეა პასუხისმგებელი, ხოლო რუსეთი დემოკრატიულ სტანდარტებს დაუბრუნდება; ბ) ტერიტორიის დაბრუნება შეიძლება საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, მაგრამ ამაზე რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აიძულოს.

«The New York Times» (აშშ), 27 იანვარი, 2015 წელი

http://www.nytimes.com/2015/01/27/opinion/bernard-henri-levi-george-soros-save-the-new-ukraine.html?ref=opinion&_r=0

„გადაარჩინეთ ახალი უკრაინა“

„მიხეილ სააკაშვილმა სისტემა კორუფციისაგან გაწმინდა, შემდეგ კი კორუფციის ნარჩენები სახელმწიფო მონოპოლიად გადააქცია“

ჯორჯ სოროსი, ბერნარ-ანრი ლევი

(შემოკლებით)

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სერიოზულად აქვს განზრახული ახალი უკრაინის განადგურება… მაგრამ დღეს, რუსეთის აგრესიის მიუხედავად, უკრაინელთა სული ძლიერია როგორც არასდროს. ახალი უკრაინა ცდილობს, რომ ძველ, დემორალიზებულ და კორუფციისაგან გაჩანაგებულ უკრაინას დაუპირისპირდეს. ეს ტრანსფორმაცია ადამიანთა კეთილშობილურ სწრაფვას წარმოადგენს მოდერნიზების, დემოკრატიისა და ევროპული ფასეულობებისაკენ.

ახალი უკრაინა ძველი უკრაინის სერიოზულ მუქარებს უნდა გაუმკლავდეს. ძველი უკრაინა შენარჩუნდა სახელმწიფოს ბიუროკრატიულ სისტემაში, რომელიც ყოველთვის ოლიგარქებისათვის მუშაობდა. გარდა ამისა, რეფორმატორებს მოუწევთ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიასაც. პრობლემა იმაშია, რომ ახალი უკრაინის არსებობა ჯერ შეუმჩნეველია როგორც თვით უკრაინელებისათვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსათვის. რადიკალური რეფორმები შემუშავებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ დანერგილა.

დღევანდელი უკრაინა არ შეიძლება არ შევადაროთ 2004 წლის დროინდელ საქართველოს. როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, მან დაუყონებლივ შეცვალა საძულველი საგზაო ავტოინსპექცია და აიღო ის ბლოკპოსტები, რომლითაც ინსპექტორები სარგებლობდნენ, აჩერებდნენ ავტომანქანებს და მძღოლებს ქრთამს ართმევდნენ. საზოგადოებამ სწრაფად შენიშნა უკეთესობის ნიშნები.

სამწუხაროდ, უკრაინას ჯერ არ განუხორციელებია ასეთი პროექტი. მართალია, დღეს კიევის პოლიციას რეფორმირებას უპირებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მართვის უფლების მოწმობის ასაღებად კვლავ ქრთამია საჭირო.

მიხეილ სააკაშვილი რევოლუციური ლიდერი იყო, რომელმაც თავდაპირველად სისტემა კორუფციისაგან გაწმინდა, მაგრამ შემდეგ მან კორუფციის ნარჩენები სახელმწიფო მონოპოლიად გადააქცია. უკრაინა კი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ერთ ლიდერზე კი არაა დამოკიდებული, არამედ შეკავება-გაწონასწორება-დაბალანსების რთულ სისტემაზეა დაფუძნებული. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ცვლილებები ნელა მიმდინარეობს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა.

Comments are closed