globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 28th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Newsweek» (აშშ): ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 2008 წელს საქართველოში მომხდარი კრიზისის დროს ჩადენილი „სამხედრო დანაშაულობების გამოძიებას იწყებს

«Московский комсомолец» (რუსეთი): სამხრეთ ოსეთს კვლავ პროვოკატორებმა შეუტიეს: საერთაშორისო სასამართლო არაფერს ამბობს 2008 წლის ომის მსხვერპლთა ეთნიკური კუთვნილების შესახებ

«Газета» (რუსეთი): ჰააგის სასამართლომ რუსეთამდე მიაღწია: სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გამოძიებისათვის სანქცია უკვე გაცემულია

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ არჩ პადინგტონთან:: „რუსეთის მიზანი ქართველების მსოფლმხედველობის შეცვლაა“

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): პუტინმა ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთს შორის ავტომაგისტრალის მშენებლობას მხარი დაუჭირა

———————–

«Newsweek» (აშშ), 28 იანვარი, 2016 წელი

http://europe.newsweek.com/international-court-opens-investigation-war-crimes-georgia-crisis-2008-420157

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 2008 წელს საქართველოში მომხდარი კრიზისის დროს ჩადენილი „სამხედრო დანაშაულობების გამოძიებას იწყებს

დამიან შარკოვი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება იმ  სამხედრო დანაშაულობებისა, რომელიც, სავარაუდოდ, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კრიზისის დროს მოხდა. საქმე ეხება ადამიანთა უგზო-უკვლოდ დაკარგვისა და ეთნიკური ხასიათის მკვლელობებს, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, ადრე, სანამ საბჭოთა კავშირის დაიშლებოდა, საქართველოს შემადგენლობაში შედიოდნენ. შემდეგ კი, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოახცადა, აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც,  დაიწყო მოძრაობა დამოუკიდებლობის მოთხოვნით. თბილისი სეპარატისტულ განწყობებს არ დაეთანხმა, რუსეთმა კი, პირიქით, მხარი დაუჭირა.

2008 წლის აგვისტოსათვის ცენტრისა და სეპარატიზმით მოცულ რეგიონებს შორის წარმოქმნილმა წინააღმდეგობებმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ სიტუაცია სამხედრო ჩარევით განვითარდა: ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ერთი მხრივ, საქართველოს შეიარაღებული ძალები, მეორე მხრივ – რუსეთის არმიის ქვედანაყოფები და ადგილობრივ ოს მოლაშქრეთა რაზმები. სამხედრო კონფლიქტის ყოველი მხარის პასუხისმგებლობის დონე ჯერ კიდევ სავარაუდოა და გამოძიებას საჭიროებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადების თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა პროკურორის მიმართვა, რომლის თანახმად, არსებობს მრავალი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთში განვითარებული კრიზისის დროს დანაშაულობები იქნა ჩადენილი: წინასწარ განზრახული მკვლელობები, ეთნიკურ საფუძველზე მოსახლეობის იძულებით გაძევება, მათი დევნა,  მშვიდობისმყოფლებზე წინასწარგანზრახული თავდასხმა, ქონების განადგურება და მაროდიორობა და ა.შ. რომლებშიც, სავარაუდოდ, ქართველი და რუსი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის კრიზისის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებების გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიმართა. როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, პროკურორ ფატუ ბენსუდას მიმართვა სამმა მოსამართლემ უკვე დაამტკიცა და, შესაბამისად, გამოძიების დაწყების იურიდიული საფუძველი უკვე არსებობს. გამოძიების დროს გამოკვლეული იქნება 2008 წლის პირველი ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულობები.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 28 იანვარი, 2016 წელი

http://www.mk.ru/politics/2016/01/27/yuzhnaya-osetiya-snova-atakovana-provokatorami.html

სამხრეთ ოსეთს კვლავ პროვოკატორებმა შეუტიეს: საერთაშორისო სასამართლო არაფერს ამბობს 2008 წლის ომის მსხვერპლთა ეთნიკური კუთვნილების შესახებ

მარინა პერევოზკინა

(შემოკლებით)

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე დეზინფორმაციებიც ვრცელდება: გამოძიება ჯერ არ დაწყებულა და უკვე ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება იტყობინება, რომ „საკითხი ეხება ეთნიკური ქართველების მკვლელობებს, რომლებიც 2008 წელს მომხდარი საქართველო-რუსეთის შეირაღებული კონფლიქტის დროს  მოხდა“.

თუ სასამართლოს ვებ-გვერდზე პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ყურადღებით წავიკითხავთ, შევამჩნევთ, რომ მასში არსად არაა აღნიშნული, რომ გამოძიება ეხება „ეთნიკური ქართველების“ მიმართ ჩადენილი დანაშაულობებს. არადა ცნობილია, რომ სამშვიდობო ძალებზე (მშვიდობისმყოფლებზე) თავდასხმა, რომელიც ტექსტში „სამხედრო დანაშაულებად“ კვალიფიცირდება, სწორედ ეთნიკურმა ქართველებმა განახორციელეს…

ასე რომ, როგორც ჩანს, დეზინფორმაციის ავტორები სასურველს სინამდვილედ ასაღებენ. ჯერ-ჯერობით არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ეჭვი იქნეს შეტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურობაში.

«Газета» (რუსეთი), 28 იანვარი, 2016 წელი

http://www.gazeta.ru/politics/2016/01/27_a_8044037.shtml

ჰააგის სასამართლომ რუსეთამდე მიაღწია: სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გამოძიებისათვის სანქცია უკვე გაცემულია

იგორ კრიუჩკოვი, ვლადიმირ დერგაჩევი

(ამონარიდი)

ამ ეტაპზე ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს დოკუმენტებში მოიხსენიება, ეს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გახლავთ. შესაბამისად, სწორედ ედუარდ კოკოითი, რომელიც ამჟამად ადგილობრივ პარტია „ერთობას“ ხელმძღვანელობს, შეიძლება გახდეს ის ეჭვმიტანილი, რომელსაც ყველაზე მაღალი თანამდებობა ეკავა 2008 წლის კრიზისის დროს. თუმცა, რასაკვირველია, სასამართლოს უფლება აქვს მოსმენებზე მიიწვიოს რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და იმდროინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, უკრაინის ამჟამინდელი გუბერნატორი და იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ორივემ ბრძანება მისცა თავიანთ ჯარებს შეტევის დაწყების თაობაზე და ამიტომაც სასამართლოსთვის მათი ჩვენება საინტერესო იქნება.

„მთავარი პრობლემა სხვა რამეშია. ჰააგის სასამართლოს ყველას მიწვევა შეუძლია, მაგრამ უკრაინისა და რუსეთის შემთხვევაში  მას არანაირი ფორმალური ინსტრუმენტები არ აქვს, რომ ისინი თანამშრომლობაზე აიძულოს“, – ამბობს გაზეთის კორესპონდენტან საუბარში ადვოკატი ილია ნოვიკოვი. საქმე იმაშია, რომ არც უკრაინას და არც რუსეთს, რომელთა მოქალაქეებად მიხეილ სააკაშვილი და დიმიტრი მედვედევი ითვლებიან, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 1998 წლის რომის სტატუტის (ხელშეკრულების) რატიფიცირება ჯერაც არ მოუხდენიათ. არადა, რატიფიცირების გარეშე კიევს და მოსკოვს ვერავინ ვერაფერზე, მათ შორის თანამშრომლობაზე ვერ აიძულებს. თუმცა, როგორც ილია ნოვიკოვი აღნიშნავს, უკრაინაში აქტიურად განიხილება რომის სტატუსტის რატიფიცირების საკითხი და ამიტომაც, არაა გამორიცხული, რომ ვერხოვნა რადა მანამ განახორციელებს რატიფიცირებას, სანამ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე მიიწვევენ.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს, მასთან დაკავშირებით საკითხი ფორმალურად თითქოსდა განსხვავდება, მაგრამ ფაქტიურად არანაირი განსხვავება არაა: ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თვლის, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. პრობლემა იმაშია, რომ თბილისი სამხრეთ ოსეთს ვერ აკონტროლებს და ამიტომაც არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ედუარდ კოკოითს ჰააგაში ვნახავთ.

ახლა კი უფრო კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შესახებ: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის შემსწავლელი ცენტრის ექსპერტის ანდრეი არეშევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების თაობაზე ორდერი უკვე გაცემული აქვს, მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით საქმე უფრო ადვილად გადაწყდება. საქმე იმაშია, რომ მას არ გაუჭირდება თავისი პოზიციის გამართლება, რადგანაც რუსეთის ჯარების შესვლის ფაქტი დადასტურება საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადვილია, ვიდრე ქართული ჯარების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისა საკუთარი ქვეყნის ტერიტროიაზე. გარდა ამისა, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის ემოციური ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლოა იგი ვა-ბანკზე წავიდეს და ჰააგაში თვითონვე დაამტკიცოს საკუთარი მოქმედების სამართლიანობა“.

და თუ მიხეილ სააკაშვილი ჰააგაში მართლაც წავა, მაშინ მას ქართული პროკურატურის ორდერისა და დაპატიმრება-დეპორტაციის შიში აღარ ექნება, რადგან, ადვოკატ ილია ნოვიკოვის თქმით, ყოველი ადამიანი, რომელიც სასამართლოსაგან თანამშრომლობაზე მიწვევას ღებულობს, დროებითი ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობს.

საერთოდ კი, როგორც ექსპერტი ალექსანდრ კრილოვი ამბობს, მიიწვევენ თუ არა სასამართლო პროცესზე ცნობილ პოლიტიკოსებს, გამოძიების საერთო ტონალობა მაინც რუსეთის საწინააღმდეგო იქნება. მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ევროპისა და აშშ-ის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს პროცესის პოლიტიზირებას: მოსამართლეები შეეცდებიან რუსეთის იმ აგრესორად წარმოაჩინონ,  რომელმაც „დაუცველ და სუსტ“ საქართველოზე თავდასხმა განახორციელა.

თუმცა, რასაკვირველია, არსებობს დოკუმენტი, რომელიც სიტუაციის მსგავს წარმოჩენას წინააღმდეგობას გაუწევს – ესაა ევროკავშირის მიერ შექმნილი იმ საერთაშორისო კომისიის მოხსენება ომის მიზეზების გარემოებათა გამოკვლევის შესახებ, რომელსაც გავლენიანი შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაში 30-ზე მეტი უცხოელი ექსპერტი იყო. კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის მიმართულებით სროლა პირველმა საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დაიწყეს, 2008 წლის 8 აგვისტოს, ღამით, რასაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამართლება არ აქვს. ამასთან, მოხსენებაში რუსეთის მოქმედებაც საერთაშორისო სამართლის დარღვევად არის შეფასებული: „მოსკოვის რეაქცია არაპროპორციული აღმოჩნდა იმ საფრთხესთან მიმართებით, რომელიც მშვიდობისმყოფლებს ემუქრებოდათ“.

ალექსანდრ კრილოვის თქმით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ევროკავშირის კომისიის დასკვნის იგნორირება არ შეუძლია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ მართლმსაჯულებას სახელი გაუტყდება.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 28 იანვარი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/freedom-house-georgia/3165108.html

ინტერვიუ არჩ პადინგტონთან:: „რუსეთის მიზანი ქართველების მსოფლმხედველობის შეცვლაა

ნანა საჯაია

2015 წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე უარესი იყო მსოფლიოში თავისუფლების კუთხით – ამ განცხადებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი აკეთებს.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება. რას იკვლევდა ორგანიზაცია საქართველოს შეფასებისას და რა თემებზე აპირებს დაკვირვების გაგრძელებას? ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ“

ორგანიზაციის კვლევების პრეზიდენტი არჩ პადინგტონს მიმართა. მისი თქმით, საქართველო,როგორც ამჟამინდელი, ასევე წინა მთავრობის პირობებში მეტწილად დადებითად ვითარდებოდა. ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ ორგანიზაციის ყურადღება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების და რუსთავი 2-ს საქმემ მიიქცია.

“რუსთავი 2-ის საქმე ძალიან შემაშფოთებელია. რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში პრესის თავისუფლება სადაო დემოკრატიული ინსტიტუტია. როცა ხელისუფლებაში ახალი ლიდერები მოდიან, პირველი რის გაკეთებასაც ცდილობენ ინფორმაციის წყაროებზე კონტროლის მოპოვებაა, ამ ქვეყნების უმეტესობაში ეს ტელევიზიაა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით იმ ფაქტით, რომ იყო შესაძლებლობა ტელევიზია სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობისადმი კრიტიკული მფლობელებიდან მთავრობასთან დაახლოებული პირისთვის გადაეცათ. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ამ საქმეს.“

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რუსეთს, რომელიც ვლადიმირ პუტინის მეთაურობით აგრესიულად ებრძვის ლიბერალურ ღირებულებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის სამეზობლოში.

„პრესის, სამოქალაქო საზოგადოების და სასამართლო სისტემის პოლიტიკური კონტროლი 21-ე საუკუნის დიქტატორების მეთოდია. ვლადიმირ პუტინის, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ნომერ პირველი პრიორიტეტი მედიაზე კონტროლის მოპოვება იყო,“ ვკითხულობთ ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით რუსეთი და ჩინეთი ის ორი ქვეყანაა, რომლებიც ცენზურას და პროპაგანდას აქტიურად იყენებენ. საქართველოში პროპაგანდის გავრცელებას რუსეთი, პადინგტონის თქმით, ახალბედა ორგანიზაციების და ეკლესიის მეშვეობით ცდილობს.

„საქართველოში რუსეთის პროპაგანდის მხრივ ორი რამ გვაღელვებს. ერთი, ეგრეთწოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლებაა, რომლებიც ახლო წარსულში რუსეთის ინტერესების წინ წასაწევად დაარსდნენ. ვერ ვიტყვი რომ ისინი გავლენიანები არიან, არ მინდა გადავაჭარბო და ვთქვა, რომ მათ ქართველების შეხედულებებზე გავლენა აქვთ. ცხადია ეს რუსეთის სტრატეგიაა საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკა შეასუსტოს და ქართველების მსოფლმხედველობა შეცვალოს, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანებას ევრაზიული კავშირი არჩიონ. ეს არის მიზანი და ეს ორგანიზაციები ამ მიზანს ემსახურებიან. თავისი გავლენის გასაზრდელად რუსეთმა გაამყარა კავშირები რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის.“

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში 195 ქვეყანა და 15 ტერიტორიაა შეფასებული, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, აფხაზეთი ნახევრად თავისუფალია, სამხრეთი ოსეთი კი არათავისუფალთა კატეგორიაშია.

შარშან თავისუფლების მდგომარეობა 72 ქვეყანაში გაუარესდა, გაუმჯობესება კი 43 ქვეყანაში.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 28 იანვარი, 2016 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/article/3165329.html

პუტინმა ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთს შორის ავტომაგისტრალის მშენებლობას მხარი დაუჭირა

სტატიაში აღნიშნულია, რომ 25 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლდიმირ პუტინმა, სტავროპოლელი საზოგადოების წინაშე გამოსვლისას, მხარი დაუჭირა იმ ავტომაგისტრალის მშენებლობას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებს შავ ზღვასტან დააკავშირებს, აფხაზეთის ტერიტორიის მეშვეობით. ეს პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ბაქსანის (ყაბარდო-ბალყარეთის) აეროპორტისა და ოჩამჩირის ნავსადგურის მშენებლობასაც.

რუსეთის მასმედიით გავრცელებული მასალების თანახმად, ამ პროექტს მხარს უჭერს აგრეთვე აფცაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებაც იმ პირობით, რომ ავტომაგისტრალი და ნავსადგჰური მშენებლობის დასრულების შემდეგ აფხხაზეთის საკუთრება იქნება. პროექტის რეალიზება 2025 წლისათვის უნდა დასრულდეს. მისი ღირებულება 2,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს და როგორც ცნობილი ხდება, მშენებლობას ჩინური კორპორაცია China Railway განახორციელებს, რუსული კომპანია „რეგიონული პროექტების“ მონაწილეობით.

როგორც სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ განაცხადა, ახალი სატრანსპორტო მაგისტრალი იმის გარანტია იქნება, რომ აფხაზეთი უფრო მეტად დაშორდება საქართველოს და საკუთარი ფულის გამომუშავებას დაიწყებს, მეტ-ნაკლებად მოაგვარებს მოსახლეობის დასაქმების პრობლემას, თუმცა არის საფრთხე იმისა, რომ ზოგიერთების თქმით, ამ გზამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აფხაზეთში ვაჰაბიზმისა და რადიკალური ისლამი გავრცელებას.

თბილისი სახელმწიფო უნივერრსიტეტის პროფესორი ზაზა წურწუმია „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტტან საუბარში ამბობს, რომ ავტომაგისტრალის პროექტის რეალიზება ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ დასრულდება რუსეთის მიერ აფხაზეთსი შთანთქვის პროცესი. ამის ერთ-ეერთი მანიშნებელი ისიცაა, რომ მოსკოვმა სოხუმი ანკარასთან ურთიერტობის სეზღუდვაზე აიძულა. „ეს გზა აფხაზეთს რუსეთზე მიაჯაჭვავს, აფხაზეთი ჩრდილოკავკასიის გაგრძელებად იქცევა“, – ამბობს ზაზა წურწუმია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმ ჩინური კომპანიით უნდა დაინტერესდეს, რომელმაც თანხმობა განაცხადა პროექტის რეალიზებაში მონაწილეობაზე. ჩინეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, უცანურია ის ფაქტი, რომ ჩინური კომპანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინვესტიციას ახორციელებს. ამით ის საქართველოს კანონს არღვევს ოკუპირებული ტერიტრიების შესახებ“.

გარდა პოლიტიკური მომენტებისა, არის ეკოლოგიური საკითხებიც: სპეციალისტების შეფასებით, გზის მშენებლობა დიდ ზიანს მიაყენებს რეგიონის უნიკალურ ბუნებას და კერძოდ, კოდორის ხეობის ეკოლოგიას. არასანისნავია, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ყოფილმა ლიდერებმა სერგეი ბარაფშმა და ალექსანდრე ანქვაბმა თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ამ პროექტის რეალიზებას.

იგივე თვალსაზრისს გამოხატავს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში კიდევ ერთი ქართველი პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი: „რუსეთის მიერ საერტაშორისო სამართლის დარღვევა უკვე არავის არარ უკვირს. თუ ეს გზა აშენდება, ეს იქნება მოსკოვის უკანონო მოქმედების კიდევ ერთი გამოვლენა“, – ამბობს ექსპერტი.

Comments are closed