«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ერთმანეთის განადგურების წყურვილი ქართულ პოლიტიკაში
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ალექსანდრა ჰოლ-ჰოლთან: „საქართველოდან ამერიკამ ერთიანი, ძლიერი მესიჯი უნდა მიიღოს“
«BBC News- русская служба» (დიდი ბრიტანეთი): არაღიარებული საზღვარი: აფხაზეთის გალის რაიონის მოსახლეობა იზოლაციის წინააღმდეგ გამოდის
«ИноСМИ.РУ» (რუსეთი): რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ: საზღვაო და სახმელეთო ომის მოდელირებული ქრონიკა // ორივე სახელმწიფოს არმია ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიაზე შეეჯახება
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 28 იანვარი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgian-political-polarisation/3695652.html
ერთმანეთის განადგურების წყურვილი ქართულ პოლიტიკაში
ნინო დალაქიშვილი
ქართული პოლიტიკა თანდათან უფრო და უფრო ემსგავსება ბრძოლის ველს, სადაც სხვადასხვა ბანაკები ხმალამოწვდილები გარბიან ერთმანეთის შესახვედრად, დაუნდობლად უქნევენ იარაღს და ცდილობენ დაასწრონ და პირველებმა წააცალონ თავი, მანამ სანამ ამას მოწინააღმდეგე გააკეთებს. ამომრჩეველი კი დგას, ბრძოლის არენას შორიახლოდან აკვირდება, შერკინების დასრულების შემდგომ, მოსაღამოვებულზე კი სახლში ბრუნდება, სადაც ცხოვრება ისეთივე პრობლემებით ხვდება, როგორიც მან ორთაბრძოლის საყურებლად წასვლამდე დატოვა.
უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად აღინიშნება, რომ მუდმივი ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკოსებს შორის, სადაც ადგილი არ აქვს საერთო სასიკეთო შეთანხმებას და სადაც კომპრომისი მხოლოდ ნაკლად აღიქმება, სერიოზული პრობლემაა. ურთიერთ შეხლა–შემოხლაში, რომელშიც მთელი აზარტი და ვნთბათაღელვაა ჩაქსოვილი, იკარგება შეთანხმებული და კარგად აწონილ–დაწონილი, სასიკეთო გადაწყვეტილებები წილი ამომრჩევლისთვის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. ასეთ დამოკიდებულებას პოლარიზაცია ეწოდება და ის გულისხმობს მხოლოდ ბრძოლას, სადაც ცალსახად ერთი გამარჯვებულია საჭირო, მეორე კი აუცილებლად თავწაგდებული და დამარცხებული უნდა იყოს.
პოლარიზაციდან მომდინარე საფრთხეების შესახებ კვლევა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა. მისი ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:
„საბჭოთა კონსტიტუციის ერთი მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავდა, რომ არსებობა მხოლოდ ერთ პარტიას შეეძლო და მასზე იყო მთლიანად დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა და მომავალი. ეს მენტალობა იყო საბჭოთა კონსტიტუციაში და ეს მენტალობაა დღესაც აქტიურად გამოხატული ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში: მე ვარ ქვეყნის გადამრჩენელი, ჩემს იქეთ ალტერნატივა არ არსებობს, ხოლო თუ მაინც მოძებნით ასეთ ალტერნატივას, თქვენ იქცევით მტრებად, მავნებლებად, მიუღებლებად და ასე შემდეგ. განსხვავებული ალტერნატივის ამგვარი მიუღებლობა პოლიტიკაში და საზოგადოებაში არსებული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რასაც სჭირდება პირველ რიგში დანახვა და აღიარება. შემდეგ, ალბათ, გამოჩნდება გადაჭრის გზები“.
ანა ნაცვლიშვილი „შუაშისტის“, როგორც ასეთის, პოლიტიკური ავანსცენიდან განდევნის მცდელობას პოლიტიკურ რადიკალიზაციად, პოლარიზაციად აფასებს და ამბობს:
„ჩვენ იმდენად ვართ რეალობაში ჩათრეული, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვიქცევით ხოლმე პოლარიზებული და რადიკალიზებული თამაშის მონაწილეებად. შესაძლებელია თავადაც გაგვიჭირდეს ამოვიცნოთ, როგორ გვაიძულებს სიტუაცია და საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჯგუფები, რომ ან ერთ უკიდურესობას მივეკედლოთ, ან მეორეს. ძალიან ძნელია იდგე შუაში და თქვა სიმართლე, როდესაც ეს სიმართლე არ მოსწონს არც ერთ უკიდურესობა მხარეს, არც მეორე უკიდურესობა მხარეს. ამ დროს კი ჭეშმარიტება სულ სხვაგანაა და შესაძლოა, მხოლოდ ხუთმა ადამიანმა გაბედოს მისი თქმა. ორივე მხარე, გარკვეულწილად აწვება ამ შუა სივრცეს, ცდილობს, ის, რაც კომპრომისზე, მრავალფეროვნებაზეა დაფუძნებული, შეავიწროვოს და გაანადგუროს. სიტყვა შუაშისტის მაინცდამაინც უარყოფითი მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში გაჩნდა, სწორედ ამის გამოხატულებაა. ეს მიმართულია პირდაპირ მესამე ალტერნატივის კონცეფციის წინააღმდეგ“.
რა მიზეზები, როგორი ტრადიციები შეიძლება განაპირობებდეს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს და რა გამოწვევების წინაშე აყენებს ამგვარი რეალობა ამომრჩეველს, ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ნიდერლანდების „მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა:
„ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძლიერია პოსტსაბჭოურიპოლიტიკური კულტურის, სტალინური მეთოდების გავლენა, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის პოლიტიკურ განადგურებას. გამარჯვება მიღწეულად მიიჩნევა და პატივსაცემია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე არის გადამწყვეტად განადგურებული, ან ზის ციხეში. პოლარიზაცია ერთგვარი საარჩევნო სტრატეგიაცაა, პოლიტიკური პარტიები მიმართავენ თეთრისა და შავის შეპირისპირების ხერხს და ცდილობენ ამომრჩეველს აჩვენონ, რომ არსებობს მხოლოდ ორი მხარე პოლიტიკურ ბძროლაში, ერთია ძალიან ცუდი და მეორე ძალიან კარგი და მათ გარდა არ არსებობს სხვა არაფერი. ამიტომ პოლარიზაცია აწყობთ ხოლმე გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს. ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც ერთმანეთის განადგურებას ესწრაფვიან, ამომრჩევლისთვის ცუდი იმიტომაა, რომ ამ პოლარიზაციაში იკარგება პოლიტიკური თემები და ძირითადი ყურადღება გადადის იმაზე, როგორი ცუდია და როგორ მოვსპოთ ჩვენი მოწინააღმდეგე. დემონიზებაა მთავარი წამყვანი თემა არჩევნებზე და არა ის, თუ როგორ უნდა გავწმინდოთ ჰაერი ჩვენს ქალაქში და როგორ გვქონდეს კარგი სკოლები“.
Democracy Reporting International-ის ხელმძღვანელი მაიკლს მეიარ-რესენდე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს: „პარტიებში არის ასეთი განცდა – „ჩვენ რომ წავაგოთ, ყველაფერს დავკარგავთ“. ეს ექსტრემისტულ ტონს აძლევს წინასაარჩევნო კამპანიებს. დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ თუ წააგებ, შეიძლება ოთხი წელი უბრალოდ ოპოზიციაში იყო და შემდგომ შეიძლება გაიმარჯვო, მოხვიდე ხელისუფლებაში. ის მომენტი, რომ წაგებული არის მტერი, საქართველოს უფრო სუსტს ხდის. პოლიტიკურ სისტემებში უნდა იყოს ერთიანობის განცდა. ეს ჰყავს ერთიან ოჯახს, რომელიც თუ მთლიანი არ არის, სიძლიერეც აკლია”.
პოლიტიკის ექსპერტი ფერნანდო კასალ-ბარტოა კი მიიჩნევს, რომ „პოლარიზაციის სხვადასხვა ტიპი არსებობს. შეიძლება ეს იყოს იდეოლოგიური პოლარიზაცია ან პოპულისტური პოლარიზაცია, ძირითადად ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე. იდეოლოგიური სახის პოლარიზაციას თქვენთან ვერ ვხედავ, რადგან პარტიები არც თუ ისე დაშორებულები არიან ერთმანეთისგან იდეოლოგიურად. ასევე ნაკლებადაა წარმოდგენილი პოპულისტი პარტიები და ვიტყოდი არც თუ ისე ძლიერი პოპულისტი ლიდერები გყავთ“.
საია-ს კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თუ პოლიტიკაში მხოლოდ შავი და თეთრი იარსებებს და მათ შორის ურთიერთგანადგურებამდე ბრძოლის ტრადიცია გაგრძელდება, მოჯადოვებული წრე, რომელიც წარმატებულ და პროგრესულ მომავალზე ორიენტაციის უნარებს აქვეითებს, არასდროს გაირღვევა.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 28 იანვარი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/alex-hall-hall/3695581.html
ინტერვიუ ალექსანდრა ჰოლ-ჰოლთან: „საქართველოდან ამერიკამ ერთიანი, ძლიერი მესიჯი უნდა მიიღოს”
ნანა საჯაია
„საქართველო ბერტოლდ ბრეხტის პიესის „კავკასიური ცარცის წრის“ ბავშვი არ არი. მას თავისი შეხედულებები და პოზიციები გააჩნია და დროა ქართველი ხალხის მისწრაფებებს მეტი პატივი მიაგონ“ – ეს არის ამონარიდი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის ალექსანდრა ჰოლ-ჰოლის წერილიდან, სადაც ის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე და რუსეთის როლზე საუბრობს.
ბრიტანეთის ყოფილ ელჩს და ამჟამად ამერიკის “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარს, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ნანა საჯაია ესაუბრა.
- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველივე კვირა წინააღმდეგობრივი განკარგულებებით გამოირჩევა. საგარეო პოლიტიკაში რა ცვლილებებს ელოდებით?
- პირველივე დღეებიდან ნათელია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს იმის გაკეთებას, რასაც ამომრჩეველს საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირდებოდა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მიმაჩნია რომ ბევრი რამ ჯერ ისევ გაურკვეველია. იგი აცხადებს, რომ მისი მთავარი ორი ამოცანა უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე ამბობს, რომ ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს, თუმცა უცნობია როგორ აპირებს ამის განხორციელებას.
- რუსეთზე და მის პრეზიდენტზე გაკეთებულმა განცხადებებმა ბევრის შფოთვა გამოიწვია, უნდა ველოდეთ თუ არა “გადატვირთვის” მორიგ პოლიტიკას?
- ჯერ-ჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ამერიკის რუსეთის პოლიტიკა მთლიანად გარდაიქმნება. თუმცა ნათელია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს.
- ამ ურთიერთობას არაერთხელ ეწოდა „ფლირტი“ დონალდ ტრამპს და ვლადიმირ პუტინს შორის. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს რეგიონის ქვეყნებზე, მაგალითად, საქართველოზე და უკრაინაზე?
- ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან პუტინით აღფრთოვანება იმითაა გამოწვეული, რომ მას ძლიერ ლიდერად ხედავს, რომელიც მტკიცედ იცავს რუსეთის ინტერესებს. ამის მსგავსად, ამერიკის ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანია ტრამპისთვის. ახლა მთავარი კითხვაა რამდენად დაემთხვევა ამერიკის და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს. საქართველოსადმი ჩემი რჩევა იქნება თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირები რაც შეიძლება მოკლე ვადებში დაამყაროს.
- ბოლო სტატიაში წერთ, რომ რუსეთის მიერ შევიწროებული ქვეყნები ამერიკის გარეშეც უფრო პროაქტიურები უნდა იყვნენ. ამ მოცემულობაში, როცა რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს, რამდენად რეალისტურია ეს ხედვა?
- რეალისტურია თუ არა საქართველოს მარტო აღუდგეს რუსეთს? ალბათ, არა. მაგრამ საქართველო მარტო არ არის. ის უფრო დიდი, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილია. საქართველო ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ალიანსის ქვეყნებთან ძალიან მყარი კავშირები აქვს, ასევე აქვს ორმხრივი თანამშრომლობა ჩემს სამშობლოსთან, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან. საქართველოსთვის ეს კარგი მექანიზმია, რათა თავისი პრობლემები გაახმოვანოს და რუსეთის წინააღმდეგ მყარად იდგეს. ვლადიმირ
ვლადიმირ პუტინი ეცდება თავისი ინტერესები გაატაროს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. თუ მას არ დაანახე რა არის დასაშვები და რა მიუღებელი, მომავალში სხვა პრობლემები წამოიჭრება.
- მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში თანაპარტიელთა უმრავლესობა ჰყავს, მის შეხედულებებს კონგრესში ბევრი რესპუბლიკელი არ ეთანხმება. გაძლევთ თუ არა ეს იმედს იმ თვალსაზრისით, რომ კონგრესი შემაკავებელ და გამაწონასწორებელ როლს შეასრულებს?
- კი და არა. წლის დასაწყისში საქართველოში სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი ჩავიდნენ და საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. ჩემი აზრით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს სურვილი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკა უფრო ძლიერი და პატივსაცემი გახდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დიდება საქართველოს ან სხვა ქვეყნების ხარჯზე უნდა იქნეს მიღწეული. საქართველოს და შეერთებულ შტატებს ბევრი საერთო ღირებულება აქვთ, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების ღირებული ნაწილია, ის აქტიურად მონაწილეობს ნატოს ოპერაციებში. საქართველოს ასევე შეუძლია დაეხმაროს ამერიკას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხში, როგორიცაა რადიკალური ისლამის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველომ ამ ყველაფერის ჩვენება უნდა მოახერხოს.
- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად ითანამშრომლებს რუსეთთან. არსებობს შიში, რომ ამას შეიძლება საქართველოს ან უკრაინის ინტერესები შეეწიროს. იზიარებთ ამ შიშს?
- არსებობს საფრთხე, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისას ნაკლები ყურადღება დაეთმობა საქართველოს და უკრაინას. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებმა მოკავშრეებთან და მეგობრებთან ერთად შეერთებულ შტატებს აჩვენონ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მათ ხარჯზე არ უნდა მოხდეს. საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერით. საქართველო სხვა ქვეყნებისთვის მოდელად რჩება.
ვისურვებდი საქართველოდან ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გაერთიანებული, ძლიერი მესიჯი მიიღოს, მესიჯი თქვენს საერთო ღირებულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ ამ საკითხზე ითანამშრომლოს. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ ბევრი „ბინძური თეთრეული“ გამოფინა, იმედი მაქვს ქართული პოლიტიკური სპექტრი ამას უკან მოიტოვებს.
«BBC News- русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 27 იანვარი, 2017 წელი
http://www.bbc.com/russian/features-38770628
არაღიარებული საზღვარი: აფხაზეთის გალის რაიონის მოსახლეობა იზოლაციის წინააღმდეგ
რეპორტაჟში გადმოცემულია საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა, რომელიც თანდათანობით უარესდება სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების შედეგად, კერძოდ, იმით, რომ 30 იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება არაღიარებულ ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ (ავტორი – ნინა ახმეტელი, „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი).
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დღემდე აფხაზეთის გალის რაიონის ქართული მოსახლეობა, მეზობელ ზუგდიდის რაიონში შესვლის მიზნით, „საზღვარზე“ გადასასვლელად რამდენიმე ადგილით სარგებლობს, მათ შორის მთავარით – გალის რაიონის ზემო ზონაში არსებული მდ.ენგურის ხიდით, აგრეთვე ქვემო ზონაში მდებარე ორი პუნქტით, სოფლებში – ნაბაკევსა და ოტობაიაში. საქმე ეხება დროის ფაქტორს: ამჟამად ქვემო ზონის მოსახლეობას ნაბაკევისა და ოტობაიას გადასასვლელებით ზუგდიდში მისვლა, საქმეების მოგვარება და უკან დაბრუნება ერთი დღის განმავლობაში შეუძლია, მაგრამ თუ ეს ორი პუნქტი გაუქმდება, მაშინ მთელი დატვირთვა გადავა ენგურის ხიდზე, რომელიც ქვემო ზონის მოსახლეობისათვის საკმაოდ შორს მდებარეობს, შესაბამისად, მგზავრობაში დიდი დრო იკარგება და ხელსაყრელი არ არის. გარდა ამისა, ზარალდებიან მოსწავლეებიც, რომლებიც იმ მიზეზით, რომ გალის რაიონის სკოლებში ქართული ენა არ ისწავლება, მშობლიურ ენაზე ცოდნას ზუგდიდის რაიონის სკოლებში ეუფლებიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: რადგანაც გალის რაიონში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება უმდაბლეს დონეზეა, იქაური ქართველები ზუგდიდის კლინიკებში მკურნალობდნენ.
აფხაზ სეპარატისტთა რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს – მიმდინარეობს გზის რემონტი, რათა მგზავრობისათვის ნაკლები დრო დაიხარჯოს, დანიშნულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაზრდილია ენგურის ხიდის გამტარუნარიანობა. „უკმაყოფილონი მხოლოდ კონტრაბანდისტები არიან, ვინც ნაბაკევისა და ოტობაის გადასასვლელით სარგებლობენ და უკანონო ბიზნესით არიან დაკავებულნი“, – ამბობს თემურ ნადარაია.
„გადასასვლელი პუნქტების დახურვა გალის რაიონის ქართული მოსახლეობისათვის დიდი დარტყმა იქნება“, – ამბობს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში, – „ნაბაკევ-ოტობაიას გადასასვლელებით ყოველდღიურად ათასამდე მოქალაქე სარგებლობს. მათი დახურვა აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით“.
თბილისის შეშფოთებას საერთაშორისო საზოგადოებას იზიარებს. როგორც გაეროს წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა განაცხადა, ყველა მხარე ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს მოსახლეობის შეუზღუდავად გადაადგილება.
„არაღიარებული საზღვრის ზონაში მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფლები ხუთშაბათს აშშ-ის ელჩმა იან კელიმაც მოინახულა. მან შეშფოთება გამოხატა სოხუმის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო გადასასვლელების დახურვის თაობაზე და სეპარატისტთა ხელისუფლებას მოუწოდა, შეცვალონ მიღებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია რეპორტაჟში.
«ИноСМИ.РУ» (რუსეთი), 27 იანვარი, 2017 წელი
http://inosmi.ru/video/20170126/238601730.html
რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ: საზღვაო და სახმელეთო ომი
ორივე სახელმწიფოს არმია ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიაზე შეეჯახება
რუსეთის პოპულარულ ინტერნეტ-გამოცემა „ინოსმი.რუ“-ს (უცხოური პრეს-დაიჯესტის) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა რუსეთ-თურქეთის სავარაუდო, ჰიპოთეტური ომის მოდელირებული ვიდეოქრონიკა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. მასალაში ყურადღება ეთმობა თურქეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების დაპირისპირებას საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ოპერაციებში (გარეშე ძალების დახმარების გარეშე).
გთავაზობთ შემოკლებით.
რადგანაც ორ სახელმწიფოს ერთმანეთთან საერთო საზღვარი არ აქვთ, რუსეთის არმია [1877-78 წლების ომისაგან განსხვავებით] დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან თურქეთში ვერ შეიჭრება: მას წინ დამოუკიდებელი სახელმწიფოები – უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი და ბულგარეთი ეღობება, ანუ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე. შესაბამისად, რჩება მხოლოდ კავკასიის მიმართულება, სადაც სუსტი სახელმწიფოები მდებარეობენ.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, თურქეთის ფლოტთან სედარებით სუსტია. რა თქმა უნდა, შეიძლება მოსკოვმა ბალტიის, ჩრდილოეთის და წყნარი ოკეანის ფლოტების ხომალდები გადმოისროლოს, მაგრამ რადგანაც ისინი შავ ზღვაში ვერ შემოვლენ (თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს), მათ ხმელთაშუა ზღვაში, თურქეთის სამხრეთ ნაპირებთან მოუწევთ მოქმედება. შესაბამისად, ისინი მოშორებულნი იქნებიან რუსეთს და ჰაერიდანაც საკმაო დახმარებას ვერ მიიღებენ. ალბათ, თურქეთის ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა რუსულ ავიაციას ხელს შეუშლის.
მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები მსოფლიოში თითქმის ყველაზე ძლიერი და მარავალრიცხოვანია. თუ რუსეთი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით სრულად ისარგებლებს, თეორიულად მოსკოვს შეუძლია ერთდროულად ჰაერიდან თურქეთში ორი ბრიგადა გადასხას, ანუ ორიოდე დღეში თითქმის მთელი არმია. თურქეთს გაუჭირდება ასეთი დიდი ძალისადმი წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ თავის მხრივ, რუსეთიც პრობლემის წინაშე დადგება – როგორ უნდა მომარაგდეს ასეთი მრავალრიცხოვანი დესანტი? შესაბამისად, საჰაერო დესანტი ფრონტის ხაზთან ახლოს უნდა იქნეს გადასხმული, რათა მან სწრაფად მოახერხოს ძირითად სახმელეთო ძალებთან შეერთება, ანუ დესანტის ეფექტი და მიზანშეწონილება მცირდება.
შეუძლია თუ არა თურქეთს საზღვაო დესანტის გადასხმა რუსეთის ნაპირებთან, ვთქვათ, ყირიმ-ნოვოროსიისკთან? თურქეთის ფლოტი აბსოლუტურად მოუმზადებელია მშობლიური ნაპირებიდან შორ მანძილზე საბრძოლველად. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ჭარბ საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, აგრეთვე სახმელეთო ჯარების მრავალრიცხოვან ნაწილებს, რომლებიც ყირიმისა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის (ტამანი-ნოვოროსიისკი-ტუაფსე-სოჭი) ნაპირებს, მაშინ საზღვაო დესანტის ორგანიზება უაზრობაა. სავარაუდოდ, თურქები რუსეთის ნაპირებს ვერ მიაღწევენ და ისინი შუა ზღვაში იქნებიან განადგურებული. მოკლედ, მსგავსი გეგმა კატასტროფით დამთავრდება, ამიტომ თურქეთი ამგვარ მცდელობებს არ განახორციელებს.
ახლა შევხედოთ, რა მოხდება ხმელეთზე.
ზემოთ უკვე ვთქვით, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებს თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ კავკასიის მიმართულების გამოყენებით შეუძლიათ. სავარაუდოდ, თურქეთი თავის ჯარებს, შავი ზღვის სანაპირო სატრანსპორტო კომუნიკაციების დახმარებით, საქართველოსაკენ სწრაფად გადაისვრის. ცხადია, თავის მხრივ, რუსეთსაც აქვს ანალოგიური შესაძლებლობა, რადგანაც მოსკოვი აფხაზეთს აკონტროლებს. იქ ხომ რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. ასევეა სამხრეთ ოსეთშიც. ორივე სახელმწიფოს არმია ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიაზე შეეჯახება.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთს უფრო მეტი სახმელეთო ძალები ჰყავს, ვიდრე თურქეტს. მართალია, ანკარას აქვს მნიშვნელოვანი ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რეზერვი, პერიოდულად მიმდინარეობს ხოლმე საარმიო რეზერვების გადამზადება, მაგრამ რუსეთს მეტი გასამხედროებული ქვედანაყოფები ჰყავს. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის პროფესიული სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა ორჯერ აჭარბებს თურქეთისას. ორივე მხარეს აქვს სხვადასხვა მძიმე შეიარაღება – როგორც თანამედროვე, ასევე მოძველებულიც. ამასთან, რუსებს მძიმე ტექნიკა უფრო მეტი აქვთ და მათი ტანკები დღეს შედარებით უფრო თანამედროვეა. შესაბამისად, თურქულ სატანკო ნაწილებს რუსების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება ძვირად დაუჯდებათ. იმ შემთხვევაში კი, თუ თურქები დაასწრებენ რუსებს და საქართველოს დაბლობ ნაწილს როგორღაც დაიკავებენ, ისინი კავკასიის ქედის გადალახავას მაინც ვერ შეძლებენ, ეს დიდ დანაკარგებთანაა დაკავშირებული.
რუსეთის არმია ამჟამად მზად არ არის მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დიდი ხნით ყოფნისათვის, მაგრამ ამ მხრივ თურქეთის არმია უფრო სუსტია. რუსეთს მეტი სატრანსპორტო ვერტმფრენები ჰყავს, რაც მის მანევრირებას ზრდის. რუსეთის სამხედრო სიტუაციას უკეთესად გააკონტროლებს, რადგან მოსკოვს უფრო მეტი სადაზვერვო ტექნიკა აქვს – კოსმოსური, საჰაერო და სახმელეთო. კიდევ ერთი რუსული უპირატესობა სახმელეთო ჯარების საჰაერო დახმარებით უპირატესობაში გამოიხატება. რუსეთს თანამედროვე უახლესი სარაკეტო კომპლექსების მეშვეობით შეუძლია თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მწყობრიდან გამოყვანა.
თურქეთისათვის ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება ჩაეჭიდოს მხოლოდ მცირე კავკასიას. მისი დაცვა უფრო იოლი იქნება. ამასთან, ანკარას ექნება შესაძლებლობა კონტრდარტყმა მოამზადოს დიდ მანძილზე გაჭიმული რუსული ფრონტის წინააღმდეგ. მართალია, კონტრშეტევა რთული საქმეა: შემტევ მხარეს თითქმის ყველაფერში უპირატესობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ თურქებს შეუძლიათ გამოიყენონ რუსული არმიის ნაკლოვანებები, განსაკუთრებით ის, რომ მრავალრიცხოვანი და ჭარბი რუსული ავიაცია ზუსტი ავიადარტყმების მიყენებაში მოისუსტებს. რუსებს მეტი მძიმე ტექნიკა აქვთ, მაგრამ ადგილობრივი მთიანი ლანდშაფტის გათვალისწინებით, მათი მობილურობა ნაკლები იქნება.
რუსები, თურქების საზიანოდ, შეეცდებიან სამხედრო მოქმედებების ზონა გააფართოვონ და თურქები სომხეთში შეუშვან. ალბათ, რუსი გენერლები იფიქრებენ: როცა ფრონტის ხაზი „გაწელილია“, მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების გარღვევა უფრო ადვილია. მაგრამ თურქებს საკმაო ძალები აქვთ, რომ ზურგი გაიმაგრონ. თურქების თავდაცვის ხაზის სწრაფი გარღვევის მცდელობა რუსებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. აშკარაა, ასეთ შემთხვევაში მოსკოვი დაბომბვებს განახორციელებს როგორც არტილერიით, ასევე ჰაერიდან.
არაა გამორიცხული, რომ რუსების შეტევა გაჭიანურდეს: ვთქვათ და რუსეთის არმიამ შეძლო თურქეთის საზღვრების გადალახვა. საკუთარ ტერიტორიაზე თურქები ყოველი მეტრი მიწისთვის თავგანწირულად იბრძოლებენ, მთიან გზებზე რუსეთის მძიმე ტექნიკისთვის ბარიერებს მოაწყობენ, ხშირი იქნება ჩასაფრებები, მოულოდნელი თავდასხმები რუსებისათვის მტრულ ტერიტორიაზე. მოსკოვის ძალები გამოფიტვის საფრთხის წინაშე დადგებიან.
ომის პირველი წელი არც რუსეთისთვის იქნება იოლი და არც თურქეთისათვის. რუსეთი დაიკავებს თურქეთის ტერიტორიის ნაწილს, მაგრამ განა ღირს ამდენი დანაკარგის ფასად?
უფრო ხანგრძლივ ომში რუსეთი არ იჩქარებს და სამხედრო მოქმედებებს გააჭიანურებს. მოსკოვი დაელოდება იმ მომენტს, სანამ თამაშში მისი უპირატესობის ფაქტორი არ ჩაერთვება – მოსახლეობის დიდი რესურსი და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი. გაჭიანურებულ ომში თურქეთის მთავარი პრობლემა იარაღის იმპორტი იქნება, რადგან მისი მრეწველობა არმიას იარაღით ვერ უზრუნველყოფს.
ომის მეორე წელს თურქეთის არმია ცუდად შეიარაღებულ სამხედრო ძალად გადაიქცევა, თუმცა მას ცოცხალი ძალა საკმაოდ ბევრი ეყოლება. თავის მხრივ, რუსეთი ისარგებლებს რიგი ზემოთ ხსენებული უპირატესობით: მისი მოსახლეობა უფრო მეტია, მას აქვს ძველი საბჭოური ტექნიკისა და შეიარაღების დიდი რეზერვები. საჭიროების შემთხვევაში, ჩამოწერილი ტექნიკის გამოყენებაც შეიძლება. თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში წინსვლისას, თურქული არმიის დასუსტების კვალობაზე, სავარაუდოდ, რუსების დანაკარგებიც შემცირდება, მაგრამ მაინც იმაზე დიდი იქნება, ვიდრე მას ოდესმე განუცდია თანამედროვე კონფლიქტებში. ა;ბათ, კიდევ ერთი წელი გავა, სანამ რუსეთი ხელში ჩაგდებულ ტერიროეიბზე დამაგრდება და ომში თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ყველა შემთხვევაში, თურქეთზე გამარჯვება რუსეთს ძვირად დაუჯდება.