globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 28th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ // ევროკავშირის საბჭომ მორიგი რეგულაცია მიიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ

«Der Bayerwald-Bote» (გერმანია): ქართველი სამხედრო ატაშე სტუმრად ბავარიის სოფელ ლანდორფში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსულ-სომხური ტრანზიტი და საქართველოს ინტერესები

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 28 თებერვალი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/kidev-erti-nabiji-evropisken/28336329.html

კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ

ევროკავშირის საბჭომ მორიგი რეგულაცია მიიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ

თეა თოფურია

ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს მიიღო მორიგი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ. განცხადება ამის თაობაზე ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე არის გამოქვეყნებული.​ რეგულაცია ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზა აღარ დასჭირდებათ.

გუშინ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოს შორის. მხარეებმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და განაცხადა, რომ მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ისარგებლონ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის წევრ ქვეყნებთან: „ეს შედეგი ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ესმით ერთიანი ევროპის, ევროპის ერთიანი საგარეო, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა“.

როგორც დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება და თანხმობა უკვე მიღებულია და ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს. მან განაცხადა ასევე, რომ დარწმუნებულია საქართველო შეინარჩუნებს პროგრესის დონეს და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას კვლავ წარმატებით გააგრძელებს. დიმიტრის ავრამოპულოსი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნისთვის მთელ რიგ რეფორმებს მოიტანს: „ჩემთვის დიდი პატივია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ ვიმყოფები თქვენს გვერდით, რომ ერთად, ერთობლივად აღვნიშნოთ და ვიზეიმოთ ეს ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს“.

უვიზო მიმოსვლა ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებზეც, ყველაზე, ვისაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს: „ასეთი ხელშესახები შესაძლებლობა, როგორიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაა, იქნება ძალიან მიმზიდველი ჩვენი მოსახლეობისთვის გამყოფი ხაზების იქითა მხარეს, მით უმეტეს, რომ დღეს ისინი მავთულხლართებით არიან იზოლირებულნი დანარჩენი საქართველოსგან და, შესაბამისად, დანარჩენი მსოფლიოსგან“.

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეს 90 დღის განმავლობაში შეეძლება დარჩენა. ამასთან, ეს ვიზა მას საზღვარგარეთ მუშაობის უფლებას არ აძლევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცვას უვიზო მიმოსვლის პირობები.

———–

მასალები ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ვიზალიბერალიზების თაობაზე გავრცელდა აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითაც, მაგალითად, ამერიკული „ესოშეითედ პრესისა“ და ფრანგული „ფრანს-პრესის“ მიერ, გამოქვეყნდა რუსულ და თურქულ მედიაშიც. წყაროები: „ჰურიეთ დეილი ნიუსი“ – http://www.hurriyetdailynews.com/eu-member-states-approve-visa-free-travel-for-georgia-.aspx?pageid=238&nid=110235&newscatid=351; „ესოშეითედ პრესი“  -  http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_europe_georgia?site=ap&section=home&template=default.

«Der Bayerwald-Bote» (გერმანია), 28 თებერვალი, 2017 წელი

http://www.pnp.de/region_und_lokal/landkreis_regen/regen/2416216

ქართველი სამხედრო ატაშე სტუმრად ბავარიის სოფელ ლანდორფში

სტატიაში გადმოცემულია გერმანიაში საქართველოს საელჩოს სამხედრო ატაშის დავით მამულაიშვილის ყოფნა ბავარიის მხარის ქალაქ პასაუსთან ახლოს მდებარე სოფელ ლანდორფში, სადაც იგი მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ ჩავიდა თავისი გერმანელი მეგობრის, პოლკოვნიკ მაქსიმილიან ედერის მოსანახულებლად.

ქართველ დიპლომატს ლანდორფის ბურგომისტრმა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს. განსაკუთრებით გახარებული იყო კოლერების ოჯახი, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან. დავით მამულაიშვილმა ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმრების წიგნშიც. ბურგომისტრმა ოტო პრობსტმა გამოსვლისას განაცხადა, რომ ამაყობს ასეთი საპატიო პიროვნების სტუმრობით: „ქართული პრინციპი „ძალა ერთობაშია“ ბავარიელებისთვისაც უცხო არაა, ჩვენც იგივე პრინციპით ვცხოვრობთ… კარგი იქნება, თუ ჩვენს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება, მათ შორის ტურისტულ სფეროში“, – აღნიშნა მან და ქართველ პოლკოვნიკს საჩუქრად ცნობილი ლანდორფული თაფლი და DVD-ოპტიკური დისკი გადასცა, სოფლის ფოტოსურათებით.

ქართველმა დიპლომატმა ასეთი გულთბილი მიღებისათვის ბურგომისტრს მადლობა გადაუხადა. მან ისაუბრა აგრეთვე გერმანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლობაზე, ქართველი და გერმანელი ხალხების საერთო ღირებულებებზე… დავით მამულაიშვილი შეეხო აგრეთვე კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას. მან აღნიშნა, რომ საქართველო ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის. მისი თქმით, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ეს თემებიც იქნა განხილული.

———–

«Der Bayerwald-Bote»გერმანიის ყოველდღიური პროვინციული გაზეთი, შედის მედიაჰოლდინგ «Passauer Neue Presse»-ში, ვრცელდება ქალაქ ცვიზელში და რეგენის რაიონში.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/armenian-pm-meets-georgian-leaders-in-tbilisi/3741459.html

რუსულ-სომხური ტრანზიტი და საქართველოს ინტერესები

ზაზა წულაძე

სომხეთის პრემიერ მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ აღნიშნა, რომ სომხური ტრანზიტისთვის საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატივა იპოვნა, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ მარშრუტზეა საუბარი.

ოფიციალური ერევანი უკვე დიდი ხანია უკმაყოფილებას ამჟღავნებს საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთისა და რუსეთის კუთვნილი სატრანზიტო ტვირთების მუდმივი შეფერხებით, რაც ჯვრის უღელტეხილსა და დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებით არის განპირობებული. ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო გაძლიერდა 2016 წლის ბოლოს, როცა საქართველოში, სამხედრო გზასთან ერთად, ფოთის ნავსადგურიც ჩაიკეტა და სომხეთი ნაწილობრივ სატრანსპორტო ბლოკადაში მოექცა.

ერევანი არ მალავს, რომ საქართველოს სამხედრო გზისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე საგზაო-სარკინიგზო ინფრასტრუტურას განიხილავს.

2016 წლის ზაფხულში თბილისმა ერთხელ უკვე უარყო წინადადება სომხურ-რუსული ტვირთებისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალი „ს-10“ – გორი-ცხინვალი-გუფთა -ჯავა-როკის გვირაბი გაეხსნა.

რა დაპირება მიიღო სომხეთის პრემიერმა ამჯერად თბილისში, ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის. მმართველი პარტიის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც წარსულში საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტში მუშაობდა, ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადატანის შესაძლებლობა არ განიხილება: „ჩვენი მხრიდან ეს თემა დღის წესრიგში არ დგას, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის და ამ ეტაპზე, ამ საკითხს არ განვიხილავთ. ეს არის პირდაპირ კავშირში კონფლიქტის მოგვარებასთან, დეოკუპაციასთან, იმ რეგიონების საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებთან საერთო-ეკონომიკურ ინტეგრაციასთან. ბუნებრივია, თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, რკინიგზის და გზების გახსნა არ არის მიზანშეწონილი“.

2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა“, მათ შორის „სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა“ აკრძალულია. შესაბამისად, ექსპერტების აზრით, ამ მიმართულებით, ნებისმიერ მოლაპარაკებას ოკუპაციის კანონის „შერბილება“ ან გაუქმება უნდა უძღოდეს.

კიდევ ერთ მნიშნელოვან წინაღობად რჩება საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“, რომლითაც თბილისმა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებისკენ გზა გაუხსნა.

შეთანხმების მიხედვით, ჩამოყალიბდა სამი სავაჭრო დერეფანი: ადლერი – ზუგდიდი, ჩრდილოეთ ოსეთის სოფელი ნარი – გორი და ყაზბეგი – ზემო ლარსი. ამ დერეფნებში შემავალი და გამომავალი ტვირთის მონიტორინგი კი ნეიტრალურ, კერძო, შვეიცარიულ კომპანია SGS Societe Generale de Surveillance SA-ს დაევალა, რომლის მონიტორები გორთან, ზუგდიდთან, ადლერთან და როკის გვირაბის ჩრდილოეთ მხარეს უნდა განლაგებულიყვნენ.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რუსეთი, სოხუმთან და ცხინვალთან ერთად კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ SGS-ის მებაჟეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შემავალ-გამავალი ტვირთები აღერიცხათ, თუმცა 2017 წლის თებერვლის დასაწყისში, როგორც მოსკოვმა, ისე თბილისმა აღნიშნეს, რომ 2011 წლის შეთანხმების განსახორციელებლად „პოზიტიული ძვრები“ შეინიშნება.

ვინ დათმო და რა პირობით განახლდა მოლაპარაკება, რომლითაც რუსეთისა და საქართველოს გარდა, სომხეთიც სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, ამ დრომდე, ბოლომდე ნათელი არ არის.

დეპუტატი სერგი კაპანაძე, რომელიც 2011 წელს ამ შეთანხმებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში მუშაობდა, ამბობს:  „ეს შეთანხმება ეხება ყველა ტვირთს, რომელიც შედის ან გადის ამ დერეფნებში. აქ იგულისხმება ისეთი ტვირთები, რომლებიც რუსეთიდან შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იქ რჩება; ან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადის რუსეთში. ანუ ეს შეთანხმება არ მოიცავს მხოლოდ ტრანზიტულ ტვირთებს. თუ ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და ეს დათმო, შვეიცარიელი მონიტორები მხოლოდ ტრანზიტული ტვირთების აღრიცხვის გამო ჩადგებიან იქ, ეს ღალატი იქნება“.

დღეისათვის სომხური ტრანზიტისთვის, საქართველოს სამხედრო გზის ერთადერთ ალტერნატივად საბორნე გადასასვლელი „ფოთი-კავკაზი“ რჩება, რომლითაც ტვირთები, შავი ზღვის გავლით, ქერჩის ყურეში და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ხვდება. ეს საბორნე მარშრუტი 2005 წელს ამოქმედდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, არარენტაბელურობისა და უამინდობის გამო, პერიოდულად ჩერდება ხოლმე. სომხეთიდან ტვირთი ფოთამდე სააქციო საზოგადოება „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ ჩააქვს, რომელიც 2008 წელს, ერევანმა, 30 წლის ვადით, კონცესიის წესით, რუსეთის რკინიგზას გადასცა. 2017 წლის თებერვალში, „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ განაცხადა, რომ 80%-ით შეამცირა გადაზიდვის ტარიფები ფოთი-კავკაზის საბორნე მარშრუტის დასატვირთად და ტვირთბრუნვის გასაზრდელად.

Comments are closed