globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 28th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Maclean’s» (კანადა): ინტერვიუ იენს სტოლტენბერგთან: „ჩვენ საქართველოსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“

«Зеркало недели» (უკრაინა): «კავკაზნაშ“: როგორ ახდენს რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრირებას

———————-

«Macleans» (კანადა), 27 მარტი, 2015 წელი

http://www.macleans.ca/news/canada/the-interview-nato-secretary-general-jens-stoltenberg/

http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/1861829

ინტერვიუ იენს სტოლტენბერგთან: „ჩვენ საქართველოსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“

კანადის ყოველკვირეულ ჟურნალ «Maclean’s»-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოცემის კორესპონდენტს პოლ უელსს ესაუბრება კანადის მიერ შეტანილ წვლილზე ნატოს განმტკიცების საქმეში, ნატოს როლზე სირიაში („ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაში), ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ახალი წევრების შესაძლო მიღებაზე.

კითხვას, რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ეხება, იენს სტოლტენბერგი ასე პასუხობს: „დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა ნატოს კარზე დააკაკუნეს და ორგანიზაციის წევრობა მოისურვეს. ნატო არანაირად არ ფართოვდება და არ მიიწევს აღმოსავლეთისაკენ, პირიქით, აღმოსავლეთს სურს ნატოში ან ევროპის კავშირში შესვლა“. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ „ყოველ ხალხს აქვს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება, მათ შორის იმ საკითხშიც, უსაფრთხოების რომელი სისტემის ნაწილი გახდეს… გადაწყვეტილების მიღება თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა… არავინ არავის არ აიძულებს სამხედრო ბლოკში გაერთიანებას“.

კანადელმა ჟურნალისტმა ალიანსის გენმდივანს კითხვა დაუსვა ნატოში უკრაინისა და საქართველოსა წევრობის შესახებაც. იენს სტოლტენბერგის თქმით, ორგანიზაცია „ღია კარის პოლიტიკას“ აგრძელებს, რაც ვაშინგტონში [1949 წლის აპრილში ხელმოწერილი დამფუძნებელი] შეთანხმებითაა გათვალისწინებული. გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ „ღია კარის პოლიტიკა“ ევროპაში სტაბილურობის ფაქტორია.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მასთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენ იქ  სასწავლო ცენტრს ვქმნით, ვმუშაობთ საქართველოსთან, რომ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ეს ქვეყანა წინ წავიდეს. უკრაინის შესახებ: რამდენიმე წლის წინ უკრაინის მთავრობამ განაცხადი წარადგინა გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით კიევმა ბლოკსგარეშე სტატუსი აირჩია. ჩვენ პატივი ვეცით ამ გადაწყვეტილებას. ახლა უკრაინელებმა კვლავ მოისურვეს ალიანსის წევრობა და რეფორმები დაიწყეს. როცა ისინი მზად იქნებიან, მათ განცხადებას განვიხილავთ“.

«Зеркало недели» (უკრაინა), 28 მარტი, 2015 წელი

http://gazeta.zn.ua/international/kavkaznash-kak-rossiya-integriruet-nepriznannye-respubliki-_.html

«კავკაზნაშ“: როგორ ახდენს რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრირებას

„საქართველოს ბოლო პერიოდში ჩვენ ძირითადად „რეფორმატორების გუნდთან“ დაკავშირებით ვიხსენებთ ხოლმე, რომელიც მთავრობამ დასახმარებლად მოიწვია. არადა, დღეს საქართველოს პრობლემურ ტერიტორიებზე ერთობ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – კონსტანტინ ფედორენკო).

პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულებები, რომლებიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გაფორმდა და რომლებიც ერთი მხრივ, მოსკოვ-სოხუმისა და მეორე მხრივ, მოსკოვ-ცხინვალის მჭიდრო მოკავშირეობა-ინტეგრაციას ითვალისწინებს.

ავტორი აღნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულებები მართალია, ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მათ შორის გარკვეული განსხვავება მაინც შეინიშნება: აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთობაში შედარებით მეტ დისტანციას ინარჩუნებს, ვიდრე სამხრეთ ოსეთი. ექსპერტები მიუთითებენ, რომ აფხაზეთი ცდილობს უფრო აქტიურად გაატაროს თავისი პოლიტიკა, სამხრეთ ოსეთი კი მოსკოვს ფაქტიურად ყველაფერში ეთანხმება.

რატომ გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები? როგორც ჩანს, არაღიარებული რესპუბლიკები რუსეთის დაპირებებმა მოხიბლა, რომელიც, სამხედრო-პოლიტიკური მფარველობის გარდა, აფხაზებსა და ოსებს  რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ წესს სთავაზობს. გარდა ამისა, რუსეთი მათ გარანტიას აძლევს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროშიც: ხელფასები, პენსიები,  ბიუჯეტში ჩარიცხვები, თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში…

მაგრამ მათ ხომ 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმებებითაც საკმარისი გარანტიები ჰქონდათ მიღებული რუსეთისაგან. რატომ აღრმავებს რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოკავშირეობა-ინტეგრაციას? აშკარაა, რომ ამ დოკუმენტების მიზანია რუსეთის ნების ღია დემონსტრირება: მოსკოვი მთელ მსოფლიოს აჩვენებს – მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილებად მიიჩნევს, რუსეთისთვის ამ ფაქტორს მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის პოსტსაბჭოთა სივრცე გავლენისა და ინტერესების სფეროს წარმოადგენს. ყურადღება მივაქციოთ ხელმოწერის პერიოდსაც: ისინი გაფორმდნენ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

რუსეთი პერმანენტულად ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი ინტერესების არქიტექტურა შექმნას: საბაჟო კავშირი, ევრაზიული კავშირი, ტაშკენტის ხელშეკრულება… ეს კიდევ არაფერი. მოსკოვი იმასაც ესწრაფვის, რომ ყველანაირად დააბრკოლოს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების, განსაკუთრებით კი საქართველოსა და უკრაინის სწრაფვა დასავლეთისაკენ: „ჩამოაჭერი ტერიტორიები, მიიტაცე მათი რეგიონები და არცერთს ნატოში არ მიიღებენ“.

რატომ უნდა მიაქციოს უკრაინამ ყურადღება ზემოთ ხსენებულ ხელშეკრულებებს? ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთმა (აფხაზეთისაგან განსხვავებით), დონეცკ-ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები“ აღიარა და ვაითუ რუსეთმა, ცხინვალის მეშვეობით, მათ იარაღი მიაწოდოსო. გულუბრყვილო ვარაუდებია. ცხინვალიდან დონეცკში იარაღის გადატანა ლოჯისტიკის თვალსაზრისით, მაინც და მაინც მარტივი არ არის. და საერთოდაც რა შუაშია „ოსურ-რუსული იარაღი“, როცა რუსეთი ისედაც დაუბრკოლებლად აწვდის იარაღს დონბასელ სეპარატისტებს?

აქ საკითხი არა იმდენად იარაღის მიწოდებას, არამედ რეგიონში რუსეთის გავლენას და მის არქიტექტურას ეხება. კრემლი ფიქრობს, რომ მის ინტერესთა სფეროში მყოფი ტერიტორიები ერთმანეთთან მაქსიმალურად უნდა იყონ დაკავშირებულნი. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახით მოსკოვს კარგი ბერკეტები აქვს საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად. არც ის დავივიწყოთ, რომ აფხაზეთს ზღვაზე გასასვლელი აქვს, სამხრეთ ოსეთში კი არის რაღაც-რაღაცეები, რაც რუსეთს ჭირდება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ნატოში ისეთი სახელმწიფოს მიღება, რომელსაც მეზობელთან ტერიტორიისა და საზღვრების საკითხი მოუგვარებელი აქვს, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამას დავუმატოთ რუსეთის პოზიციონირება დასავლეთის წინაშე: ზემოთ უკვე ვთქვით, რომ რუსეთი დასავლეთის წინაშე საკუთარი ნების ღია დემონსტრირებას ახდენს. მოსკოვი აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი ინტერესების სფერო, რომლის ფარგლებში ის განუსაზღვრელ კონტროლს ახორციელებს.

Comments are closed