globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 28th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „კაბელების საქმე“: ირაკლი ალასანიას მტკიცებით, ხელისუფლება რუსეთის საამებლად მოქმედებს

«Независимая газета» (რუსეთი): რუსეთ -აშშ-ის დიალოგის ახალი დღის წესრიგის საკითხი: საქართველოს ნეიტრალიტეტი

«Главком» (უკრაინა): „ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილედ გიზო უგულავას დანიშვნით უკრაინის ხელისუფლებამ ყველა უკრაინელ პროფესიონალს სახეში შეაფურთხა“

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 28 აპრილი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2718402

„კაბელების საქმე“: ირაკლი ალასანიას მტკიცებით, ხელისუფლება რუსეთის საამებლად მოქმედებს

„ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლო იმ სკანდალური სისხლის სამართლის საქმის განხილვას შეუდგა, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი კორუფციაშია დადანაშაულებული. მათი ყოფილი ხელმძღვანელის, თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხელისუფლება ამ საქმეს იმიტომ აფიარებს, რომ ქვეყნის ყველაზე პროდასავლური სამინისტროს დისკრედიტირება სურს: „ამით მოქმედ მთავრობას სურს თავი გაიმართლოს იმ შეთანხმების ჩაშლის გამო, რომელიც საფრანგეთისაგან უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო და ანტირაკეტული სისტემების შესყიდვას შეეხებოდა“, – დარწმუნებულია ყოფილი მინისტრი. მისი თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი ალასანიას წინააღმდეგაც დაიწყოს“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ე.წ. „კაბელების საქმის“ არსი და მასთან დაკავშირებული  პოლიტიკური განცხადებები.

სანამ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყებოდა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პროკურატურა „აქილევსის ქუსლად“ მონათლა, რომელიც ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიულ კონსოლიდაციას: „პროკურატურა პირდაპირ ემორჩილება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს და მის დავალებებს ასრულებს“, – განაცხადა ექს-მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე პროდასავლური სამინისტროს დისკრედიტაციით ოლიგარქი და მისადმი დაქვემდებარებული მთავრობა ხელს უშლის საქართველოს დაახლოებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

თავის მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ ირაკლი ალასანიასა და მისი თანაპარტიელების მიერ გაკეთებული ყველა განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით „სპეკულაციას“ და „ჩვეულებრივი სისიხლის სამართლის საქმის პოლიტიზების მცდელობას“ წარმოადგენს.

ამასთან, დამოუკიდებელ ექსპერტებს არ სჯერათ, რომ „კაბელების საქმე“ მართლაც ხელისუფლების ხრიკებია და რომ თავდაცვის სამინისტროს ტანამშრომლების მიმართ სისსხლის სამართლის საქმის აღძვრა მართლაც საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო სისტემების შესყიდვის ჩაშლისაკენ იყო მიმართული. როგორც სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, „საეჭვოა, რომ საფრანგეთი მზად იყო საქართველოსთვის ასეთი თანამედროვე სისტემები მოეწოდებინა, რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით. ცნობილია, რომ მოსკოვი ნეგატიურად აფასებს ნატოს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან“.

«Независимая газета» (რუსეთი), 28 აპრილი, 2015 წელი

http://www.ng.ru/world/2015-04-28/3_kartblansh.html

რუსეთ -აშშ-ის დიალოგის ახალი დღის წესრიგის საკითხი: საქართველოს ნეიტრალიტეტი

ალექსეი ფომენკო

(შემოკლებით)

ამას წინათ რუსეთის საგაგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ვაშინგტონთან ურთიერთობა ორი პირობით გააგრძელოს: პირველი – ზეწოლის გარეშე და თანასწორუფლებიანობის დაცვით. მართალია, რომ დღეს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიალოგი ნაკლებრეალურია, მაგრამ, ამის მიუხედავად, რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში ობიექტურად ჩნდება აღმოსავლეთ ევროპის სამხედრო უსაფრთხოების პრობლემა.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების საბოლოოს გაუქმების შემდეგ  მოსკოვს ნამდვილად არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განზრახვას – დამატებითი შეიარაღება განალაგოს ბალტიისპირა სახელმწიფოებში, ანუ „ზღვებსშორის სივრცეში“, როგორც ამას ხშირად უწოდებენ ბალტიისა და შავ ზღვებს შორის მოქცეულ ტერიტორიას, მაგრამ მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია დააყენოს საკითხი იქ მდებარე ოთხი ქვეყნის – ფინეთის, უკრაინის , საქართველოსა და მოლდოვას სტატუსის თაობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამხდარან ნატოს წევრები.

როგორ სტატუსზეა საუბარი? მხედველობაშია მათთვის ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება, მათ ტერიტორიაზე უცხოური ბაზების განლაგებაზე უარის სანაცვლოდ. რასაკვირველია, ამ სიტუაციაში გაყინული კონფლიქტების პრობლემა ცალკე გადასაწყვეტი გახდება. შეიძლება ერთი შეხედვით ეს ვარიანტი ვინმეს ფანტასტიკურად მოეჩვენოს, მაგრამ თუ დავუკვირდებით, მასში რეალურ საფუძვლებსაც დავინახავთ. თვითონ განსაჯეთ -თანამედროვე ევროპა ნეიტრალიტეტის სამ მოდელს იცნობს:

პირველი – შვედური ნეიტრალიტეტი, რომელიც მიღებულია ქვეყნის პარლამენტის (რიკსდაგის) ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე; მეორე – ფინური ნეიტრალიტეტი, რომელიც ეფუნება საბჭოთა კავშირ-ფინეთის 1955 წლის ხელშეკრულებას და მესამე – ავსტრიული ნეიტრალიტეტი, რომელიც გარანტირებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ, 1955 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით. ავსტრიული ნეიტრალიტეტი დანარჩენებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის სხვა სახელმწიფოების გადაწყვეტილებით იქნა მიღებული. ეს სამივე ვარიანტი სრულიად მისაღებია ბუფერული ქვეყნებისთვისაც.

მოლდოვასთვის, ალბათ, უკეთესი იქნება ნეოტრალიტეტის ავსტრიული ვარიანტი. ამ ქვეყნისათვის ყველაზე დიდ პრობლემას რუმინეთის პოლიტიკა წარმოადგენს, სადაც ბოლო თორმეტი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა „უნიონისტთა“ (მოლდოვასთან გაერთიანების მსურველთა) მოძრაობა. რუმინელი „უნიონოსტების“ მიზნები შიშს იწვევს დნესტრისპირეთსა და გაგაუზეთში, რომლებთაც ბუქარესტის დაქვემდებარებაში გადასვლა არ სურთ. მოლდოვას ნეიტრალური სტატუსი უნდა ითვალისწინებდეს კიშინიოვის უარს რუმინეთთან გაერთიანებაზე, სამაგიეროდ შეიძლება განახლდეს დიალოგი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა დნესტრისპირეთთან – ერთიან სახელმწიფოში ურთიერთობის ფორმატის შესახებ, ანუ როგორც ეს იყო ნაგულისხმევი 1997 წლის მოსკოვის მემორანდუმით. დიდი სახელმწიფოები მოლდოვას გარანტიას მისცემენ, რომ მის ტერიტორიას რუმინეთი და უკრაინა არ გაიყოფენ.

უკრაინისთვის, როგორც დიდი სახელმწიფოსათვის, შესაძლოა მისაღები იყოს ნეიტრალიტეტის შვედური ვარიანტი. 2014 წელს ვერხოვნა რადამ (პარლამენტმა) ქვეყნის ბლოკსგარეშე სტატუსი გააუქმა, მაგრამ ორი ტერიტორიული პრობლემის არსებობის დროს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი ზედმეტია. კიევის ბლოკსგარეშე სტატუსის აღდგენა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუ ნატო და რუსეთი არაორაზროვნად განაცხადებენ, რომ მათ სურთ უკრაინა ნეიტრალურ სახელმწიფოდ იხილონ (კიევს ამ დროს რუსეთსა და ნატოს დამაკავშირებელი ერთგვარი „ხიდის“ როლის შესრულებაც შეუძლია). არაა გამორიცხული, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის სპეციალური რეჟიმი შემუშავდეს.

საქართველოსთვის უმჯობესი იქნებოდა ნეიტრალიტეტის ფინური ვარიანტი. ეს ქვეყანა უკრაინის მსგავს სიტუაციაში იმყოფება: საქართველოს ნატოში გაწევრიანებაც ასევე შეუძლებელია, რადგან ორი ტერიტორიული კონფლიქტი აქვს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ალტერნატივა შეიძლება ორ ვარიანტად წარმოვიდგონოთ: პირველი – შეთანხმება საქართველოს ნეიტრალური სტატუსის შესახებ რუსეთისა და ნატოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გამოკლებით) და მეორე – უსაფრთხოების შეთანხმების დადება ნატოსთან იმ პირობით, რომ ეს შეთანხმება არ გავრცელდება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე და აღიარებული იქნება ამ რესპუბლიკების მიერ რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

ცალკე პუნქტით მხარეებმა (დიდმა სახელმწიფოებმა) შეიძლება ფინეთის ნეიტრალიტეტიც დაადასტურონ – ამჟამად, როგორც უკვე ვთქვით, ფინეთის ნეიტრალიტეტს ფართო საერთაშორისო გარანტიები არ გააჩნია, მისი საფუძველი მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირთან დადებული შეთანხმებაა. ფინეთის ნეიტრალიტეტის დადასტურება ბალტიის ზღვის აუზში დაძაბულობის დონეს დასწევს. გავიხსენოთ, რომ ნატოს უელსის სამიტის წინ ფინეთის ნატოსთან პარტნიორობის საკითხი განიხილებოდა.

რუსეთ-აშშ-ის დიალოგის ასეთი დღის წესრიგი შესაძლოა ვინმეს გულუბრყვილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ამის ალტერნატივა უკვე ბალტია-შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზებაა, სადაც უკვე ბევრი კონფლიქტია გაჩენილი. ეს ყველაფერი რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო კონფლიქტის რისკს ზრდის. ამიტომაც რუსეთ-ამერიკის შინაარსიანი დიალოგი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო უსაფრთხოების პრობლემის განხილვის გარეშე შეუძლებელია.

———-

ავტორის შესახებ

ალექსეი ფომენკო მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის ფაკულტეტის დოცენტია.

«Главком» (უკრაინა), 28 აპრილი, 2015 წელი

http://glavcom.ua/news/289568.html

„ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილედ გიზო უგულავას დანიშვნით უკრაინის ხელისუფლებამ ყველა უკრაინელ პროფესიონალს სახეში შეაფურთხა“

საქართველოს „ნაციონალური“ ხელისუფლების ყოფილი ჩინოვნიკის გიზო უგულავას უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნის ფაქტი უკრაინელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარყოფითად შეაფასეს.

როგორც ვერხოვნა რადას (პარლამენტის) ფრაქცია „ოპოზიციური ბლოკის“ წევრმა, სახალხო დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა განაცხადა, გიზო უგულავას დანიშვნით მთავრობამ შეურაცხყოფა მიაყენა იმ მილიონობით უკრაინელს, რომლებიც არ იწონებენ ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას.

„მთავრობაში არსებობს ერთგვარი მანიაკალური სწრაფვა იმისა, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე გამვლელი უცხოელები დანიშნონ… უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ საქართველოს გენპროკურატურის ყოფილი ჩინოვნიკის დანიშვნით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შეაფურთხა სახეში ყველა უკრაინელ პროფესიონალს, რომლებიც ამ თანამდებობაზე მოიაზრებოდნენ“, – განაცხადა დეპუტატმა და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ქმედებით ხელისუფლება ხელოვნურად აღვივებს უკრაინელებში არასრულფასოვნებისა და მეორეხარისხოვნობის შეგრძნებას.

ვადიმ რაბინოვიჩმა ჟურნალისტებს გაახსენა, რომ უკრაინაში მყოფ ბევრ ქართველ „ტოპ-მენეჯერებზე“ საქართველოს სამართლდამცველი სტრუქტურების მიერ ძებნაა გამოცხადებული, „ჩვენ კი მათ მოქალაქეობას ვანიჭებთ და უკრაინულ პასპორტებს ვურიგებთ, მაღალ თანამდებობებს ვაძლევთ, რომლებიც უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ დაკავებული“.

პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანაში ყოველი მთავრობა, პირველ რიგში, იმაზე ფიქრობს, თუ როგორ აღზარდოს თავისი პროფესიონალები, საკუთარი პატრიოტული კადრები. „უკრაინაში კი რომელ პატრიოტიზმზეა საუბარი, როცა ყოველი დროებით გამვლელ-გამოვლელი უცხოელი თანამდებობაზე ინიშნება?“, – განაცხადა ვადიმ რაბინოვიჩმა.

Comments are closed