globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 28th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Daily Sabah» (თურქეთი): თურქეთმა საქართველოსაგან მიწა დაიბრუნა

«The Wall Street Journal» (აშშ): ევროკავშირის წევრი ქვეყნები უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვას ცდილობენ

«RFE/RLრადიო თავისუფლება» (აშშ): შეკითხვები და რისკები ევრო-კავშირთან უვიზო მიმოსვლის მოლოდინში

———————–

«Daily Sabah» (თურქეთი), 27 აპრილი, 2016 წელი

http://www.dailysabah.com/nation/2016/04/27/turkey-reclaims-land-from-georgia

თურქეთმა საქართველოსაგან მიწა დაიბრუნა

მიწის მცირე მონაკვეთი, რომელსაც მდინარის კალაპოტის შეცვლის გამო მფლობელიც შეეცვალა, ჩინოვნიკთა კეთილი ნებით პატრონს უკან დაუბრუნდა. 40 წლის წინათ თურქეთი იძულებული გახდა საქართველოსთვის ტერიტორიის ნაწილი დაეთმო, გასულ კვირას კი, თბილისელი და ანკარელი ჩინოვნიკების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თურქეთმა მიწა უკან დაიბრუნა…

დაახლოებით 15 აკრი მიწის (1 აკრი = 4 კვ.მ) თურქეთისათვის დაბრუნება ბუნებრივი მოქმედებაა: შორეულ 1970-იან წლებში, არტაანის ოლქში, თურქეთ-საქართველოს ამჟამინდელ საზღვარზე მდებარე პატარა მდინარე ჯაქსუმ (ჯაყისწყალმა – მთარგმ.) კალაპოტი შეიცვალა და მიწა გაჰყო. ეს ის არტაანის ოლქია, რომლის დაბრუნებასაც საბჭოთა ბელადი 1940-იან წლებში ცდილობდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული თათბირის ოქმით ირკვევა, ამის თაობაზე იოსებ სტალინმა მოსკოვში 1945 წელს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  ერნსტ ბევინსაც განუცხადა. იოსებ სტალინი ამტკიცებდა, რომ არტაანი და კიდევ ერთი თურქული პროვინცია ყარსი ქართველებით და სომხებით არის დასახლებულიო და ამიტომ საბჭოთა კავშირს უნდა დაუბრუნდესო.

ამ დღეებში კი იოსებ სტალინის სამშობლო საქართველო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დათანხმდა, რომ მდინარე ჩაქსუს მიერ გაყოფილი მიწა თურქებისათვის დაებრუნებინა. საქართველოს და თურქეთს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე პოსოფ-თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და ხელი მოაწერეს შესაბამის ოქმს (მდინარის კალაპოტის ცვლილების თაობაზე). ოქმის თანახმად, მდინარის კალაპოტი გაწმენდილი იქნება ნარიყისაგან, ბუჩქნარისაგან, ხეებისაგან, რათა მდინარის დინებას ხელი არ შეეშალოს [დაკალაპოტი ისევ არ შეიცვალოს]. მდინარის დინების ახალი მიმართულების თანახმად, თურქულ მხარეს ფეხბურთის 5 მინდვრის ტოლი ტერიტორია დაუბრუნდა.

78 წლის სულეიმან ჩელიკს ოცნება აუსრულდა – იგი [საზღვრისპირა] სოფელში ცხოვრობს: „მიწის დაკარგვამ დიდი ტკივილი მომაყენა. ხელისუფლებას არაერთხელ მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ანკარაში გავგზავნე წერილი და იქიდან 2013 წელს დელეგაცია გამოგზავნეს. დელეგაციის წევრებმა ჩემი თხოვნა შეამოწმეს, შემდეგ კი თურქულ-ქართული კომისია ჩამოყალიბდა… ახლა ისინი მე ჩემი მიწის ათვისებაში მეხმარებიან. მე მადლობელი ვარ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებისა“, – ამბობს სულეიმან ჩელიკი, რომლის მტკიცებით, ათეული წლების წინათ დაკარგული მიწა ნაყოფიერი იყო და დიდ მოსავალს იძლეოდა. როგორც კი მას დაკარგული მიწა ამ დღეებში ოფიციალურად დაუბრუნდება, განზრახული აქვს დაბრუნებულ ნაკვეთზე მარცვლეული კულტურა დათესოს.

———-

იგივე საკითხზე სტატია გამოქვეყნდა აგრეთვე სხვა თურქულ გაზეთებშიც – „ჰურიეთ“-ში, „სთარ“-ში და ა.შ. „ჰურიეთ“-ში დაბეჭდილი მასალის სათაურიც „დეილი საბაჰ“-ში გამოქვეყნებული სტატიის სათაურის მსგავსია –  „თურქეთმა საქართველოსაგან ტერიტორია დაიბრუნა“ (ავტორი – ალპერ თურგუთი). მასში დეტალურადაა გადმოცემული პოსოფში ორი მეზობელი სახელმწიფოს დელეგაციების შეხვედრა (თურქეთის მხრიდან – არტაანის კაიმაკამი (გუბერნატორი) უფუკოზენ ალიბეგლუ, საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ივერი მელაშვილი). გარდა ამისა, პუბლიკაცია მდიდარია ფაქტის ამსახველი ფოტოსურათებითაც: ნაჩვენებია მიწის ნაკვეთის ბუნებრივი ხედი (მონიშნულია დაბრუნებული ნაწილი), მოლაპარაკებისა და ხელმოწერის ცერემონია, მიწის ნაკვეთის გრაფიკული გამოსახულება, თურქი გლეხი სულეიმან ჩელიკი… წყარო: http://www.hurriyet.com.tr/turkiye-gurcistandan-topragini-geri-aldi-40094772

«The Wall Street Journal» (აშშ), 27 აპრილი, 2016 წელი

www.wsj.com/articles/eu-states-to-review-visa-free-travel-policy-1461801068

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვას ცდილობენ

„ევროკავშირის წევრები, რომლებმაც თურქეთს, უკრაინას და საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმი უნდა დაუწესონ, ისეთ ფორმულირებას ეძებენ, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სწრაფად შეაჩეროს უვიზო რეჟიმი ან უფრო უარესი – საერთოდ გაუქმდეს, თუ ეს საჭირო გახდება, – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორია ლოურენს ნორმანი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ასეთმა ინფორმაციამ გერმანულ და ფრანგულ გაზეთებში გაჟონა. „ეს ხდება იმ დროს, როცა ძალიან ბევრი ევროპელი შეშფოთებულია მასობრივი მიგრაციით. თუ თურქეთს, უკრაინას და საქართველოს უვიზო რეჟიმი მიეცემათ, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან უახლოესი თვეების განმავლობაში დაახლოებით 120 მილიონი ადამიანი თავისუფლად შევა შენგენის ზონაში… გასულ კვირას ევროპის კომისიამ რეკომენდაცია მისცა უკრაინას, სადაც 45 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უფრო ადრე იგივე რეკომენდაცია საქართველომ მიიღო, კოსოვოს კი უარი განუხადეს. რაც შეეხება თურქეთს, ანკარამ უვიზო რეჟიმის დაპირება ევროკავსირისიგან იმ მიზნით მიიღო, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციულ ტალღას შეაჩერებს“.

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე შეთანხმებებს ხელი იმ დროს უნდა მოეწეროს, როცა ევროკავშირი მიგრაციის მხრივ დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია – სიტუაცია ისეთი შედარებით იოლი აღარაა, რაც იყო, ვთქვათ, ორი წლის უკან, როცა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.  ამჟამად ასეულ ათასობით ადამიანი (ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან) ცდილობს, რომ არალეგალურად შევიდეს ევროკავშირის ქვეყნებში. ისინი უსაფრთხოების სფეროში პრობლემებს ქმნიან. შესაბამისად, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები შეშფოტებას გამოხატავენ და ცდილობენ როგორმწე მინიმუმადე დაიყვანონ მოსალოდნელი რისკები, – ნათქვამია სტატიაში.

«RFE/RLრადიო თავისუფლება» (აშშ), 27 აპრილი, 2016 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/content/uvizo-mimosvlis-molodinshi/27701855.html

შეკითხვები და რისკები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოლოდინში

ლელა კუნჭულია

27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივები წარმოადგენდა. შეხვედრა მარტინ შულცთან თუ დავით უსუფაშვილის მიერ ბრიუსელში გამართული სხვა შეხვედრები განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს 26 აპრილს გაკეთებული განცხადებების კვალდაკვალ. პარლამენტის თავმჯდომარემ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში გამოვლენილ სამ პრობლემაზე ილაპარაკა.

ევროკავშირს არა აქვს დამატებითი მოთხოვნები სავიზო ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით – ამ შინაარსის განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განმარტებით, ევროპარლამენტის სპეციალური მომხსენებელი ყურადღებით ამოწმებს საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა პუნქტის შესრულებას და სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გავა საკითხი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აქვე ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი აღნიშნავს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად აქვს შეფასებული ევროკომისიას და, ამასთან, იკვეთება საკითხის პოლიტიკური შემადგენელიც:

„საქართველო (რიგითი) ქვეყანა არ არის… ის არის ევროკავშირის პარტნიორი და მნიშვნელოვანი მეზობელი აღმოსავლეთით… ჩვენ გარკვეული შეშფოთებით ვუყურებთ მოვლენათა განვითარებას მეზობელ ქვეყნებში, რომლებსაც პრობლემები აქვთ თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით… ყველა ეს ელემენტი თამაშობს თავის როლს, რათა ასოცირებისა და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესები უფრო ფართო პოლიტიკურ ჩარჩოში წარიმართოს… და ამიტომ მე შედარებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ დადებითი მიმართულებით მივდივართ“.

მარტინ შულცს კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია, თუ როდის განიხილავს ევროპარლამენტი სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს. ჯერჯერობით ბრიუსელში არც ის დაკონკრეტებულა, თუ როდის განიხილავს ამ საკითხს ევროკავშირის საბჭო და, რაც მთავარია, პრაქტიკულად როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ამ შინაარსის შეკითხვას უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ამ პროცესის დადებითი შედეგით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები „ამ წლის ბოლომდე“ შეძლებენ. ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღებას, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესის დასრულებას ევროპულ სტრუქტურებში რამდენიმე თვე დასჭირდება.

თუმცა საქართველოს მოქალაქეების ოპტიმისტური მოლოდინი დიდწილად ისევ ზაფხულს და, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისს უკავშირდება, რასაც ასაზრდოებს სხვადასხვა დროს ბრიუსელიდან წამოსული სიგნალები, რომელთა თანახმადაც, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი ევროპარლამენტის ზაფხულის არდადეგებამდე უნდა დასრულდეს. ამ შინაარსის განცხადებები ეკუთვნით, მაგალითად, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსსა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელს ელმარ ბროკს, რომელმაც, სხვათა შორის, მხარდაჭერა 26 აპრილს ბრიუსელში შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც აღუთქვა, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენად იქნა მიჩნეული იმ ფონზე, როდესაც ევროპის სახალხო პარტიამ მხარი არ დაუჭირა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს მიმართვას ევროპარლამენტისადმი, რომ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი ზაფხულის არდადეგებამდე იქნეს განხილული. ევროპის სახალხო პარტიის მიდგომებს ერთ-ერთ პრობლემად ასახელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრობლემათა სამპუნქტიან ჩამონათვალში:

„ეს არის ყოფილი ხელისუფლების გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ, „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ეს არის ერთი ნაწილი, ეს არ არის დიდი ნაწილი, მაგრამ ესეც აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში გვესმის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან, რომ ისინი უპირობოდ სთხოვენ ევროპას, მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სხვაგვარადაა და ხშირად კონკრეტული პარტიული თუ პერსონალური ინტერესი უფრო წინა პლანზეა, ვიდრე ქვეყნის ინტერესი. მაგრამ ამ პრობლემასაც მოევლება და გეტყვით, როგორ“.

პოლიტიკური ოპონენტების გარდა, რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილს პრეტენზიები ყოფილ თანამებრძოლებთანაც აქვს… მისი თქმით, პრობლემაა, რომ „ქართული ოცნების“ არცთუ ნორჩი ლენინელებისა და სტალინელების ანტიდასავლური გამონათქვამები ბრიუსელში ხელისუფლების სიტყვად აღიქმება და ამის გასაქარწყლებლად დიდი შრომაა საჭირო… მართალია, დავით უსუფაშვილს გვარები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ დასახელებულ ჯგუფში მედიამ არაერთი დეპუტატი ივარაუდა. დავით უსუფაშვილის სამპუნქტიან ჩამონათვალში კიდევ ერთ პრობლემად გეოპოლიტიკური გამოწვევები სახელდება, ანუ ის, რაც არ ხდება საქართველოს მიზეზით, მაგრამ რამაც შესაძლოა პროცესი „ოდნავ“ გაწელოს დროში.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპის სახალხო პარტიისგან“ მომავალ სავარაუდო საფრთხეს, რომ ის დაბლოკავს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს იმ მოტივით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საფრთხე არარეალისტურია, რადგანაც 751-წევრიან ევროპარლამენტში სახალხო პარტიის 215 მანდატი საკმარისი არ იქნება საკითხის დასაბლოკად – მით უმეტეს, რომ ამ პროცესს ამ ჯგუფის ყველა წევრი არ ეწინააღმდეგება და ეს დეპუტატ ელმარ ბროკის პოზიციიდანაც გამოჩნდა.

თუმცა ასეთ მიდგომას ბოლომდე არ იზიარებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, თუკი საბაბი მიეცემა და, მაგალითად, გაჩნდება ეჭვები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მიკერძოებასთან დაკავშირებით, „ევროპის სახალხო პარტია“ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის დაბლოკვას აუცილებლად მოახერხებს:

„ევროპის სახალხო პარტია’ (EPP) გაურიგდება სხვა პარტიებს, დიდ პარტიებს, და მას ეს შეუძლია, რადგანაც ძალიან დიდი ჯგუფია და ყველას სჭირდება მისი მხარდაჭერა გარკვეული საკითხების გატანის დროს პარლამენტში… მაგალითად, არის საკითხები რომლებშიც ის მხარს არ უჭერს სოციალისტებს და თუკი მათ ეტყვის, რომ, აი, ამ საკითხში დაგვიჭირეთ მხარი, ხოლო ჩვენ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის გატანაში დაგიჭერთო მხარს… აი, ასეთი მოქმედებით შეუძლია EPP-ს, რომ გაიტანოს თავისი გადაწყვეტილება“.

მართალია, სიფრთხილისა და წინდახედულების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, მაგრამ კახა გოგოლაშვილი ამ პროცესში გართულებებს არ მოელის და თვლის, რომ სავსებით შესაძლებელია სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ზაფხულში, ევროსტრუქტურების არდადეგებამდე, დაგვირგვინება.

Comments are closed