globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 28th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველო და რუმინეთი: შავი ზღვის უსაფრთხოება და ეკონომიკური პერსპექტივები

«Lragir» (სომხეთი): ინტერვიუ ალიკ ეროიანცთან: „საქართველომ შეძლო, ახლა სომხეთის ჯერია“ // სომხეთი და „სპარსეთის ყურე -  შავი ზღვის ეკონომიკური დერეფანი“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „გაზელ ფაინანსი“ საქართველოში $25 მილიონს ჩადებს

«Мир-24» (რუსეთი): პანკისში ძველი სამლოცველოს დანგრევაში ეჭვმიტანილებს ეძებენ

«Комсомольская правда» (რუსეთი): ალექსანდრე ანქვაბის ჭეშმარიტი სახე // როგორ მოქმედებდა „რკინის ალიკა” რუსეთის წინააღმდეგ

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 28 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/sakartvelo-rumineti/28455280.html

საქართველო და რუმინეთი: შავი ზღვის უსაფრთხოება და ეკონომიკური პერსპექტივები

ლელა კუნჭულია

საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთობები სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპზე გადადის – ორი ქვეყნის ეს გადაწყვეტილება გახმაურდა 26-27 აპრილს ბუქარესტში, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ყურადღების ცენტრშია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ენერგეტიკა, ინვესტიციების წახალისება და ტურიზმი, თუმცა მთავარ განსახილველ თემებს შორის სახელდება ასევე საქართველოს უსაფრთხოება, ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია და ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით.

შეხვედრებზე რუმინეთის სენატის თავმჯდომარე კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და პრემიერ-მინისტრ სორინ გრინდეანუსთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, კიდევ ერთხელ დაუდასტურეს რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. განცხადებები გაკეთდა როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა. მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ თემას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შემდგომი დესტრუქციული, მიზანმიმართული ქმედებები რომ წარმოადგენდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმაც ილაპარაკა რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე:

„ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის – ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ხაზი გაესვა 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების უკანონობას, რომელიც წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია… ვისაუბრეთ ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე და, აგრეთვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე“.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რუმინეთს „გამორჩეული პარტნიორი ქვეყანა“ უწოდა. ითქვა, რომ ორ ქვეყანას, რომელსაც უკვე 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს, თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი აქვს და რომ საერთო ინტერესები დიდწილად ევროკავშირსა და ნატოს უკავშირდება. რუმინეთი ამ მიმართულებით საქართველოს აქტიურ, ქმედით მხარდაჭერას ჰპირდება. ამ საკითხების გარდა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა სორინ გრინდეანუმ 26 აპრილს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ილაპარაკა:

„დავადასტურეთ რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების გზაზე და ვემხრობით საქართველოს ამბიციურ დღის წესრიგს. რუმინეთი მზად არის ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით თავისი გამოცდილება გაუზიაროს. ასევე, რუმინეთი გააგრძელებს ნატოსა და მის პარტნიორებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მხარდაჭერას და ამ მხრივ აქტიურად იმოქმედებს ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების სახელით, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. რუმინეთი მიიჩნევს, რომ ამგვარი თანამშრომლობა განამტკიცებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. რუმინეთის თვალთახედვით, საქართველოს კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას არსებითი მნიშვნელობა აქვს მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“.

სორინ გრინდეანუს შავი ზღვის უსაფრთხოების თემის დეტალები აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა, როგორც ცნობილია, რუმინეთს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი მიეკუთვნა ნატოს სტრატეგიის ფარგლებში. სწორედ რუმინეთი ჩაუდგება სათავეში მრავალეროვან ბრიგადას, რომელიც ხელს შეუწყობს ნატოს შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონში. თავის მხრივ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ინტერესი ნატოს გეგმების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ამ კონტექსტში საქართველოს როლის თაობაზე: „ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, როგორც ნატოს ასპირანტმა ქვეყანამ, მხარი დავუჭიროთ და მონაწილეობა მივიღოთ ალიანსის ძალისხმევაში ამ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით“.

26-27 აპრილს ბუქარესტში არაერთხელ ახსენეს შავი ზღვა, როგორც რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი, და ეს კავშირი, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელსაც გამოყენება ესაჭიროება. ძირითადად სწორედ ამ მიზანს მოემსახურება 26 აპრილს ხელმოწერილი საგანგებო დეკლარაცია, რომელიც, ოფიციალური განცხადებების თანახმად, ასევე ითვალისწინებს ბიზნესწრეების დაახლოებასა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას.

სატრანზიტო პოტენციალის ჭრილში ყურადღება მახვილდება ენერგეტიკის სექტორზე და მათ შორის – 16 მილიარდი კუბური მეტრის სიმძლავრის გაზსადენ „თეთრ ნაკადზე“, რომლის მნიშვნელობაც უკვე დიდი ხანია აღიარა ევროპამ. ბუქარესტში გამართული შეხვედრების ამ ერთ-ერთ მთავარ თემაზე ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ილაპარაკა: „საუბარი იყო აგრის (АGRI-Azerbaijan-Georgia-Romania Interconnector) პროექტის განხორციელებაზე სამომავლოდ, ამ პროექტის მნიშვნელობაზე და ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით და შავი ზღვით რუმინეთში შემოტანას და შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნებმაც ისარგებლონ ამ ბუნებრივი აირით“.

მხარეები მიიჩნევენ, რომ რუმინეთისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს ახალ სიღრმეს შესძენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და მისი ძირითადი სეგმენტის – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის – შესაძლებლობები. საქართველომ და რუმინეთმა გადაწყვიტეს აღადგინონ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომების პრაქტიკა, რომელიც 2002 წლის შემდეგ შეჩერდა. წინასწარი ინფორმაციით, ივნისში იგეგმება მასშტაბური ბიზნესფორუმის გამართვაც. სამომავლო ურთიერთობათა სტრატეგიულ მიმართულებებად დასახელდა ასევე ტურიზმი, რომლის განვითარებასაც, ორი ქვეყნის რწმენით, აუცილებლად შეუწყობს ხელს სავიზო ლიბერალიზაცია.

«Lragir» (სომხეთი), 28 აპრილი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/interview/view/55285

ინტერვიუ ალიკ ეროიანცთან: „საქართველომ შეძლო, ახლა სომხეთის ჯერია“ // სომხეთი და „სპარსეთის ყურე -  შავი ზღვის ეკონომიკური დერეფანი“

სომხური გამოცემის კორესპონდენტი როზა ოვანისიანი საქართველოს საკითხების ექსპერტს ალიკ ეროიანცს ესაუბრება. გთავაზობთ ამონარიდებს:

- ცნობილი გახდა, რომ უახლოეს ხანში ირანი საქართველოს ბუნებრივ გაზს მიაწვდის. ადრე გავრცლებული იყო აზრის, რომ გაზის მიწოდება სომხეთის გავლით მოხდებოდა, ერთობლივი კომპანიაც კი იყო შექმნილი, მაგრამ ამჯერად ირანული გაზის ექსპორტის მარშრუტზე არაფერს ამბობენ…

- ეს ხანგრძლივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდია. ირანი და საქართველო ბუნებრივი გაზის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებას დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებენ. დიახ, გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზის მიწოდება თითქოსდა სომხური მარშრუტით განხორციელდებაო, თუმცა ლაპარაკი იყო ცისფერი საწვავის მცირე მოცულობაზე, შემდეგ კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამით სახელმწიფო კი არა, კერძო კომპანია არის დაკავებულიო. ანუ საქართველოს მთავრობამ ოფიციალური მონაწილეობა უარყო. თუმცა ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მოლაპარაკება უკვე ოფიციალურ დონეზეც დაიწყო.

როგორც უკვე ცნობილია, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისურ ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისსტრის თეირანში ვიზიტი მოჰყვა. სწორედ მაშინ გამოცხადდა, რომ ირანული გაზი საქართველოში მაინც მოხვდება. ირანულმა მხარემ დიდი ყურადღება მიაქცია სპარსეთის ყურესა და შავ ზღვის დამაკავშირებელი სავაჭრო დერეფნის შექმნას. ქართულმა მხარემ დააზუსტა, რომ ეს დერეფანი განხორციელდება ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის გავლით.

ორ კვირასაც არ გაუვლია ამ ფაქტიდან, რომ ქართველმა ენერგეტიკოსებმა განაცხადეს – არარ გვინდა რუსული გაზი და ახლა ალტერნატივას მოვძებნითო. მხედველობაში აქვთ აზერბაიჯანული და ირანული საწვავი. ფაქტიურად, ქართველებს განზრახულია აქვთ მეტი ირანული გაზის შესყიდვა. ადრე იმასაც ლაპარაკობდნენ, რომ თბილისის რუსულ გაზს [რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებლი მილსადენიდან] იყიდის, სანაცვლოდ კი გაზს სომხეთი ირანიდან მიიღებსო. ასეთი სქემის რეალიზება სრულიად შესაძლებელია. მით უმეტეს, რუსული „გაზპრომი“ სომხეთში მუშაობს.

- სომხეთის გაზსადენები და გაზგამანაწილებელი სიტემა რუსულ „გაზპრომს“ ეკუთვნის. შეიძლება თუ არა ამ ფაქტმა ტრანზიტულ პროექტებს ხელი შეუშალოს?

- არა მგონია, რომ რაიმე პრობლემა გაჩნდეს. ტარიფები უკვე დადგენილია და ტრანზიტის საკითხიც გადაწყვეტილი. ამ სქემაში მონაწილეობა „გაზპრომისთვისაც მომდებიანი იქნება. მტავარი ისაა, თუ როგორ პოლიტიკას ატარებს საქართველო. თბილისმა შეძლო საკითხის მოგვარება რუსულ „გაზპრომ“-თანაც და აზერბაიჯანულ „სოკარ“-თანაც. შესაძლოა, „სოკარი“ რაღაცით დაზარალდა, მაგრამ ქართველები ბრძნულად მოიქცნენ, რომ „გაზპრომს“ ყოფნის ნება მისცეს. საქართველო დასავლური სტანდარტებით სარგებლობს და ენერგეტიკის დივერსიფიცირებას ცდილობს. ჩვენი მეზობელი ქვეყანა კარგად იყენებს თავის გეოგრაფიულ მდებარეობას და მოქნილ პოლიტიკას ახორციელებს. თუმცა, მე ვფიქრობ, „გაზპრომ“-თან მოლაპარაკებაში უპირატესობას მაინც რუსული მხარე ფლობდა.

- რა უნდა გააკეთოს სომხეთმა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე?

- მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცეს არამარტო ენერგეტიკულ მარშრუტებს, არამედ სხვა სახმელეთო გზებსაც. სომხეთის სატრანზიტო შესაძლებლობები ბევრ შეხვედრაზე განიხილება, განსაკუთრებით „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ მარშრუტით. ამ მიმართულებით საავტომობილო გზების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. სამხრეთით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ირანია – აზერბაიჯანთან შედარებით თეირანი უფრო საიმედოა, თუმცა ირანელი ინვესტორები ჩვენი და აზერბაიჯანელების ინტერესებს ერთ დონეზე განიხილავენ. ირანი, ალბათ, შეეცდება [სპარსეთის ყურე - შავი ზღვის დერეფნის განნხორციელებაში] სომხური მარშრუტით ისარგებლოს, ამაში კი თეირანს ჩვენ თანმიმდევრულად მხარი უნდა დავუჭიროთ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 28 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/gazelle-finance-sme-investment/3828061.html

გაზელ ფაინანსი საქართველოში $25 მილიონს ჩადებს

ია მეურმიშვილი

იმ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებსაც გაზრდის პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის საჭირო ინვესტიციების მოძიებას ვერ ახერხებს, ახლად შექმნილი ამერიკული საინვესტიციო ფონდი “გაზელ ფაინანსი” დაეხმარება.

ფონდის საწყისი კაპიტალი 28 მილიონი დოლარია, საიდანაც 25 მილიონი საქართველოში, დანარჩენი კი სომხეთში მცირე და საშუალო ბიზნესებში ჩაიდება.

„გაზელი“ ეკონომიკური ტერმინია და ისეთ კომპანიას ნიშნავს, რომელიც წელიწადში 20 პროცენტით იზრდება, კარგი ტრაექტორია აქვს და ახალი შექმნილია“, – განაცხადა ჯერფ ლიბერტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, „განვითარებად და ასევე განვითარებულ ბაზრებში, ასეთ ბიზნესებს საინვესტიციო კაპიტალზე ხელი ადვილად არ მიუწვდება“.

„გაზელ ფაინანსი“ ბიზნესებს კაპიტალზე წვდომას გაუადვილებს. ფონდი საშუალოდ 5 წლიან სესხებს გასცემს და მისი ფინანსური ინსტრუმენტები და სესხის პირობები კომერციულ ბანკებთან შედარებით უფრო შეღავათიანი იქნება. ბიზნესებში ინვესტიციების ოდენობა კი 100 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდე იმერყევებს.

საინვესტიციო ფონდის ოპერაციების მმართველი ოფიცერი სტეფანი კომსას თქმით, საშუალო და მცირე ბიზნესს ბანკის სესხებზე წვდომა აქვს, „მაგრამ როცა კომპანიას გაზრდა უნდა, სად უნდა წავიდეს? ვინ ჩადებს მათში სარისკო კაპიტალს? ჩვენ ვნახეთ, რომ რეგიონში ეს ნიშა ასათვისებელია. ბანკები სესხის უზრუნველყოფის მიზნით ხშირად ითხოვენ საკმაოდ მაღალ გარანტიებს, ბიზნესის ღირებულების 100, ზოგჯერ 200 პროცენტს. ჩვენ მათგან განსხვავებით უფრო მეტ რისკზე შეგვიძლია წასვლა და ბიზნესთან რისკის გაზიარების მექანიზმი გვაქვს“.

ფონდის საწყისი კაპიტალის მოზიდვაში საქართველოც მონაწილეობდა. ამერიკაში საქართველოს ელჩის მოადგილე გიორგი ციკოლიას თქმით, „ამ ფონდის დაარსებაში და საქართველოში შემოსვლაში ძალიან დიდი როლი ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს და ზოგადად საქართველოს მთავრობას. ჩვენ პირველივე დღიდან მხარს ვუჭერდით ამ ინიციატივას. საერთო ჯამში საპარტნიორო ფონდი ამ საინვესტიციო ფონდის აქციონერი გახდა“.

„გაზელ ფაინანსმა“ საქართველო რეგიონულ ცენტრად შეარჩია. ფონდის აზრით, ეს საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყნის სანდოობასაც გაზრდის: „ვფიქრობ ეს ნაბიჯი სხვა ინვესტორებს დაანახებს, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო ფონია, რომ ქვეყნაში კარგი მარეგულირებელი გარემოა და ბიზნესის კეთება ადვილია“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯერფ ლიბერტმა.

ფონდს საქართველოში რეგიონულ ცენტრად შერჩევაში ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო დაეხმარა: „საქართველო რეგიონის ალმასია“, – თქვა სტეფანი კომსამ, – „ქვეყანამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ბიზნეს გარემო დაეხვეწა. მე საქართველოში წარსულშიც მიმუშავია და ვიცი, რომ იქ კომპანიის შექმნა და ბიზნესის კეთება ნამდვილად ადვილია. არ არის რთული ბიუროკრატიული და საგადასახადო შეზღუდვები. ეს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს საქართველოში საშუალებას მოგვცემს კონცენტრაცია ბიზნესის გაზრდაზე გავაკეთოთ“.

„გაზელ ფაინანსის“ ინვესტიციების მმართველ კომპანიად ჩამოყალიბებაში ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ფონდმა“ დიდი როლი ითამაშა საწყის ეტაპზე ბიზნეს ინკუბატორის ფუნქციის შესრულებით.

ევრაზიის ფონდის პრეზიდენტი ჰორტონ ბიბი სენტერი ამბობს, რომ პროექტში „ევრაზიის ფონდმა“ საკუთარი ინვესტიცია ჩადო იმისთვის, რომ შეექმნა ფონდის მმართველი ორგანიზაცია, რომელიც საინვესტიციო კაპიტალს მოიპოვებდა. „მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა. ეს საქართველოსა და სომხეთის მიმართ ევრაზიის ფონდის გრძელვადიანი თანადგომის დასტურია, რადგან „გაზელ ფაინანსი“ წლების მანძილზე გააგრძელებს საქმიანობას“. ამჟამად „გაზელ ფაინანსის“ პარტნიორები არიან აშშ-ის მთავრობის საზღვარგარეთ ინვესტიციების კორპორაცია (ოპიკი), საქართველოს საპარტნიორო ფონდი და ორი ჰოლანდიური ფინანსური ინსტიტუტი.

«Мир-24» (რუსეთი), 28 აპრილი, 2017 წელი

http://mir24.tv/news/society/16026335

პანკისში ძველი სამლოცველოს დანგრევაში ეჭვმიტანილებს ეძებენ

საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე პანკისის ხეობის მცხოვრებნი იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც ადგილობრივი უძველესი სამლოცველო დაანგრიეს. როგორც ცნობილია, პანკისის ხეობა ბოლო წლებში რადიკალური ისლამის მქადაგებლების გავლენის ქვეშ მოექცა. ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია: სამლოცველოს დანგრევა სწორედ მათი, რადიკალი ისლამისტების ბრალია. ტელეკომპანია „მირ-24“-ის კორესპონდენტი მიხეილ რობაქიძე პრობლემაში გარკვევას ცდილობდა. გთავაზობთ რეპორტაჟს:

———

ტყის განაპირას, სადაც ახლა ქვებია გაფანტული, ადრე პატარა სამლოცველო იდგა – საკულტო ნაგებობა, სადაც ქრისტიანებიც და მაჰმადიანები დადიოდნენ.. პანკისის ხეობაში უკვე ორი საუკუნეა ორივე რელიგიის მიმდევრები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ.

„ეს აშკარად არაა შემთხვევითობა. განა ვის უშლიდა ხელს ეს ნაგებობა? ჯერ კიდევ აღდგომამდე შენობა ხელუხლებელი იდგა, ის ჩვენმა წინაპრებმა ააშენეს. როგორ შეიძლებოდა მისი დანგრევა? თანაც ისე გაშმაგებით, რომ ქვები ირგვლივ მიმოფანტულიყო?“, – ჩივის ადგილობრივი მცხოვრები ჯარაფ ხანგოშვილი.

მოსახლეობის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რაიონში საკულტო ნაგებობას ანგრევენ. „არანაირი განსხვავება არ არის იმაში, მოქმედებდა თუ არა ეს სამლოცველო.  ჩვენთან ეკლესიები არც ისე ბევრია. სამაგიეროდ მეჩეთები, სადაც რადიკალური ისლამის ქადაგება მიმდინარეობს, ბოლო დროს უკვე რამდენიმე სოფელში ააშენეს“, – გვიამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნინელი ციხელაშვილი.

პანკისის ხეობის უხუცესები ხაზს უსვამენ: ტრადიციული ისლამი სხვა რელიგიების მიმდევრების მიმართ ყოველთვის თმენას და მათი რწმენისადმი პატივისცემას ითვალისწინებს. შესაბამისად, ადგილობრივები ამგვარ დანაშაულებრივ ნაბიჯს არ გადადგამდნენ.

„გვინდა გვჯეროდეს, რომ ეკლესიის დანგრევა რაიმე ბოროტი განზრახვით არ მომხდარა. შესაძლოა, ეს მოზარდებმა გააკეთეს, რომლებიც ჩვენს ხეობაში შემთხვევით აღმოჩნდნენ. ძალიან აღშფოთებულნი ვართ მომხდარით“, – ამბობს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ხასო ხანგოშვილი.

პოლიციის ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლები გამოძიებას აწარმოებენ. ჯერ-ჯერობით დეტალები უცნობია. მიმდინარეობს იმ პირების დაკითხვა, რომლებთაც ვანდალების კვალზე გაყვანა შეუძლიათ.

შარშან გაზაფხულზე პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელში მოქმედი ტაძრის დაწვას შეეცადნენ, რაც, საბედნიეროდ, აღკვეთილი იქნა. მთის ერთ-ერთ უღელტეხილზე კი უცნობმა პირებმა ქრისტიანული ჯვარი კვარცხლბეკიდან გადმოაგდეს.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 27 აპრილი, 2017 წელი

http://www.kp.ru/daily/26672.4/3694184/

ალექსანდრე ანქვაბის ჭეშმარიტი სახე

როგორ მოქმედებდარკინის ალიკარუსეთის წინააღმდეგ

რეზიკ ჭანბა

(შემოკლებით)

ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის პარლამენტის წევრი კი გახდა, მაგრამ მას არანაირი თანამდებობა არ დაუკავებია. ვიცე-სპიკერობას ვინ ჩივის (არადა, მას სწორედ ამის იმედი ჰქონდა!), რომელიმე კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც კი არ აურჩევიათ.

ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის პრეზიდენტად მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იყო,  თუმცა ამ დროის მანძილზეც ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა მართვის მისეული სტილი, რომელსაც 2011 წლიდან 2014 წლამდე მონაკვეთში შეიძლება „ანქვაბის ეპოქა“ ეწოდოს.

თუ საგარეო პოლიტიკაზე ვილაპარაკებთ, ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობის დროს განსაკუთრებით აქტიური იყო კონტაქტები რუსეთის ხელისუფლებასთან: მისი არჩევის დროს მხოლოდ სამი წელი იყო გასული მოსკოვის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარებიდან, მაგრამ პარადოქსი – სწორედ ალექსანდრე ანქვაბის მმართველობის დროს რუსეთის მხრიდან გამოწვდილი მეგობრობის ხელი ჰაერში დარჩა, თანაც საკმაოდ ხანგრძლივად.

პრეზიდენტად არჩევამდე ალექსანდრე ანქვაბი, მართალია, ვიცე-პრეზიდენტიც იყო და პრემიერ-მინისტრიც, მაგრამ მაინც სერგეი ბაღაფშის ჩრდილში რჩებოდა. როგორც კი იგი პრეზიდენტი გახდა, მან რუსული ბიზნესის დევნა დაიწყო. რუსული კომპანიები ალექსანდრე ანქვაბის ასეთი მოქმედებით შოკში ჩავარდნენ. მისთვის დამახასიათებელი ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მანერით ალექსანდრე ანქვაბი, საკუთარი სიმპათიების საფუძველზე, კომპანიებს „ნებას რთავდა“ ან „უკრძალავდა“ ბიზნესსსაქმიანობას. მაგალითისათვის შეიძლება გავიხსენოთ გახმაურებული ისტორია, დაკავშირებული სასტუმრო „ასტორია“-სთან, რუსეთის საზღვართან ახლოს, რომლის მშენებლობა პირადად ალექსანდრე ანქვაბის ბრძანებით შეჩერდა. განზრახული იყო სასტუმროს ჩამორთმევა მფლობელისათვის, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას ხელი პრეზიდენტის გადადგომამ შეუშალა.

ამბობენ, რომ ალექსანდრე ანქვაბმა პირადად დახია ის ფურცლები, რომლებზეც დაბეჭდილი იყო რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტის ტექსტი. დოკუმენტს ხელი მოგვიანებით მოეწერა, 2014 წელს. მხედველობაში გვაქვს ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

მისი წინამორბედი პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ოსტატურად იცავდა შეკავება-საპირწონის სისტემას და არავის უფლებას არ აძლევდა ვიწროკლანური და კორპორატიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა. ალექსანდრე ანქვაბის დროს კი სახელმწიფოს დაცემა დაიწყო. იგი ტიპიური ქართული სტილით ცდილობდა კლანებისა და დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას, რათა მათი ინტერესებით მანიპულირება მოეხდინა და საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა. ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩს უდიდესი გამოცდილება ჰქონდა ქართულ სამყაროში და ქართულ საზოგადოებაში მუშაობისა, იგი ხომ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელობაში.

ალექსანდრე ანქვაბმა ხელი შეუწყო განხეთქილებას აფხაზეთის ეკლესიაში: პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის ავადმყოფობის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, ფაქტიურად,  სახელმწიფოსა პირველი პირი იყო. მან მხარი დაუჭირა საეკლესიო „რასკოლნიკებს’ – იერომონახების დოროფეისა და ანდრეის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებას, ახალი ათონის მონასტრი წინამძღვრის იღუმენ ეფრემის წინააღმდეგ. ალექსანდრე აქვაბი ასეთი მოქმედებით იმედოვნებდა, რომ ორივე დაჯგუფების მანიპულირებას მოახდენდა, მოსკოვთან ივაჭრებდა… სამწუხარო რეალობაა: ასეთი პოლიტიკის ნეგატიური შედეგებს აფხაზური საზოგადოება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში „მოიმკის“.

ალექსანდრე ანქვაბი ხელისუფლებაში მოსვლისას მოსახლეობას რეფორმების გატარებას დაპირდა, ბევრი კარგი რეფორმის განხორციელებას, მაგრამ არცერთის რეალიზება არ მომხდარა. მან, უბრალოდ, თავისი წინამორბედების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადო. ერთ-ერთი ასეთი  გადადებული საქმე იყო უძრავი ქონების შესახებ კანონის მიღება, რომელიც ერთი მხრივ, შვებისმომგვრელი იქნებოდა რუსული ბიზნესისათვის, მეორე მხრივ კი შეწყვეტდა დანაშაულებრივ, თაღლითურ გარიგებებს. მაგრამ კრიმინალების წინააღმდეგ დაპირებული დარტყმა არ განხორციელდა, პირიქით – ალექსანდრე ანქვაბმა არსებული დანაშაულებრივი სქემები საკუთარი პოილიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა. მისი როგორც პრეზიდენტის ერთადერთ და მთავარ მიზანს  ხელისუფლებაში ყოფნა წარმოადგენდა, საკუთარი თავის შესანარჩუნებლად. თუმცა ალექსანდრე ანქვაბს საბოლოოდ მაინც არ გაუმართლა: იგი სამარცხვინოდ გაექცა საკუთარ ხალხს და რუსეთის სამხედრო ბაზაში დაიმალა… აბა, რა – ანტირუსული პოლიტიკოსი ხომ აფხაზეთიდან სხვაგან ვერსად გაიქცეოდა, მხოლოდ რუსეთში, რომელიც დედასავით ყველა ღებულობს და ჩადენილ შეცდომებს პატიობს. იმათაც კი, ვინც სულში აფურთხებს…

Comments are closed