globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 28th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): „ნაციონალებში“ ნახევრადდაშლის პროცესი დაიწყო: საჩუქარი „ქართულ ოცნებას“!?

«КоммерсантЪ» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს კარგავს: ცნობილმა ოპოზიციონერებმა საკუთარი პარტია დატოვეს

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“: პარტიის წარსული, აწმყო და მომავალი

«ТВ Звезда» (რუსეთი): მიტინგი კიევში: „როცა რუსები შავი ზღვიდან წავლენ, ზღვა უკრაინულ-ქართული იქნება, ცოტას კი თურქებს მივცემთ“

«wPolityce» (პოლონეთი): „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ უკვე  პოლიტიკური გვამია, რომელიც კრემლთან ბრძოლაში დაიღუპა

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 28 მაისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-05-27/7_saakashvili.html

„ნაციონალებში“ ნახევრადდაშლის პროცესი დაიწყო: საჩუქარი „ქართულ ოცნებას“!?

სტატიაში განხილულია ყოფილი მმართველი პარტიიდან – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი ცნობილი წარმომადგენლის ფაქტი, რომლებმაც უარი განაცხადეს ყოველგვარ საპარლამენტო თანამდებობებზეც (ავტორი – იური როქსი).

„მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, უკვე შერიგებული იყო იმ აზრს, რომ „ნაციონალები“ არ დაიშლებოდნენ: მრავალგზისი პესიმისტური პროგნოზების, მისი ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების, აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისა და თვით პარტიის ხელმძღვანელზე – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის მიუხედავად, ყოფილმა მმართველმა პარტიამ უკიდურესად რთულ პირობებში გასაკვირი გამძლეობა გამოიჩინა… და უცებ – განცხადება, რომელიც შესაძლოა დაშლის დაწყების სიმპტომი იყოს. ეს „ქართული ოცნებისათვის“ ერთგვარი საჩუქარია ოპონენეტებისაგან.

„ნაციონალთა“’ რიგებში დანაკარგები ადრეც იყო: სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის ხელისუფლების ზეწოლითაც, პარტიიდან მიდიოდნენ არამხოლოდ უსახო და არააქტიური წევრები, არამედ მეტ-ნაკლებად ცნობილი ფიგურებიც, მაგრამ ისე, რომ პარტიიდან ერთდროულად ოთხი წევრი წასულიყო, თანაც ლიდერთა ჯგუფიდან, ამის წინასწარმეტყველება ძნელი იყო, მით უმეტეს, რომ „ნაციონალებისა“ და ხელისუფლების კონფრონტაცია ბოლო ხანებში, წინა პერიოდთან შედარებით, თითქოსდა მიყუჩდა.

პარტია დატოვეს აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებმა გეიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა. ეს უკანასკნელი, სხვათაშორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექს-თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ღვიძლი ძმაა. ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში ჩანაწერი გაავრცელა, რომლის თანახმად, „უკლონისტებ-გამთიშველები“ სხვა რომელიმე პარტიაში გადასვლას არ აპირებენ: „ჩვენთვის ფასეულობები არ შეცვლილა… თანამოაზრეებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ოლიგარქის (ბიძინა ივანიშვილის) მმართველობის დასრულების მიზნით“.

შექმნიან თუ არა „განდგომილები“ ახალ პარტიას? შეიძლება ისისნი ამას მართლაც ფიქრობენ, მაგრამ მაშინ საკუთარი ძალები არ ეყოფათ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. მათ არ აქვთ ის პოლიტიკური კაპიტალი და წონა, რომ მიზიდვის ახალი ცენტრი გახდნენ ქართული ჭრელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრისათვის. მათი პოლიტიკური წარსული ძალიან ბევრისთვის ჯერ კიდევ გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება.

ასეთმა ჯგუფურმა წასვლამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზედაფენაში შოკი გამოიწვია. კომენტარები საკმაოდ ბანალური იყო – „უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგეს“, „ზეწოლას ვერ გაუძლეს“ და ა.შ. „ნაციონალთა“ მთავარმა იდეოლოგმა გიგა ბიკერიამ თავისი აწ უკვე ყოფილი თანაპარტიელები სწორედ „უპასუხისმგებლო პირებად“ შერაცხა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის დაცვის კავშირის“ თავმჯდომარემ გია ფაცურიამ, „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ „გამთიშველები“, როგორც ჩანს, პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებენ. „თუ ისინი მოახერხებენ კიდევ ორი-სამი დეპუტატ-თანაპარტიელის გადაბირებას, მაშინ  პარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბების შანსი გაუჩნდებათ… მოკლედ, „ნაციონალებს“, შესაძლოა, დაშლა არ დაუწყიათ, მაგრამ შესამჩნევად შეტოტმანდნენ“, – აღნიშნა გია ფაცურიამ.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 28 მაისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2735543

მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს კარგავს: ცნობილმა ოპოზიციონერებმა საკუთარი პარტია დატოვეს

„ქართული ოპოზიციის რიგებში სერიოზული განხეთქილებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები რამდენიმე ცნობილმა პოლიტიკოსმა დატოვა. თბილისში გუშინ ელოდებოდნენ, რომ პარტიის „გამთიშველი ოთხეული“ თავიანთი წასვლის მიზეზებს ახსნიდნენ, მაგრამ ერთ-ერთი „გამთიშველის“ – პარტიის აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არაა დასახელებული ის რეალური მიზეზები, რამაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მათი წასვლა გამოიწვია“, – წერს გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტი გიორგი დვალი.

განხეთქილების მიზეზებზე სხვადასხვა ვარაუდები გამოითქმება. ყველაზე მთავარი მიზეზი კი, „კომერსანტის“ მონაცემებით, ესაა პარტიის ლიდერთან – მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულება, მისი როლის შესახებ მომავალ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. „განხეთქილების ჩამომგდებნი“ მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა პარტიის ლიდერად ხელს უშლის ორგანიზაციის განახლებას.

ქართველმა პოლიტოლოგმა გიორგი ხუხაშვილმა „კომერანტის“ კორესპონდენტთან საუბარში არ გამორიცხა, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და მის თანამოაზრეთა გადაწყვეტილება სწორედ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა, თუმცა მან იქვე დაამატა, რომ „გამთიშველმა ოთხეულმა“ პოლიტიკური მოუმწიფებლობა და ფარისევლობა გამოავლინა: „მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთისაგან განუყოფელია და თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ უიმისოდ პარტია არსებობას გააგრძელებს, ის ძალიან შემცდარია“. „საქართველოში მხოლოდ ორი რეალური პოლიტიკური მოთამაშეა: მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი“, – დარწმუნებულია გიორგი ხუხაშვილი.

„კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ექს-ლიდერები პარტია//მოძრაობა „ივერიაში“ გაერთიანდებიან, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს. ნიშანდობლივია, რომ ყოფილმა მინისტრმა უკმაყოფილება გამოხატა „ოთხეულის“ მიერ გადადგმული ნაბიჯის მკაცრად გაკრიტიკების გამო და მათ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ჩინეთში, მაო ძედუნის მმართველობის შემდეგ მომხდარ მოვლენებს შეადარა – როცა „ოთხთა ბანდის“ წევრებს მკაცრი სამსჯავრო მოუწყეს.

მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მომხდარი ამბის გამო კმაყოფილება არ დაუმალავთ – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალებს“ საბოლოო დაშლა უწინასწარმეტყველა. ამის საპასუხოდ ოპოზიციურმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა მთავრობის ხელმძღვანელს მოუწოდა „სასურველს სინამდვილედ ნუ გაასაღებს და ნაადრევად ნუ გამოვა გაბრწყინებული სახით“.

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 27 მაისი, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/27040124.html

განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“: პარტიის წარსული, აწმყო და მომავალი

რადიო „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი სამსახურის „ეხო კავკაზას“ ეთერში ჟურნალისტი ნანა პლიევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატს დავით დარჩიაშვილს და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს:

დავით დარჩიაშვილი: ყოველი პარტია უნდა განახლდეს, მაგრამ იმავდროულად პატივი უნდა სცეს თავის ტრადიციებს, მიღწევებს, აღიაროს შეცდომებიც, რადგან შეცდომის გარეშე არ არსებობს არც ადამიანი და, მით უმეტეს, არც პოლიტიკური ორგანიზაცია. მაგრამ როცა სერიოზულ პოლიტიკური ბრძოლაში ვიღაცას ნერვები ვერ უძლებს და ამ დროს გაუგებარ ახსნა-განმარტებებს აკეთებს, ამის მოსმენა სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა მეგობრებმა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგეს და ისინი სამომავლოდ თავიანთ მოქმედებაზე პასუხისმგებლები იქნებიან. რაც შეეხება პარტიას, პარტია იყო, არის და იქნება, პარტია მუშაობას აგრძელებს და თავისი გზით მიდის.

ალექსი პეტრიაშვილი: არა მგონია, რომ ისინი რაიმე ისეთ პარტიას ჩამოაყალიბებენ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა იქნება. მე პირდაპირ ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენს პარტიას („თავისუფალ დემოკრატებს“) არ აქვს დაგეგმილი „ნაციონალებიდან“ წასული ოთხი პოლიტიკოსის თავის რიგებში მიღება.

დავით დარჩიაშვილი: რასაკვირველია, ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იქნება დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მისი შექმნის სათავეებთან იდგა, რომელმაც პარტია ხელისუფლებაში მოიყვანა. შეიძლება ეს ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ეს ასეა. გარდა ამისა, ჩვენს პარტიაში არიან აგრეთვე სხვა აქტიური წევრები, არის პოლიტსაბჭო, მიმდინარეობს დისკუსიები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც შეეხება ლიდერთა რეიტინგებს, ზოგჯერ რეიტინგი მომავლის განმსაზღვრელ როლს არ ასრულებს. მაგალითად, ირკალი ალასანიას შეიძლება ბევრი ადამიანი სიმპათიებით უყურებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი პარტია ხელისუფლებაში მოვა. მიხეილ სააკაშვილი უპირველესია თანასწორთა შორის. იგი ჯერ 50 წლისაა, რაც პოლიტიკოსისთვის ახალგაზრდულ ასაკად ითვლება.

ალექსი პეტრიაშვილი: რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ასაკს, ვეთანხმები (იცინის), მაგრამ მისი გეგმებისა და შესაძლებლობების ბედს ქართული საზოგადოება გადაწყვეტს. მე ნაციონალების ადგილზე პარტიის რეგიონულ სტრუქტურებს გავაძლიერებდი, მაგრამ ეს მათი შიდა საკითხია. ჩვენ, მაგალიტად, სწორედ რეგიონულ ორგანიზაციებზე ვზრუნავთ, გუშინ აჭარის ოფისი გავხსენით. გულახდილად ვიტყვი, რომ ირაკლი ალასანია მოსახლეობაში ავტორიტეტით სარგებლობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ გვქონდა გარკვეული სიძნელეები, მაგრამ ახლა განვითარების პერიოდში ვართ, პარტიას ვაშენებთ, რათა 2016 წლისათვის მზად ვიყოთ.

დავით დარჩიაშვილი: ჩვენი პარტია თავის წარსულს ობიექტურად უყურებს. ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ საქართველო ეთნოგრაფიული ოაზისიდან, სადაც არც სინათლე, არც გზები, არც პენსიები და ხელფასები არ იყო, თანამედროვე ქვეყნად გადავაქციეთ. რაღაცაში წარმატებას მივაღწიეთ, ალბათ, შეცდომებიც დავუშვით. ეს ჩვენი წარსულია და მას „თვალებში ვუცქერით“. მაგრამ განახლება არ ნიშნავს წარსულზე უარის თქმას. ჩვენი კარი მუდამ ღიაა ყოველი ადამიანისათვის, თავისი ამბიციებით და შესაძლებლობებით. სხვათაშორის, ეს კარი ღია იყო ზურაბ ჯაფარიძისთვისაც, მაგრამ მან უცებ გადაწყვიტა, რომ რაღაც ახალი ჭირდება. რას ვიზამთ, ეს მისი არჩევანია, მისი პრობლემაა, პარტიისათვის კი ეს პრობლემა ნამდვილად არ არის“.

«ТВ Звезда» (რუსეთი), 27 მაისი, 2015 წელი

http://tvzvezda.ru/news/vstrane_i_mire/content/201505270751-t17j.htm

მიტინგი კიევში: „როცა რუსები შავი ზღვიდან წავლენ, ზღვა უკრაინულ-ქართული იქნება, ცოტას კი თურქებს მივცემთ“

რუსული ტელეკომპანია „ზვეზდას“ ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი კიევში, გუშინ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული მიტინგის შესახებ.

„შავი ზღვა ქართული და უკრაინული გახდება, როცა იქ რუსი სამხედროები აღარ იქნებიან“, – ასე განაცხადა კიევში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიტინგის დროს ბალტია-შავი ზღვის ხალხების ალიანსის ერთ-ერთმა დამაარსებელმა თამარ შავლაძემ, უპასუხა რა ჟურნალისტის შეკითხვას უკრაინა-საქართველოს საერთო საზღვრის შექმნის შესაძლებლობის თაობაზე.

ჟურნალისტი: გასული წლის მარტში ბატალიონ „დნეპრის“ მეთაური იური ბერიოზა ამბობდა, რომ „მე-17 საუკუნის დროინდელ საზღვრებში უკრაინა ყოველთვის მეზობლობდა საქართველოსთან. ჩვენ ახლა სწორედ ამ საზღვრების აღდგენა გვსურსო“…

თამარ შავლაძე: მჯერა, რომ როცა შავ ზღვაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები აღარ იქნებიან, ჩვენ საქართველოსთან საერთო საზღვარი გვექნება. ასევე გვექნება საერთო ზღვა – შავი ზღვა, რომელიც იქნება უკრაინული და ქართული. ეს აუცილებლად ასე იქნება.

ჟურნალისტი: თურქებს ცოტას თუ მაინც დავუტოვებთ?

თამარ შავლაძე: რა თქმა უნდა, თურქებს ცოტას მივცემთ, მაგრამ მათ ჯერ [საქართველოს] მიტაცებული ტერიტორიები უნდა დაუბრუნონ“.

«wPolityce» (პოლონეთი), 27 მაისი, 2015 წელი

http://wpolityce.pl/swiat/245693-partnerstwo-wschodnie-to-polityczny-trup-zginelo-w-starciu-z-brutalna-polityka-kremla-i-nie-da-sie-go-juz-ozywic

http://inosmi.ru/sngbaltia/20150528/228264494.html

„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ – პოლიტიკური გვამი, რომელიც კრემლთან ბრძოლაში დაიღუპა

პოლონურმა გამოცემამ «wPolityce»-მა გამოაქვეყნა პოლიტოლოგ ალექსანდრა რიბინსკას სტატია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის შედეგების შესახებ, რომლეშიც საინტერესო დასკვნებია გაკეთებული.

გთავაზობთ ამონარიდებს:

„თუ მხედველობაში მივიღებთ იმ „წარმატებებს“, რომლებიც ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში იქნა მიღწეული, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ რიგის შეხვედრა თუ ბოლო არა, ერთ-ერთი უკანასკნელი სამიტია. პროგრამას, როგორც კი შემუშავდა, თან სდევდა მრავალრიცხოვანი პრობლემები, კერძოდ, არასაკმარისი დაფინანსება (სულ რაღაც 600 მილიონი ევრო წელიწადში) და ინტერესის არქონა დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან. მოკლედ, „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ უკვე პოლიტიკურ გვამად შეიძლება ჩაითვალოს. ის გმირულად დაიღუპა  კრემლთან წარმოებულ მკაცრ ბრძოლაში და ვერავინ ვეღარ გააცოცხლებს“.

„ევროპულმა „რბილმა ძალამ“ კრემლის ძალის პოლიტიკას ვერ გაუძლო. მალე ნათელი გახდა, რომ ევროპაში ყველას ერთნაირი ინტერესები არ აქვს, ევროპის ცალკეულ ქვეყყნები რუსეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და მზად არ არიან რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლონ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის მოსაპოვებლად. მოსკოვმა ევროპის დასანახად მკვეთრად მოხაზა ბრიუსელის გავლენის საზღვრები და ეს ყირიმის ანექსიითა და დონბასის მოვლენებით დაადასტურა. ამასთან, ცხადი გახდა, რომ ევროკავშირი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ვერანაირ ალტერნატივას ვერ შესთავაზებდა, რუსეთს ვერ შეცვლიდა. ამ ქვეყნების ეკონომიკა პროდუქციას ძირითადად მხოლოდ რუსული ბაზრისთვის ქმნიდა და ამ პროდუქციის გადამისამართება ევროკავშირისაკენ ძალიან დიდ ხარჯებთან და ღრმა სტრუქტურულ რეფორმებთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ევროკავშირი, რომელიც თვითონაა დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე, ვერ უზრუნველყოფდა ამ ქვეყნების (მაგალითად, ბელარუსის, სომხეთის) ენერგიით მომარაგებას რუსეთის გარეშე“.

„ევროპა ვერაფერს სთავაზობს თავის აღმოსავლელ მეზობლებს, გარდა იმისა, რომ ეუბნება, დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში დაგეხმარებიო, თუმცა ამის რეალიზება ძალიან ძნელია ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივის გარეშე. ამის შანსი აქვს მხოლოდ მოლდოვას, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური კიშინიოვი რუმინეთთან ქვეყნის გაერთიანების გადაწყვეტილებას მიიღებს მანამ, სანამ რუსეთი არ დაიწყებს დნესტრისპირეთში თავისი ინტერესების აქტიურ განახლებას“.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პოლიტიკური გარდაცვალების დამადასტურებელი ნათელი ფაქტია ის, რომ ერთ-ერთი მისი ჩამომყალიბებელ-დამაარსებელი, ენთუზიასტი, შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი, რომელიც ადრე კრემლის პოლიტიკის შრეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო, დღეს ყველაზე მდიდარი რუსი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია“.

Comments are closed