«The Times» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოდან გაძევებული მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნდება // ექს-პრეზიდენტი კვლავ სკანდალების გმირია
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): აფხაზეთში არაღიარებული სახელმწიფოების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება
———————–
«The Times» (დიდი ბრიტანეთი), 28 მაისი, 2016 წელი
http://www.thetimes.co.uk/article/exiled-saakashvili-announces-shock-return-to-georgia-d3x20gc32
საქართველოდან გაძევებული მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნდება
„საქართველოდან განდევნილმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინიდან იგი სამშობლოში დაბრუნდება და სათავეში თვის პარტიას ჩაუდგება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მზადების ფონზე“, – წერს ბრიტანული „თაიმსი“ (ავტორი – მაქსიმ თაკერი).
„ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებით უკრაინაში ბევრი შოკში ჩავარდა. ამ ამბავმა ქართველებიც გააკვირვა. 2012 წლის არჩევნებში მისი პარტიის – ერთიანი ნაცმოძრაობის“ დამარცხების შემდეგ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტის დაკავებაზე ორდერი გასცა“, – აღნიშნავს ავტორი და მკითხველებს ახსენებს, რომ ექს-პრეზიდენტმა უკრაინაში გუბერნატორად დანიშვნისა და უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება უკრაინაში რეფორმების გატარების თაობაზე მზარდ გაურკვევლობას ასახავ. ექს-პრეზიდენტის თითქმის ყველა მოკავშირე, მათ შორის ზოგიერთი ქართველიც, თანამდებობებიდან გაატავისფლეს ან იძულებული გახდნენ გადამდგარიყვნენ მას შემდეგ, რაც მათ განაცხადეს, რომ უკრაინის პროევროპული მთავრობის მაღალ ეშელონებში ისევ კორუფციაა გაბატონებულიო“, – წერს მაქსიმ თაკერი.
„მართალია, მიხეილ საკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს უკრაინაშიც და საქართველოშიც გააგრძელებს, მაგრამ მისი ნათქვამი იმას მოწმობს, რომ ექს-პრეზიდენტი ერთობ არამყარ სიტუაციაში იმყოფება“, – ასეთი დასკვნაა გაკეთებული სტატიაში ავტორის მიერ.
———-
მიხეილ სააკაშვილი კვლავ სკანდალების გმირია
უკრაინაში მორიგი სკანდალი დაიწყო, რომელიც ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა გამოიწვია. 25 მაისს ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ, რომელშიც გუბერნატორი კორესპონდენტ შონ უოკერთან საუბარში ამბობს, რომ „უკრაინის ახალი მთავრობა უნიჭო ადამიანების გუნდს წარმოადგენსო“. ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის მიმართაც კრიტიკას იწყებს. ბუნებრივია, ასეთმა შეფასებამ უკრაინელი პოლიტიკოსების და მათ შორის, როგორც ამბობენ, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით, აშკარაა, მიხო თავის შეცდომას მიხვდა და ნათქვამის უარყოფას შეეცადა – პირად ფეისბუქში ჩაწერა, რომ ბრიტანული გაზეთის ჟურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში მსგავსი რამ არ განმიცხადებიაო. ამის საპასუხოდ შონ უოკერმა აუდიოჩანაწერი წარადგინა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობას ნამდვილად „უნიჭო და უღიმღამო ადამიანთა გუნდად“ მიიჩნევს. (წყარო:http://www.theguardian.com/world/2016/may/25/mikheil-saakashvili-ukraine-government-has-no-vision-for-reform-odessa).
უკრაინელი ექსპერტების აზრით, სწორედ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის დაუფიქრებელი ნათქვამის შედეგია ის, რომ 26 მაისს გენერალურმა პროკურატურამ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის შემოწმება და გუბერნატორის მრჩევლის, საქართველოს ყოფილი გენკონსულის და „ოდესის საკეთილდღეო“ ფონდის ხელმძღვანელის თემურ ნიშნიანიძის სახლის ჩხრეკა ჩაატარა, რაც, აშკარაა, პეტრო პოროშენკოსთან შეთანხმებით განხორციელდა.
27 მაისის საღამოს მიხეილ სააკაშვილი ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის სავიკ შუსტერის ტელეპროგრამა „Шустер LIVE“-ში გამოვიდა და კვლავ უარყოფითად შეაფასა უკრაინის მთავრობის საქმიანობა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი გახდა აგრეთვე უკრაინის მთავრობის მრჩეველი, ცნობილი პოლონელი ეკონომისტ-რეფორმატორი ლეშეკ ბალცეროვიჩიც, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა „კორუმპირებული რეჟიმების მიერ დაქირავებული გამთეთრებელი“ უწოდა: „მე ლეშეკ ბალცეროვიჩს პირადად ვიცნობ. როცა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა კორუფციაში ჩაეფლო და სიტუაცია ისეთი იყო, როგორიც ახლა უკრაინაშია, იგი ამერიკელებმა დიდი ფულით დაიქირავეს და საქართველოში ცამოიყვანეს, შევარდნაძისადმი რჩევების მისაცემად. ჩამოვიდა და კორუფციის გამართლება და გათეთრება დაიწყო. მან მაშინ ჩვენ, ახლგაზრდა რეფორმატორებს, რომლებიც სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობდით, მხარი არ დაგვიჭირა. დღესაც ლეშეკ ბალცეროვიჩი კორუმპირებული რეჟიმების მიერ დაქირავებული გამთეთრებლის როლს ასრულებს. იგი ასეთი საქმით საკუთარ ავტორიტეტს ღუპავს“ (წყარო:http://shuster.live/vozvrashhenie-nadya-savchenko-v-ukraine-shuster-live-27-05-2016/).
უკრაინაში სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის თავზე „შავი ღრუბლები“ იკრიბება, ამიტომ იგი ვა-ბანკზე მიდის. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მასმედიაში ამ საკითხის შესახებ საკმაოდ ირონიული და დამცინავი მასალები ქვეყნდება, მაგალითად, აზერბაიჯანული გამოცემა სტატიას ასეთ სათაურს უკეთებს – «До свидания, наш ласковый Миша…» („ნახვამდის, ჩვენო კარგო, ალერსიანო მიშა..“), რომელიც მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გაჟღერებული სიმღერის ტექსტს მოგვაგონებს, ცაში გაშვებული დათუნია მიშას ფონზე (წყარო: http://haqqin.az/news/71371).
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 28 მაისი, 2016 წელი
აფხაზეთში არაღიარებული სახელმწიფოების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება
შონ უოკერი
ფეხბურთის მოყვარულებს 28-29 მაისს სასიამოვნო მატჩები ელოდებათ – ამ შაბათ-კვირას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრები გაიმართება. მატჩებს მოუთმენლად ელოდებიან აგრეთვე სოხუმშიც – საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის დედაქალაქშიც, სადაც გულშემატკივართა ყურადღება არაღიარებული სახელმწიფოების ჩემპიონატისკენაა მიპყრობილი. ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს – დე-ფაქტო სახელმწიფოებიდან და იმ ავტონომიებიდან, რომელთა პერსპექტივა სუვერენიტეტზე ბუნდოვანია.
კვირას სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე პირველი მატჩი გაიმართება – ქურთისტანსა და სეკეის მხარეს შორის. სეკეი რუმინეთში მდებარეობს, მისი მოსახლეობა უნგრულენოვანია. ტურნირის მონაწილეები არიან აგრეთვე სომალილენდი, ჩაგოსის კუნძულები… თუმცა მათგან გაეროს წევრი არცერთი არ არის.
თავდაპირველად ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველები უფრო მეტი იყო, მაგრამ ზოგიერთებმა მოგვიანებით უარი განაცხადეს. მაგალითად, სიიდან ამოვარდა ნიცის საგრაფო („საორგანიზაციო რესტრუქტურირების“ მომიზეზებით), კუნძული მენი (რომელსაც აფხაზეთში ჩასვლაზე უარი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ათქმევინა), სოხუმში გამომგზავრება ვერ შეძლო სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები ხალხის – აიმარელთა გუნდმა (რომელსაც ჩილეს მთავრობამ ჯერ ფინანსური დახმარება აღუთქვა, მაგრამ შემდეგ „გადააგდო“).
მსოფლიო ჩემპიონატი CONIFA-ს ეგიდით მიმდინარეობს. ამ სპორტულ ორგანიზაციაში ის საფეხბურთო ასოციაციები არიან გაერთიანებულნი, რომლებსაც ფიფა (ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ასოციაცია) არ აღიარებს. CONIFA-ს ჩარჩოებში პირველი ჩემპიონატი 2014 წელს გაიმართა, შვედეთში, რომლის დროსაც ნიცის საგრაფოს გუნდმა ფინალში კუნძულ მენის ნაკრები დაამარცხა. სირიელ არამეელთა გუნდმა კი მესამე ადგილისათვის ბრძოლაში სამხრეთ ოსეთის ნაკრებს მოუგო.
სოხუმში CONIFA-ს გენერალურმა მდივანმა ალექსანდრ დიერკოპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არაღიარებულ სახელმწიფოებს მსგავსი ტურნირები ეხმარება გარკვეული ფორმით მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღონისძიებებში, თუმცა მან იქვე უარყოფითად შეაფასა ფიფას პოზიცია და ამ ორგანიზაციის ინსტრუქციებს „უსამართლო“ და „არათანმიმდევრული“ უწოდა. ალექსანდრ დიერკოპის თქმით, ფიფას წესდებაში არასწორადაა განსაზღვრული, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს მისი წევრი.
როგორც ცნობილია, გიბრალტარი (დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია) და კოსოვო ამ ცოტა ხნის წინათ, 12 მაისს ფიფას წევრები გახდნენ (ასევე არიან უეფას წევრებიც). შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ ისინი გაეროს წევრები არ არიან, მათ უკვე აქვთ საერთაშორისო ტურნირებში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება.
„რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ფიფას გადაწყვეტილებას გიბრალტარისა და კოსოვოს მიღების თაობაზე. მათი ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიებს აკონტროლებს, მაგრამ მაშინ იგივე წესი უნდა გავრცელდეს აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღის, ჩრდილოეთ კვიპროსისა და სამხრეთ ოსეთის მიმართაც“.
სხვათა შორის, ბრიტანეთის მონარქის იურისდიქციაში არსებულ კუნძულ მენს და ნორმანდიის კუნძულებს (გერნსი და ჯერსი) დამოუკიდებლობის უფრო მეტი დონე აქვთ, ვიდრე, ვთქვათ, იგივე გიბრალტარს, მაგრამ არც მენს და არც ნორმანდიას საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
აფხაზეთი შავიზღვიპირა სუბტროპიკული რეგიონია, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში პოპულარულ საკურორტო ზონას წარმოადგენდა. აფხაზეთს მსოფლიო თანამეგობრობა საქართველოს ნაწილად აღიარებს, მაგრამ ფაქტიურად „დამოუკიდებელ“ მცირე სახელმწიფოს წარმოადგენს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომხდარი ომის შედეგად. 2009 წელს რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, თუმცა დღეს სინამდვილეში რუსეთის პროტექტორად ითვლება. რუსეთის გარდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს მხოლოდ ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ – წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფო.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, [თბილისის მიერ] არანაირი ოფიციალური ნებართვა ტურნირის ჩატარებაზე არ გაცემულა, თუმცა, „რადგანაც ჩემპიონატი CONIFA-ს, ანუ არაღიარებული ორგანიზაციის ეგიდით ტარდება, შესაბამისად, მასში მონაწილეობა [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის] სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმაციას არ გამოიწვევს“. მისი თქმით, რადგანაც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან თბილისის უნებართვოდ შესვლა საქართველოს საზღვრის დარღვევას ნიშნავს, ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ და არაა გამორიცხული, მომავალში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.
ჩემპიონატის მატჩები გაიმართება სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე, რომელზეც 4300 მაყურებელი ეტევა და გაგრაში – საკურორტო ქალაქში, სადაც იოსებ სტალინს აგარაკი ჰქონდა. ტურნირის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ მატჩებს მაყურებელი ეყოლება ადგილობრივი მოსახლეობისა და რუსი დამსვენებლების სახით. აფხაზეთში ჩასვლას აპირებენ აგრეთვე ჩემპიონატის მონაწილე გუნდების გულშემატკივართა მცირე ჯგუფებიც.
————–
რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ინფორმაციით, 27 მაისს სოხუმში პრეს-კონფერენცია გამართა ConIFA-ს პრეზიდენტმა პიერ ანდერს ბლინდმა, რომელმაც ჩემპიონაის ორგანიზების დეტალებზე ისაუბრა: ტურნირის თამაშების ოფიციალური ნაწილი 29 მაისს დაიწყება და 5 ივნისს დასრულდება. ჩემპიონატში მონაწილეობენ აფხაზეთის, კუნძულ ჩაგოსის, დასავლეთ სომხეთის, ქურთისტანის, სეკეის მხარის, იაპონელი კორეელების, ჩრდილოეთ კვიპროსის, პადანიის, რეციის, პენჯაბის, ლაპლანდიის და სომალილენდის გუნდები. „ჩვენს ჩემპიონატს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, ტურნირი მშვიდობიანი პროექტია და მასში ხუთივე კონტინენტის წარგზავნილები მონაწილეობენ. ჩვენი ამოცანაა მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ხელოვნურად აღმართული ბარიერების მიუხედავად, მაინც ერთიანობას ვინარჩუნებთ… კედლების აღმართვა ხალხებს შორის პოლიტიკოსთა ხელობაა, ჩვენი მიზანი კი ამ კედლების დანგრევაა“, – განაცხადა პიერ ბლინდმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთს ბევრი მსოფლიოს ცალკე [შორეულ] კუთხედ მოიხსენიებს: „მე იმ ადამიანთა რიცხვში ვარ, ვისაც შესაძლებლობა აქვს ფარდა გადასწიოს და აფხაზეთი მსოფლიოს აჩვენოს“.
პიერ ბლინდმა ხაზი გაუსვა, რომ ჩემპიონატიზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ჟურნალისტია აკრედიტებული, შესაბამისად, ტურნირის მიმდინარეობას თვალს ბევრი ადამიანი მიადევნებს. იგი შეეხო საქართველოს დამოკიდებულებასაც ჩემპიონატისადმი: „საქარტველოს მხრიდან გარკვეული რეაქცია იქნა გამოხატული, ორგანიზაციის წევრების მიმართ მუქარები ისმოდა… გარდა ამისა, გარკვეული ზეწოლა განახორციელეს შვედეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც – ისინი შეეცადნენ, რომ თავიანთ მოქალაქეებს აფხაზეთში გამგზავრება გადაეფიქრებინათ“, – აღნიშნა ConIFA-ს პრეზიდენტმა.
პიერ ბლინდის თქმით, სოხუმში ფიფას წარმომადგენლების ცამოსვლასაც ელოდებიან, რომლებიც ჩემპიონატის მიმდინარეობას დააკვირდებიან: „ჩვენ გვჯერა, რომ ეს ტურნირი ყველაზე საუკეთესო იქნება ConIFA-ს არსებობის ისტორიაში გამართული ტურნირებიდან“.
პრეს-კონფერენციაში ConIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი ფაღავაც მონაწილეობდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „27 მაისის მდგომარეობით, სოხუმში უკვე იმყოფებიან სომალილენდის, პენჯაბისა და ქურთისტანის გუნდები, კრასნოდარიდან გზაში არიან კუნძულ ჩაგოსის ფეხბურთელები, დანარჩენები კი სოხუმში 28 მაისს ჩამოვლენ. მსაჯთა კოლეგიაში 20 წევრია, მათგან 10 ConIFA-დან და 10 – რუსეთიდან“ (წყარო: http://tass.ru/sport/3320231)