globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 28th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ერთი თვე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებიდან: ფაქტები, კომენტარები, პროგნოზები

«Голос Армении» (სომხეთი): ინტერვიუ რეჟისორ გია ყანჩელთან: „ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი დილიჯანში გავატარე… გახსოვთ „მიმინო“ და დილიჯანის საუკეთესო წყალი? მაგ ფრაზის ავტორი მე ვარ“

«Комсомольская правда» (რუსეთი): გამარჯობა, მოსკოვო! // რუსეთის დედაქალაქში 1-2 ივლისს გაიმართება ფესტივალი „მთელი საქართველო „ფლაკონში“

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-azerbaijan-journalist-afgan-mukhtarli-case/3917899.html

ერთი თვე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებიდან: ფაქტები, კომენტარები, პროგნოზები

ზაზა წულაძე

29 ივნისს ზუსტად ერთი თვე შესრულდება, რაც თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს. საქართველოს ხელისუფლება დღემდე  უარყოფს, რომ ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემაში ქართველი ძალოვნები მონაწილეობდნენ. ოფიციალური თბილისი, ფაქტობრივად, იზიარებს ოფიციალური ბაქოს პოზიციას, რომ ჟურნალისტმა თითქოს საკუთარი სურვილით გადაკვეთა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა იმ ქვეყანაში, სადაც უეჭველი დაპატიმრება ელოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისევ არ წარმოუდგენია თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელიც დაადასტურებდა, თუ სინამდვილეში რა მოხდა, 29 მაისს, საღამოს, ვეკუასა (ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის) და ბარათაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სადაც აფგან მუხთარლი ბოლოჯერ ნახეს.

შსს-ს ოფიციალურმა წარმადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მხოლოდ, გამოძიების შუალედური შედეგების დასრულების შემდეგ მოხდება. მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თქმით, შუალედური გამოძიების დასრულებისთვის აუცილებელია აზერბაიჯანმა ქართულ მხარეს აფგან მუხთარლის დაკითხვის უფლება მისცეს.

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ვიდეო ჩანაწერები ზოგან უკვე შეცვლილია, ზოგან კი საერთოდ განადგურებული. ადვოკატი შსს-ს ვიდეო მასალების სასწრაფო გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს: „ერთ-ერთ სათვალთვალო კამერაზე ვითარება შეცვლილი, რასაც სისხლის სამართალში მტკიცებულების განადგურება ჰქვია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, შესაძლებელია, სხვა მტკიცებულებებიც უკვე განადგურებული იყოს. იყო თუ არა მტკიცებულებების გაყალბება, ესეც გამოძიების საკითხია. პროკურატურამ უნდა გასცეს, როგორც ძირითად კითხვას პასუხი, ვინ გაიტაცა აფგან მუხთარლი? ისე მეორე კითხვასაც – ამ საქმეში ჰქონდა თუ არა მტკიცებულებების გაყალბებას ადგილი და ვის მიერ გაყალბდა ეს მტკიცებულებები“

რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული, ერთი-ერთი კერძო ვიდეოკამერიდან ამოღებულ, 29 მაისის საღამოს ჩანაწერებს, რომელიც დიდი ალბათობით, შეცვლილია, უკვე გაეცნო „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (Alliance of Liberals and Democrats for Europe – ALDE) ვიცე-პრეზიდენტი, დანიელი პოლიტიკოსი ჰენრიკ მორტენსენი.

ევროპარლამენტრმა, სადაც ALDE-ს 68 წევრი ჰყავს, 15 ივნისის საგანგებო რეზოლუციაში აღნიშნა, რომ „კატეგორიულად გმობს აფგან მუხთარლის გატაცებას თბილისში და შემდეგ მის დაუსაბუთებელ დაკავებას ბაქოში, რასაც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს.“

ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, მუხთარლის საქმეზე „სწრაფი, საფუძლიანი, გამჭირვალე და ეფექტური გამოძიება“ უზრუნველყოს და „დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.“

ჰენრიკ მორტენსენი მესამე დღეა მუხთარლის გატაცების დეტალებს თბილისში პირადად იკვლევს. იგი უკვე შეხვდა საქართველოს ოპოზიციური პარტიების, მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ აქტივისტებს და სპეციალურად, ბაქოდან ჩამოსულ „მუსავათის“ ლიდერს არიფ ჰაჯილის.

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები: ისა გამბარი და არიფ ჰაჯილი აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის საქმეზე 16 და 17 ივნისს დაკითხა. არიფ ჰაჯილიმ მაშინ აღნიშნა, რომ ბაქოშიც და თბილისშიც „გამოძიების იმიტაციას ახდენენ და ეს ყველაფერი ცირკია.“ იგივე გაიმეორა აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსმა დღეს თბილისში.

თავად, ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი ჰენრიკ მორტენსენი კი ამბობს, რომ ჟურნალისტის გატაცების გამოძიება ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი ტესტია: „ეს არის შემთხვევა, რომელზეც ინფორმაციის მიღება ყველაზე მეტად გვაინტერესებს. ჟურნალისტის გატაცება მიუღებელია. მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს. ადამიანის უფლების დარღვევის კუთხით ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა და დემოკრატიულმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სიმართლის დასადგენად. ამიტომ არის ეს საქმე თქვენი დემოკრატიის ტესტი.“

გუშინ, ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოულოდნელად საქართველოს ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიღო. დღეს კი აფგან მუხთარლის, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევისა“ და „კონტრაბანდის“ გამო, აზერბაიჯანში 3 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, პირველად მისცეს უფლება თბილისში მყოფ მეუღლეს – ლეილა მუსტაფაევას ტელეფონით დაკავშირებოდა.

დღესვე ლეილა მუსტაფაევას პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა. მანამდე მუსტაფაევამ უარყო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზება, „უსაფრთხოების დაცვის მიზნით“ მას და მის შვილებს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მინიჭებოდათ.

ლეილა მუსტაფაევა ქმრის გატაცებაში საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ღიად ადანაშაულებს. იგი უკვე ორჯერ დაკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პარალელურად, რეზონანსულ საქმეს „აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დაჩქარებული წესით იხილავს.

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტია, რომელიც 2014 წლიდან საქართველოს აფარებდა თავს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესზე ჟურნალისტური გამოძიების სერია მოამზადა. იგი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო უწყების წინასწარი დაკავების იზოლატორში მიაგნეს.

«Голос Армении» (სომხეთი), 27 ივნისი, 2017 წელი

http://golosarmenii.am/article/55095/lyubimaya-muzyka-lyubimogo-kompozitora

ინტერვიუ რეჟისორ გია ყანჩელთან: „ჩემიცხოვრების თითქმის ნახევარი დილიჯანში გავატარე… გახსოვთ „მიმინო“ და დილიჯანის მსოფლიოში საუკეთესო წყალი? მაგ ფრაზის ავტორი მე ვარ“

ამ დღეებში სომხეთის სახელმწიფო ახალგაზრდული ორკესტრის ინიციატივით ერევანში გაიმართა ფესტივალი, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელის შემოქმედებას მიეძღვნა. სომხეთში ყოფნისას გია ყანჩელი პირადად მიიწვია პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და ქართულ-სომხურ კულტურული ურთიერთობის შესახებ ესაუბრა.

ქართველმა კომპოზიტორმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ელენა გალოიანს, რომელშიც იგი იხსენებს კონტაქტებს თავის სომეხ კოლეგებთან, სომხეთში გატარებულ დღეებს…

„ერევანში სულ ბოლოს შვიდი წლის წინ ვიყავი და რადგანაც უკვე საკმაოდ ხნიერი ვარ, აღარ მეგონა, აქ თუ ჩამოვიდოდი. არადა, სომხეთში ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებიც, სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან. ბედნიერი ვიქნები, თუ ბედი კიდევ მომცემს აქ ჩამოსვლის შესაძლებლობას. მე მალე 82 წელი შემისრულდება და ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი დილიჯანში, კომპოზიტორთა შემოქმედების სახლში გავატარე, სადაც ყოველწლიურად ჩავდიოდი და ექვსი სიმფონია დავწერე. დილიჯანში ვხვდებოდი არნო ბაბაჯანიანს, ლაზარ სარიანს, ედვარდ მირზოიანს და ჩემს სხვა სომეხ მეგობრებს…“, – ამბობს ინტერვიუში გია ყანჩელი.

„ჩემი საქმიანობის სფერო სიმფონიური და კამერული მუსიკაა, მაგრამ პარალელურად, 60 წლის განმავლობაში ქართულ კინოში და თეატრშიც ვმუშაობდი – ძირითადად თქვენთვის კარგად ნაცნობ რეჟისორ რობერტ სტურუასთან და გიორგი დანელიასთან“, – პასუხობს კორესპონდენტის კითხვას გია ყანჩელი და იხსენებს ქართველი და სომეხი ხალხების საყვარელი ფილმის „მიმინოს“ გადაღების მომენტებს.

„თქვენ, ალბათ, გეცოდინებათ, რომ დილიჯანში „მიმინოს“ გმირების ძეგლი დგას, სადაც წყაროზე შეგიძლიათ დილიჯანის ცივი წყალიც დალიოთ. ცოტა უნდა წავიტრაბახო: მე რომ არ ვყოფილიყავი, არც ის ძეგლი არ იქნებოდა დილიჯანში და არც ცივი წყარო. საქმე იმაშია, რომ როცა „მიმინოს“ „მოსფილმის“ ერთ-ერთ სტუდიაში ახმოვანებდნენ გიორგი დანელიას, ვახტანგ კიკაბიძისა და ფრუნზიკ მკრტჩიანის მონაწილეობით, მეც იქვე ახლოს ვმუშაობდი სხვა კინოსურათზე. სამონტაჟოში იმ მომენტში შევედი, როცა ის ცნობილი ეპიზოდი იწერებოდა, თუ სადაა საუკეთესო წყალი. რამდენადაც ფრუნზიკ მკრტჩიანი ლენინაკანიდან იყო, მან და გიორგი დანელიამ მოილაპარაკეს, რომ იგი ხმის ჩაწერის დროს იტყოდა – „ყველაზე საუკეთესო წყალი ლენინაკანშიაო“. როცა ეს გავიგონე, გიორგის ვთხოვე სტუდიიდან დერეფანში გავსულიყავით და ვეუბნები: „რა შუაშია ლენინაკანი? შენ ხომ იცი, რომ მე ექვსი სიმფონია დილიჯანში დავწერე. თანაც „ლენინაკანის“ სახელწოდებაში „ლენინი“ ფიგურირებს…“. დავუწყე დარწმუნება, რომ ფრუნზიკს ლენინაკანის ნაცვლად დილიჯანი ეთქვა. დანელიამ მიყურა, მიყურა და მეუბნება: „ბიჭო, ძალიან მომწონს ეგ შენი შავი ქურთუკი. მომცემ სამაგიეროდ? კი-მეთქი. მაშინ გაიხადეო. რაღა მექნა, გავიხადე. იმანაც გაიხადა და ასე გაცვალეთ ქურთუკები. გიორგი დანელიამ სიტყვა შეასრულა: ფილმში ფრუნზიკა თავის ცნობილ ფრაზას ამბობს, რომლის ავტორი მე გახლავართ. ასე გავაცანი თითქმის მთელ მსოფლიოს დილიჯანის წყალი“.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 28 ივნისი, 2017 წელი

https://www.msk.kp.ru/daily/26697/3721135/

გამარჯობა, მოსკოვო!

რუსეთის დედაქალაქში 1-2 ივლისს გაიმართება ფესტივალი „მთელი საქართველო „ფლაკონში“

გაზეთში დაბეჭდილია სარეკლამო სტატია, რომელიც ქართული ეროვნული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზებას ემსახურება (ავტორი – ოქსანა ფომინა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

——–

საქართველო – ეს ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანა შეიძლება ისე მოინახულო, რომ მოსკოვიდან არ გახვიდე. ბუტირკის რაიონში მდებარე სავაჭრო-საგამოფენო და საოფისე კომპლექს „დიზაინ-ქარხანა „ფლაკონში“ თქვენ საკუთარი თვალით ნახავთ, თუ როგორ ამზადებენ ხაჭაპურს ქართველი მზარეულები, შემდეგ კი ქართული კულინარული შედევრი თვითონვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ, იცეკვოთ კიდეც, ისწავლოთ ყავის მოდუღება კავკასიურად და დაათვალიეროთ ქართველ დიზაინერთა ტანსაცმლის კოლექციები. სხვათა შორის, მათი ოსტატობა მოსკოვში იციან და ძალიან აფასებენ. იქვე იქნება მხატვრული ნამუშევრების გამოფენა და მოდური შემსრულებლების გამოსვლები. ცნობისმოყვარეებისათვის იმუშავებს ლექტორიუმი, სადაც საუბარი გაიმართება ქართული კინოს, ქართული ღვინის, ტურისტული მოგზაურობის და ყველაფერ იმის შესახებ, რითაც განთქმულია საქართველო.

სუფრა 60-კაციანი იქნება. სუფრის წევრები და სტუმრები თვალს მიადევნებენ ხინკლის მომზადებას და ქართული სამზარეულოს ამ დიდებულ კერძს თვითონვე დააგემოვნებენ.

კავკასიის ქვეყნის წარმომადგენლები გაგაცნობენ ეროვნული ტანსაცმლის ისტორიას, მოგაზომებენ ჩოხა-ახალუხს, ჩაგაცმევენ და სურათსაც გადაგიღებენ.

„ფლაკონში“ გახსნილი იქნება კინოთეატრი ქართული ფილმების საჩვენებლად. პირველ დღეს გაიმართება რეტროჩვენება, მეორე დღეს კი თანამედროვე რეჟისორების ნამუშევრებს ნახავთ. ფესტივალის ორგანიზატორებმა ბავშვებზეც იზრუნეს: მათ შესთავაზებენ როგორც კლასიკურ, ასევე ქართულ ხალხურ თამაშებს და სხვა გასართობ ღონისძიებებს. ფესტივალში მონაწილეობა, რასაკვირველია, თავისუფალია.

Comments are closed