globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 28th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«EurAsia Daily» (რუსეთი): ინტერვიუ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრთან: „საქართველო ისლამური ხალიფატის ნაწილი გახდა… ისლამს გარკვეული დროის მანძილზე სომხეთშიც გავავრცელებთ“

«Hurriyet Daily News» (თურქეთი): უნდა აღდგეს თუ არა ხელახლა „კავკასიური ცარცის წრე“?

——————-

«EurAsia Daily» (რუსეთი), 27 ივლისი, 2015 წელი

https://eadaily.com/news/2015/07/27/so-vremenem-islam-rasprostranitsya-i-na-armeniyu-intervyu-s-chlenom-tn-islamskogo-gosudarstva

ინტერვიუ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრთან: „საქართველო ისლამური ხალიფატის ნაწილი გახდა… ისლამს გარკვეული დროის მანძილზე სომხეთშიც გავავრცელებთ“

(შემოკლებით)

„შეფიცულები“ – ასე უწოდებენ პანკისის ხეობაში იმ ადამიანებს, რომლებმაც ერთგულების ფიცი მისცეს „ისლამური სახელმწიფოს“ და მის ლიდერს – აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადს. როგორი გეგმები აქვს „ისლამურ სახელმწიფოს’ კავკასიის რეგიონში და რატომ მიდიან ახალგაზრდები ახლო აღმოსავლეთში? ამ და სხვა საკითხებზე «EurAsia Daily»-ის კორესპონდენტთან ისაუბრა პანკისის ხეობის მკვიდრმა, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა აბდულამ, რომელიც რამდენიმე თვის წინათ დაბრუნდა საქართველოში სირიიდან.

- რატომ გადაწყვიტეთ „ისლამური სახელმწიფოსადმი“ ფიცის მიცემა?

- ჩვენი გადაწყვეტილება „ბაიათის“ (არაბულად – „ფიცი“) მიცემაზე, პირველ რიგში განპირობებულია ყურანის წინასწარმეტყველებით ისლამური ხალიფატის შექმნის თაობაზე. ჩვენ ამას ისლამი მოგვიწოდებს და გვავალდებულებს.„ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება შევფიცეთ მუსულმანების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, მათი კეთილდღეობისა და ძლიერების განმტკიცებისათვის.

- პანკისის ხეობაში ბევრი თვლის, რომ განსაზღვრული ძალები ადგილობრივი  ახალგაზრდების გადაბირებით არიან დაკავებულნი

- ეს მართალი არ არის, პანკისში გადამბირებლები არ არიან. მე საკუთარ თავს ფულის გულისთვის საფრთხეში არ ჩავიგდებ. ჩვენ სირიაში რწმენის საფუძველზე მივდივართ. ჩვენ ბაშარ ასადის მომხრეებს მუსულმანებად არ ვთვლით. შარიათის კანონებს, „ისლამური სახელმწიფოს“ გარდა, არცერთი დაჯგუფება არ ასრულებს. არიან ჯგუფები, რომლებიც საუდის არაბეთთან და თურქეთთან თანამშრომლობენ და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიას ბომბავენ.

- რატომ დაბრუნდით საქართველოში?

- „ისლამური სახელმწიფოს“ შამეს ტერიტორიაზე შარიათული კანონები მოქმედებს, აქ კი ჩემი ოჯახია. მე ჩემი ვალი სირიაში მოვიხადე და უკან დავბრუნდი. თუმცა ადრე თუ გვიან ყველა შეფიცული უკან დაბრუნდება, „ისლამური ხალიფატის“ რიგებში. ჯერ-ჯერობით ეს სეუძლებელია, რადგან ჩვენს ოჯახებს სირიაში წასვლა არ სურთ, ეშინიათ.

- თქვენ წასვლის მსურველებს დახმარებას უწევთ?

- მე თუ წასვლა მინდა, რაში მჭირდება სხვისი დახმარება? მე თვითონ წავალ. სირიაში ადამიანები თურქეთის ტერიტორიის გავლით ჩადიან. თურქებთან ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არსებობს. თავისუფლად შეიძლება საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლა. საერთოდ კი, თუ თურქი მესაზღვრეები მოიმდომებენ, საზღვარზე ჩიტიც კი ვერ გადაფრინდება. როცა მე გადავდიოდი, თურქეთ-სირიის საზღვარზე მესაზღვრეები იდგნენ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ ამ მონაკვეთზე გადავდიოდით, მაგრამ არავითარი პრობლემა არ შეუქმნიათ. ჩვეულებრივად, ისინი შორიახლოს დგანან და ისეთ გამომეტყველებით იყურებიან, რომ თითქოსდა აზრზე არ არიან, რა ხდება.

- რამდენი პანკისელი იბრძვის “ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებულ ტერიტროიაზე?

- ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ საქმე ათობით ადამიანს ეხება. მათგან ბევრი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან, ზოგი კი პანკისელი ლიდერების დაჯგუფებებში იბრძვიან, მაგალითად, მუსლიმ მარგოშვილის, აბუ-ალი ალ-შიშანის რაზმებში.

- ამას წინათ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებში მონაწილეობისა მკაცრად დასჯადი გახდა. როგორ ფიქრობთ, შეაჩერებს ეს კანონის სირიაში წასვლის მსურველებს?

- ვისაც წასვლა უნდა, ის აუცილებლად წავა, მაგრამ აქ უკან აღარ დაბრუნდება. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებნას ეს კანონი არ უნდა მიეღო. ჩვენ ხომ სირიაში ჩვენი ძმების დასახმარებლად მივდივართ. საქართველოს რომ დახმარება დაჭირდეს, ჩვენ ხომ მის დასახმარებლადაც უნდა გამოვიდეთ? გაიხსენეთ რუსლან გელაევი, რომელიც თავისი მხედრებით აფხაზეთში შევიდა.

- თქვენ საკუთარ სამშობლოდ საქართველოს თვლით თუ „ისლამურ ხალიფატს“?

- ხალიფატს… მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ეს ჩვენი ქვეყანაა. თუ საქართველო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას არ დაიწყებს, არც ჩვენ არ გამოვალთ საქართველოს წინააღმდეგ… მაგრამ თუ ჩვენ შეგვავიწროვებენ, ჩვენ ვალდებულები ვართ საკუთარი თავი დავიცვათ. ამ ბრძოლაში სხვა მუსლუმანებიც დაგვეხმარებიან. ახლა ისინი სირიის დასახმარებლად მიდიან, მაგრამ თუ საჭირო იქნება, აქაც მოვლენ. თუმცა მე მგონია, რომ საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია არ დაიძაბება. ჩვენ ვთვლით, რომ „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად ემზადება.

- რისთვის?

- მოლაპარაკების მიზანია შეფიცულთა ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. მათ რომ მშვიდობიანი მოლაპარაკება არ უნდოდეთ, საქართველოში დღემდე სიტუაცია ძალიან დაიძაბებოდა. ჩვენ არ გვაქვს დეტალური ცნობები, მაგრამ ყველა პანკისელმა იცის, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად იქნება.

- და ვინ იქნება მომლაპარაკებლის როლში – თარხან ბათირაშვილი?

- დიახ.

- თქვენ შეხვედრიხართ მას სირიაში ყოფნის დროს?

- დიახ, შევხვედრივარ, მაგრმ ამ მსურს ამ თემაზე საუბარი.

- „ისლამურმა სახელმწიფომ“ საქართველო ეწ. „გურჯისტანის ვილაიეთში“ გამოაცხადა. რას ნიშნავს ეს?

- ეს ნიშნავს, რომ საქართველო ისლამური ხალიფატის ნაწილი გახდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ტერორიზმისაკენ მოვუწოდებთ. ჩვენი მოვალეობაა ისლამის ქადაგება საქართველოში.

- რა გეგმები გაქვთ კავკასიის რეგიონში?

- ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნის და სხვა რესპუბლიკების გათავისუფლება. რასაკვირველია, ამ ტერიტორიაში საქართველოც შედის, რადგან საქართველო უძველესი ხალიფატის შემადგენლობაში შედიოდა. ისლამს გარკვეული დროის მანძილზე სომხეთშიც გავავრცელებთ.

- ამას წინათ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი აიუბ ბორჩაშვილი დააპატიმრეს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- საქართველოს მთავრობამ სიტუაცია შეგნებულად გაართულა. თბილისს სურს მსოფლიოს დაანახოს, რომ თითქოსდა ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ერთხელ ისინი უკვე გაუსწორდნენ მუსულმანებს, მხედველობაში მაქვს ლაფანყურის სპეცოპერაცია. ამჟამადაც იგივე მეორდება.

- რა იზამთ, თუ აიუბ ბორჩაშვილს გაასამართლებენ?

- ჩვენ უფლება არ გავქვს თვითნებურად რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, სანამ თანხმობას „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობისაგან არ მივიღებთ. ისინი საკითხს განიხილავენ და შემდეგ შეგვატყობინებენ.

- ანუ მათ ყველაფერი იციან, რაც საქართველოლში ხდება?

- რა თქმა უნდა. ისინი ყველაფერს აკონტროლებენ. „შეფიცულები“ ვალდებულნი არიან აიუბ ბორჩაშვილს დაეხმარონ.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- მე თურქეთი წასვლა მინდა  სამუშაოდ. ახალგაზრდა ვარ, ცოლის შერთვა მინდა, პანკისში რა უნდა გავაკეთო? აქ სამუშაო არ არის.

- როგორ ფიქრობთ, თუ პანკისში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოგვარდება, ახალგაზრდების მიგრაცია სირიაში ისევ გაგრძელდება?

- რასაკვირველია. ორი დღის წინათ ერთი ახალგაზრდაც წავიდა. წამსვლელებს ვერანაირი ძალა ვერ დააკავებს.

«Hurriyet Daily News» (თურქეთი), 28 ივლისი, 2015 წელი

http://www.hurriyetdailynews.com/should-we-be-retracing-the-caucasian-chalk-circle-anew.aspx?pageID=238&nID=86021&NewsCatID=396

უნდა აღდგეს თუ არა ხელახლა „კავკასიური ცარცის წრე“?

უნალ ჩევიკოზი, თურქი დიპლომატი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

ეს მოხდა 1991 წლის 21 დეკემბერს: მოსკოვში თერთმეტმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ჩამოაყალიბა, მათ შორის იყვნე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი უცებ გაქრა, მის ნაცვლად კი თურქეთს სამხრეთ კავკასიაში სამი ახალი მეზობელი გაუჩნდა: რეგიონში ფიზიკური გეოგრაფია არ შეცვლილა, პოლიტიკური გეოგრაფია კი რადიკალურად შეიცვალა. სამხრეთ კავკასიაში ახალი თამაშები სწრაფად დაიწყო.

თურქეთმა დაუყონებლივ აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობის სამი ახალი წევრი და მათ უანგარო დახმარების ხელი გაუწოდა. მას შემდეგ თურქეთს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან, დამოუკიდებლობის 24 წლის განმავლობაში, მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ამასთან, ამ დროის მანძილზე თურქეთმა ვერ მოახერხა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება სომხეთთან. ბუნებრივია, თურქეთ-სომხეთის სახმელეთო საზღვარიც დახურული რჩება 1993 წლიდან. ანკარა და ერევანი 2008-2009 წლებში შეეცადნენ ურთიერთობები მოეგვარებინათ და ეს მცდელობა ორი დიპლომატიური ოქმის ხელმოწერით დასრულდა, თუმცა, სამწუხაროდ, მათ გაგრძელება არ მოჰყოლია: დოკუმენტები ორივე ქვეყნის პარლამენტებმა დაბლოკეს და მათი რატიფიციება არ მოახდინეს. შესაბამისად, დღეს ვერ ვიტყვით იმას, რომ თურქეთს ერთიანი პოლიტიკა აქვს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებთან.

სხვათა შორის, ეს წარუმატებლობა ერთადერთი შემთხვევა არ არის თურქეთის სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთთან ოფიციალურად იმყოფებიან ომის მდგომარეობაში, სომხეთს აზერბაიჯანი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. საქართველომაც, 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის შედეგად, თავისი ტერიტორიის შემადგენლობაში არსებული ორი ავტონომიური რესპუბლიკა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

სამხრეთ კავკასიაში უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში გრძელდება „ცივი ომის“ პერიოდის შემდგომი კონფლიქტები. საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთოდ, მსოფლიო თანამეგობრობა უძლურია ეს პრობლემები მოაგვაროს, მტკიცე მშვიდობა და სტაბილურობა დაამყაროს. შესაბამაისად, რამდენადაც კონფლიქტები მოუგვარებელი რჩება, მატულობს დაძაბულობა, განსაკუთრებით სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ზონაში, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს.

არის თუ არა გამოსავალი?

ამას წინათ, ვაშინგტონში არსებულმა ბრუკინგსის ინსტიტუტმა წარადგინა მოხსენება სახელწოდებით „კავკასიური წრის აღდგენა: მოსაზრებები და შეზღუდვები აშშ-ის, ევროკავშირისა და თურქეთის პოლიტიკისათვის სამხრეთ კავაკასიაში“, რომელიც  „ევროპისა და შეერთებული შტატების ცენტრის“ მიერაა მომზადებული და 2004 წლის თურქულ პროექტს ეფუძნება.

მოხსენებაში, რომლის მეტაფორული სახელწოდება ბერტოლდ ბრეხტის ცნობილი ნაწარმოებს მოგვაგონებს, გაანალიზებულია აშშ-ის, ევროკავშირისა და თურქეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. ნაშრომში აღნიშნულია, რომ ოდესღაც ეს სამი სუბიექტი რეგიონული საკითხების მოგვარებაში აქტიურ როლს ასრულებდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო დღეს მათთვის სამხრეთკავკასიური პრობლემები მეორეხარისხოვან პრობლემებად იქცა, თუმცა იქვე მითითებულია, რომ ამის მიუხედავად, ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ანკარისათვის რეგიონის საკითხები მაინც ყურადღების სფეროში რჩება. ამიტომაც ახლა საჭიროა მათ მოგვარებას მეორედ დავუბრუნდეთ. პრობლემა ამჟამად იმაშია, რომ რეგიონის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მექანიზმები უკვე  დამსხვრეულია და აქ არსებული ქვეყნების პოლიტიკურმა ელიტებმა დასავლეთისადმი რწმენა მნიშვნელოვნად დაკარგეს. სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და თურქეთმა ვერ შეძლეს თავიანთი ინდივიდუალური ძალისხმევის კოორდინირება, ვერ გააერთიანეს თავიანთი პოტენციალი, მაგრამ რა შეიძლება დღეს გაკეთდეს?

ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ერთობლივი სტრუქტურების დეფიციტს განიცდის, კონფლიქტების არსებობა ხელს უშლის მათ ჩამოყალიბებას. რამდენადაც ფორმალურ ოფიციალურ მცდელობებს რაიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგი არ მოაქვს, მოხსენებაში აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ ყურადღება უნდა მიექცეს „რბილ რეგიონალიზმის“ განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ნდობის განმტკიცებას, გაჩნდება ინიციატივები ვაჭრობის სფეროში, კონტაქტები სამოქალაქო საზოგადოებებს შორის და კონფლიქტების მართვაში.

მსოფლიო სწრაფად იცვლება: გაჩნდნენ ახალი აქტიური მოთამაშეები – ირანი და ჩინეთი, რომლებსაც ადრინდელივით მხოლოდ გარეშე დამკვირვებლის სტატუსი აღარ აკმაყოფილებთ. ისინი დაინტერესებულ მხარეებად გამოდიან. „ხისტი რეგიონალიზმისაგან“ განხვავებით, „რბილი რეგიონალიზმის“ მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ინიციატივა ქვემოდან, სამოქალაქო საზოგადოებებიდან წამოვიდეს, რომლებიც დაეფუძნება საერთო ინტერესებს, ჰორიზონტალურ ურთიერთობებს. თუ გადავხედავთ თურქეთის მიერ 2008 წელს შეთავაზებულ ინიციატივას „კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის“ შესახებ, რასაკვირველია, შეიძლებოდა მისი კომპონენტებით სარგებლობა, განსაკუთრებით „რბილი რეგიონალიზმის“ პირობებში.

გარკვეული პასიურობის მიუხედავად, თურქეთს, აშშ-სა და ევროკავშირს ჯერ კიდევ შეუძლიათ დააჩქარონ სამხრეთ კავკასიის ინტეგრირება საერთაშორისო თანამგობრობასთან. ბრუკინგსის ინსტიტუტმა თავის მოხსენებაში სამხრეთ კავკასიისათვის საკმაოდ გაბედული წინადადებები, შესაძლებლობები და ხედვები წამოაყენა, რომლებიც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს. თუ თურქეთი თავისი პოლიტიკის კორექტირებას მოახდენს და ხელს შეუწყობს სამივე რესპუბლიკის თანასწორი, ეგალიტარული ურთიერთობის განვითარებას, თანაბარ დამოკიდებულებას, მაშინ ანკარა, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, რეგიონში მსხვილი „პატიოსანი და ღირსეული ბროკერი“ გახდებოდა. კარგი იქნებოდა, რომ თურქეთს სამოქალაქო საზოგადოების მაგიურ ძალისა სჯეროდეს.

Comments are closed