globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 28th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტებთან: თურქეთის ჯარი დასუსტდა და რუსეთი ამით სარგებლობს // დასუსტებული თურქეთი საქართველოს მხარდაჭერასაც შეამცირებს,  ნატო კი შავ ზღვაზე საკუთარი პოზიციის დაცვას ვეღარ შეძლებს

«Forbes» (აშშ): რატომ არავინ ლაპარაკობს შავი ზღვის შესახებ // შავი ზღვა საქართველოსთვის ევროპაში გასასვლელს წარმოადგენს. რუსებს რომ შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლების შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველო ერთობ მოწყვლადი აღმოჩნდებოდა

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 28 ივლისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/russia-turkish-relations/3435936.html

ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტებთან: თურქეთის ჯარი დასუსტდა და რუსეთი ამით სარგებლობს // დასუსტებული თურქეთი საქართვლოს მხარდაჭერასაც შეამცირებს // ნატო შავი ზღვის აკვატორიაში საკუთარი პოზიციის დაცვას ვეღარ შეძლებს

ია მეურმიშვილი

თურქეთში მიმდინარე მოვლენები აჩენს კითხვას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ანკარის ურთიერთობა რუსეთთან, კავკასიასთან და ნატოსთან. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, რომ ქვეყნის ჯარი შესაძლოა დასუსტებულიყო ცოტა ხნის წინ მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

„ამერიკის ხმა“ ვაშინგტონში ექსპერტებს ესაუბრა იმაზე, თუ რას შეიძლება ველოდეთ აგვისტოში რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ.

“რენდის კორპორაციის” უფროსი პოლიტიკური მიმომხილველი სტივენ ფლანეგენი ამბობს, რომ ახლო მომავალში თურქეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების შეცვლის პერსპექტივას ვერ ხედავს. „ნატოს სურს, რომ თურქეთი ალიანსის სრულფასოვანი წევრი იყოს არა მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ სხვა საერთაშორისო მისიებშიც“ – აცხადებს სტივენ ფლანეგენი. ექსპერტს მიაჩნია, რომ ნატო გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას. „არავინ საუბრობს იმაზე, რომ თურქეთი რამენაირად დაისაჯოს მიმდინარე მოვლენების გამო. დღეისთვის ინჯირლიკის სამხედრო ბაზაც სრულ სამუშაო რეჟიმშია და იქიდან “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება“. მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთოება უცვლელი რჩება. თუმცა, “რენდის კორპორაციის” მკვლევარის თქმით, სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა რუსეთთან მიმართებაში: გასული წლის ნოემბერში, თურქეთის საჰაერო ძალების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოგდების მიუხედავად, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კვლავ საკმაოდ ახლო პერსონალური ურთიერთობა აქვთ (როგორც ცნობილია, თავის დროზე ვლადიმირ პუტინმა თურქეთის მოქმედებას „ზურგში მახვილის ჩაცემა“ უწოდა, მოგვიანებით კი, როცა თურქეთმა „ბოდიში მოიხადა“, სიტუაცია გაუმჯობესდა).

სტივენ ფლანიგენი ამბობს, რომ რეჯეპ ერდოღანი მოსკოვთან ურთიერთობის გამოსწორებას ეცდება: „რუსეთს და თურქეთს ამ ეტაპზე ერთმანეთი სჭირდებათ. რუსეთისთვის თურქეთი მნიშვნელოვანი ბაზარია ენერგორესურსების თვალსაზრისით. თურქეთს კი ეს ენერგორესურსები სჭირდება“, – ამბობს ექსპერტი. თუმცა, „დიდ პრობლემად რჩება სირიასთან დაკავშირებული განსხვავებები. რუსეთის პოლიტიკა სირიაში პირდაპირ ეწინააღმდეგება თურქეთის პოზიციას. ამიტომ აგვისტოში დაგეგმილ მათ შეხვედრაზე საუბარი, სავარაუდოდ, ძირითადად ეკონომიკაზე იქნება“.

“ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს” მკვლევარი სტივენ ბლენკი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი „რეჯეპ ერდოღანის ფანტაზიას“ თურქეთის რეგიონულ ენერგოცენტრად გადაქცევასთან დაკავშირებით ხელს გარკვეულ ეტაპამდე შეუწყობს. კრემლი ამას ანკარასთან ურთიერთობის დასათბობად გააკეთებს, თუმცა საკუთარ ინტერესებს ყოველთვის წინა პლანზე დააყენებს. სტივენ ბლენკს მიაჩნია, რომ მარცხით დამთავრებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ რეჯეპ ერდოღანის მიერ სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრებამ თურქეთის ჯარი მორალურად დათრგუნა და მნიშვნელოვნად დაასუსტა. რუსეთი ამით ისარგებლებს და შავი ზღვის აუზში პოზიციებს გაიმაგრებს.

სტივენ ბლენკის თქმით, „რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები არ გაზრდილა, თუმცა თურქეთისა შემცირდა. თუ რუსეთმა შავი ზღვის აუზში პოზიციების გამყარება სცადა ან ბალკანეთს, უკრაინას და კავკასიას რაიმე სახით დაემუქრა, ნატოს შეკავების ნაკლები მექანიზმი ექნება“. ექსპერტი ამბობს, რომ მონროს ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი შავ ზღვაში მშვიდობის დროს სამხრეთიდან სამხედრო გემების შესვლას აკონტროლებს. ბლენკს მიაჩნია, რომ თუ თურქეთი ეკონომიკურად რუსეთისკენ გადაიხარა და ამავე დროს, ჯარში არსებული სისუსტეები ვერ დაძლია, არ არის გამორიცხული „შავ ზღვაში უფრო მეტი რუსული გემი შევიდეს. ამის შემდეგ, ნატო შავი ზღვის აკვატორიაში საკუთარი პოზიციის დაცვას ვეღარ შეძლებს“.

სტივენ ბლენკი ამბობს, რომ აგვისტოში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში უნდა გაიმართოს, ვლადიმირ პუტინი რეჯეპ ერდოღანს ეკონომიკურად მომხიბლავ პირობებს შესთავაზებს. ამაში შეიძლება შედიოდეს გაზსადენ „სამხრეთის ნაკადის“ შესახებ მოლაპარაკების განახლება, ან „თურქეთის ნაკადის“ მხარდაჭერა. ექსპერტს მიაჩნია, რომ ანკარის მოსკოვთან დაახლოება კავკასიაში თურქეთის გავლენას შეამცირებს.

„რუსები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო გეგმას იმუშავებენ, რომლის დეტალებიც ამ დროისთვის უცნობია. ანკარამ შესაძლოა მოსკოვს ამ გეგმაში მხარი დაუჭიროს. თურქეთის დასუსტება და რუსეთისკენ გადახრა არც საქართველოს აწყობს. დასუსტებული თურქეთი საქართველოს მხარდაჭერასაც შეამცირებს. ეს კი თბილისს არც ეკონომიკურად აწყობს და არც პოლიტიკურად“, – ამბობს სტივენ ბლენკი.

რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება ამ ეტაპზე შესაძლოა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობდეს. საერთაშორისო ეკონომიკური სანქციებისა და პოლიტიკური იზოლირების ფონზე, რუსეთს გავლენიანი მოკავშირეები სჭირდება. თურქეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. შეცვლის თუ არა ეს დინამიკა თურქეთის ურთიერთობას დასავლეთთან, განსაკუთრებით ნატოსთან და ამერიკასთან, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება.

«Forbes» (აშშ), 27 ივლისი, 2016 წელი

http://www.forbes.com/sites/paulcoyer/2016/07/23/the-flashpoint-no-one-is-talking-about-the-black-sea/#6475da9f2470

რატომ არავინ ლაპარაკობს შავი ზღვის შესახებ

შავი ზღვა საქართველოსთვის ევროპაში გასასვლელს წარმოადგენს. რუსებს რომ შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლების შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველო ერთობ მოწყვლადი აღმოჩნდებოდა

პოლ ქოიერი, სამხედრო მიმომხილველი

(შემოკლებით)

„ამას წინათ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ, სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში არსებული სადაო პრობლემის – სპარტლის კუნძულების კუთვნილების საკითხის განხილვის დროს (რომლებსაც ჩინეთი უკანონოდ აკონტროლებს და ამით რეგიონში დაძაბულობის კერას ქმნის), უარყო პეკინის პრეტენზიები. კიდევ ერთ მსგავს ადგილად შეიძლება მივიჩნიოთ შავი ზღვის აუზი, სადაც სამხედრო კონფლიქტის დაწყების მაღალი ალბათობა არსებობს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები შავ ზღვას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, – აღნიშნავს ავტორი.

შავი ზღვა მის ნაპირებზე მდებარე ქვეყნებისათვის უმნიშვნელოვანეს სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ როლს ასრულებს. შავი ზღვა მდიდარია რესურსებით, ამავე დროს მისი აკვატორია ისტორიულად არაერთხელ გამხდარა გეოპოლიტიკური კონფლიქტების ცენტრი, თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამო. დღევანდელ სიტუაციაში შავი ზღვა კვლავ რჩება რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირების ელემენტად: აქ კონფლიქტის რამდენიმე კერა არსებობს, მათ შორის ყირიმი. აშკარად გამოკვეთილია შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობა ერთობლივ სამხედრო-საზღვაო მანევრებსა და თავდაცვაში, რაც რუსეთის ექსპანსიონისტური და აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული.

შავი ზღვის აუზის თითოეულ სახელმწიფოს თავისი ეროვნული ინტერესები აქვს:

რუმინეთს ზღვაში არსებული ნავთობ-გაზის პლატფორმების უსაფრთხოებისა და  დუნაის დელტაში გემების თავისუფალი შესვლის საკითხი აღელვებს. ბუქარესტისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დუნაის შესართავის სრულ კონტროლს – ეს მდინარე ხომ ცენტრალური ევროპის ათი სახელმწიფოსათვის მთავარ სატრანსპორტო არხად, ევროპის დედა-მდინარედ ითვლება;

საქართველო შავ ზღვაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა აქვს და მას ნავიგაციის თავისუფლება აინტერესებს. შავი ზღვა საქართველოსთვის ევროპაში გასასვლელი გზას წარმოადგენს. რუსებს რომ შავი ზღვაზე ნაოსნობის შეწყვეტისა და აკვატორიის სრული გაკონტროლების შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველო თავისი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში იზოლირებულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა, ანუ თბილისი მოსკოვის წინაშე ერთობ მოწყვლადი აღმოჩნდებოდა.

უკრაინა. ყირიმის გაკონტროლებით რუსეთმა შავ ზღვაზე სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვა, უკრაინამ კი დაკარგა. კიევისათვის შავ ზღვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც სტრატეგიული (პოლიტიკური), ასევე ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით. ყირიმიდან რუსეთს შეუძლია უკრაინას ზიანი მიაყენოს – დნეპრისა და დნესტრის შესართავების ჩაკეტვით.

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს და თურქეთს: ავტორის აზრით, ეს ქვეყნები, მათი ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების გათვალისწინებით, შავი ზღვის აუზში და აკვატორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნებს წარმოადგენენ. ისტორიულად, რუსეთ-თურქეთის ინტერესის ობიექტს ყირიმის ნახევარკუნძული წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც მე-18 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ  ოსმალეთის იმპერია დაამარცხა, ყირიმი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ ბაზად იქცა.

სხვათა შორის, 1853-56 წლებში მომხდარ „ყირიმის ომის“ მთავარ მიზეზს შავი ზღვის აკვატორიის კონტროლი წარმოადგენდა. რატომ წააგო რუსეთმა „ყირიმის ომი“ ოსმალეთთან, ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ყირიმში? იმიტომ, რომ რუსეთმა დროულად ვერ შეძლო იმ აკვატორიის გაკონტროლება, სადაც მისი მტრები დომინირებდნენ. ომში მარცხმა რუსეთის სტრატეგიული ინტერესები დიდად დააზარალა: მას შავ ზღვაზე სამხედრო ხომალდების ქონა აეკრძალა. სტატიის ავტორის აზრით, ეს იყო „სტრატეგიული კოშმარი“ რუსეთისათვის. სწორედ ამ ისტორიულმა მეხსიერებამ გამოიწვია მოსკოვის შეშფოთება, როცა უკრაინაში საუბარი სევასტოპოლის სამხედრო ბაზის იჯარის შეწყვეტაზე დაიწყეს. ამ ყველაფერმა ხელი სეუწყო ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას ყირიმის რუსეთისათვის მიერთების თაობაზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ყირიმის სრული კონტროლით რუსეთმა, აშკარაა, მთელ რეგიონში უპირატესობა მიიღო, განსაკუთრებით „თურქეთთან მრავალსაუკუნოვან ჭიდილში“. ამას გლობალური მნიშვნელობაც აქვს: შავი ზღვის გაკონტროლებით, რუსეთის ფედერაცია, ხმელთაშუა ზღვაზე გასვლით, მსოფლიო ოკეანეში (ატლანტიკასა და სპარსეთის ყურეში) თავის გავლენას ზრდის, ეს ეხება აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის რეგიონსაც. ამრიგად, რუსეთის რადიკალურ ნაბიჯებს შავი ზღვის გაკონტროლების მიზნით, სტრატეგიული წინამღვრები და ღრმა ისტორიული ფესვები აქვს.

თუმცა, როგორ ავტორი აღნიშნავს, რუსეთის მოქმედება აშკარად სცილდება თავდაცვასა და სტრატეგიული ინტერესების უზრუნველყოფას. რუსეთი სულ უფრო მეტ აგრესიულობას ამჟღავნებს, თვალდათვალ ზრდის თავისი სამხედრო ფლოტის ძლიერებას და ამით რეგიონის სხვა ქვეყნებს ანერვიულებს. ამასთან, მოდერნიზების მიუხედავად, რუსეთის ფლოტის შესაძლებლობები მაინც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება აშშ-ის ფლოტის შესაძლებლობებს. საერთოდ, რუსეთმა საეჭვოა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ძლიერებას მიაღწიოს. თუმცა, რადგანაც პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, გამორიცხული არაა, მოსკოვმა ვაშინგტონი შავ ზღვაზე პაექრობაში გამოიწვიოს. გავიხსენოთ, თუ როგორ გაუშვა რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები სირიაში, [„ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დასაბომბად] ჩაკეტილი კასპიის ზღვიდან… ეს სამხედრო დემონსტრაცია სწორედ დასავლეთისა და რუსეთის შავი ზღვის მეზობლების გასაფრთხილებლად განხორციელდა.

„რუსეთის აგრესიული მოქმედება დასავლეთისკენ მიმართული სიგნალია: მოსკოვი მზადაა სარიკო კონფლიქტზე წავიდეს და თუ აშშ და მისი მოკავშირეები არ არიან მზად ამგვარი რისკებისათვის, მაშინ მათ უკანდახევა მოუწევთ“, – ასკვნის ავტორი

Comments are closed