globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 28th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო და აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მიხეილ სააკაშვილი დღეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის

«The New York Times» (აშშ): უკრაინის პრეზიდენტი, მოქალაქეობის ჩამორთმევით, ოპონენტის შეზღუდვას ცდილობს

«Deutsche Welle» (გერმანია): მიხეილ სააკაშვილის განდევნა: გაუმარჯოს იანუკოვიჩის სისტემას?

«NRK – Norwegian Broadcasting Corporation» (ნორვეგია): ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

«Российская газета» (რუსეთი): შეიძლება თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯონ მაკკეინს ისევ გამოადგეს?

«Каспiй» (აზერბაიჯანი): „წადი, რა… ნახვამდის“ // უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 28 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/countering-russian-influence-in-europe-and-eurasia-georgia-and-ukraine/3960934.html

საქართველო და აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ეკა მაღალდაძე

(შემოკლებით)

როგორც ცნობილია, 419 ხმით 3-ის წინააღმდეგ ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმის ანექსია და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია – ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც კანონმდებლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება გადაწყვიტეს.

ეს კანონპროექტი გულისხმობს სადამსჯელო ზომებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც. კონგრესმენები ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი აგრესიული რეჟიმებისთვის, რომელთა საფრთხის შემცველ ქმედებებსაც ამერიკა არ შეურიგდება.  „ეს სამი რეჟიმი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნის საფრთხეს და მათივე მეზობლების დესტაბილიზაციას ახდენს,”- განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ედ როისმა.

საქართველო და ამერიკის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კანონპროექტის სანქციებში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. ბარაკ ობამას ბრძანებით 2014 წელს დაწესებული სანქციები უშუალოდ უკრაინას შეეხებოდა და ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესიის პასუხი იყო. ამჯერად კანონპროექტი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის მხარდაჭერასა და რუსეთის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგო ნაბიჯებსაც განსაზღვრავს. “რუსეთი ისჯება სხვადასხვა დესტრუქციული ზომების, მათ შორის უკრიანისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და ოკუპაციის გამო“, – ვკითხულობთ კანონპროექტში, რომლის ერთი თავიც მთლიანად ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში რუსეთის გავლენას ეხება. კანონპროექტით მკაცრდება ის სანქციები, რომლებიც ობამას ბრძანებით მოქმედებდა და აწესებს ახალ ზომებსაც: უკრიანის ტერიტორიის ანექსიას და სეპარატისტების მხარდაჭერას, ამერიკაში განხორციელებული კიბერთავდასხმის ბრალდებაც ემატება. ახალი სანქციების ობიექტებია რკინიგზა, სავაჭრო ფლოტი, სამთო-სამრეწველო და მძიმე ინდუსტრია. შეზღუდვები უწესდება ასევე რუსულ ენერგოკომპანიებთან დაკავშირებულ ბიზნესებს.

„ვფიქრობ, ამერიკამ და ნატომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს, როდესაც უკრაინასა და საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე უარი უთხრეს, ეს რომ არა, რუსეთი ვერ გაბედავდა ამ ქვეყნების მიმართ სამხედრო აგრესიის განხორციელებას. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ისევე როგორც ყირიმი და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი“, – ამბობს „ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენი ელიოტ ენგელი.

საერთაშორისო კანონმდებლობისა და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვისკენ მოუწოდებს რუსეთს კონგრესმენი ჯერალდ ნადლერიც, რომელმაც კანონპროექტს ასევე მხარი დაუჭირა. „რუსეთის პრეზიდენტი ღიად გამოხატავს, რომ სურს მე-19 საუკუნის დროინდელი “გავლენის სფეროების” დაბრუნება, სურს იყოს დომინანტი და ჰქონდეს უფლება ჩაერიოს მეზობელი ქვეყნების საქმეებში. ამან თავის დროზე მსოფლიო ომებამდე მიგვიყვანა. მაგრამ ეს დაუშვებელია, მას ამის უფლება არ აქვს ისევე, როგორც ამერიკას არ აქვს უფლება უთხრას მექსიკას რა გააკეთოს და რა – არა. ამგვარ რამეს ჩვენ არ დავუშვებთ. მე მხარს ვუჭერ ამ სანქციებს იმისთვის, რომ ვუთხრათ რუსეთის მთავრობას, რომ ის ვალდებულია დაემორჩილოს საერთაშორისო კანონმდებლობას, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს მაშინაც კი, თუკი ისინი მეზობელი ქვეყნები არიან,” – ამბობს ჯერალდ ნადლერი.

საქართველო კანონპროექტის ტექსტში

კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე და ევროპა-ევრაზიის სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენას სხვადასხვაგვარად ცდილობს: აფინანსებს იმ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობასა და მათ შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ამკვიდრებენ ქსენოფობიურ და არალიბერალურ შეხედულებებს, ამით კი ევროპულ ერთობას ძირს უთხრიან. ქვეყანაში უკიდურესადაა შევიწროვებული დამოუკიდებელი მედია და მის ნაცვლად მთავრობა აფინანსებს და აკონტროლებს მედიასაშუალებებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წყაროები არიან.

„რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ბუდაპეშტის მემორანდუმის (1994 წ.) და ჰელსინკის აქტით (1975 წ.) ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას – მან განახორციელა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია 2008 წელს და ასევე ახლაც გრძელდება დესტაბილიზაციისკკენ მიმართული ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში”, – ვკითხულობთ კანონპროექტში, რომელიც იქვე აკონკრეტებს საქართველოს ნაწილს:

„რუსეთის მთავრობა განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების იმ პირობების დარღვევას, რომელიც მისგან მოითხოვს რუსული სამხედრო ძალის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან, ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებზე თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წევრებისთვის კონფლიქტური ზონების მონიტორინგის საშუალების მიცემას. რუსეთის მთავრობა ასევე არ ასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც აღმოსავლეთ უკრიანაში მიმდინარე კონფლიქტს ეხება და რომელსაც 2015 წლის 11 თებერვალს უკრიანის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა მოაწერეს ხელი, ისევე როგორც მინსკის პროტოკოლს რომელიც 2014 წლის სექტემბერში იქნა მიღებული. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება არღვევს ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის 80-იანი წლების ბოლოს მიღწეულ შეთანხმებას მოკლე და საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების შეზღუდვისა და “ღია ცის შესახებ” შეთანხმების პირობებს“.

კონგრესის ხედვით, რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრიანაში მიმდინარე ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის წელს, 24 აპრილს OSCE-ის ამერიკელი მონიტორის დაღუპვაზე და შესაბამისად, ამერიკის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას: ა) გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიიდან; ბ) დაუბრუნოს ამ ქვეყნების საზღვრებზე კონტროლი მათსავე ლეგიტიმურ ხელისუფლებას; გ) შეწყვიტოს ყველა მცდელობა, რომ ამ ქვეყნებში ხალხის მიერ არჩეულ მთავრობებს ძირი გამოუთხაროს.

კანონპროექტში ასევე განმარტებულია, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა და კვლავ განაგრძობს ტრადიციულ სამხედრო ძალების, სადაზვრერვო ოპერაციებისა და “გავლენის კამპანიების” გამოყენებას, რაც წარმოადგენს აშკარა და რეალურ საფრთხეს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. ამის პასუხად, კონგრესის წევრთა განმარტებით, ევროპა-ევრაზიის ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ მათი პოლიტიკური სისტემებისა და ინსტიტუციების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. კონგრესი ადასტურებს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობას: “ამერიკა მხარს უჭერს ინსტიტუტებს, რომელთა დისკრედიტირება, დაზარალებაც სურს რუსეთს, მათ შორის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირს. ძლიერი ნატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპასა და ევრაზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ამერიკამ უნდა გააგრძელოს ევროკავშირთან პარტნიორობა რუსეთის მთავრობის აგრესიის წინააღმდეგ და გააძლიეროს ამ ქვეყნის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგო პროგრამების მხარდაჭერა“, – ნათქვამია სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ მოწონებულ კანონპროექტში.

კანონში ვკითხულობთ: „ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მეთოდებს, მათ შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინისა და დნესტრისპირეთის ოკუპაციასა და არალეგალურ შეჭრებს ამ ტერიტორიებზე“.

2018-2019 ფისკალური წლისთვის რუსეთის გავლენასთან ბრძოლის ფონდი 250 000 000 $ -ით განისაზღვრა. კანონპროექტში გაწერილია, რომ ეს თანხები დაიხარჯება აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმების კიბერთავდასხმებისგან დაცვისთვის შემდეგ ქვეყნებში: ქვეყნები, რომლებიც არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები; არიან მოწყვლადნი რუსეთის გავლენის მიმართ და ამერიკის დახმარების გარეშე რუსეთის ქმედებებს ეფექტურად ვერ უპირისპირდებიან; ასევე ნატოს ან ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნები – მათ შორის – ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, კოსოვო, სერბეთი და უკრაინა. რუსეთის გავლენასთან ბრძოლის ფონდის რესურსები დაიხარჯება ამ ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლის პროგრამებში, ასევე იმ პროგრამებში, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ სასამართლოს (პროკურატურას), ჩართულობას, პოლიტიკურ გამჭვირვალობასა და კონკურენციას. ფონდი ასევე უპასუხებს იმ არასტაბილურობითა და ჰუმანიტარული კრიზისით შექმნილ გამოწვევებს, რომლის მიზეზიც საქართველოში და უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრა გახდა.

ფონდის ერთ-ერთი მიმართულება კი იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხარდაჭერა იქნება, რომლებიც რუსულ პროპაგანდასა და რბილ ძალას ებრძვიან. (…)

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 28 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/poroshenko-strips-saakashvili-citizenship/3961389.html

მიხეილ სააკაშვილი დღეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის

ია მეურმიშვილი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პერტო პოროშენკომ ოთხშაბათს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ვარდების რევოლუციის ლიდერიმ დღესდღეობით, არც-ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე 2015 წლის მაისში გახდა, როცა ის პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა. იმავე წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ავტომატური პროცესია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნის პასპორტს იღებს.

პეტრო პოროშენკოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, უკრაინის მიგრაციის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდის თანახმად, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის შეჩერების საქმე გაეგზავნა, რომელსაც თან ერთვოდა საქართველოდან მანამდე უცნობი დოკუმენტაცია. მიგრაციის სამსახურმა იმავე განცხადებაში კანონები ჩამოთვალა, რომლებიც ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არეგულირებს. მათ შორის ერთ-ერთის მოქალაქეობის განცხადებაში მცდარი ინფორმაციის შეტანა.

მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათ საღამოს, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე და იუტუბში ვიდეო განცხადება გამოაქვეყნა. „მე უბრალო უკრაინელი ვარ,“ ასე დაიწყო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება. „დღეს მე ისეთივე მეთოდებით მიდგებიან, როგორც უკრაინის პროკურორები ან ბიუროკრატები რიგით უკრაინელებს უდგებიან, რომელთა უფლებასაც აფურთხებენ“. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა მაშინ ჩამოართვა, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს და დასძინა, რომ „არის მცდელობა ლტოლვილობა მაიძულონ. ეს არ მოხდება. მე სხვაგან არ დავრჩები და სტატუსს არ შევიცვლი“.

გუშინვე ანტონ გერაშენკომ, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველია, ასევე ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის განცხადებაში არსად იყო მითითებული ის, რომ მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოს დაპატიმრების სანქცია ჰქონდა გაცემული.

საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ორჯერ სთხოვა. ეს თემა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 18 ივლისს თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროსაც წამოიჭრა.

თავდაპირველად პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. რამდენიმე საათში კი განმარტა, რომ უკრაინის პროკურატურამ ექსტრადიციაზე უარი საქართველოს მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლებობის გამო თქვა. პეტრო პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის თემა ქართველ ოფიციალურ პირებთან განხილული არ ყოფილა. მან ასევე დასძინა, რომ ექსტრადიცია „წმინდად ლეგალური საკითხია“ და თუ მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური საქმიანობა დადასტურდა, უკრაინა „შესაბამისად მოიქცევა“.

———

როგორც „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი ოლექსი კუზმენკო იუწყება, 27 ივლისს მიხეილ სააკაშვილი ტელეარხ «CNN»-ის პირდაპირი ეთერში გამოვიდა და პროგრამის წამყვანს ესაუბრა:

„პეტრო პოროშენკოს მოქმედება აბსოლუტურად უკანონოა. მე დახმარებას არავისგან არ ვითხოვ. მე აშშ-ში ჩემს ნათესავებთან ერთად ვიმყოფები, რომლის წევრები აშშ-ის მოქალაქეები არიან. ესენი არიან ბიძაჩემის ოჯახის წევრები, რომლებიც ამერიკაში უკვე 40 წელია ცხოვრობენ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა იმავე მიზეზების გამო ჩამომართვა, რომელი მიზეზებითაც მე პრობლემები მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან: მე გამოვედი მისი ოლიგარქიული, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. მე უკრაინის პატრიოტი ვარ. მოქალაქეობა თავის დროზე პეტრო პოროსენკოსაგან მივიღე, რადგან მას რეფორმების ერთულ ადამიანად ვთვლიდი. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, როცა უკრაინის ლიდერებმა ოლიგარქობის, კორუფციის, რესურსების მიტაცების, დემოკრატიაზე ზეწოლის გზა აირჩიეს. სწორედ ამიტომ გავხდი მათი ოპონენტი. იმით, რომ მათ მოქალაქეობა ჩამომართვეს, უკრაინის კონსტიტუციის დარღვევით, ჩემი როგორც წამყვანი ოპონენეტის მოშორება სურთ. მაგრამ იმედს მაძლევს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის სოლიდარობა, ჩემი პარტიის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინაში სწრაფად იკრებს ძალას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა (წყარო: https://ukrainian.voanews.com/a/saakashvili-amerzka-vtruchannia-vybory/3961633.html)

«The New York Times» (აშშ), 28 ივლისი, 2017 წელი

https://www.nytimes.com/2017/07/27/world/europe/mikhail-saakashvili-ukraine-citizenship-poroshenko.html?_r=0

უკრაინის პრეზიდენტი, მოქალაქეობის ჩამორთმევით, ოპონენტის შეზღუდვას ცდილობს

ენდრიუ კრამერი

(შემოკლებით)

ოდესღაც ისისნი ცნობილი მოკავშირეები იყვნენ კრემლთან დაპირისპირებაში: უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმაზეც კი დათანხმდა, რომ მას პეტრო პოროშენკოს ხელმძღვანელობის ქვეშ ემუშავა, რეგიონის გუბერნატორის სახით. მაგრამ მათი ურთიერთობის დონე ახლა იმდენად ძალიან დაეცა, რომ პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის  მოქალაქეობა ჩამოართვა და იგი საერთოდ მოქალაქეობის გარეშე დატოვა.

კონფლიქტის მათ შორის უკრაინაში გავრცელებულ კორუფციასთან დამოკიდებულების გამო დაიწყო. როცა 2014 წლის რევოლუციით პრორუსული პრეზიდენტი დაემხო, მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ათამდე ქართველი ჩინოვნიკი უკრაინაში გაემგზავრნენ, რათა ახალ ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლაში დახმარებოდნენ. მაგრამ დიდი დრო არ იყო გასული, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩივილი დაიწყო – ქვეყნის ხელისუფლება ძალიან ცოტას აკეთებს კორუფციასთან ბრძოლის მიზნითო.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და თავისი პოლიტიკური პარტის ჩამოყალიბება დაიწყო. ამასობაში მის ურთიერთობა პეტრო პოროშენკოსთან ძალიან გაუარესდა, რაც პრეზიდენტის ბრძანებულებით დასრულდა – მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. თავის მხრივ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკო რისკიან გზას დაადგა, რომელსაც უკრაინაში კიდევ ერთი სახალხო აჯანყების გამოწვევა შეუძლია. და ყველაზე შეუარცხმყოფელი რაც იყო პეტრო პოროშენკოსათვის, როგორც ვლადიმერ პუტინის ოპონენტისათვის, ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ივარაუდა – შესაძლოა პეტრო პოროშენკოც რუსეთში გაიქცესო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბრძანებულების ტექსტი არ გამოუქვეყნებია, თუმცა, როგორც ადგილობრივი მასმედია წერს, მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ანკეტის შევსების დროს რაღაც ფაქტები დამალაო, კერძოდ, არ მიუთითებია, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და გამოძიება მიმდინარეობდა.

პრეზიდენტის ბრძანებულებამ უკრაინულ პოლიტიკაში მღელვარება გამოიწვია, მათ შორის იმ ქართველ ჩინოვნიკებშიც, რომლებიც 2014 წელს უკრაინაში სამუშაოდ წავიდნენ [რეფორმების გატარებისა და] ქვეყნის მართვის სისტემის გარდაქმნის მიზნით. მათ, უკრაინის „სახელმწიფოს სამსახურის“ კანონის შესაბამისად, უარი თქვეს საქართველოს მოაალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქეები გახდნენ. ახლა კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, იქმნება იმის პრეცედენტი, რომ სხვა ქართველ ჩინოვნიკებსაც მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ბედი ელოდებათ – მოქალაქეობის ჩამორთმევა და თანამდებობებიდან გათავისუფლება. ერთ-ერთი ასეთი ჩინოვნიკი შეიძლება იყოს გიზო უგლავა – უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე. სხვათა შორის ამ ბიურომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანიის წარმომადგენელ პოლ მანაფორტისათვის წინა წლებში თანხის გადახდის ფაქტები გამოავლინა, რომლებიც აღრიცხული არ იყო, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია კი ცდილობდა, რომ ბიუროს მუშაობა დაემუხრუჭებინა.

«Deutsche Welle» (გერმანია), 28 ივლისი, 2017 წელი

http://www.dw.com/ru/a-39852049?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml

მიხეილ სააკაშვილის განდევნა: გაუმარჯოს იანუკოვიჩის სისტემას?

რადიო „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) რუსულმა სამსახურმა ეთერში გადასცა  მასალა მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელშიც გაანალიზებული უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოდილი პრეზიდენტისა და მის თანამზრახველთა საქმიანობა (ავტორი – სერგეი რუდენკო, უკრაინელი ჟურნალისტი და მიმომხილველი).

გთავაზობთ მასალას შემოკლებით:

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით უკრაინაში პოლიტიკოს-„ვარიაგების“ ყოფნის ერა დასრულდა, რომლებიც კიევში ლიტვიდან, აშშ-დან და საქართველოდან ჩავიდნენ. 2014-15 წლებში ისინი დაწყებული რეფორმების ვიტრინას წარმოადგენდნენ. მიხეილ სააკაშვილიც მათ შორის იყო, ვინც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სწრაფვას განასახიერებდა – „ქართული სასწაულის“ გამეორებას უკრაინაში.

მაგრამ სასწაული არ მოხდა. სისტემამ „ვარიაგები“ არ მიიღო – არც ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, არც გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, არც ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და არც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის მეთაური მიხეილ სააკაშვილი. ყველა ისინი, რომლებმაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხელით უკრაინის პასპორტები მიიღეს, საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ ხელისუფლებიდან წასულიყვნენ. თითოეულ მათგანს თავისი მიზეზი ჰქონდა გადადგომისათვის, მაგრამ ყველა მიუთითებდა უკრაინაში არსებულ ტოტალურ კორუფციაზე და იმავდროულად ხელისუფლების მცდელობაზე – შეენარჩუნებინა ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი სისტემა.

გასული სამი წლის განმავლობაში „რეფორმების ვიტრინა“, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და სხვა „ვარიაგები“ განასახიერებდნენ, უკრაინის ხელისუფლებამ ნამსხვრევებად აქცია. მათი მუშაობით ყველა უკმაყოფილო აღმოჩნდა – პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები და ვერხოვნა რადას დეპუტატები. „ვარიაგებს“ კაბინეტებიდან საკმაოდ ოსტატურად აძევებდნენ. მაგრამ ქართველებმა გადაწყვიტეს უკან არ დაეხიათ და განაცხადეს, რომ მათი მიზანია უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის დროშით. არსებითად, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ბედიც.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, მან აშშ-ში ჩასვლისას გაიგო. იგი ამერიკაში უკრაინის მოქალაქის პასპორტით გაემგზავრა, მაგრამ როგორი სტატუსით დაბრუნდება უკან და რაც მთავარია, სად – ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ გაურკვეველი საკითხია. მას ხომ 2015 წელს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს (უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო), ანუ მიხეილ სააკაშვილს ახლა არც უკრაინაში არ შეუძლია დაბრუნება და მით უმეტეს, არც საქართველოში, სადაც იგი დაუსწრებლადაა გასამართლებული და პატიმრობა ელოდება.

რა თქმა უნდა, ვაშინგტონი საქართველოს ექს-პრეზიდენტს მფარველობას გაუწევს. აშშ ხომ ყოველთვის მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. კიევში დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, რომ ქართული სახელმწიფოს ექს-ლიდერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კაცი („სტავლენნიკი“) იყო უკრაინაში, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მიხოს ისეთი მაგარი ამერიკული „კრიშა“ აქვს, რომ პეტრო ვერაფერს გაუბედავსო“.

მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ საქართველოს ექს-მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტისათვის მნიშვნელობა დაკარგა. ნიშანდობლივია, რომ პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო. გაურიგდა თუ არა იგი ბიძინა ივანიშვილს, ამას მოვლენების შემდგომი განვითარება გვაჩვენებს. ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს საქართველოში გაქცეულ კიევის ექს-მერ ლეონიდ ჩერნოვიცკიზე უნდა გაცვლილიყო, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლება უარყოფს.

მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას პეტრო პოროშენკოსათვის „ბოროტი ხუმრობის“ როლის შესრულება შეუძლია. ქვეყნის შიგნით ოპონენტის თავიდან მოშორებით იგი ქვეყნის გარეთ ბევრ მოძულეს შეიძენს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი არ გაჩუმდება იმაზე, თუ რა ხდება უკრაინის ხელისუფლებაში. მან უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ იბრძოლებს უკრაინის მოქალაქეობისა და პასპორტის დასაბრუნებლად. ალბათ, ჯერ აშშ-ის ტერიტორიიდან. სხვათა შორის, ვაშინგტონი ადრეც გამოხატავდა უკმაყოფილებას უკრაინაში კორუფციის დონით, ხოლო მიხეილ სააკაშვილის „დეაქტივაციის“ გამო აშშ უფრო კრიტიკული იქნება უკრაინის მიმართ.

უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება დაიწყო. როგორც ჩანს, მიხოს გუნდისათვის მოქალაქეობის საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება – „ახალი ძალების მოძრაობას“ ხომ სამომავლოდ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტიის ლიდერი იძულებით ემიგრაციაში იქნება.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ისტორია საეჭვოა პეტრო პოროშენკოს მეორე საპრეზიდენტო ვადით უმტკივნეულოდ არჩევაში დაეხმაროს. კი, შეიძლება საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება გქონდეს. იგი, რასაკვირველია, ანგელოზი არ არის, მაგრამ მისი გაძევება პოლიტიკური თამაშებიდან, მოქალაქეობის ჩამორთმევის გზით, სულ ცოტა, ცინიკურად ჩანს. პეტრო პოროშენკოს ნაბიჯით გაკვირვებულნი არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ – დასავლეთში. უკრაინის პრეზიდენტმა თამაშის დაუწერელი წესები დაარღვია. შესაბამისად, მისთვის ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის.

«NRK – Norwegian Broadcasting Corporation» (ნორვეგია), 27 ივლისი, 2017 წელი

https://www.nrk.no/urix/ekspresident-fikk-inndratt-statsborgerskapet-i-ukraina-1.13618285

ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

მორტენ იენტორფი

(ამონარიდი)

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველო ექს-პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. იგი პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ პრეზიდენტი არაფერს აკეთებს ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად.

მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა 2003 წელს თავის სამშობლოში, საქართველოში აჯანყების ხელმძღვანელი გახდა. მოგვიანებით იგი პრეზიდენტად აირჩიეს. მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაში შედის საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის წარმატება და ისიც, რომ საქართველომ ბოლო ათი წლის მანძილზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. მაგრამ გულღია და ხშირად იმპულსიურმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი მტერი გაიჩინა. როცა 2013 წელს მისი პრეზიდენტობის ვადა მიიწურა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. მას ქვეყნის დატოვება მოუხდა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სამხედრო სამსახური გაიარა და იქ სწავლობდა. მოგვიანებით, პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ იგი აქტიურად უჭერდა მხარს მაიდანს, რომელმაც პრორუსული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაამხო. ახალმა ლიდერმა პეტრო პოროშენკომ 2015 ქწელს მიხეიულ სააკაშვილი, როგორც ცნობილი რეფორმატორი და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. ამ ფაქტმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, მაგრამ გუბერნატორი გავლენიანი ბიზნესმენებისა და ბიუროკრატების წინააღმდეგობას წააწყდა. საბოლოოდ, მიხეილ  სააკაშვილი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, პარალელურად კი მან თავისი მეგობრისა და მოკავშირის პეტრო პოროშენკოს კრიტიკა დაიწყო. „უკრაინაში არანაირი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2016 წლის იანვარში, NRK-სათვის მიცემულ ინტერვიუში.

ექს-გუბერნატორმა გადადგომის შემდეგ პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა – „ახალი ძალების მოძრაობა“, რომლის მიზანი იმ პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლააა, რომელიც ხელს უშლის უკრაინის დემოკრატიზაციას და ლიბერალურ  საბაზრო ეკონომიკას, ევროსტანდარტებზე დამყარებულს. მაგრამ ახლა პარტიას არსებობა, ალბათ, თავისი ლიდერის გარეშე მოუწევს, რადგან მას მხოლოდ უკრაინის მოქალაქე უნდა ხელმძღვანელობდეს.

———-

მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემის განხილვა დასავლურ მასმედიაში კვლავ ფართოდ განიხილება. ბრიტანულმა სამაუწყებლო სამსახურმა „ბი-ბი-სი“-მ გაავრცელა ინგლისური და რუსულენოვანი სამსახურების, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული კორესპონდენტის ნინა ახმეტელის სტატია „რა ბრალი აქვს წაყენებული მიხეილ სააკაშვილს საქართველოში“, რომელიც მომზადებულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობილი ბრალდებების საფუძველზე, ექს-პრეზიდენტის მიმართ. ასევე გამოქვეყნდა ვრცელი პუბლიკაცია სათაურით „მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე დარჩა. როგორ მოხდა ეს?“ (ავტორი – ელიზავეტა ფოხტი). სტატიაში გაანალიზებულია მსოფლიოში არსებული პრაქტიკა მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევის საკითხში, საუბარია პრეცედენტებზე – შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ადამიანი საერთოდ მოქალაქეობის გარეშე დატოვოს და ნიშნავს თუ არა მისი მოქმედება საერთაშორისო კონვენციების დარღვევას. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები არსებობს, არცთუ ისე იშვიათად ამ საკითხს ყოველი სახელმწიფო თავისებურად წყვეტს (იხ. http://www.bbc.com/news/ world-europe-40738193 // http://www.bbc.com/russian/features-40745117 // http://www.bbc.com/russian/ features-40719216).

«Российская газета» (რუსეთი), 28 ივლისი, 2017 წელი

https://rg.ru/2017/07/27/mozhet-li-saakashvili-eshche-prigoditsia-makkejnu.html

შეიძლება თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯონ მაკკეინს ისევ გამოადგეს?

პაველ დულმანი

(შემოკლებით)

მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა და საქართველოს ექს-პრეზიდენტის აპატრიდად – მოქალაქეობის არმქონე პირად გადაქცევას შეიძლება სიმბოლურად პოსტსაბჭოთა სივრცეში „ამერიკული დემოკრატიის ექსპორტის“ დასასრული ვუწოდოთ. ის ვინც წარმატების ნიმუში და აშშ-ის მეთოდების რეალიზების განსახიერება უნდა გამხდარიყო, ანუ „მენეჯერი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის“, თავისი პატრონებისთვის ტოქსიკური ნივთიერება გახდა, რაც კომიკური და სასირცხვილო ფაქტია.

საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ბოლო წუთამდე არავის სჯეროდა. თვითონ ექს-პრეზიდენტიც საკმაოდ ექსპლოატირებდა ამ ტემას და იძახდა, რომ პეტრო პოროშენკო ვერ გაბედავდა კავშირების გაწყვეტას აშშ-ის მიერ მიგზავნილ „ახალგაზრდა რეფორმატორებთან“, თუმცა მაინც მოინახა იურიდიულ-სამართელბრივი ღრიჭო კანონმდებლობაში, რის მიხედვითაც  მიხოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. თანაც ეს გაკეთდა დემონსტრაციულად იმ მომენტში როცა ამჟამად უკვე აპატრიდი აშშ-ში მიემგზავრებოდა.

(…)

სიმბოლურია, რომ იმ პოლიტიკოსის დაცემას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ნაციონალიზმისა და რუსოფობიის ტალღაზე მოვიდა, ყველაზე მეტად თვითონ კიეველი ნაციონალისტები აპლოდირებენ. ეს გასაგებიცაა: ცალკეული სახეობის შიგნით არსებული კონკურენცია ყველაზე ულმობელია.

მიხეილ სააკაშვილის ძლიერ მხარედ, მის შემტევ და თავდასაცავ იარარად ყოველთვის იყო იმპულსიურობა, რომელიც კლოუნობისაგან მცირედ განსხვავდება: კლოუნი კლოუნია, მას ხომ სერიოზულად ვერ გააკრიტიკებ. ჰოდა, მის მიერ მოწყობილი სცენები, პიარ-აქციები და მოხერხებული“ ტრიუკები“ საზოგადოებას ავიწყებდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის სინდისზე იყო ცხინვალზე შეტევის დროს დაღუპულებისა და თბილისური მომიტინგეების დარბევის შედეგად დაღვრილი სისხლი. თუმცა ახლა მიხოს ტრიუკები მეტად აღარ მოქმედებს, იგი საზოგადოების თვალში შეშინებული და ასოცირებული ფსიქოპათის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მიხეილ სააკაშვილს შიშის და ნერვიულობის მიზეზი ნამდვილად აქვს. ამერიკის ისტებლიშმენტთან ფართო კავშირები მისი საქართველოში დაბრუნებას ვერ უზრუნველყოფს. ის კი არადა, ვაშინგტონში პრეზიდენტის ინაუგურაციაზედ ნორმალური დასწრება ვერ შეძლო – კაპიტოლიუმიდან კილომეტრნახევარში მოუწია დგომა. მას აქვს ფოტოები გადაღებული დონალდ ტრამპთან (წლების წინათ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო), ბარაკ ობამასთან, სენატორ ჯონ მაკკეინთან, ფინანსისტ ჯორჯ სოროსთან, რითაც მუდმივად ტრაბახობდა სოციალურ ქსელებში, მაგრამ ახლა, როცა დონალდ ტრამპი თვითონაა პრეზიდენტი, ეგრე იოლად მასთან გადაღებული ფოტოებით მიხეილ სააკაშვილი ვერ ისარგებლებს.

დაჭირდება თუ არა ვაშინგტონს ისევ „თავისი ძაღლიშვილი“ („ონ სუკინ სინ, ნო ნაშ სუკინ სინ“), ამას დრო გვიჩვენებს. შეიძლება იგი ისევ გაგზავნონ რომელიმე უპატრონო ქვეყანაში (ამერიკელი გლობალისტების ლოგიკით) იქაურ აბორიგენებში დემოკრატიული იდეების გასავრცელებლად, ააშენებს მინა-ბეტონის შენობებს გაჭირვება-სიღარიბის შესანიღბად, თუმცა არავინ იცის – დაბრუნდება თუ არა იგი იქიდან ცოცხალი: მისი ბიოგრაფიის დინამიკა ტრაგიკული ვარაუდების შესაძლებლობას გვაძლევს.

——-

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი აქტიურად შუქდება რუსეთის სხვა გაზეთებშიც. მაგალითად, სტატია გამოქვეყნდა რუსულ «Независимая газета»-ში სათაურით „მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ოპოზიციას ოკენის იქით აყალიბებს // კიევმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხი ვაშინგტონს გადაულოცა“ (იხ. წყარო: http://www.ng.ru/cis/2017-07-28/1_7039_saakashvili.html).

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 28 ივლისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

„წადი, რა… ნახვამდის“

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

ალი საიდოვი

(ამონარიდი)

„მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე უამრავი მოსაზრება ვრცელდება. რა მოხდა სინამდვილეში, ეს, ალბათ, მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საკითხი პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს იქნა განხილული. უკრაინის პრეზიდენტმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ „ექსტრადიციის გარემოებებს შევისწავლიო“. კი მაგრამ, ნუთუ პეტრო პოროშენკო აზრზე არ იყო თბილისიდან გაგზავნილი მოთხოვნების შესახებ? და პირიქით, მან მიხეილ სააკაშვილი შეიფარა და თანამდებობაზეც დანიშნა? პრეზიდენტის უყურადღებობით, როგორც იტყვიან, „უბეში გველი გამოიზარდა“ – მიხეილ სააკაშვილმა მფარველი მეგობრის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო…

საერთოდ, ექს-პრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი ბალაგანს ჰგავს. ერთი მხრივ, განა უკრაინის ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის მიღების ანკეტას ავსებდა, იგი ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე იყო, თანაც მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე იყო აღძრული [თავის დროზე მსოფლიო მასმედიამ ამ ფაქტზე უამრავი ინფორმაცია გაავრცელა]. ამიტომაც ბრძანებულებაში დასახელებული მიზეზი, რომ მიხეილ სააკაშვილმა თითქოს ფაქტები დამალა და ანკეტაში მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფაქტი არ ჩაწერაო, დამაჯერებლად არ ჟღერს. მოკლედ, აშკარაა, რომ მას ანგარიში გაუსწორეს. გამოიყენეს, შემდეგ ზედმეტი აღმოჩნდა და მოისროლეს.

მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად აქტიური პიროვნებაა, მას აშშ-ში ფართო კავშირები აქვს, თანაც მისი კრიტიკა ძალიან აგრესიულია. ამბობენ, რომ იგი შესაძლოა საქართველოს გადასცენო. თუმცა ქართველი პოლიტოლოგები თვლიან, რომ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს არ ჭირდება, მისი ექსტრადირება დამატებითი თავის ტკივილია ხელისუფლებისათვის – ანუ არაა გამორიცხული, რომ ექსტრადირებამ პოლიტიკური პრობლემები გამოიწვიოს იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი ციხეში სხედან, მიშიკოს კი მაინცდამაინც მნიშვნელოვანი ბრალი ვერ წაუყენეს. ამ ისტორიის ფინალი შეიძლება ის იყოს, რომ ექს-პრეზიდენტი ან აშშ-ში დარცება, ან თავისი ცოლის – სანდრა რულოვსის სამშობლო ჰოლანდიაში. მართალია, თვითონ მიშა იძახის, უკრაინაში დავბრუნდები და იქიდან არსად წამსვლელი არ ვარო, მაგრამ მაინც…“.

Comments are closed