globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 28th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Wall Street Journal» (აშშ): ნატოს გენმდივანი საქართველოში ერთობლივ სასწავლო ბაზას ხსნის // ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ახალი სასწავლო ცენტრი რუსეთის აგრესიის შემკავებელი იქნება, რუსეთს კი ცენტრის გახსნა პროვოკაციად მიაჩნია

«Радио Спутник» (რუსეთი): საქართველო მუდმივი სტუდენტის როლში: თბილისში ნატოს სასწავლო ცენტრი გაიხსნა

«Вестник Кавказа» (რუსეთი): საქართველოსთვის ნატოს კარი ძველებურად დახურული რჩება

——————-

«The Wall Street Journal» (აშშ), 28 აგვისტო, 2015 წელი

http://www.wsj.com/articles/nato-chief-opens-joint-training-base-in-georgia-1440689589

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ერთობლივ სასწავლო ბაზას ხსნის

ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ახალი სასწავლო ცენტრი რუსეთის აგრესიის შემკავებელი იქნება, რუსეთს კი ცენტრის გახსნა პროვოკაციად მიაჩნია

ჯულიან ბარნსი

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ვიზიტის დროს ერთობლივი სასწავლო ცენტრი გახსნა და განაცხადა, რომ ამ ქვეყანას თავისი დასავლელი მოკავშირეების იმედი უნდა ჰქონდეს.

მაგრამ საქართველოშიც და ნატოს ფარგლებს გარეთაც ბევრს კითხვები უჩნდება, როგორ შეიძლება ალიანსმა თავისი დაპირება შეასრულოს – შეაჩერებს თუ არა ახალი სასწავლო ბაზა რუსეთს ან მოახდენს თუ არა მის პროვოცირებას.

ქართველ ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ ნატოს ახალი სასწავლო ცენტრი ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი იქნება მოსკოვისათვის, რომელსაც თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრასა და მოქალაქეთა გატაცებაში ადანაშაულებს.

გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის ბოლო მცდელობები მოსკოვის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საზღვრის შეცვლა-გადმოწევის თაობაზე. ამასთან, მისი თქმით, ეს ცენტრი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მისი გახსნა უზრუნველყოფს საქართველოში ნატოს ყოფნის გაფართოებას. ალიანსის წარმომადგენლების თქმით, საქართველო-ნატოს სამხედრო სწავლების ცენტრის [მუშაობა] და ერთობლივი სწავლებები ძალიან ყურადღებით უნდა იყოს დაგეგმილი – ისე, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოხდეს.

რუსეთი ნატოს დიდი ხანია ბრალს სდებს სიტუაციის დაძაბვაში, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებაში გამოიხატება. ხუთშაბათს მოსკოვმა ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა „პროვოკაციულ ქმედებას“ შეაფასა: „ჩრდილოასტლანტიკური ალიანსის მიერ საქართველოში ასეთი სამხედრო ობიექტის განთავსება რეგიონში უსაფრთხოების დესტაბილიზების სერიოზული ფაქტორი იქნება“, – ასე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები თავს იკავებენ ისეთი ნაბიჯის გადადგმაზე, რომელიც საქართველოს ნატოში მიღებას უზრუნველყოფს და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ჯარებს აქვთ ოკუპირებული. ამავე დროს საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია და ნატოს ავღანურ მისიაში მეორე ქვეყანაა, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეთა ყველაზე მეტი რაოდენობა ჰყავს გაგზავნილი. ნატო თბილისის დამსახურებას აღიარებს და ამიტომაც ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.

„ნატოს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც უნდა ჰქონდეს ნატოს იმედი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეს-კონფერენციაზე.

როგორც „უოლ სთრით ჯორნელ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თქვა, მისი ქვეყნის გამოცდილება მოწმობს, რომ რუსეთი, ალბათ, უფრო მეტ აგრესიულობას გამოიჩენს, თუ ნატო თანამშრომლობის შესახებ თავის დანაპირებს არ შეასრულებს. „ყველაფერი ის, რასაც ნატო და საქართველო ერთობლივად რეალურად აკეთებენ, რუსეთის შემკავებელი იქნება“, – განუცხადა მან „უოლ სთრით ჯორნელს“.

აშშ-ის ჯორჯ მარშალის ფონდის ბრიუსელში არსებული ოფისის ანალიტიკოსი ბრუნო ლეტე ამბობს, რომ მას არ უკვირს მოსკოვის ნეგატიური რეაქცია სასწავლო ცენტრის გახსნის გამო: „რუსებს მიაჩნიათ, რომ ცენტრი მათ წინააღმდეგაა მიმართული“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა. იმ დროს როცა ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებითაა დაინტერესებული, მოსკოვი რეგიონის „გაყინული“ კონფლიქტებით მანიპულირებას ცდილობს. „რუსეთს სიტუაციის დესტაბილიზების მიზნით ამ კონფლიქტების გაღვივება-გააქტიურება შეუძლია“, – ამბობს ბრუნო ლეტე.

ანალიტიკოსები, ბრუნო ლეტეს ჩათვლით, მიიჩნევენ, რომ ნატოს გაფართოება, განსაკუთრებით რუსეთის საზღვრებისაკენ, როგორც ჩანს, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში, ალიანსის დღის წესრიგიდან მოხსნილია. ამასტან, როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, ნატოში შესვლა საქართველოს მიზნად რჩება და თუ გაწევრიანების გზაზე რაიმე ბარიერები წარმოიქნება, მოსკოვისათვის ეს იქნება წახალისება აგრესიის გასაგრძელებლად. „ალიანსის წევრობა ერთადერთი რამ არ არის, მაგრამ ეს არის ძალიან სასურველი რამ“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.

ამერიკელი სამხედრო ჩინოვნიკები კონფიდენციალურად ამბობენ, რომ ძალიან რთული იქნება საქართველოს დაცვა ნატოს მიერ, რუსეთის გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ნაწილი აქვთ ოკუპირებული. მაგრამ თინა ხიდაშელი მაინც ამბობს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის ფაქტორი ნატოსათვის დაბრკოლება და პასივი კი არ უნდა იყოს, არამედ აქტივი: „საქმე საქართველოს გეოგრაფიას კი არ ეხება, არამედ სტრატეგიულ ინტერესებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

«Радио Спутник» (რუსეთი), 27 აგვისტო, 2015 წელი

http://ria.ru/radio_brief/20150827/1211075411.html

საქართველო მუდმივი სტუდენტის როლში: თბილისში ნატოს სასწავლო ცენტრი გაიხსნა

მიხეილ შეინკმანი

(ამონარიდი)

ნატომ საქართველოსთან ურთიერთობის იდეალური ფორმულა იპოვა: თბილისი ახლოს ჰყავდეს და მუდმივი სტუდენტის მდგომარეობაში ამყოფოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საერთშორისო ინსიტიტუტში ასწავლოს, მაგრამ დიპლომის მიღების შანსი რომ არ ჰქონდეს. თუმცა ბრიუსელს როგორც უყვარს ხოლმე თქმა – „ნატოს კარი საქართველოსთვის ყოველთვის ღიაა და საქართველოს ამას იმსახურებს“. აბა, რა – საქართველო ხომ ნატოსთან მოთანამშრომლე ქვეყნების წამყვან სამეულშია – ავსტრალიასთან და უკრაინასთან ერთად.

ამბობენ, რომ ამერიკას ნატოს სასწავლო ცენტრში სირიელი ბოევიკების მომზადებაც ჰქონდა განზრახული (ბასარ ასადის წიონააღმდეგ საბრძოლველად), მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სირიელ მოხალისეებს თურქეთისა და საუდის არაბეთის ცენტრებში ურჩევნიათ მომზადება და ამიტომ საქართველოში წამომსვლელი ცოტა აღმოჩნდა. ასე რომ, ქართველებს მარტო მოუწევთ სამხედრო მეცნიერების დაუფლება. არადა, საწრთვნელი ცენტრი მაინც ის არ არის, რაც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ქართველებმა იმდენად კუნთების გამაგრებაზე კი არ უნდა იზრუნონ, რამდენადაც მეხსიერების ვარჯიშზე, რომ მუდამ ახსოვდეთ, რით დასრულდა მათი მომზადება ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 28 აგვისტო, 2015 წელი

http://www.vestikavkaza.ru/material/139016

საქართველოსთვის ნატოს კარი ძველებურად დახურული რჩება

გიორგი კალატოზიშვილი

(შემოკლებით)

რამდენად მნიშვნელოვანია სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით „ერთობლივი სასწავლო ცენტრი“ საქართველოსთვის, რომელიც უელსის სამიტის დადგენილებით შეიქმნა? სწორედ ამ სამიტზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, „მაპ“-ს მიცემაზე უარის თქმის სანაცვლოდ, საქართველოსთვის კომპენსაციის სახით, გაფართოებული თანამშრომლობის პაკეტი მიეცათ, რომელშიც სასწავლო ცენტრის დაარსებაც იყო გათვალისწინებული.

თვით „ერთობლივი სასწავლო ცენტრი“ განთავსებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „სასწავლო ცენტრში“, რომელიც დიდი ხანია არსებობს. ასე რომ, ეს რაიმე პრინციპულად ახალი ობიექტი არ არის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელმძღვანელებს არაერთხელ განუმარტავთ, რომ „სასწავლო ცენტრი მხოლოდ სასწავლო ობიექტია და არა სამხედრო ბაზა“. იქ მხოლოდ ის რამდენიმე ნატოელი ინსტრუქტორი იმუშავებს, რომლებიც საქართველოში დიდი ხანია იმყოფებიან – თბილისში არსებულ კრწანისის სასწავლო ცენტრში და საჩხერეში.

არის ერთი საინტერესო ასპექტი, რომლითაც ჩანს, თუ როგორ მოხერხებულად თამაშობენ თავიანთ პარტიებს ძირითადი მოთამაშეები პრინციპით „არ ავნო“, თანაც ამ დროს საკმაოდ ანგაჟირებულ ფიგურებს იყენებენ. მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის (პროდასავლური რესპუბლიკური პარტიიდან, გამოირჩევა რადიკალიზმით) განცხადებები. თინა ხიდაშელმა იენს სტოლტენბერგს მოსთხოვა, რომ გენმდივანს თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის „მაპ“-ის მიცემის საკითხში, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს საერთოდ არ უხსენებია არც „მაპ“-ი და არც ვარშავის სამიტი. ამით მიანიშნა, რომ იგი ღებულობს იმ თამაშის წესებს, რომელიც „სამკუთხედში“ – ბრიუსელს, მოსკოვს და თბილისს შორის არსებობს და რომლის ორი კუთხე განმსაზღვრელია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ირაკლი ღარიბაშვილი კარგად აცნობიერებს „მაპ“-ის მიღების უპერსპექტივობას (მოსკოვის წინააღმდეგობის გათვალისწინებით) და იცის, რომ სიტუაციის დაძაბვას აზრი არ აქვს. იგი თავისი მოქმედებით ნატოს წევრების პატივისცემას იმსახურებს. ნატოს წევრები ხომ კარგი თვალით უყურებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ადექვატურად აფასებენ თავიანთი ქვეყნების ადგილს, რესურსებს, რეალურ მნიშვნელობას და როლს თანამედროვე მსოფლიოში.

Comments are closed