globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 28th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Комсомольская правда» (რუსეთი): „უკრაინობის“ ვირუსი // საქართველომ იჩქარა და განაცხადა, რომ რუსეთი ტყის ხანძრის ჩასაქრობად არ დახმარებია

«Lragir» (სომხეთი): ვინ დაწვა ხოსროვისა და ბორჯომის ტყეები? // სომხებს და ქართველებს კიდევ მრავალჯერ მოუწევთ „ცეცხლში გავლა“

«Новое время» (აზერბაიჯანი): ნატო კვლავ გაფართოების კურსს დაადგა // თბილისმა ფსონი ალიანსზე დადო და თუ ნატო საქართველოს სამხედრო დერეფნის გახსნას სთხოვს, ბრიუსელი დადებით პასუხს მიიღებს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ბაზალეთის ტბასთან მდებარე ძველი რადიოსადგურის საიდუმლო: საბჭოთა ხელისუფლების დროს აქ „ამერიკის ხმას“ ახშობდნენ

—————-

«Комсомольская правда» (რუსეთი), 26-28 აგვისტო, 2017 წელი

https://www.kp.ru/daily/26723.5/3748953/

„უკრაინობის“ ვირუსი

საქართველომ იჩქარა და განაცხადა, რომ რუსეთი ტყის ხანძრის ჩასაქრობად არ დახმარებია

ალექსანდრე გრიშინი

საქართველოს თავს დიდი უბედურება დაატყდა – ტყის ხანძრები. სამწუხაროდ, ეს უბედურება კიდევ უფრო მტკივნეულია იმით, რომ ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. თუმცა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ქართველ პოლიტიკოსებს და მასმედიას, როგორც ჩანს, უკრაინელების ვირუსი შეეყარათ: უკრაინისთვის ხომ დამნაშავე ყოველთვის და ყველაფერში ჩრდილო-დასავლელი მეზობელია…

ჰოდა, ამ ვირუსით დაავადებულმა საქართველომაც, სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ტყის ხანძრებში რუსეთი დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოიმადგენელმა მარია ზახაროვამ ამ განცხადებას „ავადმყოფური ფანტაზიები“ უწოდა. „ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს ხანძრის სწრაფ ლიკვიდაციას, მაგრამ იმათ ავადმყოფურ ფანტაზიებს, რომლებისთვისაც საკუთარი ქვეყნისადმი თავდატეხილი ბუნებრივი უბედურება კიდევ ერთი საბაბია ანტირუსული ინსინუაციებისათვის, კომენტარს ვერ გავუკეთებთ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ, – უფრო მეტიც, მოსკოვი დაუყონებლივ გამოეხმაურა საქართველოს თხოვნას: ვინ-ვინ და რუსეთმა ძალიან კარგად იცის, თუ რა ზიანი მოაქვს ტყის ხანძრებს, რომლებიც ყოველგვარ ცოცხალ არსებას ანადგურებს. საქართველოს დასახმარებლად ჩვენ სპეციალური ხანძარმქრობი თვითმფრინავი Ил-76 გავამზადეთ, მაგრამ შემდეგ ქართულმა მხარემ შეგვატყობინა, რომ დახმარება საჭირო აღარაა, ცეცხლის კერები უკვე ლოკალიზებულიაო“ (ცნობისათვის: Ил-76П მსოფლიოში ყველაზე დიდი ცეცხლმქრობი თვითმფრინავია, მისი ავზები 40 ტონა წყალს იტევს).

თითქოსდა ისე ჩანდა, რომ საკითხი ამოწურულია. არაა საჭირო? გასაგებია. მით უმეტეს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დადებითად შეაფასა რუსეთის შეთავაზება ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის.

მაგრამ არა… უკრაინობის ვირუსი თვით საპრეზიდენტო არჩევნების წინაც კი, რომელიც საქართველოში მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, ქართველ პოლიტიკოსებს მოსვენებას არ აძლევს. რაო, საქართველოს მთავრობამ რუსეთს დახმარება სთხოვაო? მერე ამომრჩეველს რა პასუხს აძლევთ? ელექტორატი ასეთ მოღალატეობრივ ნაბიჯს არ გვაპატიებს!

ალბათ, სწორედ ასეთი ლოგიკით ხელმძღვანელობდა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომელმაც საჩქაროდ „დააზუსტა“ – „თბილისს მოსკოვისთვის არანაირი თხოვნით არ მიუმართავს, ჩვენ თხოვნით მივმართეთ გაეროს და სწორედ გაეროს არხებით გადაეცა დახმარების თხოვნა სხვადასხვა სახელმწიფოებსო“, – „თავი გაიმართლა“ მინისტრმა და ვერცკი მიხვდა, თუ როგორ სასაცილოდ ჩანდა მისი „დაზუსტება“.

საოცარია, რომ თბილისში ჯერ კიდევ ბევრი ისეთი პოლიტიკოსია, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოსკოვთან ურთიერთობებში უნდა დომინირებდეს პრინციპი – „რაც უარესია [რუსეთისათვის] – მით უკეთესია [საქართველოსთვის]“. თან ეს იმ დროს ხდება, როცა  უკვე ასი ათასობით რუსი ტურისტი ჩადის საქართველოში სამოგზაუროდ, როცა ქართული საწარმოები უკვე რუსულ ბაზარს ითვისებენ… აშკარაა, რომ ქვეყნის მთავრობაში და ქართულ ელიტაში  ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც მზადაა ყველაფერზე წავიდეს, ყველაფერი შეწიროს, თვით საკუთარი ქვეყანაც კი, ოღონდაც რუსეთს უკბინოს… ასეთი ადამიანები მზად არიან ქვეყანას დიდი ზარალი მიადგეს, ყველაფერი დაიღუპოს, ვიდრე რუსეთისაგან დახმარების მიღებას დათანხმდებიან.

საქართველოს ხანძრის ჩასაქრობად ეხმარებოდნენ აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და ბელარუსი. ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ყველა ჩამოთვლილი ქვეყნის ვერც გამოცდილება და ვერც ტექნიკური შესაძლებლობები ტყის ხანძრების ლიკვიდაციის საქმეში ვერანაირად ვერ შეედრება რუსეთის გამოცდილებას და ტექნიკურ პოტენციალს… რუსეთის „ემჩეეს“-ის ფონზე ყველას ბრწყინვალება ფერმკრთალდება… მაგრამ რად გინდა, თბილისელი პოლიტიკოსების ლოგიკა „რკინისებურია“ – „დაე, ამაყად დავიწვათ, რუსებისგან კი  დახმარებას არ მივიღებთ“.

«Lragir» (სომხეთი), 27 აგვისტო, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57691

ვინ დაწვა ხოსროვისა და ბორჯომის ტყეები?

სომხებს და ქართველებს კიდევ მრავალჯერ მოუწევთ ცეცხლში გავლა

სტატიაში ერთმანეთთანაა შედარებული ხანძარი სომხეთის სახელმწიფო ნაკრძალ „ხოსროვის ტყეში“ (12-დან 18 აგვისტოს) და ბორჯომის ეროვნულ ტყე-პარკში (ავტორი – აიკაზნ გაგრიანი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ხოსროვისა და ბორჯომის ტყეთა სისტემა უნიკალურია და ორივე შემთხვევაში ხანძარმა დიდი ტერიტორია მოიცვა, თანაც ორივე ხანძრის დროს საქმეში პოლიტიკა ჩაერია. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უშუალოდ იმყოფებოდა სტიქიური უბედურების ზონაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი კი მოსკოვში გაემგზავრა და საკუთარი დაბადების დღე იზეიმა, შემდეგ კი შვებულებაში წავიდა. ერთი ეგაა, რომ მან ფეისბუქში მადლობა გადაუხადა რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევს რუსული თვითმფრინავის გამოგზავნის გამო, რომელმაც ხოსროვის ტყის ხანძარი ჩააქრო (იქვე ნათქვამია, რომ სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის გვიან მიმართა – „გვეგონა, ხანძარს საკუთარი ძალებით ჩავაქრობდითო“).

რუსეთისადმი დახმარების თხოვნამ სომხეთში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ბევრმა გაიხსენა 2016 წლის „აპრილის ომი“ არცახში, როცა სომხეთმა თვითონ მოიგერია აზერბაიჯანის შეტევა და რუსეთისათვის დახმარება არ უთხოვია – იმ რუსეთისათვის, რომელიც აზერბაიჯანს იარაღით ამარაგებს და აგრესიისაკენ აქეზებს.

მაგრამ ხოსოვის ტყის ხანძრის დროს სომხეთი საბოლოოდ მაინც იძულებული გახდა რუსეთისთვის ეთხოვა დახმარება. ფაქტია, რომ რუსულმა თვითმფრინავმა მართლაც სწრაფად ჩააქრო ხანზრის კერები.

საქართველომ დახმარებისთვის მიმართა მრავალ ქვეყანას, საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ არა რუსეთს. საქართველოში ჩავიდნენ სომეხი მაშველ-მეხანძრეებიც, რომლებმაც ქართველებს დიდი დახმარება გაუწიეს (მათ პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა).

ის, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ნერვიულად განაცხადა, გასაგებია, თუმცა ჩვენი მხრივ ავღნიშნავთ, რომ ასეთი სიტუაცია რუსეთის პოლიტიკის შედეგია: რასაც დასთეს (კონფლიქტებს, შეთქმულებებს…), იმას მოიმკი – ამბობს სლავური ანდაზა. „ავისმდომელი მოკეთისაგან შორს ყოფნა გერჩივნოსო“, – გვირჩევს ქართულ-სომხურ ბრძნული ანდაზა.

ამასთან, ამ ორ ხანძარს სიმბოლური მნიშვნელობაც აქვთ: სომხებს და ქართველებს კიდევ მრავალჯერ მოუწევთ „ცეცხლში გავლა“, სანამ ორივე სახელმწიფო არ განმტკიცდება: მათგან ერთს „მტკივნეული“ სახელმწიფოებრივი ღირსება აქვს, მეორეში კი ყველაზე მაგარი მეომრები იბადებიან.

———-

სომხური გამოცემა «Lragir», მასში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, პროდასავლური მიმართულებისაა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 28 აგვისტო, 2017 წელი

http://novoye-vremya.com/w103329/…/#.WaObA4qQx1s

ნატო კვლავ გაფართოების კურსს დაადგა

თბილისმა ფსონი ალიანსზე დადო და თუ ნატო საქართველოს სამხედრო დერეფნის გახსნას სთხოვს, ბრიუსელი დადებით პასუხს მიიღებს

რ.ველიევი

(შემოკლებით)

აშშ-ის სამხედრო უპირატესობის გეოპოლიტიკური კონცეფცია მისი ბატონობის გარანტიისათვის სიტუაციებში პირდაპირ ძალოვან ჩარევას ითვალისწინებს. ნატოც სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „ღია კარის“ პოლიტიკას ატარებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა გასულ კვირას ვარშავაში რუმინეთის, პოლონეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გაჟღერებული განცხადებებით.

მოკლედ, ნატო კვლავ ფართოვდება და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერთებით ყოფილი საბჭოთა კავშირის გულისაკენ მიიწევს, დღევანდელი რუსეთის დედაქალაქთან ახლოს. მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნები გეოგრაფიულად შეზღუდული არ არის. თუ გავითვალისწინებთ ნატოს შემოღწევის მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ალიანსი ჩვენს რეგიონშიც ფიქრობს გაფართოებას. ყველა შემთხვევაში აშკარაა, რომ შეერთებული შტატები უარს ამბობს კავკასიაში დამკვიდრებაზე და სამხედრო ყოფნაზე, რაც სერიოზული გამოწვევაა ირანისა და რუსეთისათვის. თავის მხრივ, ეს იწვევს მოსკოვისა და თეირანის ერთმანეთთან დაახლოებას, რადგან ამერიკას ორივე თავის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

თბილისმა ფსონი ნატოზე დადო. ასე რომ, თუ ალიანსი საქართველოს სამხედრო დერეფნის გახსნას სთხოვს, ბრიუსელი, ალბათ, დადებით პასუხს მიიღებს. მაგრამ რა ელოდება აზერბაიჯანს ასეთ შემთხვევაში?

საერთოდ, აზერბაიჯანის მიმართ დამოკიდებულებაში აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვის მხოლოდ გეოპოლიტიკური სარგებლის მიღწევას ცდილობდნენ. „საუკუნის კონტრაქტი“, რომელსაც ხელი 20 წლის წინ მოეწერა (ნატოს ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით) და მილიარდები, რომლებიც ამ პროექტისთვის დაიხარჯა, ვერ შეცვალა ალიანსის პოზიცია ჩვენი ქვეყნის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების მიმართ, განსაკუთრებით კი ყარაბაღის მიმართ. თუმცა ეს გასაკვირი არაა, რადგან ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურის წევრები სამხრეთ კავკასიაში არსებულ ტერიტორიულ ნიადაგზე დაპირისპირებებს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსაც, თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად იყენებენ. იგივე ვაშინგტონი, რომლის იმიტირებული საშუამავლო როლი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოხდენაში გამოიხატება. როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც არ შეიცვლება – ვაშინგტონისათვის ხომ ყველაზე მთავარი ერთპოლარული მსოფლიოა, ამერიკის განდიდება და ბატონობა. სრულიად ნათელია, რომ ნატოს გაფართოებით (ეკონომიკური თვალსაზრისით) ყველაზე მეტად აშშ იგებს, როგორც იარაღის მთავარი მწარმოებელი და ამ იარაღის ნატოსათვის მიმწოდებელი ქვეყანა. ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და სხვა მსგავსი ინდივიდუალური პროექტები. ნატომ იმასაც კი მიაღწია, რომ სკანდინავიის ტრადიციულად ნეიტრალურ ქვეყნებში – შვედეთსა და ფინეთში მის მიმართ სიმპათია მატულობს.

ნატო არ ისვენებს და მანამდე არ დამშვიდდება, სანამ ევროპის ყველა ქვეყანა მასში არ გაწევრიანდება. ნატოში აშშ დომინირებს და ეს გასაგებიცაა, რადგან ვაშინგტონი ალიანსის ფუნქციობისთვის ყველაზე მეტ თანხებს გამოჰყოფს.

მოკლედ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, თავისი ექსპანსიონისტური არსი მაინც შეინარჩუნა და კვლავ გაფართოებისათვის, მსოფლიოში გავლენის გაძლიერებისათვის ისწრაფვის და უკან არ იხევს სამხედრო ძალის გამოყენების მუქარისგანაც კი.

———-

აზერბაიჯანული გაზეთი «Новое время», მასში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, პრორუსულ მიმართულებას ამჟღავნებს და დასავლეთისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/radio-staion-5-spcialising-to-cut-out-voa/4002658.html

ბაზალეთის ტბასთან მდებარე ძველი რადიოსადგურის საიდუმლო: საბჭოთა ხელისუფლების დროს აქ „ამერიკის ხმას“ ახშობდნენ

“ამერიკის ხმის” ჟურნალისტისთვის ყველაზე უცნაური განცდა იმ ადგილას მოხვედრაა, სადაც ათწლეულების განმავლობაში მის მაუწყებლობას ახშობდნენ. ადრენალინი პიკზეა იმ შეგრძნების გამო, რომ ნახევრად მითიურ ადგილას ხარ, რომელიც ოფიციალურად არც საბჭოეთისთვის არსებობდა და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის – მას ასაიდუმლოებდნენ. აქ მომუშავე პერსონალი მტკიცედ, პატიოსნად და ერთგულად იცავდა კონფიდენციალურობას, როგორც ამას საბჭოთა მოქალაქეებს ასწავლიდნენ.

„ამერიკის ხმასაც“ და მის ჟურნალისტებსაც ახლა უკვე დაუბრკოლებლად შეუძლიათ გადაადგილდნენ ტერიტორიაზე, სადაც წლების წინ ვაშინგტონიდან მომავალი რადიო სიგნალის ჩახშობას, დაახლოებით 100 კაციანი ჯგუფი დღე–ღამეში 24 საათის განმავლობაში ცდილობდა.

საიდუმლოს ლოკაცია

საქართველოს სამხედრო გზისკენ თუ აიღებთ მიმართულებას, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ ერთ უცნაურ დასახლებაში აღმოჩნდებით. ადამიანები აქ გასული საუკუნის 50–იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ „გაანაწილა“ თან სამუშაოდ, თან საცხოვრებლად, ტერიტორიის დიდი ნაწილი ეკლიანი მავთულხლართით შეღობა და რადიოსადგურის ამბავი იმდენად გაასაიდუმლოა, რომ სახელწოდებაც კი არ მიუცია. დასახლება № – ადგილი, რომლის არსებობის თაობაზეც არავინ არ უნდა იცოდეს; პერსონალი, რომელსაც კონტაქტი არავისთან უნდა ჰქონდეს; სამუშაო, რომლის თაობაზეც მათ არავისთან სიტყვა არ უნდა დაძრან და უფრო მეტიც – თავადაც არ უნდა იცოდნენ, რას აკეთებენ – ასეთ გარემოში ბაზალეთთან „ამერიკის ხმის“ სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა გასული საუკუნის 50–იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე მუშაობდა. როგორც მისი ძველი თანამშრომლები ამბობენ, ისინი უბრალოდ „შხრიალის ხმას“ წარმოქმნიდნენ, რაც რადიოტალღების მსმენელამდე მისვლის შესაძლებლობას არ ტოვებდა.

დასახლება №-ში მეგობრულად გვხვდებიან. „ამერიკის ხმა“ აქ უცხო არავისთვის არაა, არც იმის ახსნა სჭირედება ვინმეს, რას საქმიანობ, ან ამ ადგილას რა შეიძლება გაინტერესებდეს. რადიოსადგურის ძველი თანამშრომლები, რომელთაგან ახლა სულ ათიოდეს შეიძლება მოუყარო თავი, ერთმანეთის მობილიზებას უთხოვნელად აკეთებენ. ახლა ყველაზე მეტი საწუწუნო მათ ასაკის მიმართ აქვთ. ახალგაზრდობის წლები კი უყვართ. მართალია, ამ დროს ფაქტობრივ გეტოში ცხოვრობდნენ, მაგრამ საბჭოთა სამშობლო მათ კეთილდღეობაზე სრულყოფილად ზრუნვის სრულყოფილი შთაბეჭდილების მიცემას მცდელობას არ აკლებდა. აქვე ჰქონდათ ამბულატორია, მაღაზია, კინოთეატრი და რა თქმა უნდა, პარტკაბინეტი.

რადიოსადგური 250 ჰექტარ ფართობზე გახლდათ განთავსებული. მისი ამბები ძველ პერსონალზე უკეთ არავინ იცის. ჩავლილმა წლებმა და ცხოვრებმამ პასუხები ბევრ კითხვას გასცა და ბევრი ირონიული კითხვაც გააჩინა.

როგორ იხშობოდა სიგნალი

უსახელო დასახლებაში ყველამ იცის, რომ „ამერიკის ხმის“ სიგნალის ჩახშობა სრულიად ამაო გარჯა გახლდათ. ჩვენს თხოვნაზე, გვაჩვენონ დანადგარები ან ძველი ტექნიკის ნარჩენები, არ გვზარდებიან. ვერა ლომსაძე 23 წლის იყო 1955 წელს, როდესაც რადიოსაქმის ტექნიკუმის დასრულების შემდგომ სადგურში სამუშაოდ გამოუშვეს. აქ მოსვლას თავად არავინ ირჩევდა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას „ზემდგომი“ ინსტანცია იღებდა და მოქალაქეებსაც საკუთარი შეხედულებისამებრ „ანაწილებდა“. გასაიდუმლოებულ ჩასახლებაში აღმოჩენილი ადამიანები მანამდე საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში ცხოვრობდნენ, აქ მოხვედრის შემდგომ კი ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. უდიდესი უმრავლესობა სწორედ რადიოსადგურში, საკუთარ თანამშრომელზეა დაქორწინებული. ვერა ლომსაძე იმ ადგილისკენ მიგვიძღვება, სადაც უზარმაზარი ანძები მუშაობდა.

„შენობაში 8 გადამცემი მუშაობდა, რომელთაც შუაზე დერეფანი ჰყოფდა, ძალიან დიდი კონსტრუქციები იყო, შესასვლელი კაბინებით და ლამპებით. გადამცემს გადამცემისგან ორი მეტრი აშორებდა, მთელ სიგრძეზე ხალიჩები იყო გაფენილი“, – იხსენებენ რადიოსადგურის ინტერიერს თანამშრომლები, – „ღია ცის ქვეშ სპეციალური გაგრილების სისტემა იყო მოწყობილი, ურომლისოდაც გადამცემი, უბრალოდ გადაიწვებოდა. კოჭებში გადიოდა წყალი, რომელიც ცხელდებოდა. აუცილებელი იყო მისი გაციება, თორემ გადამცემი ვერ იმუშავებდა. ცხელი წყალი ზემოთ ადიოდა და შემდეგ საფეხურებზე ეშვებოდა, რა დროსაც გრილდებოდა. უშველებელი გადამცემები იყო. ბოლოს მოძველდა. მისი ნაწილები ციმბირიდან ჩამოჰქონდათ, აქ არ იშოვებოდა. „1990 წელს კიდევ მუშაობდა ჩახშობაზე, შემდეგ ნაწილობრივ შეამცირეს“,– გვიხსნიან რადიოსადგურში.

ახლა იქ აღარაფერია. არც ანძა, არც მისი საყრდენი, არც ხმის ჩამხშობი ტურბინები და არც გადამცემები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ყველაფერი ჯართად იქცა და ჯართად გაიყიდა. იმ შენობაში კი, სადაც საბჭოთა პერიოდში სადგური ფუნქციონირებდა, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სატრენინგო ცენტრია – თანამედროვე და ციფრული ტექნიკით აღჭურვილი.

„პირადად თქვენ შეგეძლოთ „ამერიკის ხმის“ სიგნალის ჩახშობა?“ – ვეკითხებით ქალბატონ ვერას, რომელიც გვპასუხობს, რომ „ამერიკის ხმასაც“ ახშობდა და BBC–საც. „აქ ანძები იყო, ანტენებით. თითო გადამცემს ორი ან ერთი ანტენა ჰქონდა. შემდეგ გადართვები ხდებოდა ერთი ანტენიდან მეორეზე, გააჩნია რომელი მიმართულებით იქნებოდა საჭირო ჩახშობა. „ამერიკის ხმას“, BBC-ს, ყველას ახშობდნენ, იაპონიის სიგნალსაც, ახლა ყველა აღარ მახსოვს“, – გვეუბნება იგი. ამ დროს საუბარში მისი ყოფილი თანამშრომელი აზა სამნიაშვილი ერთვება, რომელიც ამატებს: „მათთვის მიუღებელი იყო ჩვენი ცხოვრება… ტყუილი მე არაფერი არ მომისმენია, მაგრამ ამათ არ უნდოდათ სიმართლის გამჟღავნება. მე ასე მჯერა და ასეც იყო. სისულელე იყო ამდენი ფულის ხარჯვა იმის ჩახშობაზე. ელაპარაკათ რაც უნდოდათ“,– განაგრობს ვერა ლომსაძე. „არ შეიძლებოდა და როგორ უნდა ელაპარაკათ? პროპაგანდა იყო“, – ეპასუხება აზა, მაგრამ ქალბატონი ვერა პოზიციებს არ თმობს: „ახლა რატომ შეიძლება ყველაფრის ლაპარაკი?“.

ძველი თანამშრომლები საბოლოოდ ერთ აზრზე ყალიბდებიან: „იქ სხვანაირი ცხოვრება იყო და ჩვენს ხალხს არ უნდა გაეგო ეს ყველაფერი.“ „იქ კარგი ცხოვრება იყო, აქ ცუდი და არ უნდოდათ გაეგოთ“, „რა თქმა უნდა, არ უნდოდათ.“ შემდეგ კი პოლემიკა უკვე იმას ეხება, გვაქვს თუ არა უკვე ახლა სრულყოფილი ცოდნა იმის შესახებ, როგორია „ცხოვრება სხვაგან.“

რადიოსადგურის ძველ თანამშრომლებს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც არ მიუტოვებიათ საკუთარი საცხოვრებელი.

„ზოგჯერ მეც მაინტერესებდა და ვისმენდი, რასაც გადმოსცემდნენ. ტყუილს არაფერს ამბობდნენ, სიმართლეს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მაინც უნდა ჩაგვეხშო – ასეთი იყო პოლიტიკა“, – ამბობს ქალბატონი ვერა და დანანებით გასცქერის მოუვლელობისგან გაბარდნილ ბუჩქნარს ძველი რადიოსადგურის შენობის გვერდით: „ერთხელ ამ ადგილას როგორი კარგი კარტოფილი მოვიყვანე“, – გვიზიარებს ჩავლილი ახალგაზრობის სინანულს.

როგორც თანამშრომლები გვეუბნებიან, რადიოსადგურის აშენების პროექტს ხელი იოსებ სტალინმა მოაწერა, მაგრამ მის სრულყოფილ ფუნქციონირებას ვერ მოესწრო. მანამ, სანამ იქ ქართულენოვან თანამშრომლებს მიიღებდნენ, სამი წლის განმავლობაში რუსი სპეციალისტები მუშაობდნენ. „დირექტივებს მხოლოდ მოსკოვიდან ვიღებდით, სხვას არ ვემორჩილებოდით“, – გვეუბნება აზა სამნიაშვილი, რადიოსადგურის თანამშრომელი 1957 წლიდან.

„რომელი სიხშირე უნდა გაგვეთიშა, ამის თაობაზე ცნობებს მორზეს ანბანით გვაწვდიდნენ მოსკოვიდან. ჩაძინება არ შეიძლებოდა. ზუსტად მითითებულ დროში უნდა ჩაგერთო და გამოგერთო მოწყობილობა, ამიტომ 24 საათის განმავლობაში რამდენიმე ცვლა ვმუშაობდით, თითო რვა საათის განმავლობაში“,– გვიხსნის ვერა ლომსაძე.

ლუბა კასოევაც რადიოსადგურის თანამშრომელი გახლდათ, მხოლოდ ის იმ იშვიათი თანამშრომლების ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ვისაც რადიოსაქმე არ შეუსწავლია და არც გაუნაწილებიათ სამუშაოდ. მისი მეუღლე აქ მძღოლად მუშაობდა, ამიტომ მანტიორის საქმე ლუბა კასოევასთვისაც გამოიძებნა. „ამერიკელები მტრები იყვნენ და აბა რა უნდა გვექნა, უნდა ჩაგვეხშო მაუწყებლობა“, – გვეუბნება ქალბატონი ლუბა. მან გაგვაოცა, როდესაც გვითხრა, რომ „ამერიკის ხმისთვის“ ფარულად არასდროს მოუსმენია. „არ გქონიათ არასდროს ცდუნება, მოგესმინათ, რის მოსმენასაც გიკრძალავდნენ?“, – ვეკითხებით და უარყოფით პასუხს ვიგებთ: „მიზანშეწონილი არ იყო, რატომ უნდა მოგვესმინა? ჩვენ ვახშობდით და ესე იგი, ეგ ჩუმად უნდა გაგვეკეთებინა, რაც არ შეიძლებოდა. არ ვიცი, მეშინოდა, თუ რა იყო. რაკი უფროსი გვეუბნებოდა, რომ არ შეიძლებოდა, ესე იგი, არ შეიძლებოდა, უნდა დაგვეჯერებინა მისთვის. ამიტომ სურვილიც არ გამჩენია მომესმინა“, – ამბობს ძველი მონტიორი.

რადიოსადგური №5

„ჩვენ ვიყავით რადიოსადგური №5, საბჭოთა კავშირის ხაზით, ასე გვიცნობდნენ მოსკოვში. წერილებს ვიღებდით მისამართზე „საფოსტო ყუთი №22“, – გვიხსნის აზა სამნიაშვილი და სახურავმოხდილ „ხელმძღვანელობის“ შენობას გვათვალიერებინებს, მხოლოდ გარედან, რადგან შიგნით გადაადგილება სახიფათოა, შეიძლება, ნებისმიერ დროს კიბე ჩამოინგრეს. ახლა მხოლოდ გარედან შეიძლება მიანიშნო, სად იყო პარტკაბინეტი და სად კინოს გამშვები აპარატი, სადაც ყველაზე მეტ პოპულარობას, საბჭოური ტრადიციისამებრ, ინდური ფილმები იხვეჭდა.

საქართველოში სიხშირეების ჩახშობაზე ეს ერთადერთი რადიოსადგური მუშაობდა, რომელიც თანამშრომლობდა სართიჭალის პატარა სადგურთან და კიდევ უფრო პატარა კაბინეტთან თბილისში, მაშინდელი ცენტრალური ტელევიზიისა და ახლდანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში.

რადიოსადგურის თანამშრომლების ხელფასი დიდად არ განსხვავდებოდა საბჭოეთში დასაქმებული ადამიანების ჯამაგირისგან. საწყის ეტაპზე, ახალბედები 45 მანეთს იღებდნენ, ცვლის უფროსს კი 120 მანეთი ჰქონდა, ბუღალტერი 260 მანეთს იღებდა, მთავარი ინჟინერი კი 300-სს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი აქ, ბუნებრივია რადიოსადგურის უფროსი გახლდათ – 330 მანეთიანი გასამრჯელოთი.

თანამშრომლებისგან იმის შესახებაც ვიღებთ ინფორმაციას, რომ რადიოსიგნალის ჩამხშობი ანალოგიური სადგურები საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც ფუნქციონირებდა, თუმცა, არც ერთ მათგანში ისინი მივლინებით არ ყოფილან. „გადმოცემით ვიცოდით, რომ სომხეთში ასეთი გადამცემები მიწის ქვეშ იყო განთავსებული. მოსახლეობას, თურმე, ეგონა, რომ ჩვენთანაც მიწის ქვეშ მუშაობდა, არადა მიწისქვეშ აქ არაფერი ყოფილა“, – გვეუბნებიან და ძველ საათზე მიგვანიშნებენ, რომლის მხოლოდ ფუტლიარია ახლა დარჩენილი – „ეს ძველი ელექტრო საათი იყო. სამსახურში მოსვლისას გულის ფანცქალით შევქცეროდით, ხომ არ დაგვაგვიანდა, წუთი ხომ არ გადაგვიცდაო.“ საათი რადიოადგურის შესასვლელთან გამოშიგნული კიდია და დროს, რა ხანია, აღარ აჩვენებს.

Comments are closed