globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 28th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისელებმა მიხეილ სააკაშვილის ბოროტი ჩანაფიქრი გაიგეს // დავით აღმაშენებლის გამზირი როგორც შიდაქართული პოლიტიკის ანარეკლი

«Столичное телевидение» (ბელარუსი): ინტერვიუ ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან: „ვხედავთ, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია… არის ბევრი რამ, რაც შეიძლება გავიზიაროთ და ქართველებისგან ვისწავლოთ“

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 28 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-09-27/6_gruzia.html

თბილისელებმა მიხეილ სააკაშვილის ბოროტი ჩანაფიქრი გაიგეს

დავით აღმაშენებლის გამზირი როგორც შიდაქართული პოლიტიკის ანარეკლი

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე, ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენები: კერძოდ, საუბარია „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ახალგაზრდული ორგანიზაციის „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებაზე, რომელმაც სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე უკრაინაში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი ანტიქართულ ქმედებაში დასდო – ოდესის ოლქის გუბერნატორი თურმე არჩევნების დღისათვის საქართველოში არეულობას ამზადებს (ავტორი – იური როქსი).

მასალაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული „თავისუფალი ზონის“ ლიდერის ბესო კალაძის განცხადებების არსი: „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოს ექს-პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადებიან და რევანშისასთვის ახალგაზრდების გამოყენება სურთ, განსაკუთრებით არჩევნების მომდევნო დღეებში: თუ „ნაცმოძრაობა“ კენჭისყრის დროს წარმატებას ვერ მიაღწევს, „თავისუფალმა ზონამ“, არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების პროვოცირების მიზნით, მოსახლეობა ქუჩაში უნდა გამოიყვანოს და ასეთი ძალისმიერი მეთოდით, რევოლუციური გზით, კვლავ ქვეყნის სათავეში დაბრუნდეს.

როგორც ბესო კალაძემ აღნიშნა, იგი 2012 წლიდან მხარს უჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, აქტიურად მონაწილეობდა პარტიის მიერ ორგანიზებულ ყველა აქციაში, მაგრამ ბოლო დროს, განსაკუთრებით უკრაინაში, ოდესაში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრი დროს, მან დაინახა „ნაციონალებისა“ და ყოფილი პრეზიდენტის ჩანაფიქრის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი ხასიათი და გადაწყვიტა, თავის თანამოაზრეებთან ერთად, „თავისუფალი ზონიდან“ გასულიყო.

„ნაციონალები“ გამალებით ცდილობენ არჩევნების დღისათვის მოსახლეობაში „პოლიტიკური ტემპერატურის“ აწევას და ამ მიზნით აქციებს გეგმავენ, – წერს ავტორი, – ამგვარი საპროტესტო (წინასაარჩევნო) აქცია უკვე ჩატარდა ბათუმში, რომელიც საკმაო ხალხმრავლობით გამოირჩეოდა – ეს გასაკვირი არაა, რადგანაც აჭარაში, ადგილობრივი საზოგადოების ნაწილში მიხეილ სააკაშვილი კვლავ სიმპათიებით სარგებლობს და თვლიან, რომ სწორედ მან შეასრულა დიდი როლი ასლან აბაშიძის რეჟიმის დამხობაში. გარდა ამისა, როგორც აჭარის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, ექს-პრეზიდენტს ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი აჭარის აღმშენებლობაში, რის შედეგადაც ბათუმმა განვითარების მძლავრი იმპულსი მიიღო და შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ განთქმულ კურორტად გადაიქცა. სხვათა შორის, სწორედ ბათუმში გამართულ აქციაზე გამოაცხადა ექს-პრეზიდენტის ცოლმა სანდრა რულოვსმა ქმრის საქართველოში დაბრუნების განზრახვის თაობაზე: „მიშა უშიშარია, იგი სამშობლოში საჭირო დროს აუცილებლად დაბრუნდებაო“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავს აქციას „ნაციონალები“ორ ოქტომბერს თბილისშიც გეგმავენ, რომლის დროსაც მხარდამჭერთა „კოლოსალური რაოდენობა“ დაფიქსირდება. აქციას თითქოსდა გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება, რათა ხელისუფლებამ არჩევნები არ გააყალბოს, თუმცა „ნაციონალები“ აცხადებენ, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პროვოკაცია აქვს ჩაფიქრებული – ორ ოქტომბერს ხელისუფლებაც აქციას მართავს, რათა მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო „ნაცმოძრაობის“ ეჭვები და მათ მიერ გაკეთებული განცხადება უსაფუძვლოდ, აბსურდულად მიიჩნია.

სტატიის ბოლოს ავტორი მკითხველებს აცნობს საქართველოს ხელისუფლების კეთილ საქმეებს: საკმაოდ ვრცლად არის გადმოცემული თბილისის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქუჩის – დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფაქტს: „სხვათა შორის, ეს გამზირი საქართველოს საშინაო პოლიტიკის ერთგვარ განსახიერებად იქცა. მისი რებილიტაცია ჯერ კიდევ „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ დაიწყო. „ნაციონალები“ ცდილობდნენ, რომ გამზირის რეკონსტრუქცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოესწროთ. მათ მხოლოდ ნახევარი ქუჩის რეაბილიტაცია შეძლეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველაფერი წარმოადგინეს ძალიან დიდი რეკლამითა და ფიარით.  მოგვიანებით გაირკვა, რომ სამუშაოები ხარვეზებით იყო შესრულებული, შენობების ფასადის მიღმა კვლავ ძველებურად ბათქაშაცვენილი კედლები მოჩანდა. უფრო მეტიც – „რეაბილიტირებულ“ შენობებზე, დროის დეფიციტის გამო (ძალიან ჩქარობდნენ!), გამოიყენეს ისეთი სამშენებლო მასალები, რომელიც პირველივე წვიმის დროს ჩამოიშალა. შესაბამისად, რემონტისათვის დამატებითი ხარჯების გაღება გახდა აუცილებელი.

გასულ წელს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. ადრინდელისაგან განსხვავებით, რეაბილიტაცია უკვე ხარისხიანად და მაღალ დონეზე იქნა შესრულებული. მერიამ თბილისელებს შესანიშნავი საჩუქარი უძღვნა: დავით აღმაშენებლის გამზირის ეს ნაწილი ფეხით მოსიარულეებისათვისაა განკუთვნილი, ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც საუკუნის წინათ იყო… აქ მრავალრიცხოვანი კაფე-რესტორნები და მაღაზიებია, აქ არის ძველებური მომსახურებაც – სადალაქოები, ფეხსაცმლის მწმენდავები… სამომავლოდ აღდგება სხვა უბნებიც, მე-19 საუკუნის თბილისის ცნობილი ბაღები და სკვერები, – ნათქვამია სტატიაში.

«Столичное телевидение» (ბელარუსი), 27 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.ctv.by/belarus-ne-sovsem-uznavaemaya-u-gruzii-po-prodvizheniyu-est-chemu-pouchitsya-zamglavy-minsporta

ინტერვიუ ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან: „ვხედავთ, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია… არის ბევრი რამ, რაც შეიძლება გავიზიაროთ და ქართველებისგან ვისწავლოთ“

მინსკის ტელეკომპანია „სტოლიჩნიე ტელევიდენიეს“ ჟურნალისტმა ეგორ ხრუსტალევმა ინტერვიუ ჩამოართვა ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს მიხეილ პორტნოის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისათვის ტურიზმის მნიშვნელობაზე საუბრობს.

კორესპონდენტის შეკითხვაზე, „სხვადასხვა ქვეყნებში ყოფნის დროს ყველაზე მეტად რას მიაქციეთ ყურადღება, სად უფრო მეტადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და რომელი ქვეყნისაგან შეიძლება ამ საკითხში ბელარუსმა მაგალითი აიღოსო“, მინისტრის მოადგილე პასუხობს:

„დიახ, მე უკვე იმდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, რომ ძნელია რაიმე გამიკვირდეს, თუმცა, რასაკვირველია, ყველა ნანახის ანალიზს ვაკეთებთ. მაგალითად, თურქეთში ყოფნის დროს ყურადღება მივაქციე იმას, თუ როგორაა იქ ორგანიზებული ტურისტების მიღება, მომსახურების ხარისხი, სხვადასხვა პროგრამები.

საქართველოშიც ასევე: ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება… არის ბევრი რამ, რაც შეიძლება გავიზიაროთ და ქართველებისგან ვისწავლოთ. ალბათ, თქვენ თვითონაც შეამჩნიეთ: გასული წლიდან დაწყებული საქართველო რა აქტიურად მუშაობს ჩვენს ბაზარზე – სადაც შეხვალ, ყველგან გესმის: საქართველო, საქართველო, საქართველო… და ქართველებმა მართლაც მიიზიდეს ჩვენი ტურისტები. ისეთი მარკეტინგული პროგრამები აქვთ, რომ მათი მეშვეობით საქართველოსაკენ ბელარუსი ტურისტების ნაკადი გაიზარდა. რასაკვირველია, ჩვენ ვხედავთ საკუთარ ნაკლოვანებებს, ვსწავლობთ და ვცდილობთ ჩვენი ქვეყანაც, საქართველოს მსგავსად, უფრო ცნობადი გავხადოთ“.

Comments are closed