globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 28th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Deutsche Welle» (გერმანია): ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: „საქართველო აფხაზეთისათვის მიმზიდველი უნდა გახდეს“

«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი): ბაქოს და თბილისს „გაზის სკანდალი“ არ ჭირდებათ

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): რუსეთის ავიაბომბები სირიამდეც მიზანში ვერ ხვდებოდა – ასე მოხდა საქართველოში

——————–

«Deutsche Welle» (გერმანია), 27 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.dw.com/ru/георгий-квирикашвили-грузия-должна-стать-притягательной-для-абхазии/a-18808412

ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: „საქართველო აფხაზეთისათვის მიმზიდველი უნდა გახდეს“

28 ოქტომბერს, ოთხშაბათს, ბერლინში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  გიორგი კვირიკაშვილისა და მისი გერმანელი კოლეგის ფრანც-ვალტერ შტაინმაიერის მოლაპარაკება უნდა გაიმართოს. „ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობა უნდა აღდგეს და ამ პროცესში ევროპელი და ამერიკელი მეგობრებიც უნდა ჩაერთონ. ეს ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – ასე მიიჩნევს გიორგი კვირიკაშვილი.

მოლაპარაკების წინ ქართველ მინისტრს „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტმა ქრისტიან ტრიპემ ინტერვიუ ჩამოართვა. გიორგი კვირიკაშვილი შეეხო საქართველო-რუსეთის რთულ ურთიერთობას და ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომლის მიღებასაც საქართველო ელოდება გერმანიისა და ევროკავშირისაგან.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

„დოიჩე ველე“: აფხაზეთი რუსეთის გავლენის ზონად ითვლება. რა უნდა გააკეთოს საქართველომ აფხაზეთის შემოერთების მცდელობებისას, რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად?

გიორგი კვირიკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ ის პროგრამები, რომლებიც მათთვის სოციალური მხარდაჭერას ითვალისწინებს: უფასო განათლება და სამედიცინო მომსახურება აფხაზებისა და ოსებისათვის. რასაკვირველია, ამის გარდა ჩვენ რაც შეიძლება მეტად უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები ევროპიდან და ამერიკიდან, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს საერთაშორისო დონეზე, ანუ იმ ფორმატებით, რომლებიც დღეს არსებობს, ვთქვათ, ჟენევის შეხვედრების საშუალებით. ჩვენ აფხაზებთან ურთიერთობის გაუმჯობესება შეგვიძლია, რაც, თავის მხრივ, საქართველოს გამთლიანებამდე მიგვიყვანს.

„დოიჩე ველე“: თქვენს კიდევ ერთ რეგიონს – სამხრეთ ოსეთს, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, რუსეთის ფედერაციის სემადგენლობაში შესვლის გეგმები აქვს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება განიზრახა. რა შეგიძლიათ დაუპირისპიროთ ოსების მცდელობებს?

გიორგი კვირიკაშვილი: რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციაა. ასევე პროვოკაციებს წარმოადგენს აფხაზეთ-რუსეთს და სამხრეთ ოსეთ-რუსეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებებიც, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებებს ვერაფერს ვუხერხებთ, ჩვენ მხოლოდ მათი დაგმობა შეგვიძლია. ამასვე აკეთებენ ჩვენი მეგობრებიც და იმედი გვაქვს, თუ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩატარდება ან თუ კიდევ რაიმე შეთანხმებბა გაფორმდება, ისინიც ასევე დაგმობილი იქნება.

„დოიჩე ველე“: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიებია, რუსეთს სამხედრო ბაზებია დისლოცირებული. რამდენად ხელს შეგიშლით რუსული ბაზების არსებობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში?

გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებული ყველა მოქმედება ოკუპაციის ფაქტის გამოვლენაა, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის საქართველოს ინტეგრირების პროცესს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ჩვენ ამის მოწმენი ვართ და ეს ხდება უკვე 20 წლის განმავლობაში.

„დოიჩე ველე“: თუ ამ მომენტებს გავითვალისწინებთ (ანუ საქართველოს სურვილს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე და მის ხელშემშლელ ფაქტორებს), უმჯობესი არ იქნებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თავისუფლად გაშვება და ამის სანაცვლოდ დასავლური ორგანიზაციების წევრობა?

გიორგი კვირიკაშვილი: ამ საკითხებს ამგვარად ნუ მივუდგებით. მე ვფიქრობ, რომ საქართველო ჩვენ აფხაზებისა და ოსებისათვის მიმზიდველად უნდა გადავაქციოთ. აი, ამიტომაც ვახორციელებთ რეფორმებს ენერგიულად, რომ ევროკავშირში უვიზო რეჟიმი მივიღოთ. როცა ევროპაში წასასვლელი ვიზები გაუქმდება, როცა საქართველოში უფრო მეტი ევროპული ბიზნესი და ევროპული ინსტიტუტები იქნება, ჩვენ უფრო მეტად მიმზიდევლი ვიქნებით აფხაზებისა და ოსებისათვის.

„დოიჩე ველე“: ბატონო მინისტრო, ეს თქვენი პირველი ვიზიტია გერმანიაში საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის რანგში. რა კონკრეტულ ზომებსა და მხარდაჭერას ელოდებით გერმანიის მთავრობისაგან?

გიორგი კვირიკაშვილი: მე მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და გერმანიის მტავრობას მადლობა გადავუხადო იმ რიგი საგანგებო პროგრამების გამო, რომლებსაც ბერლინი საქართველოში ახორციელებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გერმანია კვლავაც მხარს დაგვიჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. ასევე მადლობა მინდა გითხრათ იმ დიდ დახმარებაზე, რასაც გერმანია გვიწევს სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გატარებაში, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ვიზა-ლიბერალიზებისათვის. ბუნებრივია, ასევე გვსურს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი გერმანული კაპიტალი, გერმანული ინვესტიციები შემოვიდეს.

«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი), 28 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.azerizv.az/news/a-20208.html

ბაქოს და თბილისს „გაზის სკანდალი“ არ ჭირდებათ

„უკანასკნელ ხანებში, საქართველოს გაზით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის გამო, საერთაშორისო და რეგიონულ პრესაში ათასნაირი მასალები იბეჭდება და მათი ფართოდ მუსირება ხდება. ამ ფონზე თავი წამოყვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის არაკეთილმსურველებმა და ორი მეზობლის ურთიერთობებზე ნეგატიურ დასკვნებს აკეთებენ“, – ასე იწყება „აზერბაიდჟანსკიე იზვესტია“-ში გამოქვეყნებული სტატია (ავტორი – ნატიგ ნაზიმოღლუ).

პუბლიკაციაში ვრცლადაა განხილული საქართველოს გაზით მომარაგების მდგომარეობა და, ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი როლი მეზობლის „ცისფერი საწვავით“ უზრუნველყოფის საკითხში, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია იმ მიზეზებზე, რამაც საქართველოს კონტაქტები განაპირობა რუსულ კომპანია „გაზპრომ“თან.: გადმოცემულია  ენერგეტიკის მინისტრის (ვიცე-პრემიერის) კახა კალაძისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის მოლაპარაკება საქართველოსთვის გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდების თაობაზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მართალია, მოგვიანებით კახა კალაძემ განმარტა, რომ რადგან აზერბაიჯანს დამატებითი გაზით საქართველოს უზრუნველყოფა არ შეუძლია, თბილისი იძულებულია მოსკოვს მიმართოსო, მაგრამ ქართულმა ოპოზიციამ მაინც ნეგატიურად შეაფასა თბილისის ნაბიჯები („გაზპრომ“-თან კონტაქტები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნისო…) და ენერგეტიკის მინისტრი მკაცრად გააკრიტიკა. მოკლედ, ემოციური კამათი გეოპოლიტიკური კონტექსტით წარიმართა.

რასაკვირველია, საქართველოს უფლება აქვს აქვს, რომ ვისთანაც სურს, თანამშრომლობა იმასთან განავითაროს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროშიც. ბუნებრივია, საქართველოს ნებაა,  როგორ კონტაქტებს დაიწყებს რუსეთთან, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენი მეზობლის ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. მაგრამ რა შუაშია აქ აზრბაიჯანი, რომლის დახმარებით საქართველოს ეკონომიკამ ურთულეს პოსტსაბჭოურ პრობლემებს გაუძლო? მით უმეტეს, იმ პრივილეგიებისა და შეღავათების გავალისწინებით, რომელსაც ბაქო თბილისს აძლევს? აშკარაა, რომ სკანდალი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ მინისტრმა კახა კალაძემ საკითხი არასწორად დააყენა და აზერბაიჯანს თითქოსდა პრეტენზიები წაუყენა…

ვიცე-პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა აზერბაიჯანული კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენდირექტორი მახირ მამედოვი, რომელმაც განმარტა, რომ ამ ეტაპზე აზერბაიჯანი ბუნებრივი გაზით საქართველოს მთლიანად აკმაყოფილებს. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ გააცნობიერა „გაზის სკანდალის“ განვითარების მავნებლობა და ბაქოში ერთიმეორის მიყოლებით თბილისიდან რამდენიმე დელეგაცია ჩამოვიდა. ბოლოს კი თვით კახა კალაძემაც გადაწყვიტა საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ოპოზიციის განცხადებას სიცრუე უწოდა. თუმცა, ცხადია, ემოციები მთლიანად ჯერაც არ არ ჩამცხრალა.

მოკლედ, „გაზის სკანდალთან“ დაკავშირებული ყველა საკითხი, ალბათ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტის დროს მოგვარდება.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 27 ოქტომბერი, 2015 წელი

http://ru.reuters.com/article/topNews/idRUKCN0SK26G20151026?sp=true

რუსეთის ავიაბომბები სირიამდეც მიზანს სცდებოდა – ასე მოხდა საქართველოში

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებულ მასალაში გაანალიზებულია რუსეთის ავიაციის დარტყმების სიზუსტე სირიაში და არსებული სიტუაცია შედარებულია 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთს-საქართველოს ომის დროს მომხდარ მსგავს ფაქტებთან (ავტორები – მარგარიტა ანთიძე და ჯეკ სტაბსი).

„ქართულ ქალაქ გორში შემორჩენილი ომის კვალი იმის გარკვევის საშუალებას გვაძლევს, სწორია თუ არა რუსული პროპაგანდა, რომელიც მთელ მსოფლიოს ამცნობს, თითქოსდა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ავიადაბომბვის მეშვეობით დიდი სიზუსტით ანადგურებს.

გორში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში საავიაციო ჭურვებისაგან „აგებული“ კონსტრუქცია მოჩანს. ეს საცხოვრებელი შენობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა. საქმე იმაშია, რომ კორპუსის ახლოს ქართული სატანკო პოლკია დისლოცირებული და როცა რუსულმა თვითმფრინავმა ავიაშეტევა განახორციელა, მის მიერ გასროლილი ჭურვები საცხოვრებელ კოპუსს მოხვდა. „ასე რომ, განა ჩვენ შეგვიძლია იმის ტქმა, რომ რუსების დაბომბვა ზუსტი იყო? მე ასე არ ვფიქრობ“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ავთანდილ მახარაძე.

აღსანიშნავია, რომ სირიაში სამხედრო მოქმედების დაწყებამდე, საქართველოსთან ომი რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ბოლო სამხედრო ოპერაცია იყო.

ყურადღებით თუ დავაკვირდებით, ამ ორ სამხედრო კამპანიას შორის არსებით განსხვავებას შევამჩნევთ: პირველი – საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი მოდერნიზება განიცადა; მეორე – სირიაში, საქართველოსაგან განსხვავებით, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები არ არის და, შესაბამისად, რუსული თვითმფრინავები სამიზნის არჩევაში არ ჩქარობენ (ანუ სიზუსტის ალბათობა მაღალია).

მაგრამ არის მსგავსებაც: მიუხედავად იმისა, რომ რუსულ არსენალში ბოლო წლებში მაღალი სიზუსტის იარაღიც გაჩნდა, სირიაში (ისევე როგორც საქართველოში), დაბომბვები ძირითადად „ბრმა“ ბომბებით ხორციელდება.

ბათუ ქუთელია, რომელიც 2008 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადგილე იყო, ამბობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ომის დროს განხორციელებული დაბომბვების 50% მიზანს ასცილდა, ბომბების 40% კი საერთოდ არ აფეთქებულა (თუმცა ამ ციფრების გადამოწმება, ბუნებრივია, ვერ მოხერხდა). „რუსული არმია საბჭოთა არმიის მემკვიდრეა. მისთვის დარტყმების სიზუსტე პრიორიტეტი არ ყოფილა“, – განუცხადა ბათუ ქუთელიან „როიტერის“ კორესპონდენტს.

საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული ინციდენტის გარდა, არის სხვა ეპიზოდებიც – მაგალითად, სამხედრო ჰოსპიტლის დაბომბვა იმავე გორში, ასევე დაიმომბა ქალაქ ფოთში მდებარე სანაპირო დაცვის შტაბის შენობა, კურორტი ბორჯომი, რომლის შედეგად ნაკრძალში ხანძარი გაჩნდა. 2008 წლის 12 აგვისტოს გორში, ციდან ჩამოგდებული კასეტური ბომბის  აფეთქების შედეგად შრაპნელით დაიცხრილა თეთრი ფერის ჯავშნიანი ავტომობილი, რომელშიც უცხოელი ჟურნალისტები ისხდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა საქართველოში რუსეთის ავიაციის ავიადარტყმების შედეგად, ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

რასაკვირველია, სამხედროების მცდარი მოქმედების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა სხვა ქვეყნებშიც იღუპება ხოლმე. ეს არაერთხელ მომხდარა ამერიკელების ავიადაბომბვის სედეგად ერაყში, ავღანეტში, იემენში, ლიბიასა და კოსოვოში. სულ ახლახანს ამერიკელი მფრინავების მიერ არაზუსტად გაშვებულმა რაკეტამ ავღანეთის ქალაქ კუნდუზში ჰოსპიტალი თითქმის სრულიად გაანადგურა. დაიღუპა მინიმუმ 23 მშვიდობიანი მცხოვრები.

„ამასთან, შეცდომების მიუხედავად, საქართველოში განხორციელებული რუსული დარტყმების უმეტესობა თავის მიზანს მაინც ხვდებოდა, რაც რუსეთის სახმელეთო ქვედანაყოფებს ქართულ არმიის დამარცხებაში დაეხმარა. მაგალითად, თბილისთან ახლოს რადიოლოკაციური სადგურის განადგურებამ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად დაასუსტა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

Comments are closed