globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 28th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE/RL/რადიო თავისუფლება» (აშშ): საქართველოს არჩევნები ამერიკელი დამკვირვებლის თვალით

«RFE/RL/რადიო თავისუფლება» (აშშ): რას მოუტანს საქართველოს ნატოს გააქტიურება შავი ზღვის რეგიონში!

«Lragir» (სომხეთი): რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ფორსირება: რა მოხდება, თუ თურქეთი ნატოდან გამოვა? სცენარი საქართველოსა და სომხეთისათვის

———————-

«RFE/RL/რადიო თავისუფლება» (აშშ), 28 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/georgian-election-an-imperfect-but-crucial-step-forward-on-the-path-to-democracy/28078956.html

საქართველოს არჩევნები ამერიკელი დამკვირვებლის თვალით

ვიქტორ ეში, აშშ-ის ყოფილი ელჩი პოლონეთში

აშშ-ის საარჩევნო კამპანიის ყოვლისმომცველმა გაშუქებამ პოლიტიკის სფეროში ყველაზე მრავლისმნახველ ადამიანსაც კი შეიძლება მოაბეზროს თავი. ამდენად, სიხარულით გამოვიყენე შესაძლებლობა, მიმდინარე თვის დასაწყისში − საერთაშორისო დამკვირვებლის როლში − თვალყური მედევნებინა სხვა, ჩვენსაზე ბევრად უფრო ახალგაზრდა დემოკრატიაში გამართული არჩევნებისთვის.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს მესამედ ვესტუმრე. ჩემთან ერთად მუშაობდნენ პარლამენტარები და წამყვანი პოლიტიკური მოღვაწეები დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, შვედეთიდან და გერმანიიდან. მეთვალყურედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და მუდამ მაცვიფრებდა გარემოება, რომ დემოკრატიის ჭეშმარიტ გამოვლინებებს ვხვდებით არა იმდენად დიდ მიტინგებსა თუ დემონსტრაციებზე, რამდენადაც პროცედურებისა და მიუკერძოებლობისადმი არცთუ იოლად მისაღწევი ერთგულების გამოხატვისას. არადა, სწორედ ეს ერთგულებაა ლეგიტიმური არჩევნების ჩატარების აუცილებელი წინაპირობა.

თბილისში ჩემს ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ვიღაცამ ააფეთქა პარლამენტის ოპოზიციონერ წევრის ავტომანქანა. ბევრი ელოდა, რომ ამ ინციდენტს ძალადობის ესკალაცია მოჰყვებოდა და, რაც უფრო ახლოვდებოდა არჩევნების დღე, დაძაბულობა მართლაც იზრდებოდა. მცირერიცხოვანი ჯგუფის შემადგენლობაში ორი დღე გავატარე შუა და სამხრეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში, სადაც შევხვდი პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენლებს. თვით არჩევნების დღის უდიდესი ნაწილი თვალწარმტაცი ბორჯომის საარჩევნო უბნების მეთვალყურეობას დავუთმე.

ნანახმა და მოსმენილმა დამარწმუნა, რომ ქართული დემოკრატია ჯანსაღი და დინამიკურია, თუმცა დავინახე ზოგიერთი ტენდენციაც, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა პარტიული მიზნების მისაღწევად, კენჭისყრის პროცესის ჩაშლისა თუ მისთვის ხელის შეშლის მუქარები − წინასაარჩევნო პერიოდში ყოველივე ამაზე მრავლად იყო საუბარი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში და, ამა თუ იმ შეხვედრისას, ჩვენც არაერთი საჩივარი მოვისმინეთ. ყოველივე ამის შედეგად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პარტიებს ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება უფრო აინტერესებთ, ვიდრე თავად პოლიტიკა. ეს კი ამომრჩევლებს არ მოსწონთ, ყოველ შემთხვევაში, თუ მათი დაბალი აქტიურობით ვიმსჯელებთ.

თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს − კერძოდ, მარნეულში მომხდარ შეხლა-შემოხლასა და რამდენიმე სხვა მცირე ინციდენტს − არ გამართლდა მათი შიში, ვინც ზემოხსენებული აფეთქების შემდეგ ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას ელოდა. მაგრამ გადამწყვეტი ის იქნება, შეძლებს თუ არა მთავრობა, ბოლომდე და გამჭვირვალედ გამოიძიოს ის ინციდენტები, დაადგინოს, მართლაც ხდებოდა თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება.

პოლონეთში აშშ-ის ელჩად მუშაობისას მოწმე გავხდი იმისა, როგორ დასრულდა არჩევნებში კომუნისტების ბატონობა და როგორ იქცა არჩევნები თავისუფალ პროცესად, სადაც შესაძლებელი გახდა აზრისა და პოზიციის გამოხატვა სახელმწიფოს ჩაურევლად. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 25-ე წლისთავზე და „ვარდების რევოლუციიდან“ 13 წლის შემდეგ საქართველო განაგრძობს ძიებას მსოფლიოსა და რეგიონში თავისი განსაკუთრებული ადგილისა, რაც მჭიდროდ უკავშირდება მის არჩევანს, დემოკრატიის გზით იაროს. 30 ოქტომბერს, 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ქართველი ხალხი ისევ უყრის კენჭს თავის კანდიდატებს. იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიები ყოველ ღონეს იხმარენ უფრო კონსტრუქციული გარემოს შესაქმნელად, რაც ქართველ ამომრჩეველს მისცემს სტიმულს, გამოიყენოს თავისი დემოკრატიული მანდატი.

«RFE/RL/რადიო თავისუფლება» (აშშ), 28 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/nato-shavi-zgvis-regionshi/28078307.html

რას მოუტანს საქართველოს ნატოს გააქტიურება შავი ზღვის რეგიონში!

ლელა კუნჭულია

ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან – კონკრეტული ნაბიჯები გადადგან წარმომადგენლობის გასაზრდელად შავი ზღვის რეგიონში, რასაც საფუძვლად უდევს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება. ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტული გეგმა და დეტალები, მაგრამ – უდავოა, რომ ალიანსის ძალისხმევა რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტერიალის პირველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებელი გეგმებისთვის ნატოს მიმართ მადლიერებას გამოხატავენ თბილისში. განამტკიცებს თუ არა ნატოს ახალი ჩანაფიქრი საქართველოს უსაფრთხოებას და შეძლებს თუ არა ეს ინიციატივა რუსეთის აგრესიის შეკავებას? თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.

„ნატო ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას“ – განაცხადა ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ჟურნალისტებს ამცნო, რომ უკვე დაიწყო ხორცშესხმა ვარშავის სამიტზე (ივლისში) მიღებულმა გადაწყვეტილებამ – შავი ზღვის რეგიონში ალიანსის ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით. იენს სტოლტენბერგი განმარტავს, რომ საუბარია როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო ყოფნის გაძლიერებაზე და რომ პროცესში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა 6 ქვეყანა:

​„მოხარული ვარ, დაგიდასტუროთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა მზაობა – წვლილი შეიტანონ ჩვენი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში შავი ზღვის რეგიონში – ხმელეთზე, ზღვაში თუ ცაში. ეს ქვეყნებია: კანადა, გერმანია, ნიდერლანდი, პოლონეთი, თურქეთი და შეერთებული შტატები. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობებზე ასევე ფიქრობენ ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოებიც“.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ბევრი რამ უკვე შეთანხმებულია, მაგრამ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული ერთიანი გეგმის დამუშავებაზე, რომლის განხილვა, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება თებერვალში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების მომავალ თავყრილობაზე.

მანამდე კი, როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა 26 ოქტომბერს, მინისტერიალის პირველ დღეს, მან და ნატოს თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს ნატოს საზღვრების სიახლოვეს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აქტივობაზე, მათ შორის, სამხედრო სწავლებაზე – „კავკასია 2016“ და რუსეთის მიერ „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების განლაგებაზე კალინინგრადში. ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა რუსეთთან დიალოგისთვის დატოვებულ გზებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან დიალოგი შედგება, მაგრამ, პარალელურად, საჭიროა ფიქრი თავდაცვისა და შეკავების მექანიზმზე:

„ნატოს არ სურს დაპირისპირება რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი, არ გვინდა გამალებული შეიარაღება და ამიტომ, რასაც ნატო აკეთებს, ეს მხოლოდ თავდაცვითი, დამაბალანსებელი ზომებია. ამავე დროს, ნატოს მართებს რეაგირება, როდესაც ჩვენ, უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რომ რუსეთი არსებითად ზრდის თავის სამხედრო წარმომადგენლობას, აახლებს საბრძოლო შესაძლებლობებს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვხედავთ მათ მზაობას – გამოიყენონ სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ: (იგულისხმება) უკრაინის ყირიმი და ასევე საქართველოც მომსწრეა მუქარისშემცველი რიტორიკისა რუსეთის მხრიდან. ასე რომ, ნატო ვალდებულია უპასუხოს და განაგრძოს საიმედო შეკავების უზრუნველყოფა უსაფრთხოების ახალ გარემოში და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მიზეზი, რის გამოც ნატო ძლიერია, არის არა ის, რომ ჩვენ კონფლიქტის პროვოცირებას ვცდილობთ, არამედ ის, რომ ჩვენ გვინდა კონფლიქტის აღკვეთა, – ხოლო ამის გასაკეთებლად ყველაზე სწორი გზაა, რომ ვიყოთ ძლიერი, ერთიანი და გვქონდეს მტკიცე პასუხი“.

ის, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბრისას იენს სტოლტენბერგმა საგანგებოდ ახსენა საქართველო, არ გაჰკვირვებიათ ანალიტიკოსთა წრეში. მაგალითად, როგორც ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ნატო ახლო წარსულში დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდილობს:

„ნატოს გამოეპარა ის მომენტი, როდესაც რუსეთმა დაიწყო გაძლიერება შავ ზღვაში. სწორედ ეს მომენტი დადგა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მათ შორის, შავი ზღვის მიმართულებიდან, როდესაც საზღვაო დესანტი გადმოსხა ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ – ოჩამჩირის რაიონში… მაშინ რუსეთიც მიხვდა, რომ მისი სადესანტო საშუალებები უკვე ძალიან ჩამორჩენილი და მოკრძალებული იყო და ამის შემდეგ დაიწყო მისი განვითარება, რაც გამოჩნდა უკრაინის ყირიმის ანექსიის დროს“.

თუმცა ირაკლი ალადაშვილის თქმით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ნატოს ჩანაფიქრის ხორცშესხმა, დიდწილად, დამოკიდებული იქნება თურქეთის პოზიციაზე. მართალია, თურქეთიც გამოხატავს მზადყოფნას ნატოს გეგმების განხორციელების პროცესში, მაგრამ ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ბოლო პერიოდში საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს ანკარისა და მოსკოვის უჩვეულო დამეგობრებას – რის მიღმაც შესაძლოა, არცთუ სახარბიელო პროცესები იმალებოდეს.

ანალიტიკოსებისთვის ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ნატოს ახალი ჩანაფიქრის განხორციელების კვალდაკვალ. თუკი ერთნი თვლიან, რომ ეს შესაძლოა რუსეთის აგრესიის შემაკავებელ ფაქტორად იქცეს და საქართველოს უსაფრთხოებაც განამტკიცოს, სხვათა მოსაზრებით, – ამან შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს რუსეთიდან მომავალი აგრესიის ნაკადი. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა დოზით ჩაერთვება საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებში. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, საქართველოს აქტივობა ამ პროცესში „ძალიან მოზომილი“ იქნება:

„ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმავე პოლიტიკას, რასაც აქამდე ატარებდა – მოზომილი განცხადებებით და მოზომილი აქტიურობით და მოზომილი ჩართულობით ნატოს ღონისძიებებში. ასეთი იქნება, ჩემი აზრით, ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ამ მიმართულებით“.

საქართველო მიესალმება ნატოს მიერ ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ხორცშესხმას. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, „საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში“ და, თავის მხრივ, საქართველო მზად არის „განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევრო-ატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში“. საგარეო საქმეთა მინისტრი მისასალმებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ „ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.“

«Lragir» (სომხეთი), 28 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/51790

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ფორსირება: რა მოხდება, თუ თურქეთი ნატოდან გამოვა? სცენარი საქართველოსა და სომხეთისათვის

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

(შემოკლებით)

რუსებმა და თურქებმა ყველაზე ფასიანი ინფორმაციის ურთიერთგაზიარება დაიწყებს, რაც კი სახელმწიფოში არსებობს – სადაზვერვო მასალების გაცვლა. არადა, სულ ორიოდე თვის წინ ვერცერთი ექსპერტი ვერ წარმოიდგენდა, რომ მოსკოვი და ანკარა ერთმანეთს ასე სწრაფად დაუახლოვდებოდნენ და შერიგდებოდნენ. ახლა მათი ურთიერთობა ფორსირებული ტემპებით მიდის. თუმცა ამ ფონზე ყურადღებიდან არ უნდა გამოგვეპაროს თურქეთის დამოკიდებულება ვაშინგტონთან და ბრიუსელთან.

თურქეთი ბოლო წლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესების იგნორირებას ცდილობს, ამჟამად კი ბრიუსელელმა ჩინოვნიკებმა აშკარად შეამჩნიეს, რომ ანკარა ნატოდან გასვლის გზას დაადგა. შესაბამისად, ალიანსმა ზომების მიღება დაიწყო, რათა მნიშვნელოვანი დოკუმენტები რუსეთს ხელში არ ცაუვარდეს. ყველაზე მეტად ვაშინგტონია შეშფოთებული, რადგან შეერთებული შტატები რეჯეფ ერდოღანის თურქეთს არაკეთილსაიმედო პარტნიორად მიიჩნევს. ამერიკულ ისტებლიშმენტს არაერთხელ დაუსვამს საკითხი თავისი მთავრობის წინაშე – რჩება თუ არა თურქეთი ერთგულ პარტნიორად და მოკავშირედ? აშშ საკმაოდ ინტენსიურად ცდილობდა ხელი შეეშალა თურქეთ-რუსეთის დაახლოებისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ ეს მცდელობები უაზრო და სახიფათოც კი გახდა.

ამას წინათ ვაშინგტონში ვიზიტით თურქეთის გენშტაბის უფროსი იმყოფებოდა. აშშ დარწმუნდა, რომ მისი ერთგული მეგობრები – თურქი ოფიცრები ქვეყნის პოლიტიკაში უკვე არანაირ როლს აღარ ასრულებენ. გამოდის, რომ მართლები არიან, ვინც ამტკიცებს – თურქეთი უკვე მტერი თუ არა, ამერიკის მეგობარი აღარ არისო.

რუსეთი უკიდურესადაა დაინტერესებული იმაში, რომ თურქეთი ნატოდან გამოვიდეს. მოსკოვი ამაზე უკვე ათი წელია ოცნებობს. შესაბამისად, რუსები მზად არიან ამ მიზნის განსახორციელებლად ყველანაირი ფასი გადაიხადონ. თავის მხრივ, თურქეთიც ცდილობს დისკუსიების დაწყებას ნატოში თავისი წევრობის მიზანშეწონილებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს „ბრექსითის“ პოლიტიკას: რადგანაც ანკარა ამ საკითხს დიდი სიფრთხილით უდგება, ამიტომაც ალიანსიდან თავის გამოსვლას ძალიან ძვირ ფასს დაადებს.

ირანს თურქეთის ნატოდან გამოსვლა არ გაეხარდება და შესაბამისად, მას „ძვირი ფასის“ გადახდა არ დაეკისრება. ცხადია, ფასი რუსეთმა უნდა გადაიხადოს. შეიძლება ეს [სიტუაციის რაღაც დამაბალანსებელი ნაბიჯი] იყოს, ვთქვათ ყირიმზე უარის თქმა, შავ ზღვაზე პოზიციების შესუსტება, სომხეთიდან და საერთოდ, სამხრეთ კავკასიიდან წასვლა.

მაგრამ რამდენად მომგებიანი იქნება სომხეთისათვის ნატოდან თურქეთის გამოსვლა? ალიანსში წევრობა ხომ ანკარისათვის შემაკავებელ ფაქტორად ითვლება სომხეთის მიმართ? გარდა ამისა, სანამ თურქეთი ნატოს წევრია, მანამ ანკარასა და ბაქოს შორის ხელმოწერილი ურთიერთდახმარების შეთანხმება, შეიძლება ითქვას, არალეგიტიმურად ითვლება.

ნატოდან გამოსულ თურქეთს „თავისუფალი ფრენის“ საშუალება მიეცემა. ანკარის პოლიტიკა მეზობლებისთვის სახიფათო გახდება, უპირველესად კი, ცხადია, საქართველოსა და სომხეთისათვის. საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ამჟამინდელ დონეს ძირითადად თურქეთის ნატოში წევრობა განაპირობებს. ეს გასაგებია, რადგან თბილისს ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვს აღებული… საქართველოს შეუძლია ნატოს წევრ თურქეთთან თავისუფალი დამოკიდებულება ჰქონდეს, მაგრამ სხვა მომენტში, ვთქვათ, თუ ანკარა ალიანსიდან გამოვა, მაშინ ეს დამოკიდებულება რეალურ ხასიათს დაკარგავს.

სომხეთისთვის უარესი სიტუაციაა: ანკარის ნატოდან გამოსვლის შემდეგ ბრიუსელს ფორმალური ბერკეტებიც კი აღარ ექნება თურქეთის ექსპანსიური პოლიტიკის შესაჩერებლად. მით უმეტეს, ეს რეალური იქნება, თუ მხედველობაში ვიქონიებთ ერევნის მიერ დაშვებულ შეცდომებს (მაგალითად, რუსეთის ვასალად რომ იქცა). საერთოდ, სომხეთს ბევრჯერ ჰქონდა შესაძლებლობა ნატოს განსაკუთრებული პარტნიორი გამხდარიყო და მისგან არამარტო იარაღი, არამედ მატერიალური დახმარებაც მიეღო, ახლა კი უკიდურესად საზიანო სიტუაციაშია.

დღეს საკითხი ასე დგას: რა მოუტანა სომხეთს რუსეთთან ვასალურმა დამოკიდებულებამ და პრაქტიკულად კოლონიურმა სტატუსმა? მხოლოდ სიღარიბე და ჭეშმარიტი უსაფრთხოების არარსებობა. მატარებელი უკვე ჩავლილია და მას ვეღარ დავეწევით.

————————–

შენიშვნა:

„ლრაგირი“, შეიძლება ითქვას, სომხეთის პროდასავლურ გამოცემას წარმოადგენს, თვით ავტორიც – პროფესორი იგორ მურადიანი, მისივე სტატიების მიხედვით, მედასავლეთეა, თუმცა, როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე, „ორცეცხლს შუაა“: რუსეთთან ყოფნაც არ უნდა და ექსპანსიონისტურ თურქეთთანაც პირისპირ დარჩენისა ეშინია…

Comments are closed