globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 28 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 28th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Washington Post» (აშშ): დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა, მისი ბიზნეს-გარიგებები და უცხოეთის მთავრობებთან ურთიერთობები შესაძლოა ერთმანეთს გადაეწნას // „ტრამპ-თაუერი“ საქართველოში

«NPR – National Public Radio» (აშშ): საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხი კითხვაზე – როგორი იქნება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობა?

«Hürriyet» (თურქეთი): მეზობლის მეგობრული სუფრა: საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები

———————-

«The Washington Post» (აშშ), 26 ნოემბერი, 2016 წელი

https://www.washingtonpost.com/2016/11/25/d2bc83f8-b0e2-11e6-8616-52b15787add0_story.html

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა, მისი ბიზნეს-გარიგებები და უცხოეთის მთავრობებთან ურთიერთობები შესაძლოა ერთმანეთს გადაეწნას // „ტრამპ-თაუერი“ საქართველოში

როზალინდ ჰელდერმანი, ტომ ჰამბურგერი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის – საქართველოს მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია დონალდ ტრამპის პროექტის „ტრამპ თაუერის“ რეალიზების გაგრძელების თაობაზე, რომელიც საკმაო ხნით იყო შეჩერებული შავიზღვისპირა საკურორტო ქალაქ [ბათუმში]. იგივე განაცხადა ბუენოს-აირესში ადგილობრივმა კომპანიამაც – „ტრამპ თაუერს“ ვაგრძელებთო – მას შემდეგ, რაც არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ესაუბრა.

უჩვეულოა, რომ უცხოეთის მთავრობების ლიდერები, დონალდ ტრამპთან დარეკვისა და მასთან დალაპარაკების მიზნით, მიმართავენ არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე, არამედ [მილიარდერის] ბიზნეს-პარტნიორებს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის ლიდერის კავშირი სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან და თავის საქმიან პარტნიორებთან ერთმანეთს გადაეწნას (შეერწყას). ასევე შესაძლებელია, რომ დონალდ ტრამპის ბრენდმა უფრო მეტი წარმატება მოუტანოს როგორც მის მფლობელს, ასევე მის ბიზნეს-პარტნიორებს. თუმცა შესაძლოა პირიქითაც მოხდეს – დონალდ ტრამპის არჩევნებთან დაკავშირებულმა სადაო მომენტებმა და საერთაშორისო უკმაყოფილებამ მისივე ბრენდს ზიანი მიაყენოს. ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევის დღიდან თითქმის არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ერთმანეთისაგან გამიჯნოს სახელმწიფო ოფიციალური საქმეები და მისი პირადი ბიზნესის საკითხები.

ეთიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ დონალდ ტრამპი ზომებს არ მიიღებს და არ მოახდენს დისტანცირებას თავისი ბიზნესიდან, მაშინ საზოგადოებას კითხვები დაებადება – იგი აშშ-ის ეროვნული ინტერესების შესაბამის პოლიტიკას ატარებს თუ იმას ცდილობს, რომ პირადი საქმიანი უპირატესობა მოიპოვოს? მისი მოქმედება ასევე შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს აშშ-ის კონტიტუციურ დებულებასთანაც, რომელიც პრეზიდენტს უცხოელი ლიდერებისაგან საჩუქრებისა თუ სხვა „ანაზღაურების“ მიღებას უკრძალავს.

დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ჯერ-ჯერობით არაფერი უთქვამთ მილიარდერის ბიზნესინტერესებზე არც საქართველოში, არც არგენტინასა და სხვა ქვეყნებში. (…)

რაც შეეხება საქართველოს, სადაც შესაძლებლად მოჩანს დონალდ ტრამპის საქმიანი და ოფიციალური ინტერესების ერთმანეთთან შერწყმა-გადაწვნა და სადაც ბევრს ეშინია ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პოტენციური ურთიერთობისა: 2012 წელს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ბათუმში ყოფნისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ცარიელ ადგილზე, სადაც იგი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იდგა, „ტრამპ-თაუერის“ ახალი დიდებული შენობა აღიმართებოდა. მშენებლობის დაწყება 2013 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროექტის განხორციელებას ხელი ეკონომიკურმა კრიზისმა და მიწის განაშენიანებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეუშალა. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ მთავარი მიზეზი საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხება იყო, რომელიც გარიგების შესრულების გარანტი გახლდათ.

თუმცაღა, როგორც ამას წინათ პროექტის ადგილობრივმა პარტნიორმა, დეველოპერული კომპანია Silk Road Group-ის ხელმძღვანელმა გიორგი რცხილაძემ (სწორედ მან გადაიხადა სალიცენზიო მოსაკრებელი, რათა შენობისთვის დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭებინა),  თქვა, რომ პროექტის რეალიზების ხელისშემშლელი ყველა პრობლემა უკვე მოგვარებულია, თანაც მთავრობის დახმარების გარეშე. გიორგი რცხილაძემ აღნიშნა, რომ მან დონალდ ტრამპს უკვე შეატყობინა, რომ პროექტის რეალიზება მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაგრძელდება. Silk Road Group-ის ხელმძღვანელის თქმით, „პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის  შემდეგ  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მან მილიარდერის უფროს შვილებს და კომპანიის ტოპ-მენეჯერებს მილოცვა გაუგზავნა და ისინი დაარწმუნა, რომ ყველაფერი უკვე მზადაა პროექტის გასაგრძელებლად. თავის მხრივ, დონალდ ტრამპის კომპანიის წარმომადგენლებმა მას აცნობეს, რომ პროექტი ამჟამად „გადახალისების“ პროცესშია. გარდა ამისა, უნდა გაირკვეს, თუ ვინ იქნება კომპანიის მფლობელი, როცა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს. „ჩვენ მზად ვართ“, – ამბობს გიორგი რცხილაძე, – „მათგან მწვანე შუქს ველოდებით“. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუ პროექტი შეიცვლებოდა და მას აშშ-ის პრეზიდენტის სახელი ექნებოდა. „ჩემი გრძნობა ერთი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს: „სიამაყე“, – ასეთი პასუხი გასცა გიორგი რცხილაძემ შეკითხვას, თუ რა განცდა ექნებოდა მას დონალდ ტრამპის სახელობის შენობის აგების დროს, – „აბა, სხვა რა უნდა იგრძნოს ადამიანმა? ადრე ეს წარმოუდგენელი იყო, ახლა კი უცებ ყველაფერი იცვლება“.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ გვერდით ედგა საქართველოს 2008 წელს – იმ დროს, როცა მას თავს რუსეთი დაესხა – ამ პატარა და მცირერიცხოვანი სახელმწიფოს მესვეურებს კვლავ აქვთ იმის შიში, რომ მეზობელი რუსეთი სამხედრო მოქმედებას განაახლებს. ამჟამად საქართველოს მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან – ექს-პრეზიდენტისა, რომელმაც 2012 წელს საქართველოში დონალდ ტრამპი ჩაიყვანა, თვითონ კი შემდეგ ქვეყანა დატოვა.

ქართველი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „პრორუსული“ რიტორიკით, რომელიც რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესებას  გულისხმობს. შესაბამისად, ქართველებისთვის არსებობს ცდუნების შანსი, რომ  47-სართულიან „ტრამპ თაუერის“ მშენებლობასთან დაკავშირებული სიტუაცია მათ სათავისოდ გამოიყენონ, – ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, ამერიკელი ექსპერტი, ქართულ პოლიტიკის მცოდნე, რომელიც 2012 წელს ამჟამინდელი მმართველი პარტიის ხელფასიანი მრჩეველი გახლდათ და რომელიც დონალდ ტრამპის არჩევის წინააღმდეგი იყო. „თუ პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის სახელმწიფო და ბიზნესინტერესები არ გაიმიჯნება, ეს მსოფლიოს ამ ნაწილისათვის შეიძლება მისაღებიც კი იყოს“, – აღნიშნავს ლინკოლნ მიტჩელი გაზეთ The New York Observer-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (სხვათა შორის, ამ გაზეთის მფლობელი ჯარედ კუშნერი დონალდ ტრამპის სიძეა, ანუ მისი ქალიშვილის – ივანკა ტრამპის ქმარი).

და მართლაც, საქართველოს ტელევიზიის ეთერით ამას წინათ გასულ გადაცემაში ერთ-ერთი ქართველ-ამერიკელი ბიზნესმენი [რომან ბოკერია] ენთუზიაზმით პროგნოზირებდა, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში ახალი ერის დაწყებას ნიშნავსო. კიდევ ერთ ინტერვიუში, რომელიც გაზეთ Washington Post-ში გამოქვეყნდა, რომან ბოკერიამ ოპტიმისტურად განაცხადა, რომ „ტრამპ-თაუერი“ ბათუმში მალე აღიმართება. „საქართველოში „ტრამპ-თაუერის“ ახალი შენობის გახსნაზე ლენტის გაჭრა მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება იქნება“, – აღნიშნა რომან ბოკერიამ, რომელიც ამერიკაში კომპანია Miami Red Square Realty-ს ხელმძღვანელობს. თავის მხრივ, როგორც გიორგი რცხილაძე ამბობს, პროექტი ხელშემწყობი ეკონომიკური სიტუაციის პირობებში განხორციელდება, თუმცა მთავრობის ყოველგვარი ჩარევის გარეშე (…).

«NPR – National Public Radio» (აშშ), 27 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.npr.org/2016/11/24/503236202/what-will-presidential-relations-be-like-between-trump-and-putin

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხი კითხვაზე – როგორი იქნება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობა?

გადაცემის წამყვანი დევიდ გრინი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სკაიპით საუბრობს. თემა: როგორი ურთიერთობა ექნება დასავლეთს ვლადიმირ პუტინთან დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ეპოქაში.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

დევიდ გრინი: ჩვენი გადაცემის სტუმარი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის საქმიანობას მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. უფრო მეტი – ერთხელ მასთან ნამდვილი ომიც კი ჰქონდა. ჩვენ მივმართეთ მიხეილ სააკაშვილს, რამეთუ გვინდა კარგად გავიგოთ რუსეთის პრეზიდენტის ზრახვები და დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობების გზები.. მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინს პირველად 2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეხვდა. იგი იხსენებს, რომ მას რუსეთის პრეზიდენტმა ერთი რჩევა მისცა…

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, თავდაპირველად, რაც მე მან მითხრა, ის იყო, რომ იგი მაინცდამაინც არ სცემს პატივს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ის წინაშე თავს ხრიან და რაღაცის გადმოგდებას ელოდებიან…

დევიდ გრინი: ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველო აშშ-ის დაუახლოვა. საქართველომ ნატოს შესვლაზეც კი გააკეთა განაცხადი, რაც ვლადიმირ პუტინი საკმაოდ გააბრაზა. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, 2008 წელს, როცა რუსეთმა საქართველოს საზღვართან ტანკები განალაგა, მან დახმარებისთვის შეერთებულ შტატებს მიმართა…

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, ჩვენ შტატებს ვუთხარით: ხომ ხედავთ, რომ რუსებს ტანკები საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავთ, რაღაც მაინც გააკეთეთ-მეთქი. ამერიკელები რამდენჯერმე დამიკავშირდნენ და სულ „არა-არას“ მეუბნებოდნენ, სერიოზული არაფერი ხდება და არც მოხდებაო. რამდენიმე საათის შემდეგ რუსული ტანკები მოგვადგნენ, ანუ მოხდა ის, რაზედაც ამერიკას ვაფრთხილებდით.

დევიდ გრინი: რუსეთმა უეცარი თავდასხმა განახორციელა საქართველოს დასჯის მიზნით. მიხეილ სააკაშვილს არ უკვირს, რომ შემდეგ რუსეთმა იგივე გაიმეორა უკრაინის მიმართაც და მას ყირიმის ნახევარკუნძული წაართვა…

მიხეილ სააკაშვილი: ნამდვილად ეგრე იყო. დასავლეთი გვეუბნებოდა, რომ ქართველები რუსეთზე ხართ გაბრაზებულები და რას ბოდავთ, თვითონაც არ იცითო… როცა ყირიმის ამბები მოხდა, დასავლეთს ასეთი რეაქცია ჰქონდა: გაჩერდით, არაფერი არ გააკეთოთ, რუსების პროვოცირება არ მოახდინოთო… აი, ასე იოლად, ერთი ტყვიის გაუსროლელად მოხდა ყირიმის ანექსია. (…)

დევიდ გრინი: თქვენ ფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობას ააწყობს? განა ვლადიმირ პუტინი თუ ვინმეზე თავდასხმას დააპირებს, ჯერ გაიფიქრებს, რომ რისკი ძალიან დიდია და ამას არ გავაკეთებო?

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი არავის, მათ შორის ვლადიმირ პუტინსაც, არ მისცემს იმის უფლებას, რომ მათ საკუთარი თავი ყველას მბრძანებლად წარმოიდგინონ. რუსეთის პრეზიდენტის მეთოდებში შედის უცხო ქვეყნების ლიდერების დაშინება და საკუთარი უპირატესობის ჩვენება. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მას ეს ნომერი დონალდ ტრამპთანაც გაუვა.

დევიდ გრინი: როგორც ჩანს, ოპტიმისტი ბრძანდებით და მიგაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინის შეჩერება შეუძლია?

მიხეილ სააკაშვილი: ჯერ-ჯერობით, რაიმეს თქმა ნაადრევია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ დაიკავებს სახელმწიფო მდივნის თანამდებობას… და როგორ ყურადღებას დაუთმობს აშშ-ის პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას.

დევიდ გრინი: მინდა გკითხოთ თქვენს პირად სეხლა-შემოხლაზე ვლადიმერ პუტინთან. მახსოვს, მან ერთ მომენტში ისიც კი განაცხადა, რომ… არ ვიცი, როგორც ვთქვა… რომ თქვენ დაგიჭერდათ და ინტიმური ნაწილებით ჩამოგკიდებდათ…

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, მან საჯაროდ აღმითქვა, რომ ყვ…ით ჩამოგკიდებო. ვლადიმირ პუტინს ასეთი გამოთქმები უყვარს, თუმცა იგი ამ დროს სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობს.

დევიდ გრინი: ვლადიმირ პუტინს მაჩოდ აღიქვამენ. არის თუ არა იმის რისკი, რომ დონალდ ტრამპი მასთან სიტყვიერ შეხლა-შემოხლას გამართავს?

მიხეილ სააკაშვილი: დონალდ ტრამპი ბარაკ ობამასაგან განსხვავდება. ჩემი აზრით, იგი ძალიან ძლიერი პიროვნებაა, მაგრამ როგორ მოიქცევა დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან მიმართებით, ამის წინასწარმეტყველება ძნელია. მე არ ვიცი, როგორ პოლიტიკას გაატარებს იგი ჩვენს რეგიონში, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ დონალდ ტრამპი ძალიან პედანტური კაცია და შედეგებს დიდ ყურადღებას აქცევს. ამიტომაც არ მგონია, რომ იგი [პუტინს] იოლად დანებდება (…).

«Hürriyet» (თურქეთი), 27 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.hurriyet.com.tr/komsudaki-dostluk-sofrasi-40287966

მეზობლის მეგობრული სუფრა: საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები

სტატიაში გადმოცემულია თურქი ჟურნალისტების შთაბეჭდილებები საქართველოში მოგზაურობის შესახებ: აღწერილია თვალწარმტაცი ბუნება იმ ქვეყნისა, სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდებიან: თოვლიანი მწვერვალები, უძველესი მონასტრები და ქალაქები, სადაც ერთმანეთსაა შერწყული ისტორია და თანამედროვეობა (ავტორები – ოზგურ ულუსოი და ანანდ ჰოლა).

პუბლიკაციაში თურქი ჟურნალისტების მიერ ემოციურადაა აღწერილი ნარიყალას ძველ ციხე-სიმაგრესთან ყოფნა, „საიდანაც თბილისი შესანიშნავად მოჩანს“, აბანოთუბნის გოგირდის აბანოები, ღამის კლუბები, რუსთაველის გამზირის განუმეორებელი კოლორიტი, ქუჩის მუსიკოსებით. მათ დაუთვალიერებიათ აგრეთვე მცხეთა (სვეტიცხოველის ტაძარი), ყაზბეგი („ცად აზიდულ მთებთან საოცარი გრძნობა გეუფლება“), კახეთი (დაუგემოვნებიათ ქართული ღვინო) და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვრცლადაა აღწერილი აჭარაში ყოფნა.

ავტორები თურქ მკითხველს აცნობენ ლეგენდას, თუ რატომ აქვთ ქართველებს ასეთი ლამაზი ქვეყანა, სადაც მცირე ფართობზე თითქმის ყველა კლიმატური ზონა არსებობს: „ღმერთი ადამიანებს საცხოვრებლად მიწებს აძლევდა, მაგრამ ქართველებმა საკმაოდ დააგვიანეს და როცა უფალთან მივიდნენ, მიწები უკვე დარიგებული იყო…“.

„საქართველოს კლიმატი ტურიზმისათვის მთელი წლის განმავლობაში ხელსაყრელია. ცალკე უნდა აღინიშნოს ქართული სამზარეულოც, რომელზეც იგრძნობა ძველი სავაჭრო გზების გავლენა: აქ მოდიოდნენ თურქები, ბერძნები, აქ იყვნენ მონღოლები და არაბები, რომლებმაც გარკვეული კვალი დაამჩნიეს ქართულ კულინარიას. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს თავისი უნიკალური კერძებიც, ყოველ კუთხეში განსაკუთრებულად მომზადებული. მაგალითად, სულგუნისაგან (ყველისაგან) მზადდება როგორც განთქმული აჭარული ხაჭაპური, ასევე მეგრული და იმერული ხაჭაპურიც“, – აღნიშნულია მასალაში.

აჭარაში ავტორები იმყოფებოდნენ მთიან სოფელ ვაიოში. აღწერილია ქართული სუფრა ადგილობრივი კოლორიტით: მასპინძლის – თამადა მახო გორგილაძის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები. ყურადღებაა გამახვილებული ქალების როლზე ქართულ ოჯახში – „თამადა მათ ქალების სადღეგრძელოს განსაკუთრებული მოწიწებით ამბობს, სუფრის წევრები ამ დროს ფეხზე დგებიან…“.

Comments are closed