«ВВС русская служба» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრში „ბიძინა ივანიშვილის კაცს“ ხედავენ
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველო 2015 წელს: გამარჯვებები და დამარცხებები
«Независимая газета» (რუსეთი): „თბილისური სამშვიდობო ინიციატივა“ // საქართველოში შეიძლება საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემა შეიქმნას
——————–
«ВВС русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 28 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.bbc.com/russian/international/2015/12/151227_georgia_new_government_analysis
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრში „ბიძინა ივანიშვილის კაცს“ ხედავენ
სტატიაში გადმოცემულია სიტუაცია, რომელიც საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხთანაა დაკავშირებული, განხილულია აწ უკვე ყოფილი პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა და ამ ფონზე ვრცლადაა საუბარი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილის შესახებ (ავტორი – ნინა ახმეტელი).
„გიორგი კვირიკაშვილი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდანაა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე იგი უპირატესად საბანკო სექტორში მუშაობდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ „ქართუ ბანკის“ გენდირექტორად.
მმართველ კოალიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ გიორგი კვირიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ნდობის ვოტუმს მიიღებს: პარლამენტში უმრავლესობას „ქართული ოცნების“ დეპუტატები წარმოადგენენ. როგორც ჩანს, მთავრობა ძირითადად ძველი შემადგენლობით დარჩება: ახალი პრემიერის განცხადებით, მკვეთრი საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. ამასთან, ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი წარუმატებელი მინისტრი იყო და მას როგორც ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ქვეყნის ეკონომიკის უკუსვლაში პასუხისმგებლობა ეკისრება. „ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, გიორგი კვირიკაშვილიც არ არის გადაწყვეტილბის მიმღები პიროვნება. ისიც ბიძინა ივანიშვილის ბრძანების შემსრულებელი იქნება. ასე რომ, წინ არანაირი დადებითი პერსპექტივა არ გველოდება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
თავდაცვის ექს-მინისტრმა, „ტავისუფალიდე მოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გიორგი კვირიკაშვილი პოზიტიურად შეაფასა, მაგრამ დასძინა, რომ მას არჩევანის გაკეთება მოუწევს: ვის მოუსმინოს – ბიძინა ივანიშვილს თუ ქართველ ხალხს.
ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად მმართველო კოალიციის დაბალ რეიტიგს უკავშირდება – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, მმართველი კოალიცია ცვლილებების იმიტაციას ქმნის, რომ დაკარგული ამომრჩევლები დაიბრუნოს. ამასთან, იგი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი დღემდე „ქართული ოცნების“ ერთადერთ რეალურ ლიდერად ითვლება: „ქართული ოცნება“ კრიზისშია, მან ვერ შეძლო პარტიად ჩამოყალიბება, არ ჰყავს კადრები… კვლავ არაფორმალური მართვის მოწმენი ვართ… ბიძინა ივანიშვილი ის კაცია, რომელიც გადაწყვეტილებას პოლიტიკური ველის მიღმა ღებულობს და რაც მთავარია, იგი გავლენას ახდენს პოლიტიკაზე“, – ამბობს კორნელი კაკაჩია „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში.
იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი? პოლიტოლოგს ამაში ეჭვი ეპარება, მაგრამ მისი აზრით, მთავრობის ახალი ხელმძღვანელი შესაძლოა წინამორბედზე უკეთესი აღმოჩნდეს, რადგან გიორგი კვირიკაშვილი უფრო თავშეკავებული და ზომიერი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ გიორგი კვირიკაშვილი, თავისი პირადი ხასიათითა და სხვა მონაცემებით ხელს შეუწყობს იმ „ხიდების აღდგენას“, რომელიც წინა პრემიერმა „დაწვა“. ექსპერტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა ბევრად განაპირობა მისმა თავშეუკავებელმა და არადიპლომატიურმა განცხადებებმა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მიმართ. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, იგი არასდროს არ სცილდებოდა იმ მიჯნას, რომლის შემდეგ უკვე გამწვავებული კონფრონტაცია შეიძლება დაწყებულიყო.
„არჩევნების წინ ხელისუფლებას სჭირდება „ხიდების გადება“ სამოქალაქო სექტორთან, პრეზიდენტის ინსტიტუტთან და სხვა სეგმენტებთან. სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი არადიპლომატიური ეპითეტებით, პრეზიდენტისა და პოლიტიკური ოპოზიციისადმი არაკორექტული დამოკიდებულებით ეს ხიდები „დაწვა“, – ამბობს გია ხუხაშვილი „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში, – არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ხელისუფლებას, საზოგა-დოების კონსოლიდირებისათვის ისეთი ადამიანები ჭირდება, რომლებიც არ არიან შემჩნეულნი არაკორექტულობაში და რომლებმაც, შესაძლოა, ეს ხიდები აღადგინონ. პრინციპში, გიორგი კვირიკაშვილი ამ როლის შესასრულებლად იდეალური კანდიდატურაა“.
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 28 დეკემბერი, 2015 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20151226-gruziya-v-2015-godu-pobedy-i-porazheniya
საქართველო 2015 წელს: გამარჯვებები და დამარცხებები
ფრანგულმა რადიოსადგურმა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ“ 27 დეკემბერს ეთერში გადასცა ვრცელი სიუჟეტი საქართველოს სესახებ, რომელიც 2015 წლის ქართული საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი მოვლენებია მიმოხილული (ავტორი – გიორგი ლებანიძე).
„2015 წელი საქართველოსთვის არაერთგვაროვანი იყო: დავიწყოთ იმით, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მოულოდნელად გადადგა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მისმა მთავრობამ დიდი ძალისხმევა მოახმარა ევროკომიისაგან თანხმობის მიღებას, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებულიყო. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს დაუნდობლად აკრიტიკებდა ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობა“, თვითონ მმართველი კოალიცია კი მისი მუშაობით კმაყოფილი იყო. პრემიერ-მინისტრი არც „ქართული ოცნების“ არაფორმალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არ გაუკრიტიკებია. ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით, 33 წლის პრემიერ-მინისტრმა, უბრალოდ, პასუხისმგებლობის ტვირთს ვერ გაუძლო და უკვე ჩამოყალიბებულ სისტემის ჩარჩოებში მუშაობა ვერ შეძლო. მართალია, მას სრული კონსტიტუციური უფლებამოსილება გააჩნდა, მაგრამ არ ჰქონდა რეალური ბერკეტები გავლენა მოეხდინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. არადა, ირაკლი ღარიბაშვილს ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. სწორედ ეს პასუხისმგებლობა გახდა ის ტვირთი, რომლის ზიდვა მან ვერ შეძლო. უკვე ცნობილია, რომ პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა, მასვე დაევალა ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ახალ წლამდე.
როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, 2015 წელს საქართველომ საგარეო-პოლიტიკურ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაგრამ საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, დამარცხება განიცადა.
„ჩემი აზრით, დადებითი მოვლენა იყო ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნა, პოზიტივია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პერსპექტივა, „აბრეშუმის გზის“ პროექტში თანამშრომლობა (მატარებლის მოსვლა ჩინეთიდან)… ეს ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში დავიწყებული არ არის. რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ სიუჟეტებს, აქ, ვფიქრობ, შეიმჩნევა სტაგნაციის პროცესი. არაა სისტემური განვითარება და პროგრესი. რა თქმა უნდა, ყველაზე ნეგატიური მოვლენა ლარის კურსის დაცემა და ამ ფონზე – მმართველი კოალიციის რეიტინგის კატატსროფული ვარდნა. ასე რომ, შეიძლება ითქვას: საგარეო პოლიტიკაში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, საშინაო პოლიტიკაში კი უკუსვლა მოხდა“, – აღნიშნავს გია ნოდია.
რადიოსიუჟეტში ვრცლადაა მიმოხილული ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მიერ გატარებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. დადებითადაა მოხსენიებული აქტიური ბრძოლა „ცე“ ჰეპატიტთან, მაგრამ ასევე აღნიშნულია ისიც, რომ „ხელისუფლებამ ვერაფერი მოუხერხა ეროვნული ვალუტის კურსის დევალვაციას. მართალია, ქართული ლარის კურსის დაცემაზე დიდი გავლენა მოახდინა მეზობელი ქვეყნების ვალუტის გაუფასურებამაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ფაქტმა მთავრობის ნდობის ხარისხი მაინც გააუარესა: ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით, ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგს მიუახლოვდა“. გარდა ამისა, მთავრობის მინუსია ის, რომ ვერ მოხერხდა საარჩევნო სისტემის რეფორმირება – ამჟამად არსებული შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემის შეცვლას მხოლოდ პროპორციულით. არასაპარლამენტო ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაუყონებლივ მოითხოვდა, ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ რეფორმას 2020 წელს გაატარებს. ასეთმა მოქმედებამ მცირე პოლიტიკური პარტიების აღშფოთება გამოიწივია, რომელიც მოასწავებს მათ კონსოლიდაციას მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ. აშკარაა, რომ ოპოზიციის ასეთი კონსოლიდაცია „ქართული ოცნებისათვის“ კარგი ნამდვილად არ არის, თანაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მნიშვნელობას „აბრეშუმის გზის“ განახლებული პროექტში, უეჭველია, პოზიტიურად უნდა შეფასდეს. სარკინიგზო მარშრუტი – ჩინეთი-ყაზახეთი-კასპია-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ევროპა „ტრანსციმბირის“ რკინიგზის მაგისტრალის ალტერნატივად მოიაზრება და საქართველოსთვის მოგების მომტანია. ასევე დადებითად უნდა მივიჩნიოთ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ევროპის კავშირისადმი ქართველი მოქალაქეებისათვის „შენგენის ზონაში“ უვიზოდ მიმოსვლის საკითხში.
2015 წელი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა საქართველო-ნატოს ურთიერთობაში: თბილისის ახლოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საწრთვნელი ცენტრის გაიხსნა, რაც ნატოს პირველი ასეთი ობიექტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გარდა ამისა, ამ ფონზე ასევე დადებითად უნდა შეფასდეს ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის განმტკიცებაც: პირველად ისტორიაში საქართველომ საფრანგეთისგან 77 მილიონ ევროდ უახლესი საზენიტო რაკეტები და რადარული სისტემა შეისყიდა. იარაღის შესაძენად კრედიტი საქართველოს მთავრობას ფრანგულმა ბანკმა „სოსიატე ჟენერალემ“ მისცა.
————
საქართველოს მიერ ფრანგული იარაღის შესყიდვის საკითხია განხილული 28 დეკემბერს აზერბაიჯანულ გამოცემა «Day.az»-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამერიკულ-აზერბაიჯანული ფონდის მთავარ ექსპერტთან ალექსეი სინიცინთან სათაურით „ერევანი რუსეთისაგან ვერაფერს მიიღებს“ (წყარო: http://news.day.az/world/732700.html):
გთავაზობთ ამონარიდს:
- მიმდინარე თვეში თითქმის ერთდროულად მოხდა ორი მოვლენა – საქართველომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ფრანგულ კომპანიასთან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის თანამედროვე სისტემების შესყიდვის თაობაზე, რომლებიც ნატოს ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებაშია, ხოლო სომხეთმა რუსეთთან გააფორმა შეთანხმება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ერთიანი სისტემის შექმნაზე. როგორ აისახება ეს ორი ტენდენცია სამხრეთ კავკასიის რეგიონზე?
- ფაქტიურად, ეს ორი შეთანხმება ერევან-თბილისის საგარეოპოლიტიკური ტრენდების (ტენდენციების) დამადასტურებელ მოვლენას წარმოადგენს, მაგრამ ყოველთვის მხედველობაში უნდა ვიქონიოთ მათი ორმაგი მნიშვნელობა: ერთი მხრივ, არც საქართველო და არც სომხეთი გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელები არ არიან: გლობალური მოთამაშეების – აშშ-ისა და რუსეთის დაუკითხვად ისინი ვერაფერს გააკეთებენ; მეორე მხრივ, საქართველოსა და სომხეთის მმართველ პოლიტიკურ ელიტებში დაძაბული ბრძოლა მიდის ხელისუფლებაში გასაბატონებლად და ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. ასეთი ვითარება ყოველთვის აისახება ხოლმე საგარეო პოლიტიკაზე. აი, შეხედეთ: საქართველომ ხუთი წლის ვადით აიღო 80 მილიონიანი კრედიტი ფრანგულ ბანკში – „სოსიალე ჟენერალში“ ისეთი სისტემების შესაძენად, რომელსაც ნატოს ქვეყნებში მაინცდამაინც მაღალი შეფასებას არ აძლევენ და „გამრღვევ“ იარაღს არ წარმოადგენს. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა იჩქარა და ფრანგებს მადლობა გადაუხადა „ასეთი უჩვეულო დიდსულოვნებისათვის“ და განაცხადა, რომ ეს „მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სისტემები“ საქართველოს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფსო.
უცნაურია ქართველი მინისტრის ლოგიკა: რატომაა ეს კონტრაქტი გასაიდუმლოებული ეს კონტრაქტი? კომპანია ცნობილია, მაგრამ იარაღის კონკრეტული ჩამონათვალი არავინ იცის. თუმცა [თუ დავინტერესდებით], ყველაფერი გასაგები გახდება: საქართველომ ფრანგული კომპანიისაგან (MBDA) შეიძინა საშუალო მანძილის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი SAMP-T, ხოლო კომპანია TRS-სგან – Ground Master 400-ის ტიპის რადარები. თავის დროზე, ნავთობის ბუმის პერიოდში, იგივე სისტემები შეიძინა ყაზახეთმაც და თუ ფასებს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ქართველებს არანაირი შეღავათით არ უსარგებლიათ, კრედიტები მაინც პროცენტებით უნდა დააბრუნონ.
საერთოდ კი, ასეთი ძვირადღირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები კონკრეტული მუქარის გასანეიტრალებლადაა მიმართული. მაგალითად, როცა აზერბაიჯანში საბჭოთა კავშირის დროს გაბალის შორი მოქმედების რადარი აშენდა, მისი მიზანი იყო სამხრეთ აფრიკის რასისტული რეჟიმის საფრთხის ნეიტრალიზება, რომელიც ატომური ბომბებით ხან კუბას, ხან მოსკოვს ემუქრებოდა. რისთვის ჭირდება საქართველოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რადარები? რუსეთის წინააღმდეგ? მაგრამ ახლა ხომ 2008 წლის მოვლენების გამეორება შეუძლებელია, მიზეზები აღარ არსებობს. და რომც არსებობდეს, განა საქართველო ასეთი სუსტი იარაღით რუსული საფრთხის განეიტრალებას შეძლებს? სულ ახლახანს რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა შეირაღებაში მიიღეს რადიოელექტრონული კომპლექსი „ხიბინი“, რომლის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის (ნატოს) საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „დაბრმავება“ და თუ ამ იარაღით „სუ-34“ აღიჭურვება, ჩათვალე რომ მხოლოდ ერთი თვითმფრინავი რუსეთის მთელ ავიაჯგუფს უჩინრად გადააქცევს. ამიტომაც საუბარი, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე საიმედოდაა დახურული მოწინააღმდეგისათვის, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. თუ ვერ დაინახავ, ვერაფერს გაანადგურებ. მე პირადად თბილისი მიერ დადებული კონტრაქტი, უბრალოდ, ნატოსაკენ გადადგმულ კიდევ ერთ პოლიტიკურ ნაბიჯად მიმაჩნია, რომელშიც საქართველო დიდ ფულს ხარჯავს.
«Независимая газета» (რუსეთი), 28 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.ng.ru/courier/2015-12-28/11_gruzia.html
„თბილისური სამშვიდობო ინიციატივა“
საქართველოში შეიძლება საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემა შეიქმნას
ალექსანდრე რუსეცკი,
კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი
(შემოკლებით)
საქართველოსთვის 2015 წელი ორი მნიშვნელოვანი მოვლენით მთავრდება: ევროკავშირმა მიიღო დადგენილება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების შესახებ, ხოლო რუსეთმა ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივება გამოაცხადა. [რუსეთ-დასავლეთის] დაპირისპირებით დაღლილი საქართველოს მოქალაქეებისათვის ეს ორი მოვლენა მართლაც საზეიმო გახდა: მათ გულებში დიდი ხნის ნანატრი იმედი ჩაისახა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ხაფანგიდან გამოსვლის შესაძლებლობა გაუჩნდა.
მაგრამ ევროფობები გაჰყვირიან, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზება ქართული საზოგადოების გარყვნილობის პროცესს გააძლიერებს და მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებსო. მათ პირველ რიგში არატრადიციული რელიგიისა და ფასეულობების მიმდევართა გააქტიურება აშინებთ, განსაკუთრებით კი არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების გავრცელება და ლეგალიზება.
რუსოფობები თვლიან, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და მით უმეტეს, ვიზების გაუქმება საქართველოს ძვირად დაუჯდება. ისინი ხელისუფლებას უპრინციპობაში ადანაშაულებენ და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დათბობის პროცესს ზოგადად ნეგატიურად განიხილავენ.
სკეპტიკოსთა მესამე კატეგორია თვლის, რომ მოსახლეობის გადინება ევროპასა და რუსეთში დემოგრაფიულ კრიზისს გამოიწვევს, რაც საქართველოში დარჩენილებსა და მიგრანტებს შორის კონფლიქტს გააძლიერებს. პირველ რიგში ეს ეხება საქართველოში აფრიკა-აზიის ქვეყნებიდან შემოსულ მიგრანტებს.
ამასთან, მოსახლეობის დიდი ნაწილი პოზიტიურად აფასებს [ბრიუსელისა და მოსკოვის მიერ] მიღებულ გადაწყვეტილებებს და იმაზე ფიქრობს, თუ როგორ ისარგებლოს ვიზებთან დაკავშირებული შეღავათებით. პირველ რიგში ეს კარგი სტიმულია საშუალო ბიზნესისთვის – გაჩნდა პროდუქციის რეალიზების დამატებითი გზა. სავიზო რეჟიმის გამარტივება ასევე დადებითი მოვლენაა ტურიზმის განვითარებისათვის…
დამდეგი 2016 წლისათვის საქართველოს ხელისუფლებამ სიტუაციის გაწონასწორება შეძლო: შეინარჩუნა დასავლეთთან ინტეგრირების სტრატეგია და რუსეთთან ურთიერთობებში ნდობის ფაქტორი აღადგინა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად დეკლარატიული და უფრო პრაგმატული გახდა – პოლიტიკურთან შედარებით უპირატესობა ეკონომიკურ კომპონენტს მიეცა, იდეოლოგიურმა მიზანდასახულობამ უკან დაიხია. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანამ ერთდროულად (ცხადია, მეტ-ნაკლებად), ოთხვექტორიანი პოლიტიკის გატარება დაიწყო: დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით.
ეკონომიკურ პოლიტიკაში დივერსიფი-ცირება შეიმჩნევა, რომელიც განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში გამოჩნდა: აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მთავარ მომწოდებლად რჩება, მაგრამ ამ საკითხზე რუსეთთან და ირანთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. ხელისუფლება ცდილობს სული შთაბეროს მეტალურგიას, ჯართის უცხოეთში გატანის ნაცვლად საკუთარი წარმოება აღადგინოს, შექმნას ახალი დარგები და შიდა ბაზარზე ჰიდროენერგეტიკის მონოპოლია დაამსხვრიოს… ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდა, წარმატებით მიდის ახალი ბაზრების ათვისება აღმოსავლეთის მიმართულებით. მთავრობამ დიდი ძალისხმევა მოახმარა სოფლის მეურნეობის განვითარებას, მატულობს მოთხოვნა ქართულ თხილზე და მშრალ ხილზე.
და მაინც, მთავრობის მთავარი დამსახურებაა ის, რომ ცდილობს ქვეყანა გარეშე საფრთხეებისაგან დაიცვას, მეზობლებთან კეთილმეგობრული კავშირები ჰქონდეს და ამით ეკონომიკის განვითარებისათვის პოზიტიური კლიმატი შექმნას. ეს ხდება საქართველოს ირგვლივ მიმდინარე ღრმა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კრიზისის, აგრეთვე იმ წინასწარგანზრახული დივერსიული მოქმედების ფონზე, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების ძირის გამოთხრისკენაა მიმართული.
რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პერსპექტივის შესახებ ღრმა უთანხმოების არსებობის მიუხედავად, თბილისი და მოსკოვი აცნობიერებენ საერთო საფრთხე-მუქარებს და პრობლემებს. ამასთან საქართველო, მხედველობაში იღებს რა იმ რთულ მდგომარეობას, რომელშიც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, მაინც უარყოფითად აფასებს მოსკოვის კურსს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაციის საკითხში, კერძოდ, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების განლაგებას. თბილისს ასევე უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ერთობლივი რუსულ-ჩინური პროექტისადმი, რომლის მიზანს აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. ეს ეხება ტრანსკავკასიური გზატკეცილის მშენებლობის პროექტსაც, რომლის მეშვეობით ოჩამჩირის პორტი რუსეთის ჩრდილოკავკასის რეგიონს დაუკავშირდება.
ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად ხდება თბილისის პოლიტიკური ელიტის წინა თაობების მიერ დაშვებული შეცდომების გაცნობიერება, მაგრამ ამასთან ერთად, არ ეთანხმება იმ პოზიციას, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართულ მხარეს დაეკისროს. ქვეყანაში მიმდინარეობს იმ გზების ძიება, თუ როგორ დაიმკვიდროს საქართველომ ღირსეული ადგილი საერთაშორისო არქიტექტურაში, ყოველგვარი ეგოისტური მიზნების გარეშე და სურვილით – როგორმე გამოვიდეს მრავალწლიანი კრიზისიდან. დადგა დრო, როცა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აღარ სურს გლობალურ საერთაშორისო „საქმის გარჩევებში“ ჩართვა. მოსახლეობას მხოლოდ ის უნდა, რომ ქვეყნის ირგვლივ ერთგვარი უსაფრთხოების სარტყელი შეიქმნას და მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს.
დღეს უკვე მომწიფდა ახალი არასტანდარტული და კრეატიული გადაწყვეტილებების ძიების აუცილებლობა როგორც საქართველო-რუსეთის, ასევე რუსეთ-აშშ-საქართველოს და რუსეთ-ნატოს ურთიერთობებში. ამ პროცესში არ უნდა გამოვრიცხოთ ჩინეთის როლიც: გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, პეკინის გავლენა შავიზღვისპირეთის რეგიონში სულ უფრო მატულობს. დაინტერესებას იჩენს ინდოეთიც, რომელსაც სერიოზული საინვესტიციო რესურსები აქვს.
საქართველო იდეუალურ ადგილად ითვლება გეოპოლიტიკური თანაარსებობის ზონის შესაქმნელად. დაუშვებელია, რომ საქართველო კავკასიურ ჯიბუტად გადაიქცეს, თავისი სომალილენდებით, ერიტრეებით და საგალოებით. როგორც ცნობილია, ჯიბუტში, ამ აფრიკულ სახელმწიფოში, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული, ხელი მოეწერა ათწლიან კონტრაქტს ჩინეთის სამხედრო ბაზის დისლოცირების შესახებაც. საქართველომ, რომელიც მრავალსაუკუნოვანი გეოპოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლია, დაიმსახურა, რომ სხვანაირი ბედი ჰქონდეს – იყოს მშვიდობისა და ურთიერთგაგების ზონა და არა ქვეყანა, რომელიც უცხოეთის სამხედრო ბაზებითაა გატენილი.
ვფიქრობთ, რომ დაპირისპირების პროცესის მონაწილე მხარეებს [ანუ გლობალურ მოთამაშეებს] ასეთი საქართველო უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს. პრეცედენტის აუცილებლობა მომწიფდა. საერთაშორისო საზოგადოება გამოიფიტა ომებითა და მასობრივი სისხლისღვრით. ქართული ექსპერიმენტი ხელს შეუწყობს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ახალ დონეზე გასვლის საფუძვლების შექმნას. ასკარაა, რომ ამისათვის აუცილებელია პროფესიონალი ექსპერტების ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა.
არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ „თბილისური სამშვიდობო ინიციატივა“ შეიძლება 1975-1976 წლების ჰელსინკის ინიციატივების გაგრძელება გახდეს, რომლის შედეგად ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია შეიქმნა. დღეს გარკვეული დათმობებზე წასვლა ყველას შეუძლია. და ამით ყველა მხოლოდ მოიგებს.