globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 29th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Российская газета» (რუსეთი), 29 იანვარი, 2015 წელი

http://www.rg.ru/2015/01/28/gruzia-potok-site.html

საქართველოს მთავრობა „თურქული ნაკადის“ გამო გააკრიტიკეს: რატომ არ მონაწილეობს თბილისი ანკარა-მოსკოვის ენერგეტიკულ პროექტში

მიხეილ ვიგნანსკი, თბილისი

გლობალური კვლევების ქართულმა ცენტრმა ოთხშაბათს, 28 იანვარს, სპეციალური კონფერენცია ჩაატარა გაზსადენ „თურქული ნაკადის“ შესახებ. ცნობილი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ საერთოდ ვერ მოიფიქრა ან ვერ მოიცალა ჩართულიყო ამ პროექტში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

შესაძლოა ჯერ კიდევ არაა გვიან და საქართველო შეძლებს მომდევნო ეტაპებზე რაიმე სახით ამ პროექტის რეალიზებაში ჩაერთოს, ამბობდნენ ფორუმის მონაწილეები.

პარლამენტის ექს-თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში  აცხადებდა, რომ „ამ პროექტის რეალიზება, თუ საქართველო მასში ჩაერთვებოდა, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდიდა, მათ შორის ევროპისათვისაც, სერიოზულ ეკონომიკურ წარმატებებს მოიტანდა და რაც ყველაზე მთავარია, განამტკიცებდა საქართველოს სახელმწიფოს სტაბილურობას“. მისი თქმით, „თურქეთმა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა და ევროკავშირში შესვლას ესწრაფვის, აჩვენა, რომ მისთვის უფრო მთავარია საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციისა თუ ქვეყნისა“.

კონფერენციაზე ოთხშაბათს ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა შეუშინდეს შესაძლო კრიტიკას და რუსეთ-თურქეთთან ამ საკითხზე აუცილებლად უნდა იმუშაოს. მისი თქმით, თბილისს სარგებლობას მოუტანდა ამ იდეის განხილვაში მონაწილეობაც კი, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და, რასაკვირველია, კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით.

ევროპული ფასეულობების ინსტიტუტის თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ „საქართველო ასეთი გლობალური მნიშვნელობის მქონე რეგიონულ პროექტებში მონაწილეობის გარეშე არ უნდა დარჩეს“. „ჩვენი ჩართვა ამგვარ პროექტებში დადებით შედეგებს გამოიწვევდა: მსხვილი რეგიონული მოთამაშეების – რუსეთისა და თურქეთის ინტერესები საქართველოს ინტერესებს დაემთხვეოდა“, – აღნიშნა მან.

კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატა თავისი თვალსაზრისი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორმა სოსო ცინცაძემ: „საქართველო რომ თავის დროზე ჩართულიყო ამ პროექტში, ეს იქნებოდა რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის საფუძველი. საქართველოს ხელისუფლებას რომ საგარეოპოლიტიკური ინტელექტი ჰქონდეს, ამ შანსს გამოიყენებდა“, მისი თქმით, თუ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას მართლაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაშინ „თურქულ ნაკადში“ საქართველოს მონაწილეობა ამ მიმართულებით გარღვევა იქნებოდა“. „რასაკვირველია, იმას ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ და რუსეთი იმავწუთს მეგობრები გავხდებოდით, მაგრამ ნორმალური მეზობლები ნამდვილად ვიქნებოდით“, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

«Hurriyet Daily News» (თურქეთი), 29 იანვარი, 2015 წელი

http://www.hurriyetdailynews.com/meskhetian-turks-flee-eastern-ukraine——.aspx?pageID=238&nID=77505&NewsCatID=359

„თურქი-მესხები“ აღმოსავლეთ უკრაინიდან გარბიან

„აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები დაახლოებით 300 თურქულენოვანი მოქალაქე („თურქი-მესხები“) გაიქცა თავიანთი სახლებიდან მას შემდეგ, რაც ქალაქ სლავიანსკში უკრაინის სამთავრობო ძალებსა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის შეტაკებები დაიწყო“, – განაცხადა დონბასის ასოციაცია „ვათანის“ წარმომადგენელმა ნეციცია ბასტოვმა სააგენტო „ანადოლუს“ კორესპონდენტთან საუბრისას 27 იანვარს. მისი თქმით, სლავიანსკში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები „თურქი-მესხები“ თურქეთსა და სხვა ქვეყნებში წავიდნენ იმის შიშით, რომ ომი მათ სიცოცხლეს იმსხვერპლებდა.

ნეციცია ბასტოვმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ თუ სლავიანსკში სიტუაცია გაურესდება, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. მან აღნიშნა, რომ „თურქი-მესხები“ დიდმა ნაწილმა, დაახლოებით სამი ათასმა ადამიანმა, ქალაქი ჯერ კიდევ გასულ წელს დატოვა, როცა სეპარატისტებმა სლავიანსკი კვლავ გააკონტროლეს.

გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცენტრალური ხელისუფლებისა და პრორუს სეპარატისტებს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შედეგად, გასული წლის აპრილის შუა რიცხვებიდან დღემდე, 4700 ადამიანი დაიღუპა და 10300 დაიჭრა.

„თურქი-მესხები“ თავიანთი სამშობლოდან – საქართველოს მესხეთის მხარიდან 1944 წელს იქნენ გასახლებული [ცენტრალურ აზიაში] საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის მიერ, თურქების შავიზღვისპირეთიდან [საერთო] დეპორტაციის მიზნით. მათი ნაწილი მოგვიანებით, 1990 წელს უკრაინაში ჩასახლდა და თავს სეზონური სამუშაოებით ირჩენდა.

Comments are closed