globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (აშშ): სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომის სდროინდელ დამნაშავეებს ჰააგის სასამართლო გამოავლენს // 2008 წლის მოვლენების გამოძიებამ შეიძლება რუსულ-ქართული ურთიერთობები გაამწვავოს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ჰააგა საქართველო-რუსეთის ომის შესწავლას დღის წესრიგიდან არ ხსნის

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): ინტერვიუ დავით გამცემლიძესთან: საქართველოს მიერ ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი თვით საქართველოსთვისაა სახიფათო?

———————–

«Независимая газета» (აშშ), 29 იანვარი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-01-29/7_osetia.html

სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომის სდროინდელ დამნაშავეებს ჰააგის სასამართლო გამოავლენს

2008 წლის მოვლენების გამოძიებამ შეიძლება რუსულ-ქართული ურთიერთობები გაამწვავოს

„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადება 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულობათა გამოძიების თაობზე ოპტიმიზმით მიღეს როგორც თბილისში, ასევე ცხინვალში. ორივე მხარემ გამოთქვა იმედი, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და დარწმუნებულნი არიან, რომ გამოვლენილი დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან. მოსკოვი, რომელიც ასევე დაინტერესებულია ჰააგის სასამართთლოს ობიექტურობით, ჯერ-ჯერობით რაიმე ოფიციალური კომენტარისაგან თავს იკავებს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

სამხრეთ ოსეთი, რასაკვირველია, აცხადებს, რომ სამხედრო დამნაშავეები საქართველოში უნდა ეძებონ. ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოს თავისი მასალები უკვე გადასცა. ქართველი ვიზავები კი პირიქით – თავიანთ სიმართლეში არიან დარწმუნებულნი და იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო სასამართლო შეძლებს გაუკონტროლებელი ავტონომიის ტერიტორიაზე მყოფი სამხედრო დამნაშავეები დააკავოს და პასუხისმგებლობა დააკისროს. სხვათა შორის, თბილისის ერთ-ერთი ბრალდება აბსოლუტურ სინამდვილეს წარმოადგენს და ეხება პირდაპირ პირისაგან მიწისა აღგვილ ქართულ სოფლებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ განახორციელა უკვე ომის შემდეგ. ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოკადრები მსოფლიოს თითქმის ყველა ტელეკომპანიით იქნა დემონსტრირებული. თუმცა ამის გამო ცხინვალი თავს უხერხულად არ გრძნობს: ოსი ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ სიმართლე მათ მხარეზეა – ომი მიმდინარეობდა არა საქართველოს, არამედ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და თვით ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, თუ ვინ დაესხა თავს და ვინ თავს იცავდა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, „აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ჰააგის სასამართლო სახელმწიფოს კი არ განიხილავს დამნაშავედ, არამედ იძიებს იმ სამხედრო დანაშაულობებს, რომლებიც ომის დროს იქნა ჩადენილი და გამოაქვს ვერდიქტი კონკრეტული დამნაშავეების პასუხისმგებლობის თაობაზე. გამოძიებული იქნება ისეთი ფაქტები, როგორებიცაა ეთნიკური წმენდა, წამება და საერთოდ,  კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობები. მტკიცებულებები ძალიან ბევრია: სასამართლოში უამრავი სარჩელია წარდგენილი და მათ შორის უმეტესობა საქართველოს მოქალაქეების მიერ. მთავარი საკითხი ისაა, შეძლებს თუ არა ჰააგის სასამართლო დანაშაულის ჩამდენთა დასჯას, რადგან მათი დიდი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება“.

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადება, თუ რა სავარაუდო დანაშაულობები იქნება გამოძიებული:

პირველი – ესაა ეთნიკური წმენდა, რომელიც ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული (ოსური სამხედრო ძალების მიერ მშობლიური ადგილებიდან გაძევებული იქნა 18 ათასამდე ეთნიკური ქართველი), მკვლელობები (მოკლულია 113-მდე მშვიდობიანი მცხოვრები). პროკურორის თქმით, ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან ოსები მათი დახმარების გარეშე ეთნიკურ წმენდას ვერ განახორციელებდნენ.

სავარაუდო დანაშაულობათა მეორე პუნქტი ეხება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების (მშვიდობისმყოფლების) წინააღმდეგ მიმართულ  ქმედებას: გამოძიებული იქნება ქართული მხარის პრეტენზიები ავნევში ორი ქართველი მშვიდობისმყოფლის მკვლელობის თაობაზე. ასევე ჩატარდება საგამოძიებო ქმედებები რუსული მხარის ბრალდებების შესახებაც, რომელთა თანახმად, 2008 წლის 8 აგვისტოს  ქართული არმიის მიერ განვიტარებული შეტევის შედეგად ცხინვალში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების  10 რუსი „ცისფერჩაფხუტიანი“ ჯარისკაცი დაიღუპა.

ფატუ ბენსუდას განცხადებით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლები ინფორმაციას დამოუკიდებელი და ობიექტური წყაროების დახმარებით შეაგროვებენ: „ყველა ქმედება განხორციელდება მიუკერძოებლად“.

ამასთან, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებამ ირიბად შეიძლება გავლენა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც მოახდინოს და ეს ნეგატიური სახით იქნება ასახული. არაა გამორიცხული, რომ ორ მეზობელს შორის დაწყებული დათბობის პროცესი ისე კონფრონტაციულ ფაზაში გადავიდეს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 იანვარი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/icc-to-investigate-russia-georgia-war/3166789.html

ჰააგა საქართველო-რუსეთის ომის შესწავლას დღის წესრიგიდან არ ხსნის

ნინო დალაქიშვილი

„ჩემმა ოფისმა მოსამართლეებისგან მიიღო უფლებამოსილება გამოიძიოს საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი დანაშაულები“- ეს განცხადება ჰააგის პროკურორს ფატუ ბენსუდას ეკუთვნის. მისი ოფისი 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის და საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნების იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ პერიოდში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიების სრულყოფისთვის ჰააგის პროკურორი თანამშრომლობს როგორც ქართულ მხარესთან, ასევე რუსულთან და სამხრეთ ოსურთან.  სამივე მხარეს, თავის მხრივ, იმედი აქვს, რომ ჰააგის პროკურორი ისეთ დანაშაულს აღმოაჩენს, რომელიც მათი ქმედებების გამართლებისთვის იქნება მოსახერხებელი.

მაგალითად, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი, დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი ამბობს, რომ უსამართლობა იქნება, თუ ჰააგის სასამართლო არ გაითვალისწინებს ქართველი ჯარისკაცების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ჩვენებებს, რომლებიც ათასობით არსებობს და ყველა ადასტურებს ქართველი სამხედროების უკანონო ქმედებასა და სისასტიკეს. ყველა ეს დოკუმენტი, ტასოევის თქმით, ჰააგის პროკურორს წარუდგინეს.

საკუთარი ქმედებების გამართლების იმედი აქვს რუსულ მხარესაც 2008 წლის ომის პერიოდში. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული მხარე დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა მის ხელთ არსებულ 2008 წლის ივლისი-ოქტომბრის ამსახველ მასალებს. ოფიციალური განცხადებით კი აგვისტოს ომს მათ „მშვიდობის იძულების“ ოპერაცია უწოდეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი კი განმარტავს, რომ მისმა უწყებამ 2008 წლის მოვლენების გამოძიება ჩაატარა და მასალები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადასცა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჰააგის სასამართლოს მიერ გამოთქმულ მზადყოფნას განიხილოს 2008 წლის ივლისი-ოქტომბრის მოვლენები მიესალმებიან და მზად არიან თანამშრომლობისთვის. თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, იმედს გამოთქვამს, რომ სხვებთან ერთად, სათანადოდ იქნება შესწავლილი ანწუხელიძის და სხვა ჯარისკაცების მიმართ ჩადენილი ქმედებები. „ჰააგის გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთ ოსეთი არაა დამოუკიდებელი სახელმწიფო და ისაა საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთის მხრივ რუსეთში და მეორეს მხრივ საქართველოში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის“,- ამბობს თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი.

რამდენადმე განსხვავებულია თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის კომენტარი იუსტიციის მინისტრის მოსაზრებებისგან: „გუშინდელ განცხადებაში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარია ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ორივე მხარეში იგულისხმებიან ქართული და სამხრეთ ოსური შეიარაღებული ფორმირებები და ეს რას ნიშნავს, ძალიან გაუგებარი და წარმოუდგენელი ცნებაა.“

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას თამარ აბაზაძე, საია-ს იურისტი ამბობს: „არ გამოვრიცხავ, რომ ამ მისიის წარმომადგენლები არ შეუშვან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, დე-ფაქტო ხელისუფლების ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ მტკიცებულებების საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება გამოტანილი, რაც ხელთ ექნება პროკურორს. შესაბამისად, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მხარემ მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია, რაც ხელთ აქვთ“.

ჰააგის სისხლის სამართლის პროკურორი ფატუ ბენსუდა გასული წლის ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა. მისი ჩამოსვლის დროს ითქვა იმის შესახებ, რომ ჰააგის პროკურორის ოფისი დაინტერესებული იყო მასალების მოძიებით ომის დანაშაულის შესახებ. გამოქვეყნდა სპეციალური ვადაც, როდესაც ამ მასალების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდა არა მხოლოდ ოფიციოზს, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც. ეს ვადა 2015 წლის 13 ნოემბერს ამოიწურა.

რაც შეეხება ვადებს იმის თაობაზე, თუ როდემდე შეიძლება გააგრძელდეს გამოძიება, რის შემდეგაც საქმეს ჰააგის სასამართლო განიხილავს, პასუხები არაერთგვაროვანია. ამის შესახებ არც კონკრეტული და არც მიახლოებითი თარიღები სახელდება.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 28 იანვარი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20160128-isk-gruzii-k-rossii-v-gaagu-opasen-dlya-nee-samoi-ekspert-david-gamtsemlidze

ინტერვიუ დავით გამცემლიძესთან: საქართველოს მიერ ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი თვით საქართველოსთვისაა სახიფათო?

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იმ სამხედრო დანაშაულთა გამოძიებას იწყებს, რომლებიც, სავარაუდოდ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ქართულ-რუსული სამხედრო კონფლიქტის დროს იქნა ჩადენილი. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ უკვე განაცხადა, რომ არის ფაქტები, რომლებითაც ორივე მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულობები დასტურდება, მათ შორის წამება, მკვლელობები, ადამიანთა იძულებით გაძევება მშობლიური ადგილებიდან, ძარცვა და მშვიდობისმყოფლებზე თავდასხმა.

ამავე დროს ექსპერტმა დავით გამცემლიძემ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“-სთან ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ შეიძლება საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი თბილისს ისევ უკან შემოუბრუნდეს.

———

დავით გამცემლიძე: საერთაშორისო სამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულობათა გამოძიება დაევალა, ისტორიულ, მაგრამ იმავდროულად სახიფათო გადაწყვეტილებადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არაა გამორიცხული, რომ სარჩელის წარმდგენ სახელმწიფოს, ანუ საქართველოს, ბრალდებები უკან შემოუბრუნდეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველომ არა მარტო ხელი მოაწერა რომის სტატუტს (ხელშეკრულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის შესახებ), არამედ ამ სტატუტის რატიფიცირებაც მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე და მის მოქალაქეებზე, რომლებიც ჩაიდენენ დანაშაულს, ან ეჭვმიტანილნი იქნებიან დანაშაულის ჩადენაში, უმაღლესი მთავარსარდლიდან (პრეზიდენტიდან) დაწყებული, რიგითი კაპრალით დამთავრებული, ამ სასამართლოს იურისდიქცია გავრცელდება.

რუსეთმა, მართალია, ხელი მოაწერა რომის სტატუტს, მაგრამ მისი რატიფიცირება არ განუხორციელებია. გამოდის, რომ რუსეთს ჰააგის სასამართლოს წინაშე არავითარი ვალდებულება არ აქვს აღებული და თანამშრომლობას მხოლოდ ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება, ანუ სასამართლოს უფლება არ აქვს მოითხოვოს რუსეთის მოქალაქეების დაკითხვა. საქართველო კი, რუსეთისაგან განსხვავებით, ვალდებულია განუხრელად შეასრულოს ჰააგის სასამართლოს ყველა მოთხოვნა და თავისი მოქალაქეების [იძულებითი] ექსტრადირებაც კი მოახდინოს   ჰააგაში, სხდომაზე დასწრების მიზნით.

როცა საქართველომ სარჩელების შეტანა დაიწყო, იმედი ჰქონდა, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც ჰააგაში იქნებოდა წარდგენილი, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ რუსეთის გენერალიტეტი სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაში დადანაშაულებულიყო. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჰააგის სასამართლო რუსულ მხარეს პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებს, რადგან რუსეთი ვალდებული არ არის მონაწილეობა მიიღოს ამ გამოძიებაში და მხოლოდ მის სურვილზეა დამოკიდებული, ითანამშრომლებს მასთან თუ არა. საქართველო კი ვალდებულია, საერთაშორისო სამართლისა და რომის სტატუტის თანახმად, პროკურორს და გამომძიებლებს, მოთხოვის შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია მისცეს და მათი განკარგულებები შეასრულოს.

სხვათა შორის, ამის მანიშნებელია ერთ-ერთი ქართველი პროდასავლელი პოლიტიკოსის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებაც: როგორც სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა უთხრა ჟურნალისტებს ამ დღეებში, იგი გაკვირვებული კითხულობდა ჰააგის სასამართლოს ბოლო განცხადების ტექსტს, რადგან იქ საუბარია ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე და რაც უფრო საკვირველია, ამ ორივე მხარეში საქართველო და რუსეთი კი არ იგულისხმება, არამედ საქართველო და სამხრეთ ოსეთი. არადა, სამხრეთ ოსეთი როგორც სახელმწიფო საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ რუკაზე არ არსებობს. ასე რომ, ჰააგის სასამართლომ, საეჭვოა, რომ სამხრეთ ოსეთიდან ვინმე პასუხგებაში მისცეს და სასჯელი დააკისროს.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა იმასაც, რომ ყველა დანაშაული, მათ შორის ეთნიკური წმენდებიც მოხდა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე და ისინი, ქართული მხარის ინტერპრეტაციით, რუსეთის ჯარებმა ჩაიდინეს და რომ ჰააგის სასამართლო გამონახავს ინსტრუმენტებს რუსული მხარის პასუხგებაში მიცემის მიზნით. მაგრამ, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ რუსეთი რომის სტატუტს არაა მიეერთებული და მასზე ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება, ამიტომ სასამართლომ თავის განცხადებაში გადაწყვიტა მხოლოდ ის მხარე (ანუ სამხრეთ ოსეთი) მოეხსენებინა, რომლის მიმართაც პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლია – სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელები ხომ ფორმალურად საქართველოს მოქალაქეებად ითვლებიან…

- რაში გამოიხატება რუსული და ქართული მხარის ბრალდებები?

- რუსეთი საქართველოს ბრალს სდებს რუს მშვიდობისმყოფლებზე თავდასხმაში 2008 წლის 10 აგვისტოს. დადგენილია, რომ ამ თავდასხმის და ცხინვალის დაბომბვის შედეგად, სადაც შერეული საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ბაზა მდებარეობდა (იურიდიულად მასში რუსი, ქართველი და ოსი სამხედრო კონტინგენტები შედიოდა, მაგრამ იმ მომენტისათვის ბაზაზე ფაქტიურად მხოლოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ), ათი რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. რუსეთი მიიჩნევს, რომ ეს საერთაშორისო დანაშაულის ფაქტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა. შესაბამისად, მოსკოვი აცხადებს, რომ სასამართლოს ყველა მასალას აწვდის ქართული მხარისადმი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

თავის მხრივ, ქართული მხარე ამტკიცებს, რომ შვიდ აგვისტოს ქართველი მშვიდობის-მყოფლების პოზიცის წინააღმდეგ ოსი შეიარაღებული ფორმირებების მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. გარდა ამისა, ქართული მხარის მტკიცებით, რუსული მხარის ხელშეწყობით თუ მისი უშუალო მონაწილეობით, სამხრეთ ოსეთში არსებული ქართული სოფლების მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განხორციელდა. როგორც ფატუ ბენსუდამ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში აღნიშნა, დადგენილია, რომ ქართული მოსახლეობის დაახლოებით ხუთი ათასამდე სახლია განადგურებული, ხოლო ათი ათასობით ადამიანი იძულებით გააძევეს მშობლიური ადგილებიდან. აქედან გამომდინარე, სახეზეა ეთნიკური წმენდის ჩატარების ფაქტები.

Comments are closed