globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი ექსპერტები საქართველოს გამოწვევებს აფასებენ

«Radio France Iternationale» (საფრანგეთი): მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა?

«Saarbrücker Zeitung» (გერმანია): შეხვედრა თითქმის 20 წლის შემდეგ // მეგობრული კავშირების განვითარება ვადერნსა და თბილის-ქუთაისს შორის

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 თებერვალი, 2016

http://www.amerikiskhma.com/a/crimea-anniversary/3211883.htm

ამერიკელი ექსპერტები საქართველოს გამოწვევებს აფასებენ

ანა კალანდაძე

მთავრობის ძალისხმევა დემოკრატიზაციის კუთხით, ინსტიტუციური მოწყობა, სიცოცხლისუნარიანი მედია და სამოქალაქო სექტორი არის ის პარამეტრები, რითაც საქართველო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო 25 წლის განმავლობაში ლიდერად იქცა. სომხეთში მდგომარეობა რუსეთის აშკარა ჩარევით პერიოდულად იცვლებოდა, აზერბაიჯანი კი დღემდე რეგულარულ რეგრესს განიცდის კანონის უზენაესობის დარგში. ამ საკითხზე ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. ჩვენ მომხსენებელ ექსპერტებს და დიპლომატებს აუდიტორიაში ვესაუბრეთ.

დევიდ კრეიმერი, მაკკეინის ინსტიტუტი:

„პოსტ-საბჭოთა სივრცეში ამერიკას მეტი დახმარება და აქცენტის გაკეთება მართებს კანონის უზენაესობის, მედიის, ინსტიტუტების განვითარებაზე. რუსეთი საქართველოს სვლას დასავლეთისკენ მუდმივად ბლოკავს და ჩრდილოატლანრიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ამ სიტუაციაში, ამერიკამ საპრეზიდენტო დონის ინტერესი უნდა გამოიჩინოს და უფრო იაქტიუროს რეგიონში. საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან მნიშვნელოვანია. ნატოს მომდევნო სამიტი არ უნდა გახდეს ის, რაც ბუქარესტის დეკლარაციის შემდეგ მივიღეთ: ქართველების იმედგაცრუება და რუსეთის აგრესია. ამ ეტაპზე, საქართველოს პროგრესის მეტი აღიარება სურს ნატოსგან. დასავლეთმა, კერძოდ შეერთებულმა შტატებმა, ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა.

​პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის პროგრესის უპირველესი ნიშანი ბოლო 25 წლის მანძილზე, დამოუკიდებლობის მიღწევა და შენარჩუნებაა. რუსეთი, საქართველოში შემოიჭრა და ამ ქვეყანას ახლა სეპარატისტული კონფლიქტები აქვს. მიუხედავად ამისა, ის დამოუკიდებლად ვითარდება ევროატლანტიკური გზით მიდის. ვისურვებდი, რომ დასავლეთი მას უფრო დაეხმაროს ამ გზაზე. მინდა, რომ მომდევნო 25 წელი ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობდეთ.

რა საგანგებო მიღწევებით ხასიათდებოდა ეს წლები სხვადასხვა ქვეყნებისთვის და საკმაოდ არათანაბარი პროგრესის პირობებში უნდა მოახდინოს თუ არა ვაშინგტონმა კავკასიასა და შუა აზიაში არსებული სტრატეგიის მოდიფიცირება? საქართველოს შემთხვევაში, მიღწეული პროგრესი ადვილი შესამჩნევია, თუმცა გამოწვევები რჩება, რომელთა დაძლევაზე პირველ რიგში ადგილობრივმა მონაწილეებმა უნდა იზრუნონ“.

უილიამ კორტნი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში:

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ ორ მთავარ რამეს მიაღწია: შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მუდმივი რუსული საფრთხის მიუხედავად, და მოახდინა დემოკრატიული გარდაქმნები. უკრაინის მსგავსად, საქართველოში რეგულარულად არჩევნები ტარდება, ქვეყნებს ყავთ ოპოზიციური პარტიები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ახლა, ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაა. მოსახლეობის განათლების მაღალ მაჩვენებელს, სოფლის მეურნეობის რესურსებსა და საქართველოს სტრატეგიულ სატრანსპორტო პოზიციებს თუ გავითვალისწინებთ, ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობის შექმნა შესაძლებელია. ამ ეტაპზე, მთავარი მიზანი, ექსპერტების აზრით, სწორედ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მისი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება უნდა გახდეს. საქართველომ ჯერ საკუთარი ეკონომიკა უნდა განავითაროს რათა ევროკავშირში წვლილის შეტანა შეძლოს, გაწევრიანებაზე კი ამის შემდეგ იფიქროს“.

«RFI – Radio France Iternationale» (საფრანგეთი), 27 თებერვალი 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20160227-pravyashchaya-koalitsiya-gruzinskaya-mechta-na-grani-raspada

მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა?

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ 27 თებერვლის საღამოს ეთერში საქართველოს შესახებ გადაცემული კვირის მიმოხილვის თემები: ორი გავლენიანი პარტიის ლიდერთა დაპირისპირება მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“; მაღაროელთა ბუნტი ტყიბულში; სკანდალი თბილისის მერიაში: ფინანსური დახმარება პროკურორის შვილს; საქართველომ აფხაზეთისთვის რუსეთისაგან  ელექტროდენი იყიდა; ვინ და რატომ დაესხა თავს ალექსი პეტრიაშვილს. მიმოხილვა მოამზადა გიორგი ლებანიძემ.

დაპირისპირება გოგი თოფაძესა და თინა ხიდაშელს შორის

რადიოსიუჟეტში გადმოცემულია მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების – პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერის, ბიზნესმენ გოგი თოფაძისა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის, თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის დაპირისპირების მიზეზები – საგარეჯოს რაიონში ამას წინათ გამართული არცევნების გაყალბება, რომელშიც, გოგი თოფაძის აზრით, თინა ხიდაშელიც მონაწილეობდა: თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცები აიძულა, რომ ხმები მისი მოგვარისათვის – თამარ ხიადაშელისთვის მიეცათ. საბოლოო ჯამში, ე.წ „სპეციალურ უბნებზე“ სამხედრო მოსამსახურეების ხმებით სწორედ თამარ ხიდაშელმა გაიმარჯვა.

გოგი თოფაძე და თინა ხიდაშელი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები კი არიან, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან თავიანთი პოლიტიკური პოზიციით ძალიან განსხვავდებიან: გოგი თოფაძე საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და მხარს უჭერს რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას. იგი სტალინისტად ითვლება და თინა ხიდაშელს არჩევნების გაყალბების ხელშეწყობას აბრალებს. თავის მხრივ, „რესპუბლიკელები“ და თინა ხიდაშელი, რომლებიც რადიკალური პროდასავლელები არიან, მმართველი კოალიციიდან გოგი თოფაძის გარიცხვას ითხოვენ. საინტერესოა, რომ ასეთი განხვავებული პოზიციების მქონე ადამიანები ერთ კოალიციაში მხოლოდ „ნაციონალი“ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოხვდნენ, ახლა კი მათი დაპირისპირება ყოველდღიურად მატულობს. გოგი თოფაძე ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრად ითვლება, ხოლო მის პარტიას მხარს ქართული ბიზნესწრეები უჭერენ.

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, „ქართული ოცნება“, ალბათ, უფრო გოგი თოფაძეს გაემიჯნება, ვიდრე უარს იტყვის „რესპუბლიკელებთან“ ერთად ყოფნაზე. „რადგანაც მმართველი კოალიცია პროდასავლურ ფასეულობებს იზიარებს, „ოცნება“ მხარს „რესპუბლიკელებს“ დაუჭერს. კი, ერთიანობის შესანარჩუნებას შეეცდება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდება და თოფაძის პარტია გაჯიუტდება, მაშინ კოალიციისათვის უიმისოდ ცხოვრება უფრო იოლი იქნება, ვიდრე რესპუბლიკელების გარეშე.

თავისთავად ახალგაზრდა ქალსა და ხნიერ მამაკაცს შორის საჯარო დაპირისპირება საქართველოთვის უნიკალური ფაქტია, რაც ემოციების მაღალ ტემპერატურააზე მიუთითებს. არაა გამორიცხული, რომ ეს ბრძოლა მნიშვნელოვნად დაასუსტებს მმართველ კოალიციას, თანაც საპარლამენტო არჩევნების წინ.

მაღაროელთა ბუნტი

მმართველ კოალიციაში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო მძიმდება  სოციალური პრობლემებით და ამ ფონზე წარმოქმნილი კონფლიქტებით. გასულ კვირაში, პირველად საქართველოს ისტორიაში, ტყიბულის ქვანახშირის საბადოს მაღაროელთა გაფიცვა ძალადობაში გადაიზარდა: მაღაროელები, რომლებიც ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ, კომპანიის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს, პოლიციამ კი ძალის გამოყენება და აქციის რომელიმე მონაწილის დაკავება ვერ გაბედა. სხვათა შორის, ამგვარ შემთხვევებში პოლიციის უმოქმედობაც საკმაოდ უნიკალურია საქართველოსთვის.

თბილისის მერია: სორბონაში – ღარიბების ფულით?

მმართველი კოალიციიისათვის არც თბილისის მერიის ირგვლივ ატეხილი სკანდალი არაა სასარგებლო, რადგან ქალაქის თავი, მერი დავით ნარმანია სწორედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მას მუდმივად აკრიტიკებენ სხვადასხვა შეცდომებისთვის, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიები. ბოლო კრიტიკული ტალღის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას მუნიციპალიტეტის თანამშრომლის თამარ გერგედავას საფრანგეთში გამგზავრებისა და სორბონის (საფრანგეთი) უნივერსიტეტში სწავლის ხარჯების თაობაზე. სკანდალი იმაში მდგომარეობს, რომ თამარ გერგედავასთვის ფული სოციალურად დაუცველთა ფონდიდან იქნა გამოყოფილი, ხოლო თვითონ თ.გერგედავა თბილისის ერთ-ერთი რაიონის პროკურორის ქალიშვილია, ანუ მეტ-ნაკლებად შეძლებული ოჯახიდანაა. გარდა ამისა, თვითონ თ.გერგედავაც საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებდა. როგორც კი საზოგადოებამ ეს სკანდალური ფაქტი შეიტყო, დავით ნარმანიამ ყველაფერი მუნიციპალიტეტის პერსონალს გადააბრალა, რომლებმაც „შეცდომა დაუშვეს“. აღსანიშნავია, რომ ქალაქის თავის მოქმედება თვით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დავით ნარმანია თანამდებობას დატოვებს? მისი გადადგომა მმართველ კოალიციას კარგს არაფერს უქადის: ასეთ შემთხვევაში ქალაქის თავის არჩევნები პარლამენტის არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს, შესაბამისად, ოპოზიციას („ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ანუ მიხეილ სააკაშვილის პარტიას) რეალური შანსი გაუჩნდება დედაქალაქის მერად თავისი კანდიდატი დაასახელოს. თბილისი კი, ტრადიციულად, ქვეყანაში „პოლიტიკურ ამინდს“ განსაზღვარვს.

პრაგმატიზმი თუ სიკეთე აფხაზეთისთვის?

გასულ კვირაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, აფხაზეთისათვის რუსეთიდან დამატებით ელექტროენერგიის შესყიდვა დაიწყოო. არადა, პარადოქსია – აფხაზეთს თბილისი რუსეთისაგან ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. საქართველო რუსეთისაგან ელექტროენერგიას წინა წლებშიც ყიდულობდა, მაგრამ მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილის რეგიონებისათვის, თუმცა რადგან აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდა გართულებულია, პლუს ენგურჰესის წყალსაცავში წყალმა მოიკლო, სოხუმის ხელისუფლებამ „ვეერული“ გამორთვები დაიწყო. აქვე შევნიშნავთ, რომ ენგურჰესი ელექტრონერგიით თითქმის მთელ საქართველოს უზრუნველყოფს, [სეპარატისტულ-ოკუპირებული] აფხაზეთის ჩათვლით. წყალსაცავი და კაშხალს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, ხოლო მართვის პულტს – სეპარატისტული რეგიონის „დე-ფაქტო“ ხელისუფლება, ამიტომაც ენგურჰესი თბილისისა და სოხუმის „ერთობლივ საკუთრებად“ ითვლება.

რთული მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსეთისაგან მეტი მოცულობის ელექტროენერგია ეყიდა აფხაზი მომხმარებლებისათვის. მართალია, მინისტრმა კახა კალაძემ ეს ნაბიჯი „აფხაზ თანამოქალაქეებზე ზრუნვით“ განმარტა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ეჭვობს, რომ თბილისმა მხოლოდ კეთილი ნება გამოამჟღავნა: მათი თქმით, რომ ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის მეშვეობითაც საქართველო რუსეთისაგან ელექტროენერგიას იღებს, კოდორის ხეობაზე გადის, ხეობას კი აფხაზეთის ხელისუფლება აკონტროლებს, ანუ ელექტროენერგიის მიღება თბილისს სოხუმთან თანამშრომლობის გარეშე რუსეთიდან გაუჭირდება. როგორც ჩანს, აფხაზებმა ქართველ კოლეგებს გეოგრაფიული რეალიები შეახსენეს, შესაბამისად, საქართველო გარკვეულ კომპრომისზე წავიდა აფხაზეთთან მიმართებით.

პოლიტიკური ბრძოლა და კავკასიური ვნებანი

საქართველოში ბოლო დღეების მოვლენათა მთავარ თემად იქცა თავდასხმა ალექსი პეტრიაშვილზე, რომელიც ყოფილი სახელმწიფო მინისტრია და გავლენიანი ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერი.

ქარტულმა საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში იმდენი უბედურება გადაიტანა, რომ თითქოსდა მას ვერაფერი ვეღარ გააკვირვებდა, მაგრამ სასაფლაოზე, მეგობრის სამარის მოსანახულებლად მისულ ექს-მინისტრზე თავდასხმა მოსახლეობა მაინც შეაშფოთა. ალექსი პეტრიაშვილს ჯერ სამი ტყვით დაჭრეს ფეხებში, შემდეგ კი ხელკეტებით გაუსწორდნენ. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ სამკურნალოდ. მარტალია, დანაშაული ცინიზმით იქნა ჩადენილი, მაგრამ პოლიტიკური სარჩულის დადება ნაკლებად სავარაუდოა: ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციონერი კი არის, მაგრამ ხელისუფლებისათვის რაიმე მნიშვნელოვან პრობლემებს არ ქმნიდა, უფრო მეტიც – იგი მმართველი კოალიციის ლიდერებთან მეგობრობს კიდეც.

არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი პირადულ მომენტებს უკავშირდებოდეს: რამდენიმე თვის წინ ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა ჟურნალისტ ეკა მიშველაძესთან ერთად ახალი ოჯახი შექმნას, მათი წინა ქორწინებებიდან გაჩენილ შვილებთან ერთად. ამიტომაც ქართულ საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ პირადი შურისძიების ვერსია უფრო მეტად ჰგავს სიმართლეს, ვიდრე, ვტქვათ, „პოლიტიკური ვენდეტა“ ან ოპოზიციის დაშინება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მმართველი კოალიციის ყველა ლიდერმა არა მარტო დაგემეს ახალგაზრდა, პერსპექტიულ პოლიტიკოსზე მომხდარი თავდასხმა, არამედ საზოგადოებას დაპირდნენ, რომ დანაშაული მთელი პასუხისმგებლობით იქნება გამოძიებული.

«Saarbrücker Zeitung» (გერმანია), 27 თებერვალი, 2016 წელი

http://www.saarbruecker-zeitung.de/art446603,6079754

შეხვედრა თითქმის 20 წლის შემდეგ

მეგობრული კავშირების განვითარება ვადერნსა და თბილის-ქუთაისს შორის

„მიხეილ ჯანელიძის შთამბეჭდავი კარიერა – სასწავლო გაცვლითი პროგრამაში მონაწილე მოსწავლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრამდე“, – ასე იწყება სტატია, რომელშიც გადმოცემულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის საარის მხარის (საარლანდის ფედერალური მიწის) ქალაქ ვადერნში ჩასვლა და იქაური შეხვედრები, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში (ავტორი – ეროჰ ბრიუკერტი).

ყველაფერი კი ვადერნში არსებული თეატრის ხელმძღვანელის ჰერმან ვედეკინდის საქართველოსადმი სიყვარულს უკავშირდება – მას ხშირად სტუმრობდნენ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის მოღვაწეები… 1996 წელს გაჩნდა იდეა მოსწავლეთა გაცვლის შესახებ. ასე ეწვია ქუთაისელი მოსწავლე მიხეილ ჯანელიძე ვადერნს, სადაც 1996-1997 წლებში ფრიდრიხ ებერტის – ქართველი მოსწავლეების პირველი მასპინძლის ოჯახში ცხოვრობდა და გიმნაზიაში დადიოდა. მოგვიანებით, 2000 წელს ფრიდრიხ ებერტი საქართველოს ჩავიდა და საქველმოქმედო აქცია განახორციელა – ვადერნის ეკლესიის მრევლის დაფინანსებული და გერმანიაში ჩამოსხმული საეკლესიო ზარები ხონის (მათხოჯის) ეკლესიას გადასცა. ფრიდრიხ ბერტმა ხელი შეუწყო აგრეთვე ქუთაისის დედათა და ბავშვთა კლინიკას, სადაც სამედიცინო მოწყობილობები დაიდგა. ქველმოქმედება მომდევნო წლებშიც გაგრძელდა – ჰუმანიტარული  დახმარების სახით: გერმანული წარმოების პროდუქცია ღარიბ ადამიანებს ურიგდება. ქუთაისში მოქმედი ქართულ-გერმანული ცენტრი გერმანული მხარის მნიშვნელოვან პარტნიორია.

34 წლის მიხეილ ჯანელიძე გასული წლის 30 დეკემბრიდან საქართველოს მთავრობის წევრია. გერმანიაში სამდღიანი ვიზიტის დროს იგი პარასკევს საარის მხარის ქალაქ ვადერნსაც ეწვია, ქუთაისში მოქმედი ქართულ-გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილეს ჩარჩოებში.

შეხვედრა ვადერნის გიმნაზიაში გაიმართა, სადაც ქართველ სტუმარს ამ სასწავლო დაწესებულების დირექტორი ელენ კიუნეკე მიესალმა. „ჩვენი სკოლისთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა, რომ მას  უცხო სახელმწიფოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს, თანაც ისეთი, რომელიც ამ სკოლაში სწავლობდა“, – განაცხადა ელენ კიუნეკემ და აღნიშნა, რომ  ახალგაზრდობისას ისიც იყო საქართველოს ტურისტული ჯგუფის წევრის სახით და ფრიად ნასიომოვნები დარჩა ქართველების – თბილი და ტემპერამენტიანი ადამიანების პატივისცემით.

შეხვედრაში მონაწილეობდა ვადერნის ბურგომისტრი (მერი) იოჰან კუტლერი, რომელმაც ქართველი და გერმანელი ხალხების ურთიერთობაზე ისაუბრა და ფრიდრიხ ებერტი, რომელმაც თბილად გაიხსენა ის პერიოდი, როცა ჰერმან ვედეკინდთან ერთად საქართველოში ჩადიოდა ხოლმე (ჰერმან ვედეკინდი 1998 წელს გარდაიცვალა – მთარგმნ. შენიშვნა). „განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო შეხვედრა მიხეილის ბაბუასთან, რომელიც ომში ფაშისტებს  ებრძოდა“, – თქვა ფრიდრიხ ებერტმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საპასუხო გამოსვლაში აღნიშნა გერმანელი ხალხის დიდი წვლილი საქართველოსადმი გაწეულ დახმარებაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან, რომელმაც დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მიხეილ ჯანელიძემ ვადერნის გიმნაზიის ოქროს წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

Comments are closed