globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო სუბიექტებად იშლება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დევიდ კრამერთან: „რუსეთმა ჯავრი შეიძლება საქართველოზე იყაროს»

«Forbes» (აშშ): კიევმა ზღაპრებს არ უნდა დაუჯეროს: ამერიკელი და ევროპელი „რაინდები“ გაჭირვებაში ჩავარდნილ „უკრაინელ პრინცესას“ ვერ უშველიან

———————–

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 29 მარტი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2949977

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო სუბიექტებად იშლება

„საქართველოს პროდასავლურმა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ქვეყნის მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედის, გადაწყვიტა დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რომლის ჩატარება შემოდგომისთვისაა დაგეგმილი. ოფიციალურად ამის თაობაზე განცხადება  მოგვიანებით გაკეთდება, თუმცა, როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, საკითხი უკვე გადაწყვეტილია. რესპუბლიკელები ხაზს უსვამენ, რომ ეს არ ნიშნავს კოალიციის შემადგენლობიდან გამოსვლას ან მათი პარტიის წამომადგენლების მინისტრის პოსტებიდან გადადგომას. ამასთან, რესპუბლიკელთა ასეთი მოქმედება ვერ ანეიტრალებს იმ სერიოზულ დაპირისპირებას, რომელიც კოალიციის შიგნით არსებობს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია რესპუბლიკური პარტიის გეგმები: „კომერსანტის“ მონაცემებით, მართალია, პარტიის ლიდერებმა უკვე მიიღეს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება, თუმცა ამ ეტაპზე კოალიციიდან მათი გამოსვლა არ მოხდება, პარტიის წევრები ასევე შეინარჩუნებენ თანამდებობებს მინისტრთა კაბინეტში და პარლამენტის კომიტეტებში. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები ასეთი სცენარის წინააღმდეგნი არ არიან. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, კარგი იქნებოდა კოალიციის წევრებს არჩევნებში დამოუკიდებლად მიეღოთ მონაწილეობა და როცა ისინი პარლამენტში მოხვდებოდნენ, აი, მაშინ გაერთიანებულიყვნენ. ამ იდეას მხარი დაუჭირეს მმართველი კოალიციის სხვა წევრებმაც, მათ შორის „ლუდის მეფე“ გოგი თოფაძემაც, რომელიც რამდენჯერმე აღმოჩნდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან და მსოფლიო ისტორიაში იოსებ სტალინის როლთან დაკავშირებული სკანდალების ცენტრში.

რესპუბლიკელებმა გოგი თოფაძის იდეების გამო ულტიმატუმი გამოაცხადეს, რომ ისინი დასავლური ფასეულებების მოწინააღმდეგე ასეთ ადამიანთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, თუმცა, როგორც ამბობენ, პროდასავლელი პარტიელები ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ გააღიზიანა, რომელმაც ამ სკანდალის მიმართ, მათი აზრით, ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა, რაც დაუშვებელია ასეთ სიტუაციაში.

რესპუბლიკელთა უკმაყოფილების არანაკლები სერიოზული საბაბი გახდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივა ქორწინების მკვეთრი განმარტების თაობაზე, რომლის თანახმად, ქორწინება მხოლოდ „მამაკაცისა და ქალის კავშირს“ წარმოადგენს. რესპუბლიკელებს შორის ბევრი სსრ კავშირის დროინდელი დისიდენტი და პროდასავლელი ინტელექტუალია და, აქედან გამომდინარე, მათ ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ უფრო ლიბერალური შეხედულებები აქვთ (თუმცა მის დაკანონებას არ მოითხოვენ).

„კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ რესპუბლიკური პარტიის დემარში  მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გარკვეულწილად დაასუსტებს და მას შედარებით უფრო მოწყვლადს გახდის: „სწორედ რესპუბლიკელები ასოცირდებოდნენ პროდასავლური კურსის გამტარებლად და კოალიციასაც ასეთ იმიჯს ისინი უქმნიდნენ“, – განაცხდა „კომერსანტთან“ საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. მისი აზრით, თუ რესპუბლიკელები კოალიციიდან მართლაც გავლენ, მაშინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და „ქართულ ოცნებას“ რუსეთისადმი გადაჭარბებულ სიმპათიებში დაადანაშაულებენ“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 მარტი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/kramer-georgia-russia-nato/3258430.html

ინტერვიუ დევიდ კრამერთან: „რუსეთმა ჯავრი შეიძლება საქართველოზე იყაროს»

ია მეურმიშვილი

ივლისში ნატოს ვარშავის სამიტმა და საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფრონტაცია გამოიწვიოს, – ასე აცხადებს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში დევიდ კრამერი, მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორი ადამიანის უფლებების მიმართულებით. მისი აზრით, 2008 წლის ომი სწორედ ბუქარესტის ნატოს სამიტს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბუქარესტის კომუნიკეში ალიანსმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება, იმ დროს ნატოს წევრებმა  საქართველოს სამოქმედო გეგმა არ შესთავაზეს. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში კი რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ვარშავის სამიტთან ერთად, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც გასათვალიწინებელი ფაქტორია, რადგან რუსეთმა შიდა-პოლიტიკური მდგომარეობა შეიძლება საკუთარი ინტერესების დასაწინაურებლად გამოიყენოს: „ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. შეიძლება მოსკოვს საკუთარი ფავორიტი ჰყავს და თუ კრემლმა ის დაინახა, რომ ამ ძალას საკმარისი პროგრესი არ აქვს, რუსეთი შეიძლება ღიად ან ფარულად ჩაერთოს პროცესებში. ასევე არის მესამე შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა ძალამ – მაგალითად, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ – რუსეთის ინტერვენციის პროვოცირება მოახდინოს“.

ამერიკის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ კონფლიქტების პრევენციის მემორანდუმში დევიდ კრამერი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის გაძლიერება რუსეთის ეკონომიკის სიჯანსაღეზეცაა დამოკიდებული. ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და ნავთობზე რეკორდულად დაბალი ფასების გამო რუსეთის ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა. ეკონომიკური ფონის დამძიმებამ შესაძლოა ქვეყანაში კრემლის მიმართ უკამყოფილება გაზარდოს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსახლეობის ყურადღების გადატანას გარე, პატრიოტულ ფაქტორზე ეცდება. საქართველო ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სამიზნე იქნება.

დევიდ კრამერი საქართველოს უსაფრთხოებას ისეთ საერთაშორისო ფაქტორებსაც უკავშირებს, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში და კრემლის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში. „უკრაინაში რუსეთს გარკვეული გამოუვალი სიტუაცია შეექმნა. პრეზიდენტმა პუტინმა არ იცოდა როგორ გამოსულიყო ამ სიტუაციიდან. ჩემი აზრით, მან სირიაში ჯარი სწორედ უკრაინის ფაქტორის გათვალისწინებით შეიყვანა“, – ამბობს დევიდ კრამერი. მისი აზრით, იგივე სცენარი შეიძლება კვლავ განმეორდეს თუ უკრაინაში ან სირიაში მდგომარეობა დამძიმდა. „ვლადიმირ პუტინმა შეიძლება სცადოს ჯავრი საქართველოზე იყაროს და ამით სხვა მძიმე სიტუაციებზე რუსი ხალხის ყურადღება მოადუნოს“, – მიაჩნია ექსპერტს.

თუმცა ვითარების ინტერპრეტაცია სხვა არგუმენტსაც აჩენს. რუსეთის ფედერაცია უკრაინაში მიღებული შედეგით კმაყოფილია. ამასთან, სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მიერ რუსეთის სამხედრო დახმარებით დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ მიტანილი წარმატებული იერიშების შედეგად პუტინი დღეს თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. ამასთან, რუსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ვლადიმირ პუტინმა რუსეთი იმ სახელმწიფოდ აქცია, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს. „ამ სიმხნევით წაქეზებულმა რუსეთმა შეიძლება იფიქროს, რომ სწორედ ახლაა დრო სხვა მიზნებსაც მიაღწიოს და საქართველოს ნატოსთან დაახლოება კიდევ ერთხელ შეაჩეროს“, – ამბობს დევიდ კრამერი.

კონფლიქტების პრევენციის მემორანდუმში რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის გაძლიერების მხოლოდ შესაძლებლობებია განხილული და ისინი რაიმე სახის პროგნოზს არ აკეთებს. კრამერი ამბობს, რომ მისი ნაშრომის დანიშნულება დასავლეთში პოლიტიკის შემმუშავებლებს მომდევნო თვეების განმავლობაში საქართველოსთვის მეტი ყურადღების დათმობისკენ უბიძგოს, განსაკუთრებით ვარშავის სამიტის მოლოდინში.

რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას საკუთარი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად აღიქვამს და ეს საფრთხე სამხედრო დოქტრინაშიც კი აქვს შეტანილი. შესაბამისად, მოსკოვის მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების ყველა მეთოდით ხელშეშლაა. დევიდ კრამერი ამბობს, რომ „პუტინი რუსეთის ნებისმიერი მეზობლის ევროპასთან დაახლოებას სამეზობლოს პუტინისეული მოდელის წინააღმდეგ მიმართულ გამოწვევად აღიქვამს“ და ყველაფერს გააკეთებს ამ პროცესისთვის ხელის შესაშლელად.

საქართველოს დასავლეთთან დაახლოება და საბოლოო ჯამში, ევრო-სტრუქტურებში გაწევრიანება, თბილისთან ერთად დასავლეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. კრამერი ამბობს, რომ საქართველოს დიდი პროგრესი აქვს, რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა და გამორჩეულად პრო-დასავლურია. დასავლთმა ეს უნდა დაინახოს და დააფასოს.

„საქართველომ ყველას დაანახა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. ახლა, ჩვენი ჯერია საქართველოს სამაგიერო გადავუხადოთ,“ ამბობს კრამერი. საქართველოს დასავლეთში ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც ქვეყნის წარმატება სურთ. კრამერი ამბობს, რომ ნატოს ვარშავის სამიტისა და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად რუსეთიდან მომავალი საფრთხეები იზრდება. გავლენიანი ექსპერტი ამერიკაში პოლიტიკის შემმუშავებლებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის მეტი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდებს.

«Forbes» (აშშ), 26 მარტი, 2016 წელი

http://www.forbes.com/sites/dougbandow/2016/03/25/busted-fantasies-in-kiev-america-and-europe-wont-save-the-ukrainian-maiden-in-distress/#452eeb444cd1

კიევმა ზღაპრებს არ უნდა დაუჯეროს: ამერიკელი და ევროპელი „რაინდები“ გაჭირვებაში ჩავარდნილ „უკრაინელ პრინცესას“ ვერ უშველიან

უკრაინელები დროა გამოვიდნენ ილუზიებიდან, რომ მათ ნაცვლად პრობლემებს დასავლეთი მოაგვარებს და ყირიმს დაუბრუნებს, – წერს აშშ-ის ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალ „ფორბს“-ში პოლიტიკური ანალიტიკოსი დუგ ბენდოუ, რომელიც კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გახლავთ. იგი პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სპეციალური თანაშემწეც იყო პოლიტიკური ანალიზის საკითხებში.

„ბევრი უკრაინელი ელოდება იმ მომენტს, როცა მათ ამერიკა ან ევროპა დაეხმარება და გადაარჩენს… სამწუხაროდ, ვინც იტყვის, რომ ეს ადამიანები მართლაც ფანტაზიებით ცხოვრობენო, არაა გამორიცხული, მას სულელს და პრორუსს, პუტინისტს დაარქმევენ. არადა, უკრაინამ დრო არ უნდა დაკარგოს და მოეშვას  საკუთარი თავის წარმოჩენას, თითქოსდა „პრინცესა გაჭირვებაშია ჩავარდნილი“ და ელოდება, როდის დაეხმარება დასავლეთიდან მისული „თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი“. თუ უკრაინა ასე გააგრძელებს, დიდი რისკისა იმისა, რომ არშემდგარ სახელმწიფოდ გადაიქცევა. დასავლეთმა და უკრაინამ თავიანთი ურთიერთობა რეალური სიტუაციის მიხედვით უნდა განახორციელონ და ილუზიებიდან გამოვიდნენ, მხოლოდ ფაქტების გათვალისწინებით“, – წერს ავტორი.

დუგ ბენდოუს მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი ყირიმს არ დათმობს. გარდა ამისა, კიევმა ყურადღება უნდა მიაქციოს ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობის თვალსაზრისსაც. უკრაინის ხელისუფლებამ სწორედ ყირიმელებს უნდა მოუსმინოს და გაიგოს, რა სურთ მათ კონკრეტულად. ავტორი ეჭვით უყურებს თვითგამორკვევის რეფერენდუმს, რომელიც 2014 წლის მარტში რუსეთის კონტროლით ჩატარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეფერენდუმის შედგები აბსოლუტურად დამახინჯებული და გაყალბებული იყო. „თავისი ისტორიის დიდი ხნის მანძილზე ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაში იყო და თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი ყირიმს კვლავ რუსეთის ნაწილად მიიჩნევს და რუსეთში ცხოვრება სურს, მაშინ მათ სურვილს უიკრაინამ პატივი უნდა სცეს, – აღნიშნავს დუგ ბენდოუ.

გარდა ამისა, დასავლეთს არ აქვს მორალური უფლება უსაყვედუროს რუსეთს, რადგან ხელები ყველას აქვს გასვრილი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ბომბავს, იჭრება და ანაწევრებს სხვა ქვეყნებს ისე, როგორც თვითონ სურს და სრულიად არ ითვალისწინებს ამ ქვეყნების ინტერესებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

„მოკავშირეები რუსეთთან დამოკიდებულებაში კომპრომისზე უნდა წავიდნენ: უნდა განაცხადონ, რომ მოუხსნიან სანქციებს და პირობა დადონ, რომ უკრაინას და საქართველოს ნატოში არ მიიღებენ. მოსკოვმა, თავის მხრივ, საერთაშორისო დამკვირვებლების კონტროლითა და მონაწილეობით ყირიმში რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს, ასევე უნდა მოახდინოს უკრაინის ვალების რესტრუქტურიზება (კიევს მათი გადახდა მაინც არ შეუძლია!), ულაპარაკოდ აღიაროს უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრირება ევროკავშირთან. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სრული უფლება აქვს. მაგრამ კიევმა ერთი რამ მტკიცედ უნდა დაიმახსოვროს: დასავლეთის არცერთი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, მზად არ არის, რომ ბირთვული იარაღის მქონე რუსეთს უკრაინისთვის ომი გამოუცხადოს. „დაივიწყეთ ვაშინგტონის, ბრიუსელის და სხვა ევროპული დედაქალაქების პირფერული პოლიტიკა. უკრაინას დასავლეთისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ მისი გულისთვის რაღაც სერიოზული ნაბიჯი გადადგას ყირიმსა და დონბასში რუსეთის საწინააღმდეგოდ. ყველა მხარის ინტერესებში, კიევის ჩათვლით, უნდა იყოს, რომ თავისი პოლიტიკის გატარების დროს რეალური სიტუაცია გაითვალისწინოს და შეეცადოს მასთან შეგუებას. ამერიკელები და ევროპელები დასახმარებლად არ მოვლენ. ისინი რუსეთს სანქციებით კი არ უნდა დაუპირისპირდნენ, არამედ მასთან ითანამშრომლონ. მსოფლიოში სხვა უამრავი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა მოსაგვარებელი… ორი წელი სრულიად  საკმარისია დასარწმუნელად, რომ სასურველი შედეგი არ არის. ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო უკვე აცნობიერებს, რომ დროა მათ უკრაინის შესახებ რუსეთთან მოილაპარაკონ და წინ წავიდნენ. ვაშინგტონიც და ბრიუსელიც ამ დასკვნამდე უნდა მივიდნენ“.

Comments are closed