globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 29th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ევროპაში უვიზოდ

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო: შენგენში წასვლა უკვე უვიზოდაც შეიძლება

«Каспiй» (აზერბაიჯანი): წახალისება მუყაითობისათვის // საქართველომ უვიზო რეჟიმი დაიმსახურა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველომ ევროპული სტუმართმოყვარეობა იგემა // პირველი უვიზო გასვლა ევროკავშირის ქვეყნებში

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgians-gain-visa-free-travel-to-eu-countries/3784858.html

ევროპაში უვიზოდ

საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიულ დღეს – 28 მარტს, შენგენის ზონაში უვიზო  მიმოსვლის დაწყებიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ავიარესი, ვარშავის ფრიდერიკ შოპენის სახელობის აეროპორტის მიმართულებით განხორციელდა. თითქმის ოთხსაათიანი ფრენის შემდეგ, პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა, პოლონეთის დედაქალაქში პირველი ქართველი მგზავრები ჩაიყვანა. ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ, მხოლოდ საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის გამოყენებით შევიდნენ. ამ რეისის შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნების მიმართულებით კიდევ რამდენიმე გაფრენა შესრულდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან, უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მგზავრები ბუდაპეშტის, სალონიკისა და ლარნაკას მიმართულებით გადაიყვანა.

უვიზო რეჟიმის ამოქმედებით ერთ-ერთმა პირველმა ისარგებლა საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები, მეცნიერებთან, მეწარმეებთან და სტუდენტებთან ერთად ჯერ ათენში, შემდეგ კი ბრიუსელში ჩაფრიდნენ.

საბერძნეთის სახელმწიფო საზღვრის უვიზოდ გადაკვეთის შემდეგ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კერძოდ, ბრძანა: „ჩვენ ვბრუნდებით ევროპულ ოჯახში. ეს დაბრუნება, როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, არის მხოლოდ მომზადება იმისთვის, რომ რიგითმა ქართველმა – სტუდენტმა, ჟურნალისტმა, ბიზნესმენმა, უბრალო მოქალაქემ ევროპის სიახლოვე იგრძნოს. იაფი მოგზაურობა, კარგი სატრასპორტო კავშირები, დღეიდან კი უკვე უვიზო მიმოსვლა – ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცემს საშუალებას რომ ევროპაში მოგზაურობა, ევროპელებთან მეგობრობა და ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გავხადოთ“.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას დაამთხვია ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ლატვიის პრეზიდენტმა. მწვანეთა პარტიის წევრი რაიმონდს ვეიონისი, რომელიც სეიმმა 2015 წელს აირჩია პრეზიდენტად, თბილისში მისი ქართველი კოლეგის – გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. ლატვია ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად აქტიურად ლობირებდა საქართელოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას. 2017 წლის თებერვალში, ევროპარლამენტში ისტორიული კენჭისყრის დროს, რვავე პარლამენტარმა ლატვიიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ისევე როგორც ევროპარლამენტარებმა ესტონეთიდან და ლიტვიდან.

ლატვიის პრეზიდენტმა თბილისში აღნიშნა, რომ „უვიზო მიმოსვლა საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვებს ევროპასთან“. საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება სპეციალური მიმართვით ასევე მიულოცა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ: „დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველები იწყებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. ამიერიდან, ჩვენი სახელმწიფოები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. ეს ყოველივე ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგია. თქვენი ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ, რეგიონისთვის სამაგალითოა. ლიტვა თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით“

2017 წლის 28 მარტამდე, საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს 73 ქვეყანაში შეეძლოთ უვიზოდ შესვლა, მათ შორის, ევროპის ქვეყანა მხოლოდ შვიდი იყო. დღეიდან კი ამ ჩამონათვალს – ევროკავშირის 22 წევრი, 4 – არაწევრი და შენგენის ზონის – 4 კანდიდატი სახელმწიფო დაემატა.

———-

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლის უფლება აქვთ, ინტერნეტით ან საზღვარზევე შეუძლიათ ვიზის აღება

ევროპა – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, ავსტრია, ისლანდია, დანია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მალტა, საბერძნეთი, კვიპროსი, ხორვატია, ანდორა, ვატიკანი, სან-მარინო, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა, კოსოვო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი

აზია – ირანი, ისრაელი, შრი-ლანკა, ინდონეზია, ქუვეითი, ყაზახეთი, უზბეკეთი, კამბოჯა, იორდანია, ყირგიზეთი, ლიბანი, მალაიზია, მალდივის კუნძული, მონღოლეთი, ნეპალი, ტაჯიკეთი, აღმოსავლეთ ტიმორი, ბანგლადეში, კაბო-ვერდე, ლაოსი, პალაუ, ინდოეთი, მიანმარი

აფრიკა - ეგვიპტე, კენია, მადაგასკარი, ბურუნდი, ჯიბუტი, გამბია, მავრიკი, მოზამბიკი, რუანდა, ტანზანია, ტოგო, უგანდა, კომორის კუნძულები, მალავი, სეიშელის კუნძულები, გვინეა-ბისაუ, ზამბია, მავრიტანია, გაბონი, ზიმბაბვე, სან-ტომე და პრინსიპი

სამხრეთ ამერიკა – ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, კოლუმბია, ურუგვაი, ჩილე

ცენტრალური ამერიკა – იამაიკა, პანამა, ნიკარაგუა, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, დომინიკა, გრენადა, ჰაიტი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი

ოკეანეთი – კუკის კუნძულები, მიკრონეზია, სამოა, მარშალის კუნძულები, ტუვალუ.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 29 მარტი, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/features-39417164

საქართველო: შენგენში წასვლა უკვე უვიზოდაც შეიძლება

ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში  მოგზაურობასთან დაკავშირებული მოვლენები – ვიზალიბერალიზების ძალაში შესვლის ფაქტი, პოლიტიკოსთა განცხადებები, კომენტარები და ა.შ. მასალაში განმარტებულია, თუ ვის შეუძლია „უვიზო რეჟიმით“ სარგებლობა,  ევროკავშირის რომელ ქვეყნებში, როგორი ჯარიმა და სასჯელი დაეკისრება მოქალაქეს, რომელიც დადგენილ წესებს დაარღვევს… (ავტორი – ნინა ახმეტელი).

გთავაზობთ ფრაგმენტებს მასალიდან:

„თბილისში აღნიშნავენ, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობა სეპარატისტულ აფხაზეთისა და სამხ.ოსეთის მოსახლეობასაც შეუძლია, მაგრამ ამ ორი რეგიონის დე-ფაქტო მთავრობებმა უარი თქვეს თბილისის წინადადებაზე და განაცხადეს, რომ ვიზალიბერალიზება მხოლოდ საქართველოს ეხება და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებზე არ ვცელდება.

საქართველოს ტურისტული სააგენტოების მონაცემებით, ვიზების გაუქმებამ ევროპულ ტურებზე მოთხოვნათა რაოდენობის ზრდა გამოიწვია და ეს ავიაბილეთების ფასზეც აისახა. აი, რას ამბობს ტურსააგენტო Love Travel-ის მენეჯერი სოფიო ხითარიშვილი: „მოთხოვნები დაახლოებით 35%-ით გაიზარდა და, ალბათ, მომავალშიც მოიმატებს. ამასთანავე, გაიზარდა ფასები ავიაბილეთებზეც, თითქმის 40%-ით“.

ზოგიერთი ქართველის თმით, მათ შეუძლიათ შედარებით უფრო იაფი ბილეთები შეიძინონ – ახლა თუ არა, მოგვიანებით მაინც, რადგან უვიზო რეჟიმი ამის საშუალებას იძლევა და საკონსულო მომსახურების ბიუროკრატიული რეჟიმი წარსულს ჩაბარდა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომელბიც ვიზების გაუქმებას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ პასპორტში ვიზით წასვლა უფრო საიმედო და უსაფრთხო იყო, ახლა კი ვინ იცის, შეიძლება საზღვრიდან უკან დაგაბრუნონო.

ყველაზე პოპულარული მარშრუტი ქართველებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია, რადგანაც იქ წასასვლელად ავიაბილეთები შედარებით იაფია, თუმცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ევროპაში მოგზაურობა, მაღალი ფასებისა და მომსახურების  სიძვირის გამო, ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელი სიამოვნებაა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ყოველთვიური შემოსავალი 2015 წელს 116  დოლარი იყო, ხოლო ოჯახის საშუალო შემოსავალი – თვეში 419 დოლარი.

არის თუ არა მიგრაციის მატების რისკი? ბუნებრივია, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა მიგრაციის მატების რისკებს ზრდის და არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოს ძებნის მიზნით გამოიყენოს. ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეებისათვის ახსნა-განმარტებას ეწევა, რათა მათ იცოდნენ, თუ რა ელოდებათ შენგენის ზონაში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში.

დაეხმარება თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროინტეგრირების გაღრმავებაში? ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზება შეასუსტებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და გაზრდის პროდასავლელთა რაოდენობას. უვიზო რეჟიმი ხომ კონკრეტული და ხელშესახები ფაქტია, რომელიც საკუთარ თავზე შეიძლება იგრძნო“.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 29 მარტი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

წახალისება მუყაითობისათვის

საქართველომ უვიზო რეჟიმი დაიმსახურა

„თავისი თანმიმდევრული, მიზანმიმართული, ერთგული პროდასავლური პოლიტიკის წყალობით, 28 მარტს, მოლდოვას შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ჩვენმა მეზობელმა საქართველომაც მიიღო“, – წერს აზერბაიჯანის რუსულენოვანი გაზეთი «Каспiй» (სტატიის ავტორი – რაუფ ტოფიკოღლუ).

პუბლიკაციას რამდენიმე ქვესათაური აქვს:

ა) „წასვლა-ყოფნის წესები“

სტატიის ამ ნაწილში გადმოცემულია უვიზო რეჟიმის (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით – „ლიბერალური სავიზო რეჟიმის“) მოთხოვნები, ანუ რა უნდა იცოდეს ევროკავშირის შენგენის ზონის სახელმწიფოებში წამსვლელმა საქართველოს მოქალაქემ, რა ვადით შეუძლია მას ევროკავშირში ყოფნა, რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს თან და ა.შ.

ბ) „დამრღვევები დაისჯებიან“.

როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მოქალაქე, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა არ დაარღვიოს და შემდეგ მისი გადაადგილების შეზღუდვა არ მოხდეს? ე.წ. „უვიზო რეჟიმი“ არ გამორიცხავს იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი შეჩერება ან სულაც გაუქმება. სწორედ ამას ემსახურება „შეჩერების მექანიზმი“, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, მიგრაციის დიდი ნაკადის თავიდან აცილების მიზნით, განსაკუთრებით თავშესაფრის მიღების მაძიებელთა საწინააღმდეგოდ. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს ასეთი დამრღვევების მოძებნას და საქართველოში დაბრუნებას (რეადმისიის პრინციპის შესაბამისად).

გ) „საქართველოს ისტორიული დღეები“

საქართველოს ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის აღსანიშნავდ მსხვილ ქალაქებში სამდღიანი საზეიმო ღონისძიებები მოაწყო – კონცერტებით, სატელევიზიო გამოსვლებით, ილუმინაციებით, ფეირვერკებით და ა.შ. მოემზადნენ აგრეთვე აეროპორტებიც. „დადგა საქართველოსთვის ისტორიული დღე. ევროპამ დააფასა ჩვენი მცდელობა, რეფორმების განხორციელება“, – ეს ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას სიტყვებია. იქვე ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს: „აუცილებლად მკაფიოდ უნდა ავღნიშნოთ ერთი გარემოება: რომ არა დევნილი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმები, ქართველებს ევროპასთან უვიზო რეჟიმი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ექნებოდათ“.

რაუფ ორუჯევი იმოწმებს ქართველი ანალიტიკოსის თენგიზ აბლოთიას თვალსაზრისს, რომელიც მას თავის ბლოგში აქვს გამოხატული: „არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია იმის სესახებ, თუ რატომ არ აძლევს ევროპა უვიზო რეჟიმს თურქეთს, რომელსაც მე-15 ადგილი უკავია მსოფლიოში ეკონომიკის მოცულობით და აძლევს საქართველოს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 4 ათასი დოლარია წელიწადში. უვიზო რეჟიმი არ გახლავთ საქართველოს წარმატებების აღიარება, ეს უფრო წახალისებაა ამდენი წლის მცდელობის გამო. აქ ჩვენ რაღაც ღრმა მიზეზები არ უნდა ვეძებოთ. აქ ყველაფერი უფრო ჰგავს იმას, ერთ ძველ საბჭოურ ფილმში რომ არის: „აბა, შეხედე, კაცი წელებზე ფეხს იდგამს და მივცეთ, რა…“. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო დაურალავად ცდილობდა ევროპასთან მიახლოებას და ამ რთული გზიდან ერთხელაც არ გადაუხვევია, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელ მეზობელთან პროდასავლური ორიენტაციის გამო სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მე ორივე ხელით უვიზო რეჟიმის მომხრე ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებთაც ნორმალური ცხოვრება, სწავლა და საქმიანობა სურთ. სწორედ მათი მცდელობის შედეგად შეძლო საქართველომ უვიზო რეჟიმამდე მისვლა და არა რომელიღაც ევრაზიულ კავშირში გაერთიანება, რომელიც ასე სურთ ლუმპენებს. სწორედ ნორმალური ადამიანების წყალობითაა, რომ საქართველო დღეს კანონიერი ქურდების ქვეყანა აღარ არის. საქართველოს მოსახლეობამ უვიზო რეჟიმი სრულიად დამსახურებულად მიიღო. ვიმედოვნებ, ყველაფერი ნორმალურად იქნება“.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 29 მარტი, 2017 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3255257

საქართველომ ევროპული სტუმართმოყვარეობა იგემა

პირველი უვიზო გასვლა ევროკავშირის ქვეყნებში

სტატიაში საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ძალაში შესვლაზე და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე: საზეიმო განწყობაზე, სამთავრობო ღონისძიებებზე, აგრეთვე მოქალაქეტა პასუხისმგებლობაზე შენგენის ზონის წესების დარღვევებისათვის (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 28 მარტს, ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის ქვეყნების დასათვალიერებლად პირადად წაიყვანა სტუდენტები, აგრეთვე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოქალაქეები. საჩვენებელი ექსკურსიისათვის პირველ ქვეყნად საბერძნეთი შეირჩა, რადგან სწორედ ევროკავშირის ამ ქვეყანაშია ყველაზე დიდი ქართული დიასპორა, თანაც უმრავლესობა ნახევარლეგალურად და არალეგალურად ცხოვრობს. შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელს ეწვია, რათა მას პირადად ეთქვა „მადლობა ევროპელი კოლეგებისათვის“, უვიზო რეჟიმის გამო.

თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში, ვიზალიბერალიზებასთან დაკავშირებით. სამი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები იმართებოდა – ბაზრობებით, ცეკვა-თამაშით, კონცერტებით და ფეირვერკ-სალუტებით. როგორც „კომერსანტის“ კორესპონდენტს ქართველმა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუმარტა, „საქართველოს ხელისუფლება ასეთი აქტიურობით ცდილობს უვიზო რეჟიმისაგან მაქსიმალური  პოლიტიკური სარგებლობა მიიღოს… ამიერიდან მმართველი „ქართული ოცნება“ ყოველთვის ხაზს გაუსვამს, რომ უვიზო რეჟიმი საქართველომ სწორედ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო… თუმცა მიხეილ სააკაშვილის პარტიასაც შეუძლია მთავრობას გაახსენოს, რომ სწორედ „ნაციონალებმა“ მოახდინეს დასავლური კურსის ინიცირება თავის დროზე. გავიხსენოთ, რომ ვიზალიბერალიზების საკითხზე საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, როცა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, მმართველი პარტია კი „ნაცმოძრაობა“ გახლდათ“.

სტატიაში განხილულია უვიზო რეჟიმით აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მხრიდან სავარაუდო სარგებლობის საკითხიც. „საქართველოს ხელისუფლებამ სპეციალური ბროშურა მოამზადა აფხაზურ-ოსურ ენებზე უვიზო რეჟიმით სარგებლობასთან დაკავშირებით. ამით თბილისმა მიანიშნა, რომ თუ ორი სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობა მოისურვებს, მათაც შეუძლიათ უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში წასვლა. მაგრამ როგორც „კომერსანტს“ აფხაზმა ისტორიკოსმა გიორგი ანჩაბაძემ განუცხადა (იგი თბილისში ცხოვრობს), „შესაძლოა ქართული პასპორტებით სარგებლობა აფხაზთა მიზერულმა რაოდენობამ მოისურვოს, მაგრამ ზოგადად ეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს“.

თავის მხრივ, დიმიტრი სანაკოევი (იგი სამხრეთ ოსეთის ექს-პრემიერია და ამჟამად ისიც თბილისში ცხოვრობს) ამბობს, რომ „ევროპაში წასასვლელად და ქართული პასპორტის მისაღებად რუსულ პასპორტზე უარს ძალიან ცოტა ოსი თუ იტყვის. ცხინვალში ხალხი ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს და მათთვის ევროპაში მოგზაურობა ძვირი სიამოვნებაა“.

უვიზო რეჟიმი საბიუჯეტო ტურისტებისთვის მისაღები აღმოჩნდა. ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ ბილეთები ევროპულ რეისებზე მთლიანად გაყიდულია. საქართველოს პროდასავლელი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმი ქართველებში ევროპისადმი სიმპათიებს გააძლიერებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში: „თვითონ განსაჯეთ: ქუთაისის აეროპორტიდან ლოუკოსტერით (საბიუჯეტო, იაფი ავიაკომპანიით) ბუდაპეშტში ჩაფრენას მხოლოდ 40 ევრო ჭირდება! იქიდან კი ავტოსტოპით მთელი ევროპის ნახვა შეგიძლია“, – ამბობს  „კომერსანტის’ კორესპონდენტთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. მისი თქმით, როცა ქართველი ახალგაზრდები საკუთარი თვალით ნახავენ ევროპულ ცივილიზაციას, ისინი პრორუსული პროპაგანდით აღარ მოტყუვდებიან“.

სტატიის დასასრულს ავტორი წერს იმ სავარაუდო დარღვევების პროფილაქტიკის შესახებაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება ჩაიდინონ. სწორედ ამიტომ ქართველი მესაზღვრეებმა მიიღეს დირექტივა, რომ საქართველოს აეროპორტებშივე მკაცრად შეამოწმონ ევროპაში წამსველთა დოკუმენტაცია და შეახსენონ მოგზაურობის მსურველთ, რომ ვიზალიბერალიზების წესების დამრღვევებს მკაცრი ჯარიმები და შეზღუდვები ელოდებათ.

———-

გაზეთ „კომერსანტის“ 29 მარტის ნომერში ასევე გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძესთან სატაურით „ევროკავშირში გაწევრიანების ვადებზე წინასწარმეტყველებას ვერ დავიწყებთ“, რომელშიც იგი გაზეთის კორესპონდენტს ოლღა ალენოვას უვიზო რეჟიმთან, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე რუსეთთან ურთიერთობაზე ესაუბრება.

ფრაგმენტები ინტერვიუდან:

„ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან თანასწორუფლებიანი და მეგობრული ურთიერთობა გვსურს, მაგრამ რეალური სიტუაცია აბსოლუტურად სხვაგვარია – გრძელდება საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ ორმხრივ მოლაპარაკებას ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე აბაშიძე-კარასინის ფორმატით, ასევე მნიშვნელოვანია ჟენევის პროცესიც, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებში არანაირი შესამჩნევი წინსვლა არ შეინიშნება. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეკონომიურად განვითარებული, ძლიერი და სტაბილური ევროპული საქართველო კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარანტი იქნება და ეს პირველ რიგში, სასარგებლო თვითონ რუსეთისთვის არის… რაც შეეხება იმას, დაგვეხმარება თუ არა ევროკავშირთან ინტეგრაცია აფხაზეთთან და სამხრეტ ოსეთთან ურთიერთობის დალაგების საკითხში, ცვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. მოლდოვას ექსპერიმენტმა კარგი შედეგი გამოიღო: ათასობით მოლდაველმა, რომლებიც დნესტრიპირეთში ცხოვრობენ, მოლდავური პასპორტები აიღეს. მართალია, ჩვენთან სიტუაცია აბსოლუტურად იდენტური არ არის, მაგრამ ჩვენც უნდა გავხდეთ მიმზიდველნი აფხაზებისა და ოსებისათვის, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს, ადამიანებს შორის კონტაქტებს… და თუ ისინი უვიზო რეჟიმით სარგებლობის მიზნით ოფიციალურად გახდებიან საქართველოს მოქალაქეები, ეს შესანიშნავი იქნება“ (წყარო: http://www.kommersant.ru/doc/3255488).

Comments are closed