globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 29th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად ასამართლებენ

«Lragir» (სომხეთი): სამხრეთ კავკასია – რუსეთის გავლენის სფერო: რა ელოდება საქართველოს?

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 29 აპრილი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2719104

მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად ასამართლებენ

რუსეთის გაზეთი „კომერსანტი“ მკითხველებს აუწყებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული კონსოლიდირებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც მოიცავს 2007 წლის შვიდი ნოემბრის მიტინგის დარბევის ფაქტს და ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა ეპიზოდს  (ავტორი – გიორგი დვალი).

„მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ცნობად მიიღო ის გარემოება, რომ ზოგიერთი განსასჯელი თავს არიდებს პროცესში მონაწილეობას და ამიტომ მათი გასამართლება დაუსწრებლად მოხდება. პირველ რიგში ეს ეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჯამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზეა დანიშნული: კიევმა საქართველოს პროკურატურის თხოვნას მისი ექსტრადირების თაობაზე უარით უპასუხა. ასევე საქართველო უძლური აღმოჩნდა სამშობლოში დაებრუნებინა თავდაცვისა და იუსტიციის ექს-მინისტრები დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი… ამრიგად, რეალურად განსასჯელის სკამზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი და ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი და თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა აღმოჩნდნენ“, -ნათქვამია სტატიაში.

„ეს სწმინდა წყლის პოლიტიკური საქმეა, პროკურატურის მიერ შეთითხნილია“, – აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას პარლამენტის წევრმა ყოფილი მმართველი პარტიიდან („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ხათუნა გოგორიშვილმა. მან გაიხსენა, რომ მიტინგის დარბევაზე „პასუხისმგებლობა თვით პრეზიდენტმა აიღო და თანამდებობიდან გადადგა“, თუმცა მან მოგვიანებით ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში გამარჯვების შედეგად, ხმების 54%-ით, ქვეყნის მეთაურის სავარძელი კვლავ დაიბრუნა.

მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ რვა წლის წინათ მომხდარ მოვლენას სხვაგვარად უყურებენ. დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის აზრით, მიტინგის დარბევაზე ბრძანების გაცემით მიხეილ სააკაშვილი „სრულ პოლიტიკურ არარაობად იქცა და საკუთარი თავის გასამართლება გარდაუვალი გახადა“. „ქართველი ხალხი მას არასდროს აპატიებს იმას, რაც რუსთაველის გამზირზე ჩაიდინა“, – განუცხადა „კომერსანტს“ დავით ბერძენიშვილმა.

ქართველი პოლიტოლოგები ცუდს ვერააფერს ხედავენ იმაში, რომ თვით განსასჯელი სასამართლოს პროცესზე არ ესწრება. „დაუსწრებლად იქნენ გასამართლებულნი უგანდის პრეზიდენტი იდი ამინი, ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იმპერატორი, „კაციჭამიად“ მიჩნეული ჟან-ბედელ ბოკასა“, – აღნიშნა „კომერსანტის“ ჟურნალისტთან საუბარში დიპლომატიური აკადემიის ყოფილმა რექტორმა იოსებ ცინცაძემ. ამასთან მან ისიც განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების აღკვეთაც რომ მიესაჯოს, უკრაინის ხელისუფლება და მისი დასავლელი მეგობრები ექს-პრეზიდენტს საქართველოს ხელისუფლებას მაინც არ გადმოსცემენ“.

«Lragir» (სომხეთი), 28 აპრილი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/41885

სამხრეთ კავკასია – რუსეთის გავლენის სფერო: რა ელოდება საქართველოს?

იგორ მურადიანი

(შემოკლებით)

სამხრეთ კავკასიისთვის, რომელიც ევროპის ნაწილად განიხილება,  გავლენის სფეროდ არსებობის იდეა ახალი არ არის. 1990-იანი წლებიდან ეს რეგიონი აშშ-ისა და ევროპის მიერ მათი, დასავლური სამყაროს ნაწილად მიიჩნეოდა, რისთვისაც საკმაოდ ბევრი არგუმენტები იყო – გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, სამხედრო-ლოჯისტიკური და სხვა. მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, სამხრეთ კავკასიისადმი აშშ-ისა და ნატოს ყურადღების ფოკუსირება უმთავრესად განპირობებული იყო კასპიის ნავთობით და საქართველოს ლტოლვით დასავლეთისკენ, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ინტეგრაციის სურვილით.

აზერბაიჯანის ნავთობის მნიშვნელობა ამჟამად ნაკლებად აქტუალური გახდა, რესურსების თანდათანობითი ამოწურვისა და საერთაშორისო ენერგეტიკული სიტუაციის გამო. საქართველო, რომელიც რუსეთის აგენტურითაა სავსე, უკვე იმას ფიქრობს, რომ რუსეთს არაფრით აწყენინოს. ასეა თუ ისე, ეს ორი ფაქტორი გახდა პრიორიტეტული  სამხრეთ კავკასიისადმი აშშ-ისა და ნატოს უახლეს ხედვებში.

უნდა ითქვას, რომ ავღანეთში ნატოს სამხედრო კონტინგენტის შემცირებამ  სამხრეთ კავკასიის ლოჯისტიკურ მნიშვნელობაზე, რა თქმა უნდა, გავლენა  ნამდვილად იქონია, მაგრამ რა შეიძლება დაინახოს ამერიკამ და ნატომ ამ რეგიონში დღეს და ხვალ, უახლოეს მომავალში?

საქართველოს, რომელიც რეგიონში მარტოა დარჩენილი, არ აქვს იმ სტრატეგიული ამოცანების შესრულების უნარი, რომლებთაც დასავლელი სტრატეგები აყენებენ. ქართულ საზოგადოებაში ოპორტუნისტული პროცესები მიმდინარეობს, ქართული ელიტა კი ძალიან არასაიმედოა დასავლეთის ამოცანებისა და მიზნების შესასრულებლად.

თურქეთის პოზიციის ცვლილებისა და მისი რუსეთთან დაახლოების გამოაზერბაიჯანის როგორც ევროატლანტიზმის პარტნიორი ქვეყნის მდგომარეობა საკმაოდ საეჭვო გახდა. სომხეთმა კი, რუსეთისადმი ვასალური დამოკიდებულების გამო აშშ-სა და ნატოს წინაშე „აგენტურული ქვეყნის და აგენტურული ხალხის“ სახელი დაიმკვიდრა.

ასეთი არაერთგვაროვანი პოლიტიკური მოზაიკის მქონე სამხრეთი კავკასია, რომელსაც ამერიკელები და ევროპელები ყოველთვის ცდილობდნენ მთლიანობაში გაენეხილათ, დღეს დასავლეთისათვის დიდ ყურადღებას არ იმსახურებს. არადა,  დასავლეთის პოზიციის მარცხი დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ დასავლურმა კომპანიებმა  სამხრეთ კავკასიაზე უამრავი თანხა დახარჯეს.

დიახ, დასავლეთის მარცხი თავიდან უნდა იქნეს აცილებული, მაგრამ რას გააკეთებ, როცა თვით დასავლეთში იმას ფიქრობენ, რომ სამხრეთ კავკასია რუსეთს გადაულოცონ გამოსასყიდის სახით, ათი წლით მაინც – სხვა მიმართულებაზე გასაცვლელად.

ამჟამად ბრძოლა მიდის არა იმდენად უკრაინისათვის, არამედ უფრო ევროპის უსაფრთხოებისათვის. ეს ძალიან ძვირად ღირებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთი დნეპრის იქით გადასვლას ვერ მოახერხებს. ყოველ შემთხვევაში, ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრებში უკვე ესმით, რომ რუსებს ხახაში რაღაც უნდა ჩაუდონ და ის „რაღაც“ შეიძლება სამხრეთ კავკასია აღმოჩნდეს.

ამერიკელებს ასევე მშვენივრად ესმით ისიც, რომ რუსეთის გავლენა ყოველ რეგიონში დროებითი მოვლენაა და ხუთი ან ათი წლის შემდეგ  მოვა დრო, როცა რუსეთი კავკასიის ქედის გადაღმა გაიძურწება. ახლა დგება დრო შეფასდეს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა, რომლებიც დასავლურ სამყაროსადმი დაპირისპირებას ცდილობენ.

სამხრეთ კავკასიის რუსეთის გავლენის სფეროში გადაცემა არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი რეგიონზე პასუხისმგებლობას იშორებს. სამხრეთ კავკასია შეიძლება უფრო მეტად მსხვილი გარჩევების არენად იქცეს, მაგრამ არა „რუსულ ჭაობად“. საერთოდ კი, დღეს რეგიონის სახელმწიფოებიდან არცერთი არაა მზად რუსეთან დასაპირისპირებლად, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერის გარეშე რუსეთთან კონფლიქტს არცერთი არ მოისურვებს.

არც ამერიკამ და არც ნატომ უკვე არ იცის, ვისზე შეიძლება ფსონის დადება ასეთი ხისტი კონფრონტაციის პირობებში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ დასავლურ საზოგადოებასთან ურთიერთობაში სამხრეთ კავკასიამ თავისი ფუნქციები დაკარგა.

რუსეთმა, მიიტაცა რა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის ნახევარი, ვერ შეძლო მარიუპოლის ხელში ჩაგდება, ჩიხში აღმოჩნდა და ნატოს ჯარს უკვე შავ ზღვაში და დნეპრთან ხედავს. რუსეთი ასეთი ვითარებიდან როგორღაც აუცილებლად უნდა „გამოძვრეს“, მას დასაკარგი არაფერი აქვს. თუ რუსეთი უკრაინის დასავლეთით სამხედრო შეტევას არ დაიწყებს, ის ისტორიულად წაგებული დარჩება. ერთხელ რუსეთი უკვე შეაჩერეს, მაგრამ რა მოხდება ამჯერად, ვინმემ იცის? ამიტომაც სრულიად მოსალოდნელია ისეთი პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური გარიგება-ვაჭრობა რუსეთთან, რომლის შედეგად მოსკოვს შეექმნება ილუზორული წარმოდგენა, რომ მას არ წაუგია. ვაჭრობის საგანი შეიძლება გახდეს ის რეგიონები, რომლებიც დროთა განმავლობაში რუსეთს მაინც ისედაც ჩამოშორდებიან.

ლოგიკური დაბნეულობიდან გამოსვლის შემდეგ მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის და სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკურ შეტევაზე გადავიდა. არის ჩინეთთან ურთიერთობის განმტკიცებისკენ მიმართული მცდელობები, საუდის არაბეთთან მოლაპარაკება ნავთობის ფასების თაობაზე, იემენის პრობლემის მიმართ რუსეთის პოზიციის გააქტიურება, საბერძნეთის გადაბირება, ფინეთისა და შვედეთის დაშინება, რომ ისინი ნატოში არ გაწევრიანდნენ.

ყველა ეს მიმართულება ძალიან საეჭვოა, მაგრამ რუსეთი ვა-ბანკზე მიდის, რადგან ის კუთხეშია მიმწყვდეული, მას დასაკარგი არაფერი აქვს. დასავლეთისათვის ასეთი სიტუაცია არაჩვეულებრივად მიმზიდველია, რადგან რიგი მიმართელებებით რუსეთი არა მარტო მოწყვლადი იქნება, არამედ უარეს, საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდება.

დასავლეთი ცდილობს რუსეთი სხვადასხვა რეგიონულ სამხედრო კონფლიქტებში ჩაითრიოს, მათ შორის ცენტრალურ აზიაში (ავღანეთის შათვლით), რაც ჩინეთის გააქტიურებას გამოიწვევს და არავინ იცის, როგორ განვითარდება ამ შემთხვევაში ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები. გარდა ამისა, ასევე უცნობია, რა რეაქციას ექნებათ ტრანსეროვნულ ისლამურ კლუბებსა და ორგანიზაციებს, პაკისტანს და საუდის არაბეტს, რომლებთაც ცენტრალურ აზიაში თავიანთი ინტერეს-გეგმები აქვთ. ანალოგიური სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაშიც, რომელიც ცენტრალური აზიის აჩრდილ-რეგიონად განიხილება.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ ადრე ეს გეგმები შემუშავების სტადიაში იყო და აშშ-ის გეგმები ევროკავშირის გეგმებისაგან განსხვავდებოდა, ახლა მათი ინტერესები და გეგმები იდენტურია, ხდება მათი თანხვედრა. მართალია, ოფიციალურად გეგმების არსებობის თაობაზე რაიმე არ გაცხადებულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რეალურად არ არსებობს.

სად გამჟღავნდება და გამოიკვეთება ეს განზრახვები, როგორ სიტუაციაში? ალბათ, ყველაზე მეტად მოსალოდნელია საქართველოში, შემდეგ სომხეთში, ტრანსფორმირებული სახით. მაგრამ მთავარი კონფლიქტი ან მწვავე კონფრონტაცია მოხდება რუსეთსა და თურქეთს შორის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლა ამ გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს.

რუსეთი და თურქეთი დღეს დუბლის სახით არიან დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული, ორივეს შეუძლია ძალების გაერთიანება, თუმცა, როგორც კი სამხრეთ კავკასია მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდება, დასავლეთს იმედი გაუჩნდება, რომ რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების შანსი გაიზრდება.

თუმცა, არაა გამორიცხული შეცდომაც: ჯერ ერთი, რომ დაპირისპირების არენად სეიძლება არა მარტო სამხრეთ კავკასია იყოს, არამედ შავი ზღვაც, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამერიკას და ნატოს შავ ზღვაზე ყოფნის შესუსტება არ შეუძლიათ, რადგან ამ შემთხვევაში უკრაინის მდგომარეობა მოწყვლადი ხდება. ეს უკვე დასავლეთის გეგმების გასაჭირია. საერთოდ კი, დასავლეთმა უნდა იცოდეს: რუსეთი და თურქეთი უდიდესი პოლიტიკური გამოცდილების მქონე სახელმწიფოები არიან და არავის მისცემენ მათ შორის კონფლიქტის ჩამოგდების ნებას რაღაც პროექტების გამო.

ასე რომ, რა ელოდება სამხრეთ კავკასიას, თუ ის რუსეთის გავლენის ზონაში მოხვდება და მას მოსკოვი გააკონტროლებს?

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთი გეოპოლიტიკური გადაადგილება სხვებთან პარალელურად მოხდება, მაგრამ კვლავ იგივე კითხვა: რას იზამს თურქეთი, რომელიც მიხვდება, რომ იზოლაციაში აღმოჩნდა, და რუსეთმა ინიციატივა ხელში აიღო?

ყველა შემთხვევაში, როცა სამხრეთ კავკასია რუსეთის გავლენის სფეროში გადავა, რეგიონს ღრმა ეკონომიკური და სოციალური კატასტროფა ელოდება. აქაური ქვეყნები ანტირუსულად იქნებიან განწყობილნი. უეჭველია, გამწვავდება ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის, ცნობილი რეგიონული კონფლიქტების გამო. იგივე მოხდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რეგიონი ისტორიულ ჩიხში აღმოჩნდება და სამხრეთკავკასიური ქვეყნების ერთადერთი იმედი დასავლეთი იქნება (ალბათ, სომხეთის გარეშე, რადგან ერევანს, აშკარაა, რუსეთის ვასალობის მდგომარეობიდან გამოსვლა არ უწერია). საქართველოს მიმართ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დელიკატური დამოკიდებულება შენარჩუნდება. აზერბაიჯანი თურქეთის პარტნიორია. რაც შეეხება სომხეთს, მასზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან სომხეთი, ფაქტიურად, დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღარ წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია, სცენარის დაწერის მცდელობა, მას არცთუ ბევრი ფაქტურა აქვს, მაგრამ არის სხვა სცენარი? ან თუ არის, რაში გამოიხატება? ვის შეუძლია სხვა სცენარის შემოთავაზება? ალტერნატიული თუ არა, დამოუკიდებელი და დასაბუთებული სახით მაინც? სცენარი, უბრალოდ, მოსალოდნელიც კი არაა.

Comments are closed