globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Ноев ковчег» (რუსეთი): საქართველო თურქეთის გავლენის ქვეშ

«Ноев ковчег» (რუსეთი): აფხაზეთის ეკონომიკა: ანტითურქულ სანქციებსა და რუსულ დახმარებას შორის

———————–

«Ноев ковчег» (რუსეთი), 29 აპრილი, 2016 წელი

http://noev-kovcheg.ru/mag/2016-05/5402.html

საქართველო თურქეთის გავლენის ქვეშ

ვლადიმირ ავატკოვი, თურქოლოგი (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის ცენტრის დირექტორი)

თურქეთის ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მოსვლის შემდეგ ანკარა აქტიურად გადავიდა ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარებაზე, რომლის მთავარი პრინციპია მეზობელი ქვეყნებზე გავლენის მოხდენა. დოქტრინა სახელწოდებით „ნოლი პრობლემა მეზობლებთან“ (რომელსაც თურქულმა პრესამ ირონიულად უწოდა „ნოლი მეზობელი – ნოლი პრობლემა“), თავდაპირველად მიმართული იყო მოსაზღვრე ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებისაკენ, მაგრამ თანდათანობით ამ დოქტრინამ სრულიად სხვა ელფერი შეიძინა, რაც მკაფიოდ ჩანს სირიისა და საქართველოს მაგალითზე.

როგორც აღმოჩნდა, მეზობლებთან „პრობლემების განოლების“ ლამაზი ფირნიშის უკან თურმე თურქეთის ხელისუფლების სწრაფვა იმალება – მშვიდობიანი გზებით (ანუ „რბილი ძალის“ გამოყენებით) გაავრცელოს თავისი გავლენა მათზე, მაგრამ ხშირად მკვეთრი და ხისტი მეთოდებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თურქეთი დაუბრუნდა თავის ტრადიციულ – იმპერიულ და შემტევით – პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის რეგიონებში საკუთარი ინტერისების რეალიზების მიზნით.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება, თურქეთის ხედვით, ერთ-ერთი წარმატებული შედეგია დოქტრინისა „ნოლი პრობლემა მეზობლებთან“. ისარგებლა რა პოსტსაბჭოთა საქართველოს სუსტი პოლიტიკური სისტემით და აიმით, რომ თბილისს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია სურდა, თურქეთი დათანხმდა ერთგვარი ხიდის როლი შეესრულებინა სამხრეთკავკასიური ქვეყნის ინტეგრირებაში ნატოსთან და ევროკავშირთან. მაგრამ რადგანაც თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ „ლამაზი თვალების გამო“ არავინ არავის არ ეხმარება, გაწეული სამსახურისათვის ფასი უნდა გადაიხადო.

საქართველო, რომელიც რუსული „დამღუპველი“ გავლენისა და საერთოდ, რუსეთისაგან, რუსული ინვესტიციებიაგან თავდახსნას ცდილობდა, სიამოვნებით ჩაეხუტა თურქეთს, ანუ იმ სახელმწიფოს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველებს შეუბრალებლად ხოცავდა. ისტორიული ფაქტების საწინააღმდეგოდ, საქართველოში დაწყო ისეთი მითების ჩამოყალიბება, რომ თურქეთი ყოველთვის ქართველების მფარველი და მხადამჭერი იყო, რომ დღევანდელი თურქეთი ძველი ოსმალეთისაგან განსხვავდება და რომ თანამედროვე თურქეთი ევროპული ფასეულობების გამზიარებელ, დასავლური დემოკრატიის მაგალითს წარმოადგენს.

ამ კონტექსტში, საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირების ჩარჩოებში, საქართველო იქამდე მივიდა, რომ მის მთავარ საგარეოეკონომიკურ პარტნიორად და ინვესტორად თურქეთი იქცა: აეროპორტები ფაქტიურად თურქების ხელშია, ქართულ არმიას ბრძოლას თურქები ასწავლიან (ნატოს პროგრამის ფარგლებში), საქართველოს ეკონიომიკაში თურქულ კომპანიების როლი განუხრელად იზრდება. ისმება ბუნებრივი კითხვა: განა ასეთი საგარეოპოლიტიკური და საგარეოკონომიკური დივერსიფიცირების წყალობით საქართველო თავისი სამხრეთ მეზობლის გავლენაში არ ექცევა?

გარდა ამისა, ცალკე თემაა ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოს თურქეთის რესპუბლიკისათვის. საქმე იმაშია, რომ თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის განვითარება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით ხდება, ანუ საქართველო ანკარასა და ბაქოს შორის თითქოსდა ბუფერის ფუქნციას ასრულებს. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი თავისი „რბილი ძალის“ ტექნოლოგიის აპრობაციის მიზნით საქართველოს ერთ-ერთ რგოლად და პლაცდარმად განიხილავს.

თურქეთის სახელმწიფო ინტერესის ძირითად ტერიტორიულ ობიექტს საქართველოში აჭარის ავტონომიური რეგიონი წარმოადგენს და რადგანაც აჭარაში საკმაოდ ბევრი  მუსულმანი ცხოვრობს, რეგიონი შეიძლება თურქული მოდიფიკაციის მქონე ისლამის აპრობირებისათვის იქნეს გამოყენებული. ამ მიზნისათვის თურქები ტრადიციუალდ იყენებენ კერძო ფონდებს, რომლებიც აშენებენ მეჩეთებსა და სკოლებს, რელიგიური თუ კულტურის სფეროს ობიექტებს. ისინი თითქოსდა დამოუკიდებლად მოქმედებენ, მაგრამ სინამდვილეში სახელწიფოს პოლიტიკას ატარებენ. საერთოდ, თურქული სკოლები და [უმაღლესი სასწავლებლები] საქართველოს სხვა რეგიონებშიც არსებობენ – მათი ამოცანა მხოლოდ რელიგიური ადამიანის ჩამოყალიბება კი არ არის, არამედ ახალგაზრდა პროთურქული თაობის აღზრდაა – თაობისა, რომლისთვისაც თურქეთი ორიენტირი და სამაგალითო ქვეყანა იქნება, რომლის მეშვეობითაც საქართველოში თურქეთის მხარდამჭერი პოლიტიკურ-რელიგიური ისტებლიშმენტი შეიქმნება. განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები – ამ ყველაფრის მეშვეობით საქართველოში თურქეთი  თავის მომავალს იქმნის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 25 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა ახალგაზრდა თაობა, რომელიც წესით საკუთარ ძალებს უნდა ეყდნობოდეს, რომელსაც საკუთარი ხედვა უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს წარსულისა და მომავლის მიმართ – ისეთი მომავლისა, რომელიც გარედან თავსმოხვეულ მოდელებზე არ უნდა შენდებოდეს. თურქული მოდელი, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში ინერგება, არ ემსახურება და არც შეიძლება ემსახურებოდეს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ის მხოლოდ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომელიც აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს.

«Ноев ковчег» (რუსეთი), 29 აპრილი, 2016 წელი

http://noev-kovcheg.ru/mag/2016-05/5403.html

აფხაზეთის ეკონომიკა: ანტითურქულ სანქციებსა და რუსულ დახმარებას შორის

სტატიაში განხილულია თურქულ-აფხაზური ურთიერთობების წარსული, აწმყო და პერსპექტივა: „რამდენიმე ასეული წლის განმავვლობაში აფხაზეთში არსებული სიტუაცია ბევრად განისაზღვრებოდა მისი მდებარეობით რუსეთს (რუსეთის იმპერია, სსრ კავშირი) და თურქეთს (ოსმალეთის იმპერია) შორის. აფხაზეთი იყო როგორც განხეთქილების ვაშლი, ასევე ბუფერი და ხიდი ორი ერთმანეთის მტრულ იმპერიებთან მიმართ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი – ალექსანდრ სკაკოვი).

„საბჭოთა კავშირის დაშლისა და სამხრეთ კავკასიაში განვითარებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფონზე, განსაკუთრებით კი 1993 წლიდან, თურქულ-აფხაზურ კავშირებს არაოფიციალური ხასიათი ჰქონდა. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ მე-19 საუკუნის კავკასიური ომების შემდეგ თურქეთში (ოსმალეთში) საკმაოდ ბევრი აფხაზი იძულებით თუ საკუთარი ნებით გადასახლდა (მუჰაჯირტა რაოდენობა 150-დან 800 ათასამდე მერყეობს). მიგრაციის ტალღაში დიდი როლი შეასრულა როგორც რუსეთის არმიის სამხედრო ოპერაციებმა, ასევე ოსმალეთის იმპერიის დაპირებებმა კავკასიელების მიმართ.

გადასახლებულთა ნაწილმა ასიმილირება განიცადა, ნაწილი კი თავის თავს კვლავ აფხაზურ ეთნოსთან აიგივებს და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს არ კარგავს. ისინი აფხაზეთის დამოუკიდებლობის პირველ წლებში ცდილობდნენ თავიანთ ნახევრად აღიარებულ რესპუბლიკისათვის „საგარეო „სარკმელი“ გაეღოთ, ეს იყო ანკარის ერთგვარი “ჩრდილოვანი პოლიტიკა“. თუმცა, კაცმა რომ თქვას, თურქეთის სახელმწიფოსათვის აფხაზეთთან ურთიერთობას რაიმე მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონია, მით უმეტეს, თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა. ამასთან, ვერც იმას ვერ ვიტყვით, რომ ანკარისათვის სოხუმთან ურთიერთობა მხოლოდ ფორმალური ხასიათით გამოიხატებოდა. მთავარი მიმართულება იყო კულტურული და ეკონომიკური კონტაქტები: თურქეთში თავის დროზე ბევრი აფხაზი პოლიტიკოსი იყო ჩასული (პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბათი დაწყებული) და კონტაქტები არასოდეს გაწყვეტილა: 1990-იან წლებშიც კი, მართალია, შავ ზღვაზე თურქეთსა და აფხაზეთს შორის სამგზავრო მიმოსვლა არ იყო, მაგრამ „ჩრდილოვანი“ ვაჭრობა ვითარდებოდა. თურქეთი თანდატან იქცა აფხაზეთის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად…

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებამ და ეკონომიკური სანქციების დაწყებამ აფხაზეთი გამოცდის წინაშე დააყენა. ამასთან დაკავშირებით ერთნი ამბობენ, რომ რადგანაც თურქეთის საგარეო პოლიტიკაში აფხაზური ვექტორი არ არსებობს, ორი ქვეყნის ურთიეღთობაზე საუბარს აზრი არ აქვს; მეორენის თქმით, თუ აფხაზეთ-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობების სეზღუდვა დიდხანს გაგრძელდება, ეს აფხაზების გაღატაკებას გამოიწვევს და რესპუბლიკაში ცხოვრების დონეს დაბლა დასწევსო. თავის მხრივ, ამჟამად, ვერც თურქეთი ვერ გააქტიურდება, რადგან მისი მთავარი ყურადღება ახლა ანკარა-თბილისი-ბაქოს ღერძის შექმნისკენაა მიმართული, რომელიც ბუნებრივია, მოსკოვ-ანკარის დაპირისპირების გამო, სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით, მტრული უნდა იყოს (აფხაზები და ოსები ხომ პრორუსები არიან!). თუმცა ანკარისათვის ძნელი იქნება თბილისის წაქეზება იმისათვის, რომ ქართველებმა კვლავ ომი დაიწყონ პრორუსების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა აფხაზეთის დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტითურქული სანქციების გამოცხადების ფონზე. ფაქტიურად აღარ არის თურქული საქონელი, პროდუქტები, შეჩერებულია თურქული კომპანიების მოქმედება, მაგრამ შედარებით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას: თურქები აფხაზეთში რუსეთიდან შედიოდნენ და ახლა როცა რუსეთმა უვიზო რეჟიმი გააუქმა, თურქეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც თავს აფხაზებად მიიჩნევენ, ისტორიულ სამშობლოში შესვლა შეიზღუდა. ბევრ მათგანს ხომ ბიზნესის დაწყება ჰქონდა განზრახული. ანუ ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის მიერ გამოცხადებული ანტითურქული სანქციებით თურქეთის ეკონომიკას არაფერი არ მოუვა, აფხაზეთისა კი დაზარალდება. „რასაკვირველია, არსებობს საპირწონე – რუსეთის დახმარება აფხაზეთისადმი. ამასთან, უნდა ითქვას, რომ თავის დროზე აფხაზური საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებდა რუსეთთან დადებულ პარტნიორობისა და სტრატეგიული მომკავშირეობის ხელშეკრულებაზე, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს იყო ზედმეტი ნდობა და ზედმეტი იმედი. გარდა ამისა, დოკუმენტის რეალიზებას ხელს უშლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი, დაძაბული საერთაშორისო სიტუაცია. შესაბამისად, რუსეთის შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამ პირობებში აფხაზეთის ხელისუფლება, საბიუჯეტო შემოსავლების მატების მიზნით, ცდილობს არასტანდარტული ეკონომიკური გადწყვეტილებები მიიღოს, „და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს: კორუფციასთან ბრძოლის შედეგად, მკაცრი საგადასახადო პოლიტიკისა და დამატებითი გადასახადების შემოღების წყალობით, 2015 წლის შემოსავლები 2014 წლისაზე მეტი აღმოჩნდა“. სამომავლოდ, ხელისუფლებას განზრახული აქვს გადასახადი დააწესოს მანდარინის გატანაზე, თხილის ექსპორტზე (გალის რაიონიდან), თუმცა სოხუმმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ გადასახადები მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. როგორც ოპოზიცია აცხადებს, „გლეხის ჯიბეში ხელების ფათური ქარხანა-ფაბრიკის აშენება არ არის“.

საბოლოო ჯამში, აფხაზეთის ხელისუფლების ძალისხმევითა და აფხაზური საზოგადოების „სიმტკიცის რეზერვის“ წყალობით, რესპუბლიკაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება არ მომხდარა, თუმცა, ბუნებრივია, გაუმჯობესებაც არ შეიმჩნევა. ამ ფაქტორმა კი არ შეიძლება ოპოზიციური განწყობების ზრდა არ გამოიწვიოს, განსაკუთრებით რუსული ფინანსური ინექციების დაყოვნება-შემცირების პირობებში“.

„2016 წელს აფხაზეთის ეკონომიკას წინ რთულ სიტუაცია ელოდება. რესპუბლიკა ისეთ მდგომარეობაში იქნება, როცა ის იძულებულია კი არ განვითარდეს, არამედ გადარჩეს“, – ხაზგასმულია სტატიაში.

Comments are closed