globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 29th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«El Pais» (ესპანეთი): ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, რეგიონი კატასტროფას თავიდან აიცილებს“

«Newsweek» (აშშ): „მაშინ, როცა არავინ უყურებს, პუტინი სამხრეთ ოსეთს შთანთქავს”

«Независимая газета» (რუსეთი): სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის არმიის ნაწილი გახდება

«РИА Новости – Украина» (უკრაინა): ისტორიკოს ალექსანდრე კვიტაშვილის მიერ რეფორმირებული უკრაინული მედიცინა

———————-

«El Pais» (ესპანეთი), 29 მაისი, 2015 წელი

http://internacional.elpais.com/internacional/2015/05/22/actualidad/1432305492_900620.html

http://www.inopressa.ru/article/25May2015/elpais/georgia.html

ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, რეგიონი კატასტროფას თავიდან აიცილებს“

ესპანურ გაზეთ El Pais-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინათ, მისი ესპანეთში ვიზიტის დროს ჩაიწერა. მასში ქართველი პოლიტიკოსი ძირითადად საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ვექტორებზე, გამოწვევებსა და საფრთხეებზე საუბრობს. ბუნებრივია, საკითხი ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პრობლემატიკას.

როგორც დავით უსუფაშვილი აღნიშნავს ესპანელ ჟურნალისტ მარია სოსა ტროიასთან საუბარში, მოსკოვს განზრახულია აქვს  კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი გავლენის სფერო და ხელში ჩაიგდოს ის კავკასიური დერეფანი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას „არმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, ხომ არ ნიშნავს ეს ქართველთა იმედგაცრუებას, ან პირიქით – ოპტიმიზმს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილი პასუხობს: „ჩვენ რეალისტები ვართ. ვიცით, რომ ყველა სურვილისა და ოცნების ასრულება ერთბასად შეუძლებელია. უკრაინის კონფლიქტმა საერთაშორისო თანამეგობრობის პრიორიტეტები შეცვალა. ჩვენ გვესმის, რომ მთავარი ამოცანა რუსეთის შეჩერებაა. აქედან გამომდინარე, ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოება, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული ასპექტები სამომავლოდაა გადადებული. ჩვენთვის ახლა მთავარია დავინახოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაფიო სტრატეგია აქვს აგრესორი სახელმწიფოს – რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. ეს ჩვენთვის ნომერი პირველი პრიორიტეტია“.

შეკითხვაზე, თუ რამდენად ადექვატურია ევროკავშირის რეაქცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, დავით უსუფაშვილი პასუხობს, რომ „ევროკავშირი ახლა უფრო უკეთესად რეაგირებს, ვიდრე 2008 წელს, როცა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა“, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ „ეს რეაქცია მაინც არასაკმარისია, რადგან გადაწყვეტილებებს მიღება ჭიანურდება“. საქართველოს პარლამენტის სპიკერის თქმით, „თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დააჩქაროს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზეც“.

„თქვენი აზრით, არის თუ არა რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ამას წინათ ხელმოწერილი შეთანხმებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები/“, – ეკითხება ესპანელი ჟურნალისტი დავით უსუფაშვილს, რომელზედაც ქართველი პოლიტიკოსი პასუხობს:

„საქართველო მუდმივ საფრთხეში იმყოფება იმ დროიდან, როცა რუსეთისაგან დამოუკიდებელი გახდა. მას შემდეგ მოსკოვი ჩვენს ტერიტორიაზე გავლენის განხორციელებას ცდილობს. ამჟამად ეს მცდელობები უფრო გააქტიურებულია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ  რუსეთი უკრაინის კუთვნილი დონბასისა და ყირიმის ხელში ჩაგდებით გაჩერდება. რუსეთი არ გაჩერებულა არც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლებით. მოსკოვს სურს მიიერთოს სომხეთი, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული. ევროპა-აზიის დამაკავშირებელ 60-კილომეტრიანი დერეფანს თუ რუსეთი ხელში ჩაიგდებს, მაშინ ის ორ კონტინენტს შორის ყველაფერს გააკონტროლებს. ამიტომაცჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში პოზიტიურ როლს შეასრულებს [რუსეთის შეკავებაში]. ამის წყალობით არა მარტო საქართველო, არამედ მთელი რეგიონი გადაურჩებოდა კატასტროფას“.

ჟურნალისტმა პარლამენტის სპიკერს საზოგადოებრივი განწყობა შეახსენა: „ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ქართველთა 31% უპირატესობას ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ანიჭებს, ვიდრე ევროკავშირში. რას იტყოდით ამის თაობაზე?“.

დავით უსუფაშვილის თქმით, „მე ამ გამოკითხვის შედეგებს ეჭვის თვალით ვუყურებ. იცით, ქართულ ენაზე ტერმინები „ევროპული კავშირი“ და „ევრაზიული კავშირი“ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. აი, პირდაპირ რუსეთთან ინტეგრირებაზე რომ დასმულიყო შეკითხვა, პასუხი სრულიად სხვაგვარი იქნებოდა. [სხვათაშორის, ნიშანდობლივია, რომ] არჩევნებზე პრორუსული პარტიები ხმების დაახლოებით 5-10%-ს იღებენ“. მან იქვე დაუმატა, რომ „ბევრი ქართველისათვის რუსეთთან და ევროკავშირთან დაახლოების პროცესი ურთიერთგამომრიცხავია“.

«Newsweek» (აშშ), 29 მაისი, 2015 წელი

http://www.newsweek.com/while-no-one-looking-putin-swallows-south-ossetia-335724

მაშინ, როცა არავინ უყურებს, პუტინი სამხრეთ ოსეთს შთანთქავს“-

აშშ-ის ყოველკვირეულ ჟურნალ Newsweek-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია ციურიხელი (შვეიცარია) პოლიტოლოგი ქეით მაკენზი, განხილულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემატიკა ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ მაგალითზე. გარდა ამისა, მასში მოცემულია ევროკავშირის სავარაუდო როლი მოსკოვ-თბილისის ურთიერთდამოკიდებულებაში.

„მაშინ როდესაც დაახლოებით ორი თვის წინ მედია დაკავებული იყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წლისთავის გაშუქებით, რუსეთმა საკუთარი ტერიტორია გაიფართოვა.
18 მარტს რუსეთმა მოსახლეობის რაოდენობა 50 000-ით, ხოლო ტერიტორია 3 900 კილომეტრით ეფექტურად გაზარდა. ეს ზრდა მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების გაფორმების შედეგია, რომელსაც რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა მოაწერეს ხელი”, – აღნიშნულია სტატიაში და იქვე მოყვანილია ვლადიმერ პუტინის გამონათქვამიც: „ორ ქვეყანას შორის ერთობლივი თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცე შეიქმნება, ჩვენი საბაჟო სამსახურები გაერთიანდება და ჩვენს მოქალაქეებს შორის სასაზღვრო მიმოსვლა თავისუფალი იქნება“.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, იყო თუ არა ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთისთვის პოლიტიკური დავალება, რომელიც კრემლმა გასცა. ამის ეჭვებს ბადებს უთანხმოების ის ფაქტი, რომელიც დოკუმენტის ხელმოწერამდე სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტში დეპუტატებს შორის არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

“სამხრეთ ოსეთის ბევრი მცხოვრების მიერ საქართველოს მიმართ არსებული შიშიდან გამომდინარე, რუსეთის, როგორც დამცველის არჩევის უდიდესი სარგებელი ნათელია, რომ არის უსაფრთხოება. 2008 წლის კონფლიქტმა რეგიონში რუსეთის ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინა”, – წერია სტატიაში.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ცხინვალსა და მოსკოვს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმებისა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებისა, ევროკავშირს ქართველებისთვის ხელშესახები სარგებლის მინიჭების გადაწყვეტილება არ მიუღია, როგორიცაა, მაგალითაც, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში.

სტატიის ავტორს მოჰყავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორის, პოლიტოლოგ გია ნოდიას გამონათქვამი, რომლის თანახმად, „ბევრი ქართველი მიიჩნევს, რომ  ევროპა სუსტია და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ვლადიმირ პუტინი კი გამბედავ კაცს ჰგავს, რომელსაც თავისი გზა მტკიცედ აქვს არჩეული, შესაბამისად, მოქალაქეები ფიქრობენ – განა რა უპირატესობა აქვს ევროპას? იქნებ სისულელეა რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა?“.

«Независимая газета» (რუსეთი), 29 მაისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/armies/2015-05-29/1_osetia.html

სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის არმიის ნაწილი გახდება

„შესაზლოა უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არმია რუსეთის 58-ე არმიასთან გაერთიანდება, რომლის შტაბი ვლადიკავკაზშია დილოცირებული. ეს მოხდება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში სარატიფიკაციოდაა წარდგენილი. ცხინვალმა მისი რატიფიცირება უკვე განახორციელა“, – აღნიშნულია „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ვლადიმირ მუხინი).

როგორც რუსეთის 58-ე არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გურულევი აცხადებს, „ხელშეკრულების თანახმად, სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის არმიასთან ერთიანდება, მათ ერთნაირი მომზადება და ამოცანები აქვთ… დღეს სამხრეთ ოსეთის მტავარი ამოცანაა არ დაუშვას მოწინააღმდეგი მიერ რესპუბლიკის ტერიტორიის ხელში ჩაგდება. ამ ამოცანას სამხრეთ ოსეთის შეირაღებულ ძალებთან ერთად, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაც ასრულებს, რომელიც ცხინვალთანაა დისლოცირებული“. მართალია, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები მცირერიცხოვანია და თუ რუსეთისას შევადარებთ, ოსეთის მთელი არმია მხოლოდ ერთ რუსულ სამთო-მსროლელ ბრიგადას უდრის თავისი სამი ტანკითა და 30-მდე ჯავშანმანქანით, მაგრამ, ანდრეი გურულევის თქმით, ეს ხელს არ უშლის რესპუბლიკას მნიშვნელოვანი ამოცანები გადაჭრას, მაგალითად, საზღვრების დაცვის სფეროში.

„რუსეთის უახლეს სამხედრო ისტორიაში მსგავსი სამხედრო ინტეგრაციის ფაქტი ჯერ არცერთ ქვეყანასთან არ მომხდარა. არაა გამორიცხული, რომ ეს მოვლენა არა მხოლოდ მოსკოვ-ცხინვალისთვის იქნება მნიშვნელოვანი, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა თავდაცვითი სივრცისათვის“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში ავტორს მოჰყავს გენერალ-ლეიტენანტ იური ნეტკაჩევის თვალსაზრისიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ამიერკავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების სარდლის მოადგილე. „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას ამიერკავკასიაში, შემცირდება რუსეთის მატერიალური დანახარჯები, ოსი ბიჭები რუსეთის არმიაში იმსახურებენ, მაგრამ თავიანთ ტერიტორიაზე. აღარ იქნება აუცილებელი რუსი ჯარისკაცების როტაცია და ასე შემდეგ“. იური ნეტკაჩევი აღნიშნავს, რომ თავდაცვის საერთო სივრცის შექმნის თითქმის იგივე სქემა რეალიზდება აფხაზეთთანაც, თუმცა „აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს ავტონომიური სტატუსი რჩებათ“.

ამრიგად, 102-ე სამხედრო ბაზასთან ერთად, რომელიც სომხეთში ადისლოცირებული, რუსეთი მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის სამხედრო დაჯგუფებას სამხრეთ ოსეთშიც: „რასაკვირველია, ეს აგრესიულ აქტად არ უნდა იქნეს მიჩნეული“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი ვლადიმირ პოპოვი. მისი თქმით, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია „სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და განიხილება როგორც საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი სავარაუდო აგრესიის შემაკავებელი ფაქტორი. აქ იგულისხმება აგრეთვე ის ქვეყნებიც, რომლებთაც ამ რეგიონში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული გეგმები აქვთ“.

«РИА Новости – Украина» (უკრაინა), 29 მაისი, 2015 წელი

http://rian.com.ua/analytics/20150528/368199835.html

ისტორიკოს ალექსანდრე კვიტაშვილის მიერ რეფორმირებული უკრაინული მედიცინა

ანტონ სტეპანოვი, კიევი

უკრაინაში ბოლო ხანს პოლიტიკური და სოციალური ექსპერიმენტები მომრავლდა, მაგრამ ნოვატორ-მინისტრების მიერ შემოთავაზებული პროექტები ხშირად წინასწარ უკვე ჩაშლისთვისაა განწირული. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილმა ოთხშაბათს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე კანონპროექტები წარმოადგინა, რომელთა მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებს ავტონომიური მართვის უფლებები ეძლევათ: საავადმოყოფოებსა და პოლიკლინიკებს თვითონ ექნებათ საკუთარი ფინანსების განკარგვის შესაძლებლობა, თვითომვე შეიმუშავებენ გეგმებს. იცვლება მედიცინის მუშაკების შრომის ამაზღაურების პრინციპიც: ფიქსირებულ ხელფასს მომსახურების გაწევის დროს გადახდილი თანხა შეცვლის. უქმდება აგრეთვე ე.წ. „ერთი საწოლის“ დაფინანსება.

ამ კანონპროექტებმა პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის მოწონება დაიმსახურა. ცხადია, რომ ეს ასეც იქნებოდა: მისთვის ყველაფერი კარგია, სადაც ნაკლები ფული იხარჯება. გარდა ამისა, მას ყველაფერი საბჭოური – გინდაც უფასო სამედიცინო მომსახურება და გინდაც შრომის ანაზღაურების წესი – საშინლად სძულს. მოკლედ, მთავრობამ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პრინციპები მოიწონა და ახლა ჯერი პარლამენტზეა.

მაგრამ მინისტრთა კაბინეტის მიერ მოწონებული რეფორმა შესაძლოა პროფილურ სპეციალისტებს არ მოეწონოთ. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების უმრავლესობა დარწმუნებულნი არიან: ისტორიკოს ალექსანდრე კვიტაშვილის მიერ წარდგენილი პროგრამა და მისი დანერგვის მექანიზმები იმაზე მოწმობს, რომ „ქართველი სტუმარი“ არაპროფესიონალია. დიპლომატიურად შეიძლება ასე ითქვას: „უკრაინა საქართველო არ არის და არც ისტორიაა მედიცინა“.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრი იგორ შურმა ამბობს, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულების ერთმანეთთან გათანაბრება არ შეიძლება, რადგან ისინი განსხვავდებიან ტექნიკური აღჭურვილობისა და პროფესიონალიზმის დონით (მაგალითად, კიევისა და ივანო-ფრანკოვსკის საავადმყოფოები).

იგორ შურმას პოზიციას იზიარებს ვერხოვნა რადას წევრი და ჯანდაცვის კომიტეტის ექს-ხელმძღვანელი ტატიანა ბახტეევა: „რომელ წარმატებულ რეფორმაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა ჯანდაცვის მინისტრს და მისი მოადგილეს სამედიცინო განათლება არ აქვს? კი, გასაგებია, რომ კვიტაშვილს მართვის გამოცდილება აქვსო, მაგრამ ნახევარი წლის განმავლობაში თავისი გამოცდილება რით გამოავლინა? მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მის მიერ წარდგენილი კანონპროექტები კი მხოლოდ პრეზენტაცია იყო და მეტი არაფერი. გაისმის ხმები უფასო სამედიცინო მომსახურების გაუქმების შესახებ, მაგრამ ჩინოვნიკებმა უნდა იცოდნენ: უბრალო უკრაინელი მოქალაქე ამას ვერ გაუძლებს. გარდა ამისა, რას უშვრებით კონსტიტუციას, სადაც უფასო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაა ჩაწერილი?“.

ჯანდაცვის ე.წ. რეფორმის მიმართ შეშფოთებას გამოხატავენ თვით მედიცინის სფეროს მუშაკებიც. უკრაინის ეროვნული სამედიცინო პალატის თავმჯდომარე სერგეი კრავჩენკო თვლის, რომ უკრაინაში იმ რეფორმების გატარება, რომლებიც სხვა ქვეყნების რეალურ სიტუაციაზე ადაპტირებული, შეუძლებელია. „ალექსანდრე კვიტაშვილი ჩვენ მაღალი კლასის სპეციალისტად წარმოგვიდგინეს, მაგრამ ყველაფერი პროფანაცია აღმოჩნდა. ნუ დაგვავიწყდება ის, რომ მისი პროგრამა განვითარებულ ქვეყნებზეა ადაპტირებული და უკრაინას არ მიესადაგება.. ქართველმა მინისტრმა, როგორც ჩანს, არ იცის, რომ უკრაინის მოსახლეობის 45% სოფლად ცხოვრობს, ხოლო მოწინავე ქვეყნებში სოფლის მოსახლეობა მხოლოდ 3-5%-ია. ჰოდა, სოფელს თავისი ცხოვრება აქვს, იქ გლეხი ექიმს წელიწადში ერთხელ ხედავს, ისიც ტელევიზორში, როცა დენს ჩაურთავენ. ჩვენს ჯანდაცვაში ხშირად ამბობენ, რომ აი, საქართველოში რეფორმა წარმატებული აღმოჩნდაო, მაგრამ უკრაინაში სხვა ქვეყნის გამოცდილების დანერგვა, რომელსაც სრულიად განსხვავებული პირობები აქვს, შეუძლებელია“.

სერგეი კრავჩენკოს აზრით, ფასიანი სამედიცინო მომსახურების შემოღებით ჯანდაცვის მინისტრი ყოველი უკრაინელის მტერი ხდება. „იმის ნაცვლად, რომ მინისტრი სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის დონეს ებრძოლოს (უკრაინას ამ მხრივ მსოფლიოში თითქმის პირველი ადგილი უკავია), ალექსანდრე კვიტაშვილი ტარიფებსა და ფასიან მომსახურებაზე ფიქრობს. ასეთ სიტუაციაში ალექსანდრე კვიტაშვილი აპრიორულად ხდება ყოველი უკრაინელი რიგითი მოქალაქის მტერი. მე, როგორც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ვამბობ, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.

მთლიანობაში, სერგეი კრავჩენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინის ჯანდაცვის პრობლემები უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ამ სფეროში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13% უნდა დაიხარჯოს. აი, ამ დროს განხორციელდება რეფორმა! ბელარუსი და ყაზახეთი დიდი ხანია ამ სისტემაზე გადავიდნენ და პრობლემები მოაგვარეს. უკრაინაში კი ამაზე არავინ ზრუნავს“.

———-

როგორ მიმდინარეობს რეფორმები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელთა განხორციელებაც მინისტრის ქართველმა მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ ითავა?

28 მაისს უკრაინულ მასმედიაში გამოქვეყნდა შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის ინტერვიუ, რომელშიც იგი ამ უწყებაში მიმდინარე რეფორმებზეც საუბრობს:

„უკრაინის პოლიციის რეფორმირებული ნაწილის „ახალი პოლიციელების“ ხელფასი დაახლოებით 8 ათასი გრივნა იქნება, „ძველებისა“ კი 3 ათასი და ისინი შურით დაუწყებენ ცქერას თავიანთ კოლეგებს“, – ამბობს ინტერვიუში მინისტრი და ქართულ გამოცდილებაზეც საუბრობს: „არსებობს მითი, რომ საქართველოში მომენტალურად ყველა პოლიციელი გაათავისუფლეს, შემდეგ ასევე უცებ ახლები დანიშნეს და ზღაპრულად ცხოვრება დაიწყეს. ეს ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია. საქართველოში პოლიციის რეფორმას ხუთი წელი დაჭირდა და მხოლოდ მესამე წელს მიაღწია სისტემამ გარკვეულ ბალანსს. ჩვენთან ხულთლიანი რეფორმის გატარება ვერ მოხერხდება, რადგან საზოგადოება აქ უფრო მეტადაა „გადახურებული“, ვიდრე საქართველოში იყო. ამიტომაც ჩვენი ამოცანაა „გარდატეხა“ მოკლე დროში, რაღაც წელიწადნახევარში მოვახდინოთ. შეიძლება ამ დროში თავისუფლად ჩავტეულიყავით, სიტუაციაში ომი რომ არ ჩარეულიყო. ომმა ჩვენი ყურადღება სხვა პრობლემებზე გადაიტანა, პოლიციას სხვა ფუნქციებიც გაუჩნდა, იძულებული ვიყავით მოხალისეთა ბატალიონები შეგვექმნა… ამან, რეფორმის გატარების თვალსაზრისით, უკან დაგვწია“, – ამბობს არსენ ავაქოვი.

წყარო: http://news.liga.net/interview/politics/5866274

Comments are closed