globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 29th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ლუკ კოფთან: „თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება ის გზავნილია, რასაც ერთ დღეს ალიანსში საქართველოს წევრობა მოჰყვება“

«Новое время» (აზერბაიჯანი): ნატოს მიზანი სამხრეთ კავკასიაში – მხოლოდ გეოპოლიტიკური ყოფნა

«Независимая газета» (რუსეთი): სამხრეთ კავკასიაში „პირველი რესპუბლიკების დღე“ იზეიმეს: საქართველოს, სომხეთისა და აზერებაიჯანის პრობლემები

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 28 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/luke-coffey-interview-nato-pa/3873741.html

ინტერვიუ ლუკ კოფთან: „თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება ის გზავნილია, რასაც ერთ დღეს ალიანსში საქართველოს წევრობა მოჰყვება

რადიო „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელ ანა კალანდაძესთან აშშ-ის Heritage Foundation-ის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი საუბრობს.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ტექსტს:

„ამერიკის ხმა“: დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დათანხმდით.

როგორ ხედავთ ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მომავალს ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ?

ლუკ კოფი: მომავალს სიფრთხილითა და ოპტიმიზმით ვუყურებ. შეშფოთებული ვიყავი იმით, რაც წინასაარჩევნო კამპანიისას მესმოდა. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვხედავთ, რომ მისი ზოგიერთი შეხედულება შერბილდა, სხვა შეხედულებები კი დაიხვეწა. ის გრძნობს, თუ რა დიდია შეერთებული შტატების უმაღლესი მთავარსარდლის პასუხისმგებლობა. მას უფრო მეტ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი და ხედავს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგს. ამგვარად, კანდიდატ დონალდ ტრამპის რიტორიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკით იცვლება. ბრიუსელში სტუმრობა მასზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.

„ამერიკის ხმა“: აშშ-ის პრეზიდენტთან პირადად შეხვედრის შემდეგ, დარწმუნდნენ, თუ არა ევროპელი მოკავშირეები ევროპული სტრუქტურებისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში? ნატოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია შეიცვალა, მაგრამ მას ჯერაც არ დაუგმია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, აგრეთვე არ უთქვამს, რომ კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის ერთგულია…

ლუკ კოფი: ვფიქრობ, ევროპის ლიდერებს შეშფოთების საფუძველი აღარ ექნებათ. მე ამის მჯერა. უნდა გითხრათ, რომ არ ვეთანხმები თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს. პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ სანქციები ძალაში დარჩება, სანამ რუსეთი განაგრძობს ყირიმის უკანონო ოკუპაციას და არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს. ვფიქრობ, მან ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა, რომ რუსეთი შეერთებული შტატების პარტნიორი არაა. ეს არ მომხდარა უკრაინის, ან აღმოსავლეთი ევროპის გამო. ეს მოხდა სირიის გამო. სირიაში უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მომხდარმა ამბებმა – ქიმიური იარაღის გამოყენებამ და რუსეთის რეაქციამ, გნებავთ, რეაქციის არარსებობამ – პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნა, რომ სანამ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია, რუსეთი შეერთებული შტატების პარტნიორი ვერ იქნება. ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი ნატოს შესახებ სწორ განცხადებებს აკეთებს. დიახ, მან თქვა, რომ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს შეერთებული შტატების ვალი მართებს, რადგან თავდაცვაზე ცოტას ხარჯავს. ეს განცხადება, რა თქმა უნდა, სასაცილოა. არავის ჩვენი ვალი არ მართებს. ნატო ასე არ მუშაობს. ზოგიერთი ასეთი განცხადება რომ გვერდზე გადავდოთ, სხვა მხრივ, ის სწორ აქცენტებს აკეთებს, როდესაც ნატოს მნიშვნელობასა და საერთო საფრთხეებზე საუბრობს. ვაშინგტონი პოლიტიკურად იმდენად გაყოფილია, ხოლო აქ მიმდინარე პოლიტიკური დებატები იმდენად მოწამლული, რომ ტრამპმა ჩაფხუტი რომ დაიხუროს, იარაღი აისხას და პირადად გაემართოს ესტონეთის დასაცავად, ოპონენტები მაინც იტყვიან, რომ ის ნატოს მხარს არ უჭერს.

„ამერიკის ხმა“: რა როლი აკისრია ნატოს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში?

ლუკ კოფი: ძალიან უმნიშვნელო. ალიანსი კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისათვის არ შექმნილა. მას ტერორიზმთან ბრძოლის საშუალებები არ გააჩნია. ის თავადაა ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი, მაგრამ არა სრულფასოვანი კონტრ-ტერორისტული ორგანიზაცია. მას არ გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი რადიკალიზაციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად; არ გააჩნია სამართალდამცავი უწყებების მართვის ფუნქცია, რაც ტერორიზმთან ბრძოლას სჭირდება; არც ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის უნარი. სამაგიეროდ, ეს საშუალებები გააჩნიათ ნაციონალურ მთავრობებს. ნატოს წევრ სახელმწიფოებს ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, მაგრამ ნატო, როგორც ინსტიტუტი, ვერაფერს იზამს. ნატომ უნდა დაიბრუნოს ის ფუნქცია, რომელიც დაარსებისას იკისრა – მისი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ჩრდილოეთ სირიაში კონტრ-ტერორისტულ ოპერაციაში ჩართვა მისი საქმე არაა.

„ამერიკის ხმა“: საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. არაწევრ სახელმწიფოში ასეთი ღონისძიება იშვიათად იმართება. რას ეუბნება ეს ფაქტი ქვეყანას, რომელიც ჯიუტად მიისწრაფის ნატოს წევრობისაკენ?

ლუკ კოფი: ასამბლეის ჩატარება მნიშვნელოვანი გზავნილია. ღონისძიებისათვის დრო შესანიშნავადაა შერჩეული. როგორც ვიცი, საქართველოში წუხან, რომ ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრების პარალელურად ნატო-საქართელოს კომისია არ იკრიბება და საქართველო შეხვედრების დღის წესრიგში არ არის. ეს იმიტომ, რომ ბრიუსელში ნატოს სამიტი არ იმართება. ეს არაა სამიტი. ესაა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეკრება, რაც ახალი ლიდერების არჩევის შემდეგ ჩვეულებრივი ამბავია. ამგვარად, საქართველოს საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. ეს უბრალოდ შეხვედრაა. ბრიუსელის შეხვედრების შემდეგ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში სტუმრობა კი გზავნილია, რომ ნატოს სურს საქართველოსთან ახლო ურთიერთობა, რასაც ერთ დღეს ალიანსში საქართველოს სრულფასოვანი წევრობა მოჰყვება.

„ამერიკის ხმა“: თუ შეიძლება, მოკლედ შეაჯამეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობა. რას უნდა ველოდოთ ორმხრივ ურთიერთობაში სამომავლოდ?

ლუკ კოფი: ურთიერთობა მჭიდროა. ქართველებმა უნდა იამაყონ, რომ ასე დაუახლოვდნენ ნატოს, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრები არ გამხდარან. მესმის, როგორი იმედგაცრუებული შეიძლება იყოს ქართველი ჯარისკაცი, ან რიგითი მოქალაქე იმით, რომ გაწევრიანების გზაზე, ერთი შეხედვით, პროგრესი არ ჩანს. ჩემთვის, შესაძლოა, ადვილი იყოს ამის თქმა, მაგრამ მინდა გთხოვოთ, არ დაკარგოთ მოთმინება და განაგრძოთ წინსვლა, რადგან თავის დროზე თქვენ იქ მიხვალთ. 90-იანი წლების დასაწყისში სასაცილოდ არ ეყოფოდათ იმაზე საუბარი, რომ 10-15 წლის შემდეგ ესტონეთი, პოლონეთი, უნგრეთი ნატოში გაწევრიანდებოდნენ. მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაშია. საქართველოს ხალხმა ეს დაამტკიცა, საქართველოს მთავრობათა წარმატებებმა კარგი საფუძველი შექმნა. დროა საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო მიაღწევს მიზანს.

„ამერიკის ხმა“: და ბოლო შეკითხვა-თქვენ ახლახან მონაწილეობდით განხილვაში, რომელიც სამხრეთი კავკასიის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს მიეძღვნა. რას უნდა მიაქციოს ტრამპის ადმინისტრაციამ ყურადღება?

ლუკ კოფი: ადმინისტრაციამ სამხრეთი კავკასია შეერთებული შტატების დიდი სტრატეგიის ნაწილად უნდა აღიაროს, სტრატეგიისა, რომელიც ჩვენი კონკურენტებისა და მტრების მიმართ ამერიკის დამოკიდებულებას განსაზღვრავს. რეგიონში ძალიან აქტიურობენ რუსეთი, ირანი, ჩინეთი. შეერთებულ შტატებს კი უკანა რიგის მაყურებლის ადგილი უჭირავს. ვფიქრობ, რეგიონში ბევრი ელოდება, რომ აშშ გააქტიურდება. მიმაჩნია, რომ ამერიკის მეტი ჩართულობა ჩვენ ეროვნულ ინტერესებს განამტკიცებს. რაც შეეხება გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, საქართველოს მსგავს ქვეყანაში გამოწვევად რჩება ქვეყნის საქმეებში რუსეთის ჩარევა. რუსეთი აგრძელებს თქვენი ქვეყნის ოცი პროცენტის ოკუპაციას.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 27-30 მაისი, 2017 წელი

http://www.novoye-vremya.com/w93230/…/#.WSjmmYq1vs0

ნატოს მიზანი სამხრეთ კავკასიაში – მხოლოდ გეოპოლიტიკური ყოფნა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართულ საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებით, სტატიაში განხილულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის როლი და მიზნები სამხრეთ კავკასიაში. რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ნატოს შემხედვარე რეგიონის სახელმწიფოებს? მოხდება თუ არა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატოსთან ინტეგრირებით? ეს საკითხებია განხილული პუბლიკაციაში (ავტორი – ა.მამედოვი).

„თბილისში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში აზერბაიჯანის დელეგაციაც მონაწილეობდა, მილი-მეჯლისის პირველი ვიცე-სპიკერის ზიაფეტ ასკეროვის ხელმძღვანელობით.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია, პრინციპში, შეუძლებელია განსხვავდებოდეს თვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიციისაგან. ნატოს წარმომადგენლები ყოველთვის ანალოგიურ განცხადებს აკეთებდნენ, მაგრამ სამხრეთ კავკასია მათი ნათქვამით, სამწუხაროდ, უფრო უსაფრთხო არ ხდებოდა.

სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე, მაგრამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც ამ სამხედრო ორგანიზაციის სხვა სტრუქტურები, სამხრეთ კავკასიას რატომღაც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მიმართებით მოიხსენიებს ხოლმე. ნატო ცდილობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობა და ყარაბაღის კონფლიქტის მოხსენიებას მოერიდოს, თუმცა თავის პროგრამებს, აზერბაიჯანის გარდა, სომხეთზეც ავრცელებს. ეს კი ნიშნავს, რომ ალიანსისათვის არანაირი მნიშვნელობას არ აქვს იმას, რომ სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მის გათავისუფლებას არ აპირებს. შემთხვევითი არაა, რომ ალიანსიც და აშშ-ც აცხადებენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელიაო, თუმცა იმავდროულად არანაირ ზომებს არ ღებულობენ იმისთვის, რომ სომხეთმა ნებაყოფლობით გაათავისუფლოს მიტაცებული ტერიტორიები.

აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიის არასტაბილურობის თავდაპირველი მიზეზი სწორედ სომხეთი მიერ განხორციელებული ოკუპაციაა და თუ ნატოს რეგიონში მშვიდობის მიღწევა სურს, ალიანსი ამ მიზეზის განეიტრალებას უნდა შეეცადოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბრიუსელმა მოვლენებს თავისი ჭეშმარიტი სახელი უნდა უწოდოს და აიძულოს სომხეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია შეასრულოს. რაც უფრო ვერ დაინახავს ნატო აგრესორსა და მის მსხვერპლს შორის არსებულ განსხვავებას, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება არასტაბილური ვითარება სამხრეთ კავკასიაში. თუმცა დროა ვაღიაროთ: ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურები რეგიონის ტერიტორიულ კონფლიქტებს, მათ შორის მთიან ყარაბაღსაც, თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. აშშ-ის მიერ იმიტირებული ე.წ. შუამავლობა მხოლოდ კონფლიქტის გაყინვას გულისხმობს და შესაბამისად, გავლენას სომხეთზეც და აზერბაიჯანზეც.მართალია, თეთრ სახლის ადმინისტრაცია ეიცვალა, მაგრამ აშკარაა, რომ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდშიც იგივე გაგრძელდება. ამერიკის ინტერესებისა და დიდებისათვის ყველაზე მთვარია ერთპოლუსიანი მსოფლიოს დანერგვა და მეტი არაფერი.

ბრიუსელში გამართულმა ნატოს ამჟამინდელმა სამიტმა ნათლად აჩვენა ვაშინგტონის დამოკიდებულება თავის ევროპელ პარტნიორებთან. და ეს მხოლოდ დონალდ ტრამპის მიერ ჩერნოგორიის პრეზიდენტის საჯარო ხელისკვრაში არ გამოხატულა…

თუ ვაშინგტონს კაპიკიც არ უღირს ევროპელების ინტერესები, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ სამხრეთ კავკასიაზე? ჩვენი რეგიონი როგორც ამერიკელებისათვის, ისე ევროპელებისთვის მიმზიდველი მხოლოდ ენერგორესურსების თვალსაზრისითაა – რუსული გაზის ალტერნატიული საწვავის გატანა ევროპაში და საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში. ნატოს ძირითადი მიზანიც სტაბილურობის დამყარება კი არ არის, არამედ ის, რაც ზემოთ ვთქვით. მოკლედ, იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში დაინტერესებული არ არის. ჰოდა, განა გვჭირდება ნატოსა და აშშ-ის წინაშე თამაში?

«Независимая газета» (რუსეთი), 29 მაისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/week/2017-05-28/8_6997_sng.html

სამხრეთ კავკასიაში „პირველი რესპუბლიკების დღე“ იზეიმეს: საქართველოს, სომხეთისა და აზერებაიჯანის პრობლემები

იური სიმონიანი, პოლიტიკური მიმომხილველი

გასული კვირის ბოლოს საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირველი რესპუბლიკების გამოცხადების (1918 წლის 26-28 მაისი) სახელმწიფო დღესასწაულები აღნიშნეს. ამ თარიღს საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მაღალი სტატუსი აქვს. თუმცა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს სიამაყის მიზეზი მაინცდამაინც ბევრი არ აქვთ: საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიღებული პოლიტიკური სუვერენიტეტი, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ეკონომიკური დამოუკიდებლობით ძალიან სუსტად თუ განმტკიცდა, თუმცა შეიძლებოდა უფრო ძლიერად ყოფილიყო გამოხატული.

აზერბაიჯანი, რომელიც ენერგორესურსების წყალობით ერთი შეხედვით ეკონომიკურად თვითკმარი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, როგორც კრიზისებმა აჩვენა, არცთუ ისე მძლავრი აღმოჩნდა. საქართველომ მხოლოდ ბოლო დროს განსაზღვრა თავისი ეკონომიკური ორიენტირი – თბილისმა თავისი განვითარების ქვაკუთხედად ტურიზმი აირჩია. ცნობილია, რომ ეს დარგი ძალიან კონიუნქტურულად ითვლება და გრძელვადიანი სტაბილურობით არ გამოირჩევა, მაგრამ საქართველოს სხვა კოზირები არ აქვს. სომხეთი, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა, გულხელდაკრეფილი არ ზის, მაგრამ უფრო მეტი სიკეთის მიღებას მაინც ამ ალიანსიდან ელოდება, ვიდრე მას თვითონ მისცემს.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნეგატიური როლი იმაში, რასაც ამ სამმა სახელმწიფომ ვერ მიაღწია, იმ შიდაპოლიტიკურმა არასტაბილურმა სიტუაციამ და არამდგრადობამ შეასრულა, რომელიც რეგიონში 1990-იანი წლებიდან არის გაბატონებული. პლუს ომები, რომლებმაც სამხრეთ კავკასია პირდაპირ წალეკა; არახელსაყრელი საგარეო ფაქტორები და ერთმანეთთან რთული სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა; პლუს არაღიარებული სუბიექტები და მათთან დაკავშირებული პრობლემები…

დღეს სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებას კეთილს და მშვიდობიანს ვერ ვუწოდებთ. მართალია, საქართველომ ააწყო რუსეთთან ურთიერთობა ვაჭრობასა და ტურიზმში, მაგრამ საქმე ამით დასრულდა და წინ არ წასულა. სამაგიეროდ, თბილისმა სულ ახლახან გამოსცადა საკუთარ თავზე ძალიან არასასიამოვნო ზეწოლა სხვა მეზობლებისაგან:

თეირანმა თბილისისგან მოითხოვა, რომ ირანელი ქალები საქართველოში შესვლისას გათავისუფლდნენ სასაზღვრო შემოწმებისაგან, რომელიც, ირანის აზრით, ღირსების შემლახველია. გარდა ამისა, თურქეთმა კატეგორიულად ურჩია საქართველოს, რომ თბილისმა დიდგორის ბრძოლის წლისთავი არ აღნიშნოს. უფრო მეტიც – ანკარის მითითებით თბილისი იძულებული გახდა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი თურქული კოლეჯის ლექტორი დაეპატიმრებინა, რომელიც თითქოსდა წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასთანაა დაკავშირებული.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა „სახე შეენარჩუნებინა“, მაგრამ საზოგადოება, სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტს თუ დავუჯერებთ, ძალიან იმედგაცრუებულია ირან-თურქეთის ნაბიჯებით და უფრო მეტად – საკუთარი მთავრობით, რომელსაც ამგვარ სიტუაციებში საკუთარი მტკიცე სიტყვის თქმა არ შეუძლია. მაგრამ საქართველოში ყველაზე უფრო მეტად დამაფიქრებელია დაწყებული საკონსტიტუციო კრიზისი: ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ მზადაა გადადგას უკიდეურესი ნაბიჯები, თუ ხელისუფლება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უარს არ იტყვის.

სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე მერამდენედ ახალი ომის საფრთხის წინაშე დგანან – მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე კვლავ სიტუაციის გაურესება შეინიშნება: ისვრიან არა მხოლოდ ავტომატებიდან და სნაიპერული შაშხანებიდან, არამედ პერიოდულად საქმეში არტილერიაც ერთვება. შუამავლები მხარეებს პოლიტიკური შეხვედრებისაკენ მოუწოდებენ, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მაგრამ მოლაპარაკება რომც გაიმართოს, ის მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იქნება. პრეზიდენტებს სალაპარაკო ჯერ კიდევ არაფერი აქვთ: კონფლიქტის მხარეთა პოზიციები ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულია, ტყუილად ლაპარაკი კი, როგორც ამას თვითონაც აღიარებენ, უკვე ყელში ამოუვიდათ.

Comments are closed