globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 29th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Sunday Times» (დიდი ბრიტანეთი): რისკი საქართველოსთვის: კრემლის რისხვა ნატოში გაწევრიანების მცდელობის გამო

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): ფრანგული ანტირაკეტები საქართველოსთვის, რუსული „ისკანდერების“ წინააღ-მდეგ: მითი თუ სინამდვილე?

«ТВ 9 канал» (ისრაელი): საქართველო: „კავკასიის იმარატი“ და „პანკისის წყევლა“

———————-

«The Sunday Times» (დიდი ბრიტანეთი), 28 ივნისი, 2015 წელი

http://www.thesundaytimes.co.uk/sto/news/world_news/Europe/article1574292.ece

http://russian.rt.com/inotv/2015-06-28/Times-Ministr-oboroni-Gruzii-ne

რისკი საქართველოსთვის: კრემლის რისხვა ნატოში გაწევრიანების მცდელობის გამო

ბოიან პანჩევსკი, ბრიუსელი

(შინაარსი)

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოში ნატოს ყოფნა იმდენად გაფართოვდა, რომ ალიანსთან ინტეგრაციაში შემდეგი „ლოგიკური ნაბიჯი“ უკვე მასში გაწევრიანების შეთავაზება იქნება. საქართველოს განზრახული აქვს ნატოსთან დაახლოების პოლიტიკა გააგრძელოს, რაც ალბათ, რუსეთს ძალიან გააღიზიანებს, რადგან ის ალიანსის გაფართოებას მტრული თვალით უყურებს.

საქართველო ნატოში მიღებას თითქმის ათი წელია ცდილობს: ალიანსის 2008 წლის აპრილის სამიტზე თბილისს აღუთქვეს, რომ დროთა განმავლობაში საქართველო აუცილებლად გახდებოდა ამ სამხედრო ბლოკის წევრი. მართალია, ქვეყანაში სულ მალე  ნატოს სასწავლო-საწრთვნელი ცენტრი გაიხსნება, მაგრამ ალიანში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი ჯერ-ჯერობით „გაყინულია“, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გამო.

„რუსეთს აგრესიისათვის საბაბი არ ჭირდება, – ამბობს მინისტრი, – დამოუკიდებელი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ან სხვა სახელმწიფოს არსებობა, რომლებთაც რუსეთი თავის სამფლობელოდ მიიჩნევს, უკვე არის მიზეზი ომის დაწყებისათვის“.

თინა ხიდაშელის თქმით, იგი არ ელოდება, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს დაიწყებს – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ორი სამხედრო ბაზა აქვს (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში). „მათ ვერ ექნებათ საბჭოთა პერიოდის მიმართ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნოსტალგიის ან პრორუსული უმცირესობის იმედი“, – ხაზი გაუსვა თავდაცვის მინისტრმა.

გარდა ამისა, ქართული სამხედრო უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ რუსეთს დღეს იმდენად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, რომ ამგვარი სიტუაცია მოსკოვს ომის დაწყების საშუალებას არ აძლევს. „უკრაინის მოვლენების შემხედვარე, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთს საკმარისი რესურსები აღარ აქვს მეორე ან მესამე ფრონტის გასახსნელად, საქართველოში, მოლდოვაში ან კიდევ სადმე“, – განმარტა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა სკეპტიკურად შეაფასა და „სიცილისმომგვრელი“ უწოდა იმ ხმებს, რომლის თანახმად, საქართველოს მმართველი კოალიცია თითქოსდა ორ ბანაკადაა გაყოფილი – პროდასავლურად და პრორუსულად. „საქართველო ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განუცხადა თინა ხიდაშელმა „სანდი თაიმსს“.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 28 ივნისი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150627-frantsiya-postavit-gruzii-noveishie-sistemy-pvo/

ფრანგული ანტირაკეტები საქართველოსთვის, რუსული „ისკანდერების“ წინააღმდეგ: მითი თუ სინამდვილე?

საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსადგურმა («Radio France Internationale») ეთერში გადასცა თავისი თბილისელი კორესპონდენტის გიორგი ლებანიძის მიერ მომზადებული ყოველკვირეული მიმოხილვა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ პარიზში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ფრანგი კომპანიისაგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უახლესი საშუალებების შესყიდვას ითვალისწინებს. თბილისში ამ დოკუმენტს  „გარღვევას“ უწოდებენ, დასავლეთთან სამხედრო ურთიერთობაში, რადგან დღემდე დასავლეთის სახელმწიფოები უარს აცხადებდნენ საქართველოსთვის მსგავსი იარაღის მიწოდებაზე.

Thales Raytheon Systems (TRS) – ეს ის კომპანია, რომელიც საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების მიყიდვას დათანახმდა. სიმპტომატურია, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს მაგიდაზე ფრანგული რადარის მცირე ასლი იდგა და ამით მხარეები თითქოს მასმედიის წარმომადგენლებს მიანიშნებდნენ, რომ საკითხი სწორედ რადიოლოკაციური და სხვა ინფრასტრუქტურის ყიდვას ეხებოდა, რომელიც საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლადაა გამიზნული.

სრულიად აშკარაა, რომ საქმე მხოლოდ რადარების შეძენას არ ეხება. ჟურნალისტთა დაჟინებული შეკითხვების შემდეგ თინა ხიდაშელმა მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ პარიზში ისევ წავა კიდევ ერთ კონტრაქტზე ხელმოსაწერად. „როცა მთელი ეს გარიგება დასრულდება, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ვთქვათ, რომ საქართველოს, პირველად ისტორიაში, საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვის საშუალება აქვს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სამხედრო ექსპერტებისათვის გაურკვეველია, მაინც რომელი იარაღს შეიძენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: ჯერ-ჯერობით, უცნობია, საკითხი ეხება თუ არა რაკეტებს, რომლებსაც მტრის სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდება შეუძლიათ, მათ შორის ანტირაკეტულ სისტემებს, რომლებიც, რადარებთან შედარებით, საკმაოდ ძვირია. სხვათა შორის, არაოფიციალური, მაგრამ სრულიად დანამდვილებული ცნობის თანახმად, ფრანგული მხარე დათანხმდა, რომ საქართველოს იარაღი განვადებით მიაწოდოს, თანხის რამდენიმე წლის განმავლობაში გადახდის პირობით.

ამ თემაზე საუბრობს ქართული დამოუკიდებელი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი: „ჯერ-ჯერობით ძნელია, თუ იარაღის რომელი სახეობის შესყიდვაზეა საუბარი. შესაძლოა მეორე კონტრაქტი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენას ითვალისწინებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ მის მიერ მომზადებული კონტრაქტით ისეთი იარაღი უნდა შეძენილიყო, რომელსაც რუსული ბალისტიკური რაკეტის „ისკანდერის“ ჩამოგდება შეეძლო, თუმცა, ჩემი აზრიც, ეს ძალიან საეჭვოა: დასავლეთშიც კი არ იციან, „ისკანდერი“ როგორ ჩამოაგდონ“.

სხვათა შორის, მცირე სიშორის რაკეტა „ისკანდერი“ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს გამოიყენა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში მიფრინავდა, ტავის კოლეგა მიხეილ სააკაშვილტან სამშვიდობო გეგმის შესათანხმებლად. რაკეტა ქალაქ გორის ცენტრალურ მოედანს დაეცა და აფეთქდა. კასეტური ბომბებით აღჭურვილი „ისკანდერის“ აფეთქებამ ათობით მშვიდობიანი მოქალაქის, აგრეთვე ჰოლანდიელი ტელეოპერატორის სიცოცხლე შეიწირა.

«ТВ 9 канал» (ისრაელი), 26 ივნისი, 2015 წელი

http://9tv.co.il/video/2015/06/26/56271.html

http://9tv.co.il/video/2015/06/26/56273.html

საქართველო: „კავკასიის იმარატი“ და „პანკისის წყევლა“

ისრაელის რუსულენოვანი ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში (პროგრამა „ომი და მშვიდობა“) 26 ივნისს გადაიცა ვიდეოსიუჟეტი კავკასიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენის ზრდის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით, ისაუბრეს საქართველოს პანკისის ხეობის შესახებაც.

გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიას:

გლობალური საფრთხე ნომერი პირველი – „ისლამური ხალიფატი“. იმის გარდა, რომ ისლამისტები ტერორისტულ აქტებს აწყობენ, ისინი თავიანთ გავლენის სფეროს აფართოებენ, პროვინციებს ქმნიან და რუსეთამდეც აღწევენ – შექმნეს ადმინისტრაციული ერთეული ჩრდილოეთ კავკასიაში: მათ მიერ გამოცხადებული ვილაიეთი აერთიანებს ჩეჩენეთს, ინგუშეთს, დარესტანს და ყაბარდო ბალყარეთს. უკვე მმართველიც კი დანიშნეს: აბუ-მუჰამედ კადარი, იგივე რუსტამ ასელდეროვი. მისი დამსახურების ჩამონათვალი ჩრდილოკავკასიურ იატაკქვეშეშა ბრძოლაში საკმაოდ გრძელ სიას წარმოადგენს. რუსტამ ასელდეროვი „დაღესტნის ფრონტის“ ემირიც იყო, ეჭვმიტანილია ტერორისტული აქტების განხორციელებაში, იმალებოდა ტყეებში. 2011 წლიდან რუსეთში მასზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა, მაგრამ ვერ დაიჭირეს. 2014 წელს მან „ისლამური ხალიფატის“ ლიდერს ალ-ბაღდადის ერთგულება შეჰფიცა. ახლა, ალბათ, მოსკოვი მის მიმართ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.

ინგუშეთში 25 ივნისს რუსულმა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაცია განახორციელეს. მათ ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული: ჩეჩნეთის ორი ომის განმავლობაში რუსებმა უამრავი მსგავსი ქმედება ჩაატარეს.

იმ პერიოდში რუსული სპეცსამსახურების მოქმედების გამოძახილი საქართველოსაც შეეხო: სპეცოპერაციების შედეგად შეფერთხილი ჩეჩენი ბოევიკები საქართველოში გარბოდნენ, იქ ისვენებდნენ, ძალას იკრებდნენ და შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდნენ საბრძოლველად. გარდა ამისა, საქართველოში ჩეჩენი ლტოვილებიც ბევრი წავიდა.

ახლა წარმოიდგინეთ იმდროინდელი სიტუაცია: საქართველო – სუსტი სამხრეთ კავკასიური ქვეყანა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინათ სამოქალაქო ომი გადაიტანა, აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტები… საქართველო, რომელსაც თავისი ლტოლვილებიც და იძულებით გადაადგილებული პირიც ბევრი ჰაყავს – 500 ათასი ადამიანი… საქართველო, რომელსაც არ შეუძლია ჩეჩენი ბოევიკებისათვის გზის გადაღობვა, რომელსაც, უბრალოდ, მათი ეშინია…

დღეს საქართველო სულ სხვა სახელმწიფოა, მაგრამ პანკისში ჩეჩენი ლტოლვილები დღემდე ცხოვრობენ. „ისლამურმა ხალიფატმა“ პრობლემები გაამრავლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსების მიერ მომზადებულ მოხსენებაში ტერორიზმის შესახებ ასეთი რამ არის ჩაწერილი: საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყაროსა და სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენს. აი, ასეთი დასკვნაა გაკეთებული ვაშინგტონის მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. თავის მხრივ, საქართველო პანკისის ხეობაში სპეციალურ ოპერაციას ატარებს, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შექმნილი ქსელი გაანადგუროს.

—————–

რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან:

რთულია იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი პანკისის ხეობაში ხდება. ადგილობრივი მოსახლეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო უკმაყოფილოა (ვიდეოკადრები: მიმდინარეობს დაკავება, ისმის ხმამაღალი შეძახილები).

ალი ქავთარაშვილი: „ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ცეცხლს ნუ ეთამაშება“.

პანკისელებს „ისლამურ სახელმწიფოში“ თავიანთი თანამემამულე ჰყავთ – თარხან ბათირაშვილი, რომელიც საქართველოს არმიაში მსახურობდა. იგი რუსულ ენაზე ქართული აქცენტით ლაპარაკობს (კადრები: თარხამ ბათირაშვილის მოწოდება რუსულ ენაზე). თარხანის მამა შვილის დაბრუნებას უკვე აღარ ელოდება, რადგან საეჭვოა, რომ შვილმა მამა აღიაროს: შვილი ისლამისტია, მამა – ქრისტიანი, დედამისი კი მუსულმანი ქისტი ქალი იყო.

ერთ-ერთი ახალგაზრდა ქისტი ქალი (ქართულ ენაზე): „ჩვენ, როგორც ახლა მოდაშია შემოსული და ამბობენ, ვაჰაბიტები ვართ და ამის გამო გვდევნიან“.

ეს ქალი სიმართლეს არ ამბობს: მათ არ დევნიან არც რელიგიური აღმსარებლობისა და არც რადიკალიზმის გამო, საქართველოსთვის ამგვარი რამ მიუღებელია: თბილისში არსებობს ჯამე-მეჩეთი, რომელშიც სუნიტებიც და შიიტებიც ლოცულობენ, რაც უნიკალური შემთხვევაა. საქმე სულ სხვა რამეშია: სამართალდამცველები ცდილობენ თავიდან აიცილონ ახალგაზრდების გადაბირება სირიაში გაგზავნის მიზნით. საქართველოში ამისათვის გარკვეული ქსელია შექმნილი, რათა „ისლამური სახელმწიფო“ ახალი მოჯაჰედებით მოამარაგონ. პანკისელი სკოლის მოსწავლეების გადაბირება ბოლო წვეთი გახდა, რომელმაც ხელისუფლების მოთმინების ფიალა აავსო (საუბარი თინა ბაღაკაშვილთან – რამზან ბარაკაშვილის დედასთან და შარიან ჭინჭარაშვილთან – მუსლიმ კუშტანაშვილის ბებიასთან, ბესლან მარგოშვილის დედ-მამასთან, ქართულ ენაზე).

სირიაში გაგზავნის მიზნით პანკისელი ახალგაზრდების გადაბირებაში ქართველი სამართალდამცველები აიუპ ბორჩაშვილს ადანაშაულებენ, რომელსაც ცხრა შვილი ჰყავს და ღრმად მორწმუნე მაჰმადიანია. ადგილობრივ მოსახლეობას არ სჯერა, რომ იგი სხვის შვილებს სასიკვდილოდ აგზავნიდა.

ალი ქავთარაშვილი: „მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის სირიაში ახალგაზრდების გაგზავნაში. დიახ, მართალია, აიუპ ბორჩაშვილი საქართველოში „ისლამური ხალიფატის“ წარმომადგენელია, მაგრამ მას გაგზავნასთან არავითარი კავშირი არ აქვს“.

ალი ქავთარაშვილის სიტყვების მიხედვით გამოდის, რომ დიდი ამბავი, თუ „ისლამური სახელმწიფო“ საშიში ტერორისტული ორგანიზაციაა და თავისი სასტიკი მოქმედებით საშინელებას სჩადის…

მაინც როგორ ახდენს „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები ადამიანების გადაბირებას? ახალგაზრდებს გონებას უბნევენ რაღაც უმაღლესი სამართლიანობა-ჭეშმარიტების პროპაგანდით, ზრდასრულ მოქალაქეებს კი გადამბირველები ფულს უხდიან. რადგან პანკისის ხეობაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია და უმუშევრობაა, ამიტომაც ორი გზა არსებობს: ან ევროპაში მუშაობა, ან სირიასა და ერაყში ბრძოლა (საუბარი ლეილა ოჩიშვილთა, სრულიად სეძლებულ ადამიანთან, რომლის ორი შვილი ევროპაში სწავლობდა და შემდეგ სირიაში საბრძოლველად წავიდნენ: „მე არ მეგონა, რომ ჩემი შვილები სირიაში წავიდოდნენ, მაგრამ ისინი ჩეჩნეთში დაიბადნენ, მათ ბავშვობიდანვე სიძულვილი ჩაუნერგეს რუსების მიმართ. ასე დაემართა ბევრ ახალგაზრდას. მართალია, სირიაში რუსები არ არიან, მაგრამ იქ დაგროვილი ბრაზისაგან განმუხტვისა და შურისძიების შესაძლებლობა არსებობს“).

როცა ჩეჩნეთში რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, იქიდან ბევრი ლტოლვილი პანკისის ხეობაში წამოვიდა. პანკისელებმა ნათესავები და თანამემამულეები შეიფარეს, მაგრამ არ იცოდნენ, თუ მათი ყოფნა ხეობაში ასე გაჭიანურდებოდა. ახლა ლტოლვილებს უკან დაბრუნება აღარ სურთ. პანკისის ხეობას – საქართველოს ამ იზოლირებულ რეგიონს რუსეთი სატრანზიტო გზად მიიჩნევს, რომლის მეშვეობითაც ჩრდილოეთ კავკასიაში „ბოევიკები“ გადადიან. არსებითად ისე გამოვიდა, რომ რუსეთმა საქართველოში თავის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ექსპორტი მოახდინა. დღეს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გაანეიტრალოს იმის მცდელობა, რომ ქრისტიან-მართლმადიდებელი ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ გადასაყვან ბაზად არ გადაიქცეს. იმის გათვალისწინებით, რომ სალაფიტები საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში ცხოვრობენ – აჭარის ავტონომიაში, იქაც ცდილობენ გადამბირველების დაკავებას. სპეცოპერაციები რეგულარულ ხასიათ იძენს.

————

პროგრამის წამყვანმა დიმიტრი დუბოვმა სტუდიაში საქართველოს ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე მიიწვია. წამყვანის ინიციატივით, საუბარი ჯერ თბილისში მომხდარ წყალდიდობას შეეხო. მან სამძიმარი და და თანაგრძნობა გამოხატა ადამიანთა მსხვერპლთან დაკავშირებით, ილაპარაკეს მატერიალურ ზარალზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, ისრაელის დახმარებაზე, საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე…

დიმიტრი დუბოვი: „ჩვენ დღეს გადაცემის ანონსში ყურადღება მივაქციეთ ტერორიზმის საფრთხეს და ავღნიშნეთ, რომ „ისლამური ხალიფატის“ პრობლემა ასე თუ ისე საქართველოსაც შეეხო. აი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ტერორიზმის შესახებ საქართველოზეცაა საუბარი, რომ საქართველო ტრანზიტულ ქვეყანას წარმოადგენს…

პაატა კალანდაძე: დიახ, ბუნებრივია, პრობლემა არსებობს… ჯერ ერთი, რომ საქართველო მართლაც ტრანზიტული სახელმწიფოა თავისი ადგილმდებარეობის გამო. ამიტომაც საქართველო ამ მხრივ ვერ იქნება „ბედნიერი“ გამონაკლისი იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, რაც ხდება უფრო მეტად განვითარებულ და სერიოზულ სახელმწიფოებში. დასამალი არაა და არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ „ისლამური ხალიფატის“ მებრძოლთა რიგებში არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეებიც…

დიმიტრი დუბოვი: არც მე დაგიმალავთ და გეტყვით (თუმცა ეს საიდუმლო არ არის), რომ „ხალიფატის“ რიგებში არიან ისრაელის არაბი მოქალაქეებიც, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია, რომელიც, ფაქტიურად, „ისლამური ხალიფატის“ პროვიციად გამოცხადდა. ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ რუსეთი, ვთქვათ, რაიმე კეთილშობილი მიზნით, რაიმე პოზიტიური საბაბით ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, უცებ გადაწყვეტს და პანკისის ხეობის ოკუპირებას მოახდენს?

პაატა კალანდაძე: ადგილობრივი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები ან ის პირები, რომლებსაც, ასე ვთქვათ, შედარებით უფრო მეტად არიან ექსტრემიზმთან დაკავშირებული…

დიმიტრი დუბოვი: მხედველობაში გყავთ ვაჰაბიტები?

პაატა კალანდაძე: დიახ, დიახ… რომლებიც დისკომფორტს უქმნიან არა მარტო სახელმწიფოს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც იქ ცხოვრობენ..

დიმიტრი დუბოვი: ანუ, საქართველოს [ხელისუფლება] პანკისს ვერ აკონტროლებს?

პაატა კალანდაძე: არა, საქართველო მთლიანად აკონტროლებს პანკისს, ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა იქ უკვე განახორციელეს ოპერაცია, რომლის შედეგად ოთხი ადამიანი იქნა დაკავებული. მათ უკვე წაუყენეს ბრალი იმაში, რომ ისინი ხელს უწყობდნენ…

დიმიტრი დუბოვი: ბოდიში, შეგაწყვეტინებთ… გეთანხმებით, რომ [ექსტრემიზმის] პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ მე მინდა დავუბრუნდე შეკითხვას პანკისის ხეობის ოკუპირების ალბათობას რუსეთის მიერ, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით. თქვენი აზრით, ამის საშიშროება არსებობს?

პაატა კალანდაძე: იცით, იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ატარებს ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყველაფერს უნდა ველოდოთ. ამიტომაც, ამ თვალსაზრისით,  ჩვენს სახელმწიფოს დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებს. საქართველო ფხიზლად უნდა იყოს, რათა თავის პარტნიორებთან ერთად პრობლემები რაც შეიძლება ეფექტურად მოაგვაროს, რათა არავის არ დაუტოვოს იმის რაიმე შესაძლებლობა, რომ ვიღაცამ რაღაც ექსტრენული ზომები მიიღოს საქართველოს წინააღმდეგ.

დიმიტრი დუბოვი: მაშინ სულ ორიოდე სიტყვით გვითხარით თქვენი ჩრდილოელი მეზობლის შესახებ. აი, როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, საქართველოს ახალი ხელისუფლება (თითქმის „პრორუსულის“!) მოსვლის შემდეგ ლაპარაკი იყო მოსკოვთან რაღაც მოლაპარაკებების თაობაზე. რა გვაქვს დღეს, რას მიაღწიეთ რუსეთთან იმის გარდა, რომ მოსკოვი საზღვარს საქართველოს შიგნით სწევს?

პაატა კალანდაძე: იცით, ეს მართლაც დიდი პრობლემაა. აი, გუშინ კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე იქნა დაკავებული, რომელიც ე.წ. „საზღვრის“ ახლოს ცხოვრობს. ისე, მე ახლა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, თქვენთვის უკეთესია საკუთარი თვალით ნახოთ ეს ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვარი“ და დარწმუნდეთ, თუ რა ხდება – სოფლები ორ ნაწილადაა დაყოფილი, ეკლესია ერთ მხარესაა, მრევლი მეორე მხარეს, მოსახლეობა საფლავებზე ვერ მისულა, რადგან სასაფლაო მავთულხლართის მიღმა მოექცა….

დიმიტრი დუბოვი: დიახ, ეს, ალბათ, ჩვენი შემდეგი რეპორტაჟის თემა იქნება… დიდი მადლობა, ბატონო ელჩო, საუბრისათვის.

Comments are closed