globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): როგორ იწერდნენ ფარულად ქართველი ოპოზიციონერების სატელეფონო საუბარს შსს-ის მაღალჩინოსნები

«Der Tagesspiegel» (გერმანია): ქურდული ბანდები: როგორ სარგებლობენ ქართველი კრიმინალები თავშესაფრის მიღების გერმანული სისტემით

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 29 ივნისი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3024966

როგორ იწერდნენ ფარულად ქართველი ოპოზიციონერების სატელეფონო საუბარს შსს-ის მაღალჩინოსნები

გიორგი დვალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2012 წელს ოპოზიციური პოლიტიკოსების ფარული სატელეფონო მოსმენების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს (1,6 წლით), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ლევან ქარდავას (იგივე ვადით) და იმავე დეპარტამენტის ოპერატიული განყოფილების უფროსს ვაჟა ლილუაშვილს (3 წლით) თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების მონაცემებით, თავიანთი მიზნის მისაღწევად აღნიშნულმა პირებმა კოალიციის ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელი დააშანტაჟეს.

შოთა ხიზანიშვილს ბორკილები პირდაპირ სასამართლო დარბაზში დაადეს, როგორც კი მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.

ჩამოთვლილი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლნი არიან საქართველოს ტავდაცვის დღევანდელი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის აამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და დეპუტატი გუბაზ სანიკიძე.

ოთხი წლის წინ ისინი ოპოზიციის ლიდერები იყვნენ და  კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიეს. იმ ხანებშივე გამოქვეყნდა ოპოზიციის ლიდერების სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, ისინი ერთმანეთის მიმართ უცენზურო სიტყვებსა და არასასიამოვნო ეპითეტებს არ იშურებდნენ. იმ დროს აღნიშნული აუდიოჩანაწერი ყველა ქართულმა ტელეარხმა გადასცა ეთერში.

პროკურატურამ ამ „დეტექტიური ისტორიის“ სენსაციური მონაცემები გამოაქვეყნა: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი ბესიკ სურმავა უცნაურად გაქრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მან სოციალურ ქსელებში საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, „ამ აუდიოჩანაწერის გაკეთება ბიძინა ივანიშვილმა საიდუმლოდ მიბრძანა, რომ თანამებრძილები დაეშანტაჟებინაო“.

თვითონ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, განკარგულება გასცა, რომ მომხდარი ფაქტიულდასმით გამოძიებულიყო. როგორც გაირკვა, აუდიომოსმენა საიდუმლოდ შოთა ხიზანიშვილმა, ლევან ქარდავამ და ვაჟა ლილუაშვილმა განახორცილეს, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი ბესიკ სურმავა შანტაჟითა და მუქარით იძულებული გახადეს „გამქრალიყო“ და აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელებში თავისი სახელით გამოქვეყნებინა.

გამოძიებამ ფარული მოსმენების საოცარი ფაქტები აღმოაჩინა: როგორც გაირკვა, სამინისტროს ოპერატიული განყოფილების უფროსი ვაჟა ლილუაშვილი, ოპოზიციონერების პერსონალურ პირად კომპიუტერებში გაშვებიული სპეციალური ვირუსული პროგრამის მეშვეობით, არამარტო სატელეფონო ლაპარაკს იწერდა, არამედ სახლში წარმოებულ ყველა საუბარსაც.

როგორც „კომერსანტს“ 2007-2012 წლების ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კინორეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ განუცხადა, მსგავსი ოპერაციების ატარების სანქცია პირადად მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა: „ამ ჩანაწერებს თვითონ პრეზიდენტი უყურებდა და უსმენდა, შემდეგ კი ჯიბის ტელეკომპანიებს ეთერში აშვებინებდა ხოლმე“, – აღნიშნა გიორგი ხაინდრავამ.

«Der Tagesspiegel» (გერმანია), 29 ივნისი, 2016 წელი

http://www.tagesspiegel.de/weltspiegel/diebesbanden-in-deutschland-wie-georgier-das-asylsystem-ausnutzen/13799998.html

ქურდული ბანდები:

როგორ სარგებლობენ ქართველი კრიმინალები თავშესაფრის მიღების გერმანული სისტემით

სილვია შტოიბერი

(შემოკლებით)

ბრალდება მართლაც მძიმეა: მძარცველთა ბანდები, რომელთა წევრები ქართველები არიან, გერმანიაში ბინებს და მაღაზიებს ძარცვავენ. ზარალი საკმაოდ საგრძნობია: ასობით მილიონი ევრო. ბევრი გერმანელისთვის, რომელთა ბინა იქნა გაძარცული, მიღებულ შოკს ჯერ გაუვლია, ისინი საკუთარ სახლში, ოთხკედელს შორის, თავს დაუცველად გრძნობენ. მაგრამ ამის გარდა სხვა ნეგატიური მომენტიც არსებობს: „კრიმინალი ქართველები თავშესაფრის მიღების უფლებით სარგებლობენ, – ამბობს გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური პოლიციის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ანდრე შულცი, – ისინი განცხადებებს წერენ, თუმცა ძალიან კარგად იციან, რომ თავშესაფრის მიღების ნულოვანი შანსი აქვთ. სანამ მათ განცხადებას შესაბამისი ორგანოები იხილავენ, საკმაო დრო გადის, თითქმის ერთი წელი. ამ პერიოდის განმავლობაში კი ისინი ქურდობას და ძარცვას იწყებენ“.

კრიმინალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ გასულ წელს რეგისტრირებულია 8085 ეჭვმიტანილი ქართველი. განსაკუთრებით ბევრი ძარცვა ხდება სამხრეთ გერმანიის მხარეებში. ანდრე შულცის თქმით, ქართველი კრიმინალების „დავერბოვკება“ გერმანიაში შემოსვლამდე ე.წ. „კანონიერი ქურდების“ მეშვეობით ხდება („კანონიერი ქურდები“ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მაფიოზური ბანდების ხელმძღვანელთა სინონიმია, რომლებიც ადრე შრომა-გამასწორებელ ბანაკებში იყვნენ, დღეს კი თავისუფლად აკონტროლებენ კრიმინალური სამყაროს ქსელებს. მათ რიგებში მკაცრი იერარქია არსებობს და საკუთარი „ღირსების კოდექსი“ მოქმედებს).

რადგანაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს ხელისუფლებას უვიზო რეჟიმის შემოღება აღუთქვა, არის იმის საფრთხე, რომ გერმანიაში კიდევ უფრო მეტი ქართველი შემოვა ქურდობა-ძარცვის მიზნით. ასე რომ, არაა გამორიცხული, რომ ქართველი კრიმინალების მოძალების გამო სამხრეთკავკასიური ქვეყნის მოსახლეობა მთლიანად დაისაჯოს [ანუ უვიზო რეჟიმი ვერ მიიღოს].

„ჩვენთვის ეს მიუღებელი და უსამართლო იქნება, – ამბობს საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი, რომელიც კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდებს გვთავაზობს: „გერმანიის, საქართველოს და სხვა სახელმწიფოთა სტრუქტურებმა, დამნაშავეთა ბრძოლის მიზნით, ერთმანეთთან თანამშრომლობა უნდა გააღრმავონ… სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2014 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე, მაგრამ ეს დოკუმენტი ძალაში დღემდე არ შესულა. რატომ? იმიტომ, რომ გერმანულ მხარეს მისი რატიფიცირება ჯერაც არ მოუხდენია“. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ, ბერლინში მოქმედ თავის საელჩოში, გერმანიის პოლიციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, 2015 წელს საპოლიციო ატაშე დანიშნა. თბილისი ასევე თანახმაა სპეცსამსახურებს შორის უფრო აქტიურ კონტაქტებზეც.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უარყოფს იმას, რომ ევროპული კრიმინალური სქემების შექმნაში საქართველოში მცხოვრები „კანონიერი ქურდები“ მონაწილეობენ: „ჩვენთან „კანონიერი ქურდები“ მხოლოდ ციხეში ზიან“. მართლაც, ექსპერტები ადასტურებენ, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავრობა წარმატებით ებრძოდა ორგანიზებულ დამნაშავეობას და, შესაბამისად, „კანონიერი ქურდების“ მართვის სტრუქტურები პრაქტიკულად განადგურებულია.

მაგრამ ისიც გაქტია, რომ ყველა „კანონიერი ქურდი“ გალიაში არ ჩამჯდარა – საკმაოდ ბევრმა რეციდივისტმა ჯერ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ჰპოვა თავშესაფარი, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში გადაბარგდნენ, მაგალითად, ესპანეთში, სადაც ამ რამდენიმე ხნის წინათ  „კანონიერი ქურდი“ კახაბერ შუშანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ერთ-ერთი მის თანამოაზრეს მიუნჰენში მოქმედი ბანდებიდან ფული შეკრება ჰქონდა დავალებული. კახაბერ შუშანაშვილის ძმას ლაშა შუშანაშვილს საქართველოში ცნობილი „კანონიერი ქურდის“ სახელი ჰქონდა გავარდნილი და ისინი ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდებიან: ასეთია მათი პროფესია.

მძარცველთა ბანდის წევრები წინასწარ ზვერავენ პოტენციური დანაშაულის ადგილს, სწავლობენ სიგნალიზაციის სისტემას როგორც საცხოვრებელ სახლებში, ასევე მაღაზიებში. ისინი იპარავენ არამხოლოდ ძვირფას საგნებს, არამედ ხელს აყოლებენ სიგარეტს, ალკოჰოლურ სასმელებს, ტანსაცმელს… მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარ ქვეყანაში კრიმინალს წარმატებით ებრძვის, გერმანიაში მომზადებული დამნაშავეობის სტატისტიკური ანგარიშები, რასაკვირველია, თბილისისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის: საქართველო უფრთხილდება თავის რეპუტაციას, მას სურს ინვესტიციები მიიზიდოს სუსტი ეკონომიკის გასავითარებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

Comments are closed