globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 29th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Известия» (რუსეთი): ინტერვიუ გრიგორი კარასინთან: „საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თბილისს რუსეთის „შეკავების“ ნატოსეული პოლიტიკის თანამონაწილედ აქცევს“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ კენეტ ენჯელთან: „საქართველომ საკუთარი მესიჯი უკეთ უნდა გაავრცელოს“

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მომავალი ვიზიტი საქართველოში და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი (კომენტარები)

—————–

«Известия» (რუსეთი), 29 ივნისი, 2017 წელი

http://iz.ru/612054/tatiana-baikova/sotrudnichestvo-gruzii-s-nato-delaet-tbilisi-uchastnikom-politiki-sderzhivaniia-rossii

ინტერვიუ გრიგორი კარასინთან: „საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თბილისს რუსეთისშეკავებისნატოსეული პოლიტიკის თანამონაწილედ აქცევს“

ინტერვიუში, რომელიც „იზვესტიის“ კორესპონდენტმა ტატიანა ბაიკოვამ რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ჩამოართვა, განხილულია უცხო ქვეყნებში მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეების მდგომარეობა, უკრაინის ურთიერთობის პრობლემები, მოლდავეთთან მომხდარი დიპლომატიური სკანდალი (რუსეთის საელჩოს თანამშრომლების „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადება), დნესტრისპირეთის პრობლემა და, რა თქმა უნდა, საქართველოსთან დამოკიდებულება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ივლისის დასაწყისში თქვენ დაგეგმილი გაქვთ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან რუსეთის საკითხებში, ბატონ ზურაბ აბაშიძესთან. შეიძლება თუ არა ველოდოთ რაიმე ძვრებს ურთიერთობის დარეგულირებაში?

- დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართული შეხვედრები უმნიშვნელოვანეს არხს წარმოადგენს რუსეთისა და საქართველოს დიალოგისათვის, რომელიც ორივე ქვეყნის ხელმზღვანელობის დავალებით მიმდინარეობს. რამდენადაც ჩვენ ყოველთვის პრინციპულად გამოვდიოდით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებისათვის, 2012 წლის ბოლოს იმთავითვე სწრაფად გამოვეხმაურეთ თბილისიდან წამოსულ პოზიტიურ სიგნალს. იმ დროს დაწყებული არაფორმალური დიალოგის ჩარჩოებში, კონსტრუქციული ძალისხმევით, ორივე მხარემ  მოახერხა პოზიტიური შედეგების მიღწევა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში. გასულ 2016 წელს რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობამ (საქონელთბრუნვამ) 707 მილიონ დოლარს მიაღწია. დღეს რუსეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორთა სამეულში შედის და საქართველოს მიერ ექსპორტირებული ღვინის  ნახევარზე მეტს და მანდარინის მეოთხედს ყიდულობს. სწორედ რუსეთზე მოდის იმ თანხების ლომის წილი, რომლებიც საზღვარგარეთ მომუშავე ქართველების მიერ სამშობლოში იგზავნება – ესაა დაახლოებით 400 მლნ. დოლარი წელიწადში. ხორციელდება რეგულარული ავიარეისები საქართველოსა და რუსეთის რიგ ქალაქებს შორის, მოქმედებს 20-ზე მეტი საერთაშორისო სამგზავრო-საავტობუსო მარშრუტი. გააქტიურებულია კონტაქტები მეცნიერებს, ბიზნესმენებს და ახალგაზრდებს შორის. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდები მოდიან ცოდნის დასაუფლებლად.

რაც შეეხება ჩემს მორიგ შეხვედრას სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან, რომელიც ივლისი დასაწყისშია დაგეგმილი, მისი დღის წესრიგი საკმაოდ ფართოა და იმედი მაქვს, შეხვედრა, როგორც ყოველთვის, საქმიან ატმოსფეროში ჩაივლის, თუმცა, ცხადია, სიტუაციის გაუბრალოება არ უნდა მოვახდინოთ.

ჩვენს შორის ისევ არსებობს პრინციპული სხვადასხვაობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი მიდგომაში. ჩვენ ყოველთვის გულწრფელად ვეუბნებოდით ქართულ მხარეს, რომ [თბილის-მოსკოვის] ორმხრივი დიალოგი არ ეხება რუსეთის ყოველმხრივ თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს არის ჟენევის დისკუსიებზე განსახილველი საკითხი, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, მეზობლებთან – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კეთილმეზობლური და თანაბარუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, თბილისი მანიაკალური სიჯიუტით განაგრძობს რუსეთის მიერ მათი „ოკუპაციის“ შესახებ მტკიცებას. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი ნატოსთან შემოდგომი დაახლოებისთვის. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხში არაფრით განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად თბილისს ხდის რუსეთის „შეკავების“ ნატოსეული პოლიტიკის თანამონაწილედ. მხოლოდ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ ჩატარდა ფართო სწავლებები ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის მონაწილეობით. უკვე მეორე წელია, ზედიზედ, სპეციალურად მუშავდება ევროპიდან სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა. თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და მასზე მიღებული დეკლარაცია ცხადჰყოფს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართულებით და სურვილს, მყარად გამაგრდეს სამხრეთ კავკასიაში.

- როგორი მდგომარეობაა საქართველოსთან სავიზო საკითხებში?

- შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თვით ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით პირობების შემსუბუქებას ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. 2015 წლის დეკემბერში რუსული მხარე გადავიდა საქართველოს მოქალაქეებისთვის საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზების გაფორმებაზე, მათ შორის კერძო ვიზების გაცემაზე. შედეგად, 2016 წლის მანძილზე ვიზების რაოდენობა, რომელიც ჩვენი ინტერესების სექციის მიერ გაიცა, თითქმის, გაორმაგდა. ამჟამად მზადდება სავიზო რეჟიმის გამარტივება იმ თვითმფრინავების ეკიპაჟებისათვის, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის საჰაერო რეისებს ასრულებენ.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს, რისკავენ, რომ არ მოხვდნენ ყბადაღებულ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მოქმედების ქვეშ, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მათთვის, ვინც მანამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა.

თავად საქართველომ გააუქმა ვიზები არა მხოლოდ რუსებისთვის, არამედ დაახლოებით ასამდე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თანაც ცალმხრივად. „ჩვეულებრივ, ასეთია პრაქტიკა სახელმწიფოებისა, რომლებიც ისწრაფვიან მიიზიდონ უცხოელი ტურისტები. თანამედროვე სამყაროში, სადაც იზრდება ტერორისტული და სხვა საფრთხეები, „ტურისტული ქვეყნები“ რა თქმა უნდა, არ უნდა ელოდონ სავიზო საკითხებში ავტომატურ ნაცვალგებას.

დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში ძნელი იქნება მასშტაბური ერთობლივი მუშაობა სავიზო ლიბერალიზაციის თემაზე. როგორც ცნობილია, ეს ურთიერთობები ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა. მათი აღდგენის პერსპექტივა ისევ მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-kenneth-angell/3918571.html

ინტერვიუ კენეტ ენჯელთან: „საქართველომ საკუთარი მესიჯი უკეთ უნდა გაავრცელოს“

ია მეურმიშვილი

„საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია“, იგივე OPIC-ი, ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც კერძო კაპიტალის მობილიზებას ახდენს მსოფლიოს მასშტაბით განვითარების პროექტების ხელშესაწყობად. ქვეყნების ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, OPIC-ი ამ მისიით ამერიკის საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების დაწინაურებას უწყობს ხელს. სააგენტო 160 ქვეყანაში მუშაობს. OPIC-ის მმართველ დირექტორს კენეტ ენჯელს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი საქართველოში სააგენტოს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

- OPIC-ი ერთ-ერთი პირველი მსხვილი ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის დახმარების გაწევა დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე გადაწყვიტა. როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა?

- OPIC-ი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყანაში მუშაობს. როცა ქვეყანამ გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა დაიწყო, ამერიკულ კომპანიებს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება სურდათ, მაგრამ ამისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური რისკებისგან დაზღვევას ითხოვდნენ. მოგვიანებით, OPIC-მა ინვესტორებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა დაიწყო. პირველი პროექტი, რომელიც ჩვენი დახმარებით განხორციელდა ისტორიული სასტუმროს „მარიოტ თბილისის“ აღდგენა იყო. OPIC-ს საქართველოში 600 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული 60-ზე მეტ პროექტში ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორებში.

- როგორ დაახასიათებდით საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროცესს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში?

- OPIC-ში საქართველოს პროექტებზე 20 წელზე მეტია ვმუშაობ და ამან საშუალება მომცა ნათლად დამენახა თუ როგორ გადავიდა საქართველო გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე, ღია საბაზრო პოლიტიკით და კარგი ბიზნეს გარემოთი. ამ დროში საქართველო რთული ეკონომიკური ვითარებიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა და დღეს ქართული კომპანიები ლონდონის აქციების ბაზარზეა აღრიცხული. ეს ძალიან დიდი მიღწევაა!

- თქვენ რამდენიმე ინდუსტრია ახსენეთ, რომელშიც OPIC-ი საქართველოს აქტიურ დახმარებას უწევს. კონკრეტულად რა პროექტებზე საუბრობთ?

- OPIC-ი პირველი უცხოური ფინანსური ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების დიდი მნიშვნელობა დაინახა. ჩვენ აღვადგინეთ სასტუმრო „თბილისი“ და ავაშენეთ „ქორთიარდ მარიოტი.“ სასტუმროების მშენებლობაში კვლავ აქტიურად ვართ ჩართული – სასტუმრო „მაქსი“ მომავალ წელს გაიხსნება ზაარბრუკენის ქუჩაზე, წინანდალში კი „რედისონ ბლუ“-ს გავხსნით, რომელიც კახეთში პირველი საერთაშორისო სასტუმრო იქნება. სოფლის მეურნეობის დარგში “სანტე” საქართველოში რძის პროდუქტის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვენ მათ დასავლური აპარატურის შეძენაში და მენეჯმენტის დასავლური პრინციპების დანერგვაში დავეხმარეთ. “სანტე”-ს ასევე დავეხმარეთ რძის მომწოდებელი ქსელის შექმნაში, რომელმაც გლეხები კომპანიას დააკავშირა. ამით “სანტე”-ს ახალი რძის უწყვეტი მარაგი გაუჩნდა, გლეხებს კი შემოსავალი. განათლების სფეროში ჩვენი მხარდაჭერით ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) კამპუსის აშენება და სასწავლო პროგრამის გაფართოებაც შეძლო.

- უკეთ რომ გავიგოთ OPIC-ის როლი საქართველოში ბიზნესის განვითარებაში, კონკრეტულად როგორ ხდება თქვენს მიერ პროექტების დაფინანსება?

- OPIC-ი ისეთ ბიზნესებს აფინანსებს, რომელებიც სხვა წყაროებისგან დაფინანსებას ვერ იღებენ. ჩვენ კერძო სექტორს კონკურენციას არ ვუწევთ. როცა კომპანია OPIC-თან მოდის და პროექტის დაფინანსების გზებს ეძებს, ჩვენ პროექტს ისევე ვაფასებთ, როგორც ბანკები, მაგრამ შეგვიძლია ისეთი პირობების შეთავაზება, რომელსაც კერძო სექტორი ვერ სთავაზობს – მაგალითად უფრო გრძელვადიანი სესხები, ან გადახდის დაწყებამდე უფრო გრძელი პერიოდი. ოპიკისთვის ეკონომიკური განვითარება უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

- რა არის სესხის მაქსიმალური ოდენობა?

- მაქსიმუმი 250 მილიონი დოლარია, თუმცა ამ ოდენობის სესხი ჯერ არც ერთ ქართულ ბიზნესს არ გამოუტანია. ჩვენ ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესებს ვაფინანსებთ, რომლებიც 10-20 მილიონი დოლარის ფარგლებში ხვდებიან.

- ხდებით თუ არა კომპანიის აქციონერი, ან ბიზნესის მოწილე მას შემდეგ, რაც მას დააფინანსებთ?

- არა, OPIC-ი არ ხდება კომპანიის ნაწილი მისი დაფინასების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს რესურსები და ტექნიკური საშუალება იმისა, რომ თავისი თავი მართოს. ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ პარტნიორობა კერძო და საჯარო სექტორებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ბიზნესები თვითონ მოდიან თქვენთან თუ თქვენ პოულობთ მათ? გაქვთ თუ არა ცნობადობის ამაღლების პროგრამები, რომლებიც ბიზნესებს თქვენ შესახებ ინფორმაციას მიაწვდის?

- ზოგადად, კომპანიები თვითონ მოდიან ჩვენთან. მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს OPIC-ის შესახებ არის ის, რომ ჩვენ ამერიკულ კომპანიებს ვუწევთ მხარდაჭერას. ანუ, ამერიკულ ბიზნესებს ვატყობინებთ, რომ საქართველოში არის ინვესტიციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ ვერთვებით, იქნება ეს დაფინანსებით თუ პოლიტიკური რისკების დაზღვევით.

- ანუ ინიციატივა ამერიკული კომპანიიდან უნდა წამოვიდეს?

- ზოგადად კი. მაგრამ თუ ქართულმა ბიზნესმა ამერიკულ ფრენჩაიზთან დაკავშირება გადაწყვიტა ეს დააკმაყოფილებს აღნიშნულ ამერიკულ კომპონენტს. პროექტში ორი მთავარი ელემენტი უნდა იყოს – უნდა იყოს კავშირი ამერიკულ კომპანიასთან და პროექტი ეკონომიკის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. თითოეულ შემთხვევაში OPIC-ი ატარებს პროექტის მკაცრ შეფასებას – როგორია კომპანიის მენეჯმენტის სტილი, ისტორია, მოთხოვნა ბაზარზე და, რა თქმა უნდა, ის, თუ როგორ დაეხმარება ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

- გაქვთ თუ არა სესხის მინიმალური ზღვარი?

- კომპანიებს ვურჩევთ, რომ მინიმუმი 1 მილიონი იყოს. ეს იმის გამო, რომ ზოგიერთი ოპერაციის ხარჯი, მაგალითად ბუღალტერიის, ლეგალური დაცვის, და სხვა მსგავსი საქმიანობის – ერთი და იგივეა 500 ათასის თუ 50 მილიონის ოდენობის სესხის შემთხვევაში. 500 ათასიანი სესხის დროს ეს ხარჯები სესხის დიდი ნაწილი ხდება, 50 მილიონის შემთხვევაში კი ის პროპორციულად საკამოდ უმნიშვნელოა.

- ბიზნესს საკუთარი მინიმალური კაპიტალის ქონა მოეთხოვება, სანამ თქვენ მას დახმარებას გაუწევთ?

- OPIC-ი ხშირად ახალ პროექტებს აფინანსებს, ისეთებს, რომლებიც მანამდე არ არსებობდა და რომელშიც კაპიტალი და ვალი ახლა იდება. ზოგადად, სტარტაპებისთვის ვალის და კაპიტალის თანაფარდობას 50/50-ზე ვითხოვთ.

- გაქვთ თუ არა მონიტორინგის პროგრამები, რომლითაც თქვენს მიერ დაფინანსებულ კომპანიებს ამოწმებთ – იმას თუ რამდენად ადეკვატურად იცავს კომპანია მენეჯმენტის, დასაქმების, ბუღალტერიის თუ სხვა სტანდარტებს?

კი, კარგია, რომ ეს თემა წამოჭერით. ოპიკი მის მიერ დაფინანსებულ თითოეულ პროექტს უწევს მონიტორინგს. ეს ორ დონეზე ხდება. ერთია კრედიტის ასპექტი. ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ კომპანია იცავს სესხის შეთანხმებაში ჩადებულ პირობებს და რომ ის კონტრაქტით განსაზღვრულ ფინანსურ პროგნოზებს და მიზნებს აღწევს. მეორე ასპექტი განვითარებას უკავშირდება – ანუ რამდენად იცავს პროექტი მაგალითად გარემოს, მუშახელის უფლებებს და ა.შ.

- შრომის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი თემაა…

- დიახ. ერთი რის გაკეთებასაც ოპიკი ცდილობს დასაქმების პირობების გაუმჯობესებაა. ჩვენ მხოლოდ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით არ შემოვიფარგლებით. ვცდილობთ ამერიკული ან საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ამის კარგი მაგალითია OPIC-ის ჩართულობა ჯანდაცვის სფეროში. საქართველოში ვაშენებთ პირველ საავადმყოფოს, რომელიც საერთაშორისოდ სერთიფიცირებული იქნება. ამით ძალიან ვამაყობთ.

- როგორ თანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან? აწვდით თუ არა მთავრობას რჩევებს საკანონმდებლო ან ტექნიკურ საკითხებზე იმისთვის, რომ უკეთ იქნას დაცული მაგალითად, ინვესტორების უფლებები, გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო?

- საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას დიდი შესაძლებლობები აქვს. რომ შევხედოთ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჰიდროენერგიის მხრივ – ვფიქრობ ის, რასაც მთავრობა აკეთებს ეკონომიკური რეფორმის, ღია და ლიბერალური ეკონომიკის შექმნის მხრივ, ძალიან კარგი დასაწყისია. ისინი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ. ეკონომიკის განვითარების ის ოთხი ფუნდამენტი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევას ის წარმოადგენს, თუ როგორ გაიტანოს საკუთარი გზავნილი ქვეყნის გარეთ; როგორ გააგებინოს კომპანიებს მისი შედარებითი უპირატესობის, მდებარეობის, ღია და ლიბერალური ეკონომიკის შესახებ. ეს ეხება ქვეყნის მდებარეობას, შესაძლებლობებს ვაჭრობაში, ტრანსპორტირებაში, ცენტრად ჩამოყალიბებაში და ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

ეს არის სფერო, სადაც უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. როცა ინვესტორები საქართველოში ჩადიან თვითონ ხედავენ შესაძლებლობებს, იმის ნაცვლად, რომ მათ ამ შესაძლებლობებზე უბრალოდ შორიდან მოისმინონ. ინვესტორების საქართველოში ჩაყვანა და მათთვის იმის საშულების მიცემა, რომ საკუთარი თვალით შეაფასონ შესაძლებლობები, ვფიქრობ საქართველოში ინვესტორების რაოდენობას გაზრდის.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 28 ივნისი, 2017 წელი

https://www.golos-ameriki.ru/a/georgia-will-not-seel-saakashvili-extradition-from-ukraine/3919524.html

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მომავალი ვიზიტი საქართველოში და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი (კომენტარები)

სტატიაში საუბარია საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მომავალი ვიზიტის შესახებ და ამასთან დაკავშირებით – მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ექსტრადიციასთან დაკავშირებით. პუბლიკაციაში გადმოცემულია საკითხის წინაისტორია – თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში, რატომ დანიშნა იგი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ოლქის გუბერნატორად, რატომ დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილი თავის „მეგობარ“ პეტრო პოროშენკოს და ა.შ. (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).

როგორია ქართველი ექსპერტების თვალსაზრისი მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ექსტრადირებასთან  მიმართებით? გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურისთვის გაკეთებულ კომენტარში ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების და მისი უკრაინული გუნდის საუბრები, თითქოსდა მოლაპარაკება მიდის ექსტრადირებაზეო, მხოლოდ „თავის დაზღვევის მიზნით“ დაწყებული საუბარია; „ეს სრულიად მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან, რადგან ისინი დღეს უკრაინაში თავს ძალიან არამყარ, მყიფე მდგომარეობაში გრძნობენ. გარდა ამისა, ეს არის ჩვეულებრივი და მორიგი შავი პიარი პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, პრეზიდენტის ავტორიტეტისა და იმიჯის შელახვის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის თვალში“.

ექსპერტი გია ნოდია სრულიად დასაშვებად მიიჩნევს, რომ ქართული მხარე უკრაინის წარმომადგენლებთან საუბარში, ან დიპლომატიური არხებით, შესაძლოა დაინტერესებულია ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებით, მაგრამ პრაქტიკულად ექს-პრეზიდენტის ქართული მხარისადმი გადმოცემა ნაკლებად სავარაუდოა და შეუძლებელიც კი, რადგან ამ შემთხვევაში მთავარ ფაქტორს საკითხის იურიდიული მხარე წარმოადგენს [მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის კონსტიტუცია კი მოქალაქის გადაცემას კრძალავს]. გარდა ამისა, გია ნოდიას თქმით, ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება უკრაინის მხრიდან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, რომელიც იქაურ ხელისუფლებას პოლიტიკური თვალსაზრისით არ აწყობს. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მყოფი „ნაციონალი“ ჩინოვნიკების გადმოცემას, ამ ფონზე თვითონ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არარეალური სცენარია“, – ამბობს გია ნოდია „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ გინდაც მოხდეს ექს-პრეზიდენტის ექსტრადიცია, მისი ყოფნა განსასჯელის სკამზე დასავლეთში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. „ისიც შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოს მთავრობამ არ მიაქციოს ყურადღება ასეთი სასამართლო პროცესით ქვეყნის იმიჯის შელახვის შესაძლებლობას და გააკეთოს ის, რაც სურს“, – ამბობს გია ნოდია.

Comments are closed