globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 29th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Stratfor» (აშშ): რუსეთი საქართველოს ჩუმად იპყრობს

«Независимая газета» (რუსეთი): გაძვირებული კილოვატსაათების გამო საქართველოს ხელისუფლება ძაბვის ქვეშ მოჰყვა: თბილისში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული აქციები დაიწყო

«FinanzNachrichten» (გერმანია): „დომინოს ეფექტი“: საბერძნეთის მოქმედება შეიძლება უკრაინამ, საქართველომ და სომხეთმა გაიმეორონ

——————-

«Stratfor» (აშშ), 28 ივლისი, 2015 წელი

https://www.stratfor.com/analysis/russia-quietly-encroaches-georgia

რუსეთი საქართველოს ჩუმად იპყრობს

სტატიაში, რომელიც ამერიკულმა ანალიზისა და სტრატეგიული პროგნოზირების კომპანია „სტრატფორ“-მა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტი –  ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ დემარკირება და მასთან დაკავშირებული მოვლენები (ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორია, ოსი სეპარატისტების მიზნები, რუსეთისა და საქართველოს დამოკიდებულება, რუსეთის აგრესია 2008 წელს…).

„2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთს საქართველოზე სრული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით რუსული არმიის სარდლობის წინაშე რთული სტრატეგიული ამოცანა დადგა – როგორ უნდა დაეცვა რუსეთს სამხრეთ ოსეთი, რომელსაც კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთისაგან განსხვავებით, რუსეთთან გრძელი საზღვარი [და ზღვაზე გასასვლელი] არ აქვს და თითქმის მთლიანად საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებული ტერიტორითაა გარშემორტყმული? თვით სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი ცხინვალი ძალიან ახლოს მდებარეობს საქართველოს საზღვართან, რაც ხელს უშლის რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებს მანევრების ჩასატარებლად და მომგებიანი თავდაცვითი პოზიციების დასაკავებლად. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებისა და ოსი სეპარატისტების ძალების შეხების რაიონში, სამხრეთ ნაწილში, საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ გორამდე, არ არის არც დიდი მდინარეები, არც მთები, რომ საზღვარი ბუნებრივ ზღუდეებზე გავიდეს. „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების“ დემარკირებით რუსი მესაზღვრეები ცდილობენ საკუთარი მიზნები უზრუნველყონ, რომ მათ  მანევრირებისათვის მეტი სივრცე და არეალი ჰქონდეთ, რომ დრო ეფექტურად გამოიყენონ და კონფლიქტის განახლების შემთხვევაში მომგებიანი პოზიციები ჰქონდეთ დაკავებული. თუმცა, რასაკვირველია, ბუნებრივი ზღუდეების არარსებობა რუსეთის სამხედრო ძალებს მაინც გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

ინტერესს იწვევს რუსეთის მიერ შერჩეული დრო „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ დემარკაციისათვის: მიმდინარეობს რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება, სამხრეთ კავკასიაში იზრდება დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის დონე (მხედველობაში გვაქვს ერთობლივი სამხედრო მანევრების ჩატარება, საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულება ასოცირების შესახებ, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო ინტეგრირება მსხვილი ობიექტების დაცვის მიზნით და ასე შემდეგ). გარდა ამისა, მოსკოვს ვერ ეგუება იმას, რომ საქართველო აგრძელებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესს, რომ საქართველო ნატოს საწრთვნელი ცენტრის დისლოკაციის ადგილია. შეთხვევითი არაა, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯი „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ მონიშვნის მიზნით საქართველოში ნატოს ეგიდით გამართულ სამხედრო მანევრებს დაემთხვა. შეიძლება იტქვას, რომ მოსკოვის ყველა პრაქტიკული მოქმედება კარგად ჯდება იმ საერთო სტრატეგიაში, რომელიც რუსეთმა რეგიონისათვის შეიმუშავა – განამტკიცოს თავისი სამხედრო ბაზები აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და სომხეთში. ამ სტრატეგიის ნაწილია ისიც, რომ მოსკოვმა ერევანს სამხედრო მიზნებისათვის 200 მილიონი დოლარი გამოუყო.

საქართველო გეოგრაფიული თვალსაზრისით ორ ნაწილადაა გაყოფილი – დასავლეთ საქართველოდ და აღმოსავლეთ საქართველოდ, რომლებსაც სატრანსპორტო კომუნიკაციები აერთიანებთ, მათ შორის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი. იქვე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მილსადენებიც, მათ შორის ბაქო-სუფსას და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები. მართალია, პრინციპში ნავთობსადენები ჯერ-ჯერობით ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ, მაგრამ რუსეთი დასავლეთს სიგნალს აძლევს, რომ მას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული ობიექტები გააკონტროლოს.

ამრიგად, შეიძლება დასკვნა გაკეთდეს:

რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთში“ განხორციელებული მოქმედება განპირობებულია ამ ტერიტორიის უსაფრთხოების პრობლემებით, რაც მოსკოვის სამხრეთკავკასიური საერთო სტრატეგიის ნაწილია. ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ოპერაციის განხორციელების საფრთხე ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა აშკარაა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ორივე მხარე – თბილისიც და ცხინვალიც – თავიანთი პოზიციების განმტკიცებას მოკავშირეების დახმარებით ცდილობენ: საქართველო-  დასავლეთს შეჰყურებს, ხოლო „სამხრეთ ოსეთი“ – რუსეთს. საქართველო ცდილობს ნატოსთან ინტეგრირება გააღრმავოს და პარალელურად ტავის სამხედრო პოტენციალს ზრდის, სამხრეთ ოსეთი“ კი ცდილობს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რუსეთთან ერთად მოქმედებს და თავის საზღვრებს თანდათანობით აფართოებს – თავდასხმის შემთხვევაში რომ თავი უკეთ დაიცვას.

«Независимая газета» (რუსეთი), 29 ივლისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-07-29/6_kilowatt.html

გაძვირებული კილოვატსაათების გამო საქართველოს ხელისუფლება ძაბვის ქვეშ მოჰყვა: თბილისში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული აქციები დაიწყო

სტატიაში გადმოცემულია ბოლო დროს საქართველოში, თბილისში მომხდარი მოვლენები, რომლებიც მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის მატებას ეხება და რომელმაც მოსახლეობისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გააქტიურება გამოიწვია (ავტორი – იური როქსი).

„საქართველოში დაგეგმილი ელექტროენერგიის გაძვირების გამო ექს-პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო მიტინგი, მოსახლეობის პირველ საზოგადოებრივ გამოსვლად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც მმართველი კოალიცია „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული. ქართველები დარწმუნებულნი არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი, მის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, მაინც ყველაფერს კულისებიდან მართავს, ამიტომაც აქციის მონაწილეებს თბილისის ქუჩებში სიარული და სახელმწიფო დაწესებულებების ოფისების წინ მიტინგების გამართვა არ დაუწყიათ და პირდაპირ მილიარდერის სახლის წინ შეიკრიბნენ – იმ ადამიანისა, რომელიც სამი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების დროს მათ ცხოვრების გაუმჯობესებას და კომუნალური მომსახურების ტარიფების თითქმის ორჯერ შემცირებას დაპირდა. „ელექტროდენზე ტარიფის შემცირების სანაცვლოდ ჩვენ გაძვირება მივიღეთ, რაც, თავის მხრივ, ყველა დანარჩენი მომსახურების გაძვირებასაც გამოიწვევს. ხელისუფლება კომპენსაციას გვპირდება, მაგრამ ეს მხოლოდ მოხმარებულ ელექტროდენს ეხება. ვინ აგვინაზღაურებს კვების პროდუქტებისა და ტრანსპორტის გაძვირებას? ამაზე არავინ არაფერს ამბობს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თბილისის მერობის ექს-კანდიდატმა ნიკა მელიამ აღნიშნა, ატასობით სოციალურად დაუცველი ოჯახის კომპენსაციის მირების გარეშეა დარჩენილი, ისინი სიებიდან ამოიღეს და ეს წინასწარგანზრახულად გაკეთდა. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მტავრობამ ტყუილების ტირაჟირება უნდა შეწყვიტოს. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ დღეს მოსახლეობის აქცია  მშვიდად ტარდება, შემოდგომაზე პროტესტი უფრო მკვეთრი იქნება“.

პუბლიკაციაში ვრცლადაა საუბარი იმ გარემოებებზე, რომლებმაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია: ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების – „ენერგო-პო“-სა და „თელასის“ მიმართვა სემეკ-ისადმი ტარიფების მომატების თხოვნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშივილის განცხადებები (ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ-ჯერობით დუმს), რომ  „საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები ყველაზე დაბალია რეგიონში და ასეთივედ დარჩება მომატების სემდეგაც და რომ ტარიფების ზრდას ობიექტური მიზეზები აქვს – გაზზე ფასების მომატება, ინფლაცია…

ირაკლი ღარიბაშვილის არგუმენტებმა მოსახლეობაზე რაიმე დამამშვიდებელი ეფექტი მაინც ვერ მოახდინა: ამომრჩევლებს ძალიან კარგად ახსოვთ საარჩევნო დაპირებები და ის განცხადებები, რომ „გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფებში მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს წილები აქვთო და ჩვენ ამ წილებს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის გამოვიყენებთო“… თავდაპირველად ტარიფები ნამდვილად შემცირდა, მაგრამ არა ისე, როგორც დაპირება იყო, ახლა კი კვლავ მატულობს.

პუბლიკაციაში ავტორი ახდენს პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის, ეკონომიკის საკითხების ექსპერტის გია ხუხაშვილის ციტირებას ინტერვიუდან, რომელიც მან ქართულ გაზეთ „კვირის პალიტრას“ მისცა (ექსპერტმა ეჭვქვეშ დააყენა ჩეხური კომპანია „ენერგო-პროს“ საქმიანობა განაცხადა, რომ ის ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟს მიმართავს – „ან ტარიფის მომატებაზე დათანხმდით და ჩემი თხოვნა შეასრულეთ, ანდა ზამთარში დენის მიწოდება გრაფიკით იქნებაო“. გია ხუხაშვილის აზრით, მთავრობა უნდა დაინტერესდეს ამ კომპანიის ურთიერთობით სემეკ-თან, რაიმე კორუფციული გარიგება ხომ არ ხდება).

ტარიფების ზრდის გამო რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ქუჩის საპროტესტო აქციების მოწყობაზე მზადყოფნა გამოაცხადა, თუმცა ზოგიერთები საქართველოს ხელისუფლების კრიზისზე მიუთითებენ. სტატიაში მოხსენიებულია პარტია „ევროპელი დემოკრატების ლიდერის პაატა დავითაია, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება. მისი თქმით, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კვლავ დაპირისპირებაა, რაც თბილისში დაწყებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მიმართ მათი დამოკიდებულებითაც დასტურდება: ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო, გიორგი მარგველაშვილმა კი სპორტსმენებს მხოლოდ ფეისბუქის მეშვეობით მიმართა. პაატა დავითაიას თქმით, პრემიერმა, რომელსაც პრეზიდენტზე მეტი უფლებამოსილება აქვს, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დასაცავად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

«FinanzNachrichten» (გერმანია), 29 ივლისი, 2015 წელი

http://www.finanznachrichten.de/nachrichten-2015-07/34458345-hans-a-bernecker-domino-effekt-118.htm

„დომინოს ეფექტი“: საბერძნეთის მოქმედება შეიძლება უკრაინამ, საქართველომ და სომხეთმა გაიმეორონ

„ის რაც ბერძნებს ნებადართული აქვთ, სხვებსაც არ ეკრძალებათ? ფინანსური სფეროს ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება საბერძნეთის საგარეო ვალების გაუქმება-ჩამოწერას მოჰყვეს სხვა ქვეყნებისათვის: არაა გამორიცხული „დომინოს ეფექტი“ მოხდეს, – აღნიშნულია გერმანულ «FinanzNachrichten»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ჰანს ბერნეკერი).

შესაძლოა „დომინოს ეფექტის“ ქვეყნების სიაში უკრაინა, საქართველოს და სომხეთი ვიხილოთ. გარდა ამისა, ვალების ჩამოწერაზე არც თურქეთი არ იტყვის უარს: „უკვე რამდენიმე დღეა ხმები ვრცელდება, რომ უკრაინა დასავლეთს ვალების შემცირებას მოსხოვს. სულ რაღაც ოთხი კვირის წინათ კიევმა ახალი კრედიტი მიიღო, დღეს კი ამ ქვეყნის მთავრობას სურს, რომ საერთო ვალები 40%-ით შეუმცირდეს. კიევი ვალდებულია პირველი გადახდა უკვე აგვისტოში განახორციელოს. ამერიკელებს ეს საკითხი მაინცდამაინც არ აღელვებთ, რადგან ვაშინგტონის გამოყოფილი კრედიტები მხოლოდ „გეოპოლიტიკური ხარჯებია“, ევროპელებს კი უკრაინისათვის ვალების ჩამოწერა 16 მილიარდამდე ევროდ დაუჯდებათ“, – ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ამ ეტაპზე უკრაინის მსგავსად შეიძლება ის ქვეყნებიც მოიქცნენ, რომლებმაც ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მსაშტაბური კრედიტები აიღეს და მათი ვალები ფინანსურ ბაზარზე ობლიგაციების სახით არ არის დაფიქსირებული. ეს ქვეყნებია საქართველო და სომხეთი.

რაც შეეხება თურქეთს, დღემდე ეს ქვეყანა ცუდი დებიტორი არ ყოფილა, მაგრამ არც ვალების კარგი გადამხდელის რეპუტაცია არ აქვს, რაც განსაკუთრებით ლირის კურსის რყევის დროს გამოვლინდა. ეროვნული ვალუტა არასტაბილურია. თუ ამას ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ დაზაბულობასაც დავამატებთ, სიტუაცია უარყოფითად შეიცვლება. პრეზიდენტი რეჯეპ ერდოღანი ტიპიურ თურქულ ტრადიციულ პოლიტიკას ატარებს: იგი იწყებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას და იმავდროულად ანტიქურთულ ოპერაციებსაც ატარებს. არადა, ქურთებიც ხომ „ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან? თუ ანკარა ასეთ პოლიტიკას გააგრძელებს, ის არასტაბილური და ფეთქებადსაშიში დებიტორი გახდება. დომინოს ეფექტი – ეს აღმოჩენა კი არ არის, არამედ მწარე ისტორიული გამოცდილება. ცდუნება ძალიან დიდია. ბოლოსდაბოლოს, საქმე იმაში კი არაა, რომ გერმანია რამდენ ფულს დაკარგავს, არამედ იმაში, რომ სახელმწიფო ვალის საკითხს პასუხისმგებლობით მიდგომა ჭირდება და რომ ყველას უნდა ახსოვდეს – ვალსაც თავისი ფასი აქვს“, – აღნიშნულია სტატიაში.

Comments are closed