globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Forbes» (აშშ): რუსეთი კიბერნეტიკულ ომს დღესაც აგრძელებს // რუსული „კაგებე“-ს კვალი საქართველოს 2012 წლის არჩევნებში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ისეთი სიტუაციია, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება“ // პრორუსული ძალების მოქმედება კონფლიქტის ზონაში, ამომრჩევლის გულის მოსაგებად

«Эхо» (აზერბაიჯანი): ირანმა და აზერბაიჯანმა ვერ მოილაპარაკეს // ირანული გაზის ევროპაში გატანა სომხეთისა და საქართველოს გავლით მოხდება?

———————-

«Forbes» (აშშ), 28 ივლისი, 2016 წელი

http://www.forbes.com/sites/melikkaylan/2016/07/26/now-can-we-please-stop-moscow-dividing-the-country-and-the-world/#5f783a5b1627

რუსეთი კიბერნეტიკულ ომს დღესაც აგრძელებს

რუსული „კაგებე“-ს კვალი საქართველოს 2012 წლის არჩევნებში

სტატიაში განხილულია რუსეთის სავარაუდო კვალი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პერიოდში მომხდარ კიბერშეტევებში. სტატიის ავტორი მელიკ კაილანი რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ის დემოკრატიაში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში ადანაშაულებს და წერს, რომ ვლადიმირ პუტინის შეჩერება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში „სულ მალე იგი ამერიკელთა სახლების კედლებშიც შეაღწევს“.

2008 წელს ვლადიმირ პუტინის დაუსჯელმა შეჭრამ საქართველოში ის გამოიწვია, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკის დემოკრატიის ხელყოფას ცდილობს, – აღნიშნავს სტატიის ავტორი და ამ ფონზე რუსეთის ხელისუფლების ხელშეწყობით განხორციელენულ კიბერინციდენტებს იხსენებს ყირიმის, დონბასის და სირიის ამბებთან დაკავშირებით.

„თუ ვინმეს კიდევ არ სჯერა, რომ „ვიკილიქსის“ მიერ დოკუმენტების ამასწინანდელ  გამოქვეყნებაში [იგულისხმება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სერვერების გატეხვა და აუდიოჩანაწერების განსაჯაროება) რუსეთის ხელი ურევია, მაშინ სხვა მსგავსი მაგალითების მოყვანაც შემიძლია“, - წერს მელიქ კაილანი და საქართველოში 2012 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს იხსენებს:

„ნიუსვიქ“-ში მასალების გამოქვეყნებისას მე ვთქვი, რომ თბილისში რუსეთის „კაგებეს“ საქმიანობის კვალი შევნიშნე. არჩევნებში ხმის მიცემამდე დაახლოებით ათი დღით ადრე ქართული ტელეარხებით გადაიცა იდუმალი გზით მოპოვებული ვიდეოკადრები, რომლებშიც საქართველოს ციხეებში მომხდარი ბოროტმოქმდება იყო ასახული. ამ ვიდეოკადრებმა ბიძგი მისცა მოსახლეობის საპროტესტო აქციებს - ხალხი ქუჩაში გამოვიდა და მომხდარში საქართველოს პროდასავლური ხელისუფლება დაადანაშაულა, გაჩნდა ქაოსისა და არასტაბილურობის საფრთხე. იმავდროულად რუსეთის ტელეარხების ეთერით გამოდიოდნენ რუსი სამხედრო ჩინოვნიკები, რომლებიც პირქუშად ამბობდნენ, მზად უნდა ვიყოთ საქართველოს დასახმარებლად და წესრიგის აღდგენისთვისო. ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტელეეთერში გადაცემული ვიდეოკადრები საზღვარგარეთ არსებული პრორუსული ქართული მაფიის მიერ მომზადებული. თუმცა უკვე გვიან იყო - მიხეილ სააკაშვილის ანტირუსულმა პარტიამ არჩევნები წააგო“, - აღნიშნავს ავტორი.

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 ივლისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/propaganda-in-the-gori-region/3438761.html

„ისეთი სიტუაციია, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება“

პრორუსული ძალების მოქმედება კონფლიქტის ზონაში, ამომრჩევლის გულის მოსაგებად

ნინო დალაქიშვილი


კონფლიქტის ზონაში, შიდა ქართლში, რუსული პროპაგანდა მძლავრობს. პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები აქტიურად ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებას, რის ხარჯზეც სურთ პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი და ქვეყნის მართვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ომგამოვლილი მოსახლეობისგან სიმპათიის მოპოვება რთულია. აქ ყველას კარგად ახსოვს 2008 წელი და ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების ყოველდღიური დაკავებების სერია, ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ამომრჩევლის გულის მოგებისთვის არასახარბიელო მოცემულობის მიუხედავად, რუსული პროპაგანდა აპოკალიპტური სურათის დახატვასაც არ ერიდება. ამ სცენარში ერთადერთ მშველელად მეზობელი რუსეთია გამოყვანილი, რომელიც საქართველოს პრობლემებს მოაგვარებს იმ წუთიდანვე, რა წუთსაც საქართველო „ჭკვიანურად“ მოქცევას გადაწყვეტს.

ერგნეთის მკვიდრი მაგული ოქროპირიძე „ამერიკის ხმა“-სთან საუბრისას ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მათ სოფელს ჯერ მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა ესტუმრა - „ნაციონალური მოძრაობა“ და ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“. „ეს რუსული პროპაგანდა და ჩვენთან გაზეთების დარიგება ძალიან ბევრს აღიზიანებს, მაგრამ ასევე ძალიან ბევრსაც არ აღიზიანებს. იცით, როგორი სიტუაციაა? წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება. „ის არ გამოვიდა, ეს მაინც გამოვიდესო“, ზოგი ასე ფიქრობს. ზოგს რუსების გახსენება საერთოდ არ უნდათ, მაგალითად, ჩემნაირებს“, – ამბობს მაგული ოქროპირიძე.

რამდენიმე დღის წინ გორის საავადმყოფოში რუსი მესაზღვრის მიერ ნაცემი კირბალის მკვიდრი მურად თაყაძე გადაიყვანეს და ნაკერები დაადეს. „ამერიკის ხმასთან“ კირბალის გამგებელმა დავით ცერცვაძემ ისაუბრა:

„მურად თაყაძე მწყემსავდა საქონელს, სასაფლაოსთან მივიდა ხის ქვეშ დასასვენებლად, მიადგნენ რუსი სამხედროები. სცადეს დაკავება და გატაცება, ეს გაუძალიანდა და ამ დროს ჩაარტყეს კონდახი სახეში. თვითმხილველი მასთან ერთად მყოფი მწყემსია. საკმარისია გამყოფ ხაზს მიუახლოვდეს პიროვნება, გადმოდიან, აკავებენ და მიჰყავთ. გადაკვეთაზე არაა საუბარი. რამდენ გატაცებასაც ჰქონდა ადგილი, ყველა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. რუსი სამხედროები როგორც კი დაინახავენ, რომ ვინმე უახლოვდება პირობით საზღვარს, გადმოდიან და მიჰყავთ. კირბალთან მავთულხლართი არაა, მხოლოდ ბანერებია დადგმული. ორი წელია გამგებელი ვარ და, ალბათ, 25 ადამიანი მაინც ჰყავთ დაკავებული მარტო კირბალიდან ამ ხნის მანძილზე. თვე ისე არ გავა, ვინმე არ წაიყვანონ“.

რუსული პროპაგანდა არა მხოლოდ სოფელ–სოფელ ცდილობს რეკლამირებას, არამედ რესტორნებშიც. გორში მცხოვრები ნინო გიორგაძე ერთ–ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ გვიამბობს: „ცნობილმა კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა რესტორანში მყოფ ადამიანებს სცენიდან გვამცნო, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა თამაზ მეჭიაური, რომელიც გორელებისგან არჩევნებზე მიიღებდა მხარდაჭერას. მან ასევე დასძინა, რომ ბატონ თამაზთან ერთად იყო რუსეთის დუმის დეპუტატი. როგორც შემდგომში გავარკვიეთ, ეს გახლდათ იგორ მოროზოვი. მან ასევე გვამცნო, რომ დიდი პოლიტიკური გეგმები აქვთ რუსეთის დუმის დეპუტატთან ერთად. სიტყვით გამოსვლის შემდგომ ბატონმა ჯემალმა ერთი სიმღერა შეასრულა ქართულ ენაზე, რის გამოც მიიღო აპლოდისმენტები, მომდევნო სიმღერა კი რუსულ ენაზე იმღერა, რის შემდგომაც ტაში, რა თქმა უნდა, არავის დაუკრავს, რამაც ის ძალიან გააბრაზა. მან განაცხადა, რომ გორი მისნაირ ხელოვანს ვეღარასდროს ნახავდა, რომ ჩვენ შანსი გავუშვით და დატოვა დარბაზი. ეს ზუსტად ის დღე იყო, როდესაც კირბალის მკვიდრი მურად თაყაძე რუსი მესაზღვრეების მიერ ნაცემი და ცუდ მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს საავადმყოფოში. სწორედ ამ ინციდენტის პარალელურად ხდება ის, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი, ქართველების გარკვეულ ჯგუფთან ერთად აღნიშნავს რაღაცას, არ ვიცი რას, არის მხიარულ განწყობაზე და ასე შემდეგ. მე, როგორც გორის მკვიდრს, ასეთი დაცინვა არასდროს არ მიგრძვნია. შემდგომ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ჩემი პოსტი ამის თაობაზე. ვფიქრობ, უნდა ვიცოდეთ, რომელი პოლიტიკური პარტიის უკან რა ძალა იმალება“.

როგორც ცნობილი გახდა, კონფლიქტის ზონაში, ჯარიაშენსა და მეჯვრისხევში, რუსეთის დუმის დეპუტატს იგორ მოროზოვს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა უმასპინძლა, რომელიც ახალი პოლიტიკური პლატფორმით ცდილობს 2016 წლის მოწვევის პარლამენტში მოხვედრას. მისი ეს ნაბიჯი საგანგებოდ კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებისთვის რუს მეზობელთან სიახლოვის დემონსტიტრება იყო, რომელთა კეთილი ნებითაც პრორუსული ძალები საქართველოს პრობლემების მოგვარების შესახებ დაპირებებს გასცემენ.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 29 ივლისი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=103300

ირანმა და აზერბაიჯანმა ვერ მოილაპარაკეს

ირანული გაზის ევროპაში გატანა სომხეთისა და საქართველოს გავლით მოხდება?

„აზერბაიჯანული მასმედია აჭრელებულია მყვირალა სათაურებით, რომელთა თანახმად ირანმა, საქართველოში გაზის ექსპორტის მიზნით, ტრანზიტში უპირატესობა სომხეთს მიანიჭაო. როგორც ზოგიერთი ჩვენი საინფორმაციო სააგენტო სომხურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ირანი და სომხეთი თურმე შეთანხმებულან, რომ საქართველოსთვის განკუთვნილ გაზს სომხეთი თავის ტერიტორიაზე გაატარებს. ეს განუცხადებია ირანის ნავთობის მინისტრს ბიჯან ზანგანეს სომხეთის ენერგეტიკის მინისტრ ლევონ იოლიანთან შეხვედრის შემდეგ. ისე გამოდის, რომ ირანი თავის „ცისფერ საწვავს“ ევროპაშიც სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით (ტრანზიტით) გაიტანს. არადა, გავიხსენოთ, რომ ირანის გაზის საქართველოსთვის მისაწოდებლად, სომხეთთან ერთად, აზერბაიჯანიც მზად იყო. სამწუხაროდ, თეირანმა არჩევანი ჩვენს სასარგებლოდ არ გააკეთა..“, - წერს ბაქოს გაზეთი „ეხო“ (სტატიის ავტორი - ე.რუსტამოვა).

კორესპონდენტი ესაუბრება ბაქოს „ნავთობის კვლევის ცენტრის“ დირექტორს, აზერბაიჯანელ ექსპერტს ილჰამ შაბანს, რომლის განმარტებით, ირანსა და სომხეთს შორის უკვე არსებობს მილსადენების ინფრასტრუქტურა და აქედან გამომდინარე, თეირანმა უპირატესობა ერევანს მიანიჭა: „თავიდანვე ვიტყვი, რომ რადგანაც საქართველოს ბუნებრივი  საწვავის მაინცდამაინც დიდი მოცულობა არ ჭირდება, მისთვის გაზის მთავარ მიმწოდებლად მაინც აზერბაიჯანი დარჩება. ეს ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. განცხადება იმის თაობაზე, რომ ირანი ახალი მარშრუტით „ცისფერი საწვავის“ ევროპაში გატანას გეგმავსო, არაადექვატურად, არცთუისე დამაჯერებლად გამოიყურება. ირანული გაზის ევროპაში ექსპორტი, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, მხოლოდ აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურითაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ირანი სომხეთის ტრანზიტით დიდი რაოდენობით გაზის გატანას გეგმავს, სომხეთმა ახალი მრავალმილიონიანი კუბმეტრი გაზის გამტარებელი მილსადენი უნდა ააშენოს. გასაგებია, რომ აზერბაიჯანი არანაირად არ შეუწყობს ხელს იმ პროექტის რეალიზებას, რომელშიც სომხეთი მონაწილეობს, ირანს კი ახალი პროექტის რეალიზებისათვის [მსხვილი მილსადენის მშენებლობისათვის], ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს, მით უმეტეს, რომ ასეთი პროექტი პრობლემებს გამოიწვევს. შესაბამისად, ირანელებისათვის უფრო ადვილი იქნება გაზის გატანა ევროპაში ამჟამად მოქმედი თავრიზ-ერზერუმის გაზსადენით გააგრძელონ. ვფიქრობ, განცხადებები, რომ ირანმა გაზი სომხეთის მეშვეობით ევროპაში უნდა გაიტანოსო, არასერიოზულია და ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება“.

ილჰამ შაბანი განმარტავს, თუ რატომ ვერ მოხერხდა ირან-აზერბაიჯანის შეთანხმება ამ საკითხზე: „საწყის ეტაპზე მოლაპარაკება საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა – აზერბაიჯანს დაგეგმილი ჰქონდა ირანთან ბარტერული გაცვლები. ჩვენ ირანს ვთავაზობდით თავისი გაზი ჩვენთვის მოეწოდებინა, ჩვენ კი ჩვენს გაზს ქართულ ბაზარზე შევიტანდით. მოგვიანებით, მოლაპარაკების დროს გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა, ჩემი აზრით, ტექნიკური ხასიათისა და გარიგება ჩაიშალა. ყველა სემთხვევაში, ირან-სომხეთის შეთანხმება არანაირ გავლენას არ მოახდენს ირან-აზერბაიჯანის ეკონომიკურ კავშირებზე და მით უმეტეს, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის რეალიზებაზე“, – ასკვნის აზერბაიჯანელი ექსპერტი.

პუბლიკაციაში მიმოხილულია აგრეთვე ის მოლაპარაკებები, რომლებსაც 2015 წლის განმავლობაში ქართული მხარე ირანთან და რუსეთთან აწარმოებდა, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს სურდა ირანული ან რუსული გაზის მიღება, მაგრამ სიტუაციაში აზერბაიჯანული „სოკარი“ ჩაერთო და თბილისს უფრო მომგებიანი პირობები შესთავაზა.

Comments are closed